Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. დიდთოვლობა შეერთებულ შტატებში დიდთოვლობა შეერთებულ შტატებში. ძლიერი თოვლისა და ყინვების გამო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დიდთოვლობაა ნიუ იორკის შტატში, ასევე ვერმონტში, მენში, კონეკტიკუტში, ნიუ ჰემფშირსა და მასაჩუსეტში. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, მასაჩუსეტსა და ნიუ ჰემფშირში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, დახურულია ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში დროებით სწავლა შეწყდა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, შეწყვეტილია ავიამიმოსვლა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ელექტრომომარაგება რამდენიმე დღეში აღდგება. სინოპტიკოსების განცხადებით, დიდთოვლობა შეერთებული შტატების ჩრდილოეთით კვირის ბოლომდე გასტანს.
  2. ჯორჯ ბუში ავღანეთს ეწვია შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ ბუშისთვის ეს ვიზიტი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელია. ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრამდე, ბუში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ავღანეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მოგვიანებით ჯორჯ ბუში ჰამიდ კარზაის შეხვდა და მომავალში დახმარება აღუთქვა. ავღანეთში ბუში ერაყიდან ჩაფრინდა, სადაც პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ადგილობრივმა ჟურნალისტმა ფეხსაცმელები ესროლა და ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ბუშმა ნასროლი ფეხსაცმელი ორივეჯერ აიცილა. მოგვიანებით ჟურნალისტი ერაყელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ერაყელ ჟურნალისტებს კი კოლეგის საქციელის გამო ბოდიშის მოუხდა მოუწიათ. ჯორჯ ბუში ერაყს მოულოდნელად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ერაყის მთავრობის წარმომადგენლებსა და იქ მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდა. მთავრობის ლიდერებთან ბუშმა იმ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, 2011 წლისთვის ამერიკულმა ჯარებმა ერაყის ტერიტორია სრულად უნდა დატოვონ.
  3. თბილისში პირველი თოვლი მოვიდა თბილისში წელს პირველი თოვლი მოვიდა. გუშინ შუა ღამიდან გადაუღებლად თოვს. სრულ მობილიზაციაში იმყოფება მერიის დასუფთავების სამსახური, რომელიც მუშაობის ოცდაოთხსაათიან რეჟიმზეა გადასული. ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე. გართულებულია მოძრაობა ბაგებში, წყნეთსა და კოჯორში. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, თოვა აღმოსავლეთ საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
  4. მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება.
  5. სოზარ სუბარი: სპორტის აკადემია კანონის სრული უგულებელყოფით გაუქმდა "სპორტის აკადემია პროცედურული დარღვევებითა და კანონის სრული უგულებელყოფით გაუქმდა", - ამის შესახებ განცხადება დღეს სახალხო დამცველმა გააკეთა. სოზარ სუბარის თქმით, აკადემიას აკრედიტაცია 2012 წლამდე ჰქონდა მინიჭებული. იმისთვის, რომ განხორციელებულიყო კანონიერი რეორგანიზაცია კულტურის სამინისტროს მიერ პარლამენტში სპეციალური წარდგინება უნდა განხილულიყო. სახალხო დამცველის აპარატი უკვე რამდენიმე თვეა წარდგინების დოკუმენტაციას სამინისტროსაგან უშედეგოდ ითხოვს. სუბარის თქმით, თუ სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ დოკუმენტაციას ორი კვირის ვადაში ვერ მიიღებს, კულტურის სამინისტროს 800-დან 2000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.
  6. "სოლიდარობის ფონდი" ახალი ინიციატივით გამოდის "სოლიდარობის ფონდი" მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად ახალი ინიციატივით გამოდის. კანონპროექტს, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის გაუმჯობესებული პირობების შექმნას ითვალისწინებს, ბიზნესმენები იხილავენ. განხილვის შემდეგ, კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს გადაეცემა, რის შემდეგაც მას საკანონმდებლო ორგანო გაეცნობა. "სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტის ამოქმედების შემთხვევაში, მცირე ბიზნესი ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად განვითარდება.
  7. პან გი მუნი უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს წარუდგენს გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის როლთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს წარუდგენს. გაერო-ს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს წინაშე თებერვალში წარდგება. პან გი მუნი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის პირობებში დაძაბულობის მაჩვენებელი გაიზარდა. "ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა შესაბამის მხარესთან და იმედი მაქვს, რომ თებერვლისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოსათვის ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების წარდგენას შევძლებ", - განაცხადა პან გი მუნმა. გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერო-ს სადამკვირვებლო მისია აფხაზეთში დარჩება, იგი აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მანდატით, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
  8. გრიგოლ ვაშაძე ჰანს იორგ ჰაბერსა და ჯონ ტეფტს შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ გრიგოლ ვაშაძესთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა და ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა. დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული მხარის მიერ სოფელ პერევში განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ არღვევს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეხვედრის შემდეგ სპეციალური განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა.
  9. ბაქრაძე საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. დავით ბაქრაძემ ახალი შეთავაზება დღეს ბიუროს წევრებსაც გააცნო.
  10. ნოე ჟორდანია (1868-1953) http://s44.radikal.ru/i106/0812/b7/f3a718517d62.jpg სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი, ქართველი მენშევიკების ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ცნობილი იყო ფსევდონიმებით: კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე და სხვა. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. საქართველოში დაბრუნებული ჟორდანია ეწეოდა მარქსისტული იდეების აქტიურ პროპაგანდას. 1890 წლიდან პოლიტიკაში ჩაერთო და დააფუძნა პირველი ლეგალური მარქსისტული ორგანიზაცია "მესამე დასი". 1898 წლიდან იყო გაზეთ "კვალის" რედაქტორი. რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის II ყრილობის შემდეგ ჟორდანია კავკასიის მენშევიკთა ლიდერი გახდა. 1905 წლიდან გამოსცემდა ქართულ მენშევიკურ გაზეთს "სოციალ-დემოკრატია", რომელიც ცნობილი იყო მწვავე განცხადებებით ბოლშევიკების მიმართ. 1905 წლის რევოლუციის დროს ჟორდანია შეიარაღებული აჯანყების წინააღმდეგ გამოდიოდა და მხარს უჭერდა მუშათა ლეგალური პარტიის შექმნას. იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან და სათათბიროს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ლიდერი. 1912 წელს ბაქოში ხელმძღვანელობდა მენშევიკურ გაზეთს "ნაშე სლოვო". 1914 წელს კი თანამშრომლობდა ტროცკის ჟურნალში "ბორბა", სადაც გამოაქვეყნა რიგი სტატიებისა ეროვნულ საკითხებზე. ის მხარს უჭერდა "კულტურულ-ეროვნული ავტონომიის" შექმნას და მასში ხედავდა ეროვნული საკითხის გადაჭრის გზას. იგი არ ცნობდა ეროვნული სახელმწიფოს შექმნის უფლებას და უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, მისი ლიდერებისა და საქართველოს ისტორიული წარსულის მიმართ. 1917 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ნოე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ იქნა არჩეული და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მენშევიკურ ძალთა კონსოლიდაციაში. 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა და 24 ივლისს ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გახდა. სამი წლის განმავლობაში ჟორდანია სათავეში ედგა ქვეყანას, მაგრამ 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, იძულებული შეიქნა საფრანგეთში გაქცეულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა დევნილობაში მყოფ მთავრობას და ამაოდ ცდილობდა დაეთანხმებინა დასავლეთი დაპყრობილი საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენაზე. ჟორდანია გარდაიცვალა პარიზში, 1953 წლის 11 იანვარს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
  11. ქალაქ პორტოს ქუჩებში 14 000 სანტა კლაუსი გამოვიდა პორტუგალიის ქალაქ პორტოს ქუჩებში 14 000 სანტა კლაუსი გამოვიდა. მიუხედავად ცივი და წვიმიანი ამინდისა, აქციას თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა. გარდა სანახაობისა, სანტების მსვლელობას საქველმოქმედო მიზნებიც აქვს. აქციის შედეგად მოპოვებული თანხა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხება. წელს პორტოში მოწყობილ აქციაში სანტა-კლაუსების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. ბოლო რეკორდი გასულ წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში დაფიქსირდა, სადაც მსვლელობაში დაახლოებით 13 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
  12. საშობაო მზადება ბარაკ ობამას ოჯახშიც დაიწყეს საშობაო მზადება ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ოჯახშიც დაიწყეს. ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში შობა-ახალი წლის ყველაზე მთავარი ატრიბუტის ნაძვის ხის შესაძენად ბარაკ ობამა საკუთარ ქალიშვილებთან ერთად მივიდა. ობამების ოჯახმა საახალწლო ნაძვის ხე აარჩია, თუმცა ქუჩაში შეკრებილი უამრავი ადამიანის გამო, რომლებიც ამერიკის ახალ პრეზიდენტთან გასაუბრებას ცდილობდნენ, მისი სახლში წაღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბარაკ ობამა მოსახლეობას გაესაუბრა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. ნაძვის ხეს კი პრეზიდენტის ოჯახს მოგვიანებით გაუგზავნიან.
  13. ტაილანდს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს ტაილანდს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ოპოზიციური "დემოკრატიული პარტიის" ლიდერ აბხისტ ვეტჩაჩივას კანდიდატურას პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე 235-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მთავრობის მეთაურის პოსტზე კენჭს ქვეყნის პოლიციის ყოფილი უფროსი პრაჩა პომნოკიც იყრიდა, რომელსაც 198-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვეტჩაჩივა ტაილანდის მეხუთე პრემიერი ხდება. ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი პარტია ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერს სომჩაი ვონგსავატს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.
  14. თსუ-ში შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში დღეს გამოჩენილი აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და პარაკლისი გადაუხადეს. შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
  15. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა იწყება საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღეიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებული პატიმრებისთვის მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა იწყება. ჩანაცვლებით თერაპიას გლობალური ფონდი დააფინანსებს. პროგრამის დაწყების შესახებ ერთობლივი ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა. პროგრამის პრეზენტაციას დღეს პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწო. როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2-3 თვეს გაგრძელდება. მისივე თქმით, თუ პროცესი გაამართლებს, მის გაგრძელებაზეც იქნება საუბარი.
  16. გია თორთლაძე ჰამბურგში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე დღეს ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას ბუნდესტაგის დეპუტატები, კავკასიის ექსპერტები გერმანიიდან და წამყვანი გაზეთების ჟურნალისტები მიიღებენ. კონფერენცია ქართული სათვისტომოს ორგანიზებით იმართება.
  17. სერგეი ლავროვმა 2008 წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეაფასა 2008 წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკა სერგეი ლავროვმა "ინტერფაქსთან" საუბრის დროს შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში 2009 წლის ძირითად ამოცანებზეც ისაუბრა. გასული წლის მთავარ მოვლენად სერგეი ლავროვმა აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები დაასახელა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით მოქმედებდა. თუმცა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს ნატო-მ საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც, ლავროვის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან რეალური ფაქტების იგნორირება იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონფლიქტის შემდეგ ევროატლანტიკური პოლიტიკის სრული რეკონსტრუქცია მოხდა, სადაც ევროკავშირის როლი საგრძნობლად გაიზარდა. 2008 წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის ლავროვმა მსოფლიო ფინანსური კრიზისიც დაასახელა. მისი თქმით, პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მომავალი თანამშრომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
  18. გემ "აქსიონზე" ქართველი ენვერ ვარშანიძე გარდაცვლილი იპოვეს გემ "აქსიონზე", რომელიც სომალელ მეკობრეებს ჰყავდათ გატაცებული, ქართველი ენვერ ვარშანიძე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ქართველმა მეზღვაურმა თავი მოიკლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ენვერ ვარშანიძის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. სომალელმა მეკობრეებმა გემი 12 ოქტომბერს გაიტაცეს.
  19. რუსი სამხედროები პერევში რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მთავრობას მოუწოდა, სოფელ პერევიდან და იქ მდებარე უკანონო ბლოკ-საგუშაგოდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი საჯარისო შენაერთები. პერევში ჩაშლილია სასწავლო პროცესი. დღეს დილით სკოლაში მხოლოდ 6 ბავშვი მივიდა, რის გამოც სკოლის დირექციამ სწავლა შეწყვიტა. სხვა სოფლებში მცხოვრები პედაგოგები შიშის გამო პერევში არ წასულან. სოფლის ოკუპაციის გამო წელს პერევში სასწავლო პროცესი უკვე მესამედ ჩაიშალა. სამხედროებმა სამი დღის წინ სოფელი პერევი დატოვეს, თუმცა რამდენიმე საათში უკან დაბრუნდნენ და დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანეს. რუსმა სამხედროებმა ტერიტორიაზე გადაადგილება ელჩებსაც აუკრძალეს. საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს ერთიანობა და მისი სუვერენიტეტი.
  20. ერაყელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა ერაყელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბუში ერაყის პრემიერ-მინისტრთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა. დაცვამ ჟურნალისტი ოთახიდან გაიყვანა. ერაყელ ჟურნალისტებს კი კოლეგის საქციელის გამო ბოდიშის მოუხდა მოუწიათ. ჯორჯ ბუში ერაყს მოულოდნელად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ერაყის მთავრობის წარმომადგენლებსა და იქ მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდა. მთავრობის ლიდერებთან ბუშმა იმ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედით, 2011 წლისთვის ამერიკულმა ჯარებმა ერაყის ტერიტორია სრულად უნდა დატოვონ.
  21. საბერძნეთის მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს ერთკვირიანი არეულობის შემდეგ საბერძნეთის მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ბერძნულმა გამომცემლობამ ჩაატარა. შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 83 პროცენტი მთავრობის მოღვაწეობით უკმაყოფილოა და თვლის, რომ ქვეყანაში მოსახლეობისთვის სათანადო უსაფრთხოების პირობები უზრუნველყოფილი არ არის. საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, მასშტაბური არეულობა საბერძნეთში სოციალურმა პრობლემებმა გამოიწვია. პოლიციის მიერ 15 წლის ბავშვის მკვლელობამ კი აქციებს მხოლოდ ბიძგი მისცა. ერთკვირიანმა არეულობამ ათენს 200 მილიონი ევროს ზარალი მოუტანა. აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დაპატიმრებულია.
  22. ნინო ბურჯანაძე აშშ-ში გაემგზავრა ნინო ბურჯანაძე დღეს გამთენიისას შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკაში ვიზიტამდე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი კიევს ეწვევა. ნინო ბურჯანაძე კიევში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე ბურჯანაძე სპეციალური მოხსენებით გამოვა. კიევიდან იგი ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
  23. პარლამენტის ბიურო წლის ბოლო სხდომას გამართავს პარლამენტის ბიურო დღეს წლის ბოლო სხდომას გამართავს. დეპუტატები წლის მიწურულს პლენარულ სხდომებზე 32 საკითხს განიხილავენ. პარლამენტარები ახალ ელჩებსაც დაამტკიცებენ. ბათუ ქუთელიას ამერიკაში, ჩეხეთში ნინო ნაკაშიძეს, ისრაელში ზვიდ ჭუმბურიძეს და კვიპროსში ვლადიმერ კონსტანტინიდს. ასევე დაგეგმილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანაც.
  24. დავით ბაქრაძე თბილისში დაბრუნდა პარლამენტის თავმჯდომარე დღეს გამთენიისას თბილისში დაბრუნდა. დავით ბაქრაძემ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დეტალებზე კომენტარი აეროპორტშივე გააკეთა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი ძირითადად საქართველოში არსებულ კონფლიქტებს, მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე შეერთებულ შტატებში ერთი კვირის წინ გაემგზავრა და შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან გამართა.
  25. ალან პლიევი - ოსური მხარე მზად არის კონფლიქტის ზონაში დევნილების დაბრუნებას ხელი შეუწყოს ოსური მხარე მზად არის კონფლიქტის ზონაში დევნილების დაბრუნებას ხელი შეუწყოს. განცხადებებს ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების დაწყების წინ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ. როგორც დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან პლიევმა რუსულ გამოცემა "გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ოსური მხარე მზადაა დიალოგისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის, თუმცა ჟენევის მოლაპარაკებებისგან ის რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას არ ელოდება. პლიევმა ინტერვიუში იმ გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართველების დაბრუნებას ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა ედუარდ კოკოითმა უკვე დაამტკიცა.
×
×
  • შექმენი...