Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება დანაშაული ჩაიდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.
    მისი თქმით, ბრძოლა, განადგურება და შიში მე-20 საუკუნის ომის მეთოდებია, რომლებსაც პუტინი იყენებს და მათი ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
    „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  2. tvati
    ესტონეთში პოლიციამ დააკავა ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი და რუსეთის მოქალაქე ვიაჩისლავ მოროზოვი. მას ბრალად რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობა ედება.
    პოლიციამ ინფორმაცია დღეს, 16 იანვარს გაავრცელა. თუმცა, მოროზოვი 3 იანვარს არის დაკავებული.
    ესტონეთის თავდაცვის პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, მარგო ჰალოსონმა თქვა, რომ „აგრესორი ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი ესტონეთის მიმართ კვლავ მაღალია”.
    ესტონეთის პროკურატურამ სასამართლოს ვიაჩისლავ მოროზოვისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. უწყება მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოროზოვი გააგრძელებს ჯაშუშურ საქმიანობას და შესაძლოა, თავი აარიდოს სისხლის სამართლის საქმეს.
    სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოროზოვს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
    საქმის გამოძების სხვა დეტალები უცნობია.
    ტარტუს უნივერსიტეტმა ვიაჩისლავ მოროზოვთან თანამშრომლობა უკვე შეწყვიტა. მანამდე, 2016 წლიდან 2023-ის ჩათვლით ის იყო ევროკავშირ-რუსეთის საკითხების პროფესორი. 2023 წლის სექტემბრიდან 11 იანვრამდე ის იყო საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორი.

    პუბლიკა
  3. tvati
    საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და „ნაპოლის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ტოპ ათეულშია. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება.
    ხვიჩა კვარაცხელია 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე გავიდა. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ლიონელ მესი დასახელდა.

    ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ ლონდონში გაიმართა.
    საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევდნენ.
    2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა, სადაც მან მე-17 ადგილი დაიკავა.

    პუბლიკა
  4. tvati
    დაკარგული დათი გავაშელი იპოვეს.
    ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
    „ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა. აი, სულ ყველას” – წერს დათა გავაშელის მეგობარი, გუგა ხარშილაძე facebook-ზე.

    ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ 15 იანვარს ინფორმაცია მისმა ცოლმა გაავრცელა.
    დათი გავაშელს 15 იანვრის 17:00 საათიდან ეძებდნენ. ის ძაღლთან ერთად დიღმის მასივის ტერიტორიაზე კამერებმაც აღბეჭდეს.

    პუბლიკა
  5. tvati
    გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
    თვითმხილველების ინფორმაციით, 50-60 წლის კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა კაცი გარდაიცვალა.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პოლიტიკაში მესამედ, “საპატიო თავმჯდომარის” სტატუსით დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ექსპრემიერ გიორგი გახარიასი. ამის მიზეზად ქემოკლიძე ასახელებს იმას, რომ “საქართველოსთვის” გუნდი, რომელიც მეტწილად სწორედ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, კარგად იცნობს მმართველ პარტიას.
    “ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის “საქართველოსთვის”, ბატონი გახარიასი და მთლიანად მისი გუნდის. მარტივი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ჩვენ ვიცით მათი აზროვნების დიაპაზონი, მათი სამოქმედო გეგმები, ე.წ. modus operandi [მოქმედების ხერხები], მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გამოვიყენებთ მათ საწინააღმდეგოდ ამ არჩევნებზე”, – განაცხადა ქემოკლიძემ TV პირველის ეთერში.
    ჟურნალისტმა კითხვა, ეშინია თუ არა ივანიშვილს გახარიასი, მას შემდეგ დაუსვა, რაც ეს მოსაზრება ეთერში დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გაახმიანა.
    პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა ისაუბრა პარტიის ამოცანებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მისი თქმით, #1 ამოცანაა, პარტიამ დააფიქსიროს შედეგი, რომელიც “ქართულ ოცნებას” ერთპარტიულ მმართველობას დააკარგვინებს. მეორე და სტრატეგიულ ამოცანად, ქემოკლიძე ასახელებს ექსპრემიერის პარტიის დომინაციას ქართულ პოლიტიკურ ველზე. მისი შეფასებით, ორივე ამ ამოცანის მიღწევა პარტიას შეუძლია.
    ქემოკლიძემ ისაუბრა ამ არჩევნების მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის. მისი შეფასებით, სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა საქართველო იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გახსნა – ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას.

    netgazeti
  7. tvati
    ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა.
    ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია.
    დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 10 000 დოლარი] ჯარიმა, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლის და რესურსის, ან განსაკუთრებით ღირებული ბიოლოგიური რესურსების“ კონტრაბანდის მუხლით.

    netgazeti
  8. tvati
    თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება 39 საათით შეუწყდება.
    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მიზეზია ასიათასი მოწამის ქუჩაზე, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები. შედეგად, 17 იანვრის 01:00 საათიდან 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში ქობულეთის ქუჩას N22-42 (ლუწები), ქობულეთის შესახვევს, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქუჩას N1-25 (კენტები), N2-20 (ლუწები), მცხეთის პირველი შესახვევს (ბურკიაშვილი); ასევე, მთაწმინდის რაიონში კეკელიძის ქუჩის N15-25 (კენტები), N14, 16, 18, გოგებაშვილის ქუჩას (შესახვევებით), გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსისა (რეზო ჩხეიძე) და ჯაფარიძის ქუჩებს.
    წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.gwp.ge/ka/gadaudebeli/5534-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba

    netgazeti
  9. tvati
    რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფერმერებმა, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მომიტინგეების რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, - ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.
    რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფლორინ ბარბუს თქმით, შეთანხმება ფერმერების 13 მოთხოვნას მოიცავს, მაგრამ დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებაზე დისკუსიები გაგრძელდება.
    კერძოდ, მთავრობამ აიღო ვალდებულება 2026 წლამდე სრულად მოახდინოს ყველა სასოფლო-სამეურნეო აქციზის სუბსიდირება და დაუყოვნებლივ აამოქმედოს დებულება სუბსიდირებული პროცენტიანი სესხების შესახებ.
    გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო მოთხოვნა უკრაინიდან იმპორტით გამოწვეული ზარალის კომპენსაციის შესახებ.
    ფერმერების ერთ-ერთმა წარმომადგენლის, მარიუს მიკუს განმარტებით, შეთანხმების მიღწევა საპროტესტო აქციების დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ნიშნავს და საზღვრის ბლოკადის ხანგრძლივობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს გადამზიდავებთან მოლაპარაკებებმა, რომელიც ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
    შეგახსენებთ, რუმინელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე სატვირთო მანქანების მოძრაობა დაბლოკეს.
    უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, მათ შორის რუმინეთი, კვლავ სთხოვს ევროკავშირს, უკრაინიდან შეტანილ მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების შემოღებას.
    უწყების ცნობით, ბულგარეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ევროკომისიას შესაბამისი წერილი გაუგზავნეს.

    ipn
  10. tvati
    უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
    „უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს, მაგრამ ჩვენ მათი წინააღმდეგობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
    ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ ის, რომ ამ ბრძოლით მათი შვილები უკეთეს მომავალს მიიღებენ.
    „უკრაინის საუკეთესო მომავალს ევროპა ჰქვია. დიდი სიხარულით, გასულ თვეში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს უკრაინისთვის ისტორიული მიღწევა და ისტორიის მოწოდებაზე ევროპის პასუხი იქნება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
    ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად და მისი კანონიერი ტერიტორიის დასაბრუნებლად იარაღის სტაბილურად მიწოდება სჭირდება.

    ipn
  11. tvati
    თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
    არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.
    როგორც საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.
    „თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
    თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.
    ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

    ipn
  12. tvati
    საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.
    „დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
    შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
    აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.
  13. tvati
    კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ დედაქალაქის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია.
    როგორც კომპანიის ტენდერების მენეჯერმა ვახტანგ ჯალიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილზე მისულ კომპანიას დახვდა ისეთი ტექნიკური პრობლემები, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არ იყო.
    მათ შორის, ადგილზე მუშაობდნენ წყლის, გაზისა და ინტერნეტის კომპანიები, რომლებმაც როგორც ვახტანგ ჯალიაშვილი ამბობს, დაკისრებული სამუშაოები თავის დროზე ვერ შეასრულეს, შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიებსაც საქმიანობის დაწყება გაუჭიანურდათ.
    „არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ იმ ტენდერის გამოცხადებიდან მოყოლებული იმდენი ტექნიკური პრობლემა იყო, დავალების შესრულებისას წარმოქმნილი, რა ნახაზებით და საპროექტო დოკუმენტაციითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, სულ სხვა რეალობა. არ იყო არანაირი დაზუსტებები, არანაირი დოკუმენტაცია, მაგალითად, სად გადიოდა კაბელები და ა.შ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, ობიექტზე შესული იყო, წყლის, ასევე, გაზის კომპანიები, „სილქნეტი“, სანამ ეს კომპანიები არ დაასრულებდნენ თავის სამუშაოებს, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებდით ასფალტის დაგებას. დამოკიდებული ვიყავით ამ კომპანიების მხრიდან სამუშაოების შესრულების სისწრაფეზე. ის კომპანიები თავის დროზე რომ ვერ ასრულებდნენ სამუშოებს, ჩვენც ამოვვარდით გრაფიკიდან.
    ჩვენ ვცდილობდით, რამენაირად კომუნიკაცია გვქონოდა მერიასთან, რომ მოეგვარებინათ ეს ტექნიკური პრობლემები, მაგრამ მერიამ არანაირად, ან ვერანაირად ვერ მოახერხა კომუნიკაცია.
    ახლა ფორსმაჟორული მდგომარეობა გვაქვს და არ გვინდა ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ იურიდიულ კომპანიებთან და ჩვენს პარტნიორებთან, ვინც ჩვენთან არის ამ საქმეში, გავივლით კონსულტაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მერიის გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია არასამართლიანად ჩვენთან მიმართებით“, - აცხადებს ვახტანგ ჯალიაშვილი.
    შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
    არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.

    ipn
  14. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას "ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
    აღნიშნულის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    როგორც დაუშვილი აცხადებს, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო.
    დაუშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანიის მართვა კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ხდება.
    „პარტია „საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდი განცხადებით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით, რომელიც თითქმის 7 წელია ოპერირებს სპეციალური მართვის რეჟიმში და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მის არაეფექტიან მართვაზე, რითაც ილახება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესი, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციული გარიგებებსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას.
    კომპანიის თავდაპირველი მმართველი 2009-2016 წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა კანონმდებლობას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს, რითაც უდიდეს ზიანს აყენებდა ზესტაფონისა და ჭიათურის მოსახლეობას, უკიდურესად აბინძურებდა გარემოს. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 416 მილიონ ლარზე მეტი.
    2012-2016 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სანქციები საკმარისი ვერ აღმოჩნდა, კომპანიის თავდაპირველი მმართველები უხეშად აბინძურებდნენ გარემოს და არღვევდნენ კანონმდებლობას, აზიანებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, ხოლო ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს კომპანიაში დასაქმებულებისათვის. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წელს კომპანიაში დაინიშნა სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველის დავალება იყო გამოესწორებინა კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დაცული ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.
    სპეციალურმა მმართველმა ვერ შეძლო ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით 2020 წელს სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივდა 3 წლით, შარშან კი დამატებით 2 წლით.
    სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში და რეალურად, სპეციალურმა მმართველმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ უზრუნველყო კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ კომპანიის მართვა ხდება არაეფექტიანად, არა საწარმოში დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე იკვეთება მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები”, - აღნიშნა დაუშვილმა.
  15. tvati
    თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
    მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სხვა „ბოროტი აქტორების“ წახალისება მოხდება.
    „მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს“, - განაცხადა რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
    შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, კიევში, რიში სუნაკმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

    იპნ
  16. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას.
    შესაბამისი განცხადებით, ლილუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას სამართლებრივ ჩარჩოში მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა.
    როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიაში ამის მოლოდინი არსებობს, რისთვისაც ისინი მზად არიან.
    "რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არსებობს, რადგან ამ ხალხის ძალაუფლების შენარჩუნების კონტექსტში თრთოლვა, რა შედეგამდე მიიყვანს პოლიტიკურ პროცესს, პროგნოზირება რთულია, ამიტომ ამის მოლოდინი არსებობს და ჩვენ მზად ვართ.
    კობახიძის განცხადებაში ჩამოთვლილი ყველა საკითხი არის სისულელე. თუ კობახიძეს რამე კითხვები აქვს იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც გახარიას ბევრჯერ უსაუბრია, თითოეულ იმ ხუთივე თემაზე სიამოვნებით დაველაპარაკები“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
    მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გახარიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს არავინ „გაუტარებს“.
    „კარგია, რომ ივანიშვილმა კულისებიდან გამოსვლა გადაწყვიტა, ეს გარკვეულ ანგარიშვალდებულებას ნიშნავს საზოგადოების წინაშე. განცხადებაში ერთადერთი სახელი და გვარი - გიორგი გახარია ახსენა, მანამდე წერილი იყო, შემდეგ პატარა ბიჭების ენით ბრალდებები და შემდეგ თვითონ გააგზავნა ბრალდებები. უბრალოდ ისროლა სხვის ბოსტანში კენჭი.
    დღეს გამოდიან ნეონაცები და მორალურ ვალდებულებაზე ლაპარაკობენ. მორალური ვალდებულებაა, როდესაც საჯაროდ გამოდიხარ და ვიღაცას ბრალდებას უყენებ, კეთილი უნდა ინებო, დაჯდე ამ ადამიანთან და პირისპირ უთხრა სათქმელი ნებისმიერ ფორმატში. მედიამ აიტაცა დებატები, თორემ, საუბარი იყო დებატებზეც, ტელევიზიებზეც, სასამართლოზეც, სხვა ნებისმიერ ფორმატზე. ასე უბრალოდ ტყუილი ბრალდებების სროლას ვინ „გაუტარებს“? არავინ „გაუტარებს“. ამიტომ ამ შუამავლების საშუალებით კი არა თვითონ გამოვიდეს და თქვას, რომ - გიორგი გახარია ჩემთან პოლიტიკური დებატებისთვის მზად არ არის, როგორც დღეს ვიღაცებს გააჟღერებინეს, ან თქვას: „კი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
     
    ipn
  17. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
    „ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
    მისი თქმით, შეხვედრებზე მადლიერებას გამოხატავს შვეიცარიის მიმართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ასევე, ისაუბრებს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გზების ძიებაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე.
    „დავოსში გავმართავ მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის, ისევე როგორც სხვა ლიდერებთან და აღმასრულებელ დირექტორებთან, რათა გავაძლიერო უკრაინის თავდაცვა და ეკონომიკური მდგრადობა“, - წერს ზელენსკი.
     
    ipn
  18. tvati
    ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
    ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
    აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
     
    ipn
  19. tvati
    შპს „მაღაროელის” წილის 50%-ის მფლობელმა ჯემალ ხარაიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.
    ჯემალ ხარაიშვილი ასევე არის დირექტორი „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი შპს-ის – „ჯმ-კონსტრაქშენის”.
    „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ facebook-ზე 2022 წელს გავრცელებულ ინფორმაციებში ხარაიშვილი მოხსენიებულია, როგორც „ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კოორდინატორი. იკავებს თუ არა დღემდე ამ პოზიციას ხარაიშვილი, შეკითხვაზე კომპანიაში არ გვიპასუხეს და წერილობით მიმართვა მოგვთხოვეს.
    რაც შეეხება „მაღაროელში” წილის ფლობასა და შპს-ს დირექტორობას, აღნიშნული ინფორმაცია დღეის მდგომარეობით რეესტრის ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება.
    შპს „მაღაროელის“ მეორე 50%-ის მფლობელი ნოდარ მიქაბერიძეა. ისიც „ქართული ოცნების“ შემწირველია – 2021, 2020, 2019 და 2018 წლებში მას ჯამში 230 000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის და მათი მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.
    ასევე იხილეთ მაღაროელები მოითხოვენ, შპს „მაღაროელის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვოს
    12 დეკემბერი, 2023 აღსანიშნავია, რომ შპს მაღაროელის დირექტორი ანდრიი ბარაბახია, რომლის გადადგომასაც გასულ წელს გაფიცული მაღაროელები მოითხოვდნენ.
    რა როლი აქვს შპს „მაღაროელს”:
    „მთის ამბების“ ცნობით, შპს „მაღაროელი“ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიაა.
    გამოცემამ ჭიათურის სხვადასხვა მაღაროში დასაქმებულ მაღაროელებს ჰკითხა, რომელ კომპანიასთან აქვთ შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული – „ჯორჯიან მანგანეზთან“ თუ „მაღაროელთან“. მათი თქმით, კოლექტიური წერილობითი კონტრაქტი დამსაქმებელს არცერთი მათგანისთვის არ მიუცია, თუმცა ახსოვთ, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე შპს „მაღაროელია“.
    „პუბლიკასთან” საუბრისას მაღაროელი ტარიელ მიქაცაძეც ადასტურებს, რომ კონკრეტული ნაწილი დასაქმებულებისა ხელფასს შპს „მაღაროელიდან” იღებს.
    აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში, როდესაც მაღაროელები გაიფიცნენ, ერთ-ერთ აქციაზე მათ ბანკიდან ამონაწერი მოიტანეს, სადაც ხელფასი შპს მაღაროელის ანგარიშიდან არის ჩარიცხული.

    პუბლიკა

  20. tvati
    "კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება, როგორ გააკეთებს ამ არჩევანს, როცა ხელისუფლება საინფორმაციო ძალადობას ახორციელებს თავისივე კონტროლირებადი მედიებით და ძალიან მოხდენილად იყენებს წინა ხელისუფლებისა და სააკაშვილის მეთოდებს."
      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  21. tvati
    საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თითქმის ორი თვით გადაიდო. მოსამართლემ სხდომა, რომელზეც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინონ, 26 თებერვალს ჩანიშნა.
    გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე თავის მოწმეებს აღარ გამოკითხავს, რადგან ადვოკატებს სურთ, საქმის განხილვა აღარ გაჭიანურდეს დასრულდეს და მოსამართლემ განაჩენი მალე გამოაცხადოს.
    გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”, რომ ლაზარე დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.
    ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რის შემდეგაც აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.
    ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.



    პუბლიკა
  22. tvati
    სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.
    “ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. სტალინის აგარაკი, რომელიც რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული, საყოველთაო კუთვნილებაა და ვერ იქნება გადაცემული კერძო პირის ხელში. თანამოქალაქეებს ვთხოვთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და არ აყვნენ იმ ადამიანების პროვოკაციას, ვისაც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს”, – ნათქვამია აფხაზეთის სახელმწიფო აგარაკების მართვის უფროსის, ბესლან კვიწინიას განცხადებაში.
    იქამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ 850 ათას რუბლად აუქციონზე სტალინის აგარაკი შეისყიდა, რამაც აფხაზეთში მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია.
    რიწის ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სტალინის აგარაკი 1947 წელს აშენდა. ოფიციალური ცნობებით, სტალინი აგარაკზე სულ ხუთჯერ იმყოფებოდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი აგარაკს ნიკიტა ხრუშოვი და ლეონიდ ბრეჟნევი იყენებდნენ.

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.
    ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.
    „ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა მანიჟაშვილმა.
    თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.
    სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, რომ განაჩენის შემდეგ ოჯახი ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.
    ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
    ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
    ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

    იპნ
  24. tvati
    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
    „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  25. tvati
    დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს კი ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
    „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.
    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
×
×
  • შექმენი...