Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გიორგი გახარია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან იმ შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდნენ, არ ყოფილა.
    მისი თქმით, სანქცირების პროცესი არა სურვილებზე, არამედ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა აწყობილი.
    „რაღაცას რომ ამბობ, მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შეიყვანო, მანდ რეალობა რა იყო, გიორგი გახარია მისული იყო იმ სასტუმროში, უნდა გამართულიყო შეხვედრა, თან ეს შეხვედრა არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ან სხვა პარტიის წევრებთან, თვითონ შეხვდა, დამოუკიდებლად უნდა შეხვედროდა და როგორ წარმოგიდგენიათ... რომელი ჟანრიდან არის იცით ეს? აშშ-ში სასტუმროში თითქოს მიხეილ სააკაშვილს რომ შეხვდა, „კოკაინშინკი“ რომ არის, ამ ჟანრიდან არის ეს იაფფასიანი ტყუილი“, - განაცხადა დაუშვილმა.
    კითხვაზე: დააზუსტოს რა არის კონკრეტულად ტყუილი, იყო თუ არა გახარია იმ შეხვედრაზე, სადაც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდნენ და ივანიშვილის სანქცირება მოითხოვა თუ არა? - დაუშვილი პასუხობს: „არა, რა თქმა უნდა“.
    „გახარიამ რაზე ისაუბრა, ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ?! შესაბამისად, ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად შეხვდა და ითხოვდა ქვეყნის სანქცირებას, კარგით რა, ტყუილსაც ხომ საზღვარი უნდა გააჩნდეს?! ტყუილს რომ ამბობ, საზღვრები და საფუძველი უნდა ჰქონდეს, ასეთი იაფფასიანი ტყუილები წარმოუდგენელი და მიუღებელია. ვინც ეს ტყუილი გაავრცელა მათ ადგილზე, გახარიას ეთერში მივიწვევდი და დაველაპარაკებოდი, რას ხედავს, ქვეყნის განვითარებას როგორ ხედავს, მისი პოზიციონირება რა არის, იმას მაინც ვკითხავდი რაზე შეხვდა. ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია ამ თემაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ სანქციას, რომელიც ეხება ქვეყანას ან მის მოქალაქეს, ჩვენი პარტნიორები ასეთ სანქციებს გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ კონკრეტული საფუძველი, რომ სანქციები გამოიყენონ. ეს საფუძველი რა შეიძლება იყოს - მაგალითად, ის, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, ომის წარმოებაში და ბევრი სხვა რამ, რომელზეც იარსებებს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ გამოიყენონ სანქციები სახელმწიფოს ან კონკრეტული პირის წინააღმდეგ. შესაბამისად, თუ ასეთი საფუძვლები იარსებებს, მნიშვნელობა არ აქვს იქნება, ეს ივანიშვილი, თუ ნებისმიერი სხვა. თუ ასეთი საფუძვლები ექნებათ ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ისინი გამოიყენებენ სანქციებს, მაგრამ თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, როგორც წარმოგიდგენიათ... ჩვენ არ უნდა გავასწროთ მოვლენებს, სურვილებზე ხომ არ არის ეს პროცესი აწყობილი, ფაქტებზე და მტკიცებულებებზეა აწყობილი“, - განაცხადა დაუშვილმა.

    ინტერპრესნიუსი
  2. tvati
    პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, პირველი, მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და მეორე, არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.
    „ეს არის ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რეალობა არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ის, გასულ წელს, უკრაინაში შეიჭრა. პირველი არის ის, რომ მან სრულიად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ძალა და გამბედაობა, მეორე სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
    მან იმ დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ნატო-მ და ევროკავშირმა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ აღმოუჩინეს და ხაზი გაუსვა, რომ ამ დახმარების საშუალებით უკრაინამ რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევის დაწყება შეძლო.
    „ჩვენმა დახმარებამ შესაძლებლობა მისცა უკრაინელებს, კონტრშეტევა დაეწყოთ. ისინი თანდათან აღწევენ წარმატებას. ეს არის მძიმე, რთული ბრძოლა, მაგრამ მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი პოზიციების გარღვევა და წინ მიიწევენ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

    იპნ
  3. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” თანამშრომელი დააკავა.
    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ეუფლებოდა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ პრეპარატს და ასაღებდა.
  4. tvati
    "კალა მერმა თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციას ხალხის შეცდომაში შეყვანა დააბრალა, ხალხს აჯერებენ, მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულიაო. ამ ფოტოს კიდევ ერთხელ კარგად შეხედე კალა მერო და რასაც თბილისს დ ამ შემთხვევაში ტვერელის ტაძარს უკეთებთ ერთგვარი კი არა, სწორედაც რომ უდიდესი დანაშაულია, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება! მოვუწოდებ თბილისის მერს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟის დასაწყებად და იმ პირობის შესასრულებლად, რაც პირადად გასცა, რომ ამ ადგილას მხოლოდ 2-3 სართულიანი მცირე ტერასული ნაგებობა აშენდებოდა!"

    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. 
  5. tvati
    აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
    თავდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, დამატებით საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, 81 მმ ნაღმმტყორცნი ჭურვები და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვები Abrams ტანკებისთვის.
    გარდა ამისა, პაკეტში შევა TOW რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 კომპლექსები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, ტაქტიკური აერონავიგაციური სისტემები, დაცული კავშირის ტაქტიკური სისტემები.
     
    ipn
  6. tvati
    "პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე: " საპარლამენტო მუშაობაში, არის საზედამხედველო მექანიზმები და პარლამენტის წევრებმა, მიმართოთ ღია კითხვებით შესაბამის უწყებებსო და მიიღოთ პასუხები-ო"  ბატონო შალვა, მოგმართავთ საჯაროდ: თქვენ, არ გამოიყენეთ შესაძლებლობა 12 რეკომენდაციის შესრულებისას, რეალურად გაგეძლიერებინათ პარლამენტის ზედამხედველობა, მაგალითად "პარლამენტის წევრის კითხვაზე" პასუხის დაგვიანებისას დაგეწესებინათ პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმი! ეხლა კი ცდილობთ საზოგადოებას აჩვენოთ, რომ მოქმედი მექანიზმები რეალური და შედეგიანია.  არც ერთ წერილზე, რომელიც ეხებოდა შოვის ტრაგედიას, პრემიერ ღარიბაშვილს პასუხი არ გაუცია. ასევე არ გაუცია პასუხი არც ერთ მინისტრს სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით და რომლებზეც პასუხის გაცემა, წესით - სავალდებულოა!  ცრუობთ! როდესაც საზოგადოებას ასაღებთ ამ მექანიზმების გამოყენების მიზანშეწონილობას!"


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
  7. tvati
    „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
    პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი „ლოიალური ცესკოს“ მიერ ჩასატარებლად.
    „ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა, რომლის მიზანი 2024 წლის არჩევნებზე მოქალაქეთა არჩევანის მოპარვის მცდელობა და არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესის შენიღბვაა.
    ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 90 ხმით არჩევის წესის ინიცირება ხელისუფლების მხრიდან (მაშინ, როცა სულ რაღაც 2 თვის წინ საჭირო ხმების რაოდენობა 100-დან 76 ხმამდე შეამცირეს და ცესკო საკანონმდებლო დონეზე დაიქვემდებარეს), არის თითქოსდა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ყალბი მცდელობა (სახალხო დამცველის არჩევის მსგავსად), რეალურად კი საზოგადოების მოტყუება და ხელისუფლებისადმი ლოიალური ცესკოს თავმჯდომარის და წევრების გარანტირებულად არჩევა ფორმალურად უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, რაც ოცნებისთვის ჩვეული პოლიტიკურ-თაღლითური ხელწერაა.
    როგორც სჩანს, ხელისუფლებას განზრახული აქვს ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან გარიგებით/მოსყიდვით, აირჩიოს ცესკოს მორჩილი თავმჯდომარე და წევრები, ზუსტად ისე, როგორც აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები (მაგ.: ნაცმოძრაობის ფრაქციის ხელშეწყობით). ამგვარი გარიგების/მოსყიდვის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, ოცნების მიზანია 90 ხმით ცესკოს თავმჯდომარის და წევრების აურჩევლობაში ოპოზიციის დადანაშაულება და მათი არჩევა უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით.
    მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებებით არათუ ვერ იქნება აცილებული არჩევნების გაყალბების რისკები, არამედ კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი ლოიალური ცესკოს მიერ ჩასატარებლად.
    პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს”, - ნათქვამია განცხადებაში.
  8. tvati
    თბილისში მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მტკვარში ბავშვს ეძებენ.
    როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულია შეტყობინება მდინარეში ადამიანის ჩავარდნის შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
  9. tvati
    „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის.  საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა.
    კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.
    იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც  76 ხმას მიიღებენ, მაშინ საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ,  პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.
    თუმცა, ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ, ივნისში, მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
    როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის მორიგ ჯერზე ცვლილება ევროკომისიის შუალედური შეფასებითაა განპირობებული.
    „საარჩევნო წესთან დაკავშირებით, რომელიც ივნისში იქნა მიღებული და შემდგომში ვეტო დაძლეული, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, სხვანაირი მიდგომა ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ კონკრეტული საკითხები განვიხილეთ და ვნახეთ რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ მთავარი მიზანი იქნას მიღწეული – ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დროულად იქნან არჩეული და სრულფასოვნად ფუნქციონირებადი გახდეს საარჩევნო კომისია. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ წარმოგვედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვართ, პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით არის რეკომენდებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
    მიქანაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და სექტემბრის ბოლომდე მიიღებს.
    „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო ორ წელში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებებით მიიღო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.
    მმართველი გუნდის მიერ ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.
    „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
    ცესკოსთან დაკავშირებით ბოლოს მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია.

    ნეტგაზეთი
  10. tvati
    „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გაწევრიანება არ არის რაღაც საჩუქრის მსგავსი, ან რასაც ეს სახელმწიფოები იმსახურებენ… ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“, — მიიჩნევს გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი.
    „ნეტგაზეთი“ მას თბილისის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა.
    ევროკავშირის კანდიდატობა
    „ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო პრიორიტეტებს. გადაწყვეტილება ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება კომისიის შეფასებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ 12 პრიორიტეტზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საიდუმლო არაა, რომ მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი და კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გზაა. ბრიუსელისგან ამ შემოდგომაზე საჭიროა სიგნალი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირს უნდა საქართველოს მიღება და ემხრობა გაფართოების იდეას, როგორც კონტრიბუციას საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ვერ განვსჯი, ეს ავტომატურად გამოიწვევს თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მწამს, რომ თუ ვაპირებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო ძალიანაც არ უნდა ჩამოვიტოვოთ“, — მიიჩნევს ჰარმსი.
    რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რებეკა ჰარმსი მესამედ სტუმრობს საქართველოს. მისი დაკვირვებით, ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილებისთვის პრობლემა ახლა შექმნილია საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც ბრიუსელში „შერეულ სიგნალებს აგზავნის“. ჰარმსი ჩამოთვლის, კონკრეტულად რა იწვევს მის შეშფოთებას:
    საქართველოს მთავრობა აცხადებს, სანქციებს არათუ არ არღვევს, იქით ეხმარება ევროპის ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების გამოვლენაში. რებეკა ჰარმს არ სჯერა, რომ სანქციები არ ირღვევა იმ „ღრმა ეკონომიკური ურთიერთობების“ პირობებში, რომელიც საქართველოს რუსეთთან აქვს.
    რებეკა ჰარმსმა ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) უნგრეთში, „ყველა იმ გლობალურ ლიდერთან ერთად, რომელიც ექსტრემალურად ანტიევროპულები არიან და ამავდროულად არ უერთდებიან ალიანსებს რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინაში“.
    მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, ყოფილი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური გათვლებით უნდა მიიღოს:
    „ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა რეალურად არ არის ევროპული გზის ერთგული. მეორე მხრივ, ისე არ უნდა მოხდეს, ჩვენი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ მარტო იმას, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. გაფართოება არა მხოლოდ იმ ქვეყნების ინტერესებშია, რომლებიც ევროკავშირს უერთდებიან, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიცაა. შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ნათელია, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში და შემდეგ ნატოში, აძლიერებს ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებას“.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტი
    გაფართოების პაკეტის ფარგლებში შეფასების მოლოდინში, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო ევროპული ტურნე კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდასაჭერად. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ზურაბიშვილი პირიქით, აზიანებს პროცესს, რადგან საჯაროდ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ნებართვის გარეშე მაინც გაემგზავრა ევროპის დედაქალაქებში, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. რებეკა ჰარმსი აღნიშნულს „ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს.
    „პრეზიდენტმა რეალურად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველო გასულ წელს საერთოდ ხელცარიელი არ დარჩა და მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, მიიღო ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების სია. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნამდვილად დაეხმარა ამ პროცესს. მიუხედავად სუსტი მომენტებისა, როცა დებატები ეხებოდა ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ პატიმრებს და მედიის თავისუფლებას საქართველოში, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და მისი იმპიჩმენტი არის სიგნალი ევროკავშირის წინააღმდეგ“, — ამბობს ჰარმსი.
    ომი უკრაინაში
    რებეკა ჰარმსი მათ შორისაა, ვინც აკრიტიკებს დასავლეთს უკრაინის არასათანადო მხარდაჭერისთვის. ის ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არა, მაგრამ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში წამოწყებული კონფლიქტის შემდეგ დარწმუნებულია რუსეთის ტოტალური დამარცხების აუცილებლობაში.
    „მე 2014 წლიდან ვიცი, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია. საქართველოს ომიდან ვერა, მაგრამ ყირიმის ანექსიის შემდეგ ვისწავლე გაკვეთილი. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ყველა მთავრობა, რომელიც უკრაინას ამ ომში ეხმარება, რუსეთის სრულ დამარცხებას ემხრობა. ამ მიზნის გათვითცნობიერების ნაკლებობას მივყავართ უკრაინის ნაკლები მხარდაჭერისკენ. გადაწყვეტილებების მიღების თანდათანობითი პროცესი; ყოყმანი თუ რა იარაღს მივაწვდით; ვაწვდით უფრო ნაკლებს, ვიდრე უკრაინელები ითხოვენ; ყოველთვის ვაჭიანურებთ მიწოდებას; არ ვზრდით იარაღის და აღჭურვილობის წარმოებას ევროკავშირში — ეს არის ნიშნები, რომ ამ ომის თავისებურება და საფრთხე ევროკავშირისთვის დასავლეთში კარგად არ არის გაცნობიერებული. გააზრებულია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში; ყველა ქვეყანაში, რომელმაც გამოცადა რუსული კოლონიალიზმი და იმპერიალიზმი, მაგრამ არა — აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში თუ იტალიაში“.

     ნეტგაზეთი
  11. tvati
    “ორივე მიმართულება - სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგები. ამ ორი უწყების გაერთიანების მიზანი იყო ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება, მობილურობა, უფრო ეფექტური მართვა და ნაკლები ბიუროკრატია, მაგრამ რეალურად ეს შედეგი არ დამდგარა, იმიტომ, რომ ოპტიმიზაციის კუთხით ხარჯების არანაირი შემცირება არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით, რომ უბრალოდ ორი მინისტრის ნაცვლად ერთი მინისტრია და ერთი უწყებაა. ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით შედეგი არ ყოფილა, მობილურობის კუთხით შედეგი არ ყოფილა, ბიუროკრატიის აპარატის კუთხით შედეგი არ ყოფილა. საბოლოოდ კი შედეგად მივიღეთ, რომ ორი მნიშვნელოვანი უწყება გაერთიანდა, გახდა ძალიან დიდი მონსტრი, რომლის მართვა რეალურად გაპრობლემდა. აღნიშნული უწყებების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგანაც ცალ-ცალკე ეს ორი სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგემება.”


    შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 



    ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/KereselidzeShalva/videos/964618511263325/
     
    375139010_853393419735569_1817250544736211158_n.mp4
  12. tvati
    ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

    მისი განცხადებით, "ოცნების" მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში, სინამდვილეში, კი ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვთ, რომ 90 ხმას "შეუკრავენ" ზუსტად ისე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზე. 


    "საინტერესოა ოპოზიციიდან ვინ მიეხმარება ოცნებას, რომ 12 პუნქტის შესრულების სახელით, მორჩილი თავმჯდომარის და წევრების არჩევა შეძლონ. შეცდომაა ამ სატყუარის უკანდახევად შეფასება. სულ რაღაც 2 თვის წინ ხელისუფლებამ შეცვალა კანონი და დაადგინა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 5 წლის ვადით არჩევა 100 ხმის ნაცვლად უბრალოდ უმრავლესობით - 76 ხმით. ამასთან, შეზღუდა პრეზიდენტის როლი და კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ახლა შემოაქვთ თავმჯდომარის და წევრების არჩევა 90 ხმით, პირველ ჯერზე აურჩევლობის შემთხვევაში - მომდევნო ორ ჯერზე 76 ხმით, ხოლო აქაც აურჩევლობის შემთხვევაში - პრეზიდენტი აირჩევს. კანდიდატურებს ისევ პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ოცნების მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში (რომ თავმჯდომარეს და წევრებს ფორმალურად ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულად არჩეულის სახლი არ დაერქვას, რაც ახლა ჰქვია). სინამდვილეში, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვს, რომ 90 ხმას შეუკრავენ ზუსტად ისე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზე შეუკრეს, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ დააპლიუსონ ცესკოს თავმდჯომარის არჩევა ისე, როგორც სახალხო დამცველის არჩევა დააპლიუსეს (ეცდებიან ასე გაყიდონ ბორელთანაც). სინამდვილეში კი მივიღებთ ხელისუფლებისადმი ლოიალურ ცესკოს თავმჯდომარეს (რომელზეც იტყვიან, რომ ოპოზიციამაც აირჩია, ზუსტად ისე როგორც სახალხოზე ამბობენ), რომელიც 2024 წლის არჩევნებს ჩაატარებს, მათ შორის ელექტრონული ხმის მიცემის ადმინისტრირებას განახორციელებს. ანუ, არაფერი იცვლება. ცესკოს მორჩილ თავმჯდომარეს ირჩევენ და ცდილობენ ხალხი მოატყუონ. თუ ოპოზიციის ცალკეულ წევრებს ვერ გაურიგდნენ, მაინც აირჩევენ სასურველ თავმჯდომარეს და წევრებს უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით, ხოლო ოპოზიციას საბოტაჟში დაადანაშაულებენ. საბოლოო ჯამში, ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ 2024 წლის არჩევნები ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულმა ცესკომ უნდა ჩაატაროს. ამაზე მნიშვნელოვანი თემა ვფიქრობ, არ არსებობს.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  13. tvati
    მორიგი ტყუილი “გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა” და “გახარია კოკაინშიკია”-ს შემქმნელებისგან, ანუ რუსთავი 2-ის ტყუილების ახალი გამოშვება. ფეიქების გავრცელებაში მაგრები გახდით, მაგრამ აბა, იმდენად მაგრები თუ ხართ, ეთერი გაგვიხსნათ და მოგვიწვიოთ ხოლმე - თუ ნაცებთან ლაპარაკი უფრო კომფორტულია თქვენთვის? აი, ასე გახდა ოცნების ხელში რ2 ნაცების დროინდელი რ2-ის ზუსტი, მაგრამ უფრო ღიმილისმომგვრელი ვერსია.


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეუტატი. 
  14. tvati
    უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ინფორმაციას ავრცელებს.
    „დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში.
    ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს საარტილერიო დარტყმა იყო.
    მან, ასევე, დაადასტურა ინფორმაცია 16 დაღუპულის შესახებ.
    "როცა, ვინმე, ჯერ კიდევ, მსოფლიოში რაიმე რუსულთან ცდილობს საქმის დაჭერას, ეს რეალობაზე თვალების დახუჭვას ნიშნავს. თავხედობა - ბოროტია, არამზადულია. სრულმასშტაბიანი არაადამიანობაა. რუსი ტერორისტების არტილერიამ ახლახან 16 ადამიანი მოკლა ქალაქ კონსტანტინოვკაში, დონეცკის ოლქში. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი, უდანაშაულო ხალხი - ბევრი დაიჭრა. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა! ჩვენ რუსულ ბოროტებაზე, რაც შეიძლება მალე, უნდა ვიმარჯვოთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

    იპნ
  15. tvati
    უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის დანიშვნას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Telegram-ზე რადას დეპუტატები ავრცელებენ.
    უმეროვის კანდიდატურას 338 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
    დეპუტატების განმარტებით, დანიშვნის პროცედურა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე ჩატარდა. სახელმწიფო მეთაურს რადაში მუდმივი წარმომადგენელი წარადგენდა.
    შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში რუსტემ უმეროვი მე-4 თავდაცვის მინისტრი გახდა.

    იპნ
  16. tvati
    „ეს იმედგაცრუება იქნება ხალხისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა“, – მიიჩნევს კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.
    როგორ უნდა გავიგოთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები უკრაინაზე, რას ველოდოთ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მხრივ, რამდენად (არ) უშლის ხელს ევროინტეგრაციას პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – ვოლკერმა „ნეტგაზეთის“ ამ და სხვა კითხვებს თბილისში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციისას ჩაწერილ ინტერვიუში უპასუხა.
    კონფერენციის მრავალი მონაწილისგან განსხვავებით, ვოლკერი ოპტიმისტურადაა განწყობილი კანდიდატის სტატუსის მონიჭების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კი – ნაკლებად კრიტიკული.
    ბატონო ვოლკერ, კონფერენციის დასაწყისში მოვისმინეთ ჯორჯ ბუშის მიმართვა, რომლის პრეზიდენტობისაც ნატოში აშშ-ის ელჩი იყავით. ბუშის განცხადებით, საქართველოში თანდათან იზრდება რუსეთის გავლენა. ეთანხმებით ამ შეფასებას?
    უნდა შევხედოთ, კონკრეტულად რას ნიშნავს ეს. რასაც მე ვუყურებ, საქართველოში მრავლად შემოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები – მათ ინტერესებშია, პუტინიზმს გამოექცნენ. თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს უჭერენ მხარს. ენის და რუსეთთან კავშირების მხრივ მეტი გავლენაა, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ.
    ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საქართველომ აღიაროს, რომ ეს ხალხი პუტინიზმს გაურბის, მაგრამ თან მოითხოვოს, რომ საქართველოში ყოფნისას მათ პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას. მივიჩნევ, რომ რუს სტუმართა დიდი ნაწილი დიდი სიამოვნებით არ აქცევს ყურადღებას ამ საკითხებს.
    სულ მალე ვუახლოვდებით ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმინიჭების გადაწყვეტილების მიღებას. როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნის პროგრესს?
    ვფიქრობ, ყველა აღიარებს, რომ ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციიდან ბევრი შესრულდა. მთავრობა კონტაქტშია ევროკავშირთან და ცალკეულ წევრ ქვეყნებთან.
    უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი რეკომენდაცია საკმაოდ გაუგებარია. მაგალითად, დეპოლარიზაცია. ვეთანხმები – ეს ნომერ პირველი პრობლემაა. ხალხი იმდენადაა პოლარიზებული, რომ ვერ პოულობს თემას, რომელზეც დათანხმდება. დიახ, პრობლემა არის, მაგრამ როგორ უნდა მოგვარდეს, არ ვიცი. დეპოლარიზაციისთვის ყველას ქმედებაა საჭირო. მარტო ოპოზიციაზე ან მთავრობის თითის გაშვერა არ გამოვა. ეს ძალიან ბუნდოვანი რეკომენდაციაა.
    რთული საკითხია მართლმსაჯულებაც. ქაღალდზე ყველაფერი კარგადაა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ყველა პროცესი ამ საკითხში პარტიული გადმოსახედიდან განიხილება.
    ახლა ევროკავშირში არის დებატები – ზოგი ამბობს, გვინდა, საქართველოსგან მეტი პროგრესი ვიხილოთ და ამიტომ სტატუსი არ უნდა მივანიჭოთო. მეორე მხარეს კი, ხალხს ნამდვილად სურს ევროკავშირის წევრობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. ჯერჯერობით არ გვინახავს ევროკავშირისგან საბოლოო გადაწყვეტილების სიგნალი.
    ხანგრძლივი პროცესი ახსენეთ და მაშინ, როგორ ფიქრობთ, რამდენად ცუდი იქნება, თუ წელს სტატუსს ვერ მიიღებს საქართველო?
    ეს იმედგაცრუება იქნება ხალხისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა.
    თუმცა, სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ… როგორ ფიქრობთ, რა გააკეთეს მათ საქართველოზე უკეთესად?
    საქართველოს რეფორმებს რომ შევხედოთ, მოლდოვას წინ უსწრებთ, მაგრამ ევროკავშირში მიიჩნიეს, ასეთი აღქმაა, რომ მოლდოვა ახლა სწორი მიმართულებით მიდის, უკრაინაც, ხოლო საქართველო – არა.
    ანუ, საქართველომ შეაჩერა პროგრესი? აღარ მიდის წინ ისე, როგორც ადრე?
    ყველაფერი შედარებითია. უკრაინა ძალიან ცოტას აკეთებდა წლების განმავლობაში, საქართველო კი წინ იყო რეფორმებში. მაგრამ მაშინ კარი რეალურად არ იყო ღია, ახლა კი ღიაა.
    ამბობთ, რომ ეს დროის მონაკვეთთანაა დაკავშირებული? პირობითად, სრულმასშტაბიანი ომი რომ არა 2022, არამედ 2017 წელს დაწყებულიყო, სხვა შედეგი გვექნებოდა?
    შესაძლებელია. ომს რაც შეეხება, უნდა ვთქვა, რომ იგი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ რუსეთი დამარცხდება და უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს. ამას კი რეგიონზე ექნება გავლენა და კარები საქართველოსთვის ღია დარჩება. სწორედ ეს ცვლილებები იქონიებს ყველაზე დიდ გავლენას საქართველოზე.
    უკრაინაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ ევროინტეგრაციის კონტექსტში, უნდა გკითხოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე იმ ვიზიტების გამო, რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, სწორედ ევროინტეგრაციისთვის ხორციელდება…
    მთავრობაში ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მონიჭების საწინააღმდეგოდ გაემგზავრა ევროპაში. ეს ასე არაა. მე თავადაც მაქვს გამოვლილი იმპიჩმენტის პროცესი და მგონია, რომ ეს უბრალოდ პროცესისგან გადართვაა. მთავარი არის ევროკავშირში გაწევრიანება. იმპიჩმენტი კი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომელიც მთავარ თემას არ ეხმარება.
    არის ასეთი აზრი, რომ მთავრობამ იმპიჩმენტი ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის წამოიწყო… როგორ ფიქრობთ, მართლაც შეიძლება იმპიჩმენტი ბრიუსელში სწორედ ასე აღიქვან?
    ეს იმპიჩმენტი უფრო კავშირშია შიდა პოლიტიკასთან. პრეზიდენტი და ხელისუფლება სხვადასხვანაირად უყურებენ პრეზიდენტის როლს.
    ანუ, ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს, პრეზიდენტს „დაარტყას“?
    ორივე მხარე აფიქსირებს თავის პოზიციას. მსგავსადაა შეერთებულ შტატებშიც – ეს ყველაფერი უკავშირდება პარტიულ პოლიტიკას, ვიდრე თავად საკითხებს.
    რომ შევაჯამოთ საქართველო-ევროკავშირის ნაწილი, თქვენ რომ ევროკავშირში იყოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?
    ეჭვგარეშე, მხარს დავუჭერდი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და ქართველ ხალხს იმედი არ უნდა გაუცრუვდეს. კანდიდატობა, ამასთან ერთად, არ ნიშნავს უმალ წევრობას. უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, ქართველი ხალხისთვის და რუსეთისთვის, რომ არ მივიღებთ ნარატივს, თითქოს საქართველო არაა ევროპის ნაწილი.
    როგორ ფიქრობთ, თქვენს მსგავსად ფიქრობენ ევროკავშირშიც?
    ზოგგან კი, მაგრამ ყველგან არა. როგორც ვთქვი, დებატები მიდის და ეს ერთ-ერთი ხედვაა. მეორეგან კი აზრია, რომ მთავრობას არ გაუკეთებია საკმარისი და გადაწყვეტილება უნდა გადაიდოს.
    სტატუსის მიღების შანსებს როგორ შეაფასებდით?
    უფრო კი, ვიდრე არა. ვიტყოდი, რომ 60-40-ზე.
    როგორც გითხარით, უკრაინაზეც ვისაუბრებდით… ალბათ, დასავლურ მედიაში გინახავთ სტატიები, რომლებშიც ანონიმური დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინული კონტრიერიში ნელი ტემპებით მიდის… თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორია აზრები ამერიკულ დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში?
    აქაც მრავლადაა მოსაზრებები. სწორად ახსენეთ, რომ ეს ოფიციალური პირები ანონიმურად საუბრობენ. მე თუ მკითხავთ, ვინც სწრაფ იერიშს ელოდა, არასწორი მოლოდინები ჰქონდა. უკრაინელები გადავიდნენ იერიშზე საჰაერო ძალის, შორსმსროლელი არტილერიის, ჩვენი გადმოსახედიდან არასაკმარისი ტყვია-წამლის პირობებში, ძალიან ძლიერ გამაგრებულ პოზიციებზე. თანაც, უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეები და ამიტომ ფრთხილობს.
    უკრაინა ჭკვიანურად იქცევა, როცა ზეწოლას ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ძალების გადანაწილება უწევს. მე თუ მკითხავთ, უკრაინა ყველაფერს ძალიან ჭკვიანურად აკეთებს.
    სხვათა შორის, კონფერენციაზე გენერალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ მარტივია უკრაინის კრიტიკა ფრონტიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ყოფნისას. როგორ ფიქრობთ, იღებს ახლა უკრაინა საკმარის დახმარებას?
    მთავარი ფაქტორები, რის გამოც მეტი არ კეთდება, რაღა თქმა უნდა ესკალაციის შიშია. ისინი შიშობენ, რომ რუსეთის პროვოცირება მოხდება და მოსკოვი ესკალაციაზე წავა – შეიძლება, ნატოს წევრის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით, ბირთვული იარაღის გამოყენებით. არ სურთ, ისე შორს წავიდნენ, რომ რუსეთის პასუხი მიიღონ.
    მე თუ მკითხავთ, მსჯელობის ასეთი ხაზი ძალიან მოძველებულია. რუსეთს რომ ესკალაცია შეეძლოს, ასეც გააკეთებდა. ისინი აგებენ და იციან. რომ შეეძლოთ, მეტს გააკეთებდნენ. ასე რომ, უკრაინას უფრო შორსმსროლელი არტილერიაც და ავიაციაც უნდა გადავცეთ. ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია. რუსეთს ესკალაცია არ შეუძლია.
    რაც შეეხება ბირთვული იარაღის საკითხს, პუტინის გენერლებმაც კი იციან, რომ მათი გამოყენება კატასტროფული იქნება რუსეთისთვის. არ ენდომებათ მათი გამოყენება. თანაც, ბირთვული იარაღი არ იქნება გამოსადეგი ბრძოლის ველზე – მისი გამოყენებით ვერ დაიკავებ ტერიტორიებს.
    რუსი გენერლები ახსენეთ. უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ აჯანყებას, ან რაიმე მსგავსს, თუ პუტინი რაღაც წითელ ხაზებს გადაკვეთს? ზოგადად, რას უნდა ველოდოთ რუსეთში?
    ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა რუსეთი ვერ იგებს და უკრაინაში სულ უფრო მეტ რესურსს ხარჯავს, რუსეთი შიგნიდანაა არეული. არაა ნორმალური აჯანყება, როცა აჯანყებულებს ხალხი პურით და მარილით ხვდება. მიუხედავად პუტინის ნარატივისა, რომ ყველაფერი კარგადაა, იციან, რომ ასე არაა. ვფიქრობ, რომ რუსეთში არეულობა გაგრძელდება, ფრონტზე ცუდი ამბების მატებასთან ერთად. ხალხი იტყვის, რომ პუტინს ქვეყანა მიჰყავს დამანგრეველი მიმართულებით.
    როგორც წესი, ცვლილებები რუსეთში ზემოდან იწყება, და არა ქვემოდან…
    დიახ, რომ დავაზუსტოთ – ფსბ, გრუ, სამხედროები, ოლიგარქები – ესენი არიან საკვანძო მოთამაშეები. ყველამ იცის, რომ ეს ომი წარუმატებელია. უბრალოდ ჯერ ვერ მოუფიქრებიათ, როგორ შეაჩერონ, ან საერთოდ თუ ღირს შეჩერება. მაგრამ, რაც უფრო გაუარესდება სიტუაცია, აქამდეც მივლენ.
    დაბოლოს, საქართველოსი არ იყოს, ამერიკაშიც მომავალ წელს არჩევნები გაქვთ. არსებობს ასეთი აზრი, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას დახმარება შეუწყდება, თავად ტრამპი კი, როგორც ამბობს, ერთ დღეში დაამყარებს მშვიდობას. მართლაც არსებობს იმის რისკი, რომ ახალი პრეზიდენტის, გინდა ტრამპის, გინდა ვინმე სხვის პირობებში, უკრაინის მიმართ სხვა პოლიტიკა იქნება?
    პირველ რიგში, რესპუბლიკური პარტიიდან ბევრი კანდიდატია, ვისაც სურს უკრაინის დახმარება შეინარჩუნოს, ან უფრო მეტიც – აკრიტიკებს ბაიდენს იმისთვის, რომ იგი საკმარისს არ აკეთებს. მათ შორის არიან [გაეროში ყოფილი ელჩი] ნიკი ჰეილი, [ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი] მაიკ პენსი, [ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი] კრის კრისტი, [არკანზასის ყოფილი გუბერნატორი] ასა ჰათჩინსონი. რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებში არის ჯგუფი, ვინც უკრაინას უჭერს მხარს.
    როგორც აღნიშნეთ, პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს ომის დასრულების საჭიროებაზე, მაგრამ არ ამბობს, როგორ. სხვათა შორის, მას არ უთქვამს, რომ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს. მგონი, ეს უბრალოდ ასე აღიქმება. კარგი ამბავი ისაა, რომ იგი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე კიდევ 18 თვის განმავლობაში – პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც, თანამდებობას იგი 2025 წლის 20 იანვარს დაიკავებს. იქამდე კი უკრაინაში ბევრი რამ მოხდება. ტრამპს ჯერ არ აქვს კონკრეტული პოზიცია და არ ვიცით, როგორ მოიქცევა, როცა საქმე საქმეზე მიდგება.
    თქვენს მიერ ხსენებულ კანდიდატებს – ჰეილის, პენსს და სხვებს, მართლაც აქვთ რესპუბლიკელთა შიდა არჩევნებში გამარჯვების შანსები?
    დემოკრატიაში შანსი ყველას აქვს. დიახ, ტრამპი 40 პროცენტითაა წინ, მაგრამ არ ვიცით, როგორი იქნება ხალხის რეაქცია, თუ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საზოგადოება ნამდვილ დანაშაულად მიიჩნევს და არა „კუდიანებზე ნადირობად“ [ტრამპი, რომლის წინააღმდეგაც უკვე ოთხი საქმეა აღძრული, ბრალდებებს სწორედ ასე აფასებს – რედ.].
    ხალხი ჯერ მხოლოდ იწყებს პროცესში ჩართვას. პირველი დებატები რესპუბლიკელებს სულ ახლახან ჰქონდათ. თანაც, პარტიის დიდ ნაწილს ახალი კანდიდატი სურდა. როგორც ნიკი ჰეილიმ თქვა, საუბარია თაობების ცვლილებაზე. პრეზიდენტი ბაიდენი 82 წლის ხდება, პრეზიდენტი ტრამპი მასზე ოთხი წლითაა უმცროსი. ვფიქრობ, ქვეყანაშიცაა თაობის ცვლილების სურვილი და ამან შეიძლება რესპუბლიკურ პარტიაშიც იპოვოს გამოვლინება.
     
    ნეტგაზეთი
  17. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ.
    როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ასევე, იმპიჩმენტის მიზანი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანებაა.
    „შოვის თემამ მათი სისტემების პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის იდეოლოგიური ხაზი დაანგრია, რომელიც თითქოს ადამიანების სიცოცხლის უფლებას განსაკუთრებით ემსახურებოდა. 2012 წლის ლოზუნგს გაგახსენებთ. მეორე არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანება“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
    ის შოვის ტრაგედიის საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა სურს.
    „საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ ადამიანები, რომლებმაც აპრიორი იცოდნენ, რომ 30-ს კი არა, 40 ხმას ვერ მოაგროვებდნენ, რადგან საკუთარი გუნდის წევრები ქვეყნის გარეთ იყვნენ გასული. ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდის თეატრია, ქართულ პოლიტიკას გვერდიდან თუ შეხედავთ. ჩვენი გუნდის პოზიცია ის კი არ იყო, რომ საგამოძიებო კომისიას ვეწინააღმდეგებოდით, ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, რომ სანამ გემზე მიხვალ, უნდა გაიარო გზა A და B “, - განაცხადა ქემოკლიძემ.
    ამასთან, მისი შეფასებით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება მნიშვნელოვანია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს.
    „რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მნიშვნელოვანი იქნება, გააჩნია, რას იტყვის. ლეგიტიმური კითხვები არსებობს. ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ წერილობითაც და პასუხი უნდა გასცენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმაც. ბატონი გომელაურის პრობლემა არ იყო შოვის კრიზისს რაც უკავშირდება, მთლიანად სახელმწიფო აპარატის უუნარობა გამოჩნდა. ეს უუნარობა გამოჩნდა არა კოორდინაციით, პოლიტიკური გადაწყვეტილების ვერ მიღებით, როგორც ყოველთვის ხდება. სანამ ბატონ ბიძინას არ გააღვიძებენ, არავის უნდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ბატონო გომელაურის და შსს-ის პრობლემა კი არ არის, ეს არის სახელმწიფო აპარატის პრობლემა. პროტოკოლურად, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ. ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ახლა კეთილი უნდა ინებონ, ან პასუხები გასცენ ან მივალთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ყველა მოქალაქე ითხოვს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
    რაც შეეხება კითხვას, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისგან თავს იმის გამო ხომ არ იკავებენ, რომ კითხვები, რომლებიც შოვის ტრაგედიის კონტექსტში შეიძლება დაისვას, შესაძლოა გიორგი გახარიას, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართაც იყოს, მისი განმარტებით, არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ, პარტიის ნებისმიერ წევრს შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუკი რამე არსებობს.
    „გიორგი გახარია კი არა, ჩვენი გუნდის რიგითი წევრი საკუთარი პროფესიული წარსულიდან გამომდინარე, ერთი ერთზე რომ დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, თუკი ვინმეს რამე კითხვა აქვს, როგორც იტყოდნენ 10:0 მოუგებდნენ არგუმენტებით. ჩვენ იმის კი არ გვეშინია, რომ რაღაც ვერ გაკეთდა ჩვენი მმართველობისას, სხვები გვაბრალებენ“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.
    გარდა ამისა, მან საქართველოში დაგეგმილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ვიზიტიც შეაფასა და განმარტა, რომ მათი მთავარი სათქმელია, „საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.
    „ბატონ ბორელთან ერთადერთი სათქმელი გვექნება ჩვენ და ყველა დანარჩენს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა „ქართული ოცნება“ ამას სათავისოდ გამოიყენებს თუ არა. რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ გამოიყენოს. ახლაც ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ „მზემ ამოსვლა დაიწყო“ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიყავით ევროპული პერსპექტივის გენერატორებიო. ეს ასე არ იყო, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ“,-განაცხადა ქემოკლიძემ.
  18. tvati
    როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
    როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა.
    „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.
    ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის დასაცავად და ასევე ევროპული გზისთვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია.
    ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“-განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
  19. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“.
    „მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    იპნ
  20. tvati
    “ჩვენ ვთქვით, როცა კომისია შეიქმნება, მისი დასკვნა უნდა იყოს დამაჯერებელი და პოლიტიკისგან დაცლილი. ეს მიზანი კი მიიღწევა მხოლოდ თანმიმდევრული ნაბიჯებით. თანმიმდევრულობა კი გამოიხატება შემდეგში: დასვა პროფესიული კითხვები და დაელოდო პასუხებს. არ მოვა ეს პასუხები? დაელოდები მინისტრს. მინისტრმაც თუ ვერ გასცა შესაბამისი პასუხები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძიო კომისიით. აი ეს იყო ჩვენი სტრატეგიული მიზადი და ის რითაც განვსხვავდებით სხვა პარტიებისგან .”      კახაბერ ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი. 375041308_1449986922232872_2526300181316033100_n.mp4
  21. tvati
    „რთული დღეები გვიდგას“ – ასე აფასებს საქართველოსა და შეერთებული შტატების ამჟამინდელ ურთიერთობებს დევიდ კრამერი – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი.
    „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კრამერმა არ დაიშურა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით – უარყოფითად შეაფასა „ოცნების“ ზოგადი საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების ხაზი, კიდევ ერთხელ ისაუბრა დამატებითი სანქციების საჭიროებაზე, ჩინეთთან ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და გვითხრა, ხელისუფლების რა ქმედებები ამსგავსებს საქართველოს რუსეთს.
    კრამერს „ნეტგაზეთი“ თბილისის უსაფრთხოების კონფერენციაზე ესაუბრა.
    კონფერენციას, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვევის მიუხედავად, არ ესწრებიან. როგორც შალვა პაპუაშვილმა ახსნა, იმის გამო, რომ აქ „რადიკალური ძალები“ არიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოზე. როგორ უპასუხებდით მის განცხადებას?
    დიახ, ჩვენ მოვიწვიეთ პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ყველამ უარი თქვა და მე თუ მკითხავთ, დიდი შეცდომაც დაუშვა. პლატფორმას მივცემდით, თავიანთი ხედვის გამოსახატად.
    არყოფნა მათი გადაწყვეტილება და მათი უფლებაა, თუმცა არ მგონია ეს ჭკვიანური. მგონია, რომ ეს საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.
    ამასთან ერთად, ვიფიქრეთ, რომ ოპოზიციის არმოწვევა, მთავრობის უარის მიუხედავად, არ იქნებოდა სწორი. ოპოზიციონერებმა მოწვევა მიიღეს, რაც გვიხარია.
    რაც შეეხება იმას, თითქოს რადიკალური დღის წესრიგი გვაქვს, ამის განცხადება სასაცილოა, თუ შეურაცხმყოფელი არა. მე მთავრობის ცნობილი კრიტიკოსი ვარ, მაგრამ არც ოპოზიციის გულშემატკივარი გახლავართ. მე ვარ საქართველოს და ქართველი ხალხის გულშემატკივარი, სწორედ ამიტომ ვბრუნდები ხოლმე თქვენს ქვეყანაში. მინდა, საქართველო წარმატებული ვნახო.
    ვფიქრობ, არ ხართ ერთადერთი ამერიკელი, ვინც თავს საქართველოს გულშემატკივრად მიიჩნევს. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომლის ფონდსაც ხელმძღვანელობთ – ხომ არ გქონიათ მასთან რაიმე საუბარი საქართველოზე, რომლის დეტალებიც შეგიძლიათ გაგვიზიაროთ?
    არა, განცხადება, რომელიც დასაწყისში ჩავიკითხე, ასახავს მის აზრს. წელს მას პრეზიდენტ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც მოვუყევი. ბუში დაინტერესებული და შეშფოთებული იყო, ვინაიდან კარგად იცნობს სააკაშვილს იმ დროიდან, როცა ორივე მათგანი პრეზიდენტი იყო.
    როგორც ორგანიზაციას, საქართველოსთვის განსაკუთრებული ადგილი გვაქვს, ვინაიდან პრეზიდენტ ბუშისთვის საქართველო დიდი ინტერესის საგანი იყო. მეც ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. მსურს საქართველოს წარმატება, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვარ ზოგი მოვლენით.
    ახსენეთ, რომ პრეზიდენტი ბუშისთვის საქართველო დიდი ინტერესის საგანი იყო. არსებობს აღქმა, რომ მის შემდგომ პრეზიდენტებს და შესაბამისად ვაშინგტონს, არ ჰქონია ასეთი დიდი ინტერესი. როგორ ფიქრობთ, ეს ინტერესი მართლაც დავარდა?
    ვფიქრობ, სწორი აღქმაა, სამწუხაროდ. პრეზიდენტი ბუში იყო პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ეწვია. პრეზიდენტი ობამა, თავის მხრივ, რუსეთის გარდა [რეგიონის] არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ჩასულა. ეს შეცდომა მგონია.
    ამან, [რუსეთთან ურთიერთობების] „გადატვირთვის“ პოლიტიკასთან ერთად გააგზავნა სიგნალი, რომ ადმინისტრაცია მხოლოდ რუსეთზე იყო ფოკუსირებული. რაღა თქმა უნდა, 2014 წლამდე, როცა რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში.
    უნდა ვაღიაროთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ვიცე-პრეზიდენტი პენსი, სახელმწიფო მდივანი პომპეო და პრეზიდენტის მრჩეველი ბოლტონი ჩამოვიდნენ. ეს მნიშვნელოვანი იყო.
    რაც შეეხება ბაიდენის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, ის ამდენადვე დაინტერესებული არაა. თუმცა, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იყო ჩამოსული.
    გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშეა, იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის ყურადღება ფოკუსირებულია უკრაინაზე. ასე რომ, საქართველოს, სამწუხაროდ, ივიწყებენ, რაც იციან მოსკოვში და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ გავლენა გაზარდონ.
    ინტერესის კლების თემა რომ გავაგრძელოთ – ეს საქართველოს გადადგმული ნაბიჯების შედეგია, თუ უბრალოდ ბუშის ადმინისტრაცია იყო გამორჩეული ამ თვალსაზრისით?
    ნუ დავივიწყებთ, რომ ფერადი რევოლუციები ბუშის დროს მოხდა. თეორიულად შეგვიძლია ვთქვათ: რომ არა ვარდების და [უკრაინის] ნარინჯისფერი რევოლუციები, შეიძლება, ამხელა ინტერესი არც გვქონოდა. მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ორივე მშვიდობიანმა რევოლუციამ ორივე ქვეყანას წარმატების დიდი შესაძლებლობა მისცა, ჩვენ კი – მათთან მეტი ურთიერთობის საშუალება.
    ბუშის ადმინისტრაციაში ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, არ გვქონოდა რუსეთ-ცენტრული პოლიტიკა, რომ ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია, რომ მათი მხარდაჭერა ამცირებს პრობლემების ალბათობას.
    დიახ, ეს არ გამოვიდა – რუსეთი საქართველოში სწორედ 2008 წელს შემოიჭრა, ბუშის ადმინისტრაციის დროს. ჩემი ხედვით, რომელსაც ბევრი იზიარებს, [ნატოს 2008 წლის სამიტზე] საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის არმიცემამ თქვენი ქვეყანა უფრო მოწყვლადი გახადა. რუსეთს გაუჩინა შთაბეჭდილება, რომ ნატო არ იყო საქართველოს იმდენად ერთგული. პრეზიდენტი ბუში MAP-ის მიცემას კი უჭერდა მხარს, მაგრამ [გერმანიის] კანცლერი მერკელი იყო წინააღმდეგი.
    ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზე საუბრისას უნდა გკითხოთ: აწ უკვე ყოფილი ელჩი დეგნანი იქცა მთავრობის ზოგი წარმომადგენლის და მმართველ გუნდთან აფილირებული ძალების კამპანიის სამიზნე – ომში ჩათრევის და სხვა ბრალდებებით. თანაც, ელჩი დეგნანი ხომ მხოლოდ დიპლომატი არაა – ის ამერიკას წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნების ამჟამინდელ ურთიერთობებს?
    ელჩი, სხვათა შორის, პრეზიდენტსაც წარმოადგენს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აშშ-ის ელჩზე შეტევები სისულელე და არაჯანსაღი ნაბიჯი მგონია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს საქართველოს რუსეთს ამსგავსებს.
    ასევე, მსურს ხაზი გავუსვა – სასაცილოა, აბსურდული და შეურაცხმყოფელი „ოცნების“ განცხადებები, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. არაფერია სიმართლისგან უფრო შორს.
    საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი. ელჩი კი პრეზიდენტს წარმოადგენს, ასე რომ, ელჩზე თავდასხმით თავს ესხმი პრეზიდენტს. ეს არ უწყობს ხელს ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩემთვის კი ისე მოჩანს, რომ სწორედ ესაა კამპანიის მიზანი და ამჟამინდელ მთავრობას არ სურს უკეთესი ურთიერთობა ვაშინგტონთან.
    პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტიც, ისე მოჩანს, მცდელობაა ევროკავშირს გაეგზავნოს სიგნალი, რომ მთავრობა არაა ერთგული ევროატლანტიკური კურსის.
    როგორც ვიცი, შეტევები უკვე იყო აშშ-ის ახალ ელჩზე რობინ დანიგანზე. თუმცა, ჩვენი ელჩები ვარჯიშობენ ასეთ გამოწვევებთან გამკლავებაში.
    რაკიღა ახალი ელჩი ახსენეთ, უნდა გკითხოთ: ხომ არ იცნობთ მას? როგორი რეპუტაცია აქვს ამერიკულ დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში? რა იქნება მისი მთავარი გამოწვევა საქართველოში და რას უნდა ველოდოთ მისგან ჩვენ?
    პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ერთხელ ველაპარაკე. რეპუტაცია ძალიან კარგი აქვს – მაგარი, კერკეტი დიპლომატის – ეს კომპლიმენტია. ბოლო წლები უკრაინის საკითხებზე მუშაობდა. ვფიქრობ, იგი ამ პოსტზე ბრწყინვალე არჩევანია.
    უდიდეს გამოწვევად მიმაჩნია ამ მთავრობასთან მუშაობა, რომელიც ახლა არაა მაინც და მაინც მეგობრულად განწყობილი აშშ-ის მიმართ.
    „კერკეტი დიპლომატი“ უწოდეთ და ეგებ, მთავრობასთან მუშაობაში სწორედ ეს თვისება დაეხმაროს, მაგალითად, ელჩ დეგნანისგან განსხვავებული მიდგომა აირჩიოს?
    ყველა ელჩი განსხვავებულია. კელი დეგნანი გახდა აშშ-ის პირველი ელჩი, ვის წინააღმდეგაც რიტორიკულ შეტევებს ჰქონდა ადგილი. ვფიქრობ, ეს სიურპრიზი იყო. რაღა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ელჩზე თავდასხმები საერთოდ შეჩერებულიყო.
    ისე კი, ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც ელჩ დანიგანს ექნება და რომელიც ელჩ დეგნანს და ელჩ კელისაც ჰქონდათ, ქართველი ხალხია. ბრწყინვალე ხალხი, განწყობილი პრო-ამერიკულად, პრო-დასავლურად, პრო-დემოკრატიულად, პრო-უკრაინულად. სიმართლე გითხრათ, აშშ-ის ელჩი უფრო მეგობრულ ქვეყანაში ვერც იქნები. შეიძლება რთული დღეები გვედგეს, მაგრამ რომ გახვიდე და ქართველ ხალხს შეხვდე, უკეთესად იგრძნობ თავს.
    რთული დღეები ახსენეთ. დავუშვათ, რომ ბაიდენის ან ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაში ხართ. პირადად თქვენ, რას ურჩევდით პრეზიდენტს და სხვებს საქართველოსთან დაკავშირებით?
    ახალი ელჩის ჩამოსვლასთან ერთად, ვურჩევდი, შანსი მიეცათ მთავრობისთვის, იმედი ჰქონოდათ, რომ იგი გამოსწორდება. ისე კი, დიდი გამოწვევა იქნება შემდეგი წლის არჩევნები. უნდა უზრუნველვყოთ გრძელი და მოკლევადიანი დამკვირვებლების ყოფნა. ეს არჩევნები დიდად მნიშვნელოვანი იქნება.
    ვურჩევდი ხალხთან ურთიერთობის გაღრმავებას. მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარებაც.
    ხომ არ განიხილავდით უფრო მკაცრ მიდგომას მთავრობის მიმართ?
    როგორც იცით, მე სანქციების დიდი მხარდამჭერი ვარ. მივესალმე ოთხი მოსამართლის დასანქცირებას. მსურს ხაზი გავუსვა – არანაირ სიამოვნებას არ ვიღებ, როცა ერთად ვახსენებ საქართველოს და სანქციებს. თუმცა, ეს სამწუხაროდ ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით.
    ჩემგან იყო დამატებითი სანქციების მოწოდებებიც. ვფიქრობ, ბატონმა ივანიშვილმა მოლდოვაში პლოხოტნიუკის და უკრაინაში იჰორ კოლომოისკის მაგალითებს უნდა შეხედოს და დაფიქრდეს, სანამ არსებულ კურსს გააგრძელებს.
    ვფიქრობ, დამატებითი სანქციებიც უნდა დაწესდეს. ასევე არ მგონია, რომ კარგი იყოს პრემიერის ჩასვლა პეკინში და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მაშინ, როცა, იგი, როგორც ჩანს, დაინტერესებულია დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობების გაუარესებით. კარგი სიგნალი არც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო. მთავრობა აკეთებს იმის საპირისპიროს, რისი დანახვაც აშშ-ში სურთ.
    ჩინეთი ახსენეთ და ამაზეც აუცილებლად გკითხავთ, თუმცა სანქციების თემა რომ დავასრულოთ – რაკიღა დამატებით სანქციებს უჭერთ მხარს, ხომ ვერ გვეტყვით, ვის წინააღმდეგ?
    ბატონი ივანიშვილი ყველაზე ცხადი კანდიდატია.
    ვინმე სხვასაც ხომ არ მოიაზრებთ?
    ალბათ პრემიერ-მინისტრს. სიმართლე გითხრათ, ამ ორიდან რომელიმეს სანქცირება საკმარისი იქნება.
    ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ აშშ-ის მტრად გამოცხადების საშუალებას მისცემს – აგერ, ჩვენიანი დაასაქნცირესო?
    ამით ისინი პრობლემებში, რომლებზეც პასუხისმგებლობა თავად ეკუთვნით, ჩვენ დაგვადანაშაულებენ.
    საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება. პეკინი ვაშინგტონის მოწინააღმდეგეა. როგორია გზავნილი, რომელიც ამ პარტნიორობით მიიღეს ვაშინგტონში?
    ეს გახლავთ შემაშფოთებელი ტენდენციის ნაწილია. მთავრობა უფრო დაინტერესებულია მოსკოვთან და პეკინთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, ვაშინგტონის და ბრიუსელის ნაცვლად. ეს უფრო დიდ პრობლემაზე გვეუბნება – საქართველოს ორიენტაციაზე და ქვეყნის მომავალზე.
    ჩინეთი, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოთამაშეა. არ ვამბობ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ჩინეთთან. ჩინური ინვესტიციები შეიძლება ცუდიც იყოს და კარგიც, მაგრამ ფრთხილი უნდა იყო, როცა ზოგ ინვესტიციას უნთებ მწვანე შუქს.
    ჩინეთი, დიდწილად, მხარს უჭერს რუსეთს. პუტინი და სი ძინპინი ბევრჯერ შეხვდნენ. როგორც ჩანს, მალე პუტინი და კიმ ჩენ ინიც შეხვდებიან. ეს არაა საზოგადოება, რომელშიც საქართველო უნდა იყოს. საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის, აშშ-ის და რუსეთის იზოლაციის სხვა მხარდამჭერების საზოგადოებაში და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ჩინეთთან.
    ჩინეთიც კი, როგორც ამბობთ, არ ეხმარება რუსეთს ისე, როგორც მოსკოვს სურს. საზოგადოებები ახსენეთ და ფიქრობთ თუ არა, რომ ამ ომში საქართველო, ასე თუ ისე, რუსეთის მხარესაა?
    პირველ რიგში, უნდა განვასხვაოთ ხალხი და მთავრობა. ხალხი უკრაინას დიდად უჭერს მხარს. იგივეს ვერ ვიტყოდი მთავრობაზე. უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა, მთავრობების დაპირისპირება… საქართველოს და უკრაინას საერთო მეტი აქვთ, ვიდრე გასაყოფი. იმდენად შორსაც არ წავალ და არ ვიტყვი, რომ მთავრობა რუსეთის მხარეზე დგას, მაგრამ იგი ნამდვილად არ აკეთებს საკმარისს უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის.
    ჩინურ ინვესტიციებს რაც შეეხება – დადის ხმები, რომ პეკინმა შეიძლება ჩადოს ინვესტიცია ანაკლიის პორტში – რომელიც აშშ-ის ინტერესის საგანიცაა. ეს თქვენს მიერ ნახსენებ ცუდ, თუ კარგ ჩინურ ინვესტიციად მივიჩნიოთ?
    ასე გეტყვით – ეს არაა ინვესტიცია, რომელსაც რეკომენდაციას გავუწევდი.
    რა საფრთხეებს ხედავთ?
    ეს მნიშვნელოვანი პორტია. ჩინეთის მსგავსი ქვეყნის მიერ მისი კონტროლი ჭკვიანური არაა.
     
    ნეტგაზეთი
  22. tvati
    კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება.
    გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა.
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც.
    აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას გაუწია 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

    რადიო თავისუფლება
  23. tvati
    გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    მათივე ცნობით, ახალ პაკეტში შედის 10 000-ზე მეტი ჭურვი Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის და ასევე შეჯავშნული ხიდგამდები Beaver.
    გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა საზღვრის დაცვის ოთხი მანქანა, 20 000 სათვალე, 32 სატვირთო Zetros-ი, და ოთხი ნახევრადმისაბმელი.ახალ პაკეტში ასევე შედის რვა მილიონზე მეტი ვაზნა და თითქმის 40 მმ-იანი 27 000 ერთეული საბრძოლო მასალა.
  24. tvati
    საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, ამჟამად აშშ-ში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის საირუს ვანსის სახელობის პროფესორს, გიორგი გახარიას მრჩეველს, ანალიტიკოსს, ნატალი საბანაძეს ესაუბრა.
     
    - ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ცხელი ზაფხული იყო, მათ შორის საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ არდადეგებზეც ადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
    დაგიკავშირდით ახალი პოლიტიკური სეზონის წინ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე სასაუბროდ. იმედია ამას მოვახერხებთ, მაგრამ, ვიდრე ამ თემებს შევეხებით, გვერდს ვერ აუვლით თემას რომელთაც გასული კვირა დასრულდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება დააანონსა.
    ამ თემაზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ კომენტარები უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე სამართლებრივი. გასაგებია, რომ მმართველი გუნდის მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები აქვს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში ქვეყნის ინტერესები ზარალდება.
    გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ მთავრობის განმარტებაც თემაზე, რატომ არ მისცა მას ევროპაში ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა, დამაჯერებლად არ გამოიყურება. რადგან იმპიჩმენტის ალბათობა საკმაოდ დაბალია, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული კომპანია კიდევ უფრო გაუგებარი ხდება.
    თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ რეალობას? სავარაუდოდ, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტთან დაკავშირებით დაწყებულ ისტორიას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებმაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭონ?
    - პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა არის სიმპტომატური იმ პოლიტიკური გარემოსი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც შეიძლება დავახასიათოთ როგორც მკვეთრად პოლარიზებული, მზარდად ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული. მე ავხსნი რატომ ვიყენებ სწორედ ამ ტერმინს. მას აქვს ალბათ რამდენიმე მხარე რომელიც ზედაპირზე დევს, კონსპირაციული ფარული გეგმების არც მწამს და არც არის ამ შემთხვევაში საინტერესო, ეს არის პოლიტიკური, სამართლებრივი და ალბათ პერსონალურიც.
    სამართლებრივად მიდის დავა კონსტიტუციონალისტებს შორის, მართლა დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ, ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, ტექნიკური, ვიწროდ ტექსტობრივი წაკითხვა გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვთქვათ რომ პრეზიდენტმა არ მიიღო მთავრობისგან თანხმობა და არსად წასვლის უფლება არ ჰქონდა.
    უფრო ფართო, კონტექსტური წაკითხვა რომელიც ასევე გაითვალისწინებს 78-ე მუხლს და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს წარმოადგენდეს ქვეყანას საზღვარგარეთ, ნაკლებად ცალსახა სურათს ქმნის და კითხვის ქვეშ აყენებს მთავრობის უარის კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
    მაგრამ, კონსტიტუციაზე დავით ყურადღება არ უნდა გადავიტანოთ იმ მთავარი, პოლიტიკური ასპექტისგან რაც ამ ისტორიის ახლავს. განსჯის საკითხი აქ არა აბსურდული იმპიჩმენტი უნდა იყოს, არამედ მთავრობის უარი პრეზიდენტის ვიზიტებზე როცა ამ ვიზიტების გაცხადებული მიზანი არის ლობირება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.
    ყველასთვის ნათელია, მოგწონს ქალბატონი სალომე თუ არა, რომ ამ საქმეს ყველაზე კარგად სწორედ ის გააკეთებს ნებისმიერ სხვა მთავრობის პირთან შედარებით. მას აქვს ინსტიტუციური, პრეზიდენტობიდან გამომდინარე და პერსონალური, მისი პირადი გამოცდილებიდან და კავშირებიდან გამომდინარე წონა საამისოდ და მას სურს ამის გამოყენება. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისთვის ევროპაში ქვეყნის ინტერესების ლობირებაში ხელის შეშლა უდრის ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლას და აქ ბევრი მარჩიელობა რაა საჭირო.
    აქვე დავამატოთ პერსონალური საკითხიც, რომელიც ასევე სიმპტომატურია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის და რომელიც გულისხმობს პირადი სიმპათიებით ხელმძღვანელობას თუნდაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
    გასაგებია რომ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არის ღია, პერსონალური დაპირისპირება. პრეზიდენტმა არ გაამართლა მმართველი გუნდის იმედები და არ იქცა მათ მიერ მართულ თოჯინად. ამიტომ მისი საქციელის არაკონსტიტუციურობაზე აპელირება, მის პირად დისკრედიტაციასაც ემსახურება, თუმცა, ეს პირიქით მოტრიალდება.
    გასაგებია რომ ევროპელი პარტნიორები მას სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებენ და მთავრობის ეს ნაბიჯი აღქმული იქნება მისი ზოგადი პოლიტიკური მნიშვნელობის შესაბამისად.
    აქვე ღირს დავამატოთ რომ კარგი მომენტია ვიმსჯელოთ კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის ინსტიტუტზე. როგორც იცით, მომავალი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი. ეს სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო მოდელთან რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაგრამ მოდელის ხარისხს განსაზღვრავს კონტექსტი.
    კარგი მოდელი, შეუსაბამო კონტექსტში ვერ იმუშავებს. საქართველოში სადაც სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი მოშლილია, სადაც ერთი პარტიის დომინირების ტრადიციაა და კოალიციური მმართველობის გამოცდილება არ არის, დამოუკიდებელი, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია დემოკრატიული სისტემის დასაცავად. ეს ეპიზოდი ამაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ჩემი აზრით ეს საკითხი განხილვას იმსახურებს.
    - საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ, ამ ზაფხულში საშინაო პოლიტიკაში განვითარებულმა მოვლენებმაც, მხედველობაში მაქვს შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე და სულ ახლახან დიდი წვიმის გამო დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების გაუგებარი რეაქცია.
    აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნიდან ბევრი ხალხი გავიდა, ბევრიც წასვლას აპირებს, მეზობელი, ოკუპანტი რუსეთიდან კი მიგრანტთა რიცხვი იზრდება. ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკა არა თუ იზრდება, დუღს კიდეც, მაგრამ, რატომღაც, ეს არც სამომხმარებლო კალათის პროდუქტების ფასებს ეტყობა და არც ხალხის უმრავლესობის ჯიბეებს.
    ამ ფონზე რუსული ბიზნესი წარმატებით აგრძელებს ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობას, ამის პარალელურად კი იზრდება საქართველოს ეკონომიკის რუსულ სანქცირებულ ეკონომიკაზე დამოკიდებულება.
    თქვენ როგორ შეაფასებდით 2023 წლის ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას?
    - დავიწყებ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკით რომელიც ჩემი აზრით კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შეუზღუდავი შემოშვება იყო და არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. ამით მათ შეძლეს კოვიდით გამოწვეული მძიმე შედეგების გარკვეულ წილად გადაფარვა. რუსი მოქალაქეების შემოსვლით იხეირა საბანკო, მომსახურების, სამშენებლო სექტორებმა. ასევე მოსახლეობის იმ ნაწილმა ვინც კოვიდამდელი ტურისტული ბუმის იმედად საკუთარი რესურსი ჩადო გასაქირავებელი ფართების შესაძენად და გასამართად.
    შესაბამისად, კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი თითქოს თავიდან ავიცილეთ. მაგრამ ეს არ არის მდგრადი, განვითარებაზე მიმართული ეკონომიკური პოლიტიკა, ეს უფრო მოკლე ვადიან ეკონომიკურ ავანტიურას ჰგავს, რომლითაც მოსახლეობის უმეტესობა კი არ ხეირობს არამედ ზარალდება.
    რუსული მიგრაციას წახალისებას ასევე პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ზოგადად ჯდება რუსეთთან ურთიერთობის დათბობის კონტექსტში. აქვე აღსანიშნავია რომ საქართველო არ იქცა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა თავშესაფრად, პირიქით მათ სწორედაც რომ პრობლემები ექმნებათ საზღვარზე. რეალურად საქართველოში იქმნება ახალი ეროვნული უმცირესობა, რომელსაც, როგორც ყველა უმცირესობას, იმის და მიუხედავად მიგრაციის შედეგად შეიქმნა ის თუ ისტორიული გადანაწილების შედეგად, აქვს თავისი უფლებები და მოთხოვნები.
    მათი დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, აქ იგულისხმება განათლება მშობლიურ ენაზე, გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობა და სხვა.
    მე დიდ ხანს ვმუშაობდი ეროვნული უმცირესობების უფლებებზე ამიტომ დისკრიმინაციას ეროვნული ნიშნით რა თქმა უნდა არ ვემხრობი. უბრალოდ, არ შეიძლება არ ვთქვა რომ რუსული უმცირესობა, მოსკოვის ხელში პოლიტიკური ზეწოლის კარგად დაცდილი ინსტრუმენტია. შესაბამისად დასაფიქრებელია რა გრძელვადიანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ახალი რუსული უმცირესობის გაჩენას საქართველოში.
    რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ხდება საქართველოს მოქალაქეების გადინების ფონზე. მე ამაშიც პოლიტიკურ პრობლემას ვხედავ, რადგან ქვეყნიდან გადის ახალგაზრდა ხალხი რომელიც დემოკრატიული ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.
    ეს ის ხალხია რომლის პოლიტიკური მოთხოვნაა ადამიანის უფლებები, პირადი თავისუფლება და თანაბარი შესაძლებლობები. სწორედ ამის ძიებაში გარბიან ისინი საქართველოდან და შესაბამისად სუსტდება დემოკრატიული ტრანსფორმაციის იმპულსი ქვეყანაში.
    - საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, ახალ პოლიტიკურ სეზონზე სხვადასხვა ამოცანები აქვთ დასაძლევი და გადასაწყვეტი ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას.
    იმ რეალობების გათვალისწინებით რაც ჩვენში რეალურად არსებობს და ჩამოყალიბებულია, სავარაუდოდ, რა პრობლემები აქვს გადასაწყვეტი ხელისუფლებას, პოლიტიკური ძალებსა და საზოგადოებას?
    - ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ერთი ამოცანა აქვს, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ზედიზედ მეოთხედ მოიგოს არჩევნები ან „ქართულმა ოცნებამ“ სუფთად, რაც პროპორციული არჩევნების პირობებში რთულია, ან მის მიერ შექმნილ პარტიასთან ერთად კოალიციაში, როგორიცაა მაგალითად „ხალხის ძალა.“ ყველა ნაბიჯი რომელსაც ხელისუფლება დგამს ამ ბოლო პერიოდში, ემსახურება ქვეყანაში ჰიბრიდული, ანტი-დემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას რომელსაც აქვს დემოკრატიულობის ფასადი მაგრამ ავტორიტარული შინაარსი.
    ეს არის უნგრეთის ტიპის რეჟიმი, და ასეთები ძალიან მომრავლდა მსოფლიოში, სადაც არჩევნები იმართება, დემოკრატიული თამაშის წესები თითქოს არ იცვლება, მაგრამ სათამაშო მოედანი იმდენად არათანაბარია, რესურსების კონტროლი და კონცენტრაცია იმდენად დიდია ხელისუფლების ხელში, რომ რეალურად სახელისუფლებო პარტიას წარმატება სტრუქტურულად გარანტირებული აქვს.
    ასეთი ჰიბრიდული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ღიად ავტორიტარულის წინააღმდეგ. ისინი იყენებენ დემოკრატიულ ბერკეტებს, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობა, იმისთვის რომ შექმნან არადემოკრატიული მმართველობის სისტემა. ამიტომ გამოვიყენე თავიდან სიტყვა ანტი-დემოკრატიული ჩვენს რეალობასთან მიმართებაში.
    სახეზეა დემოკრატიის მოშლის აქტიური მცდელობა დემოკრატიული მეთოდებით. შესაბამისად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ამოცანაა ამას ხელი შეუშალოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დღეს და ამავდროულად, ყველაზე დიდი გამოწვევა.
    სამწუხაროა რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ასეთი მყიფე აღმოჩნდა. ჩვენ არასოდეს არ გვყოლია ჩვენი ვაცლავ ჰაველი. არ გვყოლია ხელისუფლებაში პიროვნება თუ პოლიტიკური ძალა რომლის მთავარი მიზანი სწორედ გამართული, ინსტიტუციური დემოკრატიის შექმნა იქნებოდა და არა სისტემის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორგება.
    ამასთან ერთად ქვეყნის საგარეო კურსის გასწორება არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ლოგიკურია ჰიბრიდული, ანტი-დემოკრატიული რეჟიმისთვის ეძებოს მსგავს რეჟიმებთან პარტნიორობა და ალიანსი. შესაბამისად და ბუნებრივად ხდება დემოკრატიულ დასავლეთთან პარტნიორობის შესუსტება.
    - როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ აუცილებლად ვისაუბრებდით თუნდაც ცხელ ზაფხულში იმ პოლიტიკურ პროცესზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.
    სწორედ ამ ზაფხულში მოეწერა ხელი ჩინეთსა და საქართველოს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას ქვენების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
    და ეს ყველაფერი ხდება ვითარებაში, როცა წლის ბოლოს საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
    ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საუბრისას, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვით - „ჩვენგან ჩვენი პარტნიორები ელიან მორალური და პოლიტიკური კომპასის გასწორებას და დიპლომატიური გზებით იმის ჩვენებას, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არ შეცვლილა“.
    კი გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ქვეყნის საგარეო კურსში ცვლილებები მომხდარი არაა და წლის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ გაქვთ განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დასავლელი პარტნიორების დასარწმუნებლად რომ ქვეყნის საგარეო კურსში ცვლილებები არ მომხდარა?
    - ჩემი აზრით ქვეყნის საგარეო კურსი შეცვლილია და აქ კითხვის ნიშანი არ დგას. ეს არ არის გაცხადებული ცვლილება, მაგრამ ფაქტობრივად ასეა. ამ ცვლილების თანმდევი არის მისი უარყოფა. კურსი იცვლება, მაგრამ არა ღიად არამედ ცვლილების უარყოფით.
    ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებით, საქართველო ფაქტობრივად გადადის ე.წ. მრავალ-ვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე. ამის ნაწილია, რუსეთთან ურთიერთობების დათბობა, დასავლეთის მიღმა მოკავშირეების ძიება და სხვა.
    ეს თავისთავად ცვლილებაა იმ ცალსახად პრო-დასავლური კურსისგან რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ალბათ ყველაზე მდგრადი მახასიათებელი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
    სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, საქართველო არ აწარმოებდა დაბალანსების პოლიტიკას არამედ პირიქით, დაუბალანსებლად პრო-დასავლური იყო. ეს ეფუძნებოდა იმის აღქმას რომ სუვერენული საქართველოსთვის ეგზისტენციალური რისკები მოდის რუსეთიდან და ინსტიტუციურ დასავლეთში ინტეგრაცია იყო ამ რისკების შემცირების და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი და უალტერნატივო გზა.
    დღეს ჩვენ ვხედავთ რომ დასავლური გზის უალტერნატივობის შესახებ ნარატივი შეცვლილია. გვეუბნებიან რომ სხვა ძალებიც არსებობენ მსოფლიოში, სხვა მოდელებიც კარგად ფუნქციონირებენ, თუნდაც ჩინური ან რუსული თავისი მართული სუვერენული დემოკრატიით.
    პრემიერის მხრიდან ჩინური მოდელის და ჩინეთის ლიდერის ქება-დიდებაც ამაზე მეტყველებს. ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან იდეოლოგიურად კონსერვატიულ-პოპულისტურ ბანაკში გადაბარგებას. ეს თავისი არსით ევროსკეპტიკური ბანაკია, რომელსაც ასევე ახასიათებს რუსეთის მიმართ სიმპათიები.
    ეს გასაგებიც არის, რადგან ამ იდეოლოგიური ბანაკის ინტელექტუალური და ფინანსური ცენტრი სწორედ მოსკოვშია.
    ამავე დროს საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს, უფრო სწორედ პროცესის იმიტაციას. ამ პროცესის მთავარი და რეალური მიზანი არა მხოლოდ ევროკავშირის, როგორც კლუბის, წევრობაა, არამედ მიზანი დემოკრატიული ტრანსფორმაციაა.
    სწორედ ამას ემსახურება ის 12 რეკომენდაციაც. ჩვენი მთავრობა რეკომენდაციების შესრულების იმიტაციით არის დაკავებული. მაგალითად მათ გაიტანეს დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ერთის მხრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს, კანონი ხომ მიიღეს, მაგრამ მეორე მხრივ, თავისი შინაარსით და მიზნით ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიულ პრინციპებს ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების არსს. ეს არის კანონი, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის ხელისუფლებას შეავიწროოს და პერსონალური წნეხის ქვეშ მოაქციოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე და მისი მხარდამჭერიც.
    კრიტიკაზე პასუხია რომ, უკრაინის კანონი გადმოვწერეთ და რა არ მოგწონთ. ესეც იმიტაციის ნათელი მაგალითია. ნებისმიერ კრიტიკაზე პასუხია რომ სხვისი გადმოვიღეთ. ეს არის ლეგიტიმაციის წყარო, ეს იყო პასუხი აგენტების კანონზეც.
    დეპოლარიზაციას რაც შეეხება, პასუხი არის ის რომ არსად არ გვინახავს, გვაჩვენეთ და გადმოვიღებთ. ნათელია რომ ჩვენი იმიტაციის პოლიტიკა და ის რასაც ევროკავშირი რეალურად ელის ჩვენგან ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
    ამ კონტექსტში, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის არ მიცემა საქართველოს ვერ მოაბრუნებს გადახვეული კურსიდან. პირიქით, მთავრობაზე ზეწოლის ბერკეტი შესუსტდება. ამიტომ ალბათ, ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვანიჭოს და ამავე დროს მოახდინოს პირობების ისეთი ფორმულირება, რომელიც მხოლოდ იმიტაციის საშუალებას არ მისცემს ხელისუფლებას და რეალურ რეფორმებს შეუწყობს ხელს.
     
    „ინტერპრესნიუსი“
    კობა ბენდელიანი
  25. tvati
    ორმა მუშამ ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა.

    პოლიციის განცხადებით, ცენტრალური შაანსის პროვინციაში მუშებმა იმისათვის, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ექსკავატორით გაიყვანეს ახალი გზა, რომლითაც პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელში "გაიარეს".

    ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ შაანსის პროვინციაშიც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს.

    მუშები, 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი, უკვე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩინეთის დიდი კედლის მთლიანობას.

    ფოტო: Reuters

    რადიო თავისუფლება

×
×
  • შექმენი...