Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.
    „მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანი ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს თავისი ევროპული მომავლის სჯერა“, - წერს პრეზიდენტი.
    შეგახსენებთ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გუშინ შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გერმანიაში ვიზიტით დაიწყო.

    ipn
  2. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
    ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრის კადრები ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
    საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დღეს გერმანიიდან ჩავიდა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
    სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.

    ipn
  3. tvati
    პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატს გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას კი - 100 ხმა სჭირდება.
    კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
    თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
    საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
    ამასთან, თუ პარლამენტმა დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

    ipn
  4. tvati
    „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
    შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
    კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარlამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
    "საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
  5. tvati
    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი საუბრობს, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს. ის დასძენს, რომ შიდა ქართლში აქამდე მსგავსი ყორღნისთვის არ მიუკვლევიათ.
    შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის 2100–1550 წლებს, რაც თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით, 4000-3500 წლით არის დაშორებული.
    არქეოლოგთა ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი სამარხი ტომის წარჩინებულ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს.
    “ეს არის, პრაქტიკულად, უნიკალური შემთხვევა შიდა ქართლში. აქამდე ასეთი დაცულობის, ასეთი ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი არ არის შესწავლილი შიდა ქართლში… ორი ხარია ჩატანებული ოთხთვალა ეტლიანად. ეს არის დასაკრძალი ეტლი, რომლის დანიშნულებაც ტომის წარჩინებული წევრის საიქიოში მოგზაურობაა.
    როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად არის გამზადებული ჭურჭლები, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. აქვე, გარდა ხარებისა, არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით. არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის [ნაშთები]. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რომლის. შეიძლება, მოზვერის…” — აღნიშნავს გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს.
    მისივე ინფორმაციით, უშუალოდ მიცვალებული, სავარაუდოდ, სამარხის ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული.
    “ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას მოგცემს ამათი აღდგენა. ამის აღდგენის გარეშე ძალიან ძნელია, რამეზე ვილაპარაკოთ…” — ამატებს ის.
    აღმოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაცია გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა გაავრცელა და არქეოლოგებსაც ის ესაუბრა. მისი ცნობით, გათხრებს გორის უნივერსიტეტი ახორციელებს, პროექტის დამფინანსებელი კი გორის მერიაა.
    გორის უნივერსიტეტის რექტორის თანახმად, ამავე ადგილას მანამდეც ჩატარდა გათხრები, რასაც ადგილობრივი მკვიდრის, ბადრი დევიძის მიერ თავის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილი არტეფაქტები დაედო საფუძვლად. სოსიაშვილის განცხადებით, გათხრების პირველი ეტაპის დროსაც იპოვეს შუა ბრინჯაოს პერიოდის სამარხი, “სადაც მიცვალებული იყო მოკუნტულ მდგომარეობაში”.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ქალაქ დნიპროში ავტომობილის გაჩერების შემდეგ დაწყებულ კონფლიქტში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოქალაქე ჯუმბერ სილოგავა სამი ტყვიით მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
    უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო ბიურო ორი მუხლით აწარმოებს:
    115-ე – განზრახ მკვლელობა [ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე]; 365-ე – სამართალდამცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა [ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან ათ წლამდე]. თავის მხრივ, უკრაინის პოლიციამ გამოძიება დაიწყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
    რა და როგორ მოხდა
    სამართალდამცავები ამბობენ, რომ საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს „იაგუარის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ისხდნენ მოკლული სილოგავა, სავარაუდოდ, მისი პარტნიორი და ორი არასრულწლოვანი შვილი. პოლიციის თანახმად, მძღოლი და სილოგავა არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ხოლო როდესაც პატრულმა მანქანიდან მათი გადამოყვანა სცადა, სილოგავამ წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური ზიანი მიაყენა პოლიციელს, რის შემდეგაც ესროლეს. თუმცა, კადრებში ჩანს, რომ სილოგავა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, თვითონ შეუიარაღებელი იყო.
    რა ელით სამართალდამცავებს?
    მომხდარიდან მალევე უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა განაცხადეს გამოძიების დაწყებაზე, ხოლო 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პოლიციელი, რომელმაც სილოგავა მოკლა.
    რა ვიცით ჯუმბერ სილოგავაზე
    უკრაინული მედიის ცნობით, სილოგავა დაიბადა 1984 წლის 1 სექტემბერს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ის სავარაუდოდ აფხაზეთიდანაა და დნიპროშია რეგისტრირებული.
    ამავე წყაროს მიხედვით, სილოგავას ორი შვილი ჰყავდა, ხოლო სამეწარმეო საქმიანობას უკრაინაში ეწეოდა 2014 წლის 14 ოქტომბრიდან. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სილოგავა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული.
    პროპაგანდა საქართველოში
    საქართველოში მმართველ პარტიასთან აფილირებული აქტორები და გვერდები, ასევე ანტიდასავლური და პრორუსული ძალები აქტიურად განიხილავენ ინციდენტს.
    მათმა ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავება ომში გაწვევის ღონისძიებების ფარგლებში ხდებოდა, რაც  სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინულის მედიისა და პოლიციის თანახმად, ავტომობილი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს.
    გარდა ამისა, მათი ნაწილი პროპაგანდისტულად ირიბად მიანიშნებს, თითქოს სილოგავას ეთნიკური წარმომავლობა კავშირშია მომხდართან და ცდილობენ მომხდარი განაზოგადონ უკრაინის მხრიდან საქართველოსა და ქართველებზე დამოკიდებულებაზე, რაც ასევე დეზინფორმაცია და მანიპულაციაა. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოებში არაფერი მიანიშნებს კონფლიქტის ეთნიკურ კონტექსტზე.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    ხვალ, 1 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
    30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს და პირველი შეხვედრა სწორედ გერმანიაში შედგებოდა.
    ამის საპასუხოდ, რამდენიმე საათში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტს გერმანიაში ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა და ის კონსტიტუციას არღვევდა.
    მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად წერილობით უარი ეთქვა უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტზე. რატომ ეუბნება მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს უცხოეთში ვიზიტებზე, ამის შესახებ განცხადებაში არაფერი ეწერა.
    პარტია „ქართული ოცნებიდან“ კომენტარი ამ საკითხზე მხოლოდ რამდენიმე წევრმა გააკეთა.
    „ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და ამაზე რეაგირებაა საჭირო.
    მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ არსებობს რისკები, რის გამოც მთავრობა უარს ეუბნება სალომე ზურაბიშვილს, რომ შეხვდეს უცხოელ კოლეგებს.

    პუბლიკა
  8. tvati
    თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 28 აგვისტოს მომხდარ ავარიას კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა. კურიერი მოპედს მართავდა, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტს შსს ადასტურებს.
    მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინაროებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
    დაკავებულია თუ არა ავტომობილის მძღოლი, „პუბლიკა” ინფორმაციას შსს-სთან არკვევს. პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
    აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

    პუბლიკა
  9. tvati
    ძაღლი, სახელად კავკასიონი ორასმა მსაჯმა განსაკუთრებული სტანდარტებით გამოარჩია და იუნიორ კლასში პირველ ადგილზე გავიდა.

    რუსთავი 2

  10. tvati
    160 F-16 თვითმფრინავი გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
    „დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ.
    სულ დაახლოებით 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
    მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა.
    ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.
    მისი მოლოდინით, F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება.

    ipn
  11. tvati
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება.
    მისივე თქმით, სექტემბერი შავი ზღვის ინიციატივასა და მშვიდობის ფორმულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე გახდება.
    „ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. და ეს, თითქმის ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბრუნდება რუსეთი ინიციატივას თუ არა“, - განაცხადა კულებამ.
    ამასთან, მინისტრის განცხადებით, პარალელურად უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებას განაგრძობს.
    „ახალი მარშრუტის მიხედვით, უკრაინის პორტებიდან გამოსული გემები, მყისვე რუმინეთის ტერიტორიულ წ####ბში შედიან. ამ დერეფნით უკვე 2-მა უკრაინულმა გემმა ისარგებლა“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

    იპნ
  12. tvati
    დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა: ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს წერილობით. პარტია “საქართველოსთვის” გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს კორუფციული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყებას თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს. 
      “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლები საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს გამოძიების დაწყებას, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. გამოძიების დაწყების საფუძველია მათ შორის ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა მასმედიაში. 2023 წლის 25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ (მმართველი პარტიის მხარდაჭერით) დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ (ე.წ. გრგ) მომზადებისა და მომზადებული გრგ-ს შესრულების საკითხები, რომლებიც ეხებოდა თბილისში ცათამბჯენების/კორპუსების აშენებას, მათ შორის „სპორტის უნივერსიტეტის“, „ლაგუნა ვერეს“ და რკინიგზის სადგურთან ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და დიდ დიღომში. ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე ინვესტორი „ოცნების“ შემომწირველი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ნოშრევან ნამორაძეა; ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული პირები (მათ შორის დეპუტატის ძმა და ოჯახის სხვა წევრები) არიან; თამარ მეფის გამზირზე მშენებლობას „ქართული ოცნების“ რაჭის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის კომპანია ახორციელებს; „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებაზე გრგ-ს დავალება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე (რომელსაც ფლობს ფონდი „ქართუ“ და რომლის დირექტორიც მისი დისშვილია) გაიცა, ხოლო დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 750 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქონდა სამრეწველო ზონის სტატუსი, მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი კობა კვეტენაძე ახორციელებს. ზემოაღნიშნული იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კორუფციას - მერიის და საკრებულოს მხრიდან, სახელისუფლებო პარტიისთვის არამართლზომიერი სარგებლის მინიჭების სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას. კორუფციული გარიგებების შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სამშენებლო პროექტების განხილვა და ნებართვების გაცემა მოხდა დაჩქარებული წესით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ მომხდარა სათანადო საჯარო განხილვები ურბანისტების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, სეისმოლოგების, გეოლოგების, ტრანსპორტის სპეციალისტების მონაწილეობით. ქ. თბილისის მერიასთან დაკავშირებული სისტემური კორუფციის არაერთ სავარაუდო ფაქტზე მიუთითებს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ა/წ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აღნიშნული შპს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულ სუბიექტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალი, სხვა საკითხებთან ერთად, არის დედაქალაქში არსებული სადრენაჟე ქსელებისა და სანიაღვრე კოლექტორების ექსპლუატაცია და მოვლა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად, დაიწყოთ გამოძიება, დეტალურად შეისწავლოთ როგორც არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კორუფციის ზემოაღნიშნული, ისე ანგარიშში მითითებული კორუფციის სხვა ფაქტები და საზოგადოებას დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული რეაგირების შესახებ” - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
  13. tvati
    გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა.
    „ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა“, - წერს შეპსი სოციალურ ქსელში.
    გრანტ შეპსი ბენ უოლესს ჩაანაცვლებს, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში მსახურობდა. რაც შეეხება გრანტ შეპსს, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობის გარდა, მას სხვადასხვა დროს ბიზნესის მინისტრის, ტრანსპორტის მინისტრის, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობები ეკავა.
  14. tvati
    აშშ-ს კონგრესის მოხსენების თანახმად, რუსეთმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა.
    მოხსენებაში, რომელიც ამერიკის დაზვერვის მონაცემებზეა დაფუძნებული, ნათქვამია, რომ რუსეთმა 2022 წლის მოსავლიდან, დაახლოებით, 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა.
    „სატვირთო გემებს, რომლებიც მითვისებული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, მარცვლეული თურქეთის სანაპიროს გავლით, სირიის, ისრაელის, ირანის, საქართველოს და ლიბანის პორტებში გადაჰქონდათ“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
    უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს კრემლი სირიას, ასევე გვალვისგან დაზარალებულ აფრიკის ქვეყნებს აწვდის.
  15. tvati
    გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
    „მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას", - აცხადებს გრანტ შეპსი.
    აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგური მოინახულა და დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხსოვნის კედელთან პატივი მიაგო.

    იპნ
  16. tvati
    გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.
    ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

    იპნ
  17. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა და რომ მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ. ზელენსკიმ ამის თაობაზე ვიდეომიმართვაში თქვა 30 აგვისტოს. „ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება, სამართალდამცავები მალე დაასრულებენ მუშაობას. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა“ - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის შესახებ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა 24 თებერვლის შემდეგ. შესაბამისი სტატისტიკა დღეს ეროვნულ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე წარადგინეს. არის შემთხვევები, როცა გასული წლის თებერვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებით ათჯერ გაიზარდა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა“. ზელენსკის თქმით, სრულიად ნათელია, რომ ეს იყო კორუფციული გადაწყვეტილებები, რასაც მოწმობს სისხლის სამართლის საქმე სამხედრო-სამედიცინო კომისიების და სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომლების წინააღმდეგ. მან დაასახელა ასევე თანხა, 3-დან 15 ათას დოლარამდე, რომლის მიცემა ქრთამის სახით იყო საჭირო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სხვადასხვა ფორმებისთვის. ზელენსკის თქმით, ცალკე გააანალიზებენ საზღვარგარეთ იმ წასულთა სიას, რომლებმაც ქვეყნის დატოვება მოახერხეს კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით, კერძოდ, მათი გადაწყვეტილების დახმარებით, ვინც „უკვე დაიჭირეს ქრთამის აღებისთვის“.   ზელენსკის თანახმად, ლაპარაკია „მინიმუმ ათასობით ადამიანზე“. აგვისტოს დასაწყისში, კორუფციასთან მებრძოლი უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ნოვიკოვმა განაცხადა, რომ სააგენტომ დაიწყო 1795-დან 135 სამხედრო კომისარიატის მეთვალყურეობა უკრაინაში. 8 აგვისტოს გამოძიების უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უწყება იძიებს 112 საქმეს ტერიტორიული რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრების თანამდებობის პირების წინააღმდეგ, 15 ბრალდება უკვე სასამართლოებს გადაეცა. 11 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მათ გადაწყვიტეს ყველა რეგიონული სამხედრო კომისრის თანამდებობიდან დათხოვნა.

    radio tavisupleba
  18. tvati
    უკვე მერამდენე შემთხვევაა, რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე ატარებს ბრიფინგს, სადაც რუსთავის საკრებულოში ოპოზიციას მიზანმიმართულად მოიხსენიებს კოლექტიურად, კოალიციურად და “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას ჩვენს პარტიას აკისრებს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს.

    მისი თქმით, რაც შეეხება ერთ-ერთი კომისიის სხდომის მოწვევას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ვალდებულება, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს.
      "კოალიცია მე ვიცი ისეთი, “ქოცებმა” და “ნაცებმა” ერთად რომ გაუზარდეს რუსთაველებს დასუფთავების მოსაკრებელი, მაშინ არ მახსენდება, “რუსთაველებზე მზრუნველ მერს” ბრიფინგი ჩაეტარებინა.  რაც შეეხება კონკრეტულად საკითხს, რომელიც შეეხება ერთ-ერთი კომისიის სხდომის მოწვევას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ვალდებულება, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს. ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა უკვე რამდენჯერმე მოუწოდეს “ნაციონალურ მოძრაობას” კომისიის სხდომის ჩანიშვნისკენ! იმედს ვიტოვებთ, სხდომის დროული ჩანიშვნით ეს საკითხი ამოიწურება!", - წერს ბერდია სიჭინავა. 


    ცნობისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ოპოზიციურ გაერთიანებას რუსთავის განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებს. ქალაქის მერი აცხადებს, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ამჯერად ქალაქში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ჩერდება.
  19. tvati
    თბილისის მერიის ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.
    კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
    ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში 31 აგვისტოს, 22:00 საათზე დაიწყება.

    netgazeti
  20. tvati
    უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული გუშინდელი მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვი სავარაუდოდ, თავის საჰაერო თავდაცვას გადახედავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
    „ამ უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბევრმა მიზანს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება. რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლავდეს ამ თავდასხმებს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
    უწყების შეფასებით, პსკოვისა და სოლცის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები ადასტურებს, რომ აქვს დრონები, რომლებსაც მნიშვნელოვან მანძილზე წვდომის უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ადრინდელი რეაგირება დარტყმებზე, შეიძლება ეფექტური აღარ იყოს. „სავარაუდოდ, რუსეთს მოუწევს, განიხილოს საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატება აეროდრომებზე, რომლებიც, მისი აზრით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
    შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ქვეყნის 6 რეგიონში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, გუშინდელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ომის დაწყების შემდეგ.

    ipn
  21. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
    „საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
    ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

    ipn
  22. tvati
    ევროკომისია არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელებაზე. Politico-ს თანახმად, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, დანა სპინატმა გუშინ, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
    “ჩვენ თარიღზე არ ვართ ორიენტირებული, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლო მუშაობაზე ვართ ორიენტირებული, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”, — განმარტა სპინატმა.
    მისი თქმით, შარლ მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკითხი არ განუხილავს ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება ოცნება აღარ არის და ევროკავშირი 2030 წლისთვის უკვე მზად უნდა იყოს ამისთვის. ის სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.
    შარლ მიშელის თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას განიხილავენ.
    „ჩვენ მყარ პოზიციას დავიკავებთ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე. მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან მე ველი ველი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.
     
    netgazeti
  23. tvati
    უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა.
    ცნობისთვის, გერმანიამ აქამდე უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა (ერთი მაისში, მეორე ივნისში).
    ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს გადასცა დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81 გამწევი, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 13 მილიონ ტყვიაზე მეტი და საველე ჰოსპიტალი.
    ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 30 Leopard 1 ტანკს გადასცემს მას შემდეგ, რაც გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall ისინი ბელგიისგან შეისყიდა.
  24. tvati
    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გამოუშვა რუკების ოფიციალური კომპლექტი, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია მედიისთვის. ამ რუკებზე პეკინის მოკავშირე რუსეთის კუთვნილი ტერიტორიები აღნიშნულია ჩინეთის ტერიტორიად, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“.
    რუკაზე ჩინეთს მიაკუთვნეს დიდი უსურიისკის კუნძული, რომელიც მდინარე ამურზე მდებარეობს. 2008 წლის შეთანხმებით იგი რუსეთმა და ჩინეთმა გაიყვეს, თუმცა რუკებზე ის სრულიად ეკუთვნის ჩინეთს.
    ინდოეთის შემთხვევაში, ჩინეთის კუთვნილებადაა ნაჩვენები არუნაჩალ-პრადეშის რეგიონი და დოკლამი, რომელიც ქვეყნებისთვის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს.
    ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა. ოფიციალურ მოსკოვში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
    რუკები გამოქვეყნდა დიდი ოცუელის სამიტამდე თითქმის ორი კვირით ადრე – ღონისძიება 9-10 სექტემბერს, ინდოეთშია დაგეგმილი. რუსეთს სამიტზე წარადგენს სერგი ლავროვი, საერთაშორისო ძებნაში მყოფი ვლადიმერ პუტინის ნაცვლად.

    ნეტგაზეთი
  25. tvati
    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ხეივანზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს საღამოს 21:00-დან ხვალ დილის 11:00-მდე საბურთალოს და ვაკის რაიონებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდებათ. 
    „გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
    აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 31 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
    ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, III და V კვარტლების ნაწილს, ქავთარაძის ქუჩის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს. ნუცუბიძის I და II პლატოს, ნუცუბიძის ქუჩის და IV პლატოს ნაწილს.
    ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, მიქელაძის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ჩიქოვანის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, ბანძელაძის, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის, შავგულიძის, მინდელის ქუჩების ნაწილს.
    სოფელ დიღომში: დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ფარნავაზის, ჩხიკვაძის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინის, ჯანიაშვილის, გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის და მიმდებარე ქუჩებს.
    “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

    bm.ge
×
×
  • შექმენი...