Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ბორის პაიჭაძე (1915-1990) http://s56.radikal.ru/i151/0812/c3/ce6fe269f083.jpg უდიდესი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, თბილისის "დინამოს" სტადიონის დირექტორი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე. ფეხბურთით ბორის პაიჭაძე ბავშვობიდან დაინტერესდა. კარიერის დასაწყისში ის ქალაქ ფოთის ნაკრებში თამაშობდა და თავიდანვე გაითქვა სახელი, როგორც უბადლო თავდამსხმელმა. პარალელურად სწავლობდა საზღვაო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯერ სატვირთო გემზე "ტენდრა", საიდანაც კარგი სამსახურისთვის გადაიყვანეს ტანკერზე "მეტალისტი". ტანკერი ინგლისში მიემართებოდა, მაგრამ პაიჭაძე შემთხვევითობის გამო ინგლისში ვერ წავიდა. 1935 წელს ფოთის ნაკრებმა უკრაინაში იმოგზაურა. ახალგაზრდა ფეხბურთელთა წარმატებების ამბავი შეიტყო ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის რექტორმა, რომელიც ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო და გუნდი სრული შემადგენლობით თავის ინსტიტუტში ჩარიცხა. 1939-51 წლებში ბორის პაიჭაძე უკვე თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის შეხვედრებისას ჩაატარა 190 მატჩი, გაიტანა 106 გოლი, იყო საჭოთა კავშირის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის ჯერ თბილისის "დინამოს" ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო 1963 წლიდან - თბილისის "დინამოს" (დღეს უკვე ბორის პაიჭაძის სახელობის) სტადიონის დირექტორი.
  2. ბადრი პატარკაციშვილი (1955-2008) http://s48.radikal.ru/i119/0812/57/14113f86a2df.jpg ბადრი პატარკაციშვილი - ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი. დაიბადა 1955 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ქართველი ებრაელების ოჯახში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. შემდგომში იყო თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ "საბჭოთა საქართველოს" თანამშრომელი, მოგვიანებით - ამავე კომბინატის დირექტორის მოადგილე. 1990 წლიდან პატარკაციშვილი იყო "ლოგოვაზის" კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი, 1994-2001 წლებში ბადრი პატარკაციშვილი ცხოვრობდა ქალაქ მოსკოვში, სადაც რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОРТ) გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 1996-2001 წლებში ასევე იყო გაერთიანებული ბანკის (რუსეთი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წელს გახდა ტელეკომპანია ТВ6-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. რუსეთში ცხოვრების პერიოდში მისი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება ცნობილი მაგნატის - ბორის ბერეზოვსკის სახელს. 2001 წელს რუსეთის ფედერაციამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევის მცდელობის ორგანიზებაში და, ასევე, "ავტოვაზის" საქმესთან დაკავშირებულ მაქინაციებში. ამავე წლიდან პატარკაციშვილმა დატოვა მოსკოვი და მოღვაწეობა საქართველოში განაგრძო. მან დააფუძნა ჰოლდინგი სს. "ი-მედია" და ხელმძღვანელობდა მის ინვესტორთა ჯგუფს. მანვე დააარსა საქართველოს ოლიმპიური ფონდი, ხოლო 2002-2007 წლებში იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2003 წელს გაიხსნა ტელეკომპანია "იმედი", რომელმაც მალევე მოიპოვა მაყურებელთა სიმპათია. პატარკაციშვილი ეწეოდა ქველმოქმედებას, იყო დამფუძნებელი "ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდისა", მის სახელს უკავშირდება "ბავშვთა ლეიკემიის ცენტრის" ჩამოყალიბება. 2007 წლის შემოდგომაზე ბადრი პატარკაციშვილი აქტიურად ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ დროისთვის ის უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ლონდონში იმყოფებოდა. 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ პატარკაციშვილს ბრალად ედება საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მაინც მიიღო მონაწილეობა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ხმათა 7.1%-ით მესამე ადგილზე გავიდა. 2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილი ინგლისში მოკვდა.
  3. კირილე პაჭკორია (1888-1957) http://s50.radikal.ru/i128/0812/84/9672e5992f80.jpg ქართველი მომღერალი, ლოტბარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. კირილე პაჭკორიამ დაწყებითი განათლება ფოთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. ფოთშივე გაიცნო ქართული სიმღერის დიდი მოამაგე ავქსენტი მეგრელიძე, რომლის გუნდშიც ოთხი წელი მღეროდა. მან შეისწავლა მრავალი სიმღერისა თუ საგალობლის სხვადასხვა ხმა. 1908 წელს პაჭკორიების ოჯახი საცხოვრებლად გუდაუთაში გადავიდა. სწორედ აქ წარსდგა კირილე პაჭკორია მსმენელის წინაშე, როგორც დამოუკიდებელი ლოტბარი. გარდა ამისა, კირილე გუდაუთიდან სოხუმში ჩადიოდა და ძუკუ ლოლუას გუნდში მღეროდა. ძუკუს ძალიან მოსწონდა კირილეს ხმა და შესრულების წმინდა ხალხური მანერა. 1918 წელს კირილე პაჭკორიამ ოჩამჩირეში გუნდი დააარსა. 1921 წლის 9 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა ძუკუ ლოლუა. მის გუნდს კიწი გეგეჭკორი ჩაუდგა სათავეში, მოადგილედ და ადმინისტრატორად კი კირილე პაჭკორია დაინიშნა. 1925 წლიდან ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდს უკვე კირილე პაჭკორია ხელმძღვანელობდა. მას ხალხური სიმღერების საუკეთესო ცოდნასთან ერთად ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარიც აღმოაჩნდა. მალე გუნდი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მობილურ და ორგანიზებულ მხატვრულ კოლექტივად იქცა. აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ამ გუნდმა გაიტანა ქართული ხალხური სიმღერა საქართველოს გარეთ. 1937 წელს მოსკოვში პირველად ჩატარდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა, სადაც დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულმა გუნდმა ფურორი მოახდინა. 1939 წლის ბოლოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. კირილე პაჭკორია დაკრძალულია თბილისში.
  4. ვასილ პეტრიაშვილი (1842-1908) http://s44.radikal.ru/i106/0812/33/2d010c06958e.jpg გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსი. დაიბადა სოფელ წალასყურში (გარდაბნის რაიონი). 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა), იურიდიულ ფაკულტეტზე. იმავე წელს ქიმიით დაინტერესდა და გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იქვე, ტექნიკური ქიმიის ფაკულტეტზე. 1874 წლიდან - დოცენტი, 1879 წლიდან - პროფესორი. 1905-07 წლებში იყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1907 წლიდან კი - ამავე უნივერსიტეტის დეკანი. პეტრიაშვილი მუშაობდა ორგანული ქიმიის დარგში. შეისწავლა მრავალი აზონაერთი და დაადგინა მათი აგებულება. მის შრომათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქსი და დიოქსიმალონმჟავათა აღნაგობის დადგენა. ვასილმა დაამტკიცა, რომ ნახშირბადის ერთ ატომთან შეიძლება არსებობდეს ჰიდროქსილის ორი ჯგუფი, ეს ეწინააღმდეგებოდა არსებულ შეხედულებებს და პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ორგანული ქიმიისათვის. ვასილ პეტრიაშვილი დიდად იყო დაინტერესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტექნოლოგიითა და აგროქიმიის საკითხებით. მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი "ძმრის წარმოება", მრავალი სამეცნიერო სტატია მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე. ვასილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან - გაზეთ "დროებაში" აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას. როგორც მისი წერილებიდან ჩანს, იგი თავისი შეხედულებებით ახლოს იდგა თერგდალეულებთან. მას ასევე აქვს ბელეტრისტული ნაშრომებიც. ვასილ პეტრიაშვილს ურთიერთობა ჰქონდა მრავალ გამოჩენილ ქართველ მოღვაწესთან: ა. წერეთელთან, ი. გოგებაშვილთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან და სხვა. გარდაიცვალა 1908 წელს. დაკრძალულია ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი-ვარში.
  5. იოანე პეტრიწი (XI-XII) http://s48.radikal.ru/i122/0812/08/d584d482b08b.jpg XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი. გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებენ. ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მე-18 საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ მიქაელ პსელოსი და იოანე იტალოსი. იოანე ჯერ პეტრიწონის მონასტერში დასახლდა, შემდეგ - შავ მთაზე, ეფრემ მცირესთან, ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. მისი ორიგინალური ნაშრომია "განმარტება პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად". თარგმნა არისტოტელეს "ტოპიკა" და "განმარტებისათვის". იოანე პეტრიწის შეხედულებებს აშკარად ეტყობა საერო განწყობილება, რაც ყველაზე თანმიმდევრულად რუსთაველის ჰუმანიზმში გამოიხატა. იოანე პეტრიწის მიხედვით, არსი მთლიანობაა, რომლის უმაღლესი საფეხური ღმერთია, ხოლო ყველაზე დაბალი - ხილული სამყარო. მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზეზობრიობაზე. სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე. მან ბერძნულიდან მრავალი წიგნი თარგმნა და გადმოაქართულა. იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურული სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე. მან დიდი გავლენა მოახდინა ძველ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.
  6. კონსტანტინე პიპინაშვილი (1912-1969) http://s47.radikal.ru/i115/0812/f2/f730f3273f21.jpg ქართველი კინორეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1912 წლის 2 ოქტომბერს. 1930-1931 წლებში მუშაობდა მოძრავ საკოლმეურნეო თეატრში ელექტრომექანიკოსად. 1931-1932 წლებში კი - "სახკინმრეწვში" ნახატი და მულტფილმების საამქროს მხატვრად. 1936 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 1939 წელს - ორწლიანი კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი (მისი პედაგოგი იყო სერგეი ეიზენშტეინი). გადაიღო ფილმები: "ქაჯანა" (ნ. ლომოურის ნაწარმოების მიხედვით 1941), "ხიდი" (1942), "ოქროს ბილიკი" (1945), "აკაკის აკვანი" (1947), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1955), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე" (1958), "სად არის შენი ბედნიერება, მზია" (1959), "ზღვის შვილები" (1964) და სხვა. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის ორდენითა" და მედლებით. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1967 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. გარდაიცვალა 1969 წელს ქალაქ თბილისში.
  7. ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე) http://s60.radikal.ru/i170/0812/62/5c9cc4d835d2.jpg XIV საუკუნის ანონიმი მემატიანე, "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე უნდა ყოფილიყო. დაწერილი აქვს საქართველოს ისტორია XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლებამდე. მისი თხზულება ერთ-ერთ საუკეთესოა "ქართლის ცხოვრებაში". წარმოშობით მესხი უნდა ყოფილიყო. თ. ჟორდანიას აზრით, ის ვარძიელი ბერი იყო, რომელმაც გააერთიანა და გადაამუშავა სარგის და ბექა ჯაყელების მიერ დაწერილი მატიანეები. კ. გრიგოლია კი ფიქრობს, რომ ის მაწყვერელი უნდა ყოფილიყო. ჟამთააღმწერელი გვაწვდის მონღოლთა ბატონობის პერიოდის ამსახველ მრავალ ცნობას, გამოირჩევა სიზუსტით, წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით, ეპოქათა ანალიზით. იყენებს ბერძნულ-ბიზანტიურ, სპარსულ, სომხურ წყაროებს. ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად სწორედ მის თხზულებაში ვხვდებით სიგელებისა და სხვა საბუთების გამოყენების შემთხვევებს. "ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს" - აღნიშნავს მემატიანე და მეფე-დიდებულთა კრიტიკასაც არ ერიდება. ქვეყნის დაკნინების მიზეზად ქართველთა სამ მანკიერებას მიიჩნევს: "გემოთ-მოყვარება, ვერცხლის-მოყვარება და დიდების მოყვარება". მემატიანის თხზულება, საისტორიო მნიშვნელობასთან ერთად, დახვეწილი თხრობისა და მხატვრული ხედვის ჩინებული ნიმუშია.
  8. ზურაბ ჟვანია (1963-2005) http://s54.radikal.ru/i145/0812/ee/5478d419a6ce.jpg ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც 1988 წელს შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები". ამ მოძრაობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზურაბ ჟვანია. 1992 წელს ჟვანია გახდა ევროპელ "მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ამავე წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომლის გენერალურ მდივნადაც ზ. ჟვანია იქნა არჩეული. 1995-1999 წლებში ჟვანია უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პარლამენტის მიერ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა სრულებით ახალი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. 1999 წლის 27 აპრილს ზურაბ ჟვანია სიტყვით წარსდგა ევროსაბჭოს წინაშე, სადაც საჯაროდ განაცხადა: "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი". ბევრი თვლის, რომ სწორედ ეს სიტყვები ასახავს ზუსტად საქართველოს ისტორიული ბედის ჟვანიასეულ ხედვას. 2001 წლის ოქტომბერში ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან და დაუპირისპირდა პრეზიდენტ ე. შევარდნაძის მთავრობას. 2002 წელს მან დატოვა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური პარტია "გაერთიანებული დემოკრატები". "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წელს, ახალი პარლამენტის მიერ ჟვანია დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 18 თებერვალს - პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა 2005 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  9. თევდორე ჟორდანია (1854-1916) http://i010.radikal.ru/0812/32/8c46a62f00d0.jpg ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და ფილოლოგი. 1875 წელს დაამთვრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1879 წელს - მოსკოვის სასულიერო აკადემია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედეგოგად, საეკლესიო მუზეუმის გამგედ, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ, სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსების ინსპექტორად და სხვა. 1880 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1889 წლიდან - საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, ხოლო 1899 წლიდან საეკლესიო სიძველეთა საცავის მზრუნველი კომიტეტის წევრი, 1907 წლიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. თედო ჟორდანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლინებაში. მან მრავალგზის იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეკრიბა დიდძალი მასალა (ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა), კრიტიკულად განიხილა და გამოაქვეყნა ისინი. მასვე ეკუთვნის მონუმენტური ნაშრომი: "ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა". ნიშანდობლივია ის, რომ ამ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი მასალა საქართველოს წარსულზე. მრავალი მათგანი შემდგომში განადგურდა და სწორედ თედო ჟორდანიასეული გამოცემის სახით შემორჩა საქართველოს ისტორიოგრაფიას. აღსანიშნავია ჟორდანიას ღვაწლი ძველი ქართული მწერლობის შესწავლის საქმეშიც. ის იკვლევდა: მიქაელ მოდრეკილის, არსენ დიდი საფარელის, მამუკა თავაქალაშვილის, იოსებ თბილელის, თეიმურაზ პირველისა და სხვათა ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, ქართული ბიბლიის წარმოშობას, ჰაგიოგრაფიულ და ჰიმნოგრაფიულ ძეგლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟორდანიას "დავით გურამიშვილი და მისი დრო" და "ანტონ I - საქართველოს კათალიკოსი, ვლადიმირის და იაროსლავლის არქიეპისკოპოსი" რუსულ ენაზე. მასვე ეკუთვნის "ქართული გრამატიკა", რომელიც გამოირჩევა მასალის ორიგინალური დალაგებით, საკითხების ახლებური გააზრებითა და თავისებური ტერმინოლოგიით. თედო ჟორდანია გარდაიცვალა 1916 წლის 22 ოქტომბერს, კასპში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  10. იოსებ ჟორდანია (1895-1962) http://s54.radikal.ru/i146/0812/bf/d2461af4c034.jpg გამოჩენილი ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. 1923 წელს ჟორდანიამ დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1939 წლიდან იგი განაგებდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. 1942 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად. ამასთან, 1944 წლიდან იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური კათედრის გამგე. 1950 წლიდან დაინიშნა მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად. 1958 წელს იოსებ ჟორდანია თბილისში გადმოვიდა და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა მისივე თაოსნობით დაარსებულ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (1968 წლიდან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე. იოსებ ჟორდანია შეისწავლიდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციას კლინიკასა და ექსპერიმენტში, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სხვა. დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო. დაკრძალულია თბილისში.
  11. ალექსანდრე ჟორჟოლიანი (1888-1969) http://i058.radikal.ru/0812/bc/102554667eea.jpg ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. სანდრო ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით. 1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბაქოსა და თბილისში, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან მოღვაწეობდა ქართული დრამის (შემდგომში რუსთაველის სახელობის) თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჟორჟოლიანი მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი სამსახიობო სკოლა, ჩამოყალიბდა, როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. სანდრო ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით. მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე. 1925 წლიდან ჟორჟოლიანს აქტიურად იღებენ კინოშიც. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები: იმერელი თავადი ("სამანიშვილის დედინაცვალი"), მოსე მწერალი ("დარიკო"), კოსტაია ("ნარინჯის ველი"), მაჭანკალი არისტო ("დაკარგული სამოთხე"), სანდრო ("აბეზარა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ედემიკა ("მე ვხედავ მზეს") და სხვა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჟორჟოლიანი როგორც ესტრადის მსახიობი.
  12. ვლადიმერ ჟღენტი (1891-1972) http://s44.radikal.ru/i103/0812/8d/7937461561ea.jpg შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1922-1972 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1930 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის) პათანატომიის კათედრის გამგე. ჟღენტმა დააარსა პათოლოგ-ანატომიის კათედრები ზოოვეტსა (1932-1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935-1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932-1959 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1945 წლიდან - პრორექტორი), 1954-1958 წწ. თავმჯდომარეობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამეცნიერო საბჭოს. ვლადიმერ ჟღენტი შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა) და იყო მისი თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
  13. გიორგი სანაია (1975-2001) http://s40.radikal.ru/i088/0812/4b/d3baac6d339b.jpg ჟურნალისტი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გიორგი სანაია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 17 წლის ასაკში ის კორესპონდენტად წავიდა აფხაზეთის ომში. მას შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. მოგვიანებით, გიორგი სამუშაოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე მიჰყავდა პოპულარული თოქ შოუ "ღამის კურიერი". 2001 წელს გიორგი სანაია საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  14. გიორგი ჩიტაია (1890-1986) 1907 წელს გიორგი ჩიატაიამ დაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი, 1911 წელს კი - თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია. იმავე წელს მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე წელი პედაგოგად მუშაობდა ფოთის გიმნაზიაში, ხოლო 1922 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გადავიდა. სხვადასხვა დროს ჩიტაია იყო: ეთნოგრაფიული სექციის ხელმძღვანელი, ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე, ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიულ ინსტიტუტში, საქართველოსა და კავკასიის ეთნოგრაფიული სექტორების გამგე, საქართველოს ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე. მისი თაოსნობით 1940 წელს შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიული კათედრა, ასევე ებრაელთა ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი თბილისში. პროფესორი ხელმძღვანელობდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებას საქართველოში. მანვე შექმნა პირველი სალექციო კურსი, ზოგადი ეთნოგრაფიის შესავალი, საფუძვლიანად შეისწავლა ქართველი ხალხის სამიწათმოქმედო კულტურა, დაადგინა სახვნელი იარაღების განვითარების ძირითადი ფორმები. გიორგი ჩიტაიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგენეტიკური პრობლემების კვლევაში. ის იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და სხვა.
  15. მედეა ძიძიგური (1942-1999) http://i041.radikal.ru/0812/f4/f56587604565.jpg მედეა ძიძიგურმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. უკვე სტუდენტობისას ის მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1963 წლიდან ძიძიგური იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1979-85 წლებში - საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან - სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. მედეა ძიძიგურს ჰქონდა მეტად კოლორიტული ხმა და შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს. მედეა ძიძიგური დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  16. კოსტა ხეთაგუროვი (კონსტანტინე ხეთაგათი) 1859-1906 http://s57.radikal.ru/i158/0812/3b/5ffb0a38f16f.jpg პოეტი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე. ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი. 1871-81 წლებში ხეთაგუროვი სწავლობდა სტავროპოლის გიმნაზიაში, შემდეგ კი - პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ოსეთში დაბრუნებულიყო, სადაც შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. პოეტი რუსულსა და ოსურ ენებზე წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და სტატიებს. ბეჭდვითი ორგანოს არარსებობის გამო მისი ნაწარმოებები ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. რუსულ ენაზე დაწერილი მისი თხზულებები იბეჭდებოდა გაზეთებში "სევერნი კავკაზი", რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც თავად გახლდათ და "კაზბეკ"-ში. კოსტა ხეთაგუროვს ეკუთვნის პოემები: "ყუბადი", "მწყემსად", "ფატიმა" და სხვა. მან დაამკვიდრა ოსურ ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპები. მისი შემოქმედების ძირითადი თვისებაა ნოვატორობა. კოსტა ხეთაგუროვი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველ ხალხთან. ის პირადად იცნობდა ა. ყაზბეგს, მ. ყიფიანს, დ. არაყიშვილს, ი. იმედაშვილსა და სხვებს. ხეთაგუროვი სწავლობდა ქართულ ენას და განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა. კოსტას ფერწერული ტილოები რამდენჯერმე იყო გამოფენილი ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში. ქართული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მის მიერ შექმნილმა წმინდა ნინოს პორტრეტმა. ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ქართულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.
  17. აკაკი ხოშტარია (1873-1932) http://s55.radikal.ru/i150/0812/03/d11cd913a79c.jpg ქართველი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. ხოშტარიამ დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. მისი სამოქმედო ასპარეზი უმთავრესად სპარსეთი იყო. პირველ მსოფლიო ომამდე მან ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა ფირმა "რუპენტო"-ს, ყველაზე დიდსა და ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციას, რაც კი ოდესმე შეექმნათ ქართველებს. აღსანიშნავია, რომ ფირმა "რუპენტო" და თურქულ-სპარსული "ხოშტარიას ბანკი" მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდნენ ფინანსურ კომბინაციებს. თბილისში აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და სხვ. 1918 წელს ხოშტარიამ თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა. სწორედ ამ სახლში განთავსდა შემდგომში მწერალთა სასახლე. ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, თბილისში ახლადშექმნილ "საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას" ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი და საქართველოს გადასცა საჩუქრად. მისი ხარჯით საზღვარგარეთ განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი გახდა. ხოშტარიამ საკუთარი სახსრებით დააფინანსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი რიგი ღონისძიებები. აკაკი ხოშტარია დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
  18. იან ჰომერი (1898-1981) http://s53.radikal.ru/i139/0812/2a/7ede368c5110.jpg ჩოგბურთელი, ქართული საჩოგბურთო სკოლის ფუძემდებელი. წარმოშობით ბერძენი და საფრანგეთში დაბადებული იან ჰომერი საქართველოში ჩამოვიდა მამასთან ერთად, რომელიც ინგლისურ კომპანიაში მუშაობდა ჭიათურაში. სწორედ იქ ააგეს ინგლისელებმა საქართველოში პირველი კორტი და იან ჰომერიც თავიდანვე დაინტერესდა თამაშით. ჩოგბურთი მალე გახდა პოპულარული, აკაკი წერეთლის ბიძაშვილის, ლიზა წერეთლის ეზოში მოწყობილ კორტზე თამაშს ხშირად დიდი მგოსანიც ესწრებოდა ხოლმე. ჰომერების ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ იანი აქტიურად განაგრძობდა ჩოგბურთის თამაშს და, ამავდროულად, ახალგაზრდებსაც წვრთნიდა. ათი წლის მანძილზე (1918-1927) იგი თბილისისა და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო. იან ჰომერმა აღზარდა ქართველ ჩოგბურთელთა მთელი პლეადა. გარდა სპორტული მოღვაწეობისა, იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოგზაურობდა საქართველოში და წერდა სტატიებს სპორტის შესახებ. 1937 წლის რეპრესიები იან ჰომერსაც შეეხო, ის შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს. ჯოჯოხეთურ პირობებში მყოფმა სპორტსმენმა მოყინვის გამო რამდენიმე თითი დაკარგა, მაგრამ სულით არ დაცემულა, ისევ ჩოგბურთმა იხსნა - ბანაკში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ჩოგნები და ხელმძღვანელობა კორტის აგებაზე დაითანხმა. 1948 წელს იან ჰომერს ქუთაისში ცხოვრების ნება დართეს. იქ მან ასფალტის კორტი მოაწყო და საყვარელი საქმე განაგრძო. თბილისში დაბრუნებული სპორტსმენი სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად ემსახურებოდა ჩოგბურთის პოპულარიზაციას.
  19. დავით (დოდო) აბაშიძე (1924-1990) http://i059.radikal.ru/0812/a8/887739d15194.jpg მსახიობი, საქართველოს სახლხო არტისტი (1967), შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1949-56 წლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა ოცზე მეტი როლი. შემდეგ კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი გახდა. მონაწილეობდა ფილმებში: "ჭრიჭინა", "ბაში-აჩუკი", "თეთრი ქარავანი", "ხევსურული ბალადა", "მაცი ხვიტია", "დიდი მწვანე ველი", "ვერის უბნის მელოდიები", "არ იდარდო", "რაჭა - ჩემი სიყვარული", "დათა თუთაშხია", "ყვარყვარე", "დიდოსტატის მარჯვენა", ფილმისთვის - "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" - მინსკის IV საკავშირო კინოფესტივალზე (1970), მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ხოლო მისი იასონი "პირველი მერცხალში" თეირანის IV საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს ჯიხვით" აღინიშნა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (1975) და სხვ. დოდო აბაშიძემ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო "ამბავი სურამის ციხისა" (1984). ფილმი დაჯილდოვდა პრიზებით საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მსახიობი მკვეთრი ფერებით ასახიერებდა დრამატულ, კომედიურ თუ გროტესკულ სახეებს. სარგებლობდა ქართველი მაყურებლის უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით.
  20. ჰაიდარ აბაშიძე (1893-1966) http://s56.radikal.ru/i151/0812/50/41dbf503c655.jpg საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-08 წლებში სწავლობდა თურქეთში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წლიდან მასწავლებლობდა, აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში აჭარისა და სამხრეთ საქართველოს მდგომარეობის შესახებ, თურქეთის მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვიძებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. I მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. ჰაიდარ აბაშიძის მოღვაწეობა არ მოსწონდათ მეფის რუსეთის მოხელეებს, ამიტომ 1916 წელს იგი აჭარიდან გაასახლეს. 1918-20 წლებში "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი იყო. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  21. აბო თბილელი (დაახლ. 757-786) http://s49.radikal.ru/i124/0812/74/01bbf0324a41.jpg ქრისტიანობისათვის წამებული არაბი. აბო იყო 17-18 წლის ნელსაცხებელთა ოსტატი, ტომით არაბი, სარწმუნოებით მაჰმადიანი და ამ რელიგიაში განსწავლული. აბომ ბაღდადში გაიცნო ქართლის დატყვევებული ერისმთავარი ნერსე II და გათავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოჰყვა. აქ გაეცნო ქრისტიანობას და, რადგან ქართლს არაბები განაგებდნენ, მალულად მარხულობდა და ლოცულობდა. სარკინოზები ისევ შეპყრობით დაემუქრნენ ნერსეს და ისიც იძულებული გახდა, ხაზარეთში გადასულიყო. აბოც თან გაჰყვა და იქ მოინათლა. შემდეგ აფხაზეთის სამეფოს შეაფარეს თავი. იქ აბომ გულით გაიხარა, რადგან ირგვლივ ქრისტიანები ედგნენ და განცხადებულად ლოცულობდა. ნერსე ისევ თბილისში დაბრუნდა. აბომ იცოდა, რომ აქ საშიშროება ელოდა, მაგრამ არ შეშინდა და ჩამოვიდა. თბილისშიც აღარავის ერიდებოდა და ქრისტიანულად ცხოვრობდა. სარკინოზებმა გაიგეს ეს ამბავი და ამირასთან დააბეზღეს. ამირა და სხვა არაბები ცდილობდნენ ჭაბუკი ძველ სარწმუნოებაზე დაებრუნებინათ, მაგრამ აბო ვერც შეაშინეს, ვერც ფულითა და ტკბილი სიტყვით მოისყიდეს. საპყრობილეში დამწყვდეულმა და ბორკილდადებულმა სამი დღე ლოცვასა და ფსალმუნებაში გაატარა. 6 იანვარს, ნათლისღების დღეს მეტეხთან აბო თავის მოსაკვეთად გაიყვანეს და სამჯერ მოუღერეს მახვილი, მაგარამ ჭაბუკი ვერ გატეხეს, იგი მშვიდად შეხვდა სიკვდილს. ჯალათებმა მისი სხეული დაწვეს, შემდეგ კი ნარჩენები ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს. არაბი ჭაბუკის თავდადებამ შეშინებული და შერყეული ერი გამოაფხიზლა, მძლავრთა შიში დათრგუნა და დიდი და პატარა იმ ადგილისაკენ დაიძრა, სადაც აბოს გვამი დაწვეს. ყველა დარწმუნდა, რომ აბო ჭეშმარიტად ქრისტესთვის მარტვილი იყო. ქართულმა ეკლესიამ აბო თბილელი წმინდანად შერაცხა, მიჩნეულია თბილისის მფარველად. 21 (7) იანვარი დიდმოწმე აბო თბილელის ხსენების დღეა. აბო თბილელის მარტვილობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანისძემ.
  22. თენგიზ აბულაძე (1924-1994) http://s45.radikal.ru/i107/0812/75/b39274f4d4bd.jpg რეჟისორობა თბილისის ვაჟთა მე-19 სკოლაში დაიწყო, იქ დადგა პირველი სპექტაკლი ვალერიან გუნიას "და-ძმა". მიუხედავად იმისა, რომ ომისა და გაჭირვების პერიოდი იყო, თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რეპეტიციებს ატარებდნენ, დეკორაციებიც დაამზადეს და პრემიერაც გაიმართა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან შემოქმედებით საკითხზე სკოლაში დაფიქრდა. ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა გრიგოლ კიკნაძემ დაავალა დაეწრა თემა, რაში ხედავდა რუსთაველის გენიალობას. თენგიზმა დაწერა: "ვეფხისტყაოსნის" გენიალობა არის "ამნაირობა" - სიყვარულზე ყველა წერს, მაგრამ რუსთაველი ამნაირად წერსო. ამის შემდეგ ნაწარმოების ფორმის ძიება შემოქმედის მთავარი საზრუნავი გახდა. სკოლაში სწავლისას გაიცნო თენგიზ აბულაძემ მე-60 სკოლის "რეჟისორი" რეზო ჩხეიძე. 1943 წელს ერთად ჩააბარეს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, ცნობილი რეჟისორის გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში მოხვდნენ. მაგრამ ორივე კინორეჟისორობაზე ოცნებობდა, ამიტომ წერილი მისწერეს სერგეი ეიზენშტეინს და სთხოვეს, გადაღებებზე დასწრების ნება მიეცა, რომ ამ პროფესიას დაუფლებოდნენ. დიდმა მაესტრომ ურჩია, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩაებარებინათ და პროფესიასაც იქ დაუფლებოდნენ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ორი კურსი დაასრულეს და მოსკოვს გაემგზავრნენ. დედაქალაქში მხოლოდ კინოინსტიტუტის ლექციებით არ შემოფარგლულან, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს ესწრებოდნენ. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ვიტორიო დე სიკას ფილმმა "ველოსიპედების გამტაცებლები". ნეორეალიზმად წოდებულმა კინოესთეტიკამ განსაზღვრა მომავალი რეჟისორების შემოქმედებითი სტილი. რევაზ ჩხეიძესთან ერთად გადაღებული პირველი მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" საეტაპო გახდა არა მხოლოდ რეჟისორებისათვის, ქართული და საბჭოთა კინემატოგრაფიისათვისაც. კანის IX საერთაშორისო ფესტიველზე მოკლემერტაჟიანი ფილმების კონკურსში სურათმა "ოქროს პალმის შტო" დაიმსახურა. თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები" (1958), შემდეგი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962). მაყურებელმა ორივე ფილმი კარგად მიიღო და მათდამი ინტერესი დღემდე არ დამცხრალა. რეჟისორის ინდივიდუალური ხელწერა, განსაკუთრებული პოეტური გამომსახველობა და თხრობის ფილოსოფიური სტილი გამოჩნდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით გადაღებულ "ვედრებში" (1967). ეს იყო ვაჟა-ფშაველას სამყაროს ეკრანზე გადატანის პირველი ცდა. შემოქმედებითი ჯგუფი დიდხანს ეძებდა ფილმის სტილისტიკას და საბოლოოდ შეიქმნა შინაგანი ემოციითა და მღელვარებით დამუხტული, მაგრამ მკაცრი და სტატიკური ეკრანული სამყარო. მხოლოდ პროფესიონალთა და მაყურებელთა მცირე ნაწილმა დაინახა ამ ფილმის დიდი ძალა, იგრძნო მისი განუმეორებლობა. "ვედრებამ" შვიდი წლის დაგვიანებით მიიღო აღიარება. 1974 წელს სან-რემოს საავტორო ფილმების XVII ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა და მსოფლიო კინემატოგრაფისტთა ყურადღება დაიმსახურა. "ვედრება" იქცა მომავალი ტრილოგიის პირველ ნაწილად. რეჟისორიც ვაჟა-ფშაველას მრწამსის ერთგული გახდა: არ შეიძლება მოკვდეს ლამაზი არსი ჩვენი კაცობისა. ფილმი "ნატვრის ხე" (1976) გიორგი ლეონიძის წიგნის მიხედვით შეიქმნა. ერთმა სოფელმა მთელი სამყარო დაიტია. აქ ცხოვრობენ მეოცნებენი და მომხვეჭელები, რეტროგრადები და სიახლის მოსურნენი, მაცდურები და სკეპტიკოსები და აქაც იჩაგრება მშვენიერება, სიკეთე. მსახიობთა დიდებულმა ანსამბლმა, ფერადოვანმა გამოსახულებამ, ცოცხალმა იუმორმა და გაუნელებელმა სევდამ მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა. სურათმა მრავალი საერთაშორისო პრიზი მიიღო: რიგის X საკავშირო ფესტივალზე მთავარი პრიზი, თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის, დონატელოს "დავითი" - იტალიაში საერთაშორისო კინოკონკურსზე. აბულაძეს 1979 წელს რუსთაველის სახელობის პრემია, შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. რეჟისორი ახალი ფილმით ერევანშიც მიიწვიეს. იქიდან მომავალნი მძიმე ავარიაში მოყვნენ, მძღოლი დაიღუპა, თვითონ ბეწვზე გადარჩა. ამ შემთხვევამ თენგიზ აბულაძეს ჩაუნერგა რწმენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი უნდა გადაეღო. რეჟისორმა ტრილოგიის მესამე ფილმ "მონანიებაშიც" (1984) არ უღალატა არჩეულ თემას, ბოროტისა და კეთილის ბრძოლას, ოღონდ ბოროტებად საბჭოთა სისტემა წარმოგვიდგინა. ფილმი უშიშროების კომიტეტმა აკრძალა, რეჟისორი დაპატიმრებასაც კი ელოდა. სურათი ორი წლის შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე და ნამდვილი შოკი გამოიწვია. ათეული წლობით საბჭოთა ადამიანებში დაგროვილი ტკივილი სამზეოზე გამოვიდა. რუსეთის დიდ ქალაქებში მაყურებელთა მოძალების გამო წესრიგს ცხენოსანი მილიცია იცავდა. საბჭოთა კავშირში გადაღებულ არც ერთ ფილმს არ მოჰყოლია ასეთი რეზონანსი არც ქვეყანაში და არც უცხოეთში. "მონანიებამ" გარდატეხა შეიტანა არა მარტო ხელოვნებაში, აზროვნებაში. ეს ფილმი სოციალისტური სისტემის ნგრევის ნიშანი გახდა. მხოლოდ კანის მე-40 კინოფესტივალზე სურათმა სამი პრიზი მიიღო, ასევე ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის ფესტივალებზე, იტალიის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის და სხვა. ტრილოგიის შექმნისათვის რეჟისორს ლენინური პრემია მიანიჭეს (1988). აბულაძეს საჯარო გამოსვლა არ იტაცებდა, აქტიურად არ ერეოდა არათუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ, თვით კინემატოგრაფიულ თემებზე გამართულ დისკუსიებში. ოსტატურად არიდებდა თავს ჟურნალისტთა სემოტევას. მხოლოდ ერთხელ, 1989 წელს სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე ითხოვა სიტყვა და "გარდაქმნად" წოდებული სახეცვლილება მძაფრად გააკრიტიკა. უცნობთათვის თენგიზ აბულაძე ტოვებდა ნიჭიერი, მაგრამ ცხოვრებისაგან განებივრებული ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ადვილად აღწევდა მიზანს. სინამდვილეში მისი ფილმები დიდი ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის ნაყოფი იყო, ამიტომ არის, რომ სულ შვიდი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული. დევიზად ჰქონდა, ყოველ კადრს ისეთი პასუხისმგებლებოთ უნდა მიუდგე, თითქოს ის უკანასკნელია შენს ცხოვრებაშიო. უნარი ჰქონდა, ყურადღება არ მიექცია ყოფითი, საზოგადო თუ საოჯახო პრობლემებისადმი და მხოლოდ მთავარზე, შემოქმედებაზე ეფიქრა. ასე იყო სიცოცხლის ბოლომდე. 90-იანი წლების არეული ცხოვრება აწუხებდა, მაგრამ იმ ქაოსშიც მომავალი ფილმის სიტუაცასა და გმირებს ხედავდა. ის იყო სისხლით კინემატოგრაფისტი და, ამავე დროს, მუდმივი მაძიებელი. გარდაიცვალა 70 წლის, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  23. იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელები (დაახლ. 920-1005) http://s39.radikal.ru/i083/0812/d8/5921e3b47f9a.jpg იოანე მთაწმინდელი - ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი, ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი, ექვთიმე ათონელის მამა. დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წარმოშობით დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი). დავით კურაპალატის კართან დაახლოებული მის ჯარსაც კი სარდლობდა, მაგრამ დატოვა ოჯახი, სასახლის კარი და ოთხთა ეკლესიის ლავრაში ფარულად შედგა ბერად. როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს "ზემო მიწები" დაუმტკიცა, სამაგიეროდ, მძევლად წაიყვანა დიდებულთა შვილები. მათ შორის იყო იოანეს მცირეწლოვანი ვაჟი - ექვთიმე. X საუკუნის 50-იან წლებში, იოანემ მცირე აზიაში, ულუმბოს მთაზე, ქართველ მონაზონთა წრე შექმნა და იქვე გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი. იგი ეახლა იმპერატორს და შვილი გამოსთხოვა. 965 წელს შვილთან და ბერებთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა და იქ ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა. ქართველებმა პირველად წმინდა იოანე მახარობლის ეკლესია ააშენეს, ხოლო 980-983 წლებში იოანემ იოანე თორნიკყოფილთან (თორნიკე ერისთავთან) ერთად ააშენა ქართული მონასტერი "ივირონი", რომლის პირველი წინამძღოლი თავადვე გახდა. სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და ქართულადაც ალაპარაკდა - მან მამამისს მოუთხრო, რომ მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: "რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?" - "მოვკუდები, დედოფალო", - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: "არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი". ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული "აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა". ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: "შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან". წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას, შეუდგა ბერძნულიდან ქართულად საღმრთო წიგნების თარგმნას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: "მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა". ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: "ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი". იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი. გარდაიცვალა წმიდა ექვთიმე 1028 წელს. იგი ათონის მთაზე დაკრძალეს. გიორგი ათონელი - ქართველი პროზაიკოსი, მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. განაგრძო ექვთიმე ათონელის საქმე - ბიზანტიური მწერლობის ქართულად თარგმნა, თუმცა სტილი შეცვალა - თარგმანი ზუსტად შეესაბამებოდა დედანს. დაიბადა თრიალეთში 1009 წელს. 6 წლისა ხახულის მონასტერში გადაიყვანეს, შემდეგ კონსტანტინოპოლში სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნებული ხახულის მონასტერში აღიკვეცა ბერად. მალე შავ მთაზე დაემოწაფა ქართველ ბერს გიორგი შეყენებულს და 3 წელი იქვე, რომანწმინდას მონასტერში ცხოვრობდა. 30 წლისამ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და თავისი მოძღვრის შეგონებით, 1040 წელს, ათონზე მივიდა. იყო მონასტრის წინამძღვარი, თუმცა 1056 წელს წინამძღოლობას თავი დაანება, ანტიოქიაში დამკვიდრდა და ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. 1057 წელს გიორგიმ ანტიოქიაში პატრიარქ თეოდოსის წინაშე დაიცვა ქართველთა საეკლესიო დამოუკიდებლობა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დაწვრილებით აღწერა მისმა მოსწავლემ გიორგი მცირემ (ხუცესმონაზონმა). 1060 წელს ბაგრატ IV-ის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა და მეფეს შეეწია საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებაში. გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში 1065 წელს. გიორგიმ დიდი ღვაწლი დასდო სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას, როგორც ათონზე, ისე საქართველოში. შეაკეთა ათონის მონასტერი, აღნუსხა ქართველ მოღვაწეთა საქმეები, შექმნა ქართული სამონასტრო კოლონიის ისტორია და აღწერა მონასტრის მაშენებელთა ცხოვრება. სიკვდილის წინ გიორგის საქართველოდან ათონზე 80 ობოლი ბავშვი მიჰყავდა აღსაზრდელად და ათონის ქართველთა ძმობის განსამტკიცებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი გზაში გარდაიცვალა. მოტირალ ბავშვთა სამგლოვიარო პროცესიამ აასვენა მისი ცხედარი კონსტანტინოპოლიდან ათონზე. გიორგი ათონელის უმთავრესი ღვაწლი მაინც მისი ლირტერატურული საქმიანობით გამოიხატა. მან განაგრძო ექვთიმე ათონელის საქმე - ბიზანტიური მწერლობის ქართულად თარგმნა, თუმცა სტილი შეცვალა - თარგმანი ზუსტად შეესაბამებოდა დედანს, ამიტომ შთამომავლობამ გიორგის თარგმანებს ექვთიმეს თარგმანებისაგან განსხვავებით უწოდა "დიდი სვინაქსარი", "დიდი კურთხევანი", "დიდი პარაკლიტონი", "დიდი მარხვანი". საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული იყო ბასილი დიდის თხზულებათა თარგმანები. გიორგი ათონელის ლიტერატურული ნიჭი და ეროვნულ-კულტურული კრედო ყველაზე მეტად გამჟღავნდა მის ორიგინალურ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში "ცხოვრებაი ნეტარის მამისა ჩვენისა იოვანესი და ეფთვიმესი". ეს არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი საზღვარგარეთული ცენტრის - მთაწმინდის ანუ ივერთა მონასტრის შექმნის, მესაძირკვლეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მხატვრული მატიანე. თხზულებას ცხადად ემჩნევა პუბლიცისტური სულისკვეთება, მაგრამ ყველაფერზე მაღლა მაინც ესთეტიკურად მოწესრიგებული აღქმა დგას, რომელშიც მძაფრად არის გადმოცემული ადამიანური ვნებები.
  24. მამა ანდრია (1966-1993) http://s48.radikal.ru/i121/0812/6a/47c50550e30b.jpg საეკლესიო პირი. მამა ანდრია სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. პაატა ყურაშვილი დაიბადა 1966 წლის 3 აპრილს რვაშვილიან ოჯახში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში. თან მუშაობდა რადიოქარხანაში. მეგობრობდა ბაღდათის ბიბლიოთეკის დირექტორთან ილია კარკაძესთან (მამა ილია), რომელიც შემდგომში პაატას ნათლია გახდა. წმინდა წერილის კითხვამ პაატა იმდენად გაიტაცა, რომ სულ მალე უარი თქვა ამქვეყნიურ ყოფაზე და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა. 1991 წელს, აღდგომის მარხვაში, იგი პირველად ეწვია წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის მონასტერს სხალთაში (აჭარა). მოგვიანებით იგი კვლავ მივიდა სხალთის მონასტერში და იქვე დარჩა. მალე ამ მონასტერის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი მამა დავითი (ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი), რომელიც შემდგომ პაატას სულიერი მამა გახდა. 1992 წლის 3 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე, პაატა ბერად აღკვეცეს და უწოდეს ანდრია. იმავე წლის აგვისტოში იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მალე მეუფე დანიელმა მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, კომანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა. 1993 წლის 5 ივლისს კომანი ჩაიკეტა. მტერმა სოფელი ალყაში მოაქცია. მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ქრისტიანული ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მათზე დაშვებული ეს ყველაზე მძიმე განსაცდელი. როდესაც მტერი კომანში შევიდა, მამა ანდრიას სიმშვიდე არ დაუკარგავს. დილის ხუთის ნახევარზე ეკლესია ალყაში მოაქციეს. მამა ანდრია ტაძრიდან გაიყვანეს. ის მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მას კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ სახით დაცემულიყო, როგორც ეს ჩვეულბრივ ხდება, მამა ანდრია ზურგზე გადავარდა. ეკლესიაში მყოფმა მსახურებმა და მორჩილებმა გადმოასვენეს მამა ანდრიას ცხედარი. მოხდა საოცრება... ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი რჩებოდა. ჭრილობაზე სისხლი არ დედდებოდა და ისევ მოედინებოდა. ამ სასწაულმა აფხაზებიც კი გააოგნა. ბევრი მათგანი შენდობასაც კი ითხოვდა. მამა ანდრია 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი "სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის". http://s61.radikal.ru/i174/0812/71/0334fdfb2fd6.jpg http://s61.radikal.ru/i172/0812/f0/59fa05cebb10.jpg
  25. ლადო ასათიანი (1917-1943) http://i002.radikal.ru/0812/78/b289250144a9.jpg ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შედეგ თბილისში ცხოვრობდა. პირველი ლექსი "თებერვლის დილა" 19 წლისამ გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - 23 წლისამ და მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, რომელიც დღემდე არ განელებულა. მან ქართულ პოეზიაში თავისი გამორჩეული, ომახიანი ხმა შემოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ქართველი, ლადო ასათიანის ერთი ლექსი მაინც არ ესწავლოს: "სალაღობო", "ლხინი კახელებთან", "ქართლის გზებზე", "კრწანისის ყაყაჩოები" მართლაც რომ დაუვიწყარია. ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. სიცოცხლის ბოლო სამი წელი საბედისწერო და ამავე დროს, შემოქმედებითად დატვირთული გამოდგა. ჭაბუკობიდანვე სიკვდილის ნიშნით დაღდასმული თითქოს ჩქარობდა, ცდილობდა, სიკვდილისათვის დაესწრო და ყველაფერი ამოეთქვა, ბოლომდე დამწვარიყო. პოეტი სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა გარდაიცვალა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ოცდახუთი წლის შემდეგ კი გადაასვენეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. http://s52.radikal.ru/i137/0812/60/45a964945dad.jpg http://s45.radikal.ru/i110/0812/d5/cac1dabd1368.jpg
×
×
  • შექმენი...