საქართველოში უახლოეს 2 თვეში ვადა გასდის პაპილომავირუსის 12 ათასზე მეტ ვაქცინას, შესაბამისად, მას ვერავინ გამოიყენებს — ეს არის ვაქცინა, რომელსაც ათასობით ქალის დაცვა თითქმის 100%-ით შეუძლია საშვილოსნოს ყელის კონკრეტული ტიპის კიბოსგან.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ მიაღწია სახელმწიფომ ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და რატომ გასდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინას ვადა?
საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ადგილზეა ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მხოლოდ 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით 342 ათასი ქალი დაიღუპა. საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი კი სწორედ კონკრეტული სახეობის პაპილომავირუსია.
საჯარო საინფორმაციო წყაროებში რთულად მოიპოვება სტატისტიკა საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაღუპული ქალების რაოდენობის შესახებ. თუმცა 2017 წელს, მაშინ, როდესაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამა იწყებოდა, ჯანდაცვის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, რომ ყოველწლიურად ამ დიაგნოზით საქართველოში, დაახლოებით, 200 ქალი იღუპება.
რა არის პაპილომავირუსი და რამდენად ეფექტურია აცრა?
მიჩნეულია, რომ ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ/HPV) სქესობრივი გზით ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. მისი დაახლოებით 200 გენოტიპია ცნობილი, რომელთაგან 13 მაღალი რისკის გენოტიპებად ითვლება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანახმად, ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომავირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან.
ვირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია ხშირად ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი. საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% ადამიანის პაპილომავირუსის ორი ტიპითაა გამოწვეული.
საშვილოსნოს კიბოს ყველაზე ეფექტიანი პრევენციული ზომა სწორედ ვაქცინაციაა. დღეს საქართველოში ის 9-26 წლის გოგოებისა და ქალებისთვის უფასოდ ტარდება. თუმცა საქართველოში არსებული ვაქცინები მხოლოდ 4-ვალენტიანია (აპვ 6; 11; 16 და 18). 15 წლამდე გოგოები ვაქცინის 2 დოზას იკეთებენ 6-თვიანი ინტერვალით, ხოლო 15 წელს ზემოთ — 3 დოზას.
დასავლეთის ქვეყნების ნაწილში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი აცრებიც აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 2024 წლისთვის საქართველოშიც განიხილება 9-ვალენტიანი ვაქცინების შემოტანა.
12 ათასამდე ვაქცინა, რომელსაც სექტემბერში ვადა გასდის
26 წლის ჩათვლით ქალებისთვის პაპილომავირუსზე აცრა საქართველოში უფასო და მარტივია — ამისთვის საკმარისია ერთ-ერთ ამცრელ პუნქტში მისვლა. ვაქცინაციის სიმარტივისა და აცრის ეფექტურობის მიუხედავად, მოსახლეობის მიმართვიანობა დაბალია.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ „ღია პარლამენტის“ პორტალის მეშვეობით პაპილომავირუსის ვაქცინაციის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებებისგან ინფორმაცია გამოითხოვა.
ამ ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021-2022 წელს საქართველომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდა 70 ათასი დოზა ვაქცინა, რომელზეც 1 036 004 ლარი დახარჯა. თუმცა ვაქცინების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რადგან, 19 ივნისის მონაცემებით, NCDC-ის საწყობში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგია 32 598 დოზა.
აქედან 12 598 დოზა ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 2023 წლის 28 სექტემბერს იწურება, ხოლო 20 000 დოზის — 2025 წლის 2 მარტს.
რაც შეეხება აცრას, 10-11-12 წლის გოგოებში აპვ1-ისა და აპვ2-ის დოზების რაოდენობა 2017 წლიდან დღემდე ასე გამოიყურება.
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია
ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 2022 წელს 13-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარებული ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრები დოზების მიხედვით შემდეგია: აპვ1 – 4 792, აპვ2- 3 081, აპვ3 – 569.
2023 წლის მონაცემებით, 13-26 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარებული ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრები დოზების მიხედვით შემდეგია: აპვ1 – 3082, აპვ2 – 1 187, აპვ3 – 995.
რას (არ) აკეთებს სახელმწიფო ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის?
პაპილომავირუსის ვაქცინაციაზე კითხვებით ნეტგაზეთმა მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC).
ცენტრმა ჩვენს კითხვებს, მათ შორის, პროგრამის გამოწვევებისა და მიმართვიანობის შესახებ, წერილობით უპასუხა. შესაბამისად, ნეტგაზეთს არ მისცემია ჩაკითხვის ან დაზუსტების საშუალება.
ჩვენს კითხვაზე, რა არის პროგრამის სამიზნე მაჩვენებელი და ამ დროისთვის ამ მიზნის რა პროცენტია მიღწეული, NCDC წერს: „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანია პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა და შენარჩუნება 10 -11 -12 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობებისა და დაავადებების გავრცელების შემცირებას“.
პროგრამის გამოწვევებს კი ცენტრი კორონავირუსის პანდემიას უკავშირებს. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წელს შევიდა. 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა როგორც სხვა რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობაზე, ისე — აპვ ვაქცინის დანერგვის პროცესზე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ვაქცინის პოპულარიზებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაიგზავნა. ამასთანავე, აპვ ვაქცინაციის პოპულარიზაციის და სამიზნე პოპულაციის ვაქცინაციაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს მომზადდა 1 ვიდეორგოლი და 1 ვიდეოპორტრეტი და თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის ონლაინ პორტალზე განთავსდა საინფორმაციო სახის ბანერი აპვ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით
„ჯამურად, 2022 წლის „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,2022 წელს აპვ ვაქცინაციისკენ მიმართული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა 18 289 ლარი “, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაში. ამავე დოკუმენტში უწყება დასძენს, რომ 2022 წელს დაგეგმილია სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ღონისძიებებიც.
როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგია?
ნეტგაზეთთან საუბარში NDCD-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იხსენებს, რომ პაპილომავირუსის უფასო ვაქცინაციის პროექტი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში დაიწყო.
აცრის ეფექტიანობასა და დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე კი საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში შესულიყო.
მისი თქმით, ინფორმირებულობის კამპანიაში აქტიურად ჩართული უნდა იყოს მედიაც.
რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოებას, გამყრელიძე ადასტურებს, რომ აცრა უსაფრთხოა და გავრცელებული ცნობები, თითქოს ის შესაძლოა, უნაყოფობას იწვევდეს, უბრალოდ, მითია – „მნიშვნელოვანია აცრა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, იგივე ბიჭებში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“.
პოსტ-კოვიდის პერიოდზე საუბრისას ის განმარტავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კოვიდმა სხვა დაავადებებზე იმუნიზაციის პროცესი შეასუსტა, „მოცვის მაჩვენებელი შემცირდა 2-3%-ით“, რაც გამოწვეული იყო, მათ შორის, „ლოქდაუნებით“.
„შესაბამისად, პანდემიის დასრულების შემდეგი პერიოდი უფრო აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა უფრო სწრაფად აღვადგინოთ ის ჩამორჩენა, რაც გვაქვს რუტინულ იმუნიზაციებში. მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში აღინიშნება და ამაზე ინტენსიურად მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები“, — დასძენს ის.
ამირან გამყრელიძე. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ნეტგაზეთთან ინტერვიუში მოსახლეობის დაბალ მოცვაზე საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი და პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე. სურგულაძე წლების წინ ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა — მაშინ, როდესაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამის დანერგვა იგეგმებოდა. ინტერვიუში ის ამბობს, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებაში იმუნიზაციის მიმართ არსებულ დაბალ ცნობიერებას და პრობლემის შემსუბუქებას ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმომადგენლების, იმავე ოჯახის ექიმების აქტივობაშიც ხედავს.
ვატო სურგულაძე
„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან სუსტია ჩვენთან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არ არსებობს ცნება „ოჯახის ექიმი“, რომელიც რეალურად ოჯახის ექიმია და რეალურად მუშაობს ოჯახებთან. ამ მუშაობაში იგულისხმება, მათ შორის, იმ სიკეთეების ახსნა, რომელიც ვაქცინაციას მოაქვს“ ,- დასძენს ის.
სურგულაძის თქმით, როდესაც საუბარია ანტივაქსერულ განწყობებთან, აუცილებელია არა ტელევიზიიდან საუბარი, არამედ პირდაპირ ადამიანებისთვის ვაქცინის შესახებ განმარტება — „ხსნა ახსნაშია“.
როგორ გავიკეთოთ აცრა, თუ 26 წელს ზემოთ ვართ
სალომე კვარაცხელია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია, ის 32 წლისაა. რამდენიმე დღის წინ მან პაპილომავირუსის აცრის მე-2 დოზა გაიკეთა.
სალომე ამბობს, რომ აუცილებელია, პაპილომავირუსზე ქალები აიცრან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ სქესობრივი ცხოვრება დაწყებული აქვთ და ეს მათთვის შემაკავებელი ფაქტორი არ იყოს:
იმისთვის, რომ სალომეს ვაქცინა მიეღო, მან შეავსო განცხადება NCDC-ის სახელზე, აიღო გინეკოლოგის რეკომენდაცია და მიაკითხა ამცრელ კლინიკას. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ გინეკოლოგთან ვიზიტის ვალდებულება, შესაძლოა, ბევრი ქალისთვის შემაფერხებელი იყოს, რადგან ექიმი ხშირად დამატებით კვლევებს ნიშნავს.
სალომეს მკლავი აცრის შემდეგ. ფოტო: სალომეს ფოტო არქივი
„გინეკოლოგის რეკომენდაცია ჩაიდო სხვა ქვეყნების გაიდლაინებში იმიტომ, რომ იქ 11-17 წლის ასაკის გოგონების უმრავლესობა აცრილია და წლებია, იმუნიზაციის პროგრამაში აპვ-ის ვაქცინაც შედის. შესაბამისად, თუ 26 წლამდე ადამიანი არაა აცრილი, ამას სხვა სამედიცინო მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – რატომ მოვიდა აცრის გარეშე ამდენ ხანს ან რომელიმე დოზა ხომ არ აქვს „ჩაგდებული“. ეს არგუმენტი არსებობს სხვა ქვეყნებისთვის.
ჩვენთან კი ეს გაიდლაინები თითქოს პირდაპირ გადმოკოპირდა, გინეკოლოგებიც ხან რა კვლევას გთხოვენ, ხან რას.. და შესაძლოა, ამან ადამიანები შეაფერხოს. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ნაწილი გადასახედია“ ,- დასძენს სალომე.
26 წელს ზემოთ ქალებისთვის ვაქცინის 3 დოზაა საჭირო. მათი განრიგი კი არის შემდეგი: 0, 1-2, 6 თვე. პირველსა და მეორე დოზას შორის, სულ მცირე, 4 კვირა უნდა იყოს გასული, მეორე და მესამე დოზებს შორის კი, მინიმუმ – 13 კვირა. ამასთანავე, მე-3 დოზა კეთდება პირველი დოზიდან მე-6 თვეს.
მისი აზრით, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამას აქვ,ს მოქალაქეთა დაბალი ცნობიერებაა, რომელიც უნდა ამაღლდეს და ამაში აქტიური როლი, სახელმწიფოსთან ერთად, მედიამაც უნდა შეასრულოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა მიმდინარე წლის ივლისი წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი იქნება.
ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი. მათი თქმით, ტემპერატურის მატება კლიმატური კატასტროფების რაოდენობას მკვეთრად ზრდის.
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„არაადამიანებმა-ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. მეორე რაკეტა ღია სივრცეს მოხვდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ადამიანი - მამაკაცი და ქალი. კიდევ ერთმა ქალმა ჭრილობები მიიღო. გულწრფელი მწუხარება გარდაცვლილების ნათესავებსა და ახლობლებს.
აფეთქების ტალღით შუშები ჩაიმსხვრა მრავალსართულიან შენობებში და დაზიანდა სასწავლო დაწესებულებისა და სუპერმარკეტის შენობები,” - წერს კურტევი.
მან აღნიშნა, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ფსიქოლოგები.
თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 25 წლის ორსულია.
ამასთან, ადგილობრივების თქმით, ავტომობილს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
„გოგო ახალგაზრდა იყო, ორსული, 25 წლის. მანქანა ჩქარა მოდიოდა”, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე 19-23 ივლისის ჩათვლით რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს.
„გარდიანის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 28 არქიტექტურული მონუმენტი სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ოდესის ფერისცვალების ტაძარი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე აირჩია.
აღნიშნულ პოზიციას ის 5 წლის ვადით დაიკავებს.
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან არსებობს. იგი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.
შოთა ქადაგიძე 2017-21 წლებში იყო პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
დამოუკიდებელი იურისტები, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ აცხადებენ, რომ შოთა ქადაგიძე თავის წარსულ საქმიანობაში სასამართლო კლანის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდა, რაც ინსპექტორად დანიშვნით „დაუფასდა“.
„ფაქტობრივად, არ მოიძებნება საკითხი, რომელშიც შოთა ქადაგიძეს საბჭოს სხდომებზე მოსამართლე წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა. მან თავისი პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვადის ამოწურვის შემდეგაც გამოხატა. ის იყო ერთ-ერთი ხელმომწერი 2022 წლის 19 ივლისს გავრცელებული განცხადებისა, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტისგან მოხსნის შემდეგ. სანაცვლოდ შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი მხარდაჭერას რეაგირების გარეშე არ ტოვებს“, — ნათქვამია „სასამართლოს გუშაგის“ განცხადებაში.
დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს დამოუკიდებელმა იურისტებმა (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები), რომელთა შეფასებით, მიუხედავად სახელწოდებისა, დამოუკიდებელი ინსპექტორი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი.
„ამჯერადაც, დამოუკიდებელ ინსპექტორად დაინიშნა ადამიანი, რომელმაც თავისი წარსული საქმიანობით დაადასტურა სასამართლო კლანის მიმართ ერთგულება. ის 12 წელი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მუშაობდა, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლეობის დროს. ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ცნობილ 10 კაციან სიას, რასაც დიდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკა მოჰყვა. 2017-2021 წლებში იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობაზე მყოფი შოთა ქადაგიძის გადაწყვეტილებები ან განცხადებები არასოდეს ყოფილა საბჭოში კლანის გადაწყვეტილებებისგან განსხვავებული“, — ნათქვამია დამოუკიდებელი იურისტების განცხადებაში.
დამოუკიდებელი იურისტების შეფასებით, შოთა ქადაგიძის დამოუკიდებელ ინსპექტორად ასარჩევი კონკურსი ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა არც კანდიდატთა ვინაობა, არც მათი ხედვები და დახურული იყო შოთა ქადაგიძესთან გასაუბრების პროცესი.
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ამავე საბჭოს ყოფილი წევრის შოთა ქადაგიძის არჩევა მორიგი დადასტურებაა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული გავლენიანი ჯგუფის ხელშია მოქცეული.
განცხადებაზე ხელმომწერები არიან:
იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი)
ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი)
ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი)
ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი)
ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე)
კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი)
შოთა ქადაგიძის არჩევამდე დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა ზურაბ აზნაურაშვილი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, ვადამდე ადრე დატოვა. ის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.
ჩხოროწყუში გამოძიება გრძელდება იმ მიზეზების დასადგენად, რომლის გამოც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და ამ მომენტში ხიდზე მყოფი სატვირთო მანქანის მძღოლი იმსხვერპლა. ავარია 27 ივლისს მოხდა.
გუშინ, დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, დაბა ჩხოროწყუში 75-მეტრიანი რკინის ხიდის ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სამშენებლო მასალით - ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა გადადიოდა. სატვირთო მდინარეში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი, 42 წლის ბადრი კალანდია. გარდაცვლილი კომპანია „ნიუ პასაჟში“ მუშაობდა, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ გარახაში გზას აგებს.
ხიდის ჩანგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება, რაც ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას გაუზიარეს:
"60-იან წლებში აშენებული ხიდი სიძველის გამო დიდი ხანია ავარიულია";
"ხიდი გათვლილი იყო 10 ტონა ტვირთზე და ვერ გაუძლო დატვირთვას" - წონის შემზღუდავი ნიშანი იყო დაყენებული ხიდის თავსა და ბოლოში.
დაღუპულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. მოკლე კომენტარით შემოიფარგლა კომპანია „ნიუ პასაჟის“ დირექტორი შოთა კვარაცხელიაც. მან თქვა, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რომელიც ადგენს, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.
ჩხოროწყუ, ჩანგრეული ხიდი
ხიდი რომ ძველი და პრობლემური იყო, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი - დათო გოგუა. მისი სიტყვებით, ჩხოროწყუ-ნაკიანის ხიდი არაერთხელ შეკეთდა და გათვლილი იყო მხოლოდ 10 ტონა ტვირთზე. ამ შეზღუდვას კი მძღოლები ხშირად არღვევდნენ.
„თვითონ სატვირთო მანქანა იყო 12-ნახევარი ტონა. პასპორტში ასე უწერია. მით უმეტეს, ეს მანქანა იყო დატვირთული - მანქანის წონას დამატებული კიდევ მეორე იმდენი მაინც მიჰქონდა. დანარჩენი დასკვნა თქვენ გააკეთეთ“, - თქვა დათო გოგუამ.
მერი ირწმუნება, რომ დაბა ჩხოროწყუში ახალი ხიდის მშენებლობის საჭიროებაზე იცოდა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თუმცა ფინანსების არქონის გამო ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.
ჩხოროწყუ-ნაკიანის რკინის ხიდი, რომელსაც ბეტონის საყრდენი აქვს, მუნიციპალიტეტის ცენტრს რამდენიმე სოფელთან აკავშირებს. მას ყოველდღიურად ათობით ავტომობილი კვეთდა. მათ შორის კომპანია „ნიუ პასაჟის“ სატვირთოებიც.
ხიდის გარდა, გზის მეორე მხარეს მოხვედრა მდინარე ოჩხომურის გადაკვეთით არის შესაძლებელი, რაც მძიმე ტვირთის გადაზიდვისას სატვირთოებისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის. არსებობს შემოვლითი გზაც, თუმცა მშენებლებისთვის ხიდით გაცილებით მოკლეა მანძილი დანიშნულების ადგილამდე.
ახლა იმ ხიდზე, რომლის ჩანგრევასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. მანქანები ახლა მდინარეს შემოვლითი გზით კვეთენ, სოფელ ქვედა ჩხოროწყუს გავლით - იმ ხიდზე მხოლოდ 3 ტონამდე სიმძიმის ტრანსპორტით გადასვლაა ნებადართული.
ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, რომ ქვედა ჩხოროწყუს ხიდზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.
“რატომ ხდება ისე, რომ უკონტროლო მიგრაციის პროცესში სარგებელს იღებს რუსი, ხოლო საქართველოს მოქალაქე რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ეპითეტები არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუჩაღა “ოცნებამ” და ამასთან, ისტორიულ მტერს არქმევს მეგობარს.
მილიონ ორასი ათასი ადამიანი სახელმწიფოს რომ მიმართავს და თავს წარმოადგენს უკიდურესად ღატაკ ადამიანად, ითხოვს დახმარებას - ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც “პრაგმატული” პოლიტიკის შედეგია რუსეთთან მიმართებაში?თუ ის, რომ ასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალქე გავიდა ქვეყნიდან გასულ წელს და თანაც სულ ახალგაზრდები, რას გაექცნენ - კეთილდღეობას? ეს ქვეყანა სანქცირებული რუსების მომსახურების არეალია?”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
363793041_685136613437960_490810032687939767_n.mp4
როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“?
მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“.
ის, რაც ახლა მოლდოვაში ხდება, 20 წლის წინ დაიწყო საქართველოში. ამ სტატიაში ნახავთ მოლდოველი დამოუკიდებელი იურისტის შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო მათთვის ინსპირაციის წყარო იყო. აქ ნახავთ, როგორ იშლება სასამართლო კლანი ახლა მოლდოვაში, როგორ დატოვეს უზენაესი სასამართლო მოსამართლეების დიდმა ნაწილმა, როცა რეალური ცვლილებები იგრძნეს და რა მოხდა მოსამართლეების საერთო კრებაზე, სადაც საერთაშორისო კომისიის მიერ შერჩეული ახალი კანდიდატები წარუდგინეს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად.
რა ხდება მოლდოვაში: „…და ერთდროულად რამდენიმე მოსამართლე გადადგა“
მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება იყო საკმარისი, რეალურად დაწყებულიყო სასამართლო სისტემის რეფორმა მოლდოვაში? – ილია ჩირტოაკას დაკვირვებით, ამჟამინდელი ხელისუფლების აშკარა პოლიტიკურ ნებასთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სასამართლო სისტემის შიგნით გაჩენილი დაკვეთაც ცვლილებებზე.
ილია ჩირტოაკა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის და დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს მიერ დაფუძნებული „სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის“ INJR წევრია და მოლდოვაში მოქმედი, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი რესურსების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი. ის გვიზიარებს თავის დაკვირვებას, როგორ მოახერხა მოლდოვამ ევროკომისიისგან პოზიტიური შუალედური შეფასება.
„ხელისუფლებამ ეს გააკეთა არა უბრალოდ კოსმეტიკური ცვლილებებით, არამედ უფრო ინვაზიური ცვლილებებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს რეფორმა. შემოღებულია ვეტინგ–სისტემა, როცა სასამართლოში ცვლილებები გარე შეფასების საფუძველზე ხდება. ეს დაიწყო მწვერვალიდან – მოსამართლეებით, რომლებიც მანამდე ისხდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თუმცა, ეს მიმდინარე პროცესია, ჯერ კიდევ ველოდებით პროგრესს. განსხვავება ისაა, რომ არსებული შედეგები ძალიან განსხვავდება იმისგან, რის ნახვასაც ჩვენ მიჩვეულები ვიყავით მანამდე,“ – გვიყვება ილია ჩირტოაკა.
ილია ჩირტოაკა
მოლდოველი იურისტი აქცენტს აკეთებს „კოსმეტიკურ ცვლილებებზე“ და იმაზე, რომ რეფორმებზე დაპირება წინა წლებშიც არაერთხელ მოუსმენია, ახლა კი, ეს დამაჯერებელი გახდა. „კოსმეტიკური“ – ამ სიტყვას სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში საქართველოშიც ხშირად ახსენებენ იურისტები – რომ რეფორმა არ არის რეალური, ძირეული და ამბიციური.
ილია ჩირტოაკა გვიყვება, რომ მოლდოვაში სასამართლო რეფორმის დაწყებამდე გახმაურებულ საქმედ იქცა „რუსული ფულის სამრეცხაოს სქემა“, რაც მილიონობით თანხის გათეთრებას გულისხმობს – სქემაში მოსამართლეებიც იყვნენ ჩართული:
„ეს სქემა შეიქმნა 2009-2010 წლებში და მოიცავდა სხვადასხვა მონაწილეს: რუსული კომპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ კონტრაქტი ჰქონდა მოლდოვის მოქალაქესთან და ამ მოქალაქეს ჰქონდა კომპანიის ვალი. სასამართლოს უნდა დაედასტურებინა ვალი. მოსამართლე ამბობდა, რომ დოკუმენტზე დაყრდნობით ადასტურებს სესხის ვალიდურობას… ამ სისტემის ე.წ. მთავარი ტვინი იყო ბიზნესმენი, რომელსაც ეკუთვნოდა სპეციალური ბანკი, სადაც ფული თეთრდებოდა. ამ სქემას იყენებდნენ ცენტრისგან დაშორებულ არეალში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 20 ათასზე ნაკლებია.
სქემის გაშიფვრის შემდეგ 15 მოსამართლის წინააღმდეგ დაიწყო მოლდოვაში გამოძიება. ერთი გარდაიცვალა, ოთხს შეუჩერდა უფლებამოსილება, თუმცა შემდეგ გამართლდნენ და უკან, სასამართლოში დაბრუნდნენ. ზოგიერთმა დატოვა ქვეყანა. მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვალწინ. შესაბამისად, სქემაში ჩართული მოსამართლეების ნაწილი გამართლდა, ზოგიერთი დაწინაურდა კიდეც,“ – გვითხრა ილია ჩირტოაკამ.
რეფორმის დაწყების შემდეგ კი, მოლდოვის უზენაესი სასამართლო მოსამართლეების 80%-მა დატოვა.
„რეალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა სისტემა დატოვეს, ვიდრე პარლამენტი მიიღებდა კანონს მოსამართლეების გარე შეფასებაზე. ეს კანონი აცხადებდა, რომ თუ ხარ მოქმედი მოსამართლე უმაღლეს სასამართლოში, მას შემდეგ რაც კანონი შევიდოდა ძალაში, 20 დღეში შენს შესახებ დოკუმენტები გაეგზავნება შეფასების საერთაშორისო კომისიას. კომისიამ კი, უნდა შეამოწმოს მოსამართლის ფინანსური და ეთიკური ნაწილი: თუ აღმოაჩენენ, რომ შენი ქონება არ ემთხვევა შენს ოფიციალურ შემოსავალს, შენ მოგიწევს დატოვო სისტემა, საერთოდ აგეკრძალება სისტემაში მუშაობა 7 წელი.
ამ დროს ერთდროულად რამდენიმე მოსამართლე გადადგა – ეს იყო მათი უსაფრთხო გასასვლელი კარი,“- აღნიშნა ილია ჩირტოაკამ „ბათუმელებთან“.
რა მოუვიდა სასამართლო კლანს ამ ამბის მერე? – ვეკითხებით მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების წევრს.
„მაგ პერიოდში დაფიქსირდა კერძო თვითმფრინავების უჩვეულო აქტივობა, 2019 წლის ივნისში, მოლდოვიდან გარეთ,“ – ეღიმება ილია ჩირტოაკას და განაგრძობს: „კლანი, რომელიც შედგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ოლიგარქების – პლახოტნიკი და მისი პარტია, ილანშორი და მისი პარტია, ესენი გაიქცნენ მოლდოვიდან. ამ დროს საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლე გადადგა, სისტემა ასე დაიშალა, თუმცა გამოძიება, რაც მაშინ დაიწყო, კონკრეტულ შედეგზე არ გასულა.
ახლა ერთ–ერთი ოლიგარქი ისრაელშია, ბევრი მიმდინარე გამოძიებაა, მაგრამ ყველა გაქცეულია, პლახოტნიკი აშშ–ში იყო, მერე დასანქცირდა და თურქეთშია… მოკლედ მთავარი პირები გაიქცნენ, ნაწილი გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი მოსამართლეები სისტემაში, რაც გამოწვევას წარმოადგენს… ამიტომაც დაიწყო მთავრობამ სისტემის წმენდა, გარე შეფასება, რათა გაიტანოს ყველაფერი, რაც კლანიდან დარჩა სისტემაში და მოლდოვის რესპუბლიკაში,“ – ამბობს ილია ჩირტოაკა.
რა დრო დასჭირდა მოლდოვაში სასამართლო რეფორმას იმ ეტაპამდე მისვლას, როცა საგრძნობი გახდა ცვლილების რეალურობა და ევროკომისიაშიც თქვეს: „ეს კარგი პროგრესია“?
„რეფორმები სასამართლო სისტემაში დაიწყო 2021 წელს, როცა შეცვალეს კონსტიტუცია. ეს ძალიან რთული პროცესია, შეცვალეს კონსტიტუცია სასამართლო სისტემასთან მიმართებაშიც – ამოიღეს თავდაპირველი მოსამართლეების ხუთწლიანი დანიშვნა და მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ, განახორციელეს მცირედი ცვლილებები მოსამართლეების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და დაიწყეს ვეტინგის სისტემის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება.
ბოლო 10 წელიწადში სასამართლოსადმი ნდობა 20% ზე მაღლა არ გაზრდილა და არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ეს ნდობა გაიზარდა, თუმცა შემიძლია გაჩვენოთ ერთ–ერთი უახლესი აზრის გამოკითხვა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ყოველ 2 წელიწადში. ეს არ არის საჯარო გამოკითხვა, არამედ ეს არის პროფესიული წრეების, პროკურორების, მოსამართლეების, ადვოკატების გამოკითხვა. გასულ კვირაში გვქონდა ოფიციალური საბოლოო შედეგები ამ კვლევის: სისტემაში არის მხარდაჭერა ამ ანტიკორუფციული რეფორმებისადმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა. არა მგონია, რომ სასამართლოს ნდობა გაიზრდება შემდეგ 1-2 წელში. თუ ეს რეფორმები არ იქნება სრულად დანერგილი. ასე რომ, ჩვენ პროცესის შუაში ვართ.
ეს კვლევა აჩვენებს, რომ სისტემაში არსებობს კორუფცია, მაგრამ მოსამართლეები ადანაშაულებენ პროკურორებს, პროკურორები – ადვოკატებს, საბოლოოდ, ყველა თანხმდება და აღიარებს, რომ ჯერ კიდევ არის სისტემაში კორუფცია, რომელიც მოიცავს უმაღლეს და დაბალ სასამართლო სისტემებს,“ – აღნიშნა ილია ჩორტიაკამ „ბათუმელებთან“.
მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების წევრს ვკითხეთ საქართველოზეც – როგორ ჩამოვრჩით მოლდოვას?
„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია გარკვეულწილად სადავოა, მოლდოვაში ის ჯერ კიდევ ნამდვილი რეფორმისტის მაგალითია, რომელმაც მოახერხა ბევრი კარგი საქმის გაკეთება.
ამ ვეტინგ სისტემაშიც საქართველოს ყოფილი პროკურორი და ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე – ნონა წოწორიაა ჩართული,“ – გვითხრა ილია ჩირტოაკამ.
ნონა წოწორია: მოსამართლეების საერთო კრებამ ჩვენს მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან 4 აირჩია, 1 – სათადარიგო წევრად
„ცა და დედამიწასავით განსხვავდება, როგორ დაკომლექტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოლდოვაში და როგორ – საქართველოში,“- ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნონა წოწორიას არ უკვირს ევროკომისიის შუალედური, წინასწარი პოზიტიური შეფასება მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.
„თუმცა ეს ჯერ მხოლოდ რეფორმის დასაწყისია, რაც აჩვენებს პოლიტიკურ ნებას, რომ ცვლილება სურთ. პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ამას სჭირდება ძალისხმევა. ამ პროცესს სჭირდება ადამიანები, რომლებიც თავდადებული იქნებიან ამ პროცესში. მთავარია მიზანი, როცა ზუსტად იცი, რისი კეთება გსურს,“ – ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ნონა წოწორიას, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ცვლილებების იმ პროცესში, რაც ახლა მოლდოვაში ხდება. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია იმ სპეციალური კომისიის წევრია, რომელიც მოლდოვაში სასამართლოს და პროკურატურის თვითმმართველ ორგანოებში ასარჩევი წევრების წინასწარი შეფასებისთვის შეიქმნა. კომისიის სამი წევრი მოლდოველია, სამი – უცხოელი.
მოლდოვაში 2022 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ აირჩევენ მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრს სპეციალური კომისის დადებითი შეფასების გარეშე. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებს შორის არჩევანს მოსამართლეთა საერთო კრება, ასევე პარლამენტი აკეთებს.
„კანონით გათვალისწინებულია კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ვამოწმებთ მოსამართლეებს, ასევე არამოსამართლე წევრებს. ეს არის ფინანსური და ეთიკური შესაბამისობის დადგენა. ჩვენ არ ვამოწმებთ კანდიდატების პროფესიონალიზმს. ვსწავლობთ თითოეული კანდიდატის ფინანსურ მდგომარეობას, მათ საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციებს, კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ქონებას ბოლო 15 წლის განმავლობაში,“ – გვიყვება ნონა წოწორია.
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე შენიშნავს, რომ თვითონ და კომისიის სხვა წევრებიც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ, როცა მოლდოვის ბანკებიდან სრულად მიიღეს კანდიდატების შესახებ დეტალური ინფორმაცია. კომისიას წერდნენ მოქალაქეებიც.
ნონა წოწორია
„ჩვენ გვყავდა შესაფასებელი 28 მოსამართლე და მხოლოდ 5-ს მივეცით დადებითი შეფასება. ძირითადად უარყოფითი შეფასება უკავშირდებოდა ფინანსურ საკითხებს.
რაც შეეხება ეთიკას, ვიყენებთ სამოსამართლეო ეთიკის წესებს, ასევე ევროსასამართლოს ამ კუთხით არსებულ პრაქტიკას. პრაქტიკაში ხომ არ იყო შემთხვევა, როცა მოსამართლეების მხრიდან ეთიკის მიმართ დამოკიდებულება დადგა ეჭვის ქვეშ? იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დადასტურდა პრობლემა ფინანსურ ნაწილში და ეთიკის კუთხითაც. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე და შემდეგ იგივე მოსამართლე გაუძღვა მოსამართლეთა კონფერენციას, სადაც ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო.
როცა შევარჩიეთ ეს 5 მოსამართლე, მალევე ჩაინიშნა მოსამართლეთა კონფერენცია. ბუნდოვანი იყო რამდენად აირჩევდა ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებს საერთო კრება. ეს რთული პროცესი იყო“ – თხრობაშივე ეტყობა ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, როგორი ინტერესით აკვირდებოდა პროცესს: როგორ მოიქცევიან ახლა მოსამართლეები?
„საბოლოოდ 5-დან 4 მოსამართლე აირჩიეს წევრად და 1 სათადარიგო წევრად. იუსტიციის საბჭოში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს კვოტები აქვთ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან ვერავინ შევარჩიეთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რამდენიმე თვის წინ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების 80 % გადადგა და მხოლოდ 5 მოსამართლე დარჩა. პრაქტიკულად მთელი უზენაესი სასამართლო უფუნქციო გახდა,“ – გვიყვება ნონა წოწორია და დასძენს, რომ მოლდოვის გამოცდილებამ მას ეს აჩვენა: იუსტიციის და საპროკურორო საბჭოს პარალელურად, ან მანამდე უზენაესი სასამართლოს რეფორმაა საჭირო.
მოლდოვაში უზენაესი სასამართლოს რეფორმა ახლა იწყება. აქაც უცხოელებით და მოლდოველებით დაკომპლექტებულმა პარიტეტულმა კომისიამ წინასწარ უნდა შეფასოს კანდიდატები.
სპეციალური კომისიის უარყოფითი დასკვნა არ ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი მოსამართლეობას წყვეტს – ის ადმინისტრაციულ თანამდებობას ვეღარ იკავებს, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ ხდება. მოლდოვაში გაუთვალისწინებიათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადაწყვეტილების საჯაროობის ნაწილშიც: დასკვნა არ საჯაროვდება, თუ კანდიდატი თანახმა არ არის.
ნონა წოწორია ამბობს, რომ კომისია კრიტიკის საგანი გახდა: ერთის მხრივ, კანდიდატებმა მიიჩნიეს, რომ კომისია ძალიან მკაცრი იყო სტანდარტების დაცვის კუთხით, საზოგადოება კი, ელის სწრაფ და ეფექტურ შედეგს:
„გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი გარემო იყო აქამდე, რა გვექნა? მაგრამ ჩვენ ვიყავით ძალიან მკაცრი ამ სტანდარტების მიმართ. ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს სასამართლო ხელისუფლება, თუ პროკურატურა, უნდა იყოს უმწიკვლო, რომ შეძლოს სისტემის მართვა. თუ თვითონ აქვს პრობლემა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ის ვერ შეძლებს იყოს კრიტიკული სხვის შეფასებაში, რაც შეეხება შეფასების ვადებს, სპეციალური კომისია თვლიდა, რომ პროცესის სისწრაფე შეფასების ხარისხის ხარჯზე ვერ მოხდებოდა,“ – კატეგორიულია ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
კომისიამ შეარჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 არამოსამართლე წევრობის კანდიდატიდან 3, რომლებიც პარლამენტმა უკვე აირჩია. კომისია ამ ეტაპზე გადაწყვეტილებებს ამზადებს, საიდაც დანარჩენი სამი ადგილისთვის უნდა შეარჩიონ კანდიდატები.„საინტერესოა, რომ არამოსამართლე წევრობის კანდიდატების შემადგებლობა მრავალფეროვანი იყო, არ იყო მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის, ყოფილი პოლიციელი და ყოფილი მოსამართლეც არის,“ – დასძინა ნონა წოწორიამ.
კომისიამ შეარჩია პროკურატურის საბჭოს კანდიდატებიც. აქ 18 კანდიდატი გვყავდა, რომელთაგანაც 8 მიიღო დადებითი შეფასება, მოსამართლეებთან შედარებით მათი გასვლის პროცენტი მაღალი იყო (18% vs. 41%), შენიშნავს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. პროკურატურის საბჭოს წევრებს მოლდოვაში აგვისტოს ბოლოს აირჩევენ.
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „სასტარტო პოზიციაზე“ – მოლდოვამ საქართველოს უკვე გაუსწრო იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომლექტების წესით.
„საქართველოში ვინ აფასებს ამ წევრებს, რა ჩართულობაა პროცესში? აქ ჩვენს სხდომებზე დასწრება შეიძლება და ონლაინ სხდომების ნახვაც. საქართვეოში არ უნდათ, რომ ერთი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი მაინც იყოს საბჭოში, მოლდოვაში კი, სამოქალაქო სექტორს აქვს საკვანძო როლი ამ პროცესში.
რა მნიშვნელობას იძენს ამ დროს გამოცდილება, რომელიც რეფორმების კუთხით საქართველოს აქვს?
„ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუ პოლიტიკური ნება იქნება. ოქტომბრამდეც შეიძლება ბევრი რამის შემოტრიალება და ეს ევროკავშირის მხრიდან არ დარჩება დაუნახავი. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის ევროინტეგრაცია. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვიდგა დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ისეთი რეალობა, რომ დასავლეთი გვეკითხება: საით იყურებით, რა გინდათ? თუ ჩვენგან სწავლობდნენ 20 წლის წინ, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, სხვებისგან უნდა ვისწავლოთ.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სასამართლო რეფორმა არ იყო რეფორმების ცენტრში. აშკარა იყო, რომ სასამართლო ჩამორჩებოდა რეფორმირებით სხვა სფეროებს, რაც იყო ფუნდამენტურად დიდი შეცდომა. აზრი არ აქვს სამართალდამცავი სისტემის რეფორმას, თუ სასამართლო არ არის რეფორმირებული. სასამართლოს რეფორმის გარეშე ვერცერთი სხვა რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, აზრი არ აქვს, პრაქტიკულად დააქცევს ყველა რეფორმას, თუ სასამართლო არ იქნება რეფორმირებული.
მოლდოვას მაგალითი დღეს აჩვენებს, რომ თუ მოინდომებ, მეგობრები გვერდით დაგიდგებიან. ძირითადად ეს პროცესი მოლდოვაში დონორების დაფინანსებულია. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებას,“ – გვითხრა ნონა წოწორიამ.
რას აკეთებს ამ დროს საქართველო: „ყველანაირად სცადა ხელისუფლებამ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შეესრულებია“
„სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხორციელდება,“ – ამბობს ეკა ციმაკურიძე, სამოქალაქო ორგანიზაციის „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ციმაკურიძე სამუშაო ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ვენეციის კომისიის 2023 წლის დასკვნის შემდეგ პარლამენტში შეიქმნა. ამ ჯგუფმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.
„ამ დრომდე მიდგომა არის ის, რომ არის მხოლოდ ფრაგმენტული ცვლილებების გატარების მცდელობა, რაც ძირეულ რეფორმამდე ვერ მიგვიყვანს. ძირეული რეფორმაა მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან. ძირეული რეფორმა უპირველესად გულისხმობს იმას, რომ იუსტიციის საბჭოს ძალაუფლების დეკონცენტრაცია მოხერხდეს, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ერთი და იგივე პირი განმეორებით არ შეიძლება იყოს არჩეული, არამოსამართლე წევრების როლის საბჭოში უნდა გაიზარდოს, მოსამართლეს არ უნდა ეკავოს ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობა“ – ამბობს ეკა ციმაკურიძე და ჩვენთან საუბრისას აღწერს, სამუშაო ჯგუფის მოსამართლე წევრები: დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე მაქსიმალურად როგორ ცდილობდნენ, ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები არ შესრულებულიყო, რაც კლანის დასუსტებას და სასამართლოს გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„გვრიტიშვილი და მიქაუტაძე ეწინააღმდეგებოდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, მოსამართლეების მივლინების წესზე.
სამუშაო ჯგუფში ხმას არ იღებდნენ, ან ისინიც წინააღმდეგობას წევდნენ კონკრეტულ ცვლილებებზე: იურიდიული დახმარების სამსახური, ადვოკატთა ასოციაცია. სახალხო დამცველი აქტიურად იყო ჩართული პროცესში. სამოქალაქო ორგანიზაციები კი, ვცდილობდით, შესრულებულიყო ის, რასაც ვენეციის კომისია ითხოვდა, ჩვენ ახალი და განსაკუთრებული არაფერი შეგვითავაზებია,“ – ამბობს ეკა ციმაკურიძე „ბათუმელებთან“.
ეკა ციმაკურიძე
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შეიცვალოს ახლა სასამართლო სისტემაში და არ იცვლება? – ეკა ციმაკურიძეს კითხვის პასუხად, პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ახსენდება, ასევე 2021 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები, რაზეც ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ უნდა გაუქმდეს:
„ეს ეხება მოსამართლეების მივლინების წესს და აზრის გამოხატვის უფლებას.
ე.წ. იძულებით მივლინების წესი არის კარგი შესაძლებლობა სისტემის ხელში, რომ მათთვის არასასურველი მოსამართლე გადაიყვანონ სხვა სასამართლოში. დღეს არ ჩანს, რომ ეს წესი არის გამოყენებული სადამსჯელო მექანიზმად, ჯერ–ჯერობით არ სჭირდებათ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მოსამართლეების მისამართით: თუ ისინი მოინდომებენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, საბჭოს ხელში არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, მინიმუმ დისკომფორტი შეგიქმნას.
ეს წესი ასევე იძლევა შესაძლებლობას, კლანისთვის სასურველი მოსამართლე გადაიყვანონ კონკრეტულ სასამართლოში იმის მიხედვით, თუ რა საქმე არის განსახილველი.
მეორე ცვლილება ეხებოდა მოსამართლეების აზრის გამოხატვის შეზღუდვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოტივით. ეს ჩანაწერი იმდენად ბუნდოვანია, რომ შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის აზრის გამოხატვას, რაც ეხება, მაგალითად, სასამართლო რეფორმას, სისტემაში არსებულ პრობლემებს. ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემდეგ პარლამენტმა გამონაკლისი დააწესა, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ მხოლოდ მეცნიერული და აკადემიური შეფასებები გააკეთონ, თუმცა ეს ჩანაწერი ისევ არ არის მკაფიო.
ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც განხორციელდა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ არის ის, რომ გაუქმდა მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება, რაც ძალიან მკაცრი ზომაა და ვენეციის კომისია არ უწევდა მას რეკომენდაციას.
ამ ცვლილებებზე ჩვენ ვენეციის კომისიამ პირდაპირ გვითხრა, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები შესუსტდა,“ – განმარტავს ეკა ციმაკურიძე, „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი შეცვალა, თუმცა კანონი შეცვალა ისე, რომ განაჩენები შესაძლოა ამჯერად წლობით ვეღარ ვიხილოთ. ეკა ციმაკურიძე ამ ნაწილში ახსენებს ნდობას სასამართლოს მიმართ, რომელიც ვერცერთი ლოგიკით ვერ აღდგება, თუ ადამიანებს მინიმუმ არ ექნებათ შესაძლებლობა, წაიკითხონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
„გახმაურებულ საქმეებზე როცა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე ყველა ინსტანცია მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება ამას 3-4 წელი დასჭირდეს, ეს საკითხი კი, რაზეც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, კარგავს სიმწვავეს და ინტერესს. ნებისმიერი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საბოლოო დოკუმენტი. ის შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი შემდეგი ინსტანციის გადაწყვეტილებით, მაგრამ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც დოკუმენტი, რჩება ისეთივე, როგორც იყო თავდაპირველად. ამის დაფარვის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს,“ – მიიჩნევს ეკა ციმაკურიძე.
დამოუკიდებელი იურისტის დაკვირვებით, ამ დრომდე საზოგადოების დაკვეთა ხელისუფლების მიმართ სასამართლო რეფორმებზე არ არის მკაფიო:
„ისევე, როგორც გამოვედით რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში, ან უკრაინის მხარდასაჭერად, მოვითხოვეთ ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა, ხელისუფლებას მოვთხოვეთ, გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები, ასევე კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომლის გარეშეც არაფერი არ გამოვა,“ – ეკა ციმაკურიძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ნების გაჩენის შემთხვევაში ოქტომბრამდეც შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რასაც ევროკავშირი დამაჯერებლად აღიქვამს.
დემოკრატიის ინდექსი
თბილისში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გლდანში მოხდა. ავტომობილი დაეჯახა ქვეითს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
“ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა შსს-ს. უწყების კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
უკრაინელ მოფარიკავეს ოლგა ხარლანს, რომელმაც რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპონატზე დისკვალიფიკაცია გაუუქმეს და 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ადგილი მისცეს.
ოლგა ხარლანმა მილანში ტურნირზე ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსული რუსი მოფარიკავე ანა სმირნოვა ანგარიშით 15-7 დაამარცხა, რის შემდეგაც მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და სანაცვლოდ დაშნა მიუშვირა.
ხელის ჩამორთმევაზე უარის შემდეგ უკრაინელი მოფარიკავე ტურნირიდან მოხსნეს. თუმცა შემდეგ ოლგა ხარლანს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა, წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუკი მოფარიკავე „უნიკალური სიტუაციის“ გათვალისწინებით ოლიმპიურ თამაშებზე ადგილს ვეღარ მოიპოვებს, მისთვის სპეციალური კვოტა გამოიყოფა.
ოლგა ხარლანმა ტურნირიდან მოკვეთის შემდეგ ქულები დაკარგა, რომლებიც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ყოფილიყო ოლიმპიურ თამაშებზე გასასვლელად.
ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევდა, ხარლანი ტურნირზე ისევ დაუშვა.
ოლგა ხარლანი გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება, მაგრამ იმის გამო, რომ ინდივიდუალური გამოსვლები უკვე დასრულდა, უკრაინელი მოფარიკავე იქ მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.
დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ უკრაინელმა მოფარიკავემ თქვა, რომ წესები უნდა შეიცვალოს.
„ომი მიმდინარეობს და უკრაინელებს ხელის ჩამორთმევა უბრალოდ არ შეგვიძლია. უნდა გამოიჩინოთ ჩვენი პატივისცემა და შეცვალოთ წესები…
თუ მექნება არჩევანი, მე მას ხელს არასოდეს ჩამოვართმევ. მაპატიეთ, მაგრამ არსებობს ოლიმპიური თამაშებზე, ლიცენზიებზე და ფარიკაობაზე მნიშვნელოვანი რაღაცები“, – თქვა ოლგა ხარლანმა.
ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი Zа Россию მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სანქციები აქვს შემოღებული.
"[ფომინმა] მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამომთხრელ რუსულ პოლიტიკას, ყირიმის ანექსიას”, - წერია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს პროექტის “ომი და სანქციები” ვებგვერდზე.
ასევე მოსალოდნელია, რომ ლაინერზე იქნება რუსული მუსიკალური ჯგუფი “ტესტოსტერონი,” რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში რუსული არმიის მოსამსახურეების წინაშე გამოდიოდა. Astoria Grande-ზე კიდევ ერთი არტისტი ბელარუსი დმიტრი კოლდუნი იქნება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და 2018 წელს ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” კონცერტიც ჩაატარა.
განრიგის თანახმად, საკრუიზო ლაინერი სოჭს 29 ივლისს დატოვებს და ბათუმში 31 ივლისს ჩავა. მის მგზავრებს არ შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და ბათუმის პორტიდან გასვლამდე გემზე უნდა დარჩნენ.
ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ „ოცნება", იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე.
გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამას დაჭირდება მინიმუმ 10-15 წელი. ეს ჩვენს შვილებს ეხება. ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ „ოცნება" დღეს, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, იმათ პერსპექტივას ცვლის თავიანთ მათ დღევანდელ სავარძლებში და კაბინეტებში. „ოცნებამ" საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ვიღაც რომ გვეუბნება ხოლმე - ომი გინდათ? ჯერჯერობით ღიმილით სახეზე მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ამ ომის ფასი ევროპული ინტეგრაციისთვის უკვე გადახდილი აქვს და 2008 წელს თითოეული სიცოცხლე, რომელიც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა გადაიხადა, გადაიხადა იმისთვის, რომ დღეს საქართველო იყოს ევროკავშირში ყველაზე პერსპექტიული პირველი ქვეყანა და ნატო-ს წევრობის პირველი კანდიდატი და ესენი ახლა რასაც აკეთებენ, იმ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და ახალგაზრდების სიცოცხლეს აუფასურებენ, ჰაერს ატანენ. ვინ მისცათ მათ ამის უფლება? ომი არავის უნდა, ყველას მშვიდობა უნდა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანამ ომით ევროპული ოჯახის წევრობის უკვე გადაიხადა და ეს ყველამ კარგად იცის ევროპაშიც და ევროპის გარეთაც. ხვალ და ზეგ, მოლდოვა რომ გახდება ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ყველანაირი ომის გარეშე და ეს წევრობა რომ მოლდოვას მისცემს შესაძლებლობას სახელმწიფოებრივი განვითარების და ტერიტორიული აღდგენის, აი მერე რას იტყვიან? ქვეყნისთვის არის მთავარი მშვიდობა, იმიტომ რომ გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი ამ ქვეყანაში არის მხოლო და მხოლოდ ქვეყნის ევროპული, ღირსეული, დემოკრატიული, სამართლიანი მომავალი. რასაც ესენი აკეთებენ, ტოვებენ ამ ქვეყანას მარტო პირისპირ რუსეთთან, ვერ იქნება მშვიდობის მომტანი. აქ კომპრომისები არ იქნება, არც ერთ შემთხვევაში. ეს არც გაფრთხილება და არც არც მუქარაა, ეს ობიექტური რეალობაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს სტრატეგიული პარტნიორობა ამ მოცემულობაში unknown unknowns (უცნობი-უცნობია). რას ნიშნავს ეს? რას ითვალისწინებს? ხელშეკრულების რა ჩარჩოებს ითვალისწინებს?,- ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი.
როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა გამოსაჩენი.
მისივე თქმით, ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორეა, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი.
„ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებლობის ფანჯრებს აოთხმაგებს. მაგრამ აქ საკითხავია ღარიბაშვილის ვიზიტი და საინტერესოა იმ კუთხით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღინიშნა. ამ მოცემულობაში ბევრი unknown unknowns (უცნობი-უცნობია). რას ნიშნავს ეს? რას ითვალისწინებს? ხელშეკრულების რა ჩარჩოებს ითვალისწინებს? ითვალისწინებს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტირებას?
როდესაც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი იდეოლოგიურად კომუნისტური სახელმწიფოა.
საბოლოო ჯამში ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია. სხვათა შორის, ჩინეთთან ამ ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი გიორგი გახარიამ მოაწერა და ეს იყო დიდი გამარჯვება. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც აღიარებდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი სიფრთხილეა გამოსაჩენი“,- განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე შეფასებით, ჩინეთისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გადაცემა არის ეროვნული უსაფრთხოების რისკი.
„არ შეიძლება კრიტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემა, მაგალითად შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტ კაბელი. ჩინეთის სტრატეგიული ინტერესია აბრეშუმის გზის სარტყლის გაკეთება. ჩინეთის სტრატეგიული დოქტრინა გასაგებია, აქ არაფერი ახალი არ არის. მაგრამ ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორეა, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
”ის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ცალსახაა, რადგან დიდ ეკონომიკურ ბაზართან გვაქვს საქმე. თუმცა უცნაურად გაჟღერდა ტერმინი - სტრატეგიული თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კონსტიტუციით არის უკვე განსაზღვრული ნატოსა და ევროკავშირის სახით. ვინ გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორის შეცვლა? რისთვის არსებობს პარლამენტი და კონსტიტუცია, ჩვენი ისტორიული არჩევანი? რა ხდება? კურსს ვცვლით ჩვენი ქვეყნის საგარეო სტრატეგიული პარტნიორობის?”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
363804706_841845623963400_6739248820054189396_n.mp4
"ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა.
ბათუმელები, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. უმძიმესი სეზონია ჩვენი ქალაქისთვის. რუსებმა იყიდეს ბინები, გახსნეს კაფეები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები... ტაქსებიც კი მათი ჰყავთ...
ეს არ გვეყოფოდა, ახლა ჩამოდიან და ოკუპანტობაში აქეთ გვადანაშაულებენ, რითიც შეურაცხყოფენ იმ ათასობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ დამპყრობელ რუსეთთან ბრძოლას.
ამ დროს რას აკეთებს მთავრობა?
ნაცვლად იმისა, აღკვეთოს ეს უმსგავსობა და დადგეს ჩვენი ღირსების სადარაჯოზე, პირიქით, ხელს უწყობს და ახალისებს პროცესს. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევ ე.წ. "ტურისტებს" წითელი ხალიჩით ხვდება და პოლიციის კორდონს მიღმა ჩვენი შეურაცხყოფის საშუალებას აძლევს, უფრო მეტიც, ჩვენივე ხელისუფლება, ჩვენ, ამ შეურაცხყოფით აღშფოთებულებს ქაჯებს გვეძახის.
ჩვენი ქვეყნის, კულტურის, კანონისა და ტრაციების შემბღალავ სტუმრებს და მათ მასპინძელ ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ყველფრისთვის.
აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი
“გახარიას ფორმულა არის ძალიან მარტივი - ნაცებმა და ქოცებმა ჯამში ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. ამისთვის ჩვენი პრაგმატული ინტერესია, ჩვენი გუნდის გარდა, გაძლიერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.
მე არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ე.წ. “ნეგატიურ რეიტინგზე”, რომელზე საუბარიც არავის სიამოვნებს - როცა მოქალაქეებს ეკითხებიან, რომელ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას, ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ “ნაცებს” და “ქოცებს” არასოდეს მისცემენ ხმას. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პოლიტიკური წარსული აქვს, მისი ნეგატიური რეიტინგი არის მხოლოდ 4%. ანუ მხოლოდ ძალიან მცირე ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ის მიუღებელი. ისეთი პარტიებიც კი, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან და შესაბამისად ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და ტვირთი არ გამოუვლიათ, უფრო მიუღებელია ხალხისთვის, ვიდრე გახარია. ეს არის ფაქტი და არა ჩემი შეფასება, რაც დადასტურებულია კონკრეტული კვლევებით, მათ შორის - IRI-ის კვლევებითაც.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
363363922_1312431156047481_1996156693523010467_n.mp4
"რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და მაგალითად ირაკლი კობახიძე როდესაც გავრილოვთან ჭიქა ღვინოს აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”? რუსეთი რასაც აკეთებს და თან დიდწილად გამოსდის, არის, რომ საქართველო აქციეს სხვადასხვა მომსახურების, სერვისის მიღების ცენტრად. ხან კრუიზი შემოვა, ხან ვიღაცა ქორწილს გადაიხდის ვინც დასანქცირებულია დასავლეთში და ამის თავიდან ასარიდებლად ფაქტია ქართული ოცნება ვერაფერს და არაფერს აკეთებს."
ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
ისეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორც ჩვენ ვართ ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა უნდა გამოიყენოს რომ რაიმე სარგებელი ნახოს, ამაში არაფერია საორჭოფო და საშიში. ეს არც გვესწავლება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე - გახარიას ხელმოწერაა.
მაგრამ "სტრატეგიული პარტნიორად" ჩინეთის ტრანსფორმაცია რას ნიშნავს? ამჟამინდელ, კონსტიტუციით განსაზღვრულ სტრატეგიულ პარტნიორებს ვანაცვლებთ? ჩინეთის სახელმწიფოებრივი მოდელი, ჩინური დემოკრატია უნდა ავაშენოთ საქართველოში? თუ არ ვანაცვლებთ, მაშინ სადმე არის ქვეყანა, რომელიც ერთდროულად სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის?
საერთოდ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
დღეს კიდევ ერთხელ გვითხრა ამ ხელისუფლებამ, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაირი ინსტიტუცია აღარ არსებობს, არც ხალხის აზრი, არც პარლამენტი და არც კონსტიტუცია. მხოლოდ მათი ხუშტურები და სარგებელი წყვეტს თურმე ქვეყნის განვითარების ორიენტირს და კურსს.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
facebook: https://www.facebook.com/beqa.liluashvili/posts/7089913011038035
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დანიშვნას, იტყობინება კონგრესის ამ პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტია.
რობინ დანიგანი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა ელჩის კანდიდატად. მან უნდა ჩაანაცვლოს კელი დეგნანი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.
დანიგანი 1992 წლიდან მუშაობს აშშ-ის საგარეო უწყებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ვიეტნამში, ავსტრიაში, თურქეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში. იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამჟამად ხელმძღვანელობს ევროპისა და ევრაზიის საქმეთა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიმართულებას.
ამჟამინდელი ელჩი, კელი დეგნანი, საკმაოდ კარგად აფასებს თავის მემკვიდრეს:
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.
ის დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპული რიგით 49-ე ქართველია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს, უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაქირავებული პირების აყვანისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრეს საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილს, რომელიც მედიასივრცეში მამუკა მამულაშვილის სახელით არის ცნობილი.
„დადგინდა, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ეროვნული ლეგიონი და საქართველოდან დაიქირავეს ხალხი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“, - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით, მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არ გასცდეს იმ გიჟების ავადმყოფურ ფანტაზიას, რომლებიც ქმნიან ასეთ გეგმებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვეუბნება, რომ უნდა გავიმარჯვოთ. არ გავჩერდეთ, არ ვივაჭროთ, ბედს არ მივენდოთ, არამედ გავიმარჯვოთ და ვაშენოთ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ მისი თავდაცვის პოტენციალმა და შესაძლებლობამ, ჩვენი ხალხის საკუთარი თავის მიმართ რწმენამ, იარაღმა უკრაინელების ხელში და ყველას ერთიანობამ სახელმწიფოში უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და აგრესიის არ განმეორება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვფიქრობ, მათ ძალიან გარკვევით განაცხადეს, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან, რომ არ მიესალმებიან ამას. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ ვინმეს, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს. არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას“, - აღნიშნა ელჩმა.
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.
მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.
იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ.
ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა.
გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად;
როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ:
უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.
ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა.
კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.
ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო, 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო, ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა.
გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან/და გაქცევა.
ამდენად უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.
საქართველოს პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენ” , - განაცხადა კვიციანმა.