სამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, თანდათან წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, თანდათან წინ მიიწევენ.
სტარომაიორსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება, ჩვენი დამცველები წარმატებას აღწევენ, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან”, - წერს მალიარი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს, “მაგრამ წარუმატებლად.”
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და საელჩოს თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციად აფასებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისსა და ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს: ზოგს – დიდი, ზოგს – შედარებით პატარა, ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მოკავშირეა.
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევით დაწყებული, რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებით დასრულებული. ნაცვლად იმისა, რომ რეალური ოპოზიცია იყოს, „ქართული ოცნების“ მოკავშირეები არიან. პარტიაში რა ვერ გაიყვეს, ვინ რა ვერ გაიყო, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. რაც შეეხება კეზერაშვილის გავლენას, როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს: ზოგს – დიდი, ზოგს – შედარებით პატარა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა დაუშვილმა.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან.
„ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში 2023 წლის 26 ივლისს, ღამის ორ საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.
ინფორმაციის მიღებიდან საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამირდალეზას ადმინისტრაციასთან.
დაახლოებით ღამის სამ საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000“, – აღნიშნულია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
მზიურთან 25 ივლისს მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოეტი დავით გაბისკირია.
რაც შეეხება დაჭრილს, ის ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესპარტნიორებს შორის მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრების თქმით, შემოდგომიდან აქონდროპლაზიის მქონე რამდენიმე ბავშვი საჭირო მედიკამენტით მკურნალობას დაიწყებს.
დღეს საბჭოს წევრებსა და მშობლებს შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში [NCDC] შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ აქონდროპლაზიის მართვის სახელმწიფო პროტოკოლს საბჭომ მხარი დაუჭირა და ახლა საჭიროა მხოლოდ მინისტრის ხელმოწერა.
„ბიუჯეტი და თანხები არსებობს, შემოდგომაზე ეს მედიკამენტი ჩვენთან იქნება. ამ გეგმაში 2023 წელი გაწერილია და პირველი 5-6- ბავშვი, რომელსაც შეარჩევს მრავალპროფილური სამედიცინო ჯგუფი, ისინი წელს წამალს მიიღებენ“, – თქვა შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.
პირველ ეტაპზე ბავშვები პრეპარატს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მიიღებენ. მშობლები აცხადებენ, რომ 2-3 თვის შუალედით ბავშვთა რიცხვი გაიზრდება.
23 მაისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პროგრამით სამკურნალო იშვიათ დაავადებებს აქონდროპლაზიის დიაგნოზი დაემატა. ამის პარალელურად, ერთწლიანი პროტესტისა და რამდენიმეკვირიანი აქციების შემდეგ, დაიწყო შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენელთა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს შორის.
პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიტიდით) 2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, თუმცა მის მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, მანამ, სანამ ე.წ. ზრდის პლატებია ღია ანუ დაახლოებით, 18 წლამდე. მშობლების ინფორმაციით, დღეს საქართველოში დაახლოებით, 13 ბავშვია, რომელსაც ეს პრეპარატი სჭირდება.
გახარიას და ჩვენი მთლიანი გუნდის, პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი ქოცების და ნაცების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ორ პარტიას შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა. ეს არაერთხელ დადასტურდა პოლიტიკაშიც და დადასტურდა ბიზნესშიც, მაგალითად ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი.
ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიას საქმე აქვს გასაკეთებელი და ამ "ბოდვაში" არავის აჰყვებიან.
"ორივე მხარე ხვდება, რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქის გააზრებული პოზიცია, რომ ქვეყანაში ამ ორი ძალის პოლიტიკური ბოგინი დასასრულებელია, რადგან არც ერთ მათგანს, არც ცალ-ცალკე და არც ერთობლივად, არ აქვს ქვეყნის მომავლის გაუმჯობესებისთვის პოზიტიური წვლილის შეტანის რესურსი. ოცნებამ დაინახა, რომ გახარიას ნაცმოძრაობიზაცია არ მუშაობს და ნაცებისგან შექმნილი პოლიტიკური საფრთხობელა, ჩვენს ამომრჩეველს ვერ აფრთხობს. მაგრამ სხვა, მადისკრედიტირებელი მათ ხელში არაფერი უჭირავთ, კობახიძის "კოკაინშიკური" ბოდვა, კი ქოცებსაც კი არ სჯერათ. ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ამ ბოდვაში აყოლას არ ვაპირებთ. ზოგიერთები უკვე 15 თვით ადრე ერთიანდებიან, ნებდებიან თუ ილანძღებიან - ჩვენ მშვიდად მივყვებით გეგმას.", - წერს ბექა ლილუაშვილი.
- ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც".
- აი, ზუსტად ამიტომ, ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა აიღოს.
- ერთი - ფიზიკური მოძალადეა, ხოლო მეორე - ფსიქოლოგიურად ძალადობს ხალხზე.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარია-ს კომენტარი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე წყალტუბოში.
363312993_285974534017843_569188933663166599_n.mp4
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ე.წ. ქოლცენტრების საქმე.
„მუნიციპალურ დონეზე „ოცნების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის უკვე იმდენი ფაქტია, პარლამენტშიც. აი, იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს. "ქოლცენტრები" არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან „ნაცები“ და „ქოცები“. "ქოლცენტრები" არის იდეალური მაგალითი, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე, როგორ შოულობენ მილიარდებს „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ და მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ კოალიცია არ გვაქვსო. შენ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ ფული იშოვო, ფულს ვისთანაც შოულობ, ის არის შენი ნამდვილი პარტნიორი, ის კი არა პარლამენტში ვისთანაც ოპოზიციაში ხარ. მთავარია ფულს ვისთან ერთად შოულობ და ვისთან ერთად იყოფ. ეს „ქოლცენტრები" არის ყველაზე კარგი, იდეალური მაგალითი „ქოცების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის. თუ ასე არ არის, აბა ან ერთმა, ან მეორემ თვითონ დააინიციირონ ამ კომისიის შექმნა. ამიტომ არის, რომ გამოძიება არ უნდათ და ამ კომისიის შექმნა. ეს კომისია რომ შეიქმნას, ერთმანეთზე მოუწევთ ჩვენების მიცემა. ამ ორმა, ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ვერ უნდა გადალახონ. საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ გააკეთონ არჩევანი „ნაცსა“ და „ოცნებას“ შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს „ნაცი“ როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს დღეს „ოცნება“ როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად. ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური მოძალადით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება“, - განაცხადა გახარიამ.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება.
მისივე თქმით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება.
"ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია", – განაცხადა ვოდემ.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციას, უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური კიშინიოვი დასავლეთის სპონსორების გასახარებლად, რუსოფობიაზე მიმართულ ძალისხმევას აორმაგებს.
შეგახსენებთ, რომ დაძაბულობა მოლდოვასა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კიშინიოვში მდებარე რუსეთის საელჩოს სახურავზე ათეულობით ანტენის და სატელიტური თეფშის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები თვალთვალისთვის იყენებდნენ.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია.
როგორც დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა.
„ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მითუმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა“, - აცხადებს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, რომ დღეს „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ჰექტარი მიწა, რომლის მასშტაბი 104 712 ჰექტარია. დეპუტატების შეფასებით, მიწების და ტყეების გადაცემა, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს.
„ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.
სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.
საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.
თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.
ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.
ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე.
პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საქმეში თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინაში ომის დაწყებიდან, დაახლოებით ბოლო 17 თვეში რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიენიჭა, 3 071 პირს კი აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულს მოწმობს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟასვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული ინფორმაცია.
კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა 2 564 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს.
„ამათგან 2 530 პირი წარმოშობით არის საქართველოდან, 23 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
ასევე გაცნობებთ, რომ ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით - 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე - 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს,“- აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბერძნეთში, იტალიაში, ალჟირსა და ტუნისში ტყის ხანძრების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით - ევაკუირებულია.
BBC-ის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლება როდოსიდან, კორფუდან და ევიადან ევაკუირებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს.ტყის ხანძრებს იტალიაც ებრძვის. ხანძრების გავრცელების გამო, სიცილიის ხელისუფლებას ცოტა ხნით პალერმოს აეროპორტის დახურვა მოუწია.
BBC-ის ინფორმაციით, დღის მდგომარეობით, ტყის ხანძრების შედეგად, ყველაზე მეტი ადამიანი - 34 ალჟირში დაიღუპა, მათ შორის 10 ჯარისკაცი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრების ლიკვიდაციაში დაახლოებით 8000 ადამიანი, ასობით სახანძრო მანქანა და რამდენიმე თვითმფრინავი მონაწილეობს.ხანძრები მეზობელ ტუნისსაც შეეხო. იქ ერთ-ერთი სოფლიდან 300 ადამიანი იქნა ევაკუირებული.
უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთის არაერთ რეგიონში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 25 ივლისს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო.
ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა რეგიონიდან და კუნძულიდან მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია. ხანძრის გამო ზოგ აეროპორტში შეფერხებულია ავიარეისების შესრულება.
მიუხედავად რთული პირობებისა, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს ავიარეისებს, ძირითადად, უცხოელი ტურისტების უკან, სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
როგორც BBC წერს, ავიაკომპანია EasyJet-ის პილოტმა, რომელიც რეისს ბრიტანეთიდან როდოსის კუნძულის მიმართულებით ასრულებდა, აფრენამდე მგზავრები გააფრთხილა კუნძულზე არსებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ.
მედიასაშუალების ცნობით, პილოტმა მგზავრებს უთხრა, რომ „როდოსის კუნძულზე დასასვენებლად ამ მომენტში გამგზავრება საშინელი იდეაა“, რადგან იქ ჩარჩენილ ტურისტებსა და ადგილობრივებს ძილი აეროპორტში უწევთ. პილოტმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ რეისს საგანგებო რეჟიმით ასრულებდა და როდოსიდან რეისების შესრულება თვითმფრინავებს სამხედროების დახმარებით უწევთ.
BBC-ის ინფორმაციით, პილოტის გაფრთხილების შემდეგ თვითმფრინავი რამდენიმე ადამიანმა დატოვა.
ძლიერი ხანძარი მძვინვარებს როდოსის კუნძულზეც.
ვითარებას ართულებს ძლიერი სიცხე და ქარი. ძლიერი ხანძრებია ესპანეთსა და იტალიაში. ტყე იწვის პალერმოს აეროპორტის მიდამოებში.
მთავარ ფოტოზე: საბერძნეთში ხანძარს ერძვიან/EPA-EFE/VASILIS PSOMAS
უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს.
კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543].
საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვეყნებს, სადაც ამჟამად საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – სომალიდან მაძიებელთა რაოდენობა შეადგენს 2120-ს, სირიიდან – 249-ს.
ქართველების მიერ ირლანდიაში თავშესაფრის ძიების საკითხი არახალია – „დუბლინ ინქუაირერის“ ცნობით, 2022 წელს საქართველოდან განაცხადი შეიტანა 2700 ადამიანზე მეტმა, 2021 წელს კი მათმა რაოდენობამ 340 შეადგინა.
ამასთან ერთად, ირლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში ჰყავს შეყვანილი, რაც ამცირებს მაძიებელთა შანსს თავშესაფრის მიღებაზე. უსაფრთხო ქვეყანათა სიაში საქართველო 2018 წელს მოხვდა, ხოლო 2019-ში საქართველოს ელჩი ირლანდიაში, გიორგი ზურაბაშვილი ამბობდა, რომ არ არსებობს „პოლიტიკური გარემოებები“, რომელთა გამოც საქართველოს მოქალაქეს ირლანდიაში თავშესაფარი შეიძლება დასჭირდეს.
რატომ ირჩევენ ქართველები ირლანდიას
ირლანდიაში მცხოვრები რენა ფურცელაძე ეუბნება „ბათუმელებს“, რომ ირლანდიის არჩევა განპირობებულია ქვეყნის მაღალი ეკონომიკური განვითარებითა და კარგი საათობრივი ანაზღაურებით. მისივე მოსაზრებით, საქართველოდან ემიგრაციაში მიდიან არა მხოლოდ უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების გამო, არამედ, ზოგადად, ბუნდოვანი მომავლისა და უპერსპექტივობის შიშით.
ფურცელაძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ ირლანდიის პოლიტიკა მაძიებლებისადმი მიმზიდველია მიგრანტებისთვის, ვინაიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთების დღიდან სახელმწიფო იწყებს პირზე ზრუნვას, რაც გამოიხატება საცხოვრებლისა და კვების უზრუნველყოფით, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ემიგრანტები სარგებლობენ ყველა იმ სოციალური პაკეტით, რითაც ირლანდიის მოქალაქეები სარგებლობენ.
უფრო ვრცლად ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებზე გირჩევთ:
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთი, შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს.
"ჩვენ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებას დაუბრუნდეს", - თქვა მან.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთმა გასულ კვირას მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, მან უკრაინის საპორტო ქალაქებზე თავდასხმები გააძლიერა.
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი უკრაინას Presidential Drawdown Authority მექანიზმის ფარგლებში გადაეცემა, რაც იარაღისა და აღჭურვილობის უშულოდ ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემას გულისხმობს.
2022 წლის თებერვლიდან ეს უკვე 43-ე ასეთი ტრანშია.
პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot და NASAMS სისტემებისთვის და HIMARS კომპლექსებისთვის; Stinger საზენიტო სისტემებს; ტანკსაწინააღმდეგო Javelin სისტემებს; 32 Stryker ჯავშანტრასპორტიორს; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს; ასევე 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნ ჭურვებს.
ამის გარდა, ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს TOW რაკეტებს, Hornet დრონებს, Hydra-70 საავიაციო რაკეტებს და “ტაქტიკურ აეროსანავიგაციო სისტემებს” და 28 მილიონ ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს, ეს სიახლეებში ჩანს და კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება.
„ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დრონების არმია გაიზრდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება ყველა ტიპის დრონი : საკმაოდ მარტივი „მავიკებიდან“ დაწყებული საზღვაო და თავდასხმის დრონებით დამთავრებული, რომლებსაც დიდ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო აღნიშნულით სოჭიდან საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
„გემის სააგენტო კომპანიის INFLOT მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა იგეგმება, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International - ი ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ეხო კავკაზა“ ტელეკომპანია „Россия 1“-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, 22 ივლისს საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც ითვალისწინებს.
26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.
„ 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.
კობახიძის ტყუილებიდან, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებული 12 ტყუილი ალბათ ტომებად შეიძლება გამოიცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მეზვრიშვილის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძე მეორე ვადით აირჩია, აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა და ნაცმოძრაობასთან გარიგებით საბჭოში ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები აირჩია.
"სასამართლოს რეფორმაზე და დეოლიგარქიზაციაზე კონკრეტიკა გვჭრდება რომ შევასრულოთო, ტყუილია - სასამართლოზე პირდაპირ გვეუბნება ევროკავშირიც და ვენეციის კომისიაც, რომ რეკომენდაციის შესრულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის გარეშე წარმოუდგენელია. დეოლიგარქიზაციაზე პირდაპირ გვითხრეს არაერთხელ (მათ შორის დღეს ევროკავშირის ელჩმა), რომ საუბარია არა ცალკეულ სახელებზე, არამედ სისტემურ მიდგომაზე, ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებულ გავლენა შეუძლებელი ან რთული იქნება.
ასე იყო პირველივე დღიდან, გასული წლის ივნისიდან, როცა ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ამის საპასუხოდ ხელისუფლებას შევთავაზეთ რეკომენდაციების რეალური შესრულების გეგმა, რაც სისტემურ რეფორმებს ითვალისწინებდა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ნაწილში (იხ. გეგმა კომენტარში).
ამის ნაცვლად რა გააკეთა ოცნებამ? იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძე მეორე ვადით აირჩია, აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა და ნაცმოძრაობასთან გარიგებით საბჭოში ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები აირჩია. დეოლიგარქიზაციაზე კი უკრაინული კანონი გადმოიწერა და ყველაფერი რაც ვენეციის კომისიამ გვითხრა, უკუღმა გააკეთა (მაგ.: ძლიერი, დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს ნაცვლად შექმნა ფასადური ბიურო, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ მიანიჭა და რომლის უფროსიც კორუფციის სიყვარულით განთქმულმა ღარიბაშვილმა დანიშნა).
მართლა ვერ გაიგო ოცნებამ რა გვქონდა შესასრულებელი? არა. შესანიშნავად გაიგეს. უბრალოდ არ უნდოდათ და დღემდე არ უნდათ ქვეყანამ მიიღის კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ სტატუსი და შემდგომი ევროინტეგრაცია დემოკრატიულ რეფორმებს გულისხმობს, რაც ოცნებას უკანონო ძალაუფლებას დააკარგვინებს. ყველაფერი დანარჩენი, რასაც საუბრობენ თითქოსდა შესრულებაზე, ფარსია.
არც ერთი პუნქტი ჩვენს მიერ შეთავაზებული ქვემოთ (კომენტარში) წარმოდგენილი გეგმიდან არ გაითვალისწინეს. რომ გაეთვალისწინებინათ, დღეს ოლიგარქიული მმართველობა პრობლემა აღარ იქნებოდა და როგორც ვენეციის კომისიისგან, ისე ევროკავშირისგან დადებითი შეფასება გვექნებოდა ყველა კომპონენტში." - წერს ნათია მეზვრიშვილი.
22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა, Astoria Grande-მ, ახალი მარშრუტით დაიწყო პირველი რეისის შესრულება. როგორც ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეარხი იუწყება, ლაინერი ბათუმის პორტშიც შევა, მოგზაურობის მეხუთე დღეს.
"ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ამავე ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში.
მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, - ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც უნდა ფლობდეს ინფორმაციას საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს "ვარსკვლავური" კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.