Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა.
    უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.
    "2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა", - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
    სტიქიის ზონაში 7 აგვისტოს სამაშველო საქმიანობაში ჩართული კიდევ ერთი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა. ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
    3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
    29 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ორს ამ დრომდე ეძებენ.

    რადიო თავისუფლება
  2. tvati
    რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
    მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება.
    „რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების წინ წაწევისკენ მიმართულ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა კარასინმა.
  3. tvati
    ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს.

      მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა ამით  პასუხისმგებლობა ირიდებენ თავიდან.

      "კანდიდატის სტატუსი მიიღო მოლდოვამაც და ახლა უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ქვეყანამ, რომელიც არათუ ომში არ არის, არამედ რომელთან შედარებითაც საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით წლების განმავლობაში იყო ბევრად მოწინავე პოზიციებზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან მკაფიო მინიშნება საქართველოს მიერ საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას და რეკომენდაციების შეუსრულებლობას. სწორედ ეს არის ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელზეც პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.", - წერს ბუჩუკური.       
  4. tvati
    შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენ თუ ვიქნებით მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.
    როგორც ზურაბ ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ თუ არ შეასრულა ის მოთხოვნები, რომელიც დასავლეთს ბუნებრივად გააჩნია, ძალით არავინ მოახვევს თავს.
    „შარლ მიშელის განცხადება იმ სიტუაციის კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც რუსეთ - უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა. როდესაც ყველამ დაინახა რომ ის ქვეყნები, რომლებიც არ იქნებიან ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებული, რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხის ქვეშ იქნებიან. დავინახეთ აღმოსავლეთის მიმართულებით გადადგმული ძალიან თამამი ნაბიჯები. დავინახეთ ისიც, რომ, სამწუხაროდ, საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი. ეს განცხადება იმასაც მიანიშნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ჯერ კიდევ ღიაა შესაძლებლობის ფანჯარა. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან დიდი მზაობის შესახებ ვერ ვიტყვით. ყოველდღიურ რეჟიმში, ვხედავთ ანტიდასავლურ განცხადებებს, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ხელს არ უწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. მაგრამ ეს მხოლოდ განცხადებები არ არის, განცხადებებს საქმეც მოსდევს და საქმეში ვხედავთ ხოლმე, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული სტრუქტურებიდან დისტანცირდება. შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენ თუ ვიქნებით მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კარი ღია. ჩვენ თუ არ შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომელიც ბუნებრივად გააჩნია დასავლეთს, იგივე დაახლოების კონტექსტში, ძალით არავინ მოგვახვევს თავს. ჩვენ უნდა გვინდოდეს. ჩვენი სურვილი თუ არის და დარწმუნებული ვარ, არის ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ. უკრაინა გასაგებია, რომ მთავარი მოქმედი აქტორია, მაგრამ მასთან ერთად მოიაზრება მოლდოვაც და საქართველოც. მოლდოვაც და საქართველოს რუსეთის მხრიდან პირდაპირი საფრთხის ქვეშ იყო და არის და მომავალში რომ არ იყოს, ეს [განცხადება] ეხება მოლდოვასაც და საქართველოსაც. ჩვენ თუ არ შევასრულეთ ეს მოთხოვნები, რაც დასავლეთთან დაგვაახლოებდა, მაშინ აზრი არ აქვს საუბარს. იმ მდგომარეობით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ერთხელ ვნახეთ რომ უარი გვითხრეს, რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს. სამწუხაროდ, რასაც ხშირად ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის ზედაპირული საუბრები საუბრების დონეზე და ზედაპირული ცვლილებები, რომელიც არსს არ ცვლის,“- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
    ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.
    „ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. კრემლი თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობელს, არამედ ყველა იმ ღირებულებას, რომლისაც გვჯერა – თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობასა და თანამშრომლობას. წინა წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. იგივე ელის საქართველოსაც, თუ ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამისად, გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 28 აგვისტოს სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

    იპნ
  5. tvati
    ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
    როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.
    „სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ“, - განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
     
    ipn
  6. tvati
    ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 2 მცირეწლოვანს.
    ჟურნალისტებთან საუბარში ხიდეშელმა თქვა, რომ სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. მისივე ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა იპოვეს 31 დაღუპული, რომელთაგან 29-ის უკვე იდენტიფიცირებულია.
    ხიდეშელი დასძენს, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.
    3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე გრძელდება ადამიანთა სამძებრო სამუშაოები.
    25 აგვისტოს მონაცემებით, რაჭაში ნაპოვნია სტიქიის 31 მსხვერპლის ცხედარი, მათგან იდენტიფიცირებულია 29. დარჩენილია იმ 2 ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებიც მაშველებმა 24 აგვისტოს იპოვეს, მათგან ერთი ზრდასრული მამაკაცია, მეორე — მოზარდი.
     
    Netgazeti
  7. tvati
    რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული სოფელ კირბალის ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს | ფოტოს დავით ქაცარავა ავრცელებს      
  8. tvati
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.
    „გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.
    მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
  9. tvati
    სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს:
    სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.
    აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
      პროგრამების/ღონისძიებების მართვა 
    ფაქტობრივი ხარჯების არაპროდუქტიული სტრუქტურა – 2022 წელს სააგენტოს ადმინისტრაციის შენახვასა და პროგრამების მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა საბიუჯეტო ასიგნებიდან 79,54%, ხოლო უშუალოდ პროგრამების ღონისძიებების განხორციელებაზე − 21,46%, რაც ხარჯ-ეფექტურობის კუთხით დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
    პროგრამების/ღონისძიებების ფარგლებში აქტივობების არასრულად შესრულება – „დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის“ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული იყო საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადება. ფაქტობრივად კი მომზადდა შენობების საკადასტრო გეგმები, რისი არსებობა საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მოსამზადებლად აუცილებელია, მაგრამ ამით საბოლოო შედეგი არ მიიღწევა.
    დოკუმენტურად დაუდასტურებელი მომსახურებები– „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა იურიდიული მხარდაჭერის“ დამტკიცებული პროგრამა ითვალისწინებდა აქტივობებს, რომელთაგან სამი: ონლაინ კონსულტაცია, ვიზიტი დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში და ბუკლეტების მომზადება − არ განხორციელებულა. აუდიტის ობიექტის განმარტებით, „დევნილთა სამართლებრივი კონსულტაციის“ ღონისძიების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეულ იქნა აქტივობები, თუმცა რაიმე მტკიცებულების ხასიათის დოკუმენტი ამ აქტივობების ფაქტობრივად შესრულების დასადასტურებლად აუდიტის ობიექტის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი.
    შრომის ანაზღაურება 
    შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვის დაუცველობა – კანონმდელობის მოთხოვნების არათანმიმდევრული დაცვის შედეგად, სააგენტოში შესაბამისი ნებართვის გარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა 35 პირი და მათზე ჯამურად გაიცა 177,480 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, რითაც შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.
    დაქირავებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივობების არასრულად შესრულება – საბიუჯეტო პროგრამის მიზნების მისაღწევად და დასახული ამოცანების შესასრულებლად, პროგრამის ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 10 ფიზიკურ პირს; მათგან, 3 პირის მიერ შესრულებულია: დევნილთა განსახლების ობიექტში წითელი ხაზებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კონფიგურაციის კორექტირება, ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაშია მოყვანილი, შედგენილია საკადასტრო გეგმა.
    აღნიშნულ სამ სპეციალისტს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდნენ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც ახორციელებდნენ პროგრამის ხელმძღვანელის ისეთ დავალებებს, როგორიცაა, ობიექტების დათვალიერება და საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდების შესაბამისად არსებული ნახაზების დადარება ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ტექნიკური დოკუმენტების შესწავლა და ანალიზი.
    დანარჩენი 4 პირი საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე ახორციელებდა პროგრამით განსაზღვრულ სხვა აქტივობებს.
    როგორც დადგინდა, დაფიქსირდა საშტატო თანამშრომლების ფუნქცია-კომპეტენციისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება/ზედდება, რის გამოც დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად გამოყენების ფაქტები.
    თანამდებობრივი სარგოს არასწორი გაანგარიშება – სააგენტოს დირექტორის ბრძანებით გათავისუფლებული 12 თანამშრომლიდან, 7 თანამშრომელზე გასაცემი სარგო დაანგარიშდა შეცდომით. კერძოდ, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით არასწორად დარიცხული და გაცემულ იქნა, ჯამში − 1,621 ლარი.
    მივლინების ხარჯები 
    სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ხარვეზები – სააგენტოში მივლინებების შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როცა არ იყო დაცული კანონმდებლობით მოთხოვნილი ეკონომიურობის პრინციპები. კერძოდ: ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე მივლინების ხარჯების ანაზღაურებისას დაფიქსირდა 6 ისეთი შემთხვევა, როცა სასტუმროში განთავსების დღიური ფაქტობრივი ხარჯი, დაახლოებით, 2-ჯერ აღემატებოდა მივლინების იმავე ლოკაციაზე საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას.
    კონტროლის მექანიზმები 
    საგადასახადო ორგანოში წარდგენილი შეუსაბამო ინფორმაცია – შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა არასწორი ინფორმაცია დარიცხული და გადახდილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ, ჯამში − 3,235 ლარის ოდენობით.
    ნამუშევარი დროის აღრიცხვის ნაკლოვანებები – სააგენტოში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების და სამუშაო ტერიტორიის დატოვების დროის, შესაბამისად ნამუშევარი საათების აღრიცხვა ყოველდღიურად წარმოებდა თანამშრომელთა მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში. 2022 წლის მოძრაობის ჟურნალის შესწავლით დადგინდა, რომ მისი მონაცემები ვერ იქნება ჩათვლილი ზუსტ და საკმარის მტკიცებულებად, თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი საათების იდენტიფიცირებისათვის.
    საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები – სამსახურებრივ ავტომობილებზე დაფიქსირდა არასამუშაო დღეებში (შაბათ-კვირა) და არასამუშაო საათებში − საწვავის ჩასხმის ისეთი ფაქტები, რაც ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში არ იყო აღრიცხული.
    ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ვერ იდენტიფიცირდება სამსახურებრივი ავტომობილების მიზნობრივად გამოყენების დანიშნულება, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებით და არაეფექტიანად გახარჯვის რისკებს.
      ალია
  10. tvati
    უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში 16-17 აგვისტოდან იცდიდნენ, საქართველოში შემოუშვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    “როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.
    ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას”, — აღნიშნავს უწყება.
    24 აგვისტოს  რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ, “ნოვაია გაზეტამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში ერთ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა და ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.
    როგორც გამოცემა წერდა, უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა 16-17 აგვისტოს სცადეს, თუმცა “სხვა მიზეზების” საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.
    დამოუკიდებელ რუსულ მედიასთან ერთ-ერთი მოქალაქის დედა აცხადებდა, რომ 22 აგვისტოს საღამოს რუსეთის უსაფრთხოების ძალები ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევიდნენ და მისი შვილის გატაცება სცადეს, რისი საშუალებაც მათ უკრაინის სხვა მოქალაქეებმა არ მისცეს.
    ქალის თქმით, სიტუაციაში ჩაერივნენ ქართველი მესაზღვრეებიც და უკრაინის მოქალაქეებს გამშვებ პუნქტთან სიახლოვეს ყოფნა ურჩიეს, სადაც რუს მესაზღვრეებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, შოთა ლობჟანიძის განცხადებით, 27 აგვისტოს შიომღვიმეში გამოფიტული მასალა ჩამოიშალა. გეოლოგმა, რომელიც დეტალების შესასწავლად ადგილზე სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა, ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა იქ ყოფნა უსაფრთხოა, თუმცა პროცესს დაკვირვება სჭირდება.
    “საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. რა რაოდენობის მასალაა ჩამოსული, ეს ყველაფერი ანალიზის შედეგად დადგინდება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს ჩვენს ქვეყანაში…
    ეს არის კლდე-ზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა. დანარჩენი დასაზუსტებელია… წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა”, — დასძინა მან.
    ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ — “უსაფრთხოა ახლა აქ ყოფნა?” — ლობჟანიძემ თქვა:
    “კი, მაგრამ დაკვირვება სჭირდება მუდმივი…”
    შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდე 27 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევა ვიდეოზე აღბეჭდეს თვითმხილველებმა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კი თქვა, რომ ადგილზე დამატებითი გეოლოგიური კვლევები ჩატარდება.

    ნეტგაზეთი
  12. tvati
    უკრაინის გამარჯვება დაასრულებს რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაციას და გაათავისუფლებს ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურისგან, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდეტი, ვოლოდიმირ ზელენსკის.
    ამასთან ერთად, ზელენსკიმ უკრაინის ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ ოკუპაციის დასრულება მოხდება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით.
  13. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
    ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
    „ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდება. ვაკვირდებით, შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებებს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. დაცლის საშიშროება ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის და სწრაფად უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა ქურციკიძემ.
  14. tvati
    რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
    ერმაკის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
    თავდსხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
  15. tvati
    მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.
    მოლდოვის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და „ჩვენ ამ გიჟური ომის დასასრული ვნახოთ“.
    შეგახსენებთ, მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული დაძაბულობა აქვს, განსაკუთრებით პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც რუსული ჯარები არიან განლაგებული.
     
    ipn
  16. tvati
    28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
    დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.
    ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
    მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდება.


    ipn
  17. tvati
    ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია,- ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.
    მისივე თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტული ღონისძიება გატარდება.
    „მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცავი და სამაშველო სტრუქტურის წარმომდგენლები, ასევე ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
    ველოდებით გეოლოგებს, შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტულ ღონისძიებას გავატარებთ. ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია, ასევე, მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. პანიკური ვითარება არ ყოფილა, როგორც კი განხორციელდა კლდოვანი ფხვიერი მასის ჩამოსვლა, მონასტერში მოქალაქეების შემოსვლა შეიზღუდა“,- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

    იპნ
  18. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საერთაშორისო აქტივობა სექტემბერში წინა კვირებზე ნაკლები არ იქნება.
    „უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება. პირველი - ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    ამასთან, მისი თქმით, უკრაინა გეგმავს სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
    უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ პირების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების კრიმინალურ დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.
    „ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ანალოგიური სანქციების დაწესებაზე. ბავშვების დეპორტაცია, მცდელობა, მშობლიური ქვეყნის სიძულვილი ასწავლონ, რუსული გენოციდური პოლიტიკაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მხრიდან დაგმობას იმსახურებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
     
    იპნ
  19. tvati
    მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
    ამ ეტაპზე, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
    მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.
  20. tvati
    უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მისიის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცნობილი პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა.
    საჰაერო ძალების ცნობით, ანდრეი პილშჩიკოვი ერთ-ერთია იმ სამი მფრინავისგან, რომლებიც ორი დღის წინ, ჟიტომირის ოლქში მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ორი L-39 საბრძოლო საწვრთნელი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა.
    ანდრეი პილშჩიკოვის გარდა დაიღუპნენ მფრინავები: სერგეი პროკაზინი და ვიაჩესლავ მინკა.
     
    იპნ
  21. tvati
    რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობის ტერიტორიაზე ხანძარია.
    რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე ფეიერვერკები ფეთქდება, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმის.
    ასევე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობა ჩამოინგრა.
    ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა.
    „ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  22. tvati
    2023 წელს 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 308%-ით გაიზარდა.
    კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 9,371 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,294 მლნ ლარი.
    ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში სანქციებიდან, ჯარიმებიდან დასაურავებიდან ბიუჯეტში 120,871 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 95,370 ლარი.
      ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.
      ავტორი: ნინი ქეთელაური
  23. tvati
    გერმანიის ქალაქ დუისბურგში კანოე-კაიაკიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ასევე თამაშდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები.
    ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კაიაკით ცურვაში 27 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა, ბადრი ყაველაშვილმა. მან ფინალურ ეტაპზე 200-მეტრიანი დისტანცია 35.364 წამში გაცურა და მხოლოდ ლიეტუველ სპორტსმენს ვერ აჯობა.
    მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე გამოვიდა ზაზა ნადირაძე. მან კანოეთი 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში მეოთხე შედეგი დააფიქსირა და მედლის გარეშე დარჩა.
    მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მონაწილეობას ასევე იღებენ: გია გაბედავა, მარიამ ქერდიკაშვილი და მანანა პეტრიაშვილი.

     

    ავტორი - ბექა ბლიაძე
  24. tvati
    გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, მათ კარიერის განმავლობაში შეძლეს და მილიონებიც გამოიმუშავეს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნაწილი ხალხს უყვარს და გულშემატკივრობს, ნაწილის ბედი კი საზოგადოებას ნამდვილად არ აღელვებს.
    ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საოცრად მდიდარია, თუმცა მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეს ებრძვის. საინტერესოა, როგორ გამოიმუშავეს მათ ფული?
    კანადა: ჯასტინ ტრუდო -5 მილიონი დოლარი
            -1:07       კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო მდიდარ პოლიტიკურ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, პიერი 1968 წლიდან 1979 წლამდე და 1980-დან 1984 წლამდე უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობდა.
    გარდა წლიური ხელფასისა , რომელიც 389,200 კანადურ დოლარს შეადგენს, ტრუდოს აქვს მემკვიდრეობა მამისგან, რომელიც 2013 წელს დაახლოებით 1.2 მილიონ დოლარად შეფასდა.
    სანამ საჯარო თანამდებობაზე აირჩევდნენ, ტრუდო თავისი საჯარო გამოსვლებიდან წელიწადში 450,000 დოლარს გამოიმუშავებდა. მისი მთლიანი ქონება ბოლო მონაცემებით შეფასებულია 5 მილიონ დოლარად.
    უკრაინა: ვოლოდიმირ ზელენსკი - 20 მილიონი დოლარი
    მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის ქონება 2019 წლის მაისში ინაუგურაციისას 1,5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, Forbes-ის 2022 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, სავარაუდოდ,ის დაახლოებით 20 მილიონი დოლარს ფლობს.
    მედია თავის სტატიაში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის პირობებში მილიარდერი გახდა და რამდენიმე ვილასთან ერთად, იახტები, ასევე სხვა უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. Forbes-მა გავრცელებულს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 20 მილიონ დოლარს ფლობს.
    2018-2019 წლის დეკლარაციების მიხედით, ზელენსკი უძრავ ქონებას საქართველოშიც ფლობდა, კერძოდ, მისი ოჯახი მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელი იყო, თუმცა რომელ ქალაქში, ეს პრეზიდენტს დაზუსტებული არ ჰქონდა. თუმცა 2020 წლის დეკლარაციაში ეს ქონება აღნიშნული აღარ აქვს, რამდენადაც მან ბინები დიდი ალბათობით გაყიდა.
    ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობამდე ზელენსკი ცნობილი მსახიობი, კომიკოსი და პროდიუსერი იყო. ის ყველაზე მეტად ცნობილი იყო სატირულ სერიალში „ხალხის მსახური“ მონაწილეობით, რომელშიც მან განასახიერა ისტორიის მასწავლებელი, რომელიც შემთხვევით ხდება უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის ასევე აქვს 25%-იანი წილი სამაუწყებლო ჯგუფში Kvartal 95, რომელიც მან დააარსა.
    საფრანგეთი: ემანუელ მაკრონი - 31,5 მილიონი დოლარი
    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მედიაში მუშაობის შემდეგ 2008 წელს გახდა Rothschild & Cie Banque-ის საინვესტიციო ბანკირი. ორი წლის შემდეგ ის პოლიტიკაში წავიდა და მუშაობდა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შტაბში.
    ანგარიშები განსხვავდება მისი წმინდა ღირებულების შესახებ, მაგრამ Spear's Magazine -ის ინფორმაციი, ის 31,5 მილიონ დოლარს ფლობს.
    თურქეთი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი - 58 მილიონი დოლარი
    რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2014 წელს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევამდე სტამბოლის მერისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.
    2018 წელს, ერდოღანის წმინდა ქონება იყო 58 მილიონი დოლარი. მას შემდეგ განხლებული საჯარო მონაცემები მედიას არ გაუვრცელებია.
    სამხრეთ აფრიკა: კირილ რამაფოზა - მინიმუმ 450 მილიონი დოლარი
    2023 წლის ივლისში არჩეული თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის პოსტზეკირილ რამაფოსა წლიურად ხელფასის სახით დაახლოებით 167,000 დოლარს გამოიმუშავებს.
    გავრცელებული ინფორმაციით, ის 2018 წლიდან თავის ხელფასის ნახევარს ქველმოქმედებას ახმარს.
    2015 წელს Forbes-მა მისი წმინდა ქონება 450 მილიონ დოლარად შეაფასა. გაურკვეველია, როგორ შეიცვალა მისი წმინდა ქონება ბოლო რვა წლის განმავლობაში.
    დიდი ბრიტანეთი: რიში სუნაკი - 673 მილიონი დოლარი
    რიში სუნაკი 2022 წელს ბრიტანეთის მესამე პრემიერ-მინისტრი გახდა, როდესაც მან ლიზ ტრუსი შეცვალა. შედეგად, ის მყისიერად შეუერთდა მსოფლიოს უმდიდრესი ლიდერების სიას. Sunday Times Rich List-ის მიხედვით სუნაკისა და მისი მეუღლის ერთობლივი ქონება 673 მილიონ დოლარს შეადგენს
    პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე სუნაკი წლიურ ხელფასს 210 ათას დოლარს გამოიმუშავებს. თუმცა, მისი ქონების უმეტესი ნაწილი წარმატებული ბიზნეს კარიერიდან მიიღო. მან 2010 წელს დააარსა საინვესტიციო ფირმა Theleme Partners და დაქორწინდა აკშატა მურტიზე, რომელიც ფლობს დაახლოებით 497 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების აქციებს მამის ტექნიკურ ფირმა Infosys-ში. მერტი ასევე ფლობს სარისკო კაპიტალის კომპანიას და არის ბრიტანეთში დაფუძნებული ხუთი სხვა ფირმის პირდაპირი აქციონერი.
    სირია: ბაშარ ალ-ასადი - 1,5 მილიარდი დოლარი
    2012 წელს სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა დააგროვა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ქონება. 2022 ფინანსური წლისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი წმინდა ქონება 1-2 მილიარდ დოლარად შეაფასა.
    2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ასადები და მათი მეგობრები ფლობდნენ ქვეყნის აქტივების 60%-დან 70%-მდე, მათ შორის მიწას, ენერგეტიკულ ქარხნებსა და ქარხნებს.
    ჩრდილოეთ კორეა: კიმ ჩენ ინი - 5 მილიარდი დოლარი
    ითვლება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2013 წლიდან 5 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. დაახლოებით იმ პერიოდში აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა აღმოაჩინეს აქტივები და საბანკო ანგარიშები, რომლებსაც აკონტროლებდნენ უმაღლესი ლიდერი და მისი ოჯახი. მათ აღმოაჩინეს, რომ მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი დამალული იყო 200-ზე მეტ საბანკო ანგარიშზე, რომლებიც ჩინეთში და სხვა ქვეყნებში იყო, მათ შორის ავსტრიაში, ლუქსემბურგში, რუსეთსა და შვეიცარიაში.
    რუსეთი: ვლადიმერ პუტინი - 200 მილიარდი დოლარი
    რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფინანსები საიდუმლოებით არის მოცული. Hermitage Capital Management-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ბრაუდერის შეფასებით, კაგებეს ყოფილი ოფიცრის ქონება 200 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
    2018 წელს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინმა 2011-2016 წლებში ოფიციალურად მხოლოდ 673,000 დოლარი გამოიმუშავა. ასევე გაირკვა, რომ მას ჰქონდა ბინა სანკტ-პეტერბურგში და 230 აქცია სანკტ-პეტერბურგის ბანკში.
    წყარო: lovemoney.com

    bpn.ge
      ავტორი: თეონა რამაზაშვილი
  25. tvati
    ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს. პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
    ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
    ასევე უცნობია, შემთხვევას შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.
×
×
  • შექმენი...