-
პოსტები
677 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მდა
-
გიორგი კვინიტაძე (1874-1970) http://s56.radikal.ru/i152/0901/fa/89e5135ede4c.jpg გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ჩიქოვანი) - გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის - კადეტთა კორპუსის დამაარსებელი. დაიბადა დაღესტანში 1874 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში. 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. არზრუმის ციხის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით, მალე გენერალ-მაიორის წოდებაც მიიღო. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საქართველოში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. მეთაურობდა ქართულ ჯარს თურქეთის (1919), სომხეთის (1918), წითელი არმიის (1921) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა საქართველო. მას, სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. 1985 წელს პარიზში გამოვიდა მისი მემუარები. გარდაიცვალა 1970 წელს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში.
-
ფილადელფოს კიკნაძე (1797-1837) http://s48.radikal.ru/i122/0901/43/c4f71e28cb58.jpg პოეტი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური. შეთქმულთა ორგანიზაციის წესდების "აქტი გონიურის" ავტორი. შვიდი წლის იყო ფილადელფოსი, როდესაც მამამ სასწავლებლად გელათში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარა. სწავლის პერიოდში მშობლები გარდაეცვალა. სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა სოლომონ II-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. სოლომონის დამარცხების შემდეგ გადმოვიდა ჯერ თბილისში, შემდეგ მოღვაწეობდა კახეთში, ხირსის მონასტერში, სადაც ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი, შუამთის მონასტერში შექმნა სკოლა ბავშვებისათვის. დაახლოებული იყო ბატონიშვილებთან, რომლებსაც 1826 წელს რუსეთში გაჰყვა. იქ დაუკავშირდა ი. ხელაშვილს, ს. დოდაშვილს, ს. ლეჩხუმელს, რომლებთან ერთად ჩაესახა საქართველოს ეროვნული განთავისუფლების იდეა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოლომონ დოდაშვილის "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანის" გამოცემაში. 1830 წელს შექმნა პროკლამაცია "საქართველოს განთავისუფლებისათვის", რომელსაც ავრცელებდა საქართველოს მთიან რაიონებში. წერდა ლექსებს საქართველოს მდგომარეობისა და სამშობლოს სიყვარულზე. მისი ლექსები მიზნად ისახავდა მოსახლეობაში საბრძოლო სულისკვეთების გაღვივებას. ფარული საზოგადოების წევრთათვის შექმნა სპეციალური ანბანი და წესდება "აქტი გონიური". "აქტი გონიური" განსაზღვრავდა ფარული საზოგადოების წევრად მიღების პირობებს, წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს. იგი მოითხოვდა საიდუმლოების დაცვას. შეთქმულთა ორგანიზაციის წესდების ერთ-ერთი მუხლი აფრთხილებდა მის წევრებს, რომ მათ რიგებში არ შეპარულიყვნენ საეჭვო პირები, თუმცა შეთქმულების უმთავრესი ნაკლი იყო სწორედ ის, რომ მის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რამაც განაპირობა კიდეც მისი ჩავარდნა. 1833 წელს ფილადელფოს კიკნაძე შუამთის მონასტერში დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს. გარდაიცვალა ტუსაღად 1837 წელს დარიის მონასტერში.
-
დავით კლდიაშვილი (1862-1931) http://s42.radikal.ru/i098/0901/50/fc352e027a64.jpg ქართველი მწერალი. დაიბადა სოფელ სიმონეთში. შვიდი წლისა ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად, შემდეგ სახელმწიფო სახსრებით გაიგზავნა კიევის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ იყო მეფის არმიის ოფიცერი. მსახურობდა ბათუმში, მაგრამ 1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ, როგორც არასაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1915 წელს გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო ელოდა, მაგრამ 1917 წელს თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული. 1893 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნდა მისი პირველი ორიგინალური მოთხრობა "შერისხვა". პირველ მოთხრობაშივე გამოვლინდა დ. კლდიაშვილის სამწერლო პრინციპი-ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება. მისი შემოქმედების მთავრი თემა იმერეთის გაღარიბებული ე.წ. "შემოდგომის აზნაურების" ცხოვრების ასახვაა. მისი მოთხრობები: "სოლომან მორბელაძე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება", "როსტომ მანველიძე" და სხვა ცრემლნარევი სიცილით ასახავს ნიადაგგამოცლილი აზნაურობის როგორც სოციალურ, ისე მორალურ დაკნინებასა და გადაგვარებას. დავით კლდიაშვილმა მნიშვნლოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. სევდიანი სინამდვილეა ასახული მის პიესებში: "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი" და "უბედურება". მწერლის შემოქმედებითმა სტილმა - სისადავემ და უბრალოებამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა შესძინა მის ნაწარმოებებს, მწერალს კი საყოველთაო აღიარება მოუტანა. დავით კლდიაშვილს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ნაწარმოები "ჩემი ცხოვრების გზაზე". 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა მწერლის შემოქმედების 50 წლის იუბილე, ერთი წლის შემდეგ კი მწერალი გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. http://s40.radikal.ru/i089/0901/c5/b8f1d6cfad87.jpg http://s41.radikal.ru/i092/0901/e8/58a00619ab5b.jpg http://s39.radikal.ru/i084/0901/eb/18c9bc3b2d56.jpg
-
კონსტანტინე I (XV) http://s57.radikal.ru/i157/0901/f2/4e7eca2fcaeb.jpg 1401 წელს კონსტანტინე ძმის, გიორგი VII, დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა შამქორში მდგარ თემურლენგთან და მასთან შეთანხმებას მიაღწია. ის მხარს უჭერდა დამპყრობელთან ზავის დადებას, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა მეფე-ძმასთან და განუდგა მას. 1407 წელს, გამეფებისთანავე, კონსტანტინემ ხელი მიჰყო აოხრებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ მშვიდობამ დიდხანს არ გასტანა. 1411 წელს შავბატკნიან თურქმანული ტომი ყარა იუსუფის მეთაურობით შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება კონსტანტინეს სთხოვეს, რომელიც 2000 მხედრით გაემართა შირვანისკენ. ჩალაღანთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მეფემ დიდი სიამაყე და მამაცობა გამოიჩინა, რის გამოც ყარა იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოკვეთა თავი.
-
ვახტანგ კოტეტიშვილი (1893-1937) http://s47.radikal.ru/i115/0901/74/b4d83ccbb9ba.jpg ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე. დაიბადა სოფელ დიდ თონეთში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იქვე დაიწყო თავისი პედაგოგიური მოღვაწეობა. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ჯერ ფოლკლორის, შემდეგ კი მისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. იყო მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქტორი. საქართველოს ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი, ქართველ მხატვართა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე. პირველი ლიტერატურული წერილი 1912 წელს გამოაქვეყნა და არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებას ეხებოდა. შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია. იყო იმ დროს პოპულარული ლიტერატურული დაჯგუფების "აკადემიური მწერლობის კავშირის" წევრი. ვ. კოტეტიშვილმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ფოლკლორის მეცნიერულ კვლევას. აწყობდა ექსპედიციებს, საქართველოს მუზეუმთან ჩამოაყალიბა ფოლკლორის განყოფილება. მას ეკუთვნის მრავალი გამოკვლევა ფოლკლორისტიკასა და მითოლოგიაში. 1934 წელს გამოსცა ქართული "ხალხური პოეზიის" I ტომი. 1937 წელს ემსხვერპლა სტალინურ რეპრესიებს, დასაფლავების ადგილი უცნობია.
-
კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (XII საუკუნე) კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი - თამარის მეფობის ხანაში მოღვაწე ქართველი მანდილოსნები, რომელთა სიბრძნემ და გამჭრიახობამ განაპირობა დიდებულ ფეოდალთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყების მშვიდობიანად დასრულება. 1184 წელს ფეოდალურ სამყაროში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ქალი, რომელიც დიდებულებმა "გამოჩინებით" აკურთხეს, მაგრამ საკუთარი მოთხოვნებიც წაუყენეს... ისინი მოითხოვდნენ გვაროვნული არისტოკრატიის უფლებების განმტკიცებასა და სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას. ამ ხაზის გამტარებელი და აჯანყების მეთაური იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოხელეთაგანი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ სამეფო ხაზინისა და ქონების გამგე, ყუთლუ-არსლანი. მან შეადგინა საკუთარი პარტია, მოითხოვა ისანში "კარავის" დადგმა, რომელსაც ექნებოდა საპარლამენტო უფლებები, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. საყურადღებო იყო ისიც, რომ ყუთლუ-არსლანმა გადაიბირა ჯარის ნაწილი და სამხედრო დაპირისპირებით ცდილობდა თავისი ზრახვების განხორციელებას. ზოგიერთი ცნობით, მას ამირსპასალარობაც სურდა. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. რასაკვირველია, თამარისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა განდგომილთა შეპყრობა და სასტიკად დასჯა, მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო - აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ორი დიდებული ქალბატონი: ქართლის ერისთავის, რატი სურამელის დედა - კრავაი ჯაყელი და სამძივართა დიდებული გვარის წარმომადგენელი - ხვაშაქ ცოქალი. უსიამოვნების გასაქრობად თამარმა მოლაპარაკების გზა აირჩია და აჯანყებულებს მოუწოდა, რომ დაეყარათ იარაღი, დამშვიდებულიყვნენ და დედოფალი აპატიებდა მათ დანაშაულს. თამარის გონიერმა საქციელმა სასურველი შედეგი გამოიღო: მანდილოსანთა მოციქულობამ იმდენად იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ დაყარეს იარაღი და "მაშინვე მოყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა, მოვიდეს წინაშე თამარისა და დავრდომით თაყვანი სცეს და აღიღეს ფიცი პატრონისაგან, და მისცეს პირი ერთგულებისა და ნების ყოფისა თვისისა". ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი ჭეშმარიტად ღირსეულ ადგილს იკავებენ ქართული დიპლომატიის ისტორიაში.
-
ბათუ (ბართლომე) კრავეიშვილი (1914-1970) http://s59.radikal.ru/i165/0901/16/bd9cf88dcaf2.jpg ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა სამტრედიაში. მშობლების თხოვნით სწავლობდა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. იქვე მონაწილეობა მიიღო სიმღერის კონკურსში და გახდა მოსკოვის დიდი თეატრის დასის წევრი. იქ 1939-41 წწ. მოღვაწეობდა, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მრავალი საოპერო პარტია შეასრულა, რომელთა შორის აღსანიშნავია კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), თავადი იგორი (ბოროდინის "თავადი იგორი"), გოჩა (ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი") და სხვა. 1958 წლიდან ბ. კრავეიშვილი კონსერვატორიის პედაგოგი იყო. მოღვაწეობდა კინოშიც. გადაღებულია ფილმებში: "დაკარგული სამოთხე", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე". ავტორია მემუარული ხასიათის წიგნისა "დაუვიწყარი".
-
კულა გლდანელი (1858-1933) http://i013.radikal.ru/0901/67/f3c75b246c7c.jpg ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა ღონით, სიმარდით, ქართული ჭიდაობის ილეთების კარგი ცოდნით. დამარცხებული ჰყავს თავისი დროის არაერთი სახელოვანი ქართველი და უცხოელი მოჭიდავე. პირველმა დააარსა თბილისში ე.წ. საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გლდანელისა და ნესტორ ესებუას ჭიდაობა. აკაკი წერეთელმა მათ მიუძღვნა პოემა - "გლდანელი და ესებუა". ეწეოდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას (ფინანსურად დაეხმარა ვაჟა-ფშაველას პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრებაში).
-
ვიქტორ კუპრაძე (1903-1985) http://s44.radikal.ru/i103/0901/c5/cde3684af5c3.jpg ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შემდეგ იქვე განაგრძო მუშაობა. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრას, აგრეთვე უნივერსიტეტის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრას. ომის დროს მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, შემდეგ იყო განათლების მინისტრი. საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1954-62 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. საქართველოს მათემატიკური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი (1962-66). მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ვიქტორ კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია დრეკადობის, სტაციონარული რხევების, სტატიკისა და დინამიკის ძირითადი და საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანები. შეისწავლა სინგულარულ-ინტეგრალურ და ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიის საკითხები. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით, აგრეთვე სხვა ორდენებითა და მედლებით.
-
აშოტ I დიდი კურაპალატი (მეფობდა 809-826) http://s51.radikal.ru/i131/0901/a9/6686268becee.jpg ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა მამამთავარი და მეფე. მანამდე, დაახლოებით 786-809 წლებში, იყო ქართლის ერისმთავარი. ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთი ნაწილი მომდინარეობდა უძველესი ქართული პროვინცია სპერიდან (ამჟამად ისპირი, თურქეთის ტერიტორიაზე). ქართლის ერისმთავარი აშოტ ბაგრატიონი სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და 813 წელს საგვარეულო მამულს, შავშეთ-კლარჯეთს შეეფარა, თავი მეფედ გამოაცხადა, ბიზანტიის სამეფო კარის მხარდაჭერა, კურაპალატის პატივი მიიღო და რეზიდენციად ციხე-სიმაგრე არტანუჯი გაიხადა. აშოტ კურაპალატმა დანგრეული სოფლები და ქალაქები გააცოცხლა, ხალხი ჩაასახლა. თავის სამეფოში მოაქცია ჯავახეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი, აჭარა, სპერი, ტაო, არტაანი. კავშირი დაამყარა დასავლეთ საქართველოსთან, ეგრის-აფხაზეთის მეფესთან, მრავალი ბრძოლა გადაიხადა და თითქმის მთელი ქართლი შემოიერთა. იმ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. საქართველოს ისტორიაში ამ ხანას ტაო-კლარჯეთის ან "ქართველთა სამეფოს" პერიოდი ეწოდება. აშოტ დიდიდან, 809 წლიდან, დაედო სათავე ბაგრატიონთა დინასტიას, რომელიც ათი საუკუნე მართავდა საქართველოს. აშოტ I მოკლულ იქნა შინაგამცემლობის შედეგად. მძიმედ დაჭრილმა ეკლესიას შეაფარა თავი და საკურთხეველში გარდაიცვალა.
-
დავით III დიდი კურაპალატი (961-1001) http://s45.radikal.ru/i107/0901/fb/20f237d6f901.jpg ტაოს მეფე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. ფლობდა სამხრეთ ტაოს, ანუ იმიერტაოს, ბასიანის და მომიჯნავე სომხურ თემებს. დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის - ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაიბა ფართო ეკონომიკური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, სადაც ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის სამხედრო ოპერაციებში. 979 წელს დავით დიდი კურაპალატი დაეხმარა იმპერატორ ბასილი II-ს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამისათვის იმპერატორმა მას სამმართველოდ გადასცა "ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი" მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს კურაპალატს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ალბათ, ამ მიზეზით უნდა იყოს განპირობებული 988 წელს დავით III-ის ბრძოლა ბასილი II-ის წინააღმდეგ, აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დავით კურაპალატი იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. 998 წელს დავით III-ის წინააღმდეგ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დიდმა კურაპალატმა ისინი დაამარცხა. დავით III დიდი კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.
-
არტურ ლაისტი (1852-1927) http://s56.radikal.ru/i151/0901/0c/a2bcd05a8e39.jpg გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის ლექტორი. არტურ ლაისტი ქალაქ ბრესლაუში დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მრავალი ენის მცოდნე და ნიჭიერი პუბლიცისტი, პოლონურმა და გერმანულმა გამომცემლობებმა მიიწვიეს. 1881 წელს იტალიაში მოგზაურობისას მან გაიცნო ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის თაყვანისმცემელი - გერმანელი მწერალი ფ. ბოდენშტედტი და მისი რჩევით გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა. ის დაუკავშირდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას. 1882 წელს პოლონურ პრესაში დაიბეჭდა მისი წერილი "ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ", ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში - "მივიწყებული ლიტერატურა". 1884 წელს ლაისტი ილია ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვით ჩამოვიდა საქართველოში. მან ორი კვირა დაჰყო თბილისში და საფუძვლიანად გაეცნო მის ღირსშესანიშნაობებს. უკან დაბრუნებულმა ლაიფციგში პოლონურ ენაზე დასტამბა წიგნი საქართველოზე - "საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა". 1885 წელს ლაისტი მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და ი. ჭავჭავაძის, ი. მაჩაბლის, ა. წერეთლისა და დ. ერისთავის დახმარებით შეუდგა "ვეფხისტყაოსნის" თარგმნას (დაიბეჭდა დრეზდენსა და ლაიფციგში 1890). მასვე ეკუთვნის ქართული პოეზიის ანთოლოგიის თარგმანი. მწერალი ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, ნაყოფიერად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში". 1892 წელს ლაისტი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართველი ხალხი", რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. მწერალმა 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი "კავკასიშე პოსტი", რომლის რედაქტორიც თავად იყო. დაწერა მოთხრობები: "ქეთევანი", "ვარო", ავტობიოგრაფიული ნაშრომი "რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება", "მოგზაურის დღიურები". 1918 წელს ის თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად მიიწვიეს. 1923 და 1927 წლებში მან ორ წიგნად გამოსცა დიდი სიყვარულით დაწერილი შრომა "საქართველოს გული". არტურ ლაისტი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
-
მიტროფანე ლაღიძე (1869-1960) http://s44.radikal.ru/i106/0901/a0/ca4a8988b5de.jpg საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი. მიტროფანე ლაღიძემ 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ქუთაისში კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში, პარალელურად მუშაობდა ივანოვსკის ლიმონათის ქარხანაში, სადაც კარგად დაეუფლა ხილის წვენების დამზადების წესებს და შემდეგ საწარმოს სათავეში ჩაუდგა. 1902 წელს ლაღიძე საზღვარგარეთ გაემგზავრა. გერმანიასა და საფრანგეთში მან ხილეულის დამზადების ტექნოლოგიების ცოდნა გაიღრმავა და 1906 წელს თბილისში თავისი ქარხანა და მაღაზია გახსნა. ლაღიძემ პირველმა გამოიყენა წარმოებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხილი ნატურალური უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად. მანვე შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია. მის მიერ დამზადებულ სასმელებს მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები ვენის, პეტერბურგისა და სხვა გამოფენებზე. აღსანიშნავია, რომ ლაღიძის მიერ შემუშავებული რეცეპტურა საფუძვლად დაედო უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარებას მთელს საბჭოთა კავშირში. 1934 წელს ის უკრაინაში მიიწვიეს. მიწვეული იყო მოსკოვისა და ლენინგრადის ლიმონათის ქარხნებში, ასევე - კვების მრეწველობის სამინისტროში კონსულტანტად. არაერთხელ მიიპატიჟეს ეგვიპტეში, ირანსა და სხვა ქვეყნებში საკუთარი წარმოების გასახსნელად. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანას. ხაზგასასმელია ისიც, რომ ლაღიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ასევე დრამატული საზოგადოების აქტიური წევრი და დიდი ქველმოქმედი. მატერიალურად ეხმარებდა მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან და სხვებთან. ის გამოსცემდა ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს.
-
სერგეი ლაშქაროვი (1739-1814) http://i008.radikal.ru/0901/d8/fbfb58eaf0ce.jpg რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი დიპლომატი. სერგეი ლაშქაროვი იყო ვახტანგ VI ამალასთან რუსეთში გადახვეწილი ლაშქარ (იგივე ლაზარე) ბიბილურის ვაჟიშვილი. მას ქართულ და რუსულ ენებთან ერთად კარგად სცოდნია ფრანგული, თურქული, იტალიური, არაბული, სპარსული, ძველი და ახალი ბერძნული, სომხური ენები. 1762 წელს ლაშქაროვი გაამწესეს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ კი - რუსეთის კონსტანტინეპოლის საელჩოში, სადაც იყო საელჩოს მრჩეველი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ის ასევე იყო პირველი კონსული დუნაის სამთავროებში. ლაშქაროვი მონაწილეობდა სხვადასხვა საზავო მოლაპარაკებებში. აღსანიშნავია მისი დიდი როლი ყირიმის სახანოს რუსეთთან შეერთების საქმეში, რისთვისაც დიპლომატს ეკატერინე მეორემ კანცლერ-მრჩეველის წოდება მიანიჭა. ხაზგასასმელია მისი მონაწილეობა რუსეთ-საქართველოსა და რუსეთისა და კავკასიელ მთიელთა ურთიერთობის საქმეში. ის იყო მთავარი მრჩეველი საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხშიც. 1807 წლიდან ლაშქაროვი გაიგზავნა მოლდავეთისა და ვლახეთის სამართავად, სადაც მან უდიდესი მზრუნველობა გამოიჩინა ადგილობრივი კათოლიკური მოსახლეობის მიმართ, რისთვისაც რომის პაპის მადლობა დაიმსახურა.
-
მურმან ლებანიძე (1922-2002) http://s42.radikal.ru/i095/0901/cf/cfe2cc8e07c3.jpg ქართველი პოეტი. 1940 წელს მურმან ლებანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა სწავლა და ომში წავიდა, საიდანაც 1943 წელს, მძიმე ჭრილობების გამო, თბილისში დაბრუნდა. 1946 წლიდან ლებანიძე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში მუშაობდა, 1975 წლიდან კი შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი იყო. ლექსების პირველი კრებული პოეტმა 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძის პოეზია საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მასში ასახულია სინამდვილის სხვადასხვა ასპექტი და ნაირგვარი პოეტური თემა. პოეტის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მისი ერთობ ორიგინალური ძიებანიც მუდამ წინაპარ თანამოკალმეთა ტრადიციებს ემყარება. პოეტის გრძნობა და ფიქრი გამოხატულია ნატიფად და უშუალოდ, თავისუფალია ყოველგვარი სენტიმენტალობისა და პათეტიკურობისაგან. მის ლექსებს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რიტმის დინამიკურობა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები ("უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი", "მე გამიწვდია გასაჭირში კაცისთვის ხელი", "მარეკები შლიდნენ ბანაკს" და სხვა). მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზიის მიკროანთოლოგია. პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ, ჩეხურ და მსოფლიოს სხვა ენებზე. 1995 წელს ლებანიძე არჩეულ იქნა თბილისის საპატიო მოქალაქედ. დაჯილდოებულია შ.რუსთაველისა და გალაკტიონის სახელობის პრემიებით. პოეტი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
კონსტანტინე ლესელიძე (1903-1944) http://i071.radikal.ru/0901/e7/15a82817e4bf.jpg ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1971). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხისა და სხვა ორდენებით. 1921 წელს დაამთავრა ოზურგეთის გიმნაზია, ხოლო 1922 წელს - ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილება და იქვე დარჩა სამუშაოდ. 1929 წელს მან გაიარა მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების კურსები ლენინგრადში. 1937 წელს ლესელიძე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში 63-ე ქართული სამთომსროლელი დივიზიის მეთაურად, 1938 წელს კი ბელორუსიის სამხედრო ოლქში ვიტებსკის მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციებში: 1941-42 წლებში იყო დასავლეთის, კავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე მსროლელი კორპუსისა და არმიის არტილერიის უფროსი, მსროლელი კორპუსის მეთაური, ასევე 46-ე, 47-ე და მე-18 არმიების სარდალი. ის მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში მინსკთან, მდინარე ბერეზინასთან, დნეპრთან, ბრიანსკთან, ტულასთან, აგრეთვე შეტევით ბრძოლებში მოსკოვთან. ლესელიძე იცავდა კავკასიას, მონაწილეობა მიიღო ქალაქ ნოვოროსიისკისა და ტამანის ნახევარკუნძულის გათავისუფლებაში, ჟიტომირ-ბერდიჩევის შეტევით ოპერაციაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხისა და სხვა ორდენებით. კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
-
მგელიკა ლიქოკელი (XIX-XX) http://s60.radikal.ru/i169/0901/5e/52097b4fc223.jpg მგელიკა ლიქოკელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქარია იმ ხევსურ ექიმთა შორის, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ხალხური ცოდნის საფუძველზე მცენარეებისა და ბუნებრივი კომპონენტებისგან სხვადასხვა სახის მალამოებსა და წამლებს ამზადებდნენ. მგელიკას ცოდნასა და გამოცდილებას გაოცებაში მოჰყავდა თანამედროვე ექიმები. დასტაქარს შეეძლო ჭრილობებისა და გველის ნაკბენის მორჩენა, სხვადასხვანაირი სახის წამლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ჩატარებული თავის ქალის ურთულესი ოპერაციები, რომლის დროსაც პაციენტი ტკივილს არ გრძნობდა.
-
ძუკუ (პორფილე) ლოლუა (1887-1924) http://s43.radikal.ru/i102/0901/18/4ce590affbfe.jpg ქართველი ხალხური მომღერალი, ლოტბარი და პედაგოგი. აღიზარდა ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახში (დედა - მეჩონგურე, მამა - მომღერალი). 1897-98 წლებში ლოლუამ ჩამოაყალიბა ხალხური გუნდი და 1903 წლამდე მართავდა კონცერტებს დასავლეთ საქართველოს დაბებსა და ქალაქებში. მან გამოამზეურა და თავისი გუნდის რეპერტუარში შეიტანა მრავალი მეგრული ხალხური სიმღერა. 1911 წლიდან ლოლუამ მოღვაწეობა სოხუმში განაგრძო, რითაც საფუძველი ჩაუყარა საგუნდო ხელოვნების განვითარებას აფხაზეთში. 1917 წელს ლოტბარი პირველად ეწვია და კონცერტი ჩაატარა თბილისში, რის შემდეგაც აღმოსავლეთ საქართველოში იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ ლოლუას მრავალმხრივმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში მუსიკალური ფოლკლორის განვითარებას.
-
ნიკო ლომოური (1852-1915) http://s49.radikal.ru/i123/0901/fe/b3b94c045c29.jpg ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1875 წლიდან კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ კი - გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა. მწერლის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა. ნიკო ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა" და რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევის ზეგავლენით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდგომდროინდელი სოფლის ყოფა. მწერალი გლეხობის მძიმე ხვედრის მემატიანე იყო, ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად მას სწავლა-განათლება მიაჩნდა, რადგან გლეხის გაუნათლებლობა და ცრურწმენა ხელსაყრელ პირობას უქმნიდა ყველა ჯურის ექსპლუატატორს ("ალი", "ქაჯანა", "პაწია მეგობრები" და სხვა). ლომოურის კალამს ეკუთვნის ასევე ისტორიული ხასიათის მოთხრობები, პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, ლექსები და სხვა.
-
თამარ ლომოური (1883-1965) http://s56.radikal.ru/i151/0901/a0/fdd8e2496660.jpg პირველი ქართველი ისტორიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. 1924 წლიდან თამარ ლომოური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე, 1932 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი - ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ. თამარ ლომოურმა თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში დაცულ მრავალრიცხოვან ნუმიზმატიკურ მასალას მათი სრული მეცნიერული ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციის მიზნით. მან საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნას. შეისწავლა, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური და არაბული მონეტები და იკვლევდა საქართველოში ამ მონეტების გავრცელების სფეროს, აგრეთვე ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხებს. თამარ ლომოურმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინა რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხებისა: ვახტანგ მესამის ტახტზე ასვლის თარიღი, XIII-XIV საუკუნეებში ახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვა. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ისტორიული ხასიათის ნარკვევი, ნ. ბერძენიშვილთან ერთად გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს გეოგრაფია", როგორც მთავარი რედაქციის წევრმა და რეცენზენტმა, დიდი წვლილი შეიტანა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" შექმნაში.
-
ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944) http://s58.radikal.ru/i160/0901/c3/ffa2d8adcc90.jpg ქართველი მწერალი. ნიკო ლორთქიფანიძე დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, მაგრამ საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა და ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, საიდანაც მოკლე ხანში იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1902 წელს ნიკო ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ლეობენის სამთო აკადემიაში ჩაირიცხა. 1907 წელს ისე, რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, ლორთქიფანიძე სამშობლოში დაბრუნდა. მომდევნო წლებში ის გერმანულ ენას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, იყო რედაქტორი ჟურნალისა "ერი", რომელიც ხელისუფლებამ ეროვნული პოზიციის გამო დახურა. 1925 წლიდან ნიკო თბილისში გადმოვიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო, პარალელურად ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობასაც. 1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი "ცხოვრება და ლიტერატურა". 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ "სამშობლოს" პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი - რედაქტორად. ლიტერატურული მოღვაწეობა ნიკომ 1902 წლიდან დაიწყო. თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. მან იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა მწერალმა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრთა მრავალფეროვნებით. ლორთქიფანიძის კალამს ეკუთვნის რომანი "ბილიკებიდან ლიანდაგზე", პიესები, ნოველები და მოთხრობები, მაგრამ მისი მხატვრული ოსტატობა სრულყოფილად გამოვლინდა მცირე ჟანრის ნაწარმოებებში. მწერალი უფაბულო მინიატურების ჭეშმარიტი დიდოსტატია, პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ლორთქიფანიძის ღრმა ლირიზმით გამსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის გულისტკივილი ისმის ("საქართველო იყიდება", "მოლოდინში", "მრცხვენია", "რეკა" და სხვა). ლორთქიფანიძის შედევრებად ითვლება ის სიუჟეტიანი ლირიულ-ეპიკური ნაწარმოებები, რომლებშიც მწერლის ყურადღების ცენტრშია ცხოვრების ბედ-უკუღმართობით დაჩაგრული უბრალო ადამიანი, პიროვნებები, რომლებიც "უძეგლოდ იკარგებიან" ("თავსაფრიანი დედაკაცი", "ტრაგედია უგმიროდ", "პატარა კაცი", "მარად და მარად", "სენტიმენტალური ნახატები"). ლორთქიფანიძის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს ("მრისხანე ბატონი", "ჟამთა სიავე", "რაინდები", "ქედუხრელნი"), რომლებიც მთლიანად მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ადექვატურად ასახავენ საქართველს წარსულს. ნიკო ლორთქიფანიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, საიდანაც 1954 წელს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
-
ოთარ ლორთქიფანიძე (1930-2002) http://s47.radikal.ru/i117/0901/8c/58760bd7a503.jpg ქართველი არქეოლოგი, ანთროპოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი. 1957 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1966 წელს მას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო სამ წელიწადში პროფესორი გახდა. 1972 წლიდან იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1977 წლიდან ლორთქიფანიძის ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიული და არქეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. 1985 წელს აკადემიკოსის ინიციატივით დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). ოთარ ლორთქიფანიძე ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან ზოგიერთს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის პრემია, მათ შორის ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია (2000). ოთარ ლორთქიფანიძე არჩეული იყო პოლონეთის არქეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოების წევრად, კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (რომი) წევრად, ასევე გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის (ბერლინი) წევრ-კორესპონდენტად. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალის რედაქციებისა და კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
-
ალექსანდრე ლოსაბერიძე (1903-1972) http://s54.radikal.ru/i144/0901/6a/a1e9680db5a6.jpg ქართველი მეცნიერი, ჰიდროტექნიკოსი, ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. 1930 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნკური ინსტიტუტი. 1965 წელს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1966 წელს კი გახდა პროფესორი. ის იყო საქართველოში ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ლოსაბერიძის შრომები ძირითადად ეძღვნება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდებს. მასვე ეკუთვნის გამოკვლევები საქართველოს ძველი სარწყავი არხებისა და წყალსადენების შესახებ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
-
ლუარსაბ I (1502-1556) http://s52.radikal.ru/i136/0901/8c/5f28219c19ad.jpg ქართლის მეფე 1527-1556 წლებში. უფროსი ძე დავით X-ისა. 1522 წელს უფლისწულმა ლუარსაბმა დიდი გმირობა გამოიჩინა თელეთის ბრძოლაში, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და გააქცია ირანელთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი, თუმცა თბილისი, ქალაქის თავის ღალატის გამო, ირანელებს ჩაუვარდათ ხელში. ორი წლის შემდეგ ქართველებმა თბილისი მაინც დაიხსნეს და ირანელები მთლიანად გარეკეს ქართული მიწა-წყლიდან. 1526 წელს ლუარსაბმა ცოლად შეირთო იმერეთის მეფის, ბაგრატ III ასული, თამარი და მომდევნო წელს, ბიძის - გიორგი IX ბერად შედგომის შემდეგ, ქართლში გამეფდა. 1538 წლიდან დაიწყო ირანის ხელმწიფის, შაჰ-თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში, რომელთა დროსაც ლუარსაბ მეფე ძირითადად თარეშული ომის ხერხს მიმართავდა და შედეგად, ამ ლაშქრობებისას, შაჰმა უფრო მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. მან ვერც ქართლი ამოწყვიტა და ვერც მისი მეფე დაიმორჩილა. მიუხედავად თბილისის ციხისთავთა გამუდმებული ღალატისა, მთლიანად ქართლი მტრის შემოსევებმა ვერ გაანადგურა. ლუარსაბი ქართლის ციხეებში ჩაყენებულ ყიზილბაშთა ციხიონებს მოულოდნელი თავდასხმებით ავლებდა მუსრს. 1556 წელს სოფელ გარისთან დიდი ბრძოლა გაიმართა. ბრძოლის წინ ლუარსაბმა მეფედ უფროსი ვაჟი - სვიმონი გამოაცხადა და მთავარსარდლობაც მას ჩააბარა. 19 წლის სვიმონის სარდლობით ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ უკვე მხცოვანი ლუარსაბი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ლუარსაბ I სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.
-
გიორგი მაისურაძე (1817-1885) http://s50.radikal.ru/i127/0901/b9/57177715465e.jpg ქართველი ფერმწერი, ქართული რეალისტური პორტრეტის ფუძემდებელი. დაიბადა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. იყო პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმა, რომელმაც იგი 1837 წელს ყმობიდან გაათავისუფლა და სასწავლებლად პეტერბურგში გაგზავნა. გიორგი მაისურაძე პირველი ქართველი ფერმწერია, რომელმაც განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. იყო კარლ ბრიულოვის მოსწავლე. 1950 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში ასწავლიდა ხატვას. მისი ნამუშევრების ნაწილი დაკარგულია. შემორჩენილია რამდენიმე პორტრეტი, რომლებიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1870-იან წლებში გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული ავტოპორტრეტი. გარდაიცვალა 1885 წელს ქალაქ ქუთაისში.