Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა! - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, ვალი აღარ ექნებათ, თუმცა ეს ბიუჯეტიდან 40 მილიონის გადახდის საჭიროებას არ მოითხოვს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მან მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
    როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება.
    ამასთან დაკავშირებით კაკაურიძემ განმარტა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.
    ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამ კონტექსტში მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა და როგორც აღნიშნა, საბანკო სექტორში არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს.
    “სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება.
    20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს.
    თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებულია ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
    კაკაურიძის პასუხად დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლების ყველა კომენტარი იმის თაობაზე, რომ სტუდენტებს თანხას ბიუჯეტიდან დაუფარავდნენ, ტყუილი იყო.
    “დავალიანება გაუნულდებათ იმას ნიშნავს, რომ სუს-ში რექტორები დაიბარეთ და უთხარით, რომ სასწრაფოდ 30 ათას ადამიანს დავალიანება გაუნულეთ ან ნიშნავს იმას, რომ დავალიანებას ბიუჯეტი გადაიხდის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ipn
  2. tvati
    შოთა ტყეშელაშვილი 26.09.23 20:37
    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა არის შეჩერებული - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
    “პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის  განახლების აუცილებლობას,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
    ის, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია, ეს გასულ კვირაში BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნა საქართველოში ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.
    “ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,”- აღნიშნავდა ჯეიმს ჯონი BMG-ისთვის გამოგზავნილ პასუხში.
    სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდებოდა. IMF-თან არსებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ მათ შორის ფინანსური სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებით ფონდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდებოდა, თუმცა სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოყვანა სწორედ ასეთი ნაბიჯი იყო.

    bm.ge
  3. tvati
    ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან უკვე ამა წლის შობამდე ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს.
    ამის შესახებ რობერტა მეცოლამ The Guardian-ს განუცხადა.
    „ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭრო ტარიფების მოხსნა და კიევისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომა უნდა შევიდეს, ევროკავშირში მის სრულ გაწევრიანებამდე“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
  4. tvati
    რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის.  მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.
    „მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს, ახლა ოპერაცია მელოდება.. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება! კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი თეატრშიც და კინოშიც..“ – გია ბურჯანაძე
    დავით ლორთქიფანიძე: სოსო ისევ თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, მორიგი ქიმიოთერაპია გაუკეთეს და დაახლოებით, 10-11 ოქტომბრისთვის ელიან, რომ შემდგომი შემოწმება გაიაროს და ამის შესაბამისად გადაწყდება, შეძლებს თუ არა თბილისში ჩამოფრენას და ცოტა ხანს აქ ყოფნას. მოგეხსენებათ, იქ ცხოვრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თან აუცილებელია, რომ გარემო შეიცვალოს.
    როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა: რას ჰყვება მსახიობის მეგობარი
           
    ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენთვის მოულოდნელად, სოსო ჩვენს საყვარელ მეგობარსა და მსახიობს, გია ბურჯანაძეს შეხვდა. გიაც იქ ყოფილა, ისიც იქ მკურნალობს და ზუსტად იმ პროცესს გადის, რასაც სოსო. ისიც იმედიანად არის, აქვს მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდება.
    – როგორი იყო მათი პირველი შეხვედრა, უცხო მიწაზე, თანაც, კლინიკაში… ბატონმა სოსომ რა ემოციები გაგიზიარათ?
    – თავიდან ერთმანეთის დანახვა გაუკვირდათ, შემდეგ პოზიტიურ და კარგ ემოციაში გადაეზარდათ. როგორც სოსომ მითხრა, შედარებით ხალისიანად არიან, ყოველდღიურად ნახულობენ ერთმანეთს.  ახლობლები არიან, ჩემთვის ორივე დიდი მსახიობი, კარგი ქართველები – ერთი „გედია“, მეორე „ლიმონა“. ორივეს აქვს ის პოზიცია, რომ ქართული კულტურისთვის კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. ერთმანეთის ყოველდღე ნახვამ მათ მკურნალობაში პოზიტიური მუხტი შეიტანა.
    იხილეთ სრულად.

    fortuna.ge
  5. tvati
    „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი ინსტიტუცია პარტიულ ორგანიზაციად აქცია და მიაღებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი მოკავშირის და პარტნიორის დასაცავად სჭირდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.
    მისი თქმით, როდესაც იცავ ოთარ ფარცხალაძეს, რომელზეც გეუბნებიან, რომ არის „ეფესბეს“ აგენტი, ამით საქართველოში რუსულ ინტერესებს იცავ.
    „ჩვენმა მთავარმა პარტნიორმა გვითხრა, რომ ფარცხალაძე „ეფესბეს“ აგენტია, ქვეყანაში ჯაშუში გყავთო, რომელიც თავის დროზე მთავარი პროკურორი იყო და საქართველოში რუსული გავლენების ზრდას ემსახურებოდა. თუ მომავალში ეს ბრძანება ასეთ ადამიანებს დაიცავს, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ამ რუსული ბრძანების მიღებით ერთადერთი, ვინც ისარგებლა, ეს არის რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა დაუშვილმა.
    მისი განმარტებით, სების მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ეს არის "რუსული ბრძანება", რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ და შეილახა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის რეპუტაციაც.
    „როგორც კი ჩვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიღებული რუსული ბრძანება ვიხილეთ, ამის შემდგომ თუ ვინმეს ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ რუსულ ბრძანებაზე, ეს იყვნენ კომერციული ბანკები, რომელმაც, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ ამ ბრძანებას არ ემორჩილებიან და საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოქმედებენ. რეალურად, ეროვნულმა ბანკმა კი არ მართა კრიზისი, რომელიც თვითონვე შექმნა, არამედ ეს კრიზისი ყველაზე სწორად მართეს თვითონ კომერციულმა ბანკებმა. ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ ეროვნულმა ბანკმა რაც გააკეთა ამ რუსული ბრძანების მიღებით, ამით უდიდესი რისკი შექმნა ქვეყნის არა მხოლოდ საფინანსო სექტორში. საფინანსო სექტორის რისკის ქვეშ დაყენების მთავარი პრობლემა რაშია, რომ საბოლოოდ, მოქალაქეებმა, მეანაბრეებმა და სხვებმა შეიძლება თავიანთი ფული დაკარგონ. შეიძლება ისეთი სავალუტო რყევები მოხდეს, რომელმაც ჩვენი მოქალაქეები დააზარალოს და უკვე დააზარალა“, - განაცხადა დაუშვილმა.
    გარდა ამისა, მან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს.
    „ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია იმპიჩმენტის პროცესი. რა თქმა უნდა, მას მხარს არ დავუჭერთ მარტივი მიზეზის გამო, არ შეიძლება შენი ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებდე იმის გამო, რასაც შეიძლება აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამის გამო იმპიჩმენტის გამოცხადება ნიშნავს იმპიჩმენტის გამოცხადებას მთლიანად ევროინტეგრაციის პროცესისთვის. რეალურად, ეს გააკეთა „ოცნებამ". სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს იმისა, რომ ეს სასამართლო ან დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი იქნება “, - განაცხადა დაუშვილმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ კენჭისყრაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა პრეზიდენტის გადაყენებას მხარი დაუჭიროს.
           
  6. tvati
    ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება.
    განცხადება მან ეროვნულ ბანკში ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
    მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო.
    თუმცა, IMF-ის პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეჩერდა და ეს უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს არ უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement). სამწლიანი პროგრამა სესხის სახით 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. IMF-მა 2023 წლის ივლისში ტრანშის მეორე ნაწილის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა და განხილვა “გადადო”. მიზეზი უცნობია.
    IMF-ის პროგრამის შეჩერება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გაუარესდება საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი.
    14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სანქციების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები გაყინა.
    თუმცა, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.
    19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღშრულების წესი შეცვალა, შესაბამისად, საბანკო ანგარიშები ოთარ ფარცხალაძისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდა.
    სებ-ის მიერ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

    პუბლიკა
  7. tvati
    “როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს სანქციებით, ჩვენთან ეროვნული ბანკი ისეთ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესია. “

    მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384379946_829370871967238_2063525871438469904_n.mp4
  8. tvati
    საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
    „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
    პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, საქართველოში სიღარიბის პრობლემა ყოველთვის იყო და ეს არის კომპლექსური თემა, რომლის აღმოსაფხვრელად ერთი კონკრეტული რეფორმა არ არსებობს და საჭიროა გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიდგომების შემუშავება.
    ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის გრძელვადიან მიდგომაში სოციალური დახმარების ინდექსაციას გულისხმობს. ასევე, საუბრობს ოჯახების გაძლიერების მნიშვნელობაზეც და ამბობს, რომ ოჯახების სერვისების კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის – ინფორმაციის ნაკლებობა.
    რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის მოკლევადიან გზებს შორის უფასო სასკოლო კვებას ასახელებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვებში კვების დეფიციტის არსებობა და აღნიშნავს, რომ კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, კოგნიტიური განვითარების შეფერხებას, ასევე დაბალ მიღწევებს სკოლაში და ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას.
    ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სიღარიბის აღმოფხვრის რეალური გეგმა არ გააჩნია და პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება არ არსებობს. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ „აბსტრაქტულ“ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელსაც რიგითი მოქალაქე ვერ გრძნობს.
  9. tvati
    27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები განცხადებებით გამოეხმაურნენ.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”.
    “ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე;
    რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება”, — დასძენს ის.
    ღარიბაშვილი უსამძიმრებს ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ის იქვე დასძენს, რომ ხელისუფლება კვლავ ადასტურებს “ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი”.
    “ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს – მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა”, — ნათქვამია განცხადებაში.
    დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც, რომელთაგან ერთ-ერთის, ნიკა ჭურაძის სიტყვებით, “სანამ ჩვენი ტერიტორიები იქნება ოკუპირებული, არცერთი ქართველი ვაჟკაცი არ უნდა შეეგუოს ამას და ამის ნათელი გამოხატულებაა, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ქართველი მებრძოლები უკრაინაში”.
    “დღევანდელი დღე ხაზს უსვამს რუსეთთან — როგორც იძახის დღეს ჩვენი ხელისუფლება და მათი წარმომადგენლებიც, მოძმე ერს ეძახიან — და დღევანდელი დღე ხაზს უსვამს ამ „მოძმე ერთან“ ურთიერთობას ძალიან კარგად. იმიტომ გვაქვს ჩვენ წართმეული სოხუმი, აფხაზეთი, მასთან ერთად სამაჩაბლოც”, — დასძინა გმირთა მემორიალთან მისულმა ჭურაძემ. 
    ხელისუფლება გააკრიტიკა ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმაც და დასძინა, რომ “ის მიზანი, რასაც ამ გმირებმა შესწირეს თავი, არის ერთი ხელის გაწვდენაზე, თუმცა სამწუხაროდ, მოცემული პოლიტიკური ხელისუფლება არ გვაძლევს ამ ისტორიულ შანსის რეალიზების საშუალებას და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი საერთოდ არ მოიცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.
    მემორიალთან “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერიაც მივიდა. მისი თქმით, 30 წლის წინ რუსეთმა განახორციელა აგრესია და შემდეგ მოაწყო გენოციდი, თუმცა მაშინ, ბევრი ფაქტორის გამო, ეს მოვლენა ეთნიკურ კონფლიქტად შეფასდა, რაც რუსეთის ინტერესებში შედიოდა.
    “ეს იყო უსამართლობა მსხვერპლის მიმართ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო მიდგომა, რომელიც იყო დამკვიდრებული. დღეს დაგვიანებით, თუმცა მაინც, როცა თავისუფალი სამყაროს პოზიცია ამ ბოროტების მანქანის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიცვალა და მყარი ხდება, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ სიმართლე დაგვიანებით მაინც გაიტანოს”.
    “ჩვენი დამატებითი გამოწვევაა, რომ დღეს არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ეროვნულ ინტერესს გაატარებდა, თუმცა სანამ ამ უზარმაზარ პრობლემას მოვაგვარებთ დემოკრატიული გზით, მანამდე საზოგადოებრივი ჯგუფების მოვალეობაა, რომ ყველაფერი გააკეთონ ამ მიმართულებით”, — დასძინა მან.
    ბოკერიამ მოუწოდა მოქალაქეებს, პარლამენტთან მივიდნენ 20:00 საათზე, სადაც რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ ღია წყაროებით შეგროვილ მონაცემებს წარმოადგენენ. მისივე თქმით, დაასახელებენ იმ რუს სამხედრო პირებს, რომლებიც აფხაზეთში ქართველების გენოციდში მონაწილეობდნენ.
    კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, უბრალოდ სოხუმსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის ორი ალტერნატივაა – ერთი მხრივ, რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და განადგურებასთან ასოცირდება, მეორე მხრივ, ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც განვითარებასთან და პერსპექტივასთან ასოცირდება”.
    “აი, ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამიტომაც გვინდა ევროკავშირის წევრობა, რაც შეიძლება სწრაფად. როცა ამას შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ, ამ გმირების სულები იქნება უკვდავყოფილი სამუდამოდ ჩვენს ისტორიაში…
    აი, ეს არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსი ჯაშუშის ფარცხალაძის მცველებისგან გავათავისუფლოთ ქვეყანა, ამის შემდგომ ევროკავშირი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით“ – განაცხადა ვაშაძემ
    პარტიები “ლელო” და “გირჩი — მეტი თავისუფლება” სოხუმის დაცემის თარიღს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებით გამოეხმაურნენ.
    ხსენებულ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე, საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზეც დაუშვეს.
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
     
    ნეტგაზეთი
  10. tvati
    თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიბზარა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ამის სავარაუდო მიზეზი გზის ქვეშ წყლის მილის დაზიანებაა, რის შედეგადაც ნიადაგი გამოირეცხა.
    გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულ პერიოდით ცალმხრივად შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გუშინ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო 23:00 საათიდან. ამ დროისთვის [11:30 სთ] მოძრაობა აღდგენილია.
    რაც შეეხება გზის საფარს, მერიის ცნობით, ის უახლოეს დღეებში აღდგება და ასევე დადგინდება მისი დაზიანების ზუსტი მიზეზი.

    ნეტგაზეთი

  11. tvati
    ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ. ამ სახლს მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორია აქვს.

    გრიგორი ადელხანოვმა თბილისში ტყავის ფაბრიკული დამუშავება დაიწყო.
    თბილისში ადელხანოვის მიერ ტყავის ფაბრიკული დამუშავება ფართო მასშტაბით 1875 წლიდან იწყება.
    XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში რამდენიმე სამრეწველო აქციონერული ამხანაგობა არსებობდა. ისინი პროდუქციის წარმოების გარდა, მისი გასაღებითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, “ტყავისა და ქეჩის მწარმოებელი აქციონერული საზოგადოება”, რომელიც ადელხანოვის საწარმოთა ბაზაზე იყო შექმნილი, წლიურად დაახლოებით 2 მილიონამდე მანეთის პროდუქციას უშვებდა.
    გრიგორი ადელხანოვი 1917 წელს გარდაიცვალა. ორთაჭალაში ოდესღაც მდებარე ცნობილი ფეხსაცმლისა და ტყავის ქარხნები დღეს აღარ არსებობს, აღნიშნულ ტერიტორიებზე კი მშენებლობები მიმდინარეობს.

    ადელხანოვის სახლის ადგილას, რომელსაც ძეგლის სტატუსი 2007 წელს მოუხსნეს, მრავალფუნქციური, 18 სართულიანი, კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი.
  12. tvati
    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ვვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა.
    ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ კლიენტის კონფიდენციალურობის გამო კონკრეტულად ვერაფერზე ისაუბრებს.
    „რაც შეეხება ეჭვებს, რასაც თქვენ ამბობთ, რომელიც მანამდეც გაჩნდა და მერეც არ დაგვაკლეს ეს ეჭვები, საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტზე, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა. მოდით, ამ ფორმით ვიტყვი, მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს… მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით, ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება იმიტომ, რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა.
    რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, მართალია, პირველი შემთხვევა იყო ოთარ ფარცხალაძე და ამიტომ მიება თითქოს აღქმაში ეს საკითხები, მაგრამ მერწმუნეთ, ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადავა და სწორი რეგულაცია დარჩება“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.
    ამასთან, თურნავას თქმით, ფარცხალაძესთან დაკავშირებით მსგავსი ეჭვების გაჩენა მისი „პიროვნების პოლიტიკური აურისგან გამომდინარეობს“.
    „ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს უფრო იმის გამო, რომ ზოგადად, ყოფილი მაღალჩინოსანია და თვითონ სანქციის მოტივი. სანქციის მოტივი იყო ისეთი ჟღერადი, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენ არაფერი გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ბანკებმა ავტომატურად გაავრცელეს შემზღუდავი ზომები და უკვე დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ეჭვის გამოთქმა. ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპუტატის მომართვები დამიგროვდა უკვე მაშინ, რომ „თქვენ კი ამბობთ, რომ სანქცირებული არის, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მან თანხა გაიტანა, სადღაც გადაიტანა, რაღაცა მოხდა…“.
    მერე როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მეორე ტალღა წამოვიდა: „აჰა, თქვენ იმიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძე“. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებს არც ერთი სახელი და გვარი. ოთარ ფარცხალაძე იქნება ხვალ ამ გადაწყვეტილების არეალში თუ არ იქნება, როცა ბოლო-ბოლო გადაწყდება მისი მოქალაქეობის მრავალტანჯული საკითხი. აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ ორიენტირებული მოქალაქის სახელსა და გვარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
    აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.
    აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
    „ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
    რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია — ივანიშვილი აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ ოთარ ფარცხალაძისთვის  საქართველოში ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა. კობახიძის ამ განცხადებას კი ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა მოჰყვა. აღნიშნულ ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.
    ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
    ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნარჩუნდებოდა.



    ნეტგაზეთი
  13. tvati
    „კლანი“, „კორპორატივიზმი“, „სისტემაში გაბატონებული გავლენიანი ჯგუფი“ – სასამართლოს სისტემაში არსებულ გავლენიანი ჯგუფის აღსაწერად კრიტიკოსები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ეპითეტებს იყენებენ.
    საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამ გავლენიან ჯგუფს დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუმცა მას ეს მოსამართლის კარიერის დასრულების ფასად დაუჯდა.
    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას უარი უთხრა მოსამართლედ მუშაობის გაგრძელებაზე. სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენის მთავარი ბერკეტი — სწორედ ის ნიშნავს და ათავისუფლებს მოსამართლეებს, ანაწილებს მათ სამუშაო ადგოლებზე და შესაბამისად, მართავს სისტემას.
    ამასთანავე, ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია სასამართლო სისტემაში, რომელსაც რეფორმა ფორმალურადაც არ შეხებია და ამას „ქართული ოცნებაც“ კი აღიარებს.
    როგორ და რისთვის იყენებს საბჭოში არსებული გავლენიანი ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებას და ამ ვითარებაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანატომია
    სასამართლოს მმართველობის აღნიშნული მოდელი საქართველოს ნოუჰაუ არ არის და სათავეს მე-20 საუკუნის ბოლოს საფრანგეთიდან იღებს, რის შემდეგად ეს ორგანო ჯერ დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც დაინერგა.
    2007 წლამდე საქართველოში საბჭო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ იყო და პრეზიდენტთან არსებულ სათათბიროს წარმოადგენდა, რომელშიც იუსტიციის მინისტრიც შედიოდა. 2007 წელს ჩატარებული რეფორმის შედეგად კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს გამოეყო და ჩამოყალიბდა ორგანოდ, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას უნდა მართავდეს.
    იურისტი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ ფორმალურად ყველაფერი ევროპული სტანდარტებით გაკეთდა, მოსამართლეებს საბჭოში უმრავლესობა მიენიჭათ, დარჩენილი წევრები კი პარლამენტის დეპუტატებითა და პრეზიდენტის ორი წარმომადგენლით დაკომპლექტდა:
    „მიუხედავად ამისა, იუსტიციის საბჭო მხოლოდ ფორმალურად, ფურცელზე იყო დამოკიდებული. სინამდვილეში ის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ექვემდებარებოდა. შედეგად, ზურაბ ადეიშვილი და მასთან დაახლოებული პირები ვალერიან ცერცვაძე და მიხეილ ჩინჩალაძე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ასევე საბჭოს წევრები იყვნენ,“ — აცხადებს წიქარიშვილი.

    მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, საბჭოში პარლამენტის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებით ჩანაცვლდნენ, რომლებსაც პარლამენტი ირჩევდა, მოსამართლე წევრებს კი თავად მოსამართლეები, მოსამართლეთა კონფერენციაზე უყრიდნენ კენჭს. კახა წიქარიშვილის თქმით, კონცეფციის თვალსაზრისით, მოდელი კვლავ დემოკრატიული იყო, რამდენადაც, თვითმმართველობას საზოგადოებრივი კონტროლი დაემატა, თუმცა ამჯერადაც რეალური სურათი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა:
    „სინამდვილეში მოხდა ის, რომ საბჭოში 2012-2013 წელს ჩატარდა არჩევნები და მასში გაიმარჯვა მოსამართლეთა იმ ჯგუფმა, რომელიც ადეიშვილის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. აბსოლუტურად ყველა წევრი გაიყვანა იმ ჯგუფმა, ეს არის საბჭოს 8 წევრი, და პლუს, ამას დაემატა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. შედეგად, 2013 წელს მოსამართლეები უმრავლესობაში არიან საბჭოში და ეს უმრავლესობა ხელში უჭირავთ ადეიშვილის წარმომადგენლებს,“ — აღნიშნავს წიქარიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.
    მისი თქმით თუ „ქართული ოცნების“ რიტორიკა თავდაპირველად საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე კრიტიკული იყო, ხელისუფლების „დაპირისპირებამ“ „კლანთან“ მხოლოდ 2015 წლამდე გასტანა:

    იუსტიციის საბჭოს მაშინდელი მდივანი ლევან მურუსიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღრარიბაშვილი, 2015 წელი.
    „2015 წელს, ქართულმა ოცნებამ შეცვალა პოლიტიკა, დაიწყო თანამშრომლობა ადეიშვილი-ჩინჩალაძე-ცერცვაძის ჯგუფთან და 2015 წელს საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც იყვნენ საბჭოში, შეიცვალეს პოზიცია და მათ დაიწყეს კლანის ლობირება და მხარდაჭერა საბჭოში,“ — აცხადებს წიქარიშვილი.
    2015-2017 წლები ის პერიოდია, როცა ქართული სასამართლო მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მოდელზე გადადიოდა, სამოსამართლეო კორპუსის დიდ ნაწილს კი საქმიანობის 10 წლიანი ვადა ეწურებოდათ. უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც მოსამართლეები უვადოდ უნდა გადაენიშნა, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც ამ დროს წიქარიშვილის თქმით, უკვე მოქცეული იყო ჩინჩალძე-მურუსიძის „კლანის“ ხელში:
    „რა უნდა ექნათ ამ მოსამართლეებს? თუ ისინი კლანის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, დარჩებოდნენ სასამართლო სისტემის გარეთ. ამის მაგალითები გვაქვს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილნენ კლანის პოლიტიკას და აღმოჩნდნენ სასამართლო სისტემის გარეთ,“ — აღნიშნავს წიქარიშვილი.
    „კლანის“ ბერკეტები მოსამართლეებზე
    ერთ-ერთი მოსამართლე, რომელსაც ამ პერიოდში უფლებამოსილება არ გაუგრძელეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე იყო. ბაქრაძემ, რომელიც საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციაზე ამჟამად სტრასბურგში დავობს, თანამოაზრეებთან ერთად, 2013 წელს „მოსამართლეთა ერთობა“ დააფუძნა და სისტემაში მოქმედ გავლენიან ჯგუფს ღიად დაუპირისპირდა:
    „2013 წელს ვიყავით ადამიანები, ვისაც გვინდოდა რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება სასამართლო სისტემაში. მიგვაჩნდა, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა საზოგადოებრივ ნდობას თუმცა, რა თქმა უნდა, ამას დაუპირისპირდა ეს ჯგუფი და სამწუხაროდ, მათთან ერთად მოსამართლეთა ის ნაწილი, რომელთაც ჰქონდათ მინიმუმ დისკომფორტი წარსული საქმიანობის გამო და შიდა დამოუკიდებლობაზე მეტად პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ინტერესი ამოძრავებდათ,“ — ამბობს ბაქრაძე.
    მისი თქმით, ამ მოსამართლეების „საუკეთესო“ მოკავშირე ის გავლენიანი ჯგუფი აღმოჩნდა, რომელიც მათ ერთგვარ „პატრონობას” ჰპირდებოდა. ყოფილი მოსამართლის თქმით, მას შემდეგ, რაც „კლანმა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს, რომლებსაც გააჩნდათ სურვილიც და ამბიციაც, რომ რამე შეეცვალათ, აღარ გაუგრძელეს სამოსამართლეო უფლებამოსილება.

    მაია ბაქრაძე
    მათ შორის იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ აქტიური წევრები. მეტიც, მაია ბაქრაძის თქმით, ისინი საბჭომ ახალი ვადით არ დანიშნა და შესაბამისად, აქ შეწყდა მათ სამოსამართლეო კარიერა. ყოფილი მოსამართლე იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების დასანიშნად გამართულ არჩევნებში „კლანის“ წევრები მოსამართლეებს ხვდებოდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ მათ დაიცავდნენ როგორც გარე აქტორებისგან,, ასევე შიდა პასუხისმგებლობის ბერკეტებსაც არ გამოიყენებდნენ მათ წინააღმდეგ:
    „სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ აირჩია ეს გზა, გარიგებით ურთიერთობაში შესულიყვნენ კლანის წევრებთან, ეთანამშრომლათ მათთან და ამის სანაცვლოდ ფაქტობრივად დათმეს სასამართლოს მმართველობის გაუმჯობესების ამბიციაც და რიგ შემთხვევაში, პროფესია და აზრის გამოთქმის თავისუფლებაც კი,“ — აცხადებს ბაქრაძე.
    იურისტი კახა წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ კლანისადმი ლოიალობა განაპირობებს, თუ რომელი მოსამართლე სად აღმოჩნდება კარიერულ კიბეზე, საკადრო გადაადგილებები კი იმის მიხედვით ხდება, თუ ვის რა მიაქვს „კლანის“ მაგიდაზე.
    წიქარიშვილის თქმით, ის მინიმუმი, რაც ყველა მოსამართლეს მოეთხოვება, დუმილია. როგორც ის ამბობს, გავლენიან ჯგუფს შეუძლია „ურჩი“ მოსამართლე რომელიმე მიყრუებულ რაიონში გადაიყვანონ, დაიწყონ დისციპლინური წარმოება მის წინააღმდეგ, ხელი შეუშალონ აპარატის დაკომპლექტებაში და სამუშაო პირობები მკვეთრად გაუუარესონ.
    მეორე მხრივ კი, იურისტის თქმით, მათ მიმართ ლოიალური კადრები წაახალისონ და სასურველ ან ზემო ინსტანციის სასამართლოებში განამწესონ. შესაბამისად, წიქარიშვილის თქმით, მოსამართლეებს პირდაპირ „თოფით“ არავინ ადგას თავზე ამა თუ იმ რიგით საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მოსამართლეებისთვის ისედაც ნათელია რას მოელის მათგან „კლანი“.

    ამასთან, ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ჯგუფი, რომელიც ახლა სასამართლოს მართავს, „ღირებულია და ფასობს“ იმით, რომ ის პროსახელისუფლებო პოლიტიკის გამტარი და დავალებების შემსრულებელია:
    „თვითონ სისტემურად როგორ მუშაობს ეს — მოსამართლეთა დანიშვნის ეტაპზევე ისინი ახდენენ მკაცრ გადარჩევას სანდოობის ნიშნით. Რროგორც ხედავთ, უმეტესად მოსამართლეებად ნიშნავენ ისევ იმ კადრებს, ვინც სასამართლოში მუშაობენ, ვისაც კარგად იცნობენ და ვისაც სუბორდინაციულად მათ დაქვემდებარებაში უმუშავია,“ — აცხადებს მაია ბაქრაძე.
    მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია მოსამართლეთა დანაწილება სასამართლოების, დარგების, ინსტანციებისა და სპეციალიზაციების მიხედვით და საინტერესო კატეგორიები, სადაც დიდი ალბათობაა რეზონანსული და სენსიტიური საქმეები მოხვდეს, შეიძლება მუდმივად დააკომპლექტონ ისეთი ადამიანებით, ვის „კლანის“ მიმართ ლოიალურობაშიც, ეჭვი არ ეპარებათ:
    „იქ შემდგომ უკვე ელექტრონული სისტემა გაანაწილებს, თუ ხელით განაწილდება საქმეები, სხვაგან ვერსად წავა, იტრიალებს ამ 3-5 ადამიანში რომელიც ძალიან „სანდოა“. ელექტრონული განაწილების სისტემა ნორმატიულადაც იძლევა ჩარევის შესაძლებლობას. მანიპულაციების მექანიზმები არის მათ ხელში,“ — აცხადებს ბაქრაძე.
    რეფორმის გარეშე
    მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებისა, „ქართული ოცნება“ და ევროკავშირი მინიმუმ ერთ საკითხზე თანხმდება — ქვეყანას იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ განუხორციელებია.
    ამის მიზეზად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საკითხი ბუნდოვანი იყო და ევროკომისიასთან მეტი კონკრეტიკისთვის დამატებითი კონსულტაციები სჭირდებოდათ. ეს იმ ფონზე, როცა საბჭოს რეფორმირების საჭიროებასა და ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე „ვენეციის კომისია“, რომლის დასკვნებთან შესაბამისობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული რეკომენდაციები, მის მიერ გამოქვეყნებულ ყველა მოსაზრებაში მიუთითებს.
    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შუალედური შეფასების წარმოდგენისასაც. ვარჰეიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისია საქართველოსგან მოელის მართლმსაჯულების, განსაკუთრებით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო ფართო რეფორმის გატარებას.
    მაია ბაქრაძე აცხადებს, რომ „კლანი“ ცვლილებების მიმართ რეზისტენტულია. მისი თქმით, ევრორეკომენდაციების კონტექსტში გასატარებელი ცვლილებების სამუშაო ჯგუფში სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ ცვლილებებზეც წევდნენ წინააღმდეგობას, როგორიც იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი და იგივე კადრების განმეორებით არჩევის აკრძალვა, ძალაუფლების დანაწილება (ერთ მოსამართლეს ბევრი ადმინისტრაციული თანამდებობა რომ არ ეკაოს) და სხვა ადმინისტრაციული ცვლილებები:
    „სავარაუდოდ, კანონმდებლები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე და ცხადია, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არც უჭერდნენ მხარს არანაირ შეთავაზებას სამუშაო ჯგუფში. ეს უკვე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ,“ — ამბობს ბაქრაძე.
    მეორე მხრივ, კახა წიქარიშვილის თქმით „კლანს“, იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული სასამართლო სისტემაში, ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის აღმოფხვრის უდავო წინაპირობა ვეღარ იქნება.
    იურისტის თქმით, ე.წ. ორმაგი ორი მესამედის პრინციპიც კი, რომელსაც საქართველოს ვენეციის კომისია წლების განმავლობაში სთავაზობდა, უკვე აზრს კარგავს, რამდენადაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელისუფლების მიმართ ლოიალური 4 არამოსამართლე წევრი უკვე აირჩიეს. აღნიშნული მოდელის მიხედვით, საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისას საკითხს მხარი როგორც 9 მოსამართლე წევრის ⅔-მა, ასევე 6 არამოსამართლე წევრის ⅔-მა უნდა დაუჭიროს).
    „ჩვენ გვაქვს არაორდინალური ვითარება, როდესაც ჩვეულებრივი, ტრადიციული და დემოკრატიული ინსტრუმენტებით ჩვენი სისტემის გაჯანსაღება არის შეუძლებელი. იმიტომ, რომ აწყობილია უკვე ჩინჩალაძის მოდელზე.მან დაალაგა თავის მოსამართლეები, თავის პალატები, განაწილების სისტემები და რად გინდა, ერთ კანონში რაღაცას შეცვლი, მერე სხვაგან სხვა ხვრელები გაჩნდება. თან ეს „კლანი“ კანონი სანამ შეიცვლება მანამდე ერთი წლით ადრე ემზადებიან როგორ მოერგონ ახალ კანონს. შესაბამისად, ისინი უფრო მყარდებიან ახალი რეფორმებით არანაირი კანონი მაგას აღარ შველი,“ — აღნიშნავს იურისტი.
    რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნებში კორპორატივიზმის პრობლემაზე ჩანაწერს, წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ არც ეს არის საქართველოს ლოკალური პრობლემა და მსგავსი ტერმინი კომისიამ სხვა ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვის, ალბანეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის სასამართლო სისტემების შეფასებისასაც გამოიყენა.
    წიქარიშვილის თქმით, ამის შემდეგ ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ აღმოეფხვრათ ეს პრობლემა და უკრაინამ, მოლდოვამ და ალბანეთმა ე.წ. ვეტინგს მიმართეს, რაც მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას გულისხმობს მათი კეთილსინდისიერების შესამოწმებლად:
    „ვეტინგი არაორდინალური მექანიზმია და ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში არ გამოიყენება, მაგრამ ამის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ წალეკა სისტემები კორუფციამ. ამაზე დაიწყო ვენეციის კომისიამაც ფიქრი და აქედან გაჩნდა კორპორატივიზმის ჩანაწერი,“ — ამბობს წიქარიშვილი.
    თუმცა, როგორც ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება კორპორატივიზმის საფრთხესაც კი ვერ ხედავს, არათუ პრობლემას აღირებს. ამ პირობებში, მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ექსპერტები ერთადერთ გამოსავლად, ძალაუფლების დანაწილებასა და ვითარების სიღრმისეულად შესწავლას ხედავენ „არაორდინალური“ რეფორმის გასატარებლად:
    „კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, სრულად ვერ მოაწესრიგებს არსებულ პრობლემას და დიდი წვლილი მოდის ადამიანურ რესურსზე, მაგრამ კანონმდებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად პრევენციული რათა არ ჩამოყალიბდეს ჯგუფები. იმისათვის კი, რომ არ ჩამოყალიბდეს ასეთი ჯგუფები, გავლენა არ უნდა იყოს ერთი ორი ან/და სამი ადამიანის ხელში.
    გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრები უნდა იყოს შიგნით დანაწილებული და როდესაც თანაბრად ექნება ყველა მოსამართლეს შესაძლებლობა მიიღოს რეალურად თვითმმართველობაში მონაწილეობა და აღარ იქნება ერთი გავლენის ცენტრი, რომელიც ყველა ბერკეტს ფლობს მათ შორის დანიშვნას, დაწინაურებას, თანაშემწის დანიშვნას,“ — ფიქრობს მაია ბაქრაძე.
    კახა წიქარიშვილის აზრით კი, ეს შეიძლება იყოს პეციალური საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ვითარებას ადგილზე შეისწავლის, რის შემდეგაც საქართველოზე მორგებულ გადაჭრის გზებს შეიმუშავებს:
    „ჩვენ უკვე სანქცირებული მოსამართლეები გვყავს. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალია, ევროსტრუქტურებმა გამოყოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში არსებულ სიტუაციას და დაგვეხმარება გამოსავლის პოვნაში, რადგან ტრადიციული და დემოკრატიული ინსტრუმენტებით ჩვენი სისტემის გაჯანსაღება არის შეუძლებელი. ამ კლანთან უკვე დემოკრატიული მექანიზმებით ბრძოლა და ამგვარად მათი დამარცხება უკვე გახდა ფაქტობრივად შეუძლებელი,“ — აღნიშნავს კახა წიქარიშვილი.
    სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
    სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი.
    ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
  15. tvati
    თურნავას გამოცემული ბრძანება ქვეყანაში სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას და რუსულ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
    ლილუაშვილი გამოეხმაურა ნათია თურნავას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზულ კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაში.
    „ნათელა თურნავას გამოცემული ბრძანება ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმი, ამ თვალსაზრისით ის არის ბევრად უფრო რუსული საქმის და მიზნის მატარებელი, ვიდრე იყო „რუსული კანონი", რადგან „რუსული ბრძანება" უკვე ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლების ერთი ზარითაც კი არა, სატელევიზიო კომენტარით დაემორჩილა ეროვნული ბანკი პარტიას და დაადასტურა, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშაა. ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს და მე მათ აღარ ვაცალკევებ, რადგან პარტიის ნაწილი და პარტიის ქვეორგანიზაციაა ეროვნული ბანკი, ამიტომ პარტიამ უნდა გაიგოს, რომ ამით აზიანებს არამხოლოდ ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ საფრთხეს ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის, არ ვლაპარაკობ მხოლოდ 70 მილიონის „გასროლაზე“ სახელმწიფო რეზერვებიდან, კურსის გაუფასურება გვიჯდება ფული თითოეულ მოქალაქეს. ამას გარდა სერიოზული კითხვები იქმნება საფინანსო სექტორის სტაბილურობასთან მიმართებით და ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებიც დასანქცირდნენ. ნათელა თურნავა შეიძლება დარჩეს ეროვნულ ბანკის ისტორიაში ადამიანად, რომელმაც სტატუსის გარეშე მოახერხა დაენგრია ბანკის დამოუკიდებლობა და სერიოზული კრიზისი გამოეწვია ქვეყანაში”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
  16. tvati
    კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს.
    როგორც იმნაძე განმარტავს, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა.
    „ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. თუ არ ვცდები, ეს კვლევა აქ 2023 წლის ბოლოს იგეგმება. კვლევის ბოლო მონაცემებით, საქართველოში, მოზარდებში, 15-16 წლის ასაკში გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე საშუალო ევროპულს ზოგჯერ 2-ჯერაც აღემატება. მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ინჰალანტების ხელმისაწვდომობა, რაც იმას აჩვენებს, რომ მოზარდები იმ ნივთიერებას მოიხმარენ, რაც ფინანსური თვალსაზრისით მეტად ხელმისაწვდომია და რაზეც სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლი, ბრძოლის მექანიზმები არ აქვს. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია, სასკოლო სივრცეში, განათლების სისტემაში ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის უფრო სისტემური ნაბიჯები გადაიდგას. პირველ რიგში, პრევენციის მიმართულებით და მოზარდებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იმნაძემ.
    ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

    იპნ
  17. tvati
    პიანისტი გიორგი გიგაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხვალ, 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბონ.
    აღნიშნული განცხადება პიანისტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა.
    „ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.
    დაარქვით გინდა აქცია, გინდა „ნაცები“ გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ. გთხოვთ“, – წერს პიანისტი Facebook-ზე.
    როგორც გიორგი გიგაშვილი ამბობს, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების გაუქმება ნიშნავს, რომ რექტორს კულტურის მინისტრი დანიშნავს.
    „კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაუქმდა. დამოუკიდებლობა კონსერვატორიას!! ანუ ადვილად რომ ვთქვათ, წულუკიანი დასვამს რექტორს კონსერვატორიაში.
    შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს იყო დანიშნული რექტორის არჩევნები, რომელსაც კონსერვატორიის საბჭო აირჩევდა“, – წერს გიორგი გიგაშვილი Facebook-ზე.
    20 სექტემბერს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.
    კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.
    „მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.
     
    „კონსერვატორიის ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია” — წულუკიანი წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა – კონსერვატორიის საარჩევნო კომისია

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    თურქეთში 78 წლის კაცი იმ ტყეში გაჩენილ ხანძარს შეეწირა, სადაც 12 000 ნერგი დარგო. თურქული მედიის თანახმად, უბედური შემთხვევა გუმუშჰანეს პროვინციაში, ქოსეს მუნიციპალიტეტში მოხდა.
    სააგენტო DHA-ს მიხედვით, ომერ ბულუთი 30 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქმიანობდა.
    მოგვიანებით ახალგაზრდობის ოცნება ძმასთან, აბდურრაჰმანთან ერთად აისრულა და მშობლიურ სოფელში 30 ჰექტარ მიწაზე 12 000 ნერგი დარგო. ძმებმა ამისათვის 500 000 ლირა დახარჯეს.
    ტყეში, რომელსაც მოხუცი უვლიდა, 24 სექტემბერს ხანძარი გაჩნდა. ბალახზე გაჩენილი ცეცხლი ქარის გამო მალევე ხეებსაც მოედო. DHA-ს მიხედვით, ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალე შეძლეს, თუმცა ტერიტორიის შემოწმებისას ომერ ბულუთის უსიცოცხლო სხეული იპოვეს.
    “გამოძიების ფარგლებში აღებულია რეგიონში მეფუტკრეობით დაკავებული პირის ჩვენება…
    როგორც ითქვა, ომერ ბულუთი […] ცეცხლმა იმსხვერპლა მაშინ, როცა ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდა”, — იუწყება სააგენტო.
    ომერ ბულუთის დაკრძალვის ცერემონიისას ქოსეს მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტი შეეცდება, კვლავ გაამწვანოს ტყე, რომელსაც დაღუპული კაცი საკუთარი სახსრებით ქმნიდა და უვლიდა.
    “ჩვენ [ამ ტყეს] ბიძია ომერის სახელს დავარქმევთ”, — დასძინა ქესლერმა. ბულუთის მშობლიური სოფლის, ქაიადიბის თავმჯდომარემ, ადემ ალქანმა კი თქვა:
    “ომერის ოცნება იყო, ეს ტერიტორია ტყედ ექცია და მომავალი თაობებისთვის დაეტოვებინა. ჩვენ ის დავკარგეთ. მთელი სოფელი გლოვობს… მან მთელი თავისი საპენსიო დანაზოგი აქაურობას შეალია”.
    გარეკანის ფოტო: DHA

    ნეტგაზეთი
  19. tvati
    “თუკი „ოცნება“ შექმნის ამ საგამოძიებო კომისიას ამას გამოიყენებს „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთმანეთის პოლიტიკური დარტყმებისათვის, პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის და სამწუხაროდ სიმართლე ნაკლებად იქნება დადგენილი.”

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384314732_670079311764123_4384967619807042854_n.mp4
  20. tvati
    “ოცნებამ” უარი განაცხადა ანტიკორუფციული მექანიზმის დაჩქარებული წესით მიღებაზე, ამით ყველაფერი ნათქვამია.

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    ბქ.mp4
  21. tvati
    “თუ კი ვინმემ “ოცნებას” შეიძლება მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტის პროცესში ეს შეიძლება იყოს და სავარუდოდ იქნება “ნაციონალური მოძრაობა”. თავიდან თითქოს გამორიცხავდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო თავს დაესხნენ პრეზიდენტს, სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა განხორციელდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა.”

    მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  დაუშვილი.mp4
  22. tvati
    “რუსული ბრძანება რატომ არის დღეს აქტუალური?! იმიტომ რომ ფარცხალაძე ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა. გარკვეული ვადით ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დატოვება ერთ-ერთი საფუძველია, რომ მოვითხოვოთ ეროვნული ბანკისგან ამ რუსული ბრძანების გაუქმება.”

    მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384346924_1038774167368200_8180424349915848413_n.mp4
  23. tvati
    საქართველოში ახალგაზრდების დაახლოებთ 38% გარკვეულწილად დაინტესებულია პოლიტიკით, უმეტესობა კი აცხადებს, რომ პოლიტიკით არ ინტერესდება.
    ამასთან, რესპონდენტები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობენ, უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით, ვიდრე საშუალო განათლების მქონე და უმუშევარი ახალგაზრდები.
    ეს მონაცემები აჩვენა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაფინანსებით ჩატარებულმა ახალგაზრდობის კვლევამ. ახალგაზრდობის კვლევა პირველად საქართველოში 2016 წელს ჩატარდა და განმეორებით 7 წლის შემდეგ ჩატარდა.
    კვლევამ გამოავლინა შემდეგი მიგნებები:
    ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად. ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე (მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ საკუთარი შემოსავალი აქვთ, 10% სოციალურ კი დახმარებას იღებას. ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს. ახალგაზრდების თითქმის სამი მეოთხედი (72%) აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით მეტწილად კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში. როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ დემოკრატიას ახალგაზრდა ადამიანები სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემად მიიჩნევენ. გამოკითხულთა დიდი რაოდენობა (44%) საქართველოში დემოკრატიის ამჟამინდელ დონეს დადებითად აფასებს. თბილისთან შედარებით (33%), სადაც საქართველოში დემოკრატიის დონეს შედარებით ნაკლებ დადებითად აფასებენ, დადებითი შეფასებები უფრო მეტად იკვეთება სხვა ქალაქებსა (47%) და სოფლებში (50%).
    ფოკუს-ჯგუფების შედეგების თანახმად, ახალგაზრდები დემოკრატიას უფრო მეტად უკავშირებენ პიროვნულ და სიტყვის თავისუფლებას და ხალხის მმართველობას. დემოკრატიის მაგალითებად ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს ხედავენ.
    კვლევის თანახმად, პოლიტიკის მიმართ დაფიქსირებული აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ინფორმირებულია პოლიტიკური მოვლენების შესახებ. გამოკითხულთა ერთი მესამედი (34%) პოლიტიკურ მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (22%) კვირაში ერთხელ მაინც ეცნობა პოლიტიკურ მოვლენებს. ეთნიკური ქართველები, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები პოლიტიკურ ახალ ამბებს უფრო ხშირად ეცნობიან.
    ახალგაზრდების უმრავლესობა (80%) ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში სავარაუდოდ არ (62%) ან საერთოდ არ (18%) ჩაერთვებოდა.
    კვლევის მიხედვით, დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელიც. ახალგაზრდების მინიმუმ 75% ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკურ აქტივობაში (მაგ. მოხალისეობა, შემოწირულობა, პეტიციების ხელმოწერა, დემონსტრაციებში მონაწილეობა, და ა.შ.). ყველაზე ხშირად დასახელდა დასახლების ან მეზობლების წინაშე არსებული პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა (17%).
    კვლევის მონაწილეები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას, მზარდ ფასებსა და განათლების საკითხებს ასახელებენ.
    კვლევაში ნათქვამია, რომ როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ბოლომდე არ ესმით მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური ცნებების არსი. ბევრი ახალგაზრდა ვერ ასახელებს მემარჯვენე და მემარცხენე პოზიციებს სწორედ გამოკითხვის დროს გამოკითხულთა 34% თავს ცენტრისტად მიიჩნევს, ხოლო 28%-ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
    კვლევის თანახმად:
    ქართველი ახალგაზრდები ევროპას უმეტესად დადებითად აფასებენ და მხოლოდ უმნიშვნელო წილი აკავშირებს ევროპას ისეთ უარყოფით სენტიმენტებთან, როგორიცაა არაკეთილგანწყობილება (3%), დემორალიზაცია და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვა (5%) ან საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება (3%). ყოველი მეხუთე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს უახლოესი მეგობარი ქვეყანა არ ჰყავს. ახალგაზრდები, რომლებიც ასეთ ქვეყანას იხსენებდნენ, ყველაზე ხშირად ასახელებდნენ უკრაინას (28%), აშშ-სა (18%) და თურქეთს (11%), ხოლო რუსეთი აღიქმება ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის (84%), ეროვნული უსაფრთხოებისთვის (78%), ეკონომიკური სისტემისთვის (74%) და ეროვნული ღირებულებებისთვის (72%). ამგვარად უფრო ხშირად ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდები ფიქრობენ, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ სისტემას (40%), სახელმწიფოებრიობას (41%), ეროვნულ უსაფრთხოებას (34%), და ღირებულებებს (36%). ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დადებით როლს თამაშობს ევროკავშირი (79%), საერთაშორისო ორგანიზაციები (75%), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (73%) და ნატო (73%). ფოკუსჯგუფის მონაწილეებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ფინანსურ და სხვა უპირატესობებთან ასოცირდება. ახალგაზრდების 63% პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო. რაც შეეხება იდენტობას, კვლევის თანახმად, ახალგაზრდების უმრავლესობა თავს აღიქვამს საქართველოს მოქალაქედ (94%), საკუთარი ქალაქის, სოფლის ან რეგიონის მკვიდრად (77%), საკუთარი ეთნიკური ჯგუფის (62%) და კავკასიის მკვიდრად (59%). უფრო ნაკლებად აღიქვამენ ახალგაზრდები თავს გლობალურ მოქალაქეებად (50%) ან ევროპელებად (41%).
    მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არასოდეს ამართლებს ფიზიკურ (76%) ან სიტყვიერ (69%) აგრესიას ან ძალადობას ქვიარ ადამიანების მიმართ, კვლევის თანახმად, მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფითია. უფრო მეტიც, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სექსუალურ უმცირესობებს თავიანთი ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ. ახალგაზრდა ქალები და თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან: ქვიარ ადამიანების მიმართ ფიზიკურ აგრესიას არასოდეს ამართლებს ქალების 82%, მამაკაცების 71%-თან შედარებით.
    კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდები ყველაზე მეტად ადამიანების სამ კატეგორიას უარყოფენ:
    ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები (61%); ქვიარ ადამიანები (46%); ადამიანებირუსეთიდან (44%), რომელთაც ახალგაზრდები საქართველოში შესვლას
    აუკრძალავდნენ. მეორე მხრივ, ისინი ყველაზე ტოლერანტულები არიან ადამიანთა ისეთი ჯგუფების მიმართ, როგორებიცაა მრავალშვილიანი დედები, ძალიან რელიგიური ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და ლტოლვილები.
    კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილება ყველაზე აქტუალურ საკითხად არ ითვლება.
    ფოკუსჯგუფების მონაწილეები ემიგრაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ და განმარტავენ, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არსებული მატერიალური სიდუხჭირის გამო უწევთ. ემიგრაციის მიზეზად ასევე სახელდება განათლების დაბალი დონე და საქართველოში პიროვნული ზრდისა და სასურველი მიზნების მიღწევის პერსპექტივის ნაკლებობა.
    რესპონდენტები მომავალს მეტწილად დადებითად უყურებენ. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (77%) ფიქრობს, რომ მათი ოჯახების ცხოვრების დონე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად აფასებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ამის მიუხედავად, კვლევის თანახმად უმრავლესობა (59%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება.
    მეთოდოლოგია
    საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.
    რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე
    პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით.
    რაც შეეხება კვლევის თვისებრივ ნაწილს, თბილისში ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი 14-29
    წლის ახალგაზრდების მონაწილეობით. ფოკუსჯგუფები ჩაატარა ორგანიზაცია IPM Research-მა
    R-Research-ის უშუალო ზედამხედველობით. კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის, სადისკუსიო გეგმა, მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის, დოქტორი ფელიქს კრავაცეკის და R-Research-ის თანამშრომლობის საფუძველზე.
     
    netgazeti
  24. tvati
    ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა. ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
    არსებული ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული.
    როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
  25. tvati
    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.
    რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ.
    გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
    „წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში. კრიტერიუმები იდენტურია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ბრძანებას და ეს ბრძანება უახლოეს დღეებში გამოიცემა“, - აღნიშნა გაბუნიამ.
×
×
  • შექმენი...