Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქის” პირად გვერდზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლო განცხადებების საპასუხოდ წერს.
    “რეალურად უკვე ნერვიულობა დავიწყეთ, რომ ვიქტორ ორბანს დიდი ხანია არ მოუწოდებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტისკენ და რუსეთის აგრესიის დაკანონებისკენ. უკვე ეჭვიც კი გვეპარებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციის თანმიმდევრულობაში. არ ვიცით იქ უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა არც საკუთარი ტერიტორიებით და არც საკუთარი სუვერენიტეტით არ ვაჭრობს და მსოფლიოც არ ივაჭრებს,” - წერს ნიკოლენკო.
    მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება “მიუხედავად იმისა, თუ რა ადვოკატებს ჩართავს, გარდაუვალად აგებს პასუხს ყველა ბოროტებისთვის, რაც უკრაინელებს მოუტანა.”
    ცნობისთვის, აქამდე ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთთან უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა გააფორმოს, რომელიც არ მოიცავს არც ყირიმის დაბრუნებას, არც ნატო-ში უკრაინის წევრობას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ასევე მიაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა არის.

    იპნ
  2. tvati
    გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.­
    გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფაიზერის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი დაამტკიცა და საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
    აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოდან და მოლდოვიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციები უფრო სწრაფად განიხილება და უარყოფილ აპლიკანტთა დეპორტაცია უფრო სწრაფად მოხდება.
    გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების 99.9% უარყოფილ იქნა. ჯამში, 2022 წელს გერმანიაში თავშესაფარს ეძებდა საქართველოს 8,865 მოქალაქე და მოლდოვის 5,218 მოქალაქე.
  3. tvati
    მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
    მთავრობა განმარტავს, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორისაა უკრაინაც.
    „გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.
    ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.
    სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.
    შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  4. tvati
    კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.

    მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
    მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკდაფენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.
    მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.
    მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

    იპნ
  5. tvati
    „თბილსერვის ჯგუფში“, რომელსაც დედაქალაქის დასუფთავება ევალება, 2021 წლის მონაცემებით, 4992 ადამიანი მუშაობდა, მათგან მეეზოვე იყო მხოლოდ 2924, დანარჩენი თანამშრომლები კი, ძირითადად, საოფისე საქმეს ასრულებდნენ სხვადასხვა დეპარტმანეტში.
    თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 აგვისტოს საღამოს, თბილისში მოსული წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სანიაღვრე ჭების ნაგვით გავსება დაასახელა.
    „იყო კონკრეტული ადგილები, რომლებიც გადავსებული იყო, ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი, იყო სანიაღვრე არხები, რომლებიც ატარებდა ჩვეულებრივ”, – განაცხადა კალაძემ.
    29 აგვისტოს სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 აგვისტოს, აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლის ანგარიში, სადაც არაერთ პრობლემაზეა საუბარი, მათ შორის, არამიზნობრივ ხარჯებზე, ზეგანაკვეთური ანაზღაურების პრობლემაზე, საწვავისა და ახალი ავტომობილების გაუმართლებელ ხარჯებზე.
    შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის მთავრობამ დააფუძნა და მისი მოვალებაა დედაქალაქის დასუფთავება, სანიაღვრე კოლექტორების მოწესირგება და ა.შ.
    აუდიტის სამსახურის ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სამსახურებრივი მიზნებით გამოყენებული ავტომობილებისთვის გაწეული ხარჯების კრიტიკას.
    „გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები“, — აცხადებს აუდიტის სამსახური.
    „თბილსერვის ჯგუფმა“ აუდიტის ანგარიშის პასუხად მხოლოდ მოკლე განმარტება გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, სადაც წერია:
    „რაც შეეხება ავტომანქანების შესყიდვას, ზოგადად, როდესაც ამორტიზებული ან გაუმართავი ავტომანქანების შეკეთებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი სცილდება საბალანსო ღირებულებას, საჭირო ხდება ახლით ჩანაცვლება. ავტომანქანებისა და სპეცტექნიკის შეძენა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე ხდება.“ აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს თბილსერვისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა კომპანიის კუთვნილი 117 ერთეული და დასაქმებულთა კერძო საკუთრებაში არსებული 716 მსუბუქი ავტომანქანით. მიუხედავად ამისა, 2021 წელს თბილსერვისმა შეისყიდა 36 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ჯამური ღირებულებით − 1.9 მილიონი ლარი.
    მათშორის, ერთი მსუბუქი ავტომანქანა−KIA K5, რომელიც შესყიდულია 92.6 ათას ლარად, გადაეცა თბილსერვისის დირექტორს. 4 ერთეული MITSUBISHI L200, თითოეულში გადახდილია 80.8 ათასი ლარი, აქედან 3 ერთეული გადაეცა დირექტორის მოადგილეებს, ხოლო ერთი − სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსს. 1 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (KIA SPORTAGE) შეიძინეს 76.2 ათას ლარად, რომელიც გადაეცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსს.
    აუდიტის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული პირები სამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვა მანქანებით. კერძოდ, დირექტორზე გადაცემული იყო 2 მანქანა − SUZUKI GRAND VITARA და KIA OPTIMA, დირექტორის მოადგილეებზე − MITSUBISHI L200 და HYUNDAI ELANTRA, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსზე − TOYOTA HILUX, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსზე − KIA SOUL.  გარდა ამისა, 5 ერთეული ახალი ავტომანქანა − KIA PICANTO, ჯამური საბალანსო ღირებულებით − 193.1 ათასი ლარი, გადაეცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.
    აუდიტის სამსახური ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს აღნიშნული ავტომობილის საწვავის ხარჯს.
    დოკუმენტის მიხედვით, 2020-2021 წლებში თბილსერვისმა დახარჯა 17.8 მილიონი ლარის ღირებულების საწვავი.
    აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სამორიგეო ავტომობილებსა და სპეციალურ ტექნიკაზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის აგაი სისტემისა და საბარათე სისტემის მონაცემები. შედეგად, გამოიკვეთა, გარემოებები, რომლებიც წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს, კერძოდ, აუდიტის ანგარიშში წერია:
    რიგ შემთხვევებში, სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2020-2021 წლებში გამოვლინდა 16 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 24 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 1.527 ლიტრი საწვავი; ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავი ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ არაერთგზისაა ჩასხმული, დროის მცირე მონაკვეთში; მუნიციპალური შპს-ის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა თბილსერვისის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის კონკრეტული ავტომანქანისათვის განკუთვნილი პერსონალური ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 8 ავტომანქანაზე. შესაბამისად, შესაძლებელია ჩიპის შეუსაბამო გამოყენება სხვა მანქანებზეც; აუდიტის სამსახური ასევე წერს, რომ „თბილსერვის ჯგუფმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები და არგუმენტები იმისა, თუ რა აუცილებელი საჭიროებითაა განპირობებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 869 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა. შესაბამისად, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები.
    გარდა ამისა, ტრანსპორტის ექსპლოატაციის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივ გამოყენებას. კერძოდ, აგაი სისტემის არსებული მეთოდით გამოყენება, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული ჩიპის მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს.“
    უხვი ნალექი და ნაგავი — კახა კალაძე თბილისის უბნების დატბორვის მიზეზებზე ძლიერი წვიმა თბილისში – მერია მოქალაქეებს აფრთხილებს 3 საათში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე 2015 წლის 13 ივნისს – კალაძე

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    გერმანია საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა გააკეთა.
    „ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა მან.
    ფეზერმა ასევე საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის სფეროში შეთანხმებების ხელმოწერა დააანონსა.
    „ეს გერმანიაში ჩასვლის მსურველებს ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღების, მუშაობის საშუალებას მისცემს და ასევე დაგვეხმარება კვალიფიციური კადრების მოზიდვაში, მაგრამ ასევე საქართველო და მოლდოვა ვალდებულნი იქნებიან უკან მიიღონ ეს მოქალაქეები, ვინც გერმანიაში ყოფნის უფლებას დაკარგავს", - განაცხადა მინისტრმა.
    გერმანული მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობა ნენსი ფეზერის წარდგენილი კანონპროექტის მიღებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
     
    იპნ
  7. tvati
    გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები.
    შედეგად, 25 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
    “თელასის" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელთა დიდ ნაწილთან პრობლემა აღმოფხვრილია. რჩება 5 600 აბონენტი, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. მათივე ინფორმაციით, ელ.მომარაგება თბილისში სრულად 14:00-მდე აღდგება.
       
      ავტორი: თამარ მუკბანიანი
  8. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
    „საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
  9. tvati
    ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.

      მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია დედაქალაქში სანიაღვრე არხებისა და სადრენაჟო სისტემის გაწმენდა, მოვლა პატრონობა და ა.შ. სწორედ შპს "თბილსერვის ჯგუფია".

      "ინფორმაციისთვის ეს ის კომპანიაა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა არაერთი კორუფციული ფაქტის შესახებ, დაწყებული თანამშრომლებისთვის ფიქტიური ზეგანაკვეთური სამუშაოს ცნობების გაცემიდან, გაგრძელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების ინტერესთა კონფლიქტით ჩატარებისა და კონკრეტულ კომპანიებზე სატენდერო პირობების მორგების შესახებ.

    ამიტომ ნურავის გაუკვირდება მათ შორის ქალაქის მერს, საიდან გაიჭედა ნაგვით სანიაღვრე სისტემა.
     ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური კორუფცია - თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ეხება და მისი შედეგი არამხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის გამდიდრებაა ხალხის ხარჯზე., - წერს ბექა ლილუაშვილი. 
  10. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში შენარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა.
    როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ფაქტორმა აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
    გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
     
    publika
  11. tvati
    რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქი დაიბომბა ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით. მომხდარის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა სამი. ასევე, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
    უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ჩამოგდებულია 28-ვე ფრთოსანი რაკეტა და 16-დან 15 დრონი.
    შევჩენკოს რაიონში რაკეტების ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი – საწარმოს დაცვის წარმომადგენლები, აღნიშნავს პოპკო.
    უკრაინის საგანგებო სამსახურების ცნობით, კიევში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და გაჩაღდა ხანძრები, თუმცა მათი ლიკვიდაცია ოპერატიულად მოხერხდა.

    netgazeti
  12. tvati
    ფსკოვის აეროპორტზე, რომელიც უკრაინისგან 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელშიც რუსეთის 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო პოლკია დისლოცირებული, დრონებით განხორციელდა შეტევა.
    რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, დაზიანებულია ოთხი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ილ-76“.
    „ფსკოვსკაია გუბერნია“, ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც აეროპორტის რაიონში აფეთქებების შესახებ დაწერა, იტყობინება, რომ ადგილობრივებმა გაიგეს აფეთქების და ავტომატის ჯერის ხმა. სხვადასხვა მონაცემით, აეროპორტზე იერიში მიიტანა 10-20-მა დრონმა, რომელთა ჩამოგდებასაც ცდილობდნენ ცეცხლსასროლი იარაღით.
    „ტასს“-ი რუსეთის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანდა ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“. კონკრეტულად რა სახის დაზიანება მიიღო ტექნიკამ, არაა დაზუსტებული. მომხდარზე კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
    ერთ-ერთი დრონი, ტელეგრამ-არხ „მეშის“ ცნობით, მოხვდა აეროპორტის ბენზინგასამართ კომპლექსს, რის შედეგადაც დიდი ხანძარი გაჩაღდა.
    ფსკოვის ოლქისა და ახლომდებარე რეგიონების საჰაერო სივრცე ჩაკეტილია ფრენებისთვის.

    netgazeti
  13. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
    ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები.

    იპნ
  14. tvati
    რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
    მისი თქმით, რუსებს თავად ქალაქშიც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება.
    „აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ - ახალი ამბები - იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ,” - განაცხადა მალიარმა.
    მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან სამხრეთ ფლანგზე მიიწევენ წინ.
    “ჩვენ ისედაც ბევრი სიმაღლე დავიკავეთ და მტერი იქ ხაფანგშია, ვინაიდან ბახმუტიდან გასვლა არ შეუძლიათ და თავად ქალაქშიც სრულფასოვნად გადაადგილებაც არ შეუძლიათ. იქ, როგორც იცით, ახლა ყველაზე მეტად კლეშჩეევკაში, კურდიუმოვკაში, ანდრეევკაში ბრძოლებზე ლაპარაკობენ. მართლაც, იქ ბრძოლები გრძელდება. წინასწარ არ ვიმსჯელოთ, ვინაიდან ცრურწმენების გვჯერა. ნელ-ნელა იქ წინ მივიწევით, და იქ წარმატებები გვაქვს,” - განაცხადა მალიარმა.

    იპნ
  15. tvati
    იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი ავრცელებენ.
    პიანტედოსის თქმით, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა.
    „კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო, რამაც შედეგად მოიტანა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება”, - განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პანტედოსიმ.
  16. tvati
    "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პროკურატურას მასტაბურ სამშენებლო პროექტებზე პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ!

     რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილ განცხადებას კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა ოცნებას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური კამპანია, რომლის შემადგენელ ნაწილს თბილისში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებიდან უკანონო გზებით პარტიის არაფორმალურო საარჩევნო ყულაბის შევსება წარმოადგენს, ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რაც ოცნებას მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში დაეხმარება, მიუღებელი და გაუმართლებელია.

     ჩვენი გუნდის მთავარ ამოცანად უპირველესად პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრული და გაბედული ნაბიჯებით!

     ოცნების დეპუტატების მორალური სახე ისედაც კარგად იხილა მაყურებელმა ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში...

     სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, დღეს თუ სამართლებრივად რამე გამოსაძიებელია, ეს პირველ რიგში ამ სამშენებლო პროექტების კორუფციული სქემებია.

     კენჭისყრის პროცედურული დარღვევით ჩატარებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა კი ოცნებას მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანასა და პასუხისმგებლობისგან გაქცევაში უფრო დაეხმარება, ვიდრე პირიქით, რის გამოც ამ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

     იმედია, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას!"

     გიორგი შარაშიძე - პარტია #საქართველოსთვის თბილისის საკრებულოს წევრი
  17. tvati
    ძლიერი წვომა თბილისში - დატბორილია ქუჩები, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. ვიდეო გადაღებულია გლდანში, სადაც წყალმა ავტობუსშიც შეაღწია.

    ნეტგაზეთი
    372905440_269844422486267_8479632896927238246_n.mp4
  18. tvati
    მინდა გამოვეხმაურო უშუქო სოფლების პრობლემებს ხევსურეთში. მართლაც, ძალიან ძნელია ადამიანებისთვის ასეთ ყოფაში ცხოვრება. თუმცა, ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება ხელისუფლებასთან, საინტერესოა, რატომ გააჩერეთ 2019 წელს დაწყებული ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომელიც გასულ წელს პრაქტიკულად უნდა დასრულებულიყო და ხევსურეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა სრულად უნდა მოგვარებულიყო?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, შალვა კერესელიძე წერს.


    როგორც შალვა კერესელიძე აცხადებს, 2019-2020წწ. წლებში, მისი ინიციატივითა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის პირადად გიორგი გახარიას მხარდაჭერითა და დახმარებით, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის განვითარების ფონდის  ხელშეწყობით, დავიწყეთ ხევსურეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის  პროექტების განხორციელება. 


    "ეს პროექტები თავისი არსით გულისხმობდა სამ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს იყო მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობა, მეორე გახლდათ ,,ენერგოპრო-ჯორჯიას" ელექტრო სადენების მიყვანა მცირე მანძილით დაშორებულ უშუქო სოფლებში და მესამე, ეს იყო მაღალი სიმძლავრის თანამედროვე მზის პანელების გადაცემა მუდმივად მცხოვრები და შემდეგ უკვე სეზონურად მცხოვრები მოსახლეობისთვის,  როგორც გარდამავალი პროექტი, მანამ, სანამ უშუქო სოფლების ელექტროენერგიით სრული უზრუნველყოფა მოხდებოდა.
    პირველ ეტაპზე სრულად გავანათეთ არხოტის ხეობა და მასში შემავალი სამი სოფელი ჭიმღა, ამღა და ახიელი.  სადაც ავაშენეთ  200 კილოვატის სიმძლავრის „ახიელ-ჰესი“, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1.352.000 ლარი. არხოტის ხეობა დღესდღეობით სრულად არის ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი და უფასოდ მიეწოდება იქ მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგია. შატილში ავაშენეთ ასევე 200 კილოვატის სიმძლავრის “შატილ-ჰესი“ რომლის ღირებულებამ შეადგინა 2.916.000 ლარი. შატილი დღესდღეობით სრულად არის ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი და უფასოდ მიეწოდება მოსახლეობას ელექტროენერგია. სოფელ როშკაში შევძელით მიგვეყვანა ენერგოპრო-ჯორჯიას ელექტრო გადამცემი ხაზები რის შედეგადაც მოხდა სოფელ როშკის სრული განათება. ასევე სოფელ როშკაში გარემონტდა იქ არსებული დაზიანებული მცირე ჰესი, რომელსაც დღესდღეობით, სამწუხაროდ, ნაცვლად უშუქო სოფლების ელექტოენერგიით მომარაგებისა  კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. იმ სოფლებში სადაც არ იყო ელექტროენერგია ადგილობრივ მუდმივადმცხოვრებ 73-ოჯახს, USAD-ის დახმარებით გადავეცით მაღალი სიმძლავრის თანამედროვე მზის პანელები.
     ენერგეტიკის ფონდის მიერ, შემუშავებული და მშენებლობის დაწყებისთვის უკვე გამზადებული იყო ახალი მცრე ჰესების პროექტები, რომლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2021 წელს.  მშენებლობის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიით უნდა მომარაგებულიყო, როგორც პირიქითა ასევე პირაქეთა ხევსურეთის სოფლები.  ასევე, დაგეგმილი იყო, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ უშუქო სოფლებში ,,ენერგოპრო-ჯორჯიას" ელექტრო სადენების მიყვანა. ასეთი მაშტაბური სამუშაოების და პროექტების გაკეტება შევძელით რეალურად წელიწადნახევარში და მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მძვინვარებდა კოვიდ პანდემია, მაგრამ მიუხედავად ამისა მთისთვის და ხევსურეთისთვის ყურადრება არ მოგვიკვლია.
    ბუნებრივია ისმის კითხვა რატომ გაჩერდა 2021 წლიდან ხევსურეთის განათების პროექტების განხორციელება? რატომ აღარ დაფინანსებულა არც ერთი მცირე ჰესის მშენებლობა, რომელიც უშუქო სოფლებს ელექტროენერგიით მოამარაგებდა? რატომ აღარ მოხდა არცერთ უშუქო სოფელში ენერგოპრო-ჯორჯიას სადენების მიყვანა? რატომ აღარ გადაეცათ მაღალი სიმძლავრის თანამედროვე მზის პანელები უკვე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას? რომლებსაც სურვილი ქონდათ მუდმივად დაბრუნებულიყვნენ საკუთარ მამა-პაპისეულ ფუძეზე. იცით რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ადგილობრივ ისე სამხარეო და ცენტრალურ ხელისუფლებას, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ნაკლებად ადარდებთ XXI-ე საუკუნეში ხევსურეთში უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მცხოვრებ თითზე ჩამოსათვლელი მოსახლეობის ბედი. იმიტომ, რომ არც ესმით, არც იციან, არც აინტერესებთ და არც იქ არსებული პრობლემების მოგვარების შნო და უნარი გააჩნიათ.  ხვალ შეიძლება იქ ასულებს ერთი კაციც აღარ დაგხვდეთ თუ გიფიქრიათ ამაზე? თუ გიფიქრიათ ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დაცლილ საზღვრისპირა მაღალმთიან ხეობებზე? თუმცა იქ რაღა გინდათ, ან იქ რა გესაქმებათ, იქ ხომ იმდენად მცირე მოსახლეობა ცხოვრობს, რომ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად არა თუ ფულის არამედ საწვავის დახარჯვაც კი გენენებათ. სწორად გაიგეთ და კარგად გაისიგრძეგანეთ მთაში ელექტროენერგია თუ არ იქნა, სალიარკის და ლამფის ბუღზე ხევსურეთში ხალხი ვეღარ იცხოვრებს. ახალგაზრდებისგან მასიურად დაიცალა მთა და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. გახსოვდეთ, ახალგაზრდები ეს ის კატეგორიაა, ვისაც ქართული გენოფონდის გამრავლება ძალუძს და ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
     ასაკოვანი ხალხიც კი ვეღარ შეძლებს იქ ცხოვრებას და  სულს რომ ღაფავენ, საზღვრისპირა მთის სოფლები ჩამოიშლება და წაიშლება საქართველოს რუქიდან! გადმოვლენ მერე ინგუშები და  ჩეჩნები ჩვენს ფუძეზე გაშლიან საქონელს და გამართავენ ტაშ-ფანდურს. თქვენ კიდევ შემოდგომის ძუძუს ბატკნებივით სიცივისგან  შეშინებულებმა და ათრთოლებულებმა დავარცხნილი ყალბი დაპირებებით, საკუთარი თავის პიარით და ფოტოსესიებით მოიწონეთ თავი.", - წერს შალვა კერესელიძე.
  19. tvati
    ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი ვერ იქნება - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.


    მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ახლახანს დაადასტურა, რომ არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი არჩევნებზე „შავი ფულის“, ანუ პოლიტიკური კორუფციის და ამომრჩევლის მოსყიდვის კონტროლისთვის. ასევე, "ჩვეული მანიპულაციით" აუდიტის სამსახურის ანტი-კორუფციულ ბიუროში გადატანა,  ევროკავშირის რეკომენდაციით ახსნა.


    "რეალობა არის შემდეგი: არჩევნებზე „შავი ფულის“ ფაქტების გამოსაძიებლად უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიურო ს ა გ ა მ ო ძ ი ე ბ ო ფ უ ნ ქ ც ი ი თ. ევროკავშირის მე-4 რეკომენდაცია იყო ყველა ძირითადი ანტი-კორუფციული ფუნქციის თავმოყრა, ელიტური კორუფციის ეფექტიანად გამოსაძიებლად. ირაკლი კობახიძეს რომ დავუჯეროთ, აუდიტის სამსახური „ძირითად ანტი-კორუფციულ ფუნქციაში“ გადის და საგამოძიებო სამსახური არა, რაც აბსურდია. სინამდვილეში დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნა (ანუ ევროკავშირის რეკომენდაციის რეალურად შესრულება) საარჩევნო კორუფციის გამოსაძიებლად არ შედიოდა მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის არჩევნების გაყალბების ინტერესში. აუდიტის სამსახურის გადატანაც ანტი-კორუფციულ ბიუროში ამ მოტივაციით მოხდა - არა ევროკავშირის რეკომენდაციის სულისკვეთებით, არამედ მმართველი პარტიის ინტერესით პარტიის ბიუჯეტის შევსება „შავი ფულით“ გააგრძელოს და კორუფცის დამალვა პრემიერის მიერ დანიშნული ანტი-კორუფციული ორგანოს ხელმძღვანელით გადააზღვიოს. ამის კარგი მაგალითია თბილისის საკრებულოს მიერ ე.წ. „ატკატების“ სანაცვლოდ მოქალაქეთა სიცოცხლისთვის რისკის შემცველი პროექტების დამტკიცება ხელისუფლების წარმომადგენლების და მათთან დაახლოებული პირებისთვის. ამიტომ ვერ იქნება ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  20. tvati
    29 აგვისტოს არაოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიის შემდეგ რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია.
    როგორც ერთ-ერთი დაღუპულის, ზაზა მესხის დის ქმარი, რაფაელ გოგიტიძე ფესიბუკზე წერს, “დნმ” ანალიზმა დაადასტურა, რომ ბოლოს ნაპოვნი კაცი სწორედ ზაზა მესხია. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ბავშვს, ის ზაზა მესხის დაკარგული შვილი არაა.
    „დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ისინი ცელქად დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში, ჩვენს გულებში“, — წერს რაფაელ გოგიტიძე.
    მაშველები სტიქიის ზონაში ბოლო პერიოდში ეძებდნენ ზაზა მესხის 2 შვილსა და 4 წლის გიორგი ხორბალაძეს, რომლის დედისა და ბებიის ცხედრები სტიქიიდან რამდენიმე დღეში იპოვეს.
    გიორგი ყარალაშვილი; სოფო ყარალაშვილი; დავით ბერიაშვილი; გენადი სულთანიშვილი; გიორგი გოგინაშვილი; მეგი გუტაშვილი; გიგი გუტაშვილი; მარინე ხორბალაძე; ნატო ჭელიძე; ლუკა დუდაშვილი; ანდრია დუდაშვილი; ანასტასია დუდაშვილი; შორენა ბიჭაშვილი; მარიამ მაისურაძე; კოტე მაისურაძე; ქეთევან ლობჟანიძე; სამირა ისაევა; ალინა პოლიკოვსკა; ზაზა მესხი; ზაზა მესხის უფროსი შილი; ქსენია ტრიჩევა; სოფო ბაკურაძე; მანანა ჯაჭვაძე; თემურ ჩარკვიანი; დიტო ფირცხალავა; ნიკა ჩალაძე; ლევან რაზმაძე; სალომე ხეთაგური; გვანცა ბუბაშვილი; ნინი კენჭაძე; გიორგი ხორბალაძე. ხელისუფლება ოფიციალურად არ აქვეყნებს ინფორმაციას დაკარგულებისა და იდენტიფიცირებულების ვინაობის შესახებ. აღნიშნული სიის შედგენა შესაძლებელია მხოლოდ ახლობლებისა და სხვადასხვა მედიასაშუალების მოპოვებული ინფორმაციით.
    3 აგვისტოს, 15 საათზე, შოვში ღვარცოფი მოვარდა, რამაც თითქმის მთელი შოვი წალეკა. ოფიციალურად, დაღუპულია 31 ადამიანი, 2-ის ძებნა გრძელდება.
    დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: 7 აგვისტოს — პოლიციელი, გამომძიებელი მირიან ჭელიძე; 29 აგვისტოს — თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.
    ორივეს გარდაცვალების მიზეზად სახელმწიფო უწყებებმა ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დაასახელეს.

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. APA (AP Photo/Jae C. Hong) სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიონი დოლარის (520 მილიარდი კორეული ვონი) ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
    ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ხოლო 98 მილიონი უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით გადაეცემა.
    მედიის ცნობით, ივლისში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ივლისში გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

    პუბლიკა
  22. tvati
    ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ.
    „ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან (10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
    საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე, ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი.
    საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

    ინტერპრესნიუსი
  23. tvati
    აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა და შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოციალურ ქსელში წერს.
    როგორც ის ამბობს, „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის.
    “საქართველოში სამწლინახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა. აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა.
    შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
    „ძალა ერთობაშია“ - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! როდესაც საქართველოში გატარებულ ჩემს ხანმოკლე პერიოდზე ვფიქრობ, ჩემი მოგონებები აწყობს იმ შთამაგონებელი ხალხის სახეების მოზაიკას, რომლებმაც გამიზიარეს ჩვენი პარტნიორობისა და პროგრესის პირადი ისტორიები: იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომელიც თავისი თემის გაუმჯობესების იდეებს წარადგენდა, მეცნიერი, რომელიც COVID-თან ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე გვიყვებოდა, მშობელი, რომელიც ადვოკატირებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს, მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ მიდგომას ასწავლიდა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა დეზინფორმაცია და პოლარიზაცია. ასეთი ძალიან ბევრია კიდევ. რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით - აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ.
    ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს „აჩრდილში":
    „გარდმომევლინა ყოვლად შემძლები
    ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,
    აღმიფრთოვანა მან ოცნებები
    და განმიწმინდა ხედვა და სმენა."
    უსაზღვრო მადლიერებით,“ - წერს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

    იპნ
  24. tvati
    ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა.
    არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.
    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.
    სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.

    იპნ
  25. tvati
    „ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად მეგონა, რომ მივდიოდი, და მერე რომ ვნახე იქ სიტუაცია და მივხვდი, რომ ხელით ვერაფერს ვიზამდი და ტრაქტორის სათხრელი იყო იქაურობა, წამოვედი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე მაცაბერიძე, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ძმასთან ერთად ავიდა.
    თორნიკე პროფესიონალი სამთო გიდია და იცის, როგორ შეიძლება დაეხმარო ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს. მან და მისმა ძმამ შოვში გაატარეს 3 აგვისტოს ღამე და მთელი 4 აგვისტო.
    ახლა, როცა შოვის ღვარცოფის თითქმის ყველა მსხვერპლი უკვე ნაპოვნია, თორნიკე ჰყვება სამაშველო ოპერაციისას დაშვებულ შეცდომებზე.
    „მნიშვნელოვანია, პირველ საათებში რა რეაგირება ქონდა სახელმწიფოს, რომ ადამიანები გადაერჩინა”, - ამბობს თორნიკე და დეტალურად იხსენებს იმ გზას, რომელიც გაიარა თავისი სოფლიდან შოვამდე 3 აგვისტოს. ის ამბროლაურში, სოფელ ველევში ცხოვრობს. სწორედ ამ სოფლიდან იწყება მისი გზა შოვისკენ.
    „4 [საათი] ან 5-ის წუთები იქნებოდა, როცა [მეწყრის შესახებ] გავიგე “მთის ამბებიდან”, ნელ-ნელა ვარკვევდი ორ რამეს: რამდენად რთული იყო სიტუაცია და შევძლებდი თუ არა ჩემი მანქანით მისვლას. იქ ეწერა, რომ 16 ადამიანია მეწყერში მოყოლილი. ვერ ვხვდებოდი, გარე სამყაროს იყვნენ მოწყვეტილები თუ მეწყერში იყვნენ მოყოლილები.
    გელა მთივლიშვილს [მთის ამბების რედაქტორი - რ.თ.] ვიცნობ და მას დავურეკე იმის გასარკვევად, რამდენად რთულად იყო საქმე. გელამ მითხრა, რომ დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეეძლო, მაგრამ ვარაუდობდა, რომ საქმე რთულად იყო“, - იხსენებს თორნიკე. მან სახლიდან შოვამდე ჯერ მანქანით, შემდეგ კი ფეხით იარა.
    თორნიკე და მაშველების ვერტმფრენი სტიქიის ადგილას თითქმის ერთდროულად მივიდნენ.
    „6-ის 5 წუთზე გავდივარ სოფლიდან, 6-ს რომ 15 წუთი აკლია, ვარ გლოლაში და იქ უკვე ზის შვეულმფრენი. 6-ს აკლდა 10 წუთი, როცა გლოლას ხიდზე გადავედი და ჩანგრეულ გზასთან მივედი, 6-ს რომ 5 აკლია. 6-ზე დავაყენე მანქანა იქ, საიდანაც ფეხით წავედი მეწყრის ზონაში.
    აქედან შოვამდე არის დაახლოებით 2 კილომეტრი, შეიძლება ცოტა მეტიც. ტყიანი, დახრილი ფერდობის გავლით მივედი იქამდე.
    7-ს რომ 15 აკლია, ვიყავი უკვე ისეთ ადგილას, საიდანაც ვხედავდი “სანსეტ შოვთან“ შვეულმფრენის დაფრენას.
    ფოტო თორნიკეს ტელეფონიდან, სადაც ჩანს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შოვის თავზე და ფოტოს გადაღების დრო - 18:45
    ფოტო თორნიკეს ტელეფონიდან, სადაც ჩანს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შოვის თავზე და ფოტოს გადაღების დრო - 18:45
    ამ რეისით გადაიყვანეს სავარაუდოდ მაშველები შოვში და იქიდან წამოიყვანეს ხალხი. ეს დრო ემთხვევა იმ გოგოს [მარიამ ბერიანიძის - რ.თ.] ნაამბობს, რომელიც მეწყერში იყო მოყოლილი და ვინც პირველი რეისით გადმოიყვანეს შოვიდან შვილთან ერთად. ის ამბობს, რომ 7-ს რომ 5 წუთი აკლდა, მაგ დროს წამოვიდნენ”, - გვიყვება თორნიკე, რომელმაც დროში მოვლენების ხდომილება, მოგვიანებით, ტელეფონით გადაღებული ფოტოების თარიღებით აღადგინა.

    იხსენებს, რომ მისი შოვში მისვლის დროს ტალახის უზარმაზარ მასაზე მაშველებს უკვე დალაგებული ჰქონდათ ფიცრები და ეხმარებოდნენ ღვარცოფში მოყოლილებს გამოსვლაში.
    „7-ს რომ 5 წუთი აკლდა, ვიყავი “სანსეტ შოვის“ მოპირდაპირე მხარეს, ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო თოკის გაჭიმვა, რომ მანდ გვევლო. ზევით რა ხდებოდა, არც ვიცოდი.
    ვიღაც ადამიანმა გადაირბინა ტყეში, რომელსაც გამოველაპარაკეთ და გვითხრა, რომ ზემოთ ბევრი ადამიანია შეკრებილი, ასამდე, ოღონდ არაფერი უჭირთო.
    ნახევარ საათში ვიყავით ყოფილი სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე, სადაც მართლა დაგვხვდა ძალიან ბევრი ადამიანი და მათ არაფერი უჭირდათ, იქ ადგილზე იყვნენ მაშველებიც, მესაზღვრეებიც და პოლიციელებიც.
    ამ ხალხს გამოველაპარაკე, მაინტერესებდა, მეორე მხარეს გადასვლა როგორ შეიძლებოდა. ყველა ამბობდა, ვერ გადახვალო. მერე ერთი-ორმა მაშველმა თქვა, რაჭველები გადავიდნენ, მარა რეალურად გაჩერებულები არიან, ვერ მუშაობენო. მე როგორც ვიცი, ამბროლაურის სამაშველო გადავიდა მანამდე, ვერტმფრენის გარეშე, ორი მდინარე იყო გადასალახი.
    გადაღმა ვინც იყო, ერთ-ერთ მათგანსაც ველაპარაკე მერე, რომელმაც მითხრა, რომ არ არის პირობები, ვერ ვმუშაობთ, გათენებას ველოდებით და შევხმიანდეთ დილასო“.
    თორნიკეს შეფასებით, შოვში სამაშველო ოპერაცია ფაქტობრივად არ ჩატარებულა, არამედ ეს იყო დაღუპულების სამძებრო სამუშაოები.
    სამ აგვისტოს ვერტმფრენმა მხოლოდ სასტუმრო “სანსეტ შოვის“ სტუმრები და ღვარცოფში მოყოლილი ის ადამიანები გამოიყვანა შოვიდან, ვინც თვითონ მოახერხა სამშვიდობოს გასვლა.
    დაღამებისთანავე ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა და შიშველი ხელებით ვერც იქ დარჩენილი მაშველები ახერხებდნენ ტალახით დაფარულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვინმეს დახმარებას.
    “გადარჩენით იქ არავინ გადაურჩენიათ - ვინც [3 აგვისტოს] თავისით გადარჩა, იმათ დაეხმარნენ [მაშველები] გამოსვლაში, ბილიკი გაუკეთეს და გამოიყვანეს. დანარჩენები, სამწუხაროდ, ან პირველივე წუთებში, ან პირველივე საათებში გარდაიცვალნენ და მერე წაიღო კიდეც ღვარცოფმა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე.
    სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მაშველებმა სტიქიის ზონიდან პირველ დღეს 70-ზე მეტი, მეორე დღეს კი 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს ვერტმფრენით.
    ოფიციალური პირები ამტკიცებენ იმასაც, რომ 3 აგვისტოს, როცა ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა, სტიქიის ზონაში მაშველები და დრონები კვლავ ცდილობდნენ დაკარგულების პოვნას და დახმარებას.
    შოვი, სტიქიის ზონა
    ასევე ნახეთ
    იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველ კრიტიკულ საათებში?
    თორნიკე ჰყვება, რომ 3-დან 4 აგვისტოს ღამეს, რომელიც ღია ცის ქვეშ გაატარა იმ ადამიანებთან ერთად, ვის სიცოცხლესაც საფრთხე აღარ ემუქრებოდა, არც მას და არც სხვა რომელიმე იქ მყოფ ადამიანს დრონები არ შეუმჩნევიათ.
    „როგორც კი დაბნელდა, მაშინვე შეწყდა სამძებრო სამუშაოები. სანამ დაღამდებოდა, რაციაში ეგეთი ნათქვამებიც იყო, “ვიღაცების ხმები ისმის, მაგრამ იქამდე ვერ მივდივართო“.
    მაგ დროს, როცა ვიღაცის შველა გინდა, შეიძლება გეგონოს, რო ხმები გესმის, ან რაიმე ფაჩუნი ადამიანის ხმას მიამსგავსო. არ ვიცი, მათ რამდენად მართლა დაკარგული ადამიანების ხმები ესმოდათ, თუმცა ეგეთი ლაპარაკი ნამდვილად ისმოდა რაციებში“, - იხსენებს თორნიკე და გვიყვება, როგორ იპოვა უცხოელი ტურისტების ჯგუფი, რომლის ერთ წევრსაც ჰქონდა დრონით გადაღებული ღვარცოფში ჩარჩენილი ადამიანების კადრები.
    “10-ს რომ 1 წუთი აკლდა, მაშინ მაჩვენეს ის კადრი, სადაც ჩანან მეწყერში მოყოლილი ადამიანები. კი მითხრეს, რომ ეს კადრი მაშველებსაც ჰქონდათ უკვე ნანახი, მაგრამ მაინც დავრეკე 112-ში, რომ ინფორმაცია მიმეწოდებინა”, - ამბობს თორნიკე.
    ის 24 აგვისტოს გამოკითხეს პოლიციელებმა სწორედ 112-ში გაგზავნილი შეტყობინების გამო.
    კადრში, რომელიც თორნიკეს უცხოელმა ტურისტებმა აჩვენეს, ჩანან ტალახში ჩაფლული ადამიანები, ვინც სამშვიდობოს გასვლას ცდილობს. მას შემდეგ, რაც თორნიკემ ეს კადრი ფეისბუკზე გაასაჯაროვა, სტიქიას გადარჩენილმა მარიამ ბერიანიძემ მასში საკუთარი თავის, მეუღლისა და შვილის გარდა ამოიცნო ის ადამიანებიც, ვინც მასთან ერთად იყო ღვარცოფში მოხვედრილი.

    თორნიკე ჩვენთან საუბარში იხსენებს 4 აგვისტოსაც - ამ დღეს იპოვეს პირველი ცხედრები შოვის სიახლოვეს.
    “ჩვენ ცხედრები არ გვიპოვია, პირად ნივთებს ვპოულობდით, თუმცა მაშველები ჩვენს თვალწინ პოულობდნენ გარდაცვლილებს.
    ერთი კოტეჯიდან ნანგრევები იყო დარჩენილი, დანარჩენები სულ გამქრალი იყო და იმ ნანგრევებში ვიპოვეთ ერთ-ერთი დაკარგულის პირადი ნივთები”.
    თორნიკემ შოვი 4 აგვისტოს საღამოს დატოვა. მისთვის ამ დროს უკვე ცხადი იყო, რომ იქ ცოცხლად ვინმეს პოვნის შანსი აღარ არსებობდა.
    ამ დღიდან შოვის ამბები უკვე იქ დარჩენილი მეგობრებისგან იცის, რომლებიც მაშველებს ცხედრების პოვნაში ეხმარებოდნენ.
    “[ჩემი მეგობრები] მესამე დღესაც იქ იყვნენ, მეოთხესაც, მეხუთესაც და ბევრ ისეთ ადგილებში დადიოდნენ, სადაც სხვები არ იყვნენ ნამყოფები და ამბობენ, რომ სუნიც იგრძნობოდა, რაც გარდაცვლილს ნიშნავს, დიდი ალბათობით, მაგრამ იქ მაშველების ნავალი არ ეტყობოდა.
    ძაღლები მესამე დღემდე არ ჰყოლიათ, ქვემოთაც არავინ ეძებდა ძალიან დიდხანს, ნავებიც გვიან ჩართეს საქმეში - ჩემი მეგობრები ცდილობდნენ, დრონებით მოეძებნათ ცხედრები და პოლიცია ხელს უშლიდა.
    საერთოდ ყველაფერი სხვანაირად იყო გასაკეთებელი, ჩემი აზრით. გარდა იმისა, რომ შვეულმფრენი დაგვიანებით მივიდა, იქ მუშაობის გამოცდილების ნაკლებობაც იყო. თოკის გაჭიმვა ან რამე სხვა რომ გამხდარიყო საჭირო, [მაშველებიდან] ბევრმა არ იცის თოკთან მუშაობა. ფაქტია, რომ 5 აგვისტოს დაამზადეს ბოტებზე მისაბმელი ფიცრები, რომლითაც სიარული უფრო გამარტივდა. თუნდაც ამ ფაქტით ჩანს, რომ არც ეკიპირება და არც გამოცდილება არ არსებობს ასეთ ვითარებაში მუშაობის.

    ისიც ფაქტია, რომ [3 აგვისტოს] ღამით არც თერმულ და არათერმულ დრონებს არ უფრენია. დღისითაც არ უფრენია სამაშველოს დრონებს - ღვარცოფში ჩარჩენილები ამბობენ, რომ მათ თავზე ერთმა დრონმა გადაიფრინა და, როგორც ირკვევა, ეს ერთი დრონი ტურისტების იყო.
    მთელი ღამე გარეთ ვიყავი და იქ არანაირ დრონს არ უფრენია. სხვა მოხალისეებთანაც მქონდა ამაზე ლაპარაკი, მედიასთან ვინაიდან ვლაპარაკობ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მხოლოდ ისეთი რამეები ვთქვა, რაც გადამოწმებული მაქვს და რაშიც ეჭვი არ მეპარება - 95%-ით შემიძლია ვთქვა, რომ იქ დრონს არ უმუშავია”, - ამბობს მოხალისე მაშველი. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ის ფრთხილად და მოზომილად, მაგრამ მაინც ლაპარაკობს, იმ ადამიანების სიჩუმეა, რომლებიც სტიქიის ღამეს ან მომდევნო დღეებში იყვნენ შოვში.
    ამ დრომდე, შოვის ტრაგედიის შესახებ მხოლოდ გადარჩენილი სამი ოჯახის წევრები და რამდენიმე მოხალისე ჰყვება. საზოგადოება არ იცნობს არც იმ „რაჭველ ბიჭებს”, რომლებიც შოვში ვერტმფრენის ჩასვლამდე ეხმარებოდა ღვარცოფში მოყოლილებს და ადგილობრივებიც ფრთხილობენ ჟურნალისტებთან საუბარს.
    „...თითქოს ამის ანალიზი უხერხულია - როგორ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა, როცა სტიქია მოხდა. გასაგებია, რომ სტიქია მოხდა, მაგრამ მომავალში მაინც ხომ უნდა ვიყოთ უკეთ მომზადებული.
    მოტივაცია, რის გამოც ამაზე ვლაპარაკობ, ისაა, რომ სამაშველო შვეულმფრენები მალე შეიძინოს სახელმწიფომ, უკეთესი აღჭურვილობა და გადამზადება ჰქონდეთ მაშველებს”, - გვეუბნება თორნიკე.

    ასევე ნახეთ
    „გამაფრთხილეს, არ გადამეღო არც ვიდეო და არც ფოტო“ - რა ნახა და მოისმინა მოხალისემ შოვში 
    სტიქიის ზონაში დაღუპულების სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება ორი არასრულწლოვნის საპოვნელად. სახელმწიფო უწყებებს ჯერაც არ გამოუქვეყნებიათ ოფიციალურად გარდაცვლილების და გადარჩენილების სია. გამოძიება კი, სტიქიის ზონაში 3 აგვისტოს დაღუპული დავით ბერიანიძის დედის ადვოკატების ცნობით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.
    ისინი ითხოვენ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად პროკურატურამ წარმართოს, ასევე, გამოძიება დაინტერესდეს იმით, იყო თუ არა სამსახურებრივი გულგრილობისა და განსაცდელში მიტოვების ფაქტები.
     



    ნასტასია არაბული
×
×
  • შექმენი...