Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    რუსეთის სახელმწიფო უწყებამ, როსავიაციამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ნამდვილად იმყოფებოდა.
    თვითმფრინავი Embraer – 135 მოსკოვსა და პეტერბურგს შორის ასრულებდა ფრენას.
    როსავიაციამ გამოაქვეყნა ავიაკომპანიის მონაცემები, რომელიც მოწმობს, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის ნამდვილად იმყოფებოდნენ ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი დიმიტრი უტკინი.
    როგორც ირკვევა, ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა: 7 მგზავრი და 3 პილოტი. დაიღუპა ათივე მათგანი. ამჟამად ცხედრების ძებნისა და იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
    გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მგზავრი “ვაგნერის” სამეთაურო შტაბის წევრი იყო.
    რუსეთში დაწყებულია გამოძიება, რომლის მიზანიც ავიაკატასტროფის მიზეზი დადგენაა, თუმცა “ვაგნერთან” აფილირებული ტელეგრამ გვერდები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ააფეთქეს “მოღალატეებმა რუსეთში”. ვრცელდება რამდენიმე ვერსია, მათ შორის საზენიტო რაკეტით თავდასხმისა და თვითმფრინავის შიგნიდან აფეთქების შესახებ.
    ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერმა“ 23-24 ივნისს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, „ვაგნერი“, დამფუძნებელთან ერთად, გადაიხვეწა ბელარუსში, პრიგოჟინმა კი პრეზიდენტისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. მოგვიანებით კრემლმა დაადასტურა, რომ ამბოხის შემდეგ პრიგოჟინი პუტინს შეხვდა.

    ნეტგაზეთი
  2. tvati
    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
    „სამწუხაროდ, კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს“, - წერს ნადიმ ხმალაძე.
    დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
    ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 47 ქართველი ემსხვერპლა.

    იპნ
  3. tvati
    რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.
    „როსავიაციის“ ინფორმაციით, ტვერის ოლქში Embraer თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
    „როსავიაციის" ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
    უწყებაში აღნიშნეს, რომ მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს.
    თვითმფრინავი ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინას მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

    იპნ
  4. tvati
    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ, 22 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილ,ი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
    უწყების განცხადებით, აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი:
    „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,“ — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა.
    მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
    „ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება. ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.
    ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.
    ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
    ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული.
    ამდენად, ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
    ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
  6. tvati
    ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა.
    მისივე თქმით, ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის.
    „ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული.
    ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
    ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ipn
  7. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა.
    ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.
    „უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, ყველაფრის მიუხედავად. რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ჩვენ წინ მივდივართ. როდესაც რუსეთი მიტაცებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, მაშინ უბრალოდ ხუჭავს თვალს ამაზე, ხუჭავს თვალს სისუსტეზე. ასევე რუსულ საზოგადოებას შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
    მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ტერიტორიებით ვაჭრობას არ აპირებს და რომ ყირიმის დეოკუპაცია გარდაუვალია. ზელენსკის თქმით, ყირიმის პლატფორმის მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მომზადებაა.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  8. tvati
    23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ელენემ მუსიკის ამ უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსება მოიპოვა სტეტსონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში წარმატებული სტუდენტობის შემდეგ.
    ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან მაილს დევისი, ნინა სიმონე, ჩიკ კორეა, არეტა ფრანკლინი და სხვები.
    ელენე ჯულიარდში კლავესინს, კლავიშებიან სხვა ისტორიულ ინსტრუმენტებს, ბაროკოს მუსიკას შეისწავლის.
    მიუხედავად სასწავლებლის დაფინანსებისა, ქართველი სტუდენტი ამბობს, რომ ვერ უმკლავდება ყოველდღიურ ხარჯებს, რადგან სტუდენტური ვიზითაა ამერიკაში და კვირაში მხოლოდ 20 საათი აქვს მუშაობის უფლება. ამ 20 საათს ის ისევ თავის სასწავლებელში მუშაობს:
    ევალება ინსტრუმენტების აწყობა – დღეში 2, 3 კლავესინის და კლავიშებიანი სხვადასხვა ინსტრუმენტის აწყობა უწევს, აკომპანირებას უწევს კლავესინზე სხვა მუსიკოსებს და პროფესორის ასისტენტია. ამ ყველაფრით მისი მინიმალური, სტუდენტური ხელფასი მხოლოდ ტრანსპორტის და საკვების ნაწილის ხარჯს თუ ფარავს.
    მუშაობასთან ერთად ელენემ დღის უმეტესი ნაწილი ინსტრუმენტთან უნდა გაატაროს.
    „საცხოვრებელი და საკვები ხარჯებისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით მივმართე საქართველოს ყველა სამინისტროს, ბანკებს, სხვადასხვა ბიზნესს, განათლების ცენტრს, მუსიკოსთა საქველმოქმედო ფონდს, მედიას – სრულიად უშედეგოდ. პასუხიც კი არ მომწერეს.
    საბოლოოდ, ჩემ ოჯახს მოუწია საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, რათა ნიუ-იორკში საცხოვრებელი ხარჯები ჯულიარდში სასწავლებლად ერთი წლით მაინც დამეფარა.
    ამჟამად წარმატებით ვსწავლობ, როგორც მეოთხე ქართველი სტუდენტი ჯულიარდის ისტორიაში. თუმცა, ძალიან მიჭირს ნიუ იორკში სრულიად მარტო ცხოვრება და სწავლა პარალელურად, რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობისგან გამოწვეული პრობლემების გამო. არ მაქვს საშუალება საცხოვრებელი ადგილი აგვისტოდან შევინარჩუნო. საქართველოს მხარეს აქტიურად ვეკონტაქტები, წლებია ვაგზავნი ჩემს მონაცემებს სასტიპენდიო კონკურსებზე, სრულიად უშედეგოდ.
    პარალელურად წარმატებით ვსწავლობ, ვმუშაობ, ვუკრავ კონცერტებზე ლინკოლნის ცენტრში, მქონდა დებიუტი კარნეგი ჰოლში და სხვა მრავალი წარმატება სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში. ამჟამად არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯულიარდში სწავლის გაგრძელებას/დასრულებას შევძლებ ასეთ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან პასუხად ვიღებ მხოლოდ უარის წერილებს.
    მაქვს საუკეთესო აკადემიური მოსწრება, საქართველოს სახელით ნიუ იორკის საუკეთესო სცენებზე გამოვდივარ და ამავდროულად გადარჩენისთვის ვიბრძვი. არის დღეები, როცა მეტროთიც კი ვერ ვმგზავრობ, რათა მივიდე ჯულიარდში. ახლა ზაფხულია და ვიზის შეზღუდვებით კამპუსის გარეთ ვერც კი ვმუშაობ, რადგან სწავლა შეჩერებულია და ჯულიარდში ვარ დასაქმებული სავიზო წესების გათვალისწინებით.
    წერილი დავწერე თეა წულუკიანის სახელზე, შვებულებაშია. ვმონაწილეობდი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე, რომელიც ჩემნაირი სტუდენტებისთვის ჰქონდათ. დააფინანსეს ბევრი დამწყები სტუდენტი, ვინც ახლა იწყებს სწავლას, თუმცა ყურადღება არ მომაქციეს  სტუდენტს, ვინც უკვე იქ ვსწავლობ წარმატებით და მიდგას რეალური პრობლემა, რომლის გადაუჭრელობის შემთხვევაშიც შეიძლება სწავლის შეწყვეტა მომიწიოს.
    მრჩება განცდა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების და ლგბტქი თემის წევრობის გამო ვიღებ უარებს დაფინანსებაზე ჩემი ქვეყნისგან“, – ამბობს ელენე.
    მისი გათვლით, ნიუ იორკში ბინის ქირის, ტრანსპორტის და კვების ხარჯისთვის ერთ ადამიანს დაახლოებით 2500 დოლარამდე სჭირდება.
    ელენე ამბობს, რომ შეუძლია პარალელურად იმუშაოს მიმტანად რესტორანში, ან სასტუმროში, ღამის ცვლის სამსახურებში, მაგრამ, მისი თქმით, ჯულიარდის სასწავლებელი მკაცრად აკვირდება საკუთარი სტუდენტების საქმიანობას:
    „მეტროში რომ დავდო ქუდი ხურდებისთვის და დავუკრა ან ცენტრალურ პარკში, ამის უფლებაც არ მაქვს. შემნიშნავენ და გამომადეპორტებენ. ამერიკის მოქალაქეებს ან მწვანე ბარათის მქონეებს აქვთ ჩვეულებრივად მუშაობის უფლება.
    ჩემი გეგმაა აქ თავშესაფარი მოვითხოვო და ასე მოვიპოვო მუშაობის უფლება. სხვა გზა არ მრჩება. თუმცა ეს ნიშნავს, რომ წლობით ვერ ჩამოვალ საქართველოში და ვერ ვნახავ დედას, გავწყვეტ კავშირს საქართველოსთან და ჩემს მუსიკალურ კარიერასაც ვერ დავუკავშირებ საქართველოს“. – ამბობს ელენე.
    სტეტსონის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას ელენე 8 სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა კამპუსზე, რითაც ცხოვრებისა და კვების ხარჯებს იხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ოჯახს.
    ბაკალავრიატში სწავლისას ორჯე გახდა ფორტეპიანოს მიმართულების  წლის საუკეთესო სტუდენტი, სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ფლორიდის შტატში, მიიღო საუკეთესო სოლო-კონცერტის ჯილდო მესამე კურსზე, ოთხივე წლის განმავლობაში უკრავდა ორკესტრში კლავესინზე, ფორტეპიანოსა და ორღანზე, უდირიჟორა სტეტსონის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრს.
    ___

    ბათუმელები. ნეტგაზეთი

  9. tvati
    კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
    მისივე თქმით, დიარეული დაავადებების დროს ბევრი თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, რაც არასწორია. როგორც ინფექციონისტი განმარტავს, დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, ამ დროს კი გამოსავალი ბევრი სითხის მიღებაა.
    „კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, განსაკუთრებით კურორტებზე.
    ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი ის, რომ ბევრი ადამიანი იყრის ერთად თავს და ნაწლავური ინფექცია მარტივად ვრცელდება. მეორეა ის, რომ გადატვირთული საკვები ქსელები, სავარაუდოდ კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სიცხეში საკვებზე მარტივად მრავლდება მიკროორგანიზმები.
    რეკომენდაცია, რომ როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში.
    მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები. როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება.
    თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა.
    თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით.
    ასევე ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო“,- აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.
  10. tvati
    სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ რომნის ერთ-ერთ სკოლაზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაღუპული პედაგოგი იყო. მაშველები შენობის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ 2 ადამიანის ძებნას განაგრძობენ.
    უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით ქალაქ ხერსონზე საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობა. დაიჭრა 6 ადამიანი.

    რადიო თავისუფლება
  11. tvati
    ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში აღმოაჩინეს ხარის სკულპტურა, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლის უნდა იყოს. იგი ბავშვებმა მდინარეში იპოვეს.
    ამბავი დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მდინარე ხობისწყალში პატარა ბავშვებმა ხარის მომცრო ფიგურა იპოვეს და თავიანთ სათამაშოებს მიუმატეს. კარგა ხანი ერთობოდნენ, სანამ „სათამაშო“ ხორგელმა ზვიად კორტავამ არ შეამჩნია.
    რევაზ პაპუაშვილი და ზვიად კორტავა „დავინახე ხარი, ხარი ხომ სიმბოლოა და მივხვდი, რომ უბრალო რამე არ იყო“, - ამბობს ზვიადი. 21 აგვისტოს მან სკულპტურა გოგიტა ჩიტაიას გადასცა, ძეგლთა დაცვის კუთხით ხობის მერიის მთავარ სპეციალისტს. „ყოველი წყალდიდობის შემდეგ მდინარე ნაპირებს რეცხავს. იქ ძველი ნამოსახლარებია და ხანდახან ასეთი მასალებიც ირეცხება, შემდეგ შეძლებისდაგვარად ვაგროვებთ და მოგვაქვს მუზეუმში“, - ამბობს გოგიტა ჩიტაია, რომელიც ნაპოვნს ხობის მუზეუმს ჩააბარებს.
    თიხისგან დამზადებული ხარის სკულპტურა სიმაღლეში დაახლოებით 10 სანტიმეტრი, სიგრძეში კი 25 სანტიმეტრამდეა. არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი, რომელმაც სკულპტურა ნახა, ამბობს, რომ მისი ასაკი სავარაუდოდ 2700-2800 წელი უნდა იყოს.
    ნაპოვნი სკულპტურა „ხარის კულტი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხშირად გვხდება სხვადასხვა რელიგიებში, განსაკუთრებით ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეებში, - ამბობს რევაზ პაპუაშვილი, - ბრინჯაოს პერიოდის ნივთები მრავლად გვაქვს კოლხეთში, ხაიშში, ურეკში. თიხისგან დამზადებული ხარი გვხვდება ვანში, ნოქალაქევში, ყულევში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რელიეფი, სადაც ეს ნივთი აღმოჩნდა, კერძოდ, სოფელი ხორგა, არ ყოფილა გამოთიშული ამ ჯაჭვისგან“.
    არქეოლოგი ამბობს, რომ სკულპტურა მდინარის კალაპოტში იპოვეს და არა რომელიმე კულტურულ ფენაში, ანუ ადგილას, სადაც ძველ ეპოქაში ადამიანები ცხოვრობდნენ ან საქმიანობდნენ. მაგრამ შესაძლოა, ის რომელიმე ასეთი კულტურული ფენის ნაშთი იყოს, მდინარის მიერ მოწყვეტილი და ჩამოტანილი. რევაზ პაპუაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ნივთი პირდაპირ მდინარეში ჩაეგდოთ. ნივთების მდინარისთვის შეწირვა ძველი რიტუალების ნაწილი იყო.

    რადიო თავისუფლება
  12. tvati
    დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული.
    „როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობენ ადგილობრივები.
    შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

    იპნ
  13. tvati
    „ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის.
    ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ.
    „ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს – 2250 ლარი წელიწადში და საარსებო ხარჯები – 2100 ლარი წელიწადში.
    ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან.
    გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა, რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვა“, – ნათქვამია „ამერიკის სავაჭრო პალატას“ განცხადებაში.
    ორგანიზაცია ასევე გეგმავს სტიპენდიატების მხარდაჭერას სხვა მიმართულებითაც.
    მაგალითად, მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში ასოციაციის წევრ კომპანიებთან, „რათა ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებასა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებას. ასევე, შესაძლოა, ინგლისური ენისა და საოფისე საბაზისო უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.
    დავიქირავებთ მრჩეველს სტუდენტებისთვის, რომელიც რიგ პრაქტიკულ საკითხებში დაეხმარება მათ“, – ნათქვამია AmCham-ის განცხადებაში.
    სტუდენტის სოციალური ქულა უნდა შეადგენდეს 70 000 ან ნაკლებს, ჰქონდეს ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და სურდეს მისი გაუმჯობესება, სურდეს ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი პიროვნული ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.
    სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა, განაცხადი უნდა შეავსონ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
    განაცხადის შევსების გარდა, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, არა უმეტეს 500 სიტყვისა, სადაც განმცხადებელმა უნდა აღწეროს, თუ რატომ სურს არჩეულ საუნივერსიტეტო პროგრამაზე სწავლა და ასევე რატომ სურს შემოუერთდეს ამერიკის სავაჭრო პალატის ქსელს.
    ონლაინ განაცხადის ფორმის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 8 სექტემბერია.
    ორგანიზაციის განცხადებით, ამერიკის სავაჭრო პალატა წარმოადგენს ბიზნეს სექტორში მოღვაწე ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მთავარი მიზანია დემოკრატიული, ღია და დასავლური ორიენტაციის საქართველოს გაძლიერება.

    ბათუმელები. ნეტგაზეთი
  14. tvati
    ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
    „მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით ვბრუნდებით”, - განაცხადა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა აღნიშნულმა ქვეყანამ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
    გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინა ახალ თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.

    იპნ
  15. tvati
    100 წლის ხის სახლი, რომელიც ჰავაის კუნძულ მაუის ქალაქ ლაჰაინაში მდებარეობს, დაფერფლილ შენობებს შორის ფოტოშოპით ჩასმულს გავს. სახლის მეპატრონეები ვერ ხსნიან როგორ გადარჩა ხის შენობა, რომელიც არანაირი განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო მასალით არ არის მოპირკეთებული. BBC-ის ინფორმაციით ხანძარმა ქალაქ ლაჰაინას უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. კუნძულ მაუიზე ამ დრომდე ეძებენ 850-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.

    რუსთავი 2
  16. tvati
    შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს.
    „ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.
    Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
    რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  17. tvati
    რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია.
    მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.
    როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების, მწვერვალების მონიტორინგი.
    „უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ანუ სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა, ექსპერტთა ჯგუფი არის ამ მონიტორინგში ჩართული“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

    ipn
  18. tvati
    შოვის ტრაგედიის ექო სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ბევრ ჩვენგანს. ამ დროისთვის 29 გარდაცვლილია ნაპოვნი, 4-ს ეძებენ. შოვში რჩება გიო დუდაშვილი, რომელშიც თითქოს ყველას ტკივილი გაერთიანდა. მას სტიქიამ მთელი ოჯახი წაართვა (მეუღლე ნატო ჭელიძე, შვილები: ლუკა, ანდრია და ანასტასია) და მხოლოდ შვილის თოჯინა დაუტოვა. საზოგადოება შეძრა კადრებმა სტიქიის ზონიდან, სადაც ამ თოჯინით ხელში მაშველებს ესაუბრება.
    სოფელ ღარის რწმუნებული ონში, ლევან არჩვაძე:
    - ნატო ჩვენს სოფელში გაზრდილი გოგონა იყო, ძალიან თბილი და კეთილი. ზოგადად, მთელი ოჯახი მოსიყვარულე ხალხია. ნატოს და-ძმა ჰყავს. აქამდე ეს ხალხი ბედნიერი იყო, ხარობდნენ ნატოს ანგელოზებით. ულამაზესი ბავშვები ჰყავდა ამ გოგოს, ახლა კი არ ვიცი, რა ვთქვა, რა უნდა ვუთხრა ამ ოჯახს, ყველა მათ ჭირისუფალს, ვინც აქ დაიღუპა... მთელი რაჭა თითქოს სიკვდილმა დაამუნჯა. შოვი შესძულდა ხალხს. ადრე ადგილობრივებისათვის ეს ადგილი უძვირფასესი იყო, მაგრამ ახლა ხალხი ამბობს, შოვისკენ აღარასოდეს მივიხედავთ, იქ სიკვდილიაო.
      ნატო ჭელიძის ერთ-ერთმა ახლობელმა ჩვენთან ხანმოკლე საუბარი შეძლო:
    - საუბარი მართლაც მიჭირს. ამ ტრაგედიის დროს მივხვდი, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვისას, თითქოს, თავადაც კვდები. ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც - გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი. ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი.
    - არ ვიცი, როგორ მოგისამძიმროთ, რა სიტყვებით. ან იმ კაცს რა ანუგეშებს, შვილს შოვში მაშველებთან ერთად რომ დაეძებს.
    - მეც არ ვიცი, რა ვთქვა… სიტყვები ვერ აღწერს, რაც მისი დანახვისას მემართება. არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება.
    ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ.
     
    ( სპეციალურად საიტისთვის)
     
     
     
    ავტორი: ეთერ ერაძე

    kvirispalitra.ge
  19. tvati
    რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.
    „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა.
    მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეებისა აღმოფხვრა.
    "დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს", - აღნიშნა მედვედევმა.
    მისი თქმით, დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება "მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო".

    ipn
  20. tvati
    ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
    განცხადებას ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს.
    „დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება!" – წერს ნაუსედა.
    ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც უკრაინისთვის დახმარების და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნება განხილული.
    ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული.

    ipn
  21. tvati
    „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია GWP-ისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ დავას უზენაეს სასამართლოსი გააგრძელებს. კერძოდ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი 2017 წლიდან ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვს, დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას გამაფრთხილებელი და ბანაობის ამკრძალავი ბანერების განთავსება, ასევე – კაპიტალური ბარიერები მოწყობა ე. წ. ჩანჩქერთან, თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც 2017 წლამდე რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო, მათ შორის, მისი შვილი, ცოტნე ცქიტიშვილი.
    ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ალეკო ცქიტიშვილმა 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – GWP-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა  ამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე – ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.
    თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებული ოჯახის მოთხოვნა, მერიას დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიამაც მიმართა და უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი.
    „თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ჩანჩქერთან არსებული სახიფათო ტერიტორია მათ უკვე შემოღობეს, დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ბანერები და ვიდეოკამერები. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა, რითაც გაირკვა, რომ თბილისის მერიამ ნამდვილად მიმართა მსგავსი წერილით GWP-ს და ამის შემდეგ ფაქტობრივად, GWP-მ შეასრულა ის სამუშაოები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიას დაავალა. ასეთი ხრიკით თბილისის მერიამ თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა და არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პრეცედენტული ძალა ჰქონდა და ფაქტობრივად ეხებოდა სამომავლოდ დაზარალებულთა მსგავს დავებს თბილისის მერიის წინააღმდეგ“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
    „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, 2022 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც იგი ქალაქ თბილისის მერიისგან და წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
    ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც გააუქმა, რითაც დაკმაყოფილებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა, სახიფათო ადგილზე მყარი ბარიერების და გამაფრთხილებელი ბანერების მოწყობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებით, ვინაიდან ადგილზე GWP-მ შემოსაზღვრა ტერიტორია და ბანერებიც განათავსა, აღარ არსებობს დავის საგანი მოპასუხე მერიის მიმართ. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის დაკისრების საკითხს, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და დამდგარ შედეგს შორის:
    „ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საკასაციო საჩივრით, ალეკო ცქიტიშვილი მოითხოვს გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
    „საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი და სამარცხვინო. ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაში შესვლა გამოიწვევს წყლის ობიექტებზე არაერთ უკუშედეგს ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რის გამოც სადავო გადაწყვეტილება მთლიანად აცდენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას. საკასაციო საჩივრის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის – „კამპანია „იცურე მშვიდად“ – წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენცია“ ფარგლებში. პროექტს და კამპანიას 2018 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

    netgazeti
  22. tvati
    „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, ის განხორციელდეს”, – ამის შესახებ დიმიტრი მედვედევი რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. მისი თქმით, „მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთისთვის იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო”.
    მედვედევი საქართველოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით”, მაგრამ თქვა ისიც, რომ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ ფორმას შეიძენს, „არ დააყოვნებენ”.
    სტატიაში მედვედევმა ისაუბრა  2008 წლის ომზე, ომის დაწყების მიზეზებზე. ის ამბობს, რომ ომის დაწყების მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი საქციელია.
    მედვედევი ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ამჩნევენ რუსოფობიას, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის რუსეთთან მშვიდად ცხოვრება უფრო კომფორტულია”.
    მედვედევი ვრცელ ინტერვიუში საუბრობს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც. წერს, რომ ომი უკრაინაში კიევის დამარცხებით დასრულდება, ისევე როგორც თავის დროზე – „ქართველი აგრესორების“. მისი განცხადებით, „უკრაინა მალე მსოფლიო რუკიდან გაქრება”. ომის უკან მედვედევი ხედავს დასავლეთს.
    რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევის აღნიშნული ინტერვიუ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ „რია ნოვოსტიმ” 23 აგვისტოს გამოაქვეყნა.

    publika
  23. tvati
    „ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ ეხმაურება ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის შემთხვევებს კასპსა და მარნეულში:

      "მწუხარებას გამოვთქვამთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული პრობლემა არის კანონმდებლობის არაეფექტიან აღსრულებაში. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ფრაგმენტული ქმედებები. ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება დაკავშირებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მიდგომები ამ მიმართულებით. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრევენცია. პირველ რიგში, ხელისუფლების დღის წესრიგში, მთავარ პრიორიტეტად უნდა დაბრუნდეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველა პლატფორმის გამოყენებით.", - წერია განცხადებაში. 
  24. tvati
    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    publika
  25. tvati
    იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
    ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA მუსიკოსის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მომღერალი მილანში, სან რაფაელეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია.
    მომღერლის მენეჯერის ინფორმაციით, „ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბოლო თვეებში მომღერლის მდგომარეობა უარესდებოდა“.
    7 ივლისს ტოტო კუტუნიოს 80 წელი შეუსრულდა.
     
    ipn
×
×
  • შექმენი...