Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
    „სამწუხაროდ დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. 7 თუ 8 ბავშვია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 18 ადამიანს ეძებენ.
    რაც შეეხება დაღუპულებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია არიან თუ არა სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის ბავშვები. ბოლო ინფორმაციით,   სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს.
    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
    თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

    netgazeti
  2. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
    ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
    შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

    palitranews
  3. tvati
    მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილზე მისვლა შესაძლებელია.
    ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს განუცხადა.
    „სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას მთელი ღამე ვაპირებთ. უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] და ხიდიც გაკეთდა. აქამდე მძიმე ტექნიკა გადმოდიოდა ღია მდინარეზე, ახლა უკვე შეგვიძლია სატვირთო და მსუბუქი მანქანაბების გადმოყვანაც. შესაბამისადა, ხვალიდან შეგვეძლება, რომ ღონისძიებები უფრო ძლიერად განვახორციელოთ“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
    თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.
    რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]

    netgazeti
  4. tvati
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს.
    როგორც თანდილაშვილი განმარტავს, სპეციალისტები ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მინისტრის მოადგილის თქმით, შოვში, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრას ჰქონდა ადგილი.
    „პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო, ნამდვილად, უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა 6 ჯგუფი მუშაობს ადგილზე, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები გახლავთ - გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები და რა თქმა უნდა, ნაწილი ჯგუფისა ადგილზე ვიმყოფებით და ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან ხეობიდან მოდის. ვამუშავებთ, მაქსიმალურ ანალიზს ვუკეთებთ ყველა ინფორმაციას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხეობაში განვითარდა, იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როცა ასეთი მაღალია ემოციური ფონი, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ჩვენ არც ერთი წუთით მუშაობა არ შეგვიწყვეტია. დღეს, დილით ჩვენი სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეფრინდნენ ხეობაში, ძალიან დეტალურად მოხდა ხეობის სრულად დათვალიერება. ხვალ გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ემყარება, მაგრამ ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი, ეს არის მყინვარული დნობის პროცესი, კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა მოხდა, ძალიან სწრაფად განვითარდა ხეობაში ეს პროცესები, რასაც ღვარცოფული და მეწყრული პროცესები დაერთო, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში ეს მძიმე სურათი მივიღეთ, რასაც ხეობაში ვხედავთ. მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, როცა ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ, მონაცემებს დავეყრდნოთ და არ გავავრცელოთ ისეთი ინფორმაციები, რაც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და ამ მძიმე ემოციურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
    კითხვაზე, თუ რამდენად იყო შესაძლებელი აღნიშნული მოვლენის პროგნოზირება, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
    „მსგავსი მოვლენის წინასწარ პროგნოზირება, როცა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრა ხდება, რაც საბოლო ჯამში, ასეთი მასშტაბური ხასიათის სტიქიას იწვევს, ფაქტობრივად, შეუძლებელია“.
    „ჩვენ ყველანაირ მონაცემს ვუკეთებთ ანალიზს, მათ შორის, მონიტორინგის სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც ჩვენ ხეობაში გვაქვს. მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. სატელიტური ინფორმაციები, რომელიც გავრცელდა და სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო, თუ საზოგადოება კარგად დააკვირდება და ანალიზს გააკეთებს, ნათლად ჩანს, რომ წინა დღეებში, ამ ხეობაში პროცესების ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ხილულად ეს სატელიტზე არ ჩანს“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

    იპნ
  5. tvati
    სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც, სპეციალური განათების საშუალებით მიმდინარეობს.
    "სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
    მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
  6. tvati
    შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის გვამი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
    "დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
    რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების განყოფილებას მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარების თხოვნით. ქსენია ტრიჩევა წარმოშობით რუსეთის ქალაქ პერმიდანაა.
    ასევე ნახეთ "ვეძებთ რაიმე მიმანიშნებელს: მაისურს, ქუდს ან ფეხსაცმელს"... - მოხალისე ჰყვება, რა მდგომარეობაა დამეწყრილ შოვში
    სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. დილიდან მაშველებთან ერთად მოხალისეები მუშაობენ, ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
    ბოლო მონაცემებით [18:30 სთ], ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი, ნაპოვნია 16 ცხედარი, ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს.
    "ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
     
    ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი დაღუპულების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება
    იდენტიფიცირებულ 7 ცხედარს შორის ერთი ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკასია.
    ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი 12 დაღუპულიდან ერთ-ერთი ზაზა მესხის ცოლია
    ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი
    3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.

    რადიო თავისუფლება
  7. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 15 პირიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხერხდა.
    მღებრიშვილის თქმითვე, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
    „ამ დროის მონაცემებით, დღეს 4 ცხედარია ნანახი, გადასვენებული არიან პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 15 ცხედარია მოძიებული და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ერთი და იმავე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯის ლოკაციაზე ხდება აღნიშნული ცხედრების მოძიება. დღეს, დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა საჭირო ტექნიკა გადავისროლოთ. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ საძიებო სამუშაოებს. ამ დროისთვის, 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც სიახლეები გვექნება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
    ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 15 პირი.
    შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
  8. tvati
    შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად.
    ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა.
    „ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
    „არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, პირველ რიგში დედაჩემს ან მამაჩემს დაურეკავდა. მასწავლებლებს ყველას დავურეკე და არავის არ შეხმიანებია, როგორც მითხრეს“-ამბობს ისკანდერ ისაევი.
    მისი თქმით, სამირა ისაევა შოვში 25 ივლისის შემდეგ იმყოფებოდა დასასვენებლად, 2 აგვისტოს შემდეგ კი მასთან კომუნიკაცია ოჯახს აღარ ჰქონია.
    „ბოლოს 2 აგვისტოს ვესაუბრეთ. მამისონში ჰქონდათ კოტეჯები ნაქირავები, ვიდეოთვალით ველაპარაკებოდი და დაგვათვალიერებინა იქაურობა, აქ ვრჩებითო, მითხრა. ორი კვირით იყვნენ წასული და შემდეგ ბათუმში აპირებდნენ წასვლას.
    2 აგვისტოს შემდეგ კი ვეღარ ვუკავშირდებით.
    ჩემს დასთან ერთად იყვნენ ჩემი მეზობლები. სულ ოთხნი იყვნენ წასული და ვერცერთს ვერ ვუკავშირდებით“-გვეუბნება სამირას ძმა, ისკანდერ ისაევი.
    „ბათუმელები“ სამირა ისაევას ბიძაშვილსაც ესაუბრა.
    „ვიღაცამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მის მასწავლებელს დაურეკა. არ გამოსულა სამირა კონტაქტზე. მასთან ერთად იყვნენ მისი მეზობლები 4 წლის ბავშვით, რომლებიც ასევე არ არიან კონტაქტზე“-გვეუბნება მუსტაფა გუმბატოვი.
    რაჭაში, კერძოდ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს განვითარდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 25-მდე ადამიანი კი იძებნება.
    სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს შოვში.
     
    ბათუმელები ნეტგაზეთი
  9. tvati
    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას.
    ამასთან, გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში.
    „ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება.
    3 აგვისტოს, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  10. tvati
    საქართველოში იაპონიის საელჩო უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
    „იმედს ვიტოვებთ, ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში.
    გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული.
    ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“, – აღნიშნავენ საქართველოში იაპონიის საელჩოში.

  11. tvati
    ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი შოვში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
    სამძიმრის სიტყვები ევროკავშირის კომისარმაTwitter-ზე გამოაქვეყნა.
    „სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულოვთ ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს ოლივერ ვარჰეი.

    იპნ
  12. tvati
    შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
    აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
    შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.
    ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 15 პირი.
    შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

    იპნ
  13. tvati
    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები
    ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
    „უფრო მეტიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა „მთის ამბების” ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ.
    საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები.
    მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.  3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
    თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სინტა დეპონტი ავრცელებს.
    „პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს სინტა დეპონტი.
    3 ბავშვიდან, რომელიც ზაზა მესხთან და ალინა პოლიკოვსკასთან ერთად დაიკარგა, 2 სწორედ მესხის პირველი ქორწინებიდანაა.
    გუშინ, 4 აგვისტოს, ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში ეძებდნენ ზაზა მესხის ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობდა და საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული.
    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ 20-ზე მეტ ადამიანს.
    თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    შოვში სტიქიისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
    ინფორმაცია კიდევ ერთი ცხედრის პოვნის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
    თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.
    რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შეფასებისას, გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა მედიასთან თქვა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში) დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა. მან შოვის სტიქიის მასშტაბი შეადარა თბილისის, ვერეს ხეობის და მანამდე დევდორაკის ცნობილ სტიქიებს და ვარაუდიც გამოთქვა, რომ რაჭაში 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა დაიძრა.
    მაინც რა მოხდა შოვში, როგორია გეოლოგების წინასწარი დასკვნები და როგორ შეიძლებოდა მომხდარის თავიდან აცილება თუ არა, მეტად გაფრთხილება მაინც?
    გიორგი ბოიჩენკო რადიო თავისუფლება ესაუბრა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გეოლოგ გიორგი ბოიჩენკოს.
    რადიო თავისუფლება: თქვენი, როგორც გეოლოგის შეფასებით, რა მოხდა შოვში, რა პროცესები განვითარდა?
    გიორგი ბოიჩენკო: სამწუხაროდ, ჩვენ შორიდან დაკვირვება გვიწევს და არ გვეძლევა შესაძლებლობა, ადგილზე შევისწავლოთ პროცესები. ეს მხოლოდ გარემოს დაცვის სააგენტოს შეუძლია. თუმცა ნანახის მიხედვით, თეორიულად მაინც ვაფასებთ, რა მოხდა. ასეთი მიდგომა გვქონდა ჭუბერზეც და ჩვენი ვარაუდი მაშინაც გამართლდა. რასაც ახლა ვუყურებთ - როგორც მოძრაობდა და რა შედგენილობისაც იყო მეწყერი - ამ ეტაპზე ორ ვარიანტზე ვფიქრობთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო:
    რამდენიმე დღის განმავლობაში მოვიდა ჭარბი ნალექი. პირველი ვარიანტით, შესაძლოა, მდინარე ბუბას ზედა ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია შეგუბება და ეს ნაკადი დაიძრა. და მეორე ვარიანტი - მოწყდა მყინვარის (იქ ორი მყინვარია) ნაწილი, თან წამოიღო მორენა (მიწის მასა და ნატეხი მასა) და ეს ყველაფერი ერთდროულად გადაიზარდა ღვარცოფში. თუმცა მე მაინც მეწყრის ჩამოწოლის ვერსიისკენ ვიხრები. რაც მთავარია, საკმაოდ დიდ მასაზეა საუბარი - როგორც ვუსმინე, 5 მილიონი კუბური მეტრია და ეს ძალიან ბევრია.
    რადიო თავისუფლება: ეს იმ ტერიტორიისთვის რამდენად დიდი მასაა?
    გიორგი ბოიჩენკო: საკმაოდ დიდი. როგორც ვნახეთ, მთელი შოვი განადგურებულია. მხოლოდ ძველი კომპლექსებია გადარჩენილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასეთ ვითარებაში ისიც არის ხოლმე, რომ არასწორ ადგილებში ვაშენებთ ნაგებობებს. ახალი ნაგებობები, კოტეჯებიც უშუალოდ მდინარის კალაპოტში იდგა. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ არის კალაპოტი, რადგან იქ წყალი არ მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათი წლის მერე უცებ არ მორეცხავს წყალი იმ ადგილს.
    თბილისის სტიქიის დროს, როცა ახალდაბის მეწყერი ჩამოწვა, იგივე პრობლემა იყო - მაშინაც სვანიძის ქუჩაზე, პირდაპირ კალაპოტში იყო დასახლება. ცხადია, ეს არ არის მოსახლეობის ბრალი. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში სისტემატიზებული, დალაგებული გეოლოგიური სამსახურები, რომლებიც ჩაატარებენ კვლევას და რაც მთავარია, მერე ამ კვლევებს შეასწორებს და თავის მხრივ გამოიკვლევს შესაბამის სპეციალისტთა ჯგუფი. ზუსტად იგივე პრობლემა იყო რამდენიმე წლის წინ ჭუბერში, სადაც ჭალა-კალაპოტში იყო დასახლება გაკეთებული.
    რადიო თავისუფლება: ბევრი ითქვა იმაზეც, რომ პრევენცია ასეთ დროს, შესაძლოა, იყოს ე.წ. მონიტორინგის სისტემა, რაც ჩვენ არ გვქონდა ადგილზე.
    გიორგი ბოიჩენკო: ეს ძალიან საჭირო, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთულად გასამართი სისტემაა და არც მარტივად სამართავი არ არის.
    რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა იქნებოდა მაშინ ასეთ ვითარებაში გამოსავალი, პრევენციის რა გზას ხედავთ?
    გიორგი ბოიჩენკო: ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ მოხდეს ზონირება! ნებისმიერ ხეობაში, ნებისმიერ მდინარესთან წითელი ხაზების გატარება - სად შეიძლება დასახლება და სად არა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდა დღის საათებში. ეს რომ მომხდარიყო ღამით, მაშინ, როცა ყველა შინ იქნებოდა და სავარაუდოდ, ეძინებოდათ, გაცილებით დიდი მსხვერპლი იქნებოდა.
    ასეთი მდინარე, როგორიც არის ბუბა ან ჭანჭახი, ანუ მყინვარული მდინარე, საქართველოში და კავკასიაში არის ძალიან ბევრი. პრობლემა ის არის, რომ მყინვარები და დასახლებები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. რომ გაიმართოს ეს გამაფრთხილებელი სისტემები, საჭიროა საკმარისი მანძილი, რომ ჯერ მოხდეს ამის დაფიქსირება და სანამ ეს მეწყერი თუ ღვარცოფი ჩამოვა დასახლებამდე, საკმარისი დროც იყოს, რომ დასახლებული პუნქტის ევაკუაცია მოესწროს. ეს უნდა იყოს იდეალურად გამართული სისტემა.
    რადიო თავისუფლება: “მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ დაწერა ფეისბუკზე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო- გეოლოგიურ ბიულეტენს, რომელშიც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. 2021 წლის ბიულეტენში, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. 2022 წლის იგივე ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. ეს ცნობა არ არის საკმარისი სიფრთხილისთვის? რას გვეუბნება ასეთი დასკვნები, თქვენი აზრით?
    გიორგი ბოიჩენკო: ის დასკვნები, რაც მათ აქვთ გამოქვეყნებული, ძირითადად, არის აღწერილობითი, დასურათებული და მაინც არის დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეს გაკეთებული. შოვი რამდენად არის მსგავს პრობლემატურ არეალად შემოხაზული, ეს არ ვიცი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ზონა არ გვიკვლევია.
      ასევე ნახეთ 112-ში პირველი შეტყობინებიდან 11 დაღუპულამდე - რაჭის სტიქიის პირველი 24 საათი
    შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა და 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისევ ეძებენ ათობით ადამიანს.
    ამ დროისთვის ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
    სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფიც. დაკარგულებს ეძებენ მოხალისეებიც.
    ასევე ნახეთ "დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები" - შოვში 5-სულიან ოჯახსაც ეძებენ
    ასევე ნახეთ შოვში სამძებრო სამუშაოებში ჯარი ჩაერთვება
    ასევე ნახეთ შოვში ეძებენ 30-ზე მეტ ადამიანს - ბოლო ინფორმაცია
     
    ეკა ქევანიშვილი
  17. tvati
    კურორტ შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
    „ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ", - დაწერა „ტვიტერის" ანგარიშზე მირზოიანმა.
      რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
    ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი
    ასევე ნახეთ შსს: სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი
    მაშველებმა სტიქიის არეალში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
    ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო.

    რადიო თავისუფლება
  18. tvati
    ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღის გარეუბანში ბრანდის-ნად ლაბემ-სტარა ბოლესლავის ერთ-ერთი რესტორნის მიმტანმა, რუსეთის ჰიმნი და საჰაერო თავდასხმის სირენის ხმა ჩაურთო უკრაინელ ლტოლვილ ქალ ოლესია კოშილკას. მას შემდეგ, რაც ამ ინციდენტის შესახებ შეურაცხყოფილმა ქალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, მიმტანი რესტორნიდან გაათავისუფლეს.
    ინციდენტი 2 აგვისტოს მოხდა. "მოვედით და შევუკვეთეთ. მე ვთხოვე „ვაიფაის“ პაროლი, რაზეც ჩეხმა მიმტანმა მიპასუხა, რომ არსებობს ინტერნეტი - მხოლოდ რუსული. თავიდან ამას ყურადღება არ მივაქციე, მეგონა, რომ რუსად ჩამთვალა. ხუთი წუთის შემდეგ, რუსეთის ჰიმნი ჩაირთო. არ მესმის, რა ხდება, შიგნით შევდივარ და ვამბობ: "ეს რუსეთის ჰიმნია?" რაზეც მიპასუხეს: "დიახ." მე ვამბობ, რომ უკრაინელი ვარ, რაზეც მიპასუხებენ: "მერე რა?“ იწყებენ სიცილს და სირენის ხმას მირთავენ", - უთხრა კოშილკამ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
    უკრაინელმა ლტოლვილმა ქალმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კაფეში რუსეთის ჰიმნი ჟღერს. ვიდეოს დაახლოებით ორი მილიონი ნახვა ჰქონდა. პოსტის ქვეშ უარყოფითი კომენტარების გამოჩენის შემდეგ, რესტორნის მფლობელი დაუკავშირდა კოშილკას, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას.

    ინციდენტის შემდეგ, რესტორნის სოციალურ ქსელებში ჩეხურ და უკრაინულ ენებზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ ოფიციანტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
    ჩეხეთში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის გაზაფხულზე დაახლოებით 326 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა. როგორც ჩეხური რადიოსა და PEW Research-ის კვლევამ აჩვენა, ჩეხების 60% მიიჩნევს, რომ უკრაინელი ლტოლვილები კარგად ინტეგრირდებიან საზოგადოებაში. მაგრამ უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე მოსაზრება შარშანდელთან შედარებით შეიცვალა. გასული წლის მაისში გამოკითხულთა სამი მეოთხედი ეთანხმებოდა მათ მიღებას, წელს გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარზე მეტმა გამოხატა თანხმობა, - აღნიშნავს გამოცემა iDNES-ი.

    რადიო თავისუფლება
  19. tvati
    მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმეზე 19-წლიანი განსაკუთრებული რეჟიმი მიუსაჯა. პროცესი ვლადიმირის რეგიონის მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის.
    რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მიერ დაარსებულ ანტიკორუფციულ ფონდს და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონულ შტაბს ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

    ნავალნი ასევე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, კერძოდ, ექსტრემიზმისკენ საზოგადოებრივი მოწოდებების; ნაციზმის რეაბილიტაციის; სიცოცხლისათვის საშიშ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩართვისა და ექსტრემიზმის დაფინანსების მუხლებით.

    სპეციალური რეჟიმი ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს მოუწევს სასჯელის მოხდა უმკაცრეს პირობებში, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში მყოფი პატიმრების პირობებს უტოლდება.
    ნავალნი კოლონიაში 2021 წლის თებერვლის შემდეგაა. მაშინ სასამართლომ, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მოთხოვნით, "ივ როშეს" საქმეზე მისი პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა. ეს მოხდა ნავალნის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის მკურნალობდა რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ.

    2022 წლის ივნისში ნავალნი პოკროვის ზოგადი რეჟიმის კოლონიიდან მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. თავის სისხლისსამართლებრივ დევნას თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. სადამსჯელო საკანი პატიმრობის განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა, როგორც ორი - სამ მეტრზე ზომის საკანს, სადაც რკინის უზურგო სკამზე უხდებოდა ჯდომა. ის ასევე ჰყვებოდა, რომ სადამსჯელო საკანში არის მხოლოდ ადუღებული წყალი და ერთი წიგნი, განსხვავებით ჩვეულებრივი საკნისგან, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი".

    "მედიაზონამ" მსგავსი სადამსჯელო საკნის ვირტუალური სიმულატორი შექმნა.

    radio tavisupleba
  20. tvati
    რაჭაში, შოვში, იქ, სადაც 3 აგვისტოს ღვარცოფი და მეწყერი ჩამოწვა, დაიწყო დაკარგული ადამიანების ძებნისთვის საჭირო სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს იმისთვის, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასავლელი ხიდი მოეწყოს.
    ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც - ამ სამუშაოებში ჯარია ჩართული.
    "გზა იჭრება იმისთვის, რომ ამ მეწყრულ მასას ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც გუშინ ძირითადად იპოვეს ცხედრები. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სამუშაოებს ვაწარმოებთ იმ დათქმით, რომ ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები", - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი.
    ბოლო მონაცემები 12 საათზე მეტია არ შეცვლილა - ნაპოვნია 11 დაღუპული და 25-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.
    3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.

    radio tavisupleba
  21. tvati
    რაჭაში განვითარებული სტიქიის შესახებ განცხადება გაავრცელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში. განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია კლიმატის ცვლილებების შერბილების აუცილებლობაზე.
    „შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. „ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა, განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
    გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. ის მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში.
    რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
    ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი
    ასევე ნახეთ შსს: სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი
    მაშველებმა სტიქიის არეალში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
    ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო.

    radio tavisupleba
  22. tvati
    ლიეტუვაში, რუსეთისა და ბელარუსის 1164 მოქალაქე აღიარეს, როგორც პირები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უშიშროებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამის საფუძველზე, მათ არ მისცეს ან გაუგრძელდა ბინადრობის ნებართვა ან ეროვნული ვიზები. ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში განაცხადეს.

    ყველა ამ მოქალაქეს, როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, ბინადრობის ნებართვის ან ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებამდე უნდა შეევსოთ სპეციალური კითხვარი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიუთითებდნენ თავიანთ დამოკიდებულებაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი, - იუწყება „ნასტოიაშჩეე ვრემია“.
    "ყველა საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 254 რუსი და 910 ბელარუსი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას",–განმარტა ლიტვის მიგრაციის დეპარტამენტმა.

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების შემდეგ 135 რუსს ჩამოერთვა ბინადრობის ნებართვა ლიეტუვაში. ახლა მიგრაციის დეპარტამენტი დამატებით დეტალებს აწვდის. 254 რუსიდან, რომლებიც "უშიშროების საფრთხედ" აღიარეს, 43 მოქალაქეს ლიეტუვის ბინადრობის ნებართვა არ მისცეს, კიდევ 46-ს კი ის არ გაუგრძელეს. კიდევ 59 რუსეთის მოქალაქეს გაუუქმდა ადრე მოქმედი ბინადრობის ნებართვა, ხოლო ლიეტუვის ხელისუფლებამ 52 რუსს გაუუქმა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. რუსეთის 52 მოქალაქეს უარი ეთქვა ეროვნულ ვიზაზე.
     
    radio tavisupleba
  23. tvati
    რაჭაში, შოვში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, ვერტმფრენით ჩაიყვანენ იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ისინი ნახავენ, რა მძიმე მდგომარეობაა.
    "იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხდება. მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და, რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, რომ შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა", - ამბობს სამაშველო სამსახურის უფროსი.
    გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო.
    სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულია - 11, 25-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

    radio tavisupleba
  24. tvati
    შოვში სტიქიის ზონაში ამ მომენტისთვის 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. რადიო თავისუფლება შეეცადა ღია წყაროებით შეეკრიბა ინფორმაცია მათ შესახებ და 4 აგვისტოსთვის 19 დაკარგული ადამინის ვინაობა დაადგინა.
    მეორე დღეა, ათობით ადამიანი სოფელ შოვში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებს.
    ეძებენ, ვისაც როგორ შეუძლია.
    ზოგი ფიზიკურად, სტიქიის ადგილას, ზოგი ოდნავ მოშორებით. პოლიციელები ხალხს ტრაგედიის ადგილზე არ უშვებენ.
    ზოგი ჟურნალისტების დახმარებით და ფეისბუკით ეძებს ახლობლებს.
    რაჭის თემატურ ჯგუფებში დღეში რამდენჯერმე აახლებენ დაკარგულთა სიას. “არაფერია ახალი?” - ეკითხებიან ერთმანეთს.
    ვინ არიან ისინი ვისაც ახლობლები სტიქიის ზონაში ეძებენ?
    აი, ვისი ვინაობა დაადგინა რადიო თავისუფლებამ.
    ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი
    თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე სოფელ ლაგვანთიდან
    დაკარგულთა შორის არიან თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე. დეიდაშვილები სოფელ ლაგვანთიდან. ეს სოფელი შოვიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა. ბოლოს მათ გუშინ დილით ელაპარაკნენ ტელეფონით.
    თემურს და ნიკას ეძებს დეიდაშვილი, ნათია ჩუბინიძე. მისი ინფორმაციით, ღვარცოფის მოვარდნისას ორივე მამისონის კოტეჯების ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ.
       
    ქეთევან ლობჟანიძე
    ოჯახი ეძებს ქეთევან ლობჟანიძეს, რომელიც, მისი ქმრის ბიძაშვილის ცნობით, “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
    ქეთევან ლობჟანიძე  
    ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი
    ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის მეუღლეს 3 შვილთან ერთად. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, - სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ.
    ზაზა მესხი მეუღლესთან და შვილებთან ერთად  
    გუტაშვილებისა დამაისურაძეების ოჯახი, ერთად 9 ადამიანი
    დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები.
    მათი დეიდა და დეიდაშვილები, - შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები.
    მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით.
      “კაბინეტებში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე . მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი” - მიმართავს მეგის და გიგის უფროსი და, მარიტა გუტაშვილი ონის მერიას და სხვა მაღალჩინოსნებს.
      ნატო ჭელიძეს თავისი დაც ეძებს, ნათია ჭელიძე. სამ დისშვილთან - ლუკასთან, ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად.
       
    სამი მეგობარი - გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე
    ეძებენ მეგობრების ჯგუფს - გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურსა და ნინო კენჭაძეს.
    მათი მეგობარი, ბაია გეგეშიძე წერს, რომ ბოლოს კალცის წყალზე იყვნენ, ასე, 4-ის 20 წუთზე. “იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია”, - წერს იგი.
    "აიქლაუდით (ჯიპიესით) ფიქსირდებიან უწერაში, მაგრამ ყველაფერი 50/50-ზეა, უამრავი ვარაუდია, ზუსტი პასუხის გაცემა კითხვებზე კი შესაბამისად შეუძლებელი. მოკლედ და ერთი შეხედვით, რთული სიტუაციაა, რომელსაც თან ისევ წვიმაც დაემატა კვლავ. ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს", - აგებინებს რაჭის ჯგუფის წევრებს მათი მეგობარი, ბაია გეგეშიძე. და-ძმა და მათი მეგობარი
    ოჯახის წევრები ეძებენ დასასვენებლად ჩასულ სოფო და გიორგი ყარალაშვილებს.
    სოფო და გიორგი ყარალაშვილები და ეძებენ მათ მეგობარს, დავით ბერიაშვილს.
    ოთხშაბათ საღამოს შოვიდან მთების ფოტო დაპოსტა და დაწერა: “ამ მთავრობის პირობებში მთებშიც აღარ დარჩა თავისუფლება”.
      რაჭაში სტიქიას, დაზუსტებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანის ვინაობა ჯერ არ არის დაზუსტებული. ცხედრების ნაწილი ჯერ არც გადმოუსვენებიათ სტიქიის ზონიდან.
    შსს-ის ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 11 ცხედარი და ეძებენ კიდევ 25 ადამიანს. დაღუპულთა ვინაობა დაზუსტებული ჯერ არ არის. ახალი დეტალების დაზუსტების შემდეგ სტატია განახლდება.
    შენიშვნა: მასალა დაზუსტების მიზნით განახლდა.

    radio tavisupleba
×
×
  • შექმენი...