Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. „მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მაღალი დონის კონტაქტების ხელშეწყობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის! მაშინ, როცა მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. იპნ
  2. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, - წერს ჯო უილსონი. იპნ
  3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკო გავრცელებული განცხადებით პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსენებს. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის არჩევნების წესებით ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა 4%-იანი ბარიერით. პუბლიკა
  4. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა თემქაზე დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. შსს მას ედავებოდა ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლისა და 174-ე პრიმა, აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვის მუხლის დარღვევას. შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე გურამ მაცხონაშვილს სახე ჰქონდა დაფარული. პოლიციელის არაერთ მოწოდებას, მოეხსნა ნიღაბი, ის არ დაემორჩილა. შსს-ს პოზიციის გასამყარებლად სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხეს პოლიციელები გიორგი ტაბატაძე და ამირან ლევიძე. გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები. მოწმეების თქმით, გურამ მაცხონაშვილი არ დაემორჩილა პოლიციელების რამდენიმე მოთხოვნას, მოეხსნა ნიღაბი, შესაბამისად, ვერ მოხდა მისი იდენტიფიცირება. ასევე მოწმე გიორგი ტაბატაძის თქმით, გურამ მაცხონაშვილმა ჩამოიწია ნიღაბი და პოლიციელს უთხრა, რომ არ ემორჩილებოდა. ორივე მოწმე პოლიციელმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირების მიზნით არც ერთ მათგანს არ უკითხავს გურამ მაცხონაშვილისთვის ვინაობა, ასევე მათ არ მოუწოდებიათ, მოეხსნა ნიღაბი. შსს-ს საპასუხოდ ადვოკატმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ნიღბების უპირობო, ბლანკეტურ აკრძალვას დაუმორჩილებლობის პერფომანსით აპროტესტებდნენ და გურამ მაცხონაშვილის მიერ გამოყენებული პირბადე გამოხატვის აუცილებელი კომპონენტი იყო. მან ვრცლად ისაუბრა ნიღბის ბლანკეტური აკრძალვის პრაქტიკის პრობლემურობაზე. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ ზუგდიდელ ქალ აქტივისტებს. ადვოკატ მარიამ პატარიძის თქმით, გურამ მაცხონაშვილმა აქციაზე ნიღაბი რამდენჯერმე ჩამოიწია და პოლიციას მისი იდენტიფიცირების საშუალება ჰქონდა. დაცვის მხარის მოწმეების თქმით, მაცხონაშვილი პოლიციის ყველა მოთხოვნას დაემორჩილა, მოიხსნა ნიღაბი და მათ უთხრა სახელი და გვარი. მოწმეებმა ასევე აღწერეს, რომ გურამ მაცხონაშვილი და მასთან ერთად აქციის 5 წევრი ძალის გამოყენებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა მაცხონაშვილის დაკავების კანონიერების შემოწმებაც მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობას მოსამართლე არ დაეთანხმა. თავად გურამ მაცხონაშვილმა სასამართლოში განაცხადა: გურამ მაცხონაშვილი თემქაზე გამართულ აქციაზე 18 იანვარს დააკავეს. საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ აქციის 6 მონაწილის დაკავება მოჰყვა პოლიციის მხრიდან ნიღბების მოხსნის მოთხოვნას. პოლიცია მათთან ორჯერ მივიდა. პირველად როცა მათ აქციის მონაწილეებს ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სახეს ყველა მათგანი დაიფარავდა. მათი ხელმეორედ მისვლის დროს აქციის მონაწილემ, გურამ მაცხონაშვილმა ნიღაბი ჩამოიწია და პოლიციელებს უთხრა, რომ ის არ ემორჩილება ამ კანონს, რის შემდეგაც გურამ მაცხონაშვილის დაკავება დაიწყეს, რასაც მოჰყვა აქციის რამდენიმე მონაწილის ძალის გამოყენებით დაპატიმრება. პროცესში ჩაიმსხვა პოლიციის განყოფილების კარის შუშაც. publika
  5. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდადებულის შეწყალებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდადებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწროპარტიული ინტერესებით გამოიყენა”. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, „რომლის შედეგებზე მანიპულირების მიზნითაც, სხვადასხვა უკანონო ხერხებთან ერთად, ხელისუფლება აქტიურად იყენებდა სამართლებრივ ინსტრუმენტებსაც”. SJC წერს, რომ ყაველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ამ გზის გაგრძელებაა და „აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პროსახელისუფლებო მოქმედებებისთვის”. პუბლიკა
  6. სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „გახადე ამერიკა კვლავ დიდებული. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - წერს უილსონი. შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. იპნ
  7. ოცნების პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე: არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. ბევრი რატომ გვაქვს იცით? უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებზე და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობით უდანაშაულო ადამიანი? შეწყალება ჰუმანური აქტია. მაგრამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ მასშტაბის შეწყალებას კრიმინალის ანალიზის და რეციდივის საფრთხის შესწავლის გარეშე არ აკეთებენ. თუ ასე აკეთებ, ე.ი. ჰუმანურობა კი არა, სხვა მოტივაცია გამოძრავებს. ანალიზის გარეშე ამ მასშტაბის შეწყალება ნიშნავს კრიმინალის გაზრდის უზარმაზარ რისკებს. დავუშვათ პატიმრების ბედი გაღელვებს, არ შეიძლება მოქალაქეებს არ უხსნიდე მათი უსაფრთხოება ფეხებზე რატომ გკიდია. ხალხს უნდა ეუბნებოდე რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალე და არსებობს თუ არა ყველა ის რისკი, რაც ზემოთ წერია; ვთქვათ და ამ მასშტაბის შეწყალებას ანალიზის საფუძველზე აკეთებ, რანაირად დაგიჯერებენ, რომ ჰუმანურობა გამოძრავებს, როცა ასეულობით ადამიანი სულ ახლახან აწამე, ამ წამებაზე არავინ დასაჯე, განსხვავებული აზრისთვის საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტე, ქუჩაში ნიღბიან ზონდერებს საკუთარ მოქალაქეებს აცემინებ და ა.შ. მოძალადე რეჟიმი რანაირადაა ჰუმანური? პლუს, კორუფციაში ხარ ჩაფლული. პლუს, არჩევნები გააყალბე და უამრავ კრიმინალთან ხარ ვალში; რეალობა ის არის, რომ ხელისუფლების სათავეშია არალეგიტიმური, მოძალადე რეჟიმი, რომელიც ხალხს ცემს, აწამებს, უკანონოდ აპატიმრებს, იტაცებს; რომელიც არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; რომელმაც არჩევნებამდე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადა და ახლა ამ ზონდერებით ხალხს ცემს. ამ ფონზე, ვის სჯერა, რომ ეს შეწყალება ჰუმანური აქტია და არა ისეთივე კრიმინალური, როგორიც ამნისტია იყო; ამ ფონზე გამოდის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც პროკურატურის ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა და შესანიშნავად იცის, რომ პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არავინ აგვარებს და უბრალოდ ტყუის. ამ მასშტაბური შეწყალებით გახარებული ადვოკატებისგან ზოგი „ოცნების“ მეხოტბეა, ზოგი „ოცნებასთან“ წლების განმავლობაში გარიგებული. პლუს, წარმოდგენა არ აქვთ საკითხზე; უსასრულოდ შემიძლია ვწერო არგუმენტები, მაგრამ აქ გავჩერდები. თუ რასაც ვწერ, ტყუილია, გამოვიდეს „ოცნება“ და გამოიტანოს შეწყალებულების სია - რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ეს არის სუს-ში დაწერილი ზონდერების შეწყალება, ზუსტად ისე, როგორიც იყო ზონდერების ამნისტია და ამის შედეგებს მალე საკუთარ თავზე გამოვცდით. ეს შეწყალება აუცილებლად გახდება შესწავლის საგანი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო დეტალები გველოდება წინ. წერს გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. 19 იანვარს პრეზიდენტად დასმულმა მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ფორმულა ნიუსი
  8. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებულად წარმოდგენას. განცხადება ორგანიზაციების სახელით „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს უპრეცედენტო ძალა და ასობით მოქალაქის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და წამება. ორგანიზაციების შეფასებით, ეს უკანონო ქმედებები იყო ბელორუსულის წამების ანალოგი და იყო წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული და მიზნად ისახავდა პროტესტის მონაწილეების დასჯას და დაშინებას. ბურჯანაძემ თქვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს არაერთი ნაცემი ადამიანი და გაკეთდა შესაბამისი განცხადებებიც, მაგრამ მოგვიანებით, ლევან იოსელიანმა პოზიცია შეიცვალა და თქვა, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია. 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა 362 პირი და ამათგან 227 პირი საუბრობდა, რომ მათ მიმართ განხორციელდა წამება ან არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობა. მათგან 158 პირს ჰქონდა ხილული დაზიანებები. ეს უშუალოდ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია შემდეგზე: „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.” “ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების… და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა”. „გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე“. „ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში“. „სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა“. გიორგი ბურჯანაძემ ორგანიზაციების სახელით გაიხსენა, რომ:მ 30 ნოემბერს იზოლატორიდან გამოსულმა ლევან იოსელიანმა, ნანახს უწოდა სიმხეცე. პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში იოსელიანი აღნიშნავს, რომ 44 დაკავებულიდან 38 საუბრობდა ძალადობაზე, ასევე საუბრობს მომიტინგეების ალყაზე და დასჯაზე როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე ავტომობილებში. 3 დეკემბრის განცხადებაში საუბარია, რომ დაზიანებები ძირითადად თავის არეშია მიყენებული. იმავე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს ლევან იოსელიანი წამებაზე. 17 იანვრის ინტერვიუში კი იოსელიანმა შეცვალა თავისი განცხადებები და თქვა, რომ „სახალხო დამცველი ვერ მოახდენდა ქმედებების წამებად დაკვალიფიცირებას და რომ აღნიშნული უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ გამოძიებას“. გარდა ამისა, თქვა, რომ „ზოგადად წამების სისტემურობა გამორიცხულია, სისტემური მხოლოდ „არასათანადო მოპყრობა“ შეიძლება იყოს და რომ წამება სისტემური ვერ იქნება“. გიორგი ბურჯანაძის თქმით: პუბლიკა
  9. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა მიეღო, თუმცა ეს მხოლოდ 20 იანვარს მოხდა. „ეს ვადა უკვე დარღვეულია. შეიძლება დღეიდან აითვალონ [72 საათი] და თქვან, რომ როცა აპელაციაში მოვიდა, აქედან ავითვლითო, რაც იქნება უკანონო. კანონში ცალსახად წერია, რომ საჩივრის შეტანიდან ჯამურად განსაზღვრულია 72 საათი. ეს ვადები იმიტომ არის ასე დადგენილი, რომ დაახლოებით 3 საათი სჭირდება კურიერის მიერ ბათუმიდან ქუთაისში საჩივრის ჩატანას. ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ იმავე დღეს [14 იანვარს]. როდესაც საუბარია თავისუფლების ისეთ უკიდურეს ფორმაზე, როგორიც არის პატიმრობა, სასამართლო ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჩივრის მიწოდება სააპელაციო სასამართლოსთვის. რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა. ეს რატომ არ მოხდა? – იმის გამო, რომ ბათუმის სასამართლომ გვიან გააგზავნა თუ გზაში გაიწელა ჩაბარების პროცესი, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც კანონმდებლობისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ ეს საპროცესო ვადა დარღვეულია და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რაც დაემატა დარღვევების ჯაჭვს, რომელიც საქმეშია. შესაძლოა, ეს არის კიდევ ერთხელ წნეხის და დასჯის ფორმა, რომ მზია ამაღლობელს დროულად არ ჰქონდეს პასუხი და იყოს მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ამ პროცედურულ დარღვევას და ყველა სხვა შინაარსობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, თუ ქვეყნის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ იქნება აპელაციისგან ადეკვატური პასუხი, რაც იქნებოდა მხოლოდ გაუქმება პატიმრობის და ჩვენ მოველით, რომ უახლოეს საათებში შეცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის გადაწყვეტილება. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ გამოვიყენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმს და მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. აღკვეთა ცალკე გასაჩივრებას ექვემდებარება. [განხილვის] ვადები მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, რომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭოს, სწრაფ ვადებში მოხდეს მისი განხილვა. ეს შეიძლება არ მოხდეს რამდენიმე დღეში, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ იმ ვადას, რაც იქნება საკმარისი, რომ საჩივარი დასაბუთებულად და არგუმენტირებულად მიეწოდოს ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭ####ტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. ნეტგაზეთი
  10. მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! - ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“. „ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს, კარგი ბიჭია, კარგი მსახიობია და მზად ვართ ჩავუდგეთ თავდებშიო. თავისუფალი მსახიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო... მაგრამ მაშინ რატომ ტყუის, რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას (ელენე ხოშტარიას) დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“- წერს ლიკა გუნცაძე. იპ[ნ
  11. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს შეღავათის გაწევა სთხოვა, ამასთან დაზარალებულ მეხანძრე - მაშველს, რომელსაც ბუბუტეიშვილის მიერ ნასროლი ქვა მხარში მოხვდა, ბოდიში მოუხადა და მასაც პატიება სთხოვა. ბუბუტეიშვილის ადვოკატის დალი ბარბაქაძის განცხადებით, მოსამართლემ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაითვალისწინა, მათ შორის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევი არ არის, ამასთან 21-წელს მიუღწეველი პირია და ასევე ის ფაქტი, რომ ის დანაშაულს აღიარებს. ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. იპნ
  12. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ - არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს. როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია. „ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, - აღნიშნავს ამაღლობელი წერილში, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. იპნ
  13. არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წარმოადგენს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსურ ანალიზს და მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა. ნეტგაზეთის შესავალი 2025 წლის 14 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე წარდგენილი ბრალის (პოლიციელზე თავდასხმა) და სასჯელის (4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) სიმძიმიდან გამომდინარე შექმნილი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა დაზიანების რისკებით გაამართლა. მოსამართლეს არ მიუთითებია არც ერთ რელევანტურ მტკიცებულებაზე, რომელიც უშუალოდ ამ საფრთხეებს დაასაბუთებდა. სასამართლომ დამატებით გარემოებად მხოლოდ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიუთითა, რომელზეც პასუხისმგებლობა ჯერ არც იყო დამდგარი და შესაბამისად, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არარელევანტურ გარემოებას წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლომ სრულიად უგულებელყო პატიმრობის შეფარდებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება – მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და მაღალი რეპუტაცია მაშინ, როდესაც არ მოერიდა მისი პიროვნების ‘უკიდურესად უარყოფით’ დახასიათებას ჯერ კიდევ დაუდგენელი ბრალიდან გამომდინარე. სასამართლომ ასევე უგულებელყო მზია ამაღლობელის დაკავებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის გამოწვეული ‘მსუსხავი ეფექტი’. ეს მიმოხილვა კრიტიკულად აანალიზებს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების დასაბუთებას და აჩვენებს, თუ რამდენად მოკლებულია ის გონივრულობის, საკანონმდებლო და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის. დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვი ნინო სახელაშვილი თავის განჩინებაში საერთოდ არ მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას სილის გაწვნის პოლიციელზე თავდასხმად (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი) კვალიფიკაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა ამ დანაშაულის შემადგენლობის განმარტებისას ყურადღებას ამახვილებს პირის მიზანზე, თავს დაესხას პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ცხადია, ამ დანაშაულის მიზანი სამართლებრივი სიკეთის – პოლიციელის კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების – დაცვაა. ამ შემთხვევაში, სილის გაწნას პოლიციელის უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და აღნიშნული კვალიფიკაცია აშკარად დაუსაბუთებელია. აღნიშნული ქმედების კვალიფიკაცია ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, ან ყველაზე ფორმალისტური ინტერპრეტაციის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) კვალიფიკაციაში, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოძიებას გაუჭირდება დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების სტანდარტის მტკიცება, რომელიც ამ დანაშაულის აუცილებელი პირობაა. ამასთან სსკ-ის მე-7 მუხლის საფუძველზე ამგვარ ქმედებებზე პირს არ შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას მზია ამაღლობელს ედავებიან, სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურია. მას განუსაზღვრელი შინაარსი აქვს და საგამოძიებო ორგანოებს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს (უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ეს მუხლი 2011 წლის ივლისს, 2011 წლის 26 მაისს პროტესტანტების მასობრივი დარბევისა და რეპრესიების შემდეგ დაემატა). ეს მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს პოლიციელსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის, ისე რომ არ განსაზღვრავს თავდასხმის დეფინიციას, მის ინტენსივობასა და მეთოდებს, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობით მოტივირებული ნებისმიერი სახის ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობისა და წინააღმდეგობის ამ დანაშაულის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას იძლევა. სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით. ეს კი პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, სასამართლო სილის გაწნას იმ სახის აგრესიულ და წინასწარგანზრახულ, დაგეგმილ და მოტივირებულ ქმედებად ვერ ჩათვლიდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის – პოლიციელზე თავდასხმის – უკან მოიაზრება.[2] ჩადენილი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის გონივრულობაზე მსჯელობის ვალდებულება მოსამართლეს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით ეკისრებოდა, რომელიც დაკავების წინაპირობად დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობას ითვალისწინებს. ევროპული სასამართლო, მათ შორის, ჟურნალისტების სასარგებლოდ გადაწყვეტილ საქმეებზე აკონკრეტებს, რომ დაკავების თვითნებურობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს გონივრული საფუძველი ჩადენილი ქმედების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაციისთვის. ამასთან, როგორც ევროპული სასამართლო უთითებს, დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი პირის საქმიანობისთვის დაკავებით გამოწვეული მსუსხავი ეფექტი, რაც გონივრული ეჭვის ჩვეულებრივზე მაღალი სტანდარტით შეფასებას საჭიროებს. ჟურნალისტების დაკავების განხილვისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ ‘მსუსხავ ეფექტზე’, რომელიც შესაძლოა მომჩივნისთვის და ზოგადად მედიაგარემოსთვის შეიქმნას. უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის შემობრუნება ნინო სახელაშვილი უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციას უგულებელყოფს მსჯელობის ყველა ეტაპზე. ის სილის გაწვნის ფაქტს ჯერ არასწორად აიგივებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულთან, შემდგომ კი მზია ამაღლობელის ‘უკიდურესად უარყოფით’ პიროვნებაზე, არაჯანსაღ დამოკიდებულებასა და არაპროგნოზირებად ქცევაზე მითითებით ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად მითითებული ერთადერთი დამატებითი გარემოებაც – მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა იმ მომენტისთვის არც იყო დამდგარი. სწორედ უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო პატიმრობის შეფარდებას ზოგად და აბსტრაქტულ არგუმენტებზე დაყრდნობით, საწინააღმდეგო პოზიციის გაუთვალისწინებლად, დაუშვებლად მიიჩნევს და შესაბამისად, მტკიცების ტვირთს ბრალდების მხარეს აკისრებს. ანტისამთავრობო პროტესტების დროს დაკავებების კონტექსტში სომხეთის და უკრაინის წინააღმდეგ მიღებულ საქმეებზე, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ დანაშაულის და სასჯელის სიმძიმეზე მითითების საფუძველზე პატიმრობის გამოყენება თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვად შეაფასა. მეტიც, ევროპული სასამართლოს თანახმად, მიმალვის, მტკიცებულებების დაზიანების და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების შესახებ რელევანტური მტკიცებულებების არსებობაც ვერ გაამართლებს თავისუფლების აღკვეთას ავტომატურად, მაგალითად, თუ ისინი ამ რისკების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდაზე მიუთითებენ. ამასთან, ევროპული სასამართლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასებისას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი. მეტიც, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, წინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ავტომატურად არ მიანიშნებს დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკზე და ამ ფაქტორის რელევანტურობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კრიტიკულად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ ამავე სტანდარტს იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოც 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამ სტანდარტების საპირისპიროდ, პატიმრობის შეფარდებისას ნინო სახელაშვილი შემოიფარგლა “სილის გაწვნის” ეპიზოდის და გარემოებების აღწერით, რაც მან მზია ამაღლობელის პიროვნებაზე და მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე დასკვნის გამოტანისთვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია. მიმალვის რისკები ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ნინო სახელაშვილის მტკიცება, რომ გათავისუფლებიდან მალევე პოლიციელისთვის საჯაროდ სილის გაწვნა მიმალვის რისკებზე უთითებს. პირიქით, მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასეთი ქმედების განხორციელება, როგორც მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ ის შესაძლო პასუხისმგებლობას, უფრო ზუსტად, კი, სახელმწიფო აპარატის ანგარიშსწორებას, არ გაურბის. ამ არგუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსამართლის მოლოდინიც, რომ ბრალდებული მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო შეკრებებში და ანალოგიურად მოიქცევა პოლიციელებთან კომუნიკაციისას, რითაც ის ამჯერად დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკების დასაბუთებას ცდილობს. ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკს, ამას მოსამართლე ნინო სახელაშვილი ასაბუთებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ სილის გაწვნამდე მის მიმართ უკვე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რასაც მზია ამაღლობელზე შემაკავებელი ეფექტი არ ჰქონია. თუმცა, მზია ამაღლობელი იმ მომენტისთვის სამართალდამრღვევად არც იყო ცნობილი, შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარეც ამ ფაქტის მის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია. ამასთან, ზემოთ განხილული ევროპული სასამართლოს სტანდარტის საპირისპიროდ, ნინო სახელაშვილს არ გამოუკვლევია ყველა რელევანტური გარემოება. მაგალითად, ის არ დაინტერესებულა ადმინისტრაციული დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის ფაქტით, რომელსაც შესაძლოა მისი ქმედება გამოეწვია. როგორც სასამართლოსთვისაც იყო ცნობილი, მზია ამაღლობელი მანამდე პოლიციამ ტროტუარზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, სხვა აქტივისტებთან ერთად. ადგილზე ქალი აქტივისტების დაკავება აგრესიული და უხეში ფორმებით მოხდა, თუმცა, რამდენიმე საათში ისინი პოლიციამ გაათავისუფლა. ადგილზე მყოფი ქალი აქტივისტები გათავისუფლების შემდეგად პოლიციის სამმართველოსთან რჩებოდნენ და დაკავებული სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც მოულოდნელად პოლიციამ დაიწყო სამმართველოს შენობაში იქვე მდგარი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიზანმიმართული შეთრევა და დაკავება, მათ შორის, იყვნენ ბათუმელების რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავები. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, პოლიციის ეს უკანონო და თვითნებური მოპყრობა მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელის რეაქცია მყისიერად სწორედ ამ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელების“ რედაქტორს, ეთერ თურაძეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მზია ამაღლობელის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის 11 იანვარს სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მზია ამაღლობელი ყვება, რომ ირაკლი დგებუაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში შეაფურთხა და გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება არ მისცა. არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტი კეთილსინდისიერი მოსამართლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობდა იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება უშუალოდ დაკავებიდან გათავისუფლებას – სამართალდამცველების დაქვემდებარებაში ყოფნასა და შემდგომში პოლიციელის მხრიდან მასთან ღირსებისშემალხავ კომუნიკაციას მყისიერად მოჰყვა. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ მსგავს ქმედებას არასდროს ჰქონია ადგილი, იმის მიუხედავად, რომ მას პოლიციელების გარემოცვაში და სტრესულ პირობებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკების დასაბუთება იმ ფაქტზე მითითებით, რომ მზია ამაღლობელი პირადად იცნობს მოწმეებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის საფუძველი – სილის გაწნა – ვიდეო-კადრებშია დაფიქსირებული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გადაწყვეტილებით დარღვეული სტანდარტების ‘ფორმალური’ ციტირება ბოლოს, სამართლით ‘მანიპულაცია’ ყველაზე მკვეთრი ნინო სახელაშვილის მიერ ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვაში ჩანს. კერძოდ, მოსამართლე სამართლებრივი დასაბუთების მინიმალური სტანდარტის დაუცველად უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ევროპული სასამართლოს სწორედ იმ პრინციპებზე, რომლებსაც რამდენიმე აბზაცის დაშორებით თავადვე უგულებელყოფს. მეტიც, რიგ შემთხვევებში მოსამართლე ევროპული სასამართლოს სტანდარტს არასწორად წარმოაჩენს. მაგალითად, მოსამართლე ნინო სახელაშვილის თანახმად, ევროპული სასამართლო არ უშვებს პირის ხანგრძლივ პატიმრობას მხოლოდ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეზე მითითებით. თუმცა, სინამდვილეში, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, არც ხანმოკლე პატიმრობა დაიშვება მხოლოდ შესაძლო დანაშაულის ბუნებაზე და ჩადენის გარემოებებზე აპელირებით. მოსამართლე უთითებს მიმალვის რისკების შესახებ ევროპული სასამართლოს ანალოგიურ სტანდარტზეც, რომლის თანახმად, ის ვერ დასაბუთდება მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრეზე მითითებით, თუმცა თავად სწორედ ასე ასაბუთებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. ნინო სახელაშვილი ფორმალურ მითითებას აკეთებს მტკიცების ტვირთის, უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის სტანდარტებზეც, რომლებსაც ასევე არღვევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებისას. მოსამართლე საუბრობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტზეც, რომელიც სხვა ნაკლებად მზღუდავი აღკვეთის ღონისძიებების არასაკმარისობის დასაბუთებას ეხება, იმის მიუხედავად, რომ თავად საერთოდ არ ახსენებს კონკრეტულ ალტერნატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, არ ეხმიანება დაცვის მხარის მიერ 100 000 ლარის ფარგლებში შემოთავაზებულ გირაოს, არათუ ასაბუთებს მის მიზანშეუწონლობას. შეჯამება მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის. მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზს შეიცავს: სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება – სილის გაწვნა – არ აკმაყოფილებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს. შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე არ არსებობს ამ დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვის სტანდარტი. განჩინების დასაბუთებულობისა და რისკების შეფასების არათანმიმდევრულობა განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან დაკავშირებით ლოგიკურად წინააღმდეგობრივია – მოსამართლე ერთდროულად მსჯელობს როგორც მიმალვის, ისე საპროტესტო აქციებზე დასწრებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებზე. საპროცესო გარანტიების დარღვევა მოსამართლემ არ გაითვალისწინა უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, მხოლოდ ბრალდების არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა. დაცვის მხარის არგუმენტების იგნორირება განჩინებაში არ არის სათანადოდ შეფასებული ბრალდებულის პროფესიული რეპუტაცია, მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და შემოთავაზებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება – გირაო. მედიის თავისუფლებაზე გავლენა მოსამართლემ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების პოტენციური გავლენა მედიის თავისუფლებაზე და ის “მსუსხავი ეფექტი”, რაც ჟურნალისტის დაპატიმრებამ შეიძლება გამოიწვიოს. სასამართლო სისტემის ასეთი სახით გამოყენება მიზნად ისახავს რეპრესიული აპარატის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ეს პროცესი ხორციელდება არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მიზანმიმართული მანიპულაციის გზით, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება დემოკრატიული პროცესების შეზღუდვასა და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას. ამდენად აშკარაა, რომ განჩინება არ აკმაყოფილებს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების სტანდარტებს და საჭიროებს გადახედვასა და ცვლილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აქვე უნდა ითქვას, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის შემთხვევა, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და სასამართლო ინსტიტუტების დაკნინების მაგალითია, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, პოლიტიკური დისკურსის რეპრესიულ შეზღუდვასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფას ასახავს. ეს შემთხვევა არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, არამედ მასზე პოლიტიკური ანალიზი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იყენებს ძალაუფლების მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისთვის. აღნიშნული ვითარება აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ამასთან, მზია ამაღლობელის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნის „მსუსხავი ეფექტის“ პრეცედენტს, რაც პირდაპირ ემუქრება მედიის დამოუკიდებლობას და აფერხებს მედიის უსაფრთხო ფუნქციონირებას ქვეყანაში. ნეტგაზეთი
  14. ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს უჩივის. მისი ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადების თანახმად, სამართლებრივი დავის საგანია ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ადვოკატი მიუთითებს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს – „მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”. განცხადების თანახმად: ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი წერს, რომ „Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები”. განცხადების მიხედვით, ბოლო „Julius Baer-თან ურთიერთობა ბოლო 1 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა”. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ“, – აღნიშნავს ადვოკატი. ლაშა კალანდაძე ასევე წერს, რომ ამ შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც: ადვოკატის წერილისვე თანახმად, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer „დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის”. კალანდაძის თქმით, ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. წერილის მიხედვით, საბოლოოდ, ივანიშვილს ანგარიში არ დაუხურეს. პუბლიკა
  15. ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროპარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ბრიუსელიდან იუწყება, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში. დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული. გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი. შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შემადგენლობით, საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით 14-16 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება. იპნ
  16. პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს. მოსამართლის კითხვაზე: ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, ორივე ბრალდებულმა განაცხადა - „დიახ“. საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი დაცვის მხარემ გასულ სხდომაზე გამოთქვა, შესაბამისად, პროკურატურისთვის მიმართვის შემდეგ, უწყება აღნიშნულს დათანხმდა. ცნობისთვის, 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. წარდგენილი ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. იპნ
  17. როგორ მოხდა, რომ მოლდოვამ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის ფარგლებში 2 მილიარდამდე ევროს მოცულობის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ როდესაც ე.წ ხელისუფლების ნაბიჯების გამო საქართველომ ვერაფერი მიიღო? - ეს პრობლემები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს, [„ქართული ოცნების“] მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისითა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითაა გამოწვეული, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „ამ მიზეზებს, მათ შორის, უწყვეტი პროტესტით უნდა ვებრძოლოთ“. „მთელი საზოგადოება აკვირდება, როგორ თავგამეტებით ცდილობს ივანიშვილი და რეჟიმი, გადაარჩინოს საკუთარი ქონება და აქტივები. ასევე, ამისთვის როგორ სრულად იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამასთან, ის 25 ოჯახი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ჯერ კიდევ წარმოადგენენ რეჟიმის მთავარ სპონსორებს, როგორ აგრძელებენ კორუფციას და როგორ ხშირად ცდილობენ ამ კორუფციით ნაშოვნი მილიონები საერთაშორისო სანქციებისაგან გადაარჩინონ. ამ 25 ოჯახის ინტერესების გარდა, ქვეყანაში 190 ათასამდე გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ოფიციალურად, სახელმწიფოსგან უკიდურესად ღატაკის სტატუსი აქვთ და რომლებსაც ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება უჭირთ. მეორე თემა ეს არის ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია და მისი ნიშნები, რომლებიც ასევე, რიგითი მოქალაქეების მხრებზე გადაივლის და მათ პრობლემებსაც შეეხება. ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც ქვეყნის წარმომადგენლები არ არიან მიწვეულნი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომლითაც თითოეული ფისკალური ახალი წელიწადი იწყებოდა. აქედან სხვადასხვა ინვესტიციის მოზიდვის რეალური შესაძლებლობები უჩნდებოდა ქვეყანას. ვამბობდით, რომ ეკონომიკური იზოლაცია შემდეგი ფაზა იქნებოდა პოლიტიკური იზოლაციის შემდეგ. როგორ მოხდა, რომ მოლდოვამ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის ფარგლებში, 2 მილიარდამდე ევროს მოცულობის მხარდაჭერა მიიღო თავისი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მაშინ როდესაც საქართველოს ე.წ ხელისუფლების ნაბიჯების გამო, საქართველომ მოლდოვასთან შედარებით, ვერაფერი მიიღო?! პირიქით, პოლიტიკურ ჩიხში ქვეყნის შეყვანის და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ, მხარდაჭერა შეჩერდა. მესამე საკითხი ეს არის საჯარო სამსახურებიდან ასობით გათავისუფლებული, რეპრესირებული მოხელე, მათი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისა და პოლიტიკური ნიშნით თანამდებობის დატოვების გამო, რომლებსაც ფაქტობრივად, შემოსავლის ერთადერთი წყარო წაერთვათ. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ე.წ. რეჟიმის და ხელისუფლების ხელში ეს პრობლემები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს, მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისითა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითაა გამოწვეული. ჩვენ ამ მიზეზებს, მათ შორის, უწყვეტი პროტესტით უნდა ვებრძოლოთ“,- განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
  18. დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას. „დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ძალიან მკაფიო პოლიტიკურ პოზიციებში, მათ შორის „ქართული ოცნების“ არაღიარების მიმართულებით, კონკრეტული სანქციების დაწესებით ყველა იმ პირზე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაზე. ვხედავთ, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ და რეჟიმის საწინააღმდეგოდ უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ამ მოცემულობაში, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება. ვნახეთ, რომ თავად „ქართულ ოცნებასაც“ აღარ სჯერა ამის. მათი წარმომადგენლები განცხადებებში თავიდან ამბობდნენ, რომ 20 იანვრის მერე ეს ურთიერთობები გადაიტვირთებაო, შემდეგ ნარატივში შემოიტანეს – იმედი გვაქვს, გადაიტვირთებაო. ახლა გაჩნდა განცხადება, რომ ეს გადატვირთვა დამოკიდებულია არა აშშ-ის პრეზიდენტის ცვლილებაზე, არამედ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დასრულებაზე. ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ დროის გაჭიმვას, რათა მეტი ფული და ქონება გადაარჩინოს ივანიშვილმა საერთაშორისო სანქციებს. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში ტყუილით შეიტანონ იმედის განცდა და მოლოდინი, რათა მეტი ფულის გადარჩენა მოახერხონ. ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება ძალიან ახლოს არის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. პრაიმ ტაიმი
  19. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისსავე გვერდზე დაიდო სოციალურ ქსელში. დამატებით ინფორმაცია შეწყალებულთა შესახებ უცნობია. მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიზანი რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ დამატებაა. „რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. მითუმეტეს, ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე ფაქტო პრეზიდენტზე. არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს. ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრიძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება. და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი?“ — წერს ნათია მეზვრიშვილი. ნეტგაზეთი
  20. "ვერიდები საჯაროობას, მითუმეტეს პოლიტიკურ თემებზე. საუბრით, მეგობრებთან ვსაუბრობ, პოლიტიკურ არჩევანს კი კაბინაში ვაკეთებ. ეს ამბავი იმ ადამიანზეა, ვინც საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა თავის დროზე. პრეისტორიით დავიწყებ, მიშას რეჟიმის დროს ჩემმა მშობლებმა კომპანიის წილები არ დათმეს და ზეწოლის შემდეგ მოგვიწია ქვეყნის დატოვება, სავაჭროდ რეჟიმმა მეც მიმაბა საქმეს და საერთო ჯამში 32 წელი მოგვისაჯეს. 2011 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მობილიზება გავუკეთეთ ემიგრანტებს, ვიბრძოლეთ უსამართლო რეჟიმთან და შეიცვალა ხელისუფლება. შემდეგ დავბრუნდით საქართველოში უკვე მამას გარეშე (გადაყვა ამ ამბავს). დავბრუნდი არ გამაჩნდა არც სახლი, არც ბიზნესი, რა თქმა უნდა დავიწყე ნულიდან. მეგობრების დახმარებით დავიწყე ახალი საქმე, ერთ დღეს ჩემ ბიზნეს პარტნიორს და მეგობარს კლავენ (გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმე). იმ ღამესვე მივედი სამინისტროში და მოწმის სტატუსით დაიწყო ჩემი გამოკითხვა. საქმე რეზონანსული იყო და ყველას უნდოდა ნაღების მოხსნა, დაიწყო ზეწოლა, რომ მეღიარებინა და გააკეთებდნენ ისე, რომ პრივილეგირებული პატიმარი ვიქნებოდი და ა.შ (ჯერ ალიბი არ არის გადამოწმებული), მივხვდი არ ჰქონდა მათთან საუბარს აზრი და მოვითხოვე მინისტრთან შეხვედრა (ვიფიქრე ეს საქმე პირად კონტროლზე ექნებოდა აყვანილი და მივიდოდა ადრესატამდე მოთხოვნა), მალევე შემოვიდა გახარია, რაც მასზე ვიცოდი იყო ის, რომ მისი ჰაბიტუსი მაგონებდა ჩემ უსაყვარლეს დობერმანს და იყო მკაცრი, ამ დროს მხვდება უბრალო და გულისხმიერი ადამიანი, მეც რა დამრჩენოდა, ამოვულაგე ყველაფერი. ზემოდან ვთხოვე, რომ ალიბი გადაემოწმებინათ დროულად და ზეწოლა შეეწყვიტა მაშინდელ შსს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორს სიმართლის დადგენამდე, მალევე მოყვა საფირმო ფრაზა გავიგე, გავიგე. ალიბის გადამოწმების შემდეგ გამომიშვეს. იმ დეპარტამენტის უფროსმა კი მალევე დატოვა თანამდებობა, ჩემთვის ცხადი იყო მიზეზი. კიდევ არაერთ საკითხს მოიცავდა ჩვენი კომუნიკაცია, რაც საჯაროობას არ საჭიროეებს, ამიტომ აქ დავამთავრებ ამ ამბავს. მაშინ მე, შესაძლოა გავმხდარიყავი უსამართლობის მსხვერპლი და ეს კაცი იდგა იქ, სადაც კეთილსინდისიერი სახელმწიფო პირი უნდა მდგარიყო. ასე შენდება ქვეყანა და მადლობა ამისთვის. დღეს უკვე ეს ადამიანია უსამართლობის მსხვერპლი. რაც შერატონში მოხდა არ ჯდება არც კაცის და არც ქართველის ღირსებაში, სიმხდალეში კიბატონო. ორ ადამიანს შორის, რომ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება ხმის ამომღები არ ვიყავი, ცხადია ეს ასე არ იყო. გახარიასთან დაკავშირებით შესაძლოა არაერთი კითხვა არსებობს, მაგრამ ჩემს წინ მაშინ იდგა ადამიანი, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა დღეს გიორგის!", - ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში დავით ბლუაშვილი ავრცელებს.
  21. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 18 იანვარს, თემქის პოლიციის შენობასთან დემონსტრანტები არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გაათავისუფლონ ისინი, ასევე, საზოგადოებას მიწოდონ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაკავების წინაპირობებზეც. მართალია, მათ პოლიციამ მოუწოდა, არ დაეფარათ სახე, რასაც ისინი მიზანმიმართულად არ დაემორჩილნენ, თუმცა, როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში განმარტავენ, რეპრესიულ კანონზე შეწინააღმდეგება აქციის არსებითი მიზანი იყო, შესაბამისად – შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ნაწილი. ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ დემონსტრანტებმა პოლიციელებს მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცეს და სახე მხოლოდ ამის შემდეგ, სიმბოლურად დაიფარეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს თავად იმ კანონზეც, რომლის საფუძველზეც დააკავეს მოქალაქეები. კანონი, რომელიც აქციის დროს სახის დაფარვასა და პიროტექნიკის, ასევე ლაზერებისა თუ მკვეთრი გამოსხივების მქონე ნივთების გამოყენებას კრძალავს, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა, მიხეილ ყაველაშვილმა კი ხელი ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა. თემქის პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს 6 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარ ჩუმაშვილი, თეატრალური კომპანია “ჰარაკის” მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, ასევე სონა კალანდაძე, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. netgazeti
  22. „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი აღნიშნავს, რომ არსებითი საფუძველი არსებობს, ამერიკისა და ევროპის მთავრობებმა არ აღიარონ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომ საქართველო უჩოქებს მოსკოვს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ურთიერთობები არასწორი გზით მიდის. ამის შესახებ დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევითა და სტუმრებში „ქართული ოცნების“ ვერმოხვედრის თემით დაიწყო. ჯონ ჰერბსტი თვლის, რომ სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ კიდევაც დაგვიანდა და რომ არა ფუჭი იმედები, თითქოს, პირადი და დიპლომატიური საუბრების შემდეგ, ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკები სწორ გზას დაადგებოდნენ, მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ ინტერვიუს. — ვაშინგტონი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. ქალაქი მსოფლიოს ბევრ ლიდერს უმასპინძლებს, მათ შორის იქნება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამავდროულად, არავინაა მოწვეული მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან”. რა პოლიტიკური გზავნილია ეს? — ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია. — სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე მიწვევა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გაუგზავნა. ის ხშირად საუბრობს საქართველოს მთავრობის არაღიარების მნიშვნელობაზე, როგორც ამერიკაში, ისე საერთაშორისო დონეზე. მან შესაბამისი აქტიც წარადგინა კონგრესში. თვლით თუ არა, რომ არაღიარებისთვის საკმარისი მიზეზები არსებობს და რომ ამერიკისა და ევროპის მთავრობები ამას დათანხმდებიან? — ვფიქრობ, ამის არსებითი საფუძველი არსებობს. კონგრესმენ უილსონს დიდ პატივს ვცემ. ასევე უნდა ვთქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპის ბევრ მთავრობას ნელი რეაგირება ჰქონდა გასულ შემოდგომაზე, საქართველოს არჩევნებში სერიოზულ დარღვევებზე და არ გამოუთქვამს საბოლოო პოზიცია ამ არჩევნების შედეგებზე. მაგრამ, ისინი სერიოზულად აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებს, რაც დაახლოებით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ხდება და რაც იმ ქართველების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ამ არჩევნების თავისებურებებსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს — უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. — თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ამოქმედდება, როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ? — ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდისმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც. — თქვენ თქვით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პასუხი ნელი და სუსტი იყო. კიდევ რისი გაკეთება შეეძლოთ, რომ ეს არ გეთქვათ? — საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [არჩევნების შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში. — როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? სიტუაციის გაუმჯობესებას, ან “ქართული ოცნების” უკან დახევას იმედოვნებდნენ? — მე და სხვებს, ვინც კავკასიის რეგიონზე ვმუშაობთ, ადმინისტრაციასთან ამაზე საუბარი გვქონდა და ნათელია, რომ მათ უადგილო იმედები ჰქონდათ, რომ პირად საუბრებს შეძლო თბილისში ოფიციალური პირებისთვის სწორი ნაბიჯებისკენ ებიძგებინა. მაგრამ ეს მცდელობები აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამისი პოლიტიკა არ არსებობდა, რადგან რომ ყოფილიყო დროული მკაცრი სასანქციო პოლიტიკა, ეჭვი მაქვს, რომ სიტუაცია არ გაუარესდებოდა იმ დონემდე, როგორც ახლაა. — თუმცა, ნაბიჯი, რომელიც მათ გადაგდგეს ივანიშვილის სანქცირება იყო. ფიქრობთ, რომ ეს რამეს შეცვლის? — ვფიქრობ, ეს ცვლილებების ნაწილი იქნება. თუმცა, ივანიშვილი ვერ იმუშავებს თავისი მთავარი “ლეიტენანტების” გარეშე. ასე რომ, რეპრესიების მთავარი აღმასრულებლის, კობახიძისთვის სანქციების არდაწესება [ამერიკის საქართველოსადმი არსებული] პოლიტიკის პრობლემაა. და მხოლოდ კობახიძეზე არაა საუბარი, არსებობენ სხვა ადამიანები მინისტრების, მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩარეული და ისინიც უნდა დასანქცირდნენ. — ბაიდენის ადმინისტრაცია 20 იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაუფლებაშია. ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი, რაც მათ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგეს, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერა იყო — ის, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოსთან გაუქმდა. რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, თვლით თუ არა, რომ ამერიკა რეგიონში საქართველოს სომხეთით ანაცვლებს და რა მდგომარეობაში აყენებს ეს საქართველოს? — არ ვიტყოდი, რომ [ამერიკა] საქართველოს სომხეთით ანაცვლებს. უბრალოდ, ისე მოხდა, სომხეთის პოლიტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა 2020 წელს, აზერბაიჯანისგან გამოვლენილი აგრესიის შემდეგ. 30 წელზე მეტია ვაკვირდები სამხრეთ კავკასიას. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სომხეთი იყო ის, ვინც უკომპრომისოდ იქცეოდა მთიანი ყარაბაღის კრიზისთან დაკავშირებით. თუმცა აზრი დაახლოებით 6 წლის წინ შემეცვალა. მას შემდეგ უპირატესობა და უკომპრომისო პოზიცია უკვე ბაქოს ახასიათებს და არა ერევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვფიქრობ, სომხეთის მთავრობამ ასევე გააცნობიერა, რომ კრემლზე მისი დამოკიდებულება რეალურად ძალიან, ძალიან, თვითდამამარცხებელი პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ 2020 წლის ომთან დაკავშირებული კრიზისისას, მოსკოვმა ერთგვარად აზერბაიჯანზე გააკეთა გათვლა. — რადგან რეგიონზე ვსაუბრობთ, ასეთი რამ მინდა გკითხოთ: ხშირად, საქართველოზე საუბრისას, პარალელს ბელარუსთან ავლებენ. თქვენც “ამერიკის ხმასთან” ხშირად გითქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ლუკაშენკოს რეჟიმს ემსგავსება. მართალია, დასავლეთს ბელარუსის არჩევნების შედეგები არ უღიარებია და ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანუსკაიას უჭერდა მხარს, მაგრამ რეალობა მაინც ისაა, რომ ლუკაშენკო ხელისუფლებაშია, ციხანუსკაიას კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა ბელარუსში, რისი გამეორებაც საქართველოში არ უნდა მოხდეს, ან თუ გნებავთ, რა გაკვეთილი მიიღო დასავლეთმა, რაც საქართველოს შემთხვევაში გამოდგება? — საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გავავლებდი. არსებითად, ბელარუსი მოსკოვის გავლენის ქვეშ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანაა. საქართველომ კი საოცრად დაიხსნა თავი მოსკოვისაგან, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. რუსეთმა, 90-იანების დასაწყისშივე, იქამდეც კი, ვიდრე შევარდნაძე პრეზიდენტი გახდებოდა, თბილისის საწინააღმდეგო პოზიციების სუბსიდირება დაიწყო აფხაზეთში, ცხინვალსა და აჭარაში. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ორი ნათლად კრემლისგან ორკესტრირებული მკვლელობის მცდელობა ვნახეთ [შევარდნაძის წინააღმდეგ]. ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, რომ სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში. ნეტგაზეთი
  23. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბაბილოსთან“ აქციაზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ გუჯა ავსაჯანიშვილთან დაკავშირებას ცდილობს. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელმაც იზოლატორში დარეკა ინფორმაციის მისაღებად, გვეუბნება, რომ შაკო მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმმა მიიღო, რადგან მას მუცელი სტკიოდა. ტყეშელაძე განგვიმარტავს, რომ იზოლატორის ექიმებს პატიმრების კვლევის დამატებითი საშუალებები არ აქვთ, რის გამოც პროტოკოლურად იღებენ მათი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას. ტყეშელაძის ინფორმაციით, შაკო მაღრაძე არ შიმშილობდა და არც რამე სახის დაზიანებაზეა საუბარი. შაკო მაღრაძე მოსამართლეების ქეიფის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. 12 იანვარს მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. შაკო მაღრაძის გარდა ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ სხვა დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს – 15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი. ნუცა მახარაძე 3000 ლარით დაჯარიმდა. პუბლიკა
  24. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია მან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა. იმის პარალელურად, რომ ბოლო რამდნიმე კვირაში სახელწიფო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, ბევრი მათგანი, ძირითადად მაღალი თანამდებობის პირები, პოსტებს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებით და “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკით ხსნიან. მაგალთად, ერთ-ერთი ბოლო, ვინც თანამდებობაზე უარი თქვა დიპლომატიური პასპორტის მქონე დავით ჩხეიძეა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამსახურის დატოვების მიზეზად კი ასახელებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, 2-დღეში განიხილა, მიხეილ კაველაშვილმა კი სხვა 27 კანონთან ერთად ხელი ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა. დავით ჩხეიძე, რომელიც 20 წელზე მეტია საჯარო სამსახურში მუშაობს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს, როგორ “რეპრესიულ ზომას”. მისთვის მიუღებელია ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც საჯარო მოხელეს მთლიანად უქვემდებარებს ზემდგომს. ჩხეიძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები შლის ზღვარს საჯარო სამსახურსა და პარტიულ დაქვემდებარებას შორის. ნეტგაზეთი
  25. რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე, რომელთაც მეგობრები და ადვოკატი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, დიღმის იზოლატორში აღმოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები. ისინი სავარაუდოდ, ნიღბების ტარების გამო დააკავეს. როგორც ადვოკატებმა დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადეს, ისინი შეცდომით არიან დაკავებულები, რამდენადაც კრიმინალური პოლიცია მათ ნაცვლად ეძებდა ადამიანებს, ვისზეც ფლობდა ინფორმაციას, რომ ჰქონდათ პიროტექნიკა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შეეშალათ და აედევნენ სხვა ადამიანებს, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია მაინც დააკავეს. კვარაცხელია და ტყემალაძე საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და გაიტაცეს. მომხდარის შემსწრე მეგობრები ჰყვებოდნენ, რომ ეს გააკეთეს პირებმა, რომელთაც არც პოლიციის ფორმა სცმიათ და არც თავი წარუდგენიათ, არამედ მოულოდნელად დაესხნენ თავს, არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, უბრალოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ახალგაზრდები მანქანაში და წაიყვანეს. მარიამ ძიძარია ჰყვება, რომ როცა მან და მათმა კიდევ ერთმა მეგობარმა გადაღება დაიწყეს, უცნობმა პირებმა ერთმანეთს მოუწოდეს, “დროზე მოეგვარებინათ ყველაფერი”, შემდეგ კი გოგონებს დაემუქრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდების დაკავება დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. უწყების ცნობით, კვარაცხელია და ტყემალაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით დააკავეს. ახალგაზრდების ამ ფორმით დაკავებას X-ზე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც და ამას ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ფორმა და ტერორი უწოდა. „ტერორი საქართველოში. დემონსტრანტების გატაცება დაუდგენელი პირების მიერ, მანქანებით, რომელთაც უცხოური სანომრე ნიშნები აქვთ, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების კიდევ ახალი ვერსიაა. ვაშინგტონში იმისთვის ვიმყოფები, რომ გავაჟღერო ხმა ხალხისა, რომელიც თვლის, რომ მათ მოჰპარეს უფლებები და მომავალი!“, — წერს სალომე ზურაბიშვილი. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...