Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის (მეტადონი, სუბოქსონი) გატანა უფრო შეზღუდა.
    24 იანვრამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. განხორციელებული ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა.
    ცვლილება აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ შემთხვევებში პაციენტის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც. 24 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, პაციენტის ბინაზე ხანგრძლივად (2 თვეზე მეტი პერიოდი) მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო 5 დღის მარაგის გადაცემა, ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი აქტიური ფორმით დაავადებულ პირებზე შესაძლებელი იყო ერთდროულად 7 დღის მარაგის ოდენობის პროდუქტის გადაცემა.
    განხორციელებული ცვლილებებით კი აღნიშნული საგამონაკლისო რეგულირება საერთოდ გაუქმდა. აგრეთვე, მოქმედი ბრძანება აღარ ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში (ე.წ. მივლინების პრინციპი) პაციენტისთვის არა უმეტეს 4 დღის დოზის ხელზე გატანის შესაძლებლობას. ახალი ცვლილების შესაბამისად, ნებისმიერ საგამონაკლისო და ობიექტური საჭიროების პირობებშიც კი, (მათ შორის სამსახურეობრივი მივლინებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) პაციენტებისთვის მხოლოდ 1 დღის ულუფის მიწოდება არის შესაძლებელი.
    „აღნიშნული ცვლილება პირველ რიგში, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულ სწორედ იმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს, ვისაც შესაძლოა, რომ ჯანდაცვის ადეკვატურ სერვისთან წვდომა ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეს – სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან შშმ პირები და სხვა, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები.
    მეორე მხრივ, ცვლილებებით უარესდება იმ პირთა უფლებრივი დაცვის სტანდარტები, რომლებიც დასაქმებულნი არიან და შესაძლოა, რომ მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სამსახურებრივ მივლინებებს ჰქონდეს. კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს პროგრამის პაციენტთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხს და აუარესებს მათ კარიერულ თუ ფინანსურ მდგომარეობას. ამოქმედებული ცვლილებები, შესაძლოა, მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს ბენეფიციართა დასაქმებისთვის, ან უკვე დასაქმებულთა მიერ, სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის.
    სამოქალაქო ორგანიზაციები და პროფესიული ჯგუფები წლებია ვითხოვთ, რომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამაში უფრო ფართოდ დანერგილიყო პაციენტებისთვის რამდენიმე დღის სამყოფი მედიკამენტის ხელზე გატანების პრაქტიკა. ეს მოთხოვნა ეფუძნება  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2009 წელს შემუშავებული გზამკვლევის რეკომენდაციას. გზამკვლევის თანახმად, ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატის რამდენიმე დღის სამყოფი დოზის გამოწერა რეკომენდებულია, როდესაც სარგებელი, რომელსაც პაციენტი იღებს, გადაწონის პროგრამიდან ნივთიერების გადინების რისკს. აღნიშნული მიდგომა ავტომატურად მოიაზრებს პაციენტთა ინდივიდუალური შეფასების მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს რისკიც და ფარმაცევტული პროდუქტის გატანების საკითხიც ამ შეფასების საფუძველზე გადაწყდეს. ჯანმოს კიდევ ერთი გზამკვლევის თანახმად, მკურნალობისადმი დამყოლობის გასაზრდელად რეკომენდირებულია პაციენტის პიზიტიური ქცევის განმტკიცება, ჩამანაცვლებელი პრეპარატის ხელზე გაცემის გზით. ძალაში შესული ცვლილებები სრულად გამორიცხავს თერაპიაში ჩართული პაციენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და მათი ქცევის თუ გამოჩენილი პასუხისმგებლობის გათვალისწინებას შეფასების პროცესში.
    პრეპარატის სახლში გატანების საკითხზე, იდენტურ მიდგომას იზიარებს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) პოლიტიკის დოკუმენტიც, რომლიც მიხედვითაც, ჩანაცვლებითი თერაპიის მედიკამენტის დანიშნვასა და მიწოდებაზე პასუხისმგებელმა ჯანდაცვის პროფესიონალმა, ინდივიდუალური მიდგომით უნდა განიხილოს მისი პაციენტისთვის დღიურ ულუფაზე მეტის გატანების საკითხი და ინდივიდუალურად განსაჯოს არსებული რისკები. სამწუხაროა, რომ მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგება ჯანდაცვის სპეციალისტის ამგვარ დისკრეციას სრულიად გამორიცხავს.
    ამოქმედებული ცვილებებით, არათუ გაუმჯობესდა ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის განხორციელების პროცესში პაციენტთა უფლებების დაცვის სტანდარტი და ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისზე, არამედ, კიდევ უფრო გაუარესდა ისედაც ნაკლებ-პროგრესული მოდელი. აღნიშნული მეტად პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ოჩთ პროგრამების დაფარვის არეალი კვლავ ლიმიტირებულია და ქვეყანაში არის რეგიონები, სადაც ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ცენტრები არ ოპერირებს.
    EMCDDA-ს ტექნიკური ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც გეოგრაფიული მოცვა დაბალია, არსებობს საფრთხე, რომ არალეგალურ ბაზარზე უფრო მეტად გაიზარდოს მოთხოვნა ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებულ მედიკამენტზე ან სხვა სახის ოპიოიდებზე. შესაბამისად, პრეპარატის გაცემაზე ამოქმედებულმა დამატებითმა შეზღუდვებმა შესაძლოა წინასწარ გაუთვალისწინებელი, კონტრპროდუქტიული შედეგები გამოიღოს.
    საგულისხმოა, რომ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს წინ არ უძღვოდა პროფესიულ ან სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ცვლილებების დამასაბუთებელი არგუმენტები და არ მომხდარა ოპიოიდური აგონისტებით მკურნალობის მომსახურების მიმწოდებელი ჯანდაცვის სპეციალისტების წინასწარი ინფორმირება. აღნიშნული მით უფრო პრობლემურია იმ ფონზე, როცა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გზამკვლევები რისკების შეფასებისა და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში სწორედ ჯანდაცვის პროფესიონალებს ანიჭებენ წამყვან როლს.
    აქედან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ რგოლებს, რომ გახსნან დისკუსია საკითხის გარშემო, სადაც, ინკლუზიურ გარემოში, სათემო და პროფესიულ ორგანიზაციებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ სამუშაო ფორმატში განიხილონ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში არსებული გამოწვევები და ერთობლივად შემუშავდეს მოდელი, რომელიც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს, რელევანტურ საერთაშორისო სტანდარტებს და თანაბრად გაითვალისწინებს როგორც პროგრამაში ჩართული პაციენტების, მათი ოჯახების, ისე ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი კლინიკების ინტერესებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
    ხელმომწერები:
    სოციალური სამართლიანობის ცენტრი ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი – ალტერნატივა ჯორჯია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი – ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის (Genpud) სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი” საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ „ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი“ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი სათემო ალიანსი – მანდალა „ახალი გზა“ „ფენიქსი 2009“ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი პუბლიკა
  2. tvati
    ევროკავშირი უარს იტყვის გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილზე, რომელთა გამოც ბლოკის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო ხანია, ფერმერების აქტიური პროტესტები მიმდინარეობს.
    Financial Times წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უქმდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების განახევრების გეგმა.
    პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეული კულტურების, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად.  ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა, – ევროკავშირის მწვანე პოლიტიკის ნაწილი, – პოლარიზაციის წყარო აღმოჩნდა. მისივე თქმით, ფერმერთა პროტესტის ფონზე, რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ეს ინიციატივა ისედაც დაბლოკა.
    პესტიციდების გამოყენების შეზღუდვა, სხვა ზომებთან ერთად, ბუნებაზე მავნე ზეგავლენისა და ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად. ფერმერების განცხადებით, მათთვის ეს რეგულაციები დამაზიანებელი იყო, ვინაიდან ზრდიდა პროდუქციის წარმოების ფასს.
    გარდა პესტიციდების გამოყენების შეზღუდვის გაუქმებისა, ბრიუსელმა აგრეთვე უარი თქვა ცხოველთა კეთილდღეობაზე ახალი რეგულაციის მიღებაზე და ნებართვა მისცა ფერმერებს, დაამუშავონ მიწა, რომელიც, პირვანდელი გეგმით, ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო.
    Financial Times-ის ცნობით, ფონ დერ ლაიენს ამ ზომების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ მისი თანაგუნდელების ნაწილიც. გამოცემის ახსნის თანახმად, ფონ დერ ლაიენისა და მისი „ევროპის სახალხო პარტიის“, – ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის, – ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ფერმერები არიან. პარტიაში შიშობდნენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფერმერები შეიძლება, ულტრა-მემარჯვენე პარტიების მხარეს გადასულიყვნენ.
     
    ნეტგაზეთი
  3. tvati
    სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას სრულად:
  4. tvati
    მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
    ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი.
    ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
    ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეჰ სინეჰუბოვი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის „მორიგი ტერორია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“.
     
    ნეტგაზეთი
  5. tvati
    გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა, წერს „ბი-ბი-სი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით.
    განცხადებაში არ არის აღნიშნული, რისი სიმსივნე აქვს მეფეს. ოფიციალური ცნობებით, მკურნალობა ჩარლზმა ორშაბათს დაიწყო და გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ გამოჩნდება. მეტი დეტალი მეფის მდგომარეობაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ აქამდე იგი პროსტატის მკურნალობას გადიოდა, თუმცა სიმსივნე აღნიშნულს არ უკავშირდება.
    „მეფე პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მოვალეობების სრულფასოვან შესრულებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
    ამავე დროს, ჩარლზი განაგრძობს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებას, მათ შორის ყოველკვირეულ აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან.
    დიაგნოზის შესახებ ცნობილია ჩარლზის შვილებისთვისაც. ტახტის მემკვიდრე, პრინცი უილიამი, „რეგულარულ კონტაქტშია მამასთან“, ხოლო უმცროსი შვილი, პრინცი ჰარი, აშშ-დან ბრიტანეთში მომავალ დღეებში ჩავა.
    ჩარლზი მეფე 2022 წლის ნოემბერში გახდა, დედამისის, დედოფალ ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა.
    როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის ჩამოწოლისას საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
    „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.
    ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
    სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
    სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

     
  7. tvati
    საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დასკვნით სიტყვაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით „იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?!“
    როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპაში გაწევრიანება.
    „იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე, საკუთარ გამოსვლაში, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და სთხოვა ეპასუხა კითხვაზე: „საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს“.

    იპნ
  8. tvati
    სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
    მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი.
    შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.
    ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია-ფრონტის, DHKP-C-ის წევრები არიან. აღსანიშნავია, რომ ულტრამემარცხენე ჯგუფი DHKP-C-ი თურქეთში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
    თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

    იპნ
  9. tvati
    "ივანიშვილის შემობრუნება წყალში ჩაეყარა "ოცნებას", თვეზე მეტია ვერ ბედავს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი რომელიმე თოჯინა დებატებში დაჯდომას, პასუხის გაცემის რესურსიც კი არ აქვთ. ვნახეთ, რა ცლილების შეტანის შესაძლებლობა აქვს ივანიშვილს როგორც მთავრობაში, ასევე პროგრამაში, ნულოვანის. ყველას მოვუწოდებ, თქვენ საქმეს მიხედეთ, ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით მივდივართ. თუ არა და გეყოთ გამბედაობა, გამოდით და დაუჭირეთ მხარი ჩვენს ინიციატივას ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით, იქ გამოჩნდება ყველაფერი, ვის რისი შესაძლებლობა აქვს."

     ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/753968276316844/
  10. tvati
    ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, რის შედეგადაც, ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა წაიღო. მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე დაიღუპა.
    „მთელი ღამის განმავლობაში მაღალი ზონის სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი ჩაიყოლა, ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს. რაც შეეხება მის მეუღლეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, იგი უკვე ამოვასვენეთ. ზვავმა სახლთან ერთად დამხმარე ნაგებობაც წაიღო. ოჯახში 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი იყო. რაც შეეხება მეზობლებს მათ საფრთხე არ ემუქრება.
    სოფლებთან მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრ ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები”,- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
  11. tvati
    ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.
    პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ „ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა“.
    „ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით... აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.
    დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
    პრეზიდენტის თქმით, სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა.
    „მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას.
    ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება... „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი, რბილი ალტერნატივა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
  12. tvati
    ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
    პრეზიდენტის განცხადებითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“.
    „კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. პირველ რიგში, უსაფრთხოების გამყარების შესაძლებლობას: ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა. კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების დაწყება კი, ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა; აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    მისივე თქმით, რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის.
    „ევროპა ასევე ნიშნავს დამოუკიდებლობის გაძლიერებას: ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ჩვენში ეს მეხსიერება არ წაშლილა. ეს გზა უფრო ტრაგიკულად გაიარეს ზოგიერთმა ჩვენმა მოძმე, პატარა, კავკასიურმა ერებმა, რომლებიც დღეს უკვე გადაშენებულად მიიჩნევიან, ამ გზაზე საბედისწეროდ დგას აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა! ევროპა კი, სწორედ ის სივრცეა, სადაც თავისუფალი ერები, მრავალი ენა, უმცირესობები, რეგიონები, მრავალფეროვანი კულტურა და იდენტობა თანასწორობით და კანონითაა დაცული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
  13. tvati
    ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ პოზიციები შესამჩნევად შერბილდა - ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და კანდიდატის სტატუსი მოიპოვა!,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.
    მისივე თქმით, დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები საფრთხის ქვეშ დავაყენეთ, თუმცა გამოწვევების მიუხედავად, საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და საკუთარი მომავლი დაიცვა.
    პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა.
    „გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც. ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი!
    საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავლი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალაგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა.
    ჩვენი საზოგადოების გამოცდილებით, თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით, სიბრძნით და თავშეკავებულობით თავიდან ავიცილეთ და გავუმკლავდით რუსული იმიგრაციისა და პროპაგანდის პროვოკაციებს. საზოგადოება არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა.
    და კიდევ, დემოკრატიის კუთხით პოზიტიურ ნიშნებად აღიქმება იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გაბედული, განსხვავებული აზრის დაფიქსირება და იმპიჩმენტის სცენარის სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ჩავარდნა. ასევე, პოზიტიური ნიშანია ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან ეროვნული ბანკის სამი წევრის გამიჯვნა და მათი გადადგომა. ნიშნები იმისა, რომ საზოგადოებას დემოკრატიის ძლიერი შეგნება და მოთხოვნილება გააჩნია, მზადაა დაიცვას მიღწეული პროგრესი და არ შეეგუოს უკუსვლას - იმედისმომეცმია. ესაა ნამდვილი ხალხის ძალა!,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

    იპნ
  14. tvati
    მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.
    პრეზიდენტის თქმით, ის აღჟერებს საზოგადოების კითხვებს მათ შორის იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა პრემიერობის კანდიდატი გეგმას სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას და როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას.
    „მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.
    მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?
    წარმოადგენთ თუ არა გეგმას:
    სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას;
    სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას;
    სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას;
    სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
    ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება „ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს“.
    "ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია ყველას პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავლის წინაშე. თუმცა, ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

    იპნ
  15. tvati
    სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშსს წარადგენს.
    მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, „სტალინის ხატი“ სამების ტაძარში, რაც მიზნად საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, დაპირისპირებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას ისახავს.
    „ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, სტალინის ხატი სამების ტაძარში... ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    იპნ
  16. tvati
    “ადამიანი, როდესაც ერთხელ, ორჯერ გამოვიდა და ახლა მესამედ გამოდის, ექვს კვირაში სამ ძალიან დიდ ტყუილს იძახის, შინაარსობრივად “ოცნების” მხარდამჭერებშიც კი ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ადამიანები დაიღალნენ სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან, მათ უნდათ განვითარება.”

    კახა ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1057584885510576/
  17. tvati
    "მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები."

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1044517843619875/
  18. tvati
    დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი დაიღუპა, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
    დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
    დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

    იპნ
  19. tvati
    "ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს."

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1481029702761903/
  20. tvati
    "საზოგადოების ინტერესია მათი პრობლემების შემსუბუქება და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არა გახარიას პროგრამიდან გადმოკოპირებული ტექსტების წარდგენა, რომლის შესრულების არანაირი რესურსი აღარ გააჩნია "ოცნებას".

     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1412570112690335/
  21. tvati
    "როგორც ჩანს, შოთაძეს არ ყოფნის ძალა ივანიშვილის ბრძანების გარეშე დაიწყოს გამოძიება."     ზაზა თავაძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/721953583382502/
  22. tvati
    დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი მთავარი საგამოძიებო უწყება - პროკურატურა, კორუფციისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, "ოცნების" კორუფციაში ჩართული წარმომადგენლების დასაცავად იბრძვის, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
     
    მისი თქმით, უკანონო პროცედურებით (რასაც დღეს ჰქონდა ადგილი) კორუფციის ფაქტებზე გამოძიების არდაწყების გამართლების მცდელობა, პროკურატურის მხრიდან დანაშაულის დაფარვაში თანამონაწილეობაა!
     
    "ჩვენ სისტემურ კორუფციას ვებრძვით და დანაშაულის თანამონაწილე არ გავხდებით - ოცნების კორუმპირებულთა დაცვის პროკურატურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ!
     
    კორუფციის თითოეულ ფაქტზე ჩვენი გუნდი შესაბამის სამართალდამცავ უწყებას ინფორმაციას მიაწვდის ოფიციალური, უკვე დაწყებული გამოძიების ფარგლებში!
     
    პროკურატურა აწარმოებს უკანონო პროცედურებს, რომლის მიზანი კალაძე-კობახიძის დაჯგუფების და ოცნების სხვა მოწინავე კორუმპირებულებისთვის ხელის დაფარება და სისტემური კორუფციისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნაა.
     
     30 აგვისტოს ჩვენს მიერ კორუფციული მშენებლობების ფაქტზე შეტანილ განცხადებაზე, რამაც პირდაპირი საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, პროკურატურამ 5 თვის თავზე, კორუმპირებულთა დაცვის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დაგვიბარა. პროკურატურა 5 თვის თავზე გამოძიების არდაწყებაზე მუშაობს მაშინ, როცა 5 თვის წინ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულება ჰქონდა.
     
    ოცნებას და პროკურატურას შევახსენებთ - დანაშაულზე პროკურატურას გამოძიების დაწყების ვალდებულება აქვს! ოფიციალური გამოძიების დაწყებამდე ჩატარებული ყველა პროცედურა უკანონოა! მოვუწოდებთ დაიცვან კანონი, დაიწყონ გამოძიება, დანიშნონ პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე მოქალაქეებს ჩააბარონ ანგარიში.", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 
     
  23. tvati
    სიახლე სკოლის მოსწავლეებისთვის! 

    ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისთვის და მათი ბიომრავალფეროვნების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 6 თებერვლიდან ახალი პროექტი ''ეკო-მკვლევარი'' დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებში, სხვადასხვა სახალისო-სასწავლო კომპონენტების მეშვეობით ბიოლოგიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებაში დაეხმარება. 
      პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს.
      მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა 2 საათის განმავლობაში ბოტანიკური ბაღის სივრცეში გაიარონ პრაქტიკულ-თეორიული კომპონენტებით დატვირთული სპეციალური პროგრამა, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:   I ნაწილი - ლაბორატორიული სამუშაოები ლექცია-სემინარი მიკრო და მაკრო ორგანიზმების შესახებ, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიკროსკოპების მეშვეობით დააკვირდნენ, როგორც მზა პრეპარატებს, ასევე თავად შექმნან ისინი და შეიმეცნონ მიკრო სამყარო.   II ნაწილი - მცენარეთა ევოლუცია, მცენარეებზე დაკვირვება სემინარი მცენარეთა ევოლუციისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვან და მარადმწვანე ფოთლოვან მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან გირჩებს, ფოთლებსა და მათ ნაირსახეობებს.   III ნაწილი - წიწვოვან მცენარეთა კოლექცია მოსწავლეები ბოტანიკური ბაღის წიწვოვან მცენარეთა კოლექციას დაათვალიერებენ, სადაც სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან და მიღებულ თეორიულ ცოდნას ბოტანიკურ ბაღში არსებულ მცენარეებზე დაკვირვებით გაიღრმავებენ.   პროექტი დაიწყება 6 თებერვალს. 
    შეხვედრები ჩატარდება ბოტანიკურ ბაღში ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კურსს გაუძღვებიან ბაღის სპეციალისტები.  მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა - 25 მოსწავლე.
      პროექტში მონაწილეობა - ჯგუფზე 80 ლარი + ბოტანიკურ ბაღში ბილეთის შემოსვლის საფასური (მოსწავლეები 50 თეთრი, ზრდასრულები, მათ შორის მასწავლებელი 4 ლარი)  აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია რეგისტრაციისა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  0322 18 00 61  education@nbgg.ge


    ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. 
  24. tvati
    „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას „ორბი ჯგუფის” მიერ ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
    მათი თქმით, კურორტზე პროექტის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს მისი იერსახის დამახინჯებასა და ამასთანავე, დიდი ზიანის მომტანი იქნება ეკოლოგიისთვის.
    გარდა ამისა, საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს, შეჩერდეს დაგეგმილი მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტს აანონსებენ.
    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
    „გვსურს, გამოვეხმაუროთ კურორტ ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მიერ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რაც უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისა და ავთენტური გარემოსთვის.
    ჩოხატაურის მერი, დათო შარაშიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას ბახმაროში ორბი ჯგუფის ახალი პროექტის მშენებლობის შესახებ: „ბახმაროს ახალი სიცოცხლე. მომავლის ბახმარო. ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს” – წერს ჩოხატაურის მერი და პროექტის ფოტოებს აქვეყნებს.
    როგორც ცნობილია, ბახმაროში „ორბი ჯგუფმა“ მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო.
    აღმაშფოთებელია ხელისუფლების მიერ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს თანხმობას ამ უნიკალური ბუნების ძეგლის იერსახის დამახინჯებასა და ეკოლოგიის განადგურებაზე. მსგავს ეკოლოგიურ კურორტებზე ამ მასშტაბის მშენებლობები დაუშვებელია.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბახმაროს, როგორც კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით.
    ბახმაროზე ყოველთვის ზრუნავდა ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტზე უზომოდ შეყვარებული ტურისტები.
    იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი მშენებლობა არ შეჩერდება, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები დაუყოვნებლივ გააპროტესტებენ ამ ფაქტს ადგილზე. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ეკოლოგიისა და კულტურის საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაციას და აქტივისტს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. აუცილებელია, დროულად დაისახოს სამოქმედო გეგმა, რათა გადავარჩინოთ ეს უნიკალური კურორტი და მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნება.
    მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ ფაქტის მიმართ და შეაჩერონ ბიზნეს აქტივობა, რომელიც უნიკალური ბუნების ძეგლის განადგურებას გეგმავს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

    პუბლიკა
  25. tvati
    საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2011 წლამდე გაცემულ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს მოქალაქეებს ახალი, ID ბარათებით უფასოდ ჩაუნაცველებენ.
    ბრეგაძემ აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე საუბრისას გააკეთა.
    „2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
    ამ თემაზე წაიკითხეთ: რატომ იქნება პრობლემური ძველი პირადობების დაბრუნება არჩევნებზე

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...