როგორც გოდოლაძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ისინი დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, კარვის გაშლისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის სახით), თუმცა არა წვრილმან ხულიგნობაში. იგივე გადაწყვეტილება გამოიტანეს საბა ქერქაძის შემთხვევაშიც.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადასარჩენად“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით კი, მოძრაობა „ხმის“ წევრი გიორგი ხასაია, სასამართლომ ორივე ბრალდებაში გაამართლა.
ადვოკატის ცნობით, იგეგმება ზემო ინსტანციაში სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
11 დეკემბერს, მოსამართლე მერი გულუაშვილმა რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეების საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა 15 დეკემბრისთვის გადადო.
გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ეზოში შესასვლელთან პოლიციის წარმომადგენლებთან 18 ნოემბერს მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს დაკავებული 11 აქტივისტიდან რვა მათგანის საქმეები მოსამართლე დავით წერეთელმა 29 ნოემბერს განიხილა. 6 დაკავებული მაშინ სრულად გამართლდა, 2-ს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მაშინ მოსამართლე შეცდომაში იქნა შეყვანილი. ამ განცხადებას თავის სიტყვაში გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ხუციშვილი, რომელიც პროცესზე გიორგი ხასაიასა და საბა ქერქაძის ინტერესებს იცავდა, – “ესე იგი, მოსამართლის კომპეტენტურობასთანაც აქვთ შსს-ს წარმომადგენლებს პრეტენზიები”.
რაჭის ტყეების სხვა აქტივისტების პროცესის მსგავსად, რამდენიმე საათს გაგრძელდა გოდოლაძის, ხასაიასა და ქერქაძის საქმეების განხილვა. პროტესტის მონაწილეები თვლიან, რომ მოსამართლე გულუაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადების გადადება შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ ამ სამ აქტივისტთან დაკავშირებით სხვა გეგმები არსებობს.
ბრალდების მხარემ, შსს-ს წარმომადგენლებმა, იდენტური ბრალდებები წარმოადგინეს სამი აქტივისტის მიმართ, რაც დანარჩენი 8 აქტივისტის მიმართ ჰქონდათ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა, ლანძღვა გინების სახით) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, კარვის გაშლისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის სახით) მუხლების დარღვევა.
ნეტგაზეთი
- Read more...
- 0 comments
- 154 views