Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება.
    როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპერაცია ხანგრძლივია და მას დაახლოებით 13 საათი დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, ბავშვი კერძო კლინიკა “კარაპს მედლაინში", იმყოფება, სადაც თავზე კანს გადაუნერგავენ.
    „ოპერაცია დიდხანს გაგრძელდება, 13 საათიანი ოპერაციაა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო პირველადი შეფასება, ნეიროქირურგიული ჩარევა. დაზიანებული კანის მოცილება და გასუფთავება. დაზიანების დიდი მოცულობის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი იყო. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. პლასტიკურმა ქირურგმა შეაფასა ბავშვის მდგომარეობა და გადაწყდა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ოპერაცია დაწყებულია და დასრულების შემდეგ დაბრუნდება ჩვენთან კლინიკაში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
    ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
    როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

    იპნ
  2. tvati
    საქართველოს კინოცენტრმა რეტროსპექტივის, „თანამედროვე ქართული კინოს“ სიიდან სამი ფილმი ამოიღო. როგორც „პუბლიკას“ ორგანიზაციაში განუმარტეს, სია ავტორის მოთხოვნით შეიკვეცა. რეტროსპექტივა 2005-2023 წლებში შექმნილი ქართული ფილმების მონაწილეობით იმართება. ფილმების განახლებულ სიაში აღარ იძებნება უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, ასევე – ზაზა ხალვაშის „ნამე“ და „სოლომონი“.
    ფილმების რეტროსპექტივის სიიდან ამოღებას ბოიკოტის მონაწილეები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საჯაროდ მოითხოვდნენ, თუმცა კინოცენტრის Facebook-გვერდზე ჩამონათვალი მას შემდეგ შეიკვეცა, რაც უტა ბერიამ კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში დაწყებული თავისი ფილმი პროტესტის ნიშნად გამორთო.
    როგორც რეჟისორმა Facebook-ზე დაწერა, 15 დეკემბერს შემთხვევით აღმოაჩინა, რომ „ერთი თვის წინ ოფიციალურად, წერილობით და საჯაროდ განმარტებული უარის შემდეგ, ფილმის ავტორებისგან ფარულად, მაინც გაუშვეს ფილმი“
    კინოჩვენების ჩაშლას „ვანდალური“ უწოდა კინოცენტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსმა და სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, „Pos tv-ის“ წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ. მისი თქმით, ცენტრს თავდაპირველად ფილმის ჩვენებაზე პროდიუსერისგან თანხმობა ჰქონდა.
    „ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი არაერთგზის ნათქვამი, რომ ეს ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე ის ფაქტი, რომ თავად არიან ცენზორები, რადგან კინოს ცენზურის მსგავსი ფაქტი, მას შემდეგ, რაც „ცხელი ძაღლი” დააცენზურეს ნაცებმა, ქართულ კინემატოგრაფში არ გვქონია – შუა სეანსიდან ფილმი გაეთიშოთ. ამით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა რა პრიორიტეტები აქვთ ბოიკოტის ავანგარდში მყოფებს და რა ტიპის ურთიერთობა და მიმართება ჰქონდათ მათ კინოცენტრთან. მაგრამ მათი თავგასულობა აღარ გაგრძელდება, ეს არაა ძველი კინოცენტრი, რომელსაც საკუთარი ჯიბის ინსტიტუციად იყენებდნენ და ეს არ არის დუქანი. კინოცენტრის, როგორც ინსტიტუციის პატივისცემის სწავლა მოგიწევთ, და ამას ან ისწავლით, ან გასწავლით!“, – დაწერა ოდიშარიამ Facebook-ზე.
    უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების“ საჯარო ჩვენება 19 დეკემბერს, 20:00 საათზე „ეზოში“ გაიმართება. კინოჩვენებას გამართავენ  ქართული კინოს საღამოების – „კინო ეზოში“ – ფარგლებში, რომლის ორგანიზატორებიც არიან: „საქართველოს კინოინსტიტუტი“, მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ და „ეზოტოპია“.
    კინემატოგრაფისტები უკვე 6 თვეა, კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ორგანიზაციის დირექტორის დემოკრატიული გზით არჩევითობას მოითხოვენ. 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი აგვისტოდან დღემდე ბოიკოტს აცხადებს და უარს ამბობს კინოცენტრის კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე. კინოცენტრმა არაერთ მათგანს შესთავაზა რეტროსპექტივაში მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღო.
    ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა, თბილისისა და რეგიონების საჯარო სივრცეებში მოქალაქეებისთვის უფასო კინოჩვენებებს აწყობენ.

    პუბლიკა

  3. tvati
    რა საგარეო საფრთხეს უქმნის საქართველოს "ოცნების" კორუფცია...

    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
    GHYEfhizK0qNFIICAMKSCSA8vFsBbmdjAAAF.mp4
  4. tvati
    საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია აქციის ჩატარებამდე მუნიციპალიტეტის წინასწარ, 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება. სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 14 დეკემბერს დააკმაყოფილა.
    უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი – მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება – არ შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ პუნქტს – თავდაცვის ძალების ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში მყოფი პირების გარდა ყველას აქვს უიარაღოდ შეკრების უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე.
    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მუნიციპალიტეტის მინიმუმ 5 დღის ადრე გაფრთხილება.
    “საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ათწლეულების მანძილზე სწორედ საჯარო შეკრება წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, პროტესტის გამოხატვის, იდეების, ღირებულებების გარშემო გაერთიანებისა თუ ბრძოლის ეფექტიან და ძალზე ხშირად გამოყენებულ საშუალებას”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
    აქამდე არსებული პრაქტიკით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრება ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას არ განიხილებოდა კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროდ.

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს ორი უმსხვილესი პარტია – მმართველი „ქართული ოცნება“ და მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ მიმართავენ უცხოელი პოლიტტექნოლოგებისა და კონსულტანტების მომსახურებას.
    პირველად „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ საჯაროდ დაქირავებული უცხოელი პოლიტტექნოლოგები 2018-ში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰყავდათ – მოშე კლუგჰაფტი „ოცნებას“ და ვიტალი შკლიაროვი „ნაციონალურ მოძრაობას“.
    მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვინ არიან „ოცნებისა“ და ვაშაძის პოლიტტექნოლოგები ამჯერად, „ოცნების“ სტრატეგიული მრჩეველი კვლავ კლუგჰაფტია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ბრიტანელი ბენ მალეტი დაიქირავა.
    „ნეტგაზეთმა“ მათზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეკრიბა.
    მოშე კლუგჰაფტი
    კლუგჰაფტისა და მისი კარიერის შესახებ „ნეტგაზეთი“ აქამდეც არაერთხელ წერდა. მას პოლიტიკური კამპანიის წარმოების საკმაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს
    თავად კლუგჰაფტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად:
    მუშაობდა რუმინეთში, 2016 წელს, გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში როგორც The Jerusalem Post წერს, კლუგჰაფტის ამ პოზიციაზე შერჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენების უნარი იყო.
    როგორც გამოცემა წერს, კამპანიის ფარგლებში კლუგჰაფტმა პარტიის იმიჯი შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდებსა და პატრიოტულ გზავნილებზე გააკეთა.
    პიარის სპეციალისტი კამპანიის ფარგლებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის კამპანიაში ისეთ მესიჯებს იყენებდა, რომელიც როგორც წესი, მემარჯვენე პარტიების მიერ გამოიყენება ხოლმე. სლოგანად კი „გაბედე, გჯეროდეს რუმინეთის“ შეარჩია.
    თუმცა, როგორც The Jerusalem Post წერს, კამპანიის ფარგლებში ნეგატიური რეკლამებიც გამოიყენებოდა. მათ შორის მომზადდა რგოლები, რომლებშიც აცხადებდნენ, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლებს ქვეყნის მომავლის არ სჯეროდათ.
    სხვა ვიდეორგოლებში უფროსი ასაკის მოქალაქეები ახალგაზრდებს ქვეყნის მომავლისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ. მომზადდა რეკლამა, როგორ ცდილობს რუმინეთის მოქალაქე ბიუროკრატიასთან გამკლავებას მართვის მოწმობის მისაღებად და მოქალაქეების რეაქცია, რომლებსაც ბუკლეტები დაურიგეს, რომელშიც თითქოს მოქმედი ხელისუფლების მიღწევებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, თუმცა შიგნით არაფერი ეწერა.

    მოშე კლუგჰაფტი საქართველოში მუშაობისას, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად.
    მუშაობდა ავსტრიაში, 2017 წელს, კვლავ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში კლუგჰაფტი ქვეყნის ყოფილი კანცლერის, კრისტიან კერნის მრჩეველი იყო. კერნის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.
    როგორც  „გარდიანი“ წერს, ავსტრიის წინასაარჩევნო გარემო ბრალდებების და სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. კრისტიან კერნს და მის პარტიას ვებგვერდების შექმნასა და დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ, რომლებზეც ქსენოფობიური და ანტისემიტური კონსპირაციული თეორიები ვრცელდებოდა, რათა მთავარი ოპონენტი და ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერების დისკრედიტაცია მომხდარიყო.
    სკანდალი, რომელმაც ავსტრიის პოლიტიკური სივრცე მოიცვა, კენჭისყრის დღემდე ორი კვირით ადრე დაიწო და სულ მცირე ორ ფეისბუკ გვერდს ეხებოდა. ორივე გვერდი კერნის მთავარი კონკურენტის, სებასტიან კურცის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
    როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ერთ-ერთ ასეთ გვერდს „სიმართლე სებასტიან კურცის შესახებ“ ერქვა და 16 000 მიმდევარი ჰყავდა. ამ გვერდზე კი ფოტომანიპულაციები და ვიდეო კლიპები ვრცელდებოდა, სადაც თითქოსდა ჩანდა, რომ კურცი ფარულად ქმნიდა საფუძველს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოებიდან მიგრანტთა ახალი ტალღის შემოსაყვანად.
    კიდევ ერთ საიტზე კი, რომელიც შენიღბული იყო ისე, თითქოს მას „ავსტრიის სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები მართავდნენ, წინააღმდეგობრივი შინაარსის მასალა ვრცელდებოდა. გვერდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმით და იტალიიდან ავსტრიის საზღვარზე ათასობით მიგრანტის შემოსვლით აშინებდა ხალხს.
    კლუგჰაფტის სახელს უკავშირდება პოპულარული წინასაარჩევნო ვიდეო რგოლიც, რომელშიც კრისტიან კერნი პიცის დისტრიბუტორის ფორმაშია გამოწყობილი და მოქალაქეებთან შეკვეთა მიაქვს, მათ რეაქციებს კი ფარული კამერით იწერენ.
    „პროვოკაცია, როგორც წარმატების რეცეპტი“ – ამ სათაურით შეაფასა ავსტრიულმა Die Presse-მ კლუგჰაფტის მოღვაწეობა.
    საქმიანობდა ისრაელში თავად კლუგჰაფტის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, სხვადასხვა დროს იგი იყო შიმონ პერესის [ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი] ბოლო კამპანიის მენეჯერი, ასევე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნების მრჩეველი. კლუგჰაფტი იმასაც აღნიშნავს, რომ 2012 წელს „ებრაელთა სახლის პარტიის“ კამპანიას უხელმძღვანელა და არჩევნებამდე ორი თვით ადრე არსებული 2%-იანი რეიტინგი ქნესეთში [პარლამენტში] 12 მანდატად აქცია.
    თუმცა, კლუგჰაფტის საიტზე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ 2018 წლის მარტში ისრაელის მემარცხენე მწვანეთა პარტიის ახალარჩეულმა ლიდერმა, თამარა ზანდბერგმა კლუგჰაფტთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ რომ იმ პირს მიმართა კონსულტაციისთვის, რომელიც წარსულში ისრაელის მემარცხენე პარტიების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიით გამოირჩეოდა.
    როგორც The Times of Israel წერს, კლუგჰაფტი 2015-2016 წლებში “გამჟღავნების” კამპანიის უკან იდგა, რომლის ფარგლებშიც მემარცხენე აქტივისტებს, ორგანიზაციებს  და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოეთიდან მართულ ჯაშუშებად აფასებდნენ.
    მუშაობდა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში როგორც ზემოთაა აღნიშნული, კლუგჰაფტი 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის კამპანიაშიც მუშაობდა. ზურაბიშვილისა და მმართველი პარტიის აგიტაცია ოპონენტის, კერძოდ კი გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა.
    ამ კამპანიში კლუგჰაფტის წვლილი „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საინტერესოდ“ შეაფასა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში სულ ოდნავ გაუსწრო გრიგოლ ვაშაძეს, ბანერებზე ზურაბიშვილის ფოტოს „ოცნების“ ლიდერებით ჩანაცვლების იდეა სწორედ კლუგჰაფტს ეკუთვნოდა.

    სალომე ზურაბიშვილის კამპანიის ბანერი, თუმცა, ირაკლი კობახიძის გამოსახულებით.
    „მათ საინტერესო რჩევები ჰქონდათ, რაც დაგვეხმარა ჩვენ შესაბამისი შედეგის მიღწევაში. ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. შესაბამისად, დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
    „2018 წელს კლუგჰაფტი იყო სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი და გაუძღვა 60%-40%-იან გამარჯვებას ენმ-ის კანდიდატის წინააღმდეგ“, – ასე ხასიათდება კლუგჰაფტის მოღვაწეობა საქართველოში მისივე საიტზე.
    არის საკმაოდ რეიტინგული სერიალის სცენარისტი კლუგჰაფტის საიტზე სხვა ცნობებიცაა მისი პოლიტიკური [და არა მარტო] კარიერის შესახებაც. კერძოდ, ნათქვამია, რომ იგი მუშაობდა გერმანიის საგარეო უწყების მაღალჩინოსნებთან. ასევე, კოსოვოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან და დამოუკიდებელ პოლიტიკოსთან მილანში. გარდა ამისა, ნათქვამია მის მუშაობაზე სხვა ქვეყნებში. Israel National News ამ ქვეყნებს შორის საბერძნეთს ასახელებს. ამ შემთხვევებში დეტალური ინფორმაცია მოცემული არაა.
    პოლიტტექნოლოგის გვერდზე იმასაც ვკითხულობთ, რომ იგი ისრაელური სერიალის, „ჩრდილოვანი მთავრობის“ სცენარისტია და მუსიკოსიც, რომელსაც სიმღერები არაერთი წამყვანი ისრაელელი არტისტისთვის დაუწერია.
    ბენ მალეტი
    კლუგჰაფტთან შედარებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ კონსულტანტზე საჯაროდ ცნობები ნაკლებად მოიპოვება. საქართველოში მისი სახელი 13 ნოემბერს გახდა ცნობილი, როცა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს.
    ბენ მალეტი ბრიტანელი პოლიტოლოგია, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერებთან, კერძოდ კი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დეივიდ კემერონთან მუშაობდა.
    მალეტი ამჟამად „მესინა გრუპის“ საერთაშორისო კამპანიების დირექტორია. ეს ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯიმ მესინა – ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ობამას 2012 წლის კამპანიის მონაწილე. ობამას გარდა, იგი მუშაობდა სხვა ლიდერებთანაც – დეივიდ კემერონთან, მატეო რენცისთან, ტერეზა მეისთან და სხვა. „მესინა გრუპი“ ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მუშაობს, თუმცა ბევრი დეტალი საჯაროდ ცნობილი არაა.

    ჯიმ მესინა ბარაკ ობამასთან ერთად.
    რაც შეეხება თავად მალეტს, „მესინა გრუპის“ საიტზე მის პროფილში ვკითხულობთ, რომ იგი, კემერონისა და ჯონსონის გარდა, მუშაობდა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან ზაკ გოლდსმიტთან და „არაერთ ამერიკელ, ევროპელ და ბრიტანელ პოლიტიკოსთან“. კონკრეტულად ვისთან, ცნობილი არაა.
    იქვეა აღნიშნული, რომ მალეტის ბოლო გამოცდილება მოიცავს კომუნიკაციების სტრატეგიისა და კვლევის საკითხებში მრჩევლობას ესპანეთის ყოფილი პრემიერისთვის, მარიანო რახოისთვის და კენიის პრეზიდენტისთვის, უჰურუ კენიატასთვის. იგი ასევე ყოფილა 2021 წელს, ლონდონის მერის არჩევნებზე კონსერვატორთა კამპანიის ხელმძღვანელი. მაშინ მათმა მერობის კანდიდატმა, შონ ბეილიმ მარცხი განიცადა მეორე ტურში.

    ბენ მალეტი 2020-ში, კორონავირუსის შეზღუდვების მიუხედავად გამართულ წვეულებაზე. მალეტი არის სულ ქვემოდან, მარჯვნივ, ჰალსტუხში.
    მალეტზე ყველაზე მეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია 2020-ის სკანდალს უკავშირდება. მაშინ, კორონავირუსის გამო გამოცხადებული ლოკდაუნის პირობებში, მალეტი, პრემიერ ბორის ჯონსონის თანაშემწე, მონაწილეობდა წვეულებაში, მიუხედავად მასობრივი ღონისძიებების აკრძალვისა.
    ჯონსონმა, გადადგომისას, მალეტი ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დააჯილდოვა.
    წვეულებაში მონაწილეობის გამო, პეტიციაც კი შეიქმნა, რომელიც ითხოვს, მალეტს ეს ჯილდო ჩამოერთვას.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    “ოცნება” ან გამოიყენებს კანდიდატის სტატუსის სახით მიღებულ შანსს ან გადალახავს წითელ ხაზებს და სათანადო პასუხს მიიღებს 2024 წლის არჩევნებზე."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    412357468_1011256123298846_2969142872773157483_n.mp4
  7. tvati
    “ჩვენი გუნდის, ჩვენი გუნდის ლიდერის პოზიცია არის ის, რომ არავითარი კომპრომისი არ იქნება, ამ ორი ყველაზე მნიშვნრლოვანი ბარიერის წინაშე, რაც არის კორუფცია და რაც არის არაფორმალური მმართველობა. ეს არის ჩვენთვის ევროპა, ადამიანის უფლებების დაცვაა ევროპა, თუ კორუფცია ისევ ისე იბატონებს და იბოგინებს ამ ქვეყანაში, როგორც დღეს არის, თუ არაფორმალური მმართველობა დარჩება ისევ ისე, როგორც დღეს არის და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის და ერთი კაცის დაქვემდებარებაში იქნება, ბუნებრივია ვერანაირი კანდიდატის სტატუსი ჩვენ ვერ გვიშველის, აქ მთავარი ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება გახლავთ და "ოცნებას" ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს მისი პასუხისმგებლობა, რომ დღეს, ჩვენ მისი არასწორი ქმედებების გამო ერთი წლით ჩამოვრჩებით იგივე მოლდოვას და მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეთ.”

    გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.  411006400_897477995116852_7902047097010317287_n.mp4
  8. tvati
    „ოცნება“ ივანიშვილს უხდის მადლობას კანდიდატის სტატუსისთვის, „ნაც.მოძრაობა” სააკაშვილს და არცერთს ახსენდება ის გმირები, ვინც სისხლით გადაიხადეს ამ ყველაფრის ფასი."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    411617032_1116464322856092_2173060871085595030_n.mp4
  9. tvati
    "ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იქნება მისი საახალწლო სუფრისთვის გენერალური რეპეტიცია."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    GP7Dihi9Krb8RgECAAU11H3EMmdybmdjAAAF.mp4
  10. tvati
    “ამ ქვეყანას აკლია ეროვნულ საკითხებზე ერთიანი შეთანხმება. ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში და არაკონსტრუქციულია. ამიტომ, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას დაანახონ, რომ არიან საქმიანები, ეფექტურები, კონსტრუქციულები, პრაგმატულები და ა.შ.”

     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  GICWmAAR6dgrJWoDAOP6_mCU4-YxbmdjAAAF.mp4
  11. tvati
    გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და მდგრად შეწყვეტას მოითხოვს.
    მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისთვის საჭიროა საომარი მოქმედებების სასწრაფო და მდგრადი შეწყვეტა. ამასთან, დოკუმენტი მოითხოვს ყველა მძევლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.
    ისევე როგორც წინა რეზოლუცია, რომელსაც ვეტო აშშ-მა ვეტო დაადო, ახალი რეზოლუციის პროექტი გმობს განურჩეველ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
    დოკუმენტი ასევე ადასტურებს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტის მიმართ მხარდაჭერას.

    იპნ
  12. tvati

    ახალი ამბები
    აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
    ტელეკომპანიის ცნობით, ოსტინი მიიღებს განახლებულ ინფორმაცის იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ისრაელის თავდაცვის ძალები, ომის კაბინეტი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის ამჟამინდელ ფაზას.
    პენტაგონის სპიკერმა გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ისრაელელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს ლოიდ ოსტინთან ერთად გაერთიანებული შტაბის უფროსი, ჩარლზ კვინტონ ბრაუნ უმცროსიც დაესწრება.

    იპნ
  13. tvati
    წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ.
    წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
    „წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  14. tvati
    საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა.
    საია-ს ინფორმაციით, საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საია-მ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა.
    როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, სარჩელის შეტანის დროისთვის, მოპასუხედ მითითებულ საჯარო დაწესებულებებს საია-სთვის არც უცნობებიათ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მათ განცხადებები ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს.
    „საია ხსენებული განცხადებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა, მოსამართლეების დანიშვნის ვადები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა, საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა.
    ბოლო წლების მანძილზე გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებში, სასამართლოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე მიუთითებენ, საუბრობენ, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გულისხმობს სისტემის მოდიფიცირებას გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით. გამჭვირვალობა სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში, მის საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო/იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მათ პროაქტიულადაც აქვთ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებების უგულებელყოფა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევას და საზოგადოებას ფაქტობრივად აკარგვინებს სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  15. tvati
    ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
    ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი;
    ამასთან, კინორეჟისორი 1980 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958), "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976), "ბასკთა ქვეყანაში" (1983), "მთვარის რჩეულნი" (1984), "პეპლებზე ნადირობა" (1999), "ყაჩაღები"(1996), "მშვიდობით მწვანე მდელო" (2000, საფრანგეთი); ასევე, დოკუმენტური ფილმები: "ძველი ქართული სიმღერა" (1969), "თუჯი"(1964), "საპოვნელა" (1959).
    ოთარ იოსელიანს მიღებული აქვს: 1999 წელს - საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი; 1998 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 1996 წელს - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის); 1995 წელს - ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია; 1993 წელს- რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი"; 1984 წლიდან - საქართველოს სახალხო არტისტი; 1979 წლიდან - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; 1968 წელს - ჟ. სადულის სახელობის პრემია (მხატვრული ფილმისათვის "გიორგობისთვე").

    იპნ
  16. tvati
    უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
    მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო.
    „წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს", - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.
    მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო და ოპერატიული სამსახურები შედეგების აღმოფხვრას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიწყებენ.

    იპნ
  17. tvati
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის­ ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    იპნ
  18. tvati
    „ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას - ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები - ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს - კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდევ კარგი ჰქვია, ფასი არ დაუკარგავს. თორემ დღეს რომ ეგენი „ღალატს“ გაიძახიან, ღალატს სახელს ეგენი ვეღარ დაარქმევენ, ნამდვილი ღალატი რა არის, მაგას ხალხი და ისტორია განსაზღვრავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მცხეთაში, გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას.    
     
    პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, პარტიის ლიდერებთან ერთად  მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუნდის წევრებს შეხვდნენ. ისაუბრეს ქვეყნის გამოწვევებზე, რეგიონის პრობლემებზე, პარტიის განვითარების გეგმებზე და 2024 წლის არჩევნებზე. შეხვედრა აქტიური დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
     
    „ნებისმიერი საჯარო მოხელე უნდა ემსახუროს ქვეყანას, სახელმწიფოს და მოქალაქეებს, რომლებმაც აირჩიეს. საჯარო მოხელეები ბიზნესის და პოლიტიკური ელიტების მოსამსახურე პერსონალად არ უნდა გადაიქცნენ!  20-25 ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება მთელი მთავრობა, პარლამენტი, ეროვნული ბანკი, სასამართლო; ესაა სიმართლე, და სიმართლის მოსმენა კი ნუ გწყინთ, სიმართლის მოსასმენად მოემზადეთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ საჯარო მოხელეების როლსა და ქვეყანაში გაბატონებულ კორუფციაზე საუბრისას.   
     
    შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლები,  საპარლამენტო გუნდის წევრები, თბილისის საკრებულოს, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საკრებულოების დეპუტატები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები, ყოფილი მერობის კანდიდატები, შტაბის წევრები, პარტიის რაიონული ლიდერები, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
  19. tvati
    ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ - არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, ტატუნაშვილი, ოთხოზორია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
    მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამისთვის სიცოცხლე გასწირეს.
    „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, პირველ რიგში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს უკავშირებენ. აბსოლუტურად მიუღებელი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იძახის და ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა თურმე, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო ან აქედან, „ოცნება“ თავის ბელადს... არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, არ გახსენებიათ საერთოდ არავინ, ის ხალხი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სიცოცხლე დადეს იმისთვის, რომ ქვეყანას შესძლებოდა გამხდარიყო ღირსეულად ევროკავშირის წევრი. ეს არ ახსენდებათ, არ გახსენებიათ ტატუნაშვილი, ოთხოზორია, სამაგიეროდ თავისი ბელადები გაახსენდათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში.

    იპნ
  20. tvati
    მიულოცეს საკუთარ ბელადებს, მაგრამ დაავიწყდათ ეს გვარები.

      გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  410888652_821904869742644_7850319476664037661_n.mp4
  21. tvati
    უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა, წერს უკრაინსკა „პრავდა“ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცზე დაყრდნობით.
    ლუბინეცის განცხადებით, სამშობლოს დაუბრუნდნენ: 2008 და 2011 წელს დაბადებული ბავშვები.
    „2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგონა ხერსონის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ, და-ძმა უკვე დედასთანაა. მესამე ბიჭი, ასევე 2011 წელს დაბადებული, ასევე დაუბრუნდა დედას. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვანა. ბიჭს სურდა რუსეთში უკრაინიდან დედასთან დაბრუნებულიყო, მას შემდეგ, რაც მამამ [უკრაინიდან] უნებართვოდ გაიყვანა“, – წერს იგი.
    ომბუდსმენის ცნობით, ბავშვების დაბრუნება მოხდა გეგმა Bring Kids Back UA-ს (დააბრუნეთ ბავშვები) ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კატარი და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
    გარეკანის ფოტოზე: უკრაინაში დაბრუნებული ბავშვები

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
    „ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.
    პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

    ipn
  23. tvati
    “დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
    გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აშშ და ევროკავშირი ვერ ბედავდნენ ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემაზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ვითარება იცვლება. ეს პირველ რიგში უკრაინის ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსების კრიზისს უკავშირდება.
    Financial Times აღნიშნავს, რომ ცალკეული პოლიტიკოსების პოზიციის გამო უკრაინამ შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი არ მიიღოს, რაც ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებს ალტერნატიული გზების ძიებისკენ აიძულებს.
    “ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ მოკლე ვადაა გადაწყვეტილების მისაღებად. მათ ივარაუდეს, რომ ეს “დიდი შვიდეულის” ლიდერების შესაძლო შეხვედრაზე შეიძლება იქნას განხილული”, - წერს გამოცემა.
    ამავდროულად გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის პოზიცია რუსული კომპანიებისთვის შემოსავლების შემცირებისკენაა უფრო მიმართული.
    "სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მიუთითებს [გაყინულ რუსულ] აქტივებზე და უკვირს, ისინი ჯერ კიდევ რატომ რჩებიან მანდ,” - აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.

    ipn
  24. tvati
    საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების დახურვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს“.
    მაუწყებლის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მაუწყებლის დაფნინასების მოდელის ცვლილებებსა და ახალ შენობაში გადასვლაზე.
    მაუწყებლის ცნობით, იხურება არხი „ტელესკოლა“ და 7 გადაცემა. იხილეთ განცხადება სრულად:
    „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე ცნობილია, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს.
    არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება.
    საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას.
    არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.
    კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.
    იხურება სრულად არხი „ტელესკოლა“ „დღის კოდი“ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ „ფერმა“ „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“ „კაცები“ ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან.
    გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 14 დეკემბერს, გუშინ კი დასრულდა ყველა პროექტის შემოქმედებით ჯგუფებთან პირისპირ კომუნიკაცია, დღეს გაცნობებთ არსებულ ვითარებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რადგან ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის რეალური სურათის დანახვას“, – ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

    publika
  25. tvati
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილზე (ვლადიმირ გუნდიაევზე) ძებნა გამოაცხადა.
    სამინისტროს ძებნილთა სიაში მითითებულია, რომ კირილი ნოემბრიდან „ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს“.
    Ukrinform-ის ცნობით, პატრიარქ კირილს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედება: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და წარმოება.
    სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ კირილმა „დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი“ თავისი პოზიციით და ის „რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების შიდა წრის წევრია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომს“

    პუბლიკა
×
×
  • შექმენი...