Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს.
    აღსრულების ბიუროს ცნობით, მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო, რათა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, გადადება ხდება არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
    ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან. ისინი ასევე აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულებისთვის — გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის — წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
    მანქანის დაზიანებაში ბრალდებულ ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილები არიან მოძრაობა “ხმის”, “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წარმომადგენლები, ჭიათურელი მაღაროელები, კურიერები, უკვე გამოსახლებული და გამოსახლების მომლოდინე ოჯახები.
    ოჯახში ცხოვრობენ  გუჯა ბალახაძე, რომელიც კურიერად მუშაობს, მისი 83 წლის დედა, 55 წლის ძმა, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს 30 წელია, ფეხმძიმე ქალიშვილი მეუღლითა და 5 წლის შვილით, გუჯას ვაჟიშვილი.
    ბალახაძეების ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესისგან”  20 000 დოლარი აქვს აღებული სესხად. გუჯა ბალახაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ეს თანხა ერთბაშად არ აუღიათ. მიზეზი იყო სხვადასხვა დროს, 2015-2016 წლებში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარდაუვალი საჭიროებები.
    ოჯახისთვის სახლი, სადაც გუჯა ბალახაძე გაიზარდა, ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია და, როგორც ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ. მისი თქმით, ოჯახის საცხოვრებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ აუქციონზე გაიტანა და თავად ორგანიზაციამ შეისყიდა 17 000 ლარად მაშინ, როცა სახლის რეალური ღირებულება დაახლოებით 100 000-ს აშშ დოლარს აღწევს. გუჯა ბალახაძე ჰყვება, რომ ამის უფლება ორგანიზაციას სასამართლომ მიანიჭა, რომელმაც დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ.
    ვერ გამოგვასახლებენ: ბალახაძეეების შვიდსულიანი ოჯახი

    ნეტგაზეთი
  2. tvati
    ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
    ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გაზრდილია, ის აავადებს მოზრდილებს, თუმცა უმეტესად, ცერცვაძის განცადებით, ბავშვებს. მისი განმარტებით, ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რომელიც ბავშვებში ბრონქიოლიტებს იწვევს, „ზოგჯერ მძიმე მდგომარეობით”, – თქვა მან.
    ცერცვაძის თქმით, აუცილებელია გრიპის ვაქცინით აცრა. „მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი”, – თქვა მან.
    ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინა ბევრია ქვეყანაში, თუმცა მოცვა საკმარისი არაა.
  3. tvati
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად შევიდნენ და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას მოითხოვენ. ისინი ჯაბა სამუშიასთან შეხვედრასაც ითხოვენ.
    „პუბლიკა“ ესაუბრა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელს. მისი თქმით, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ დატოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახს და ასევე მიმართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მოწოდებით, საჯაროდ მხარი დაუჭირონ გიორგი ხასაიას და მოითხოვ მისი გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან.
    სტუდენტების პროტესტს ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილები უერთდებიან.
     
    კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს.
    გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
  4. tvati
    ორგანიზაციი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადიშვილმა სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.
    PHR წერს, რომ საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა.
    შემთხვევა 2017 წელს მოხდა.
    „2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის ბავშვმა ღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა მას ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. ბავშვის  გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც ბავშვმა უპასუხა, რომ მასწავლებელმა სცემა.
    დედამ პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ ბავშვს სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. დედამ გამოძიებას უთხრა რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ ბავშვს  არც ალერგია ჰქონია აქამდე“, – წერს ორგანიზაცია.
    მათი ცნობით, ამდენიმე თვის განმავლობაში 3,5 წლის ბავშვი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლის აპრილში დედამ PHR-ს მიმართა.
    სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია წერს:
    საქმეს სრულად გაეცანით ბმულზე.

    პუბლიკა
  5. tvati
    პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა.
    საიტზე შესვლისას დაგხვდებათ თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“.
    Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია. აშშ-ის დეკლარირებით, ის დაკავშირებულია რუსეთის ერთზე მეტ ჯაშუშურ სააგენტოსთან.
    ასევე, არ მუშაობს კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებგვერდი.
    გუშინ, 25 იანვარს ტელეკომპანია „მთავარმა“ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა იყო მათ ვებგვერდზეც.

    პუბლიკა
  6. tvati
    შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე“.
    „ევროკავშირის წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ვადებს ეხება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციელებს საქართველო რეფორმებს. ეს რეფორმები დასახული არ არის ბრიუსელისთვის ან სხვა ვინმესთვის თავის მოსაწონებლად. ისინი დადგენილია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა, ამიტომ თავად საქართველოს ინტერესებშია განახორციელოს ეს რეფორმები და იყოს მზად ევროკავშირში შესვლისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.
    მისი თქმით, ყველა ეს რეფორმა აბსოლუტურად აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ ევროკომისიის მიერ დადგენილ 9 დათქმასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიოს და ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაზე - გადავიდეს.
    „ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო ძლიერი, სტაბილური ქვეყანა ძალიან ძლიერი, კარგად მოქმედი პროფესიული ინსტიტუტებით და გვინდა მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს რაც შეიძლება სწრაფად. ასე რომ, დიახ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს. ჩვენ, როგორც ევროკავშირის დელეგაცია აქ, თბილისში, მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. მიმდინარეობს ინტენსიური კონტაქტები შესაბამის ხელისუფლებასა და კოლეგებს შორის ბრიუსელში და დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ოქტომბერში გველოდება, პარალელურად გაგრძელდება ძალიან შრომატევადი მუშაობა, რათა განხორციელდეს საჭირო რეფორმები 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით პროგრესის მისაღწევად ისე, რომ, რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე -გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნაზე“, - აღნიშნა ელჩმა.

    იპნ
  7. tvati
    სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
    მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
    „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
    17:00 საათზე მედიისთვის გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  8. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა.
    ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.
    „დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვანით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.
    ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  9. tvati
    "ხალხი, რომელიც "ოცნების" უკან დგას და ხალხი, რომელიც "ნაც.მოს" უკან დგას ერთად არიან საქმეში, ფულს ერთად ინაწილებენ, მათ აწყობთ პოლარიზებული გარემო და ერთმანეთთან ფსევდო მტრობა, ამიტომაც არიან ტყუილებში ჩაკარგული მავნებელი პოლიტიკური ძალები."

     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7321450014560483/

  10. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა "ნაც.მოს": თქვენი მმართველობის მოდელია გირგვლიანი, ადამიანის მკვლელობებს თქვენი ვერც ერთი რეფორმა ვერ გაამართლებს.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1089711069013851/


  11. tvati
    "უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში.”      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3783670515213095/
  12. tvati
    იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
    აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კიევისთვის დახმარების მხრივ აიღო.
    აღნიშნულ გადაწყვეტილებას 113-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 18 წინააღმდეგ წავიდა. ახლა დოკუმენტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატას, დეპუტატთა პალატას, გადაეცემა.
    ANSA აღნიშნავს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უდრეკია უკრაინის დახმარების მხრივ. ამავდროულად, ოპოზიციური “5 ვარსკვლავის მოძრაობა” უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდებების წინააღმდეგ გამოდის.

    იპნ
  13. tvati
    თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
    მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

    იპნ
  14. tvati
    საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.
    ო'ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
    “საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის [შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი] გადის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.
    საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ამ მისიასთან ვიმუშავებთ”, - განაცხადა ო'ბრაიენმა.

    იპნ
  15. tvati
    კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
    ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
    ბრალდებულების ადვოკატის წინადადება ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად კი მან მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარადგინეს იმ პირთა სია, ვინც მათ თავდებში ჩაუდგება.
    კაკო ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ თსუ-ის პროფესორები ალექსანდრე ბოშიშვილი და თედო დუნდუა. ხოლო გიორგი ხასაიას – თამთა მიქელაძე და ქეთევან გურჩიანი.
    გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს.
    გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება.
    ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

    პუბლიკა
  16. tvati
    სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ბიულეტენი მოამზადა.
    ბიულეტენში საუბარია საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვაზე.
    კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დანარჩენ ნაწილს აქვს ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო, ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენებაც ვერ ხერხდება;
    დიდი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) სკოლების 50%-ს აქვს სასკოლო ლაბორატორია; ქალაქებიდან გამოირჩევა ბათუმი, რომლის 27 სკოლიდან 26 სკოლაში არის ლაბორატორია. შედარებით ცუდი ვითარებაა რუსთავში, სადაც 26 სკოლიდან მხოლოდ 8-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.
    ცუდი ვითარებაა რეგიონებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სკოლების დაახლოებით 87%-ს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია. დოკუმენტის მიხედვით, სკოლების 87%-ს აქვს კომპიუტერები და პრინტერები.
    ————————- ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში სწავლების ხარისხი, მრავალი წელია, საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთი გამოწვევაა.
    მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ნაწილში საერთაშორისო შედარებითი კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით უფრო დაბალ ქულებს იღებენ და სამივე მიმართულებით მიღწევების დაბალი მაჩვენებლები აქვთ.
     
    (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს. საბუნებისმეტყველო საგნებში სახელმწიფო შეფასებამ აჩვენა, რომ სწავლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერების სამ საგანში: ბიოლოგიაში მოსწავლეების უმეტესობა (87%) აკმაყოფილებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასეთი მოსწავლეების წილი საგანგაშოდ დაბალია ქიმიაში და თითქმის ასევეა ფიზიკაშიც: მოსწავლეთა მხოლოდ 51% ქიმიაში და 65% ფიზიკაში უმკლავდება სასწავლო გეგმის მინიმალურ მოთხოვნებს. საბუნებისმეტყველო დარგებში მოსწავლეთა მიღწევების პრობლემაზე მეტყველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. 2023 წლის მონაცემებით, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისთვის – აბიტურიენტთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ვერ გადალახა ზღვარი ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და ბიოლოგიის საგნობრივ გამოცდებში. ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების მხოლოდ 1.5%, ანუ 601 სტუდენტი გავიდა, თუმცა მათგან 31%-მა პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო.

    პუბლიკა
  17. tvati
    თეთრ სახლს ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა “ილ-76”-ის თვითმფრინავს, რომელიც 24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
    "ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარი გავაკეთოთ. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები - მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ.
    მისი თქმით, თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს „ილ-76“-თან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ.
    ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მოუწოდა, შესაბამისი გამოძიება ჩაატარონ და ფაქტები დაადგინონ.

    იპნ
  18. tvati
    აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“.
    აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში საჯარო მმართველობა გაიზარდა, „პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში“ ვითარება დაღმავალია“, - წერს POLITICO.
    „დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს სწავლის მრუდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ“, - განუცხადა POLITICO-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრმა, ალექსანდრა საბუმ.
    მისი თქმით, საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა პუტინის სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება, რასაც ქვეყნის შიგნით პროტესტი მოჰყვა.
    „კანონი იყო რუსული კანონის ერთგვარი ასლი, გარკვეული ადგილობრივი ელემენტებით - მაგრამ მსგავსება აშკარა იყო", - აღნიშნა საბუმ.
    POLITICO წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 ინდექსის თანახმად, საქართველომ ასევე განიცადა მნიშვნელოვანი შემცირება დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკური კონვერგენციის სფეროში - რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას.
    „ძირითადად ყველა სფეროში იყო შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ის კანდიდატის სტატუსით დააჯილდოვა”, - აღნიშნა საბუმ.
    POLITICO წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, მოლდოვა და უკრაინა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის, მაშინ, როცა საქართველო ამ გზას ნელ-ნელა შორდება.

    იპნ
  19. tvati
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.
    ამავე პროგრამის დოქტორანტის და მოძრაობა “ხმის” აქტივისტი გიორგი ხასაია, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა და მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
    “როცა გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში დისერტაციის ორი თავის კოლოქვიუმზე წარსადგენად ემზადებოდა, მისი ჩამოშორება აკადემიური საქმიანობიდან დიდი დარტყმა იქნება როგორც მისი სამეცნიერო განვითარებისთვის, ისე ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური სივრცისთვის.
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა სოლიდარობას უცხადებს გიორგის და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დროულად გაათავისუფლოს ის, რათა შეძლოს სრულფასოვნად დაუბრუნდეს უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებას” — ნათქვამია სადოქტორო პროგრამის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პროგრამის ხელმძღვანელი თამთა ხალვაში და პროფესორები, რომლებიც პროგრამაზე ასწავლიან.
    პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აგროვებენ ხელმოწერებს კაკო ჩიქობავას და სხვა აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური სტუდენტური აქციებით იმუქრებიან.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.
    უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე არიან დაკავებულები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია.
    24 იანვარს გამოსახლების მოწინააღმდეგე აქტივისტებიდან ორს 2000 – 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
    ომბუდსმენის 24 იანვარს  გავრცელებული განცხადებით, დაკავებულთაგან 6 პირი დაკავებისას ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს.
    23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად, აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
    გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
    ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.
    24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილი იყო ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც 2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და აღსრულების პოლიციას ისიც მხარდამჭერებთან ერთად ელოდა. მისი გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა).
    26 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია ზანდუკელის ქუჩის ორ ნომერში, სადაც გუჯა ბალახაძის ოჯახი ცხოვრობს.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 899 999-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ერ ტე დესთან“, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.
    „ერ ტე დემ“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერში გამარჯვებულად ის 22 დეკემბერს გამოვლინდა და ხელშეკრულების გაფორმებაზე მოწვევა უკვე მიმდინარე წლის 4 იანვარს გაეგზავნა. ხელშეკრულება 18 იანვარს გაფორმდა, წერეთლის რეაბილიტაციის კონტრაქტის შეწყვეტიდან ორ დღეში.
    როგორც „ნეტგაზეთს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, „ერ ტე დე“ ჯერ არ არის ასახული არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში, რომელშიც ასახვის შემდეგაც კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
    „შავ სიაში გადაგზავნილი აქვს მერიას, მაგრამ ამას თავისი პროცედურები აქვს და „ერ ტე დე“ ჯერ სიაში არ არის. რომც ყოფილიყო ასახული, ჩვენ ტენდერი ჩატარებული იყო და ხელშეკრულებაზე მოწვევა გაგზავნილი. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა და მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავარღვევდით კანონს“, — განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
    სამინისტროს ცნობით, კომპანიის შავ სიაში ასახვის შემდეგ „ერ ტე დე“ ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა უკვე გამარჯვებულ ტენდერის შედეგები ამ მიზეზით ვერ გადაიხედება.
    ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანია „ერ ტე დემ“ ერთი წლის ვადაში უნდა შეასრულოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-63) იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  21. tvati
    კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი (ე.წ. მევახშე) 90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს.
    აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 24 იანვარს, მოაწერეს და ახლა დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაა დარჩენილი.
    აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო ლოქაბიძე აცხადებს, რომ მხარეებმა ორივე მათგანისათვის „სასარგებლო გადაწყვეტილება“ მიიღეს.
    „ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ, მიუხედავად საქმის სირთულისა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა პოზიციები საკმაოდ დაპირისპირებული იყო, ბიუროს აქტიური ჩართულობით და ძალიან დიდი სურვილის შედეგია სწორედ ის, რაც უკვე გაჟღერდა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზეც საბოლოოდ გამოინახა კონსენსუსის სივრცე, სადაც მხარეებმა მიიღეს ორივე მათგანისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლოქაბიძემ.
    დარეჯან დვალის ადვოკატის გიორგი სუხიტაშვილის განცხადებით, დვალი ასევე ითხოვს, რომ მის მიმართ „ბულინგი შეწყდეს“.
    „ორივე მხარის ხელმოწერა არის დაფიქსირებული მორიგებაზე. პირობები არის შემდეგი: 90 ათასი დოლარის ოდენობით უნდა გამოისყიდოს ამ პიროვნებამ ეს სახლი, მას ეძლევა 1 თვის ვადა, ამის სანაცვლოდ ის დებს პირობას, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას, ზეწოლას, შანტაჟს და ფსიქოლოგიურ წნეხს ქალბატონ დარეჯან დვალზე“, – აცხადებს გიორგი სუხიტაშვილი „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში.
    „ფორმულასთან“ ინტერვიუში მარინა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მის ოჯახს 70 ათასი დოლარი აქვს და სჭირდება 20 ათასი დოლარის მობილიზება.
    „ჩვენ გვაქვს 70 ათასი და ახლა 20 ათასის მობილიზაცია ან ისევ სესხება მოგვიწევს. არ ვიცი როგორ იქნება”, – ამბობს ხატიაშვილი.
    რაც შეეხება პირობას, რომ უნდა შეწყდეს დარეჯან დვალის ბულინგი, ის ამბობს:
    “მე და ჩემს ოჯახს არასდროს არ გვქონია მათი დაბულინგების სურვილი… ახლა მე ვერ შევაჩერებ ამ აღელვებულ ხალხს. მე როგორ უნდა გავაჩერო? – გადავთხარეთ როკის უღელტეხილი, ავაფეთქეთ მთის ძირები და ახლა მოდის ზვავები, მორჩა. როგორ უნდა შევაჩერო?”, – განაცხადა „ფორმულასთან“ მარინა ხატიაშვილმა.
    23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად, აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
    გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
    ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.
    უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    მედიაში სამი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, იგივე პროცესი იგეგმებოდა დადიანის ქუჩაზე, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული.
    ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, იურისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად კერძო გამსესხებლები თანხის გასესხების სანაცვლოდ მოქალაქეს უფორმებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებებს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ „მსესხებელი ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს“.
    ამასთან, იურისტების ნაწილი აცხადებს, რომ ასეთი კაბალური ხელშეკრულებების შესახებ დავები ამ დროისათვის ძირითადად ჯერ სასამართლოებშია და წინ არის მათი აღსრულების დრო და გამოსახლებები.
      რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2017-2022 წლებში სასამართლოებში შესული სამოქალაქო საქმეების თითქმის ნახევარი სასესხო დავებს უკავშირდება. ასეთია დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები.
    როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს არის 230 ათასზე მეტი სასესხო დავა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
    „2017-2022 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად შესული საქმეების საერთო მასის 73%-ს სამოქალაქო საქმეები, 14%-ს სისხლის და 13 %-ს ადმინისტრაციული საქმეები შეადგენენ.
    საანგარიშო პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე სამოქალაქო საქმეების რაოდენობა 23 047 საქმით (30%) გაიზარდა, თუმცა მზარდი ნაკადის პირობებში სამოქალაქო საქმეთა განხილვის ხანგრძლივობა ბოლო წლებში შემცირებისკენ მიდის.
    სამოქალაქო სასამართლოებში შესული სამოქალაქო საქმეების ნახევარი - 49% სესხიდან გამომდინარე დავებს უჭირავთ. სხვა ცალკეული კატეგორიის დავების რაოდენობა არ აღემატება 6%-ს. სასამართლოების დატვირთვაში 5% მოდის უდავო წარმოების საქმეებზე. დარჩენილ 15%-ში ერთიანდება ყველა სხვა დავათა მრავალფეროვნება, რაც არ მიეკუთვნება არცერთ ჩამოთვლილ კატეგორიას,“ -აღნიშნულია კვლევაში.

      ავტორი: თაია არდოტელი
  23. tvati
    რა საფრთხეებს შეიცავს თანხის აღება კერძო გამსესხებლისგან, ბინის უზრუნველყოფით, ამ და სხვა საკითხებზე ადვოკატმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
    მისი თქმით, როგორც წესი, მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს სესხთან. ასეთ დროს კი, მსესხებელი ყიდის თავის ქონებას გარკვეულ თანხად, თუმცა იტოვებს გამოსყიდვის უფლებას. თუმცა, ვადის დარღვევის შემთხვევისთანავე, ბინა ახალი მყიდველს რჩება.
    „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულება საერთოდ არავითარ კავშირში არ არის სესხთან, თავის ბუნებით. ეს არის ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულება, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრე ყიდის და მყიდველი ყიდულობს ამ უძრავ ქონებას. უბრალოდ, მესაკუთრეს, ამ შემთხვევაში მყიდველს, რჩება გამოსყიდვის შესაძლებლობა გარკვეული ვადით. აი ამ ვადას იყენებენ ხოლმე იმისთვის, რომ თითქოს უზრუნველყოფად აიღონ ქონება და ამ ვადაში თუ დააბრუნებენ თანხას, დაგიბრუნებ ბინას.
      რეალურად, მათ შორის არ ფორმდება სესხის ხელშეკრულება და ფორმდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. იურიდიულად, სინამდვილეში, მსესხებელს ჰგონია, რომ თანხას სესხულობს, მაგრამ ყიდის ქონებას და იტოვებს გამოსყიდვის შესაძლებლობას. თუ გამოსყიდვის ვადა ისე გავიდა, რომ თანხა არ იქნა დაბრუნებული, უძრავი ქონება არის უკვე სრულყოფილად ახალ მესაკუთრეზე რეგისტრირებული იმ ფასად, რა თანხაც მან ე.წ სესხის სახით მიიღო.
    ამ შემთხვევაში ძველ მესაკუთრეს რჩება სამართლებრივი დავის შესაძლებლობა, რომ იდავოს სასამართლოში როგორც თვალთმაქცური გარიგების არსებობაზე. თუმცა, ამ შემთხვევაში მტკიცებულებების ტვირთი მასზეა და უნდა წარადგინოს, რაც ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ ხოლმე, იმიტომ, რომ არ გააჩნიათ დამატებითი წერილობითი დოკუმენტი, ყოველთვიურად რამდენ პროცენტს იხდიან“,- განაცხადა მარიკა არევაძემ.
     
      ავტორი: ნინი ქეთელაური
  24. tvati
    ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    „23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა.
    მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება“.
    შეგახსენებთ, 23 იანვარს, რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    იპნ
  25. tvati
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
    ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩატარდება და იგი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოების დასადგენად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
    რუსულმა მედიამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება გაავრცელა, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.

    იპნ
×
×
  • შექმენი...