-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა, კერძოდ, ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერაა. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ბრიფინგზე ისაუბრეს ცენტრის თანამშრომლებმა - ნინი ლეჟავამ, სალომე ნატროშვილმა და მარიამ ჩაჩუამ. მათი თქმით, აღნიშნული საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგი გამოვლინება და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობაა. ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. "დღეს, 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ. ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და ხელმომწერი პირები მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას. ჩვენ აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად. პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს", - თქვა ნინი ლეჟავამ. ფორმულა
-
„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებმა „ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ. „ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმშილობა. გუშინ, 20 იანვარს „საიას“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა. 15 იანვარს მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. უკვე პოლიციის განყოფილებაში კი რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეკავება და ოთახიდან გაყვანა. მზია ამაღლობელი აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და განაგრძობდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი შესვლისას კი მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. მისივე ბრძანების შესაბამისად, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება. პუბლიკა -
ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან მამუკა მდინარაძის შეთავაზებას პასუხობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პასუხობს “ქართული ოცნების” აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეთავაზებას თავდებობის შესახებ. ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს. “მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, – წერს ჭიჭინაძე. გუშინ, 20 იანვარს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, თუ “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას”. მდინარაძეს გუშინვე გამოეხმაურა ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე. “მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!”, – დაწერა გუნცაძემ სოციალურ ქსელში. ნეტგაზეთი -
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა ტიტე აროშიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და ახალი მოწვევის საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ფარულ კენჭისყრაში მან აკადემიური საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ერთი ხმა გაბათილდა. სხდომის პარალელურად სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის არჩევას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ის სუს-ის მიერაა დასმული. ბსუ-ში ხმაური იყო. ტიტე აროშიძის მხარდასაჭერად, სტუდენტების თქმით, პარტაქტივი მიიყვანეს. კონკურსში 2 ადამიანი მონაწილეობდა: ტიტე აროშიძე და – არჩილ გუჩმანიძე. 17 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძე ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობდა – მან „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ბსუ-ის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ „უნივერსიტეტი ურთულეს მდგომარეობაშია და არის რისკი, გადაიქცეს პარტიულ სტრუქტურად, დაკარგოს აკადემიური და საგანმანათლებლო თავისუფლება, კრიტიკულად შემცირდეს ან საერთოდ განულდეს საერთაშორისო გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, გრანტები და სხვა”. მისივე თქმით, ამ პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „ზევიდან” ითხოვენ, ბსუ-ს კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმოს, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღოს, წაშალოს პოსტები და სხვა. პუბლიკა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმის განხილვა არ მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. იპნ
-
ბსუ-ში რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი „ქართული ოცნების” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე – არჩილ გუჩმანიძეა. რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო პარალელურად, შენობაში არიან უცნობი პირებიც, რომლებიც სტუდენტების პროტესტის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ და აროშიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. 17 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძე ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობდა – მან „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ბსუ-ის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ „უნივერსიტეტი ურთულეს მდგომარეობაშია და არის რისკი, გადაიქცეს პარტიულ სტრუქტურად, დაკარგოს აკადემიური და საგანმანათლებლო თავისუფლება, კრიტიკულად შემცირდეს ან საერთოდ განულდეს საერთაშორისო გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, გრანტები და სხვა”. მისივე თქმით, ამ პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „ზევიდან” ითხოვენ, ბსუ-ს კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმოს, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევალდ მიიღოს, წაშალოს პოსტები და სხვა. publika -
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა შიმშილობს თავად მზია ამაღლობელიც, რომელიც 11 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ipn
-
„ახალი თეატრი“ - ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ჩვენ ვიწყებთ!
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! - ამის შესახებ „ახალი თეატრი“ სოციალურ ქსელში წერს. მათივე ინფორმაციით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით საპროტესტო მანიფესტს 23 იანვარს გააჟღერებენ. „21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ, სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს. შევხვდებით თეატრის წინ, დავით აღმაშენებლის გამზირი #127“, - აღნიშნულია „ახალი თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. იპნ -
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამების განხილვა და შეფასება, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. „შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკულ ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს. ისინი ემსახურებიან მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების გავრცელებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის. შეერთებული შტატების არავითარი შემდგომი საგარეო დახმარება არ უნდა გაიცეს ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას. დაპაუზდეს შეერთებული შტატების საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით პროგრამული ეფექტურობისა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის შესაფასებლად“, - აღნიშნულია აღმასრულებელ ბრძანებაში. იპნ
-
ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ამბობს, რომ „მოსკოვის მშვიდობის მტრედების“ მონდომების მიუხედავად, რომლებიც ევროკავშირში შიგნით სიტუაციის არევას და საერთო თანხმობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, ევროკავშირი გაამწვავებს პოლიტიკას ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, ქართველის ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს და გააღრმავებს. კოლსი ამბობს, რომ „ოცნება“, რომელიც იქცა ქართულ კოშმარად, ქვეყანას რუსეთთან აახლოებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში რაღაცები უფრო ნელა ხდება, ვიდრე აშშ-ში, რომელიც ახლა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ ყველაზე მკაცრი პოლიტიკის გატარების პროცესშია, იგივე პროცესები მოსალოდნელია ევროპაშიც. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. რიჰარდს კოლსი ერთ-ერთი ხელმომწერია ტრანსატლანტიკური ჯგუფის წევრთა წერილისა, რომელმაც მოუწოდა დემოკრატიულ სამყაროს, რომ არ ცნონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ინტერვიუში კოლსი ასაბუთებს, რატომ არის საქართველოში „ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი არალეგიტიმური; რომ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებმა „ოცნების“ წევრებს ხელიც კი არ უნდა ჩამოართვან. დღეს, 21 იანვარს, ევროპარლამენტმა საქართველოში „პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ უნდა იმსჯელოს. თებერვალში კი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას უყრიან კენჭს. ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერვიუს ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსთან. — ბატონო კოლს, თქვენ “საქართველოს საერთაშორისო მეგობრების” იმ ტრანსატლანტიკური ჯგუფის წევრი ხართ, ვინც დემოკრატიულ სამყაროს მოუწოდა არ ცნოს ლეგიტიმურად საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და უარი თქვას მასთან მაღალი რანგის ურთიერთობაზე. რატომ ჩათვალეთ აუცილებლად ამის გაკეთება და ამის შესახებ ოფიციალურ წერილზე ხელმოწერა? — ეს იმის გასაგებად, იმის აღქმისთვის [იყო აუცილებელი], რომ ქართველი ხალხი, რომელიც 40 დღეზე მეტია მშვიდობიან პროტესტს გამოხატავს, არაა მარტო. [ვხედავთ] მათ ბრძოლას და იმ შევიწროებას, რაც მმართველი პარტიისგან კვლავ გრძელდება. მმართველი პარტია ახლა უკვე ამერიკელი კანონმდებლების მიერაც შეფასებულია, როგორც “ქართული კოშმარი”. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც გამჭვირვალეა, სამართლიანია და არ დავთმობთ ამ პრინციპებს. ესაა საქართველოს საერთაშორისო მეგობრების მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელმაც ამ წერილს ხელი მოაწერა. ესაა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს საკანონმდებლო ორგანოებისა და ქვეყნების წარმომადგენლების ძალიან მკაფიო გზავნილი. მე, როგორც ევროპარლამენტის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის ბოლოს რეზოლუცია მივიღეთ, სადაც ეუთო/ოდირის დამოუკიდებელი დამკვირვებლების დასკვნებზე დაყრდნობით, ვთქვით, რომ არ შეგვიძლია ამ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნევა. [ამის] შედეგად, პარლამენტიც არალეგიტიმურია. ჩვენ მოვუწოდეთ საარჩევნო პროცედურების დაუყოვნებლივი გაუმჯობესებებისკენ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი არჩევნებისკენ. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს, ის არაერთი სავალდებულო შეთანხმების მხარეა, ხელმომწერია, არსებობს კონკრეტული პროცედურები იმისა, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ქვეყანაში, რომელიც ეუთოს წევრია, სხვა საერთაშორისო სტანდარტებიცაა, რომელთა შემადგენელი ნაწილებიც არ შეიძლება რამეზე გაიყიდოს, ან მასზე თვალი დავხუჭოთ. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული, ყველა მონაწილისთვის თანაბარი შესაძლებლობებით. ეუთო/ოდირის ანგარიში ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ანგარიში იყო ამ პრინციპების უხეში დარღვევების თაობაზე. ის კონკრეტულად უსვამდა ხაზს იმას, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო. ჩვენ არ შეგვიძლია – და ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა – არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, ახლანდელი მთავრობა და ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტი ჩვენს თვალში, არალეგიტიმურია. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ რეჟიმს, რომ დააწესოს გარდამავალი პერიოდი, მოვუწოდებთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომლის დროსაც ყველა ეს პრინციპი დაცული იქნება. — ფიქრობთ, რომ ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნები საკმარისად მკაფიო იყო? ეს ანგარიში თავიდანვე განსხვავებული ინტერპრეტაციის საგანი გახდა. როცა დასავლელი ლიდერები ეყრდნობოდნენ იმას, რომ დამკვირვებლებმა არ შეაფასეს ეს არჩევნები, როგორც სამართლიანი და თავისუფალი, “ქართული ოცნება” მიუთითებდა, რომ ყველაფერი პირიქით იყო და ოდირს მადლობასაც უხდიდნენ სამართლიანი შეფასებისთვის. ამასობაში გენერალურმა პროკურატურამაც გამოაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებები არ დასტურდება. ფიქრობთ, რომ ეს შეფასებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეთანხმებულად აღიაროს ეს ხელისუფლება არალეგიტიმურად და თუ ასეა, რატომ ვერ მოხდა ეს? — ეუთო/ოდირი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის უმთავრესი მანდატიც არის ამ ტიპის სადამკვირვებლო მისიების ჩატარება. მათი დასკვნები იმის შესახებ, იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, მათ ემოციურ შეფასებას კი არ ეყრდნობა, არამედ მტკიცებულებებს, დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებას – მათ შორის მათი, ვინც თავად საქართველოს მთავრობამ მოიწვია. ასე რომ, ეს არაა ოდირის მანდატი, განსაზღვროს იყო თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური ან არალეგიტიმური, ეს ჩვენი, დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა, რომელიც ამ დაკვირვების ნაწილია და ვინც მყარ მტკიცებულებებზე და არა ემოციებზე დაფუძნებულ ამ ანგარიშებს კითხულობს, რომ ჩვენი შეფასებები გავაკეთოთ. ჩვენი შეფასება კი არის ის, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და უნდა იყოს მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, ამ პროცესში კი ის ნაკლოვანებები და დარღვევები უნდა აღმოიფხვრას. — ხედავთ რაიმე სივრცეს იმისა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა? ან რა მექანიზმები დარჩა ამ საზოგადოებას იმისთვის, მათი გადარწმუნება შეძლოს და მათზე გავლენა მოახდინოს? — მმართველი რეჟიმისგან ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, რომ მათ სურდეთ დაემორჩილონ საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სურდეთ ხალხის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. ჩვენ ვხედავთ დემონსტრანტების დაპატიმრებას, ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა. მაგალითად, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. საჯარო მოხელეები შეიძლება გათავისუფლდნენ საფუძვლის გარეშე, ახალი პოზიციები შეიძლება სათანადო სამართლებრივი პროცედურების გარეშე გამოცხადდეს… ეს საჯარო სექტორის პოლიტიზებაა. ეს კიდევ ერთი საფრთხეა… უკვე აღარაფერს ვამბობ რუსულ, უცხო ქვეყნის აგენტების კანონზე…. ვერ ვხედავ ვერანაირ განზრახვას. მიუხედავად რიტორიკისა, რომ ისინი თითქოს რაიმე ტიპის [დიალოგში] ჩართვისთვის მზად არიან. ამის გაკეთება მარტივია, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, არა ვერბალური, არამედ რეალური, ფიზიკური ქმედებები, შეცვალეთ ის, რაც უკვე ბოლო თვეების განმავლობაში მიიღეთ… სიტუაცია მართლა უარესდება, როცა საქმე დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ეხება. პროტესტი გრძელდება მთელ საქართველოში. ვხედავთ, რომ მმართველი რეჟიმი აძლიერებს ფიზიკური ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ. „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსულ ორბიტასთან, მის გავლენის სფეროსთან აახლოებს. ეს ჩვენ გვაწუხებს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასე ძალიან ვუჭერთ მხარს. ვნახეთ, რომ მმართველმა რეჟიმმა შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე. ვიტყოდი, რომ განუსაზღვრელი ვადით. და დიახ, ჩვენ ამას პასუხს გავცემთ. ევროპარლამენტი მოუწოდებს უფრო მკაცრი სანქციებისკენ სამართალდამცავი უწყებების ლიდერების მიმართ, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებების მიმართ. ვხედავთ, რომ ამერიკა ლიდერობს “ქართული კოშმარის” ლიდერების დასჯის კუთხით. ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესდა… “ქართული კოშმარი” – ამ ტერმინს ვიყენებ, რადგან ამერიკის კონგრესს წარედგინა კანონმდებლობა, რომელიც გულისხმობს სანქციებს, შეზღუდვებს მმართველი რეჟიმისთვის და ამ რეჟიმის “ქართულ კოშმარად” მოხსენიებას, მისი თავდაპირველი სახელისგან განსხვავებით. დიახ, ევროპაში რაღაცები უფრო ნელა ხდება, მაგრამ [საბოლოოდ] ხდება. ეჭვი არ შეგეპაროთ, არავინ ფიქრობს ისე, რომ ამ ერთმა ამბავმა ჩაიაროს და ყველაფერი თავისით დასრულდება და მერე ჩავერთვებით, დიახ რთული დროა. და ის წერილიც, რომელსაც ხელი არაერთმა ახლანდელმა თუ ყოფილმა პოლიტიკოსმა მოაწერა, ნათელი განაცხადია იმის, რომ ჩვენ ქართველ ხალხს იმედს არ გავუცრუებთ. — წინ მიიწევს ოფიციალური პროცესი იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რაც დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს, თუმცა რა შეიძლება იყოს შემდეგი? რა მექანიზმების ამოქმედება შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან? — უპირველესად, ცხადია, ველოდები შეთავაზებებს ევროკომისიის მხრიდან. მისი უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მთავარი ლიდერია, როდესაც საუბარია ინდივიდუალურ თუ სექტორულ სანქციებზე. ევროპარლამენტის მომდევნო სესიისას შეიძლება გვქონდეს კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოზე კონკრეტული მოწოდებებით ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიმართ, რომ მათ გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები იმ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ წნეხის განსახორციელებლად, რომლადაც ახლა “ქართული კოშმარი” იქცა. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დიპლომატიური ვიზები დიდი შეზღუდვა არაა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ სტანდარტული პასპორტებით მოგზაურობა, მაგრამ ეს მთლად ასე არაა. შესაძლოა მცირედით, მაგრამ ეს მაინც გზავნილია: შეცვალეთ ის, რასაც აკეთებთ, რადგან ეს აბსოლუტურად მცდარია და არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. და ჩვენ მაინც ვხედავთ სიჯიუტეს, და რიტორიკას, რომელიც საქართველოს ახლანდელი ლიდერების მხრიდან მოდის, რაც უბრალოდ შეშლილი და უცნაურია, სავსეა კონსპირაციის თეორიებით. [ამბობენ], რომ ევროპას რაღაც ჩრდილოვანი სახელმწიფო მართავს, ამგვარი რიტორიკა… ძნელი აღსაქმელიც კია, რომ კეთილგონიერმა ადამიანმა შეიძლება ეს მართლა იფიქროს. ასევე, არავის გამოურიცხავს ის, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სანქციების დაწესება. ეს შეიძლება იყოს გზავნილი “ქართული კოშმარის” შიდა წრის წარმომადგენლების, მასთან დაკავშირებული პირებისთვის, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება შენგენის ვიზის გაცემაზე. თუ ერთი წევრი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს, პერსონა ნონგრატების სიაში (არასასურველი პირების სიაში), ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გასცემენ მასზე შენგენის ვიზას. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ვხედავ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან მტკიცე ნაბიჯებს დგამენ, პრინციპული პოზიცია აქვთ, ისინი არ გაყიდიან ქართველ ხალხს და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ამგვარი სანქციები შეიძლება დააწესონ. თუკი ევროკომისიასა თუ ევროსაბჭოში პროცესები შედარებით ნელა განვითარდება. — განიხილება ახლა ეს? ელოდებით ამგვარ ნაბიჯებს ცალკეული სახელმწიფოებისგან? — ბევრი რამ განიხილება, ამ ეტაპზე, არაფერია გამორიცხული, ყველა შესაძლო მექანიზმი განიხილება. ზოგმა შეიძლება თქვას – “ქართული კოშმარის” რიტორიკა ასეთი იქნება – რომ ეს მხოლოდ ორი ათეული პოლიტიკოსია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი თავიანთი ქვეყნების პარტიების ლიდერები არიან, თავიანთი ქვეყნების ლიდერები, ხმები, რომელთაც უსმენენ, ამიტომ მათი უგულებელყოფა არ შეიძლება. ვფიქრობ, ეს პროცესი ვითარდება. ცოტა ხნის წინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ვნახე, რომ მის ირგვლივ ევროკავშირის უფრო და უფრო მეტი წამყვანი პოლიტიკოსი იკრიბება და ფიქრობენ, კიდევ რის გაკეთება შეიძლება, რა დამატებითი წნეხი განახორციელონ მოქმედ ქართულ რეჟიმზე, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. თუმცა ვხედავთ, რომ სიტუაცია საქართველოში უარესდება, არ არსებობს ჩართულობის ნიშნები. თუკი ვინმე ამბობს, რომ დიალოგისთვის მზადაა, ესეც მხოლოდ ფასადია, ეს მხოლოდ იმ მიზნითაა, რომ გადაიღონ ფოტო, სადაც ევროკავშირის რომელიმე ლიდერს ხელს ჩამოართმევენ და შემდეგ იტყვიან, ისინი ჩვენ გვაღიარებენ, ჩვენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლები ვართ… — ცოტა ხნის წინ სწორედ ამგვარი კრიტიკის ფონზე გაუქმდა ეუღოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას ვიზიტიც. ფიქრობთ, რომ სხვა მსგავსი შეხვედრები არ უნდა შედგეს? — სრულებით, არანაირი ჩართულობა ახლანდელ რეჟიმთან, არანაირი ფორმატით. არა ხელის ჩამორთმევა, არა საჯარო ღონისძიებებზე მოწვევა. ძალიან მადლიერი ვარ იმის, რომ პოლონეთმა, რომელმაც გადაიბარა ევროპის საბჭოს პრეზიდენტობა, საქართველოს დელეგაციებს გაუუქმა მიწვევა ევროპულ ღონისძიებებზე, სადაც [ევროპელი] პოლიტიკოსები იკრიბებოდნენ. ეს მკაფიო სიგნალია, ეს პრინციპული პოზიციაა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ არ დავინახავთ ნათელ მტკიცებულებებს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება, და იქნება გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ ეს მოხდეს. — თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ იმაზე, რომ ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ ნაბიჯების გადადგმა. მას შემდეგ, რაც ვიხილეთ, რომ ევროკავშირის დონეზე ზოგ შემზღუდავ ზომას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, როგორ ფიქრობთ, არის ცალკეული ქვეყნების მკაცრი ნაბიჯები შესაბამისი პასუხი? ან ფიქრობთ, რომ ევროკავშირი შეძლებს კომპრომისის მიღწევას და როგორც ინსტიტუტი, მეტ საერთო ზომას გამოაცხადებს? — თუკი ევროპარლამენტის რეზოლუციის კენჭისყრას შეხედავთ, მას უდიდესმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ეს ასახავს [განწყობას]. თუმცა დიახ, იქნებიან, როგორც მე მათ ვუწოდებ “მოსკოვის მშვიდობის მტრედები”, რომლებიც ეცდებიან სხვადასხვა საკითხზე ევროკავშირის ერთობისთვის ძირის გამოთხრას. უნგრეთი და სლოვაკეთი ახსენეთ, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, ხდება უკრაინის თაობაზეც. ვხედავთ მათგან განსხვავებულ რიტორიკასაც, მაგალითად ფიცოსგან, როცა საუბარია უკრაინაზე წნეხის განხორციელებაზე, რათა სლოვაკეთისთვის [რუსული] გაზის მიწოდება აღდგეს. ასე რომ, ამ ეტაპზე ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აქ გასაკვირი არაფერია. ჩვენ ვიცით, რომ გვყავს ეს ხელის შემშლელები, (“ამრევები”) კავშირის შიგნით. მაგრამ ვიპოვით გამოსავალს…. ასევე, იმას ვიტყოდი, რომ კორუფცია სამუდამოდ ძალიან ძნელი დასამალია. ძალიან იშვიათია, როდესაც მოკავშირე სახელმწიფოებიდან ერთი მეორის მაღალჩინოსანს ასანქცირებს. და ეს ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენ თავს არავის გავასულელებინებთ, ვიცით ვინ ვინ არის და ვინ რას აკეთებს. (ამერიკამ რამდენიმე კვირის წინ უნგრეთის პრემიერის ადმინისტრაციის უფროსს ფინანსური სანქციები დაუწესა) ორბანი და ფიცო ეცდებიან ხელის შეშლას, მაგრამ ვიპოვით ერთიანობის შესანარჩუნებელ გზას. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს. ევროპელი პოლიტიკოსები ხმას აიმაღლებენ, ჩვენ განვაგრძობთ იმაზე მუშაობას, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. — “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ვრცელი წერილით გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში საკანონმდებლო აქტების წარდგენას და ევროკავშირის რეზოლუციებზეც ისაუბრა. საბჭო განმარტავდა, რომ ეს არამეგობრული და მტრული ნაბიჯებიც კია და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნდობას ევროპული ინსტიტუტების მიმართ. რაც შეეხება ევროპულ ინსტიტუტებს, მათაც “ჩრდილოვანი სახელმწიფოს” გავლენის ქვეშ მყოფად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ევროპაში მხოლოდ ღირებულებების კრიზისის არსებობას უსვამს ხაზს. რას ფიქრობთ ამაზე? — მე არ მსმენია, რომ ევროკავშირს ქართველი ხალხი დაესაჯოს, ესაა სწორედ ის, რასაც ყველაფრის ფასად ვარიდებთ თავს, რომ არ მოხდეს ქართველი ხალხის დასჯა მისი მმართველი რეჟიმის ქმედებებისთვის. ამიტომ ამოქმედდა ამერიკის მხრიდან მიზანმიმართული სანქციები. ევროკავშირიც განიხილავს იმ ძალოვანი უწყებების [ლიდერთა] საქმეებსაც, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებს ლახავს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ თუ კანდიდატი ქვეყანა ხარ, უნდა დაემორჩილო საერთო ევროპულ საგარეო პოლიტიკას. თუკი გულწრფელი ხარ ევროკავშირის წევრობის შესახებ, ესაა პირობა, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც. რომლებიც არ იყენებენ ასეთ რიტორიკას, ესმით, რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროინტეგრაცია არათუ მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილია, არამედ ეს მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ასეთი რიტორიკა ტოქსიკურია, მაგრამ აბსოლუტურად უსაფუძვლო, შეთქმულების თეორიებით სავსე. — “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ თუკი ევროკავშირი მათ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს გაუხსნის, მზად არიან შეთანხმებებს დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი, და რომ გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ბრიუსელის მხრიდან შანტაჟის სამიზნე არ გამხდარიყვნენ. — “ქართული კოშმარი” ამბობს, რომ ევროპა თავად ეწინააღმდეგება საკუთარ ღირებულებებს. ხომ ასეა? ევროკავშირის წევრობა კანონმდებლობის პატივისცემას გულისხმობს, კანონის უზენაესობას. ესაა პირობა. გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ არის უფასო ტრანსპორტი, რომელსაც შეახტებით და ის ბოლომდე მიგიყვანთ, სრულ წევრობამდე. აქ პირობებია – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კონკრეტული რეფორმებია გასატარებელი. გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებილი მიდგომაა. მოლდოვას, უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთს, გაწევრიანებისთვის ყველას ერთი გზა არ აქვს, ყველას თავისი რაუნდები აქვს. ბალტიისპირეთის ქვეყნები რეკორდულად მოკლე ვადაში გაწევრიანდნენ, 7 წელიწადში. ჩვენ გვესმოდა, რა გვინდოდა, არა იმიტომ, რომ ვინმე გვთხოვდა ამის გაკეთებას, ვიცოდით, რომ ეს ჩვენ, ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არგებდა. — ისინი ამბობენ, რომ სანქცირება ეროვნული ინტერესების მსახურებისთვის ჯილდოა და ეროვნული საქმეა, რისთვისაც ისჯებიან… — იცით კიდევ ვინ ამბობს იმავეს? ყველა ოფიციალური პირი მოსკოვში ამას ამბობს ევროკავშირის შესახებ. ყველა, ვინც სანქცირებულია, ისინიც ამ ღირსების მედალს ატარებენ. ასე რომ თავად გამოიტანეთ დასკვნები იმის შესახებ, თუ ვინაა ახლა „ქართული ოცნება“, ვის ემსახურებიან სინამდვილეში. ნეტგაზეთი
-
განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არშემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო, თუმცა „ტრადიციულ პარტნიორებთან რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რათა დასავლეთმა საქართველოზე უარი თავად თქვას“. „20 იანვარიც გადაგორდა. ტრამპი პრეზიდენტია. ახლა რა? ტრამპში კონცენტრირებული იმედები უკვე გამართლდა? მშვიდობა და დემოკრატია იქნება მისი დაცვის ობიექტი ყველგან. ჯერ კიდევ ბევრს შევიტყობთ. დასკვნების გამოტანა ადრეა. ტრამპს ასევე აუცილებლად ეცოდინება, რომ იმ შორეულ ჯორჯიაში, აშშ-ს ელჩი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი ქვეყნის ქმედებები წითელ ხაზებს უახლოვდება და ასე თუ გაგრძელდა, მოგვიწევს შესაბამისი ზომები მივიღოთო. ჩვენს ძლივს და დიდი შრომით გაერთგულებულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დეფიციტი კი არა, ნამდვილი კრახი მსგავსმა რიტორიკამ მოგვიტანა შედეგად. კიდევ ერთხელ ვიტყვი: რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არ შემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო და ვფიქრობ, მომავალ მთავრობებსაც მოუწევთ ამ გეოგრაფიული და გლობალური გეოპოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით განსაზღვრონ მოქმედების სტრატეგია. მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან (რომელთა მიმართ წლების განმავლობაში უამრავი სამადლობელი გვაქვს დაგროვილი) რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რომ დასავლეთმა თავადვე თქვას ჩვენზე უარი, რომ იზოლაციაში დარჩენილებს, სახელმწიფოს დაღუპვის პირას მისულებს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობა დაგვრჩეს და თავის გასასამართლებლად ვთქვათ: მე დასავლეთში ინტეგრაცია მინდოდა, თქვენ კი ხელი მკარით და აი, ახია თქვენზე თუ დამკარგეთო. მგონი აღარავინ ტყუვდება იმ საკენკით, თითქოს საქართველოს არავინ სჭირდება, არც დასავლეთი და არც რუსეთი, თავადვე მოახერხებს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ეს ასე, სამწუხაროდ ვერ იქნება და უკვე დროა, დამღუპველ ილუზიებს დავანებოთ თავი. შესაბამისად ეს რიტორიკა დღეს არა ქვეყნის, არამედ საქართველოში პოლიტიკის შემქმნელ-გამტარებლის ინტერესებს ემსახურება, ხოლო ყველა ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი ერთგული ჯარისკაცივით ასრულებს მის მითითებას. უფრო მეტიც, უფროსს რომ ასიამოვნოს მცდელობას არ აკლებენ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ უკვე გაფუჭებულ ურთიერთობებს. დღეს, ხელისუფლება მხოლოდ კაბინეტებში ჯდომა არაა და ერთადერთი, რაზეც ახერხებენ ძალაუფლების განხორციელებას, რეპრესიული პოლიტიკაა. პოლიტიკური ძალაუფლების მიერ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხელოვანების, ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიურ წევრთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები უკიდურესად მავნე შედეგებს იწვევს ქვეყნის დემოკრატიისთვის. ძალიან მაღელვებს ეს მდგომარეობა, უკვე სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ძალიან, ძალიან საშიშია: ზოგადად, ყველა საზოგადოებაში მსახიობები, ხელოვანი ხალხი, ჟურნალისტები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვაში, ხშირად აპროტესტებენ უსამართლობას. მათი გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვა ნიშნავს საზოგადოებაში შიშისა დამკვიდრებას. დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებითი საყრდენია და მისი ეროზია გაანადგურებს ამ თავისუფლებას და ჩაახშობს განსხვავებულ ხმას, შემცირდება კრეატიულობა და ხელოვნება თანდათან გახდება კონფორმისტული. იგი გაუფასურდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: პირადად მე, ჩემი ქვეყნის დემოკრატიისთვის მირჩევნია ხელოვანებიცა და ჟურნალისტებიც ზედმეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე თავისუფალი აზრის გამოთქმას ვერ ბედავდნენ. როდესაც ხელისუფლება ვერ ეგუება თავისუფალ კრიტიკას და აკავებს, აპატიმრებს, ემუქრება ხელოვანებს, ჟურნალისტებს (ანუ მათ, ვისთვისაც თავისუფლება არსებობის და შემოქმედების მთავარი წყარო-ჟანგბადია) თავისთავად იქმნება ცენზურა და სტიგმატიზაცია, რაც არა მხოლოდ რეპრესირებულ ხელოვანებზე, არამედ სხვა მოქალაქეებზეც მოქმედებს, აშინებს, აჩიავებს და აბეჩავებს მათ. შესაბამისად, როგორც ავადსახსენებელ წარსულში ხდებოდა გადარჩენის შიშის, უნდობლობისა და დენონსაციის ატმოსფეროში ადამიანებს აღარ სურთ ღიად ისაუბრონ მგრძნობიარე პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე. ამას აშკარად ვგრძნობ უკვე ყოველდღიურ ურთიერთობაში მეგობრებსა და ნათესავებში. ეს პარალელები რომ ჩნდება უკვე ცუდადაა საქმე. დიახ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. წიგნიერი, კულტურული, საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ხალხია, მათი ხმების ჩახშობით, პოლიტიკური ძალა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობას კი აშინებს და ზღუდავს უსამართლობის წინააღმდეგ მობილიზებას დაგროვილი სათქმელის ან წუხილის გამოსახატად. პროტესტისადმი სოლიდარობის გამო განადგურებით ემუქრებიან ბიზნეს კომპანიებს, აზიანებენ მათ რეპუტაციას, გზის გადაკეტვისთვის აკავებენ, აპატიმრებენ სტუდენტებს. კარგით რა. არ გინახავთ ერთი ბატონი სამძიმარზე ან იუბილეზე რომ მიდის რა ხდება ? კანონებიც გავაპლასტელინეთ. ქვეყანა უკვე იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის, მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაიგნორების (ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობაც ევროპული ინტეგრაციის გამო უჭერდა მხარს ოცნებას) გამო. დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის რეპუტაციას და შეზღუდა მისი დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები, რასაც სულ მალე, აუცილებლად მოჰყვება მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ნამდვილად მოყვება და მერე ერთმანეთზე გადაბრალება ვეღარ უშველის საქმეს. მოსახლეობა სრულად დაკარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას და მღელვარება გახდება საყოველთაო. განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! ბატონ ბიძინას, რომელსაც ვერ დავუკარგავთ გამჭრიახობის უნარს, დარწმუნებული ვარ კარგად ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე რისკები ქვეყნისა და მისი საკუთარი მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული“,- წერს გოჩა ჯავახიშვილი. იპნ
-
ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული საერთაშორისო მიმართულების გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია. „დონალდ ტრამპი არის აშშ-ის მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. რაც შეეხება მის გზავნილებს, რაც საერთაშორისო გზავნილებია, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. ის საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო წინა პრეზიდენტობის ვადისას. მაშინაც კი მკაცრი იყო ადმინისტრაციის მიდგომა და დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი. „რესპუბლიკურ პარტიას“ ყოველთვის ახასიათებს ბევრად უფრო ხისტი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, განვითარებადი დემოკრატიის მიმართ. შესაბამისად, ძალიან მალე ესენი აღმოაჩენენ, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი ყოფილა. ტრამპის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის არ უღალატია, ამ მოღალატეებისგან განსხვავებით. ძალიან მალე მამუკა მდინარაძე იქნება ის ერთ-ერთი არარაობათაგანი, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას „ამცნობს“ და აღმოჩენას გაუზიარებს, რომ თურმე ტრამპი „დიფ სთეითთან“ „დამარცხდა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. იპნ
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. როგორც ცნობილია, დებატების თემაა: "საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება". დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. ფორმულა -
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც შეერთებული შტატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს. აღმასრულებელ ბრძანებაში ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზებად ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობაა დასახელებული. როგორც ცნობილია, აშშ WHO-ს ყველაზე დიდი შემომწირველია და ყოველ წელს ორგანიზაციისთვის დაახლოებით 130 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რათა სააგენტომ ჯანდაცვის მხრივ გლობალური მზადყოფნისა და დროული პასუხის გაცემისთვის საჭირო ხარჯები დაფაროს. ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც ტოვებს. ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც მიიღო, თუმცა მისი გადაწყვეტილება 2021 წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა გააუქმა. ფორმულა
-
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, - ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. იპნ -
პანამის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს - პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო პანამის არხის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არხი პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება. „სრულად უნდა უარვყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები. პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება“, - აღნიშნულია პანამის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მან ასევე უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ არხს ჩინეთი აკონტროლებს. „მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც არხის კონტროლში ერევა“, - აცხადებს ხოსე რაულ მულინო. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პანამის არხს დაიბრუნებს. „პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან დავიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. იპნ -
99 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – შეერთებული შტატების სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ინაუგურაციის დღესვე დაამტკიცეს. მან სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. რუბიომ სენატის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. ვინ არის მარკო რუბიო? მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ 53 წლის მარკო რუბიო მაიამიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მისი ბიოგრაფია ამერიკული ოცნების ერთ-ერთი რეალური მაგალითია. მამამისი ბარმენი იყო, დედა კი სასტუმროს დამლაგებელი. რუბიოს ჰყავს მეუღლე ჯანეტი და ოთხი შვილი: ამანდა, დანიელა, ენტონი და დომინიკი. უმაღლესი განათლება მან ჯერ ფლორიდის უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი მაიამის უნივერსიტეტი იურისტის დიპლომით დაამთავრა. პოლიტიკური კარიერა რუბიომ ფლორიდის წარმომადგენელთა პალატაში დაიწყო, სადაც ერთხანს უმრავლესობის ლიდერი და სპიკერიც იყო. 2010 წელს ის შეერთებული შტატების სენატორად აირჩიეს და მას შემდეგ სენატის არჩევნები კიდევ ორჯერ, 2016 და 2022 წლებში მოიგო. ერთხანს საპრეზიდენტო კარიერაზეც ფიქრობდა, მაგრამ 2016 წელს შიდაპარტიული მარათონი დონალდ ტრამპთან წააგო. მოგვიანებით, ის ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიას შეუერთდა და მის ახლო მოკავშირედ და თანამებრძოლად განიხილებოდა. არჩევნებში გამარჯვებულმა ტრამპმა გასული წლის ნოემბერში რუბიო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. საგარეო პოლიტიკა 15 იანვარს, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, გამხსნელ სიტყვაში, რომლითაც რუბიომ მიმართა კომიტეტს, სადაც თავადაც 14 წელი იმსახურა, მან ისაუბრა მსოფლიოში გამეფებულ ქაოსზე და იქ წესრიგის აღდგენის აუცილებლობაზე, რაც მისი თქმით, იოლი საქმე არ იქნება. Რუბიო თვლის, რომ ამერიკას უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა ესაჭიროება, რათა ვაშინგტონმა შეძლოს ჩინეთზე დამოკიდებულების საფრთხის თავიდან აცილება. მას სენატორებმა კითხვები უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც დაუსვეს. რუბიოს თქმით, ომი უნდა დასრულდეს და ამისთვის დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს დასჭირდება. „თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი შეხედულება უკრაინაზე… თქვენი აზრით, რა არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, რათა უკრაინას მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ეკავოს, თუკი ის რუსეთთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება”? – ჰკითხა მას ჯინ შაჰინმა, დემოკრატმა სენატორმა. მარკო რუბიომ პასუხად განაცხადა: საქართველო 15 იანვრის მოსმენაზე მარკო რუბიოს საქართველო არ უხსენებია. თუმცა გაზაფხულზე, „ამერიკის ხმასთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში მან კომენტარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ ის კარგად იცნობს საქართველოს, და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ყურადღებით ადევნებს თვალს. რუბიოს კომენტარი მაისშია ჩაწერილი, როცა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
-
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა. აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან. იპნ -
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ”ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის - სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ", - განაცხადა ტრამპმა. CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა და ქონების განადგურება. დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელი ქმედებების სერიას, რომელიც მოიცავდა ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანების გაუქმებას. დღეს ხელმოწერილი სხვა ქმედებები მოიცავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, მათ შორის აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, აშშ-ის გასვლას პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, ფედერალური თანამშრომლებისთვის პირადად მუშაობის ვალდებულებას და სხვა ზომებს. იპნ
-
პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მარკ რუტე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას ულოცავს. „პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ - ნატო-ს მეშვეობით!“, - წერს მარკ რუტე. იპნ
-
8-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ბათუმელების“ ცნობით, დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს მათი ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ადვოკატ მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. ოპერატორი 12 იანვარს გამართულ აქციაზე დააკავეს. „ბათუმელების“ ცნობით, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პროცესში გურამ მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. პატიმრობაშია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს. პუბლიკა -
ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როგორც 2017 წელს, ჩვენ კვლავ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა როგორც მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი იქნება. „გუშინდელი მდგომარეობით, თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ახლო აღმოსავლეთში მძევლები სახლში, თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა. იპნ
-
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს. ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, დონალდ ტრამპი კარტელებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებს. იპნ
-
პანამის არხს უკან ვიბრუნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება. იპნ
-
ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ცვლილებების ტალღა ვრცელდებოდა. „მზის შუქი მთელ მსოფლიოში ანათებს და ამერიკას აქვს შანსი გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ისე როგორც არასდროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. იპნ