Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    წვრილ, უთავმოყვარეო “ლიფსიტებზე” კომენტირებით “კედელს” არ ვანაგვიანებ ხოლმე, მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებ ისიც იმიტომ, რომ გაცილებით უფრო მსხვილი პრობლემა მინდა ავსახო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. 

    მისი თქმით, ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, პოლიტიკაში ისეთი ხალხის დაშვებაა, რომელთა ინტელექტის დონე საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა.

      "ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა (და უკვე დანაშაული სახელმწიფოს წინაშე) არის ისიც, რაც ქვემოთ არის არტიკულირებული, ანუ —- საქართველოს პარლამენტის და მთლიანად ქართული პოლიტიკის სრული დ ე გ ე ნ ე რ ა ტ ი ზ ი რ ე ბ ა. ანუ პარლამენტში და მის გარეთ (პოლიტიკაში) ისეთი ხალხის დაშვება, რომელთა ინტელექტის დონე (წიგნიერებაზე, განათლების ხარისხებზე და ქვეყნის წინაშე დამსახურებაზე არც ვსაუბრობ) საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა. იმის ნაცვლად რომ ივანიშვილს ოქროს ასოებით დაეწერა საქართველოს უახლესი ისტორია და პოლიტიკაში წაეხალისებინა გონიერება, ერუდიცია, შრომის მოყვარეობა, განათლება, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, სახელმწიფოებრიობის განცდა, ისიც კი ვინც, ასე თუ ისე ნორმალური განათლებით იყო და შემდგარ პერსონად ასაღებდა თავს ოცნებაში შესვლამდე მონობის და აბსოლუტური მორჩილების სიმსივნით დაავადა!  ერისთვის ამაზე დიდი უბედურება მგონი საშუალო და გრძელვადიან რადიუსში რომ შეხედო კაცმა არც არსებობს…", - წერს კახაბერ ქემოკლიძე. 

  2. tvati
    გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
    „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.

    იპნ
  3. tvati
    პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
    მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“.
    „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და შემდეგ გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
    P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს“, - წერს კეკელიძე "ფეისბუქზე".

    იპნ
  4. tvati
    კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
    კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის.
    როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება.
    შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან "11 წელი ბევრია" და "განახლების დროა"
    „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა", - წერს კეკელიძე "ფეისბუქზე".

    იპნ
  5. tvati
    “ივანიშვილი გამოჩნდა და კვლავ დაიმალა. მას სურს, რომ დაიმალოს, მაგრამ გახარიამ აიძულა იგი, რომ გამოსულიყო კულისებიდან და დამალვის საშუალებას აღარ მისცემს.”    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
  6. tvati
    საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, დანიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ამ წუთებში ხვდება.
    ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.

    იპნ
  7. tvati
    საპენსიო სააგენტოს 6 თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს. სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
    ვინ ნიშნავს საპენსიო სააგენტოს დირექტორს?
    „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან. სწორედ სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.
    როდის გამოცხადდება საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი?
    BMG-ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კონკრეტული თარიღი არ უთხრეს, მაგრამ მოგვწერეს, რომ “საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უახლოეს ხანებში შეიკრიბება და კონკურსის გამოცხადების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს”.
    ამჟამად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს. შეგახსენებთ: გიორგი დანელიამდე, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა, ასევე, ვადაზე ადრე დატოვა ლევან სურგულაძემ.


    bpn.ge
  8. tvati
    ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    „უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე", - აღნიშნა კარისმა.
    მისივე თქმით, ესტონეთს აქვს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნება გაყინული რუსული სახსრების გამოყენება.
    „რუსეთს სურს დაიპყროს არა მხოლოდ უკრაინა, ის მთელ დემოკრატიული სამყაროს დაუპირისპირდა", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
    შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს ჩავიდა. გუშინ ის ლიეტუვას სტუმრობდა.

    იპნ
  9. tvati
    საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
    განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
    „წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:
    საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
    ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
    მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

    იპნ
  10. tvati
    დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
    საელჩო დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
    „სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.
    ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან," - აღნიშნულია განცხადებაში.
    ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
    მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.
    „მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, - წერს ელჩი.

    იპნ
  11. tvati
    27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
    გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
    პროცესი კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბრალდებული თვითდაზიანებების მიყენების გამოა მოთავსებული.
    როგორც მოსამართლემ თქვა, ბრალდებულმა პატიმრობა თავადაც მოითხოვა.
    ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ნადირაძის თქმით, კაცი ვერ იხსენებს შემთხვევის დეტალებს, „ვერ ყვება რა მოხდა”. – თქვა მან.
    „დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი, ჩავარდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ამბობდა პასუხი უნდა ვაგოო. ექსპერტიზაა საჭირო, მისი მონაყოლიდან გამომდინარე რაღაცეებს ვერ იხსენებს, დეტალებს, ვერც მოტივზე ლაპარკობს, ვერ ყვება რა მოხდა” . – თქვა ბრალდებულის ადვოკატმა. 
    ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი 4 მარტს ჩაინიშნა.
    პროკურატურამ ბრალი კაცს გუშინ წაურდგინა. მას ბრალად ცოლის  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება.  დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
    შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, ქალი ქმრის მხირდან სხეულზე მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაში გარდაიცვალა.

    პუბლიკა
  12. tvati
    “აფხაზეთის თემა არც ამ ფილმით დაწყებულა ჩემთვის და არც დამთავრდება”, – ამბობს ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის “ავტოპორტრეტი ზღვარზე” ავტორი ანა ძიაპშიპა, რომელიც ნეტგაზეთან საკუთარ ფილმზე, აფხაზეთში გადაღებებზე, ქართულ-აფხაზურ ოჯახსა და ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზე გვიყვება.
    თბილისში ფილმის ჩვენებისას მაყურებლის რეაქციები სხვადასხვაგვარი იყო. ფილმის გადაღებამდე თუ გქონდა მოლოდინი, როგორ აღიქვამდა ფილმს/ შენს სათქმელს მაყურებელი? 
    ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი იყო ამ ფილმზე მუშაობა. ეს ფილმი იყო ერთ-ერთ ნაწილი იმისა, რაზეც სხვადასხვა ფორმატით სულ ვმუშაობდი – აფხაზეთის საკითხი, იდენტობის საკითხი, გაუცხოვების საკითხი. ეს ფილმი იყო ერთ-ერთი მედიუმი, სადაც ბევრმა ფიქრმა მოიყარა თავი. ბუნებრივია, ვფიქრობდი, რომ ის ფიქრები, რაც მე მაქვს, არ არის გაბატონებული ნარატივისა და წარმოდგენების ნაწილი ამ კონფლიქტზე. ვიცოდი, რომ კონტროვერსიულია, წინააღმდეგობრივია, რადგან აქამდეც მილაპარაკია ამ საკითხებზე, მქონია დისკუსიები, მიმიღია მკვეთრი რეაქციები. მაგრამ როდესაც ფილმს იღებ, ამაზე არ ფიქრობ. ბუნებრივია, გარკვეული პოლიტიკური განზომილება აქვს ამ ფილმს და არც უარვყოფ ამას, მაგრამ ეს არ არის აქტივიზმი. 
    ბუნებრივია, მქონდა განცდა, რომ ფილმს ექნებოდა არაერთგვაროვანი გამოხმაურება. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს, რაღაცნაირად, ყინულის დაძვრას გავს.  

    აფხაზეთის შესახებ ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული ნარატივები ახსენე. შენთვის რა იყო ეს გაბატონებული ნარატივები? 
    ის, რომ ეს არის რუსულ-ქართული კონფლიქტი და ხშირად მასში აფხაზებს არც მოიაზრებენ. ჩემი ფილმი უფრო ამაზეა, ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა და იმ აზრთან დაპირისპირებაზე [რაზეც გამსახურდიამ თქვა და ეს ჩემს ფილმშიცაა], რომ აფხაზი ერი არ არსებობს.
    შეიძლება ჩემი იდენტობა უფრო ქართულია, ვიდრე აფხაზური, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ის, რომ აფხაზი ერი არსებობს და მას ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანი წვლილი და როლი აქვს, და მნიშვნელოვანი მხარეა, ჩემთვის ამის თქმა და გამოკვეთა იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო ქართული ნაციონალიზმის კრიტიკა ამ მიმართულებით – როდესაც 90-იან წლებში მე როგორც ბავშვი თავს ვგრძნობდი უცხოდ იმის გამო, რომ ვიყავი აფხაზი. 
    იმ დღეს დარბაზშიც მკითხეს, აფხაზები ქართველები არ არიანო? და არა მეთქი. მეშინოდა ამ პასუხის გაცემაც, არადა მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ აფხაზები არ არიან ქართველები. პირველი დისკუსიაც თითქოს ისე აეწყო, რომ დაემტკიცებინათ ჩემთვის, რა არის სამშობლო. გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც ისეთ შევეხე, რაც მყარად არსებობს ჩვენს ცნობიერებაში და რაც მტკივნეულია ბევრისთვის, მათ შორის ბევრი დევნილისთვის, რომელთა აზრიც, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათაშორის, მათი აზრი არ გავს არც ქართულს, არც აფხაზურს. ესაა ხალხი, ვინც მართლა დაკარგა რაღაც. ჩემთვის, მაგალითად, ფუნდამენტური უფლებაა, გქონდეს წვდომა საკუთარ სახლთან, საოჯახო ალბომებთან, ეზოსთან, მეზობლებთან. ამავე დროს, დევნილები ბევრად უფრო არასწორხაზოვნად უყურებენ კონფლიქტს, ვიდრე დანარჩენები. 
    თუმცა, სამშვიდობო პროცესებში არ ისმის დევნილების ხმა
    პირველი ჩვენების შემდეგ ჩემმა ახლო მეგობარმა დევნილმა ილაპარაკა. მისთვის გაჩნდა სივრცე სალაპარაკოდ, რომელიც აქამდე არ ჰქონია. აქ ცხოვრობს უკვე მესამე თაობა დევნილებისა, რომლებიც აქ ჩნდება და დღემდე სახლი არ აქვთ ამ სახელმწიფოში, რომელიც მუდმივად დაბრუნებას გპირდება. სახელმწიფოს კი არანაირი წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა მოხდეს დაბრუნება. ჩემი აზრით, ამ ფილმმა დევნილსაც კი გაუჩინა ლაპარაკის სივრცე სახლზე, მიკუთვნებულობაზე, და იმაზე, რომ სახელმწიფო მხოლოდ ლოზუნგებით შემოიფარგლება.
    როდის გადაწყვიტე ამ თემაზე ფილმის გადაღება?
    ამაზე ფიქრი დაიწყო ომის შემდეგ აფხაზეთში ჩასვლიდან. სახლის კარის გაღებიდან დაიწყო ემოციებისა და შეგრძნებების ამოტივტივება. ვფიქრობდი, რომ მჭირდება, რაღაც ფორმით ამაზე ლაპარაკი. ჩადიხარ აფხაზეთში ომის შემდეგ და ხვდები სრულიად სხვა სამყაროს, კონფლიქტის აბსოლუტურად სხვა აღქმით, რომელიც შენამდე არ აღწევს, რადგან მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან უყურებ და დანარჩენი, თითქოს, პროპაგანდაა. 
    აფხაზეთის ომის დროს 10-11 წლის ვიყავი. აგვისტოში იქ ვიყავი, ვისვენებდი. იმის მიუხედავად, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე, მთელ ზაფხულს ბაბუას აშენებულ სახლში ვატარებდით. ხანდახან პარასკევი-შაბათი-კვირაც მამას აფხაზეთში მივყავიდთ ხოლმე. ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო ამ სივრცესთან, მამაჩემის ნათესავებთან კონტაქტი. მხოლოდ ზაფხულში დასვენების სივრცე არ ყოფილა აფხაზეთი. 

    მერე უკვე 2013 წელს მოვხვდი აფხაზეთში. თუმცა, იქამდე ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, წავსულიყავი. სულ მიზიდავდა და მაინტერესებდა ის, რაც აღარ მახსოვდა. მაინტერესებდა, რატომ მოხდა ეს, რა მოხდა. იქ მცხოვრები ჩემი ნათესავები რას ფიქრობენ ამ საკითხებზე და ა.შ. რაღაცნაირი ლტოლვა მქონდა იმ სივრცის მიმართ, და იმიტომ კი არა რომ ჩემი სახლი ვიპოვო და ვნახო. მანდ ყოფნამ მომცა ინფორმაცია და საფიქრალი, რომ სხვა კუთხით შემეხედა ამ საკითხისთვის. იქამდე რაღაცეები ჩემთვისაც წინააღმდეგობრივი იყო.
    ფილმზე მუშაობისას აფხაზეთში ჩასვლა ერთხელ მოგიწია მხოლოდ?
    ფილმის გადაღების პროცესში სამჯერ ვიყავი აფხაზეთში. თან მარტო ვიღებდი და სხვადასხვა სეზონზე მომიწია ჩასვლა. როდესაც იცი, რომ ფილმს იღებ და იქ უნდა იყო, სხვანაირად უყურებ ყველაფერს. ხშირად ვფიქრობ, რომ ისე მინდა წასვლა, რომ არაფრის გაკეთება მომიწიოს, მაგრამ იმდენად რთულია წასვლა ჩემთვისაც კი, რომ მინდა ყველაფერი წამოვიღო იქიდან და მიღებული ინფორმაცია ღრუბელივით შევიწოვო. 

    პირველად ჩასვლამდე მოლოდინები თუ გქონდა?
    უცნაურია, მაგრამ რაიმე მოლოდინი არ მქონია. ამინდიც კი ვერ შევამოწმე წასვლამდე. ძალიან სპონტანურად წავედი. 
    არ გქონია პრობლემა აფხაზეთში ჩასვლაზე?
    არა, არანაირი. 
    გვარის გამო? 
    იმის მიუხედავად, რომ ქართული პასპორტი მქონდა, არ ვიცი მიზეზი – გვარის თუ იმის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს არცერთ მხარეს უბრძოლიათ. 
    იქ ვინმე გხვდებოდათ, ალბათ?
    კი, მხვდებოდნენ, ყველაფერი მოგვარებული იყო. გაფრთხილებული იყვნენ. წარმოუდგენელი იქნებოდა ფილმზე მუშაობა მათი დახმარების გარეშე. 
    თავიდან უნდობლობა იყო, ნათესავების მხრიდანაც კი. იყო კითხვები, რა გინდა, რატომ ჩამოხვედი. თუმცა, არ შემშინებია ამ უნდობლობის. მეორე ჩასვლაზე მოეშვნენ, მიხვდნენ, რომ არ წარმოვადგენ საფრთხეს. 
    მე მხოლოდ მჭირდებოდა ინფორმაციის აღდგენა, რომ ინფორმაცია ყოფილიყო სრულყოფილი. გამთლიანება მინდოდა ჩემი აზრებისა და ფიქრების. 

    აფხაზეთში სად რჩებოდი ხოლმე ფილმზე მუშაობისას?
    ბიძაჩემის სახლში, მამაჩემის ბიძაშვილთან. აფხაზები არიან. პირველად როდესაც ჩავედი, ბევრი დამხვდა ცოცხალი. შემდეგ,თანდათანობით, ბევრი გარდაიცვალა. უცნაური იყო, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანების უკანასკნელ მომენტებს მივუსწარი და ჩემი ჩასვლით ჩვენს შორის კონტაქტი აღდგა, რაღაც შეივსო. 
    ის სახლი, რომლის კარსაც ფილმში აღებ?
    ბაბუაჩემის სახლია ის, რომელიც ფილმში ჩანს, ოჩამჩირეშია. სახლში, შესასვლელშივე დღემდე ბაბუაჩემის ფოტო კიდია კედელზე. ბაბუა ომის შემდეგ ავად გახდა სიმსივნით და თბილისში წამოვიდა. ომიდან  ძალიან მალევე გარდაიცვალა. ბებიაჩემი ვეღარ დავტოვეთ იქ მარტო, მითუმეტეს, მეგრული გვარი ჰქონდა. გახდა დევნილი. ომის მერე მხოლოდ ერთხელ იყო აფხაზეთში წასული.
    ოჩამჩირეში ჩვენს სახლს ჩვენი აფხაზი მეზობლები, ბაბუაჩემის ძალიან ახლო მეგობრები უვლიდნენ, რომელთაც დღემდე აქვთ გასაღები. სახლს არც ჭურვი მოხვედრია, არც არავინ შეჭრილა, არც გაუქურდავთ. 
    ეს სახლი აფხაზეთში ახლა ვინმეს ოფიციალურ საკუთრებაშია?
    არც ვიცი, ვის ეკუთვნის ის. ან რისთვის გავარკვიო? ამ სახლის მოსავლელადაც დიდი დრო და რესურსია საჭირო, გაყვანილობები, კანალიზაცია.  იმ სახლში ვერ ვრჩებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი სივრცე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ჩემი გახდეს, ის უფრო რაღაც ძვირფასი სიმბოლოა ჩემთვის.
     თუ იცი, აფხაზეთში ნახეს შენი ფილმი? 
    კი, ვიღაცეებმა ნახეს. თუმცა, მინდა აფხაზეთშიც მოვწყო ჩვენება, დახურულ სივრცეში, ახლობლებში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის მთავარი გამოწვევა არის იზოლირებული აფხაზური საზოგადოება, რომელსაც არ აქვს სივრცე განსხვავებულ აზრს მოუსმინოს. ჩვენ გვაქვს ეს ფუფუნება. ბევრად უფრო თამამი და გახსნილები ვართ. 
    ფილმში ამბობ, რომ ბაბუის სახლში, კედელზე შენი პორტრეტი დაგხვდა, რომელიც გადააგდე. რატომ? 
    არ მახსოვდა ამ პორტრეტის არსებობა, თუმცა, კარი როცა გავაღე, ეგ დამხვდა პირველი. ემოციური იყო, ჩემი თავი, რომელიც გამოკეტილია ამ სახლში, სადაც არავინ ცხოვრობს. არ მომინდა გამოკეტილად დარჩენა და მისი გადაგდება გათავისუფლებასავით იყო.
    ფილმში გამოყენებული გაქვს ბევრი საარქივო მასალაც. ერთ-ერთი შენი ქორწილია, სადაც ისმის თამადის სიტყვა, “ჩვენი წილი აფხაზეთი დავიბრუნეთო.” პროტესტის გამო ჩასვი ეს ეპიზოდი?
    ეს იყო 2001 წელი. მე პრობლემა მაქვს პათეტიურ პატრიოტიზმთან. ქალი, აფხაზური გვარით, მონაპოვარი ხარ, თითქოს. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაყალიბებდი ჩემშიც, რატომ იყო ეს დისკომფორტი. ცუდს ხომ არ გეუბნებიან, ოჯახის გაერთიანებაზეა საუბარი. მაშინ ჩევულებრივად აღიქმებოდა, დღეს ნაკლებად იტყვის ვინმე ასეთ ფრაზას. 
    აფხაზეთში გრძნობდი, რომ სახლში ხარ? 
    არა, იქაც მქონდა განცდა, რომ იქაც უცხო ვარ, რომ ვარ აფხაზური გვარის მქონე ქართველი, თბილისელი ქალი. ისეთივე განცდა იყო, როგორც აქ მქონდა 90-იანებში. ალბათ, მართლა ესაა ზღვარზე ყოფნა. 
    ფიზიკური სახლი მაქვს თბილისში და მშვიდად შემიძლია ვიყო ჩემს სახლში, რის ფუფუნებაც დღეს ბევრს არ აქვს დევნილობის გამო. მაგრამ უცხოობა ძალიან განგრძობითი განცდაა, რომელიც ბავშვობაში ჩნდება, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კომფორტული, კარგი ბავშვობა მქონდა. გარეთ მაინც ვგრძნობდი ამ გაუცხოებას, გვარის გამო უსიამოვნო ყურადღების ცენტრში ყოფნას. პოზიტიური ყურადღების ქვეშაც ვყოფილვარ, მაგრამ ხანდახან არც ეს გინდა, პირიქით, გინდა დაიცვა თავი და შენს გვარზე არ დაგისვან კითხვები.
    დღეს რა შეიცვალა 90-იანების შემდეგ?
    დღეს ჩემი აფხაზური გვარი გახდა ძალა, პრივილეგია, რომ შეგიძლია სხვანაირად დაინახო რაღაც. მაგრამ ამას ბავშვობაში ვერ ხვდები. 
    ამასწინ მეგობარმა გამახსენა რამდენიმე ფაქტი, რაც დათრგუნული ჰქონდა ჩემს მეხსიერებას. ხატვის მასწვლებელმა დაფასთან გამომიძახა, თან, ხუმრობით, კეთილგანწყობით  – “არძინბა, გამოდი დაფასთან”-ო. გეძახიან იმ ადამიანის გვარს, ვინც აფხაზეთის ომის დროს მთავარი მტრის ხატია. ამ დისკომფორტის გამო, ხანდახან დამიმალავს გვარი და დედაჩემის გვარი მითქვამს. 
    2008 წლის ომის დროს ჩემი შვილი გაჩნდა და როდესაც კლინიკიდან სახლში დავბრუნდით, ვნახე, რომ კარზე მამაჩემის გვარზე დედაჩემის გვარია გადაკრული. როგორც ჩანს, ომის დროს ჩემს მშობლებსაც გაუჩნდათ შიში, ტრავმა, რომელსაც მე არ მაჩვენებდნენ და დღემდე არ ულაპარაკიათ ჩემთან ამაზე. 
    ფილმის ერთ-ერთ ჩვენებას ეთნიკური აზერბაიჯანელი კაცი ესწრებოდა. მითხრა, ომის ფაქტორის გარეშე, მგონია, ეს ფილმი ჩემზეც არისო, და მაშინ მივხვდი, რას გრძნობდა, ეთნიკური უმცირესობა ეროვნული მოძრაობის გაფურჩქვნის ხანაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველაფერი საზეიმო და მნიშვნელოვანი იყო და ამავე დროს, იყო ხალხი, ვისთვისაც ეს გადამეტებული ნაციონალიზმი ტრავმის საბაბი გახდა. ეს გაუცხოება არ ჩნდება მხოლოდ გვარის გამო – საზოგადოება გრიყავს როგორც უცხოს, არასრულყოფილ წევრს, გვარის, თუ სხვადასხვაგვარი იდენტობის გამო.

    ნეტგაზეთი

  13. tvati
    10 იანვარს ოთახის მცენარეების დაფასების დღე აღინიშნება. ვინაიდან შობა-ახალი წლის პერიოდში ყველას ყურადღება ნაძვისხეებისკენ არის მიბყრობილი, ოთახის მცენარეების დაფასების დღის დაწესება სწორედ  ამ ფაქტს უკავშირდება და გვახსენებს, რომ ლამაზად მორთული ნაძვის ხის გარდა, არსებობენ ოთახის მწვანე ბინადრებიც, რომელთაც ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ.
     
    ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის ლაბორანტი.
     
    - ოთახის მცენარეები და ყვავილები არა მარტო ჩვენს ინტერიერს და გარემოს ალამაზებს, არამედ სარგებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჰაერს გვისუფთავებს. გარდა ამისა, ოთახის მცენარეები ძალიან კარგად მოქმედებს როგორც ჩვენს, ისე ბავშვების ფსიქიკაზე, მათ განვითარებასა და გუნება-განწყობის ამაღლებაზე.
     
    ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ამ მიმართულებით ძალიან კარგი პროექტები გვაქვს. მოქმედებს ეკოგანათლების მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან სკოლის ბავშვები მოდიან, ეცნობიან მცენარეებს, მათ თვისებებს, მნიშვნელობას; სწავლობენ, როგორ დარგონ ნერგები თუ ყვავილები, როგორ მოუარონ, როგორ გაახარონ. ამ ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ხელებით, რაც ძალიან ახარებთ და სასიამოვნოდ ამახსოვრდებათ.
     
    ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, სახლში ისეთი მცენარეეები იქონიონ, განსაკუთრებული და ყოველდღიური მოვლა რომ არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ბევრი მცენარეა, რომელსაც ნაკლები მოვლა სჭირდება და მეტი სარგებლობა მოაქვს პატრონისთის, რადგან უფრო მეტად ფილტრავს ჰაერს, ვიდრე სხვა მცენარეები. ასეთია, მაგალითად: კაქტუსი, სანსევიერა, სუკულენტი. ეს ყვავილები ჩვენგან ნაკლებ ყურადღებას მოითხოვენ, მაგრამ ამავე დროს, კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათი მაინც სწვდებოდეთ მზე. ისინი ჩვენგან მეტად მზიან გარემოს მოითხოვენ, რათა კარგად განვითარდნენ და ჯანსაღი იერი ჰქონდეთ.  
     
    რაც შეეხება სანსევიერას, ის კიდევ უფრო მარტივი მოსავლელია, რადგან იშვიათად მოითხოვს მორწყვას და კარგად იტანს ჩრდილს. შეგვიძლია დავდგათ ოთახის ისეთ ნაწილში, სადაც განათება და მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. მთავარია, ტოტები ხშირად გავუწმინდოთ მტვრისგან. ასევე, მარტივი მოსავლელია სპატიფილიუმი, რომელსაც ქალთა ფედნიერებასაც ეძახიან, თუმცა მას მეტი მორწყვა სჭირდება, ვიდრე სანსევიერას.
     
    რაც შეეხება ოთახის მცენარეების მორწყვას, ზამთრის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ მცენარეებისთვის ზედმეტი წყლის მიწოდებისგან, რადგან ზამთარში ჩვენი მცენარეები მოსვენების სტადიაში გადადიან, ისევე როგორც ღია გრუნტის მცენარეები. ამიტომ ეს ხაზგასმით მინდა ვუთხრა მცენარეების მოყვარულებს, მოსვენების პერიოდში ნაკლებად უნდა მორწყან თავიანთი ოთახის ბინადრები, ასევე ზამთრის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ მინერალების და სასუქების მიწოდებისგან, თუ რა თქმა უნდა, მცენარეს პრობლემა არ აქვს.  ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ოთახებში არსებული გათბობის გამო, ჰაერი შრება, რაც ბევრ მცენარეს პრობლემას უქმნის. სუკულენტებს და კაქტუსებს პირიქით, მშრალი ჰაერი მოსწონთ, მაგრამ ფიკუსებს, პალმებს, სხვა მსგავს მცენარეებს უჭირთ და მოიწყენენ ხოლმე. ამიტომ, თუ ჩვენს ბინაში ცხელა და ჰაერი ზედმეტად გამომშრალია, სასურველია, მცენარეებს ფოთლები დავუნამოთ. ასევე, პერიოდულად აუცილებელია მათი ფოთლების გაწმენდა, რადგან ჟანგბადს ამ ფოთლების საშუალებით გამოყოფენ და როდესაც მტვერი ედებათ, ჟანგბადის გამოყოფა ფერხდება.
     
    - მცენარის მოყვარულები როგორ უნდა მიხვდნენ, აკლია თუ არა ვიტამინები და მინერალები მათ ყვავილებს?
     
    - მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა ძირითადად  ფოთლების გაყვითლებით გამოიხატება. ასეთ დროს ზოგ მცენარეს ფოთოლზე მწვანე ხაზები სისხლძარღვებივით ეტყობა ხოლმე, გარშემო კი გაყვითლებულია. ასევე, როცა მცენარეს პრობლემა აქვს, მისი ფოთლები იწყებს ცვენას. ეს არის ის ძირითადი საგანგაშო ნიშნები, რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მივხვდეთ, რომ ჩვენს მცენარეს რაღაც აკლია და დახმარებას ითხოვს.
     
    - ასეთი პრობლემების დროს სახლის პირობებში რა შეგვიძლია მივცეთ ჩვენს მცენარეებს?
     
    - სახლის პირობებში ცოტა რთულია რაიმე რჩევის მიცემა, მაგრამ მათ სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად მაღაზიებში უკვე იმდენი საშუალება იყიდება, უმჯობესია ის სასუქები გამოვიყენოთ. არის გრძელვადიანი სასუქები, რომლითაც მცენარის მიწას ერთხელ რომ გავანოყიერებთ, 5-6 თვე დამატებას არ საჭიროებს.
     
    ზედმეტი მონდომებითაც შეიძლება ვავნოთ ჩვენი ოთახის მცენარეებს და განსაკუთრებით თხევად სასუქებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად. მე ზოგადად, ყველას ვურჩევ ხოლმე, თუ თხევად სასუქს აწერია, რომ უნდა გავხსნათ ერთ ლიტრ წყალში, უმჯობესია გავხსნათ ლიტრნახევარ ან ორ ლიტრ წყალში, რადგან ამ სითხიდან მცენარის ფესვები უცებ იღებს სასუქს და თუ ის ძლიერია, ფესვთა სისტემა შეიძლება დაიწვას.
     
    ყველაზე ხშირად, სწორედ ზედმეტი მონდომებისგან გაფუჭებული მცენარეები მხვდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც პატრონი იმაზე ხშირად რწყავს მას, ვიდრე საჭიროა.
    ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თუ ყოველდღე დაუსხამს წყალს თავის ყვავილებს, უფრო უკეთესად გაიხარებს, უფრო მალე გაიზრდება, უფრო ლამაზი და ჯანსაღი იქნება, არადა ზედმეტი მორწყვა იწვევს ფესვთა სისტემის ლპობას და მცენარეც ხმება. ამიტომ ზომიერების დაცვა აუცილებელია, როგორც სასუქების მიცემის, ისე მორწყვის მხრივაც.
    ვიდრე მცენარეს ქოთანში მიწა ბოლომდე არ გამოუშრება, წყალი არ უნდა დაუსხათ.
     
    - მორწყვის მეთოდებსაც ხომ არა აქვს მნიშვნელობა, როგორ უნდა მოვრწყათ ოთახის მცენარე, წყალი ძირში ჩავუსხათ, ფოთლებს შევასხუროთ თუ როგორ არის უკეთესი?
     
    - მორწყვის რამე განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს, თითოეული მცენარე ინდივიდუალურად ითხოვს წყლის მიწოდებას. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, რა მცენარე გვაქვს სახლში და როგორი უნდა იყოს მისი მოვლის წესები. მაგალითად, გვიმრებს სჭირდებათ, რომ მათი ნიადაგი შედარებით ნოტიო დარჩეს, ამიტომ მისი მიწა ბოლომდე არ უნდა გამოშრეს, მაგრამ თუ სუკულენტებს გავუკეთებთ იგივეს, ის აუცილებლად დაგვილპება.
     
    კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებელია ვიცოდეთ, რა მცენარე გვაქვს სახლში და როგორ მოვუაროთ მას.
     
    გარდა იმისა, რომ ოთახის მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ და ჰაერს ასუფთავებენ, მათ შორის არის ისეთები, რომელიც აზოტის დიოქსიდს შთანთქავს. ასეთი მცენარეა: გერანი, სანსევიერა, ოთახის იები, კაქსტუსი, ფიკუსი, ქლოროფიტუმი და ბევრი სხვა.
    ასევე, იმ სასარგებლო თვისებების გარდა, რაც ჩამოვთვალეთ, ზოგიერთი მცენარის ქონა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, არსებობს დიფენბახია, რომელიც ძალიან ლამაზია და ნებისმიერ ინტერიერს საოცრად უხდება, მაგრამ მისი წვენი შეიცავს შხამს. ამიტომ თუ სახლში პატარა ბავშვი გვყავს, რომელიც შეიძლება მცენარეს მიწვდეს, მაშინ თავი უნდა შევიკავოთ დიფენბახიის შეძენისგან. ასევე, მისი ფოთლები შეიძლება ფრინველმა ან შინაურმა ცხოველმა ჩაღეჭოს, რაც სავალალო შედეგით დამთავრდება. ამიტომ ანალოგიური ჯგუფის მცენარეები სასურველია ისეთ ადგილას გვქონდეს, სადაც ბავშვები ვერ მიწვდებიან ან როცა სახლში ბავშვია, თავი შევიკავოთ მათი ყიდვისგან.

    ირმა ბერიშვილი


    საქართველოს რადიო, პიკის საათი. 
    GPXB8BiOKrh-LswCAHdjezltnzcqbmdjAAAF.mp4
  14. tvati
    გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.
    სერგო ბიჩენოვი ჰყვება, რომ ის დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.  მისი თქმით, როცა დაინტერესდა, რისთვის აკავებდნენ, პოლიციელმა მას შეაფურთხა და ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ის სცემეს.
    “დამსვეს მანქანაში, გვერდზე მომიჯდა ის ჯოყოლიჩი [პოლიციელი], ფუ, შენნაირი კაცის დედო რა, ეგრე მითხრა და შემაფურთხა. რაზეც ადეკვატურია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე მეც. ანალოგიური, ოღონდ შეფურთხებით არა, სიტყვიერად შევაგინე მეც […] რაზეც გამოვიდა წყობილებიდან, დამიწყო რტყმა. ბორკილები მადევს და ღმერთს ვფიცავარ, ძალიან მძიმე წუთები გამოვცადე. 14 დარტყმა ავიტანე და მე-15 თუ იყო, აღარ მახსოვს აღარაფერი”, – უთხრა ბიჩენოვმა TV პირველს.
    მისი თქმით, ცემის დროს გონება დაკარგა. დაზიანებები კვალი სხეულზე ამ დრომდე ეტყობა და მუშაობას ვეღარ ახერხებს.
    სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 2023 წლის 30 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.
    ფოტო: კადრი TV პირველის ვიდეოდან

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
    ელჩმა გაიხსენა 2023 წლის აქციებიც, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის „რუსეთთან მეგობრული პოლიტიკა“.
    ელჩი ოპ-ედს იწყებს 15 დეკემბრის გახსენებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებიდან მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ საზეიმო ღონისძიება გამართა თავისუფლების მოედანზე.
    „იმავე მოედანზე, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუცია და ევროპული რეფორმები დაიწყო 2003 წელს”, – განმარტავს ელჩი.
    ანე ტოფტ სორენსენი გამოცემის მკითხველს უხსნის, რომ ქართველ ხალხს დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული აქამდე მოსასვლელად, მათ შორის, გადატანილი აქვს 2008 წელს რუსეთის მორიგი შემოჭრა საქართველოში და 5-დღიანი ომი, რომელსაც საქართველოს ორ რეგიონზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. რუსები კი დღემდე დგანან საქართველოს ტერიტორიაზე, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში.
    სწორედ ამის შემდეგ, დანიის ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რეფორმები შენელებულია, პოლიტიკურმა კრიზისმა კი, რომელიც წლებია გრძელდება, უფსკრული გააჩინა მთავრობასა და ოპოზიციას შორის.
    დანიის ელჩი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში ბევრი პრო-ევროპული განწყობის ადამიანისთვის კანდიდატის სტატუსი ახალი იმედის საფუძველია,  ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხიც კი ვერ ხდება გამაერთიანებელი პოლარიზებული საზოგადოებისთვის. არამედ პირიქით, ეს საკითხი პოლიტიკური ბრძოლის ველია და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს მდგომარეობა თუ არ გამწვავდება, არ განელდება.
    ელჩი თვლის, რომ დანიის საელჩოს პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია იმ 9 რეკომენდაციის შესრულებაში, რაც აუცილებელი პირობაა ევროკავშირის წევრობაში მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასასვლელად. ისევე, როგორც განსაკუთრებული როლი ითამაშა დანიამ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ევროკავშირისა და ნატოს წევრად გახდომაში 2004 წელს. ანე ტოფტ სორენსენი აღნიშნავს, რომ დანიამ მშვიდობისა და სტაბილიზაციისთვის ახალი პროგრამა დაიწყო საქართველოში და ქვეყნის განვითარების ხელშესაწყობად მეტი ფინანსების მობილიზებას გეგმავს.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
    „წელიწადნახევრის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქია, ამიტომ ახალს არაფერს ვისმენთ და როგორც ჩანს, ჩვენმა მოკავშირე სახელმწიფოებმა ეს ყველაფერი გადასარევად იციან. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ტვირთი ხდება. რეპუტაციული ტვირთია, როგორც მინიმუმ",- განაცხადა დაუშვილმა.
    მან ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების და შესაძლო სანქცირების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის სანქცირების საფუძველი თუ იქნება, მოკავშირე სახელმწიფოები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
    „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არჩევნების გამო დაბრუნდა, როგორც "ოცნება," ასევე „ნაცმოძრაობა" მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე არიან, ამიტომ დასჭირდა ივანიშვილს დაბრუნებულიყო. რაც შეეხება იმას, დასანქცირდება თუ არა, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები ნებისმიერი პირის დასანქცირებაზე გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებები აქვთ და საფუძვლები და არა ვინმეს სურვილების მიხედვით. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, როგორც ფარცხალაძის და მოსამართლეთა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ, როცა ამის საფუძველი ჰქონდათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. თუ საფუძველი არ ექნებათ, რა თქმა უნდა, სანქციებს არ გამოიყენებენ“, - განაცხადა დაუშვილმა.
    ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

    იპნ
  17. tvati
    ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
    „დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, - აცხადებენ პროკურატურაში.
    მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ.
    მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აღძრა.

    იპნ
  18. tvati
    "ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ გაგვაჩერებდა.
    სამართლებრივად? მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? ნებისმიეერი დამსწრების პირობებში, ნებისმიერ ფორმატში. იმირომ, რომ ზუსტად ვიცი, სამართლებრივადაც 100%-იანი მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-იანი მართალი ვარ და რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი, უთანხმოების მოგვარების, ან ბრალდებების დადასტურების. და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება."


    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
  19. tvati
    "ღია შეთავაზება მაგიდაზე უდევთ, თუ ეყოფათ გამბედაობა, გახარია აქ არის და სთავაზობს დებატებს."
     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGA-_Bh3otyk7ucAANFG76yfrzYDbmdjAAAF.mp4
  20. tvati
    პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარტიის თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს, თბილისის გუნდის წევრებს, საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელს და პარტიულ აქტივს  შეხვდა.
    2024 წლის პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე პარტიის განვითარების გეგმებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, გუნდის ხედვებსა და ინიციატივებზე,  ასევე,   ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. გიორგი გახარია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენის თემასაც შეეხო.
    გიორგი გახარია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენას გამოემხაურა.
    „ფაქტობრივად, დაადასტურა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ვერავინ ვერსად პასუხისმგებლობას ვერ დაემალებოდა. ეს არის, ახლა რაც ხდება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ  იძულებითი ნაბიჯი იყო, ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე, რა თქმა უნდა, იძულებითი ნაბიჯია. მაგრამ, კარგია რომ ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ბევრი რამ აღიარა: აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა! აი, მისი ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებსო… ორს, სამს, ოთხს... ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორც მუშაობს; აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება. იმედი მაქვს,  ხვდება, ქვეყანასაც ვერ დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია და აღიარა, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური კორუფციული რისკებია. სიმართლე გითხრათ, მისი გამოჩენის მიზეზის ამ სუსტ დასაბუთებას რომ ვუსმენდი, ადამიანურად შემეცოდა კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არც ერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა, ან ვერ თქვა…
    რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი გაგვაჩერებდა. ზუსტად იცოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად, დეტალურად იცოდა ამ გადადგომის მიზეზები. შესაბამისად, ბოლო სამი წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან [იწყევლებოდა], შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების პირით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას განაგრძობს.  შესაძლოა ფიქრობს, რომ მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს? არ ვიცი. სინამდვილეში მაგიური კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხიც და გუნდიც, რომ მის სიტყვას არანაირი ფასი აღარ აქვს! სწორედ ამიტომ, ის წყევლას გააგრძელებს.
    მე მარტივი მიდგომა მაქვს. მსგავსი ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ვალდებულია გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და მე ველოდები ამ ნაბიჯებს. მეტიც, ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად -  მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად -  მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად - ნებისმიერი დამსწრის პირობებში. რადგან სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების ქართული ტრადიციული წესი და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც.
    ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება. და ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, ეს იქნება პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
     
     
    GP8e9xged6ngQnwCAJeFlIVKELcVbmdjAAAF.mp4
  21. tvati
    პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა                  
  22. tvati
    "პოლიტიკური დამბალანსებლის როლს ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი უკეთ შეასრულებს, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ დანიშნული, მით უმეტეს, აი ამ მმართველი პარტიის, რომლებსაც სახელმწიფოებრივი აზროვენების 0 კოეფიციენტი აქვთ გონებაში."

     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  GE1F9xjcUzqzZ_UDAHu8W4CqXxwmbmdjAAAF.mp4
  23. tvati
    მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთს მათი დამოუკიდებლობა ეზიზღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    “დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე. აუცილებლად. პირველი დღე ამ ომის შემდეგ. ჩვენი დღე”, - განაცხადა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ვერ გაძლებს თუ “მის ცემას გავაგრძელებთ”. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა რომ დაცემულიყო და დამდგარიყო “დღე უკრაინის შემდეგ”, რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს გაგრძელებულიყო.
    “რათა დამდგარიყო დღე მოლდოვის შემდეგ, ხოლო მერე დღე ბალტიის შემდეგ, დღე პოლონეთის შემდეგ, ბევრი სხვას შემდეგ დღე… ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთი ზიზღით უყურებს მათი დამოუკიდებლობას. არანაირი პატივისცემა არ არის მოსკოვში კავკასიის ერებისადმი. მისი გულწრფელი სურვილია - ყველათი მანიპულირება. და ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  24. tvati
    ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
     
    ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც პირი სასტიკად უსწორდება ძაღლს.
    გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
    სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

    იპნ
  25. tvati
    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი არის ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოწოლილი მიწის მასა.   უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა მუშაობს, რათა მოძრაობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...