Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ვასილ მჟავანაძე (1902-1988) http://s52.radikal.ru/i135/0901/88/b6f99547753b.jpg ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე დაიბადა 1902 წელს ქ. ქუთაისში. 1915-1924 წლებში მუშაობდა მუშად ქ. ხონში. შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში. პარალელურად სწავლობდა სამხედრო სკოლაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი. წარმატებული სამხედრო კარიერის შედეგად მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. იყო სამხედრო საბჭოს წევრი ჯერ ლენინგრადის, ხოლო შემდეგ უკრაინის ფრონტებზე. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქ. გორში. სხვადასხვა საბაბთა მომიზეზებით, აფერხებდა როკის გვირაბის მშენებლობას. იყო სოციალისტური შრომის გმირი და ლენინის ორდენის კავალერი, მაგრამ 1972 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ე.წ. "ცეხავიკებისათვის" ხელის შეწყობის მომიზეზებით. ამავე წლიდან იმყოფებოდა პენსიაზე. გარდაიცვალა 1988 წელს.
  2. მაყვალა მრევლიშვილი (1909-1968) http://s40.radikal.ru/i087/0901/c9/804a29a14b76.jpg მაყვალა ალექსანდრეს ასული მრევლიშვილი - ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, დაიბადა თბილისში 1909 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი "წერილი აბასთუმნიდან" 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის თემაზე შექმნა პოემა "ჭირნახული", რომელმაც იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. ლექსთა კრებულებმა "ქართვლის უბეში" (1950), "ლექსები" (1958), "ჩემი ზეკარი" (1960) "გულისა" (1961), პოემამ "მზისკენ" (1962) საყოველთაო აღიარება მოიპოვა. საგულისხმოა მისი ღვაწლი საბავშვო მწერლობის განვითარებაში. ბავშვთა საყვარელი ლექსები გახდა "დილა მშვიდობისა", "ჯეჯილში", "ჩიტო-ჩიტო", "კიკლი-კიკლი კიბესა" და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ გადამუშავებული ზღაპრები - "ირმისა", "კომბლე". თარგმნა და გამოსცა ლიტერატურული ზღაპარი "მზის დამხსნელი", შარლ დე კოსტერის "ულენშპიგელის ლეგენდა". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, სლოვაკურ და სხვა ენებზე. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით. გარდაიცვალა 1968 წელს.
  3. ლეონტი მროველი (XI საუკუნე) http://i066.radikal.ru/0901/76/06a43af264c9.jpg მწერალი, მწიგნობარი, ისტორიკოსი, საეკლესიო მოღვაწე. ლეონტი მროველი ყოფილა რუისის ეპისკოპოსი, საერო, საისტორიო, საეკლესიო და აპოკრიფული მწერლობის ჩინებული მცოდნე, ფლობდა ბერძნულსა და სპარსულ ენებს. მროველი არის ავტორი ნაწარმოებისა "მეფეთა ცხოვრება", რომელიც შესულია "ქართლის ცხოვრებაში" და რომელშიც მოთხრობილია ქართველთა თავგადასავალი მსოფლიო ისტორიასთან კავშირში უძველესი ხანიდან VI საუკუნემდე. ავტორი იყენებს ქართულ, ბერძნულ და სპარსულ წყაროებს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები შეიცავს საგრძნობ ბელეტრისტულ ნაკადს. მროველს შემოაქვს საფალავნო-საგმირო თხრობანი და ფანტასტიკური ამბები, რაც ნაწარმოებს მხატვრული ლიტერატურის ელემენტებით ამდიდრებს. ლეონტი მროველის ადრინდელი ნაწარმოებებია ჰაგიოგრაფიული თხზულება "ნინოს ცხოვრება" (ანონიმური "ნინოს ცხოვრების" გადამუშავებული და უცხოური წყაროებით გამდიდრებული ვარიანტი) და, ასევე, მოკლე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები "წამება არჩილ მეფისა", რომელიც ეხება VII აუკუნის მიწურულს და შინაარსობრივად ძალზე ღარიბია ამ ეპოქის ამსახველ ცნობათა სიმცირის გამო. თუმცა, მეცნიერთა ერთი ნაწილის (თ. ჟორდანია, ს. კაკაბაძე და სხვანი) აზრით, შეუძლებელია ლეონტი მროველი ამ ნაწარმოებების ავტორი იყოს, ის მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია.
  4. გრიგოლ მუხაძე (1879-1945) http://s45.radikal.ru/i110/0901/3e/924521fef0c9.jpg ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერული და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. დაიბადა თბილისში. 1908 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. გრიგოლ მუხაძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტისა და მისი სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. 1924-25 წწ. იყო თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის (ამჟ. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო) დირექტორი. 1932 წელს, თბილისში მისი თაოსნობით შეიქმნა სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური, რომლის პირველი დირექტორი თავად იყო (ამჟ. მისი სახელობის სისხლის გადასხმის ინსტიტუტი). დიდი სამამულო ომის წლებში მუშაობდა ევაკოჰოსპიტლების კონსულტანტად. 1946 წელს მისი თაოსნობით დაარსდა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ბავშვთა ქირურგიის, ონკოლოგიისა და ქირურგიის სხვა დარგების განვითარებაში. შეისწავლა ანესთეზიოლოგიის, გულსისხლძარღვთა, სისხლის გადასხმის და სხვა საკითხები. იყო საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.
  5. შიო მღვიმელი (1866-1933) http://s50.radikal.ru/i129/0901/4f/131c4eeceaec.jpg შიო მღვიმელი ქართველი საბავშვო მწერლის, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილის ფსევდონიმია. დაიბადა იგი 1866 წელს ქარელის რაიონის სოფელ ბრეთაში. იყო ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1923 წელს მიენიჭა დამსახურებული მწერლის წოდება. გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშაობდა ჯერ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან - ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციაში კორექტორად. 1885 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "დილა". მალე დაიწყო მისი ლექსების პატარ-პატარა წიგნებად გამოცემა. აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებში "ჯეჯილსა" და "ნაკადულში", შემდეგ "პიონერსა" და "ოქტომბრელში". სიკეთე, სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება, ჰუმანიზმი იყო ის ძირითადი თემები, რომლებსაც ავითარებდა თავის პოეზიაში. პედაგოგიურ შეხედულებათა ზედმიწევნით მცოდნე შიო მღვიმელი მომავალ თაობას კაცთმოყვარეობასა და მომავლის რწმენას უღვივებდა. გარდა ლექსებისა, მას ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული და ორიგინალური ზღაპრები: "რწყილი და ჭიანჭველა", "ყვინჩილა და ფისო", "ოქროს თავთავი", "ძუნწი" და სხვა. პოეტური ენის სისადავე, ხალხურ პოეზიასთან სიახლოვე მღვიმელს ანათესავებდა, ერთი მხრივ, ა. წერეთლის სკოლის პოეტებთან, მეორე მხრივ კი - ვაჟა-ფშაველასთან. პოეტს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ვაჟასთან, ეკატერინე გაბაშვილთან, რომლებმაც გაითვალისწინეს საზოგადოებრივი აზრი და 1916 წელს 30 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე გადაუხადეს. გარდაიცვალა 1933 წელს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
  6. პეტრე მშვენიერაძე (1929-2003) http://s50.radikal.ru/i130/0901/7e/670f2e716f68.jpg ქართველი წყალბურთელი, საქართველოში სპორტული ცურვისა და წყალბურთის ფუძემდებლის, ლუკა იოაკიმიდის მოსწავლე. თამაშობდა თბილისისა და მოსკოვის "დინამოში" იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1950-63) და კაპიტანი (1953-63). 1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე იგი იყო წყალბურთელთა საბჭოთა ნაკრების გუნდის კაპიტანი. ამ ოლიმპიადაზე ნაკრებმა უნგრელთა წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი უდიდესი მნიშვნელობის იყო განსაკუთრებით უნგრელებისთვის, რომელთაც რამდენიმე კვირა სრულ იზოლაციაში გაატარეს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე და მხოლოდ ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ სამი კვირით ადრე საბჭოთა ინტერვენციას ათასობით უნგრელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატჩზე გამოსული უნგრეთის ნაკრები არჩევანის წინაშე იდგა: ეთამაშათ ნორმალური მატჩი თუ ებრძოლათ, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ უნგრელების სწრაფვა თავისუფლებისკენ. მათ ბრძოლა არჩიეს. მატჩი, რომელშიც სისხლი და ემოციები ჭარბობდა სპორტს და რომელიც ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სისხლიან მატჩად შევიდა, ცივი ომის სიმბოლოდ იქცა და უნგრელთა გამარჯვებით დასრულდა. საბჭოელებმა ოლიმპიადაზე მხოლოდ მე-3 ადგილი მოიპოვეს. უკეთესი შედეგი ჰქონდა მშვენიერაძეს 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე, სადაც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ასევე ვერცხლისა (1962) და ბრინჯაოს (1958) მედლები. არის საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1949). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. პეტრე მშვენიერაძე 2003 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა მოსკოვში.
  7. ვანო მჭედლიშვილი (1903-1970) http://s44.radikal.ru/i106/0901/e2/116145d45b86.jpg ქართველი ლოტბარი. დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში. მამამ სიმღერას ბავშვობიდან აზიარა. შესანიშნავად უკრავდა ფანდურზე და ძმასთან ერთად მღეროდა. 1923-24 წლებში კაკაბეთში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მომღერალთა ანსამბლი და სწორედ აქედან დაიწყო მისი, როგორც ლოტბარის, ბიოგრაფია. 1927 წელს პოეტმა იოსებ მჭედლიშვილმა თბილისში ჩამოიყვანა. მანვე შექმნა 7-8 კაციანი მომღერალთა ჯგუფი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 1929 წელს საქართველოს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ვ. მჭდლიშვილი უკვე თავისი გუნდით წარსდგა და ჟიურის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. 1930 წელს მიხო ჯიღაურთან ერთად იმოგზაურა მოსკოვ-ლენინგრადში და ფირფიტაზე ჩაწერა რამდენიმე სიმღერა. 1940 წლიდან ვანო მჭედლიშვილი გადაყვანილ იქნა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში და სწორედ აქ გამოჩნდა მისი, როგორც ლოტბარის, არაჩვეულებრივი ნიჭი. მან პირველად ააჟღერა მთელი რიგი ქართლ-კახური სიმღერებისა, რომლებიც დღემდეა რეპერტუარში. აღსანიშნავია ვანოს, როგორც სიმღერების შემკრებისა და აღმდგენელის მოღვაწეობა. მას ფეხით აქვს მოვლილი ქართლ-კახეთის სოფლები. არ დატოვა არც ერთი სიმღერის მცოდნე, რომლისგანაც სიმღერები არ შეესწავლოს, აღსანიშნავია, რომ ვანოს პროფესიულ-მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ მას ზეპირად უხდებოდა სიმღერის შესწავლა და ასევე ზეპირად გადასცემდა სხვას. მან დაკარგვას გადაარჩინა "ჩაკრულო", "გარეკახური მრავალჟამიერი", "შემოძახილი", "ტურფანი სხედან ჩარდახსა", "შენ, ბიჭო, ანაგურელო" და სხვა. აღსანიშნავია, რომ ბევრი სიმღერა, პირადად ვანოს მიერ არის დამუშავებული. მაგ: "კალოსპირული", "წინწყარო", "არხალალო" და სხვა. სიმღერების შეკრება-აღდგენისა და დამუშავების გარდა ეწეოდა დიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სიმღერებს ასწავლიდა ბავშვებს, ხელმძღვანელობდა გუნდებს. აღზარდა მთელი პლეადა მომღერლებისა - საკმარისია დავასახელოთ ჰამლეტ გონაშვილი, რომლის, როგორც მომღერლის, ჩამოყალიბებაში ვანო მჭედლიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის.
  8. კოლაუ (ნიკოლოზ) ნადირაძე (1895-1990) http://s49.radikal.ru/i124/0901/dc/033526f117ab.jpg ქართველი პოეტი, "ცისფერყანწელების" სიმბოლისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ "ცისფერ ყანწებში". პირველი წიგნი "ბალდახინი" გამოსცა 1920 წ. კოლაუ ნადირაძემ განვლო გზა კლასიკური პოეტური აზროვნებისა და ფორმების უარყოფიდან ქართული პოეზიის ძირძველ ტრადიციათა აღორძინებამდე. მისი სწრაფვა ჰარმონიისაკენ გამოიკვეთა ლექსებში: "ოცნება საქართველოზე", "მთვარის წყალობა", "ჩემს ბავშვებს", "თამარის ხიდი" და სხვა. პოეტისთვის გადამწყვეტია ეროვნული სულისკვეთება, მისი შთაგონების წყაროა ქართველ წინაპართა დიდებული სახეები და მისი ღვაწლმოსილი თანამედროვენი. ავტორია პოემებისა, მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. http://s52.radikal.ru/i137/0901/51/dea23528ec79.jpg
  9. რევაზ ნათაძე (1903-1984) http://s61.radikal.ru/i173/0901/8d/0246abec3811.jpg ქართველი ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით. მუშაობა დაიწყო იქვე, ფსიქოლოგიის კათედრაზე. 1950 წლიდან იყო ამ კათედრის უცვლელი ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც: ფსიქოტენიკური ლაბორატორიის გამგედ, სატრანსპორტო ფსიქოტენიკური ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელად, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფსიქოლოგიის სექტორის გამგედ, გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. თანამშრომლობდა ჟურნალ "ვოპროსი ფსიხოლოგია"-ში, იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავრი სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1964-74 წლებში საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებამ პრეზიდენტად აირჩია. მისი მრავალმხრივი ნაშრომები ითარგმნა და გამოქვეყნდა აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში. რევაზ ნათაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებებია: ცნების ჩამოყალიბების ფსიქოლოგია და მისი ონტოგენოზი, სივრცის მიმართულებათა აღქმის ძირითადი ფაქტორების პრობლემა, წარმოსახვითი განწყობის შემუშავება, სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლების პრობლემა და სხვა. არის ფსიქოლოგიის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი.
  10. აბიბოს ნეკრესელი (VI საუკუნის II ნახევარი) http://s58.radikal.ru/i159/0901/27/645ace53da04.jpg საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასრულ მამათაგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა დიაკვნად, შემდეგ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას. გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები, ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ზოროასტრიზმის) გავლენას. ნეკრესის ტაძრის მახლობლად წყლით ჩააქრო რიტუალური ცეცხლი. ამის გამო შეიპყრეს და მარზპანის ბრძანებით სოფელ რეხში ქვით ჩაქოლეს, გვამი კი მხეცებს მიუფდეს. დაკრძალულია სამთავროში (მცხეთა). ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში აბიბოს ნეკრესელი ემყარებოდა ანტიკური ფილოსოფიის ოთხთა ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად სამყარო წარმოიქნმა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია წმინდანისათვის შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენასთან ღმერთზე, როგორც შემოქმედზე და ანტიკური და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა. ქართულმა წყარომ შემოგვინახა მარზპანის წინაშე სასამართლოზე აბიბოს ნეკრესელის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ეხება ქრისტიანობის უპირატესობას და ცეცხლის ღმერთად აღიარების უაზრობას. ამ სიტყვიდან ჩანს ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნების მაღალი დონე იმ დროის საქართველოში. ქრისტიანობის განმტკიცება-გავრცელებისათვის აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართველთა ეროვნული შეგნების ამაღლებას, იდეოლოგიური ნიადაგი მოუმზადა სპარსელთაგან ქართველთა გამათავისუფლებელ ბრძოლას. აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე 12 დეკემბერი (29 ნოემბერი) ადრიდანვე დაუწესებიათ მცხეთაში, მის სამარხ ეკლესიაში.
  11. იაკობ ნიკოლაძე (1876-1951) http://s53.radikal.ru/i139/0901/8d/b2292a1533a4.jpg თანამედროვე რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1876 წელს. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი იყო. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ ოდესის სამხატვრო სკოლაში. ორი წელი პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში იღებდა განათლებას. ამ პერიოდის მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "იმერელი გლეხი", დღეს სამწუხაროდ დაკარგულია. 1897 წელს შექმნა შოთა რუსთაველისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის პორტრეტები, რომლებშიც იგრძნობა მხატვრის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ. 1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა. მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად. აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია. ამ ნამუშევრებში უკვე გამოჩნდა როგორც პროფესიულად დასრულებული, საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე, თუმცა შემოქმედებით სიმწიფეს მაინც პარიზში, დიდი ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის გვერდით მუშაობისას მიაღწია. ამ პერიოდს ასახავს იაკობ ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან". მისი პარიზული ნამუშევრები: "ქარი", "ჩრდილოეთის ასული", "მოცეკვავე", "სალომე" ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. სტატიკური, კომპოზიციურად შეკრული, ამავე დროს, პოეტური გამოსახულება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. იაკობ ნიკოლაძის პორველი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო "მწუხარე საქართველო" - ილია ჭავჭვაძის საფლავის ძეგლი, რომელიც 1913 წელს დაიდგა მთაწმინდის პანთეონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა პორტრეტის ჟანრში. საუკეთესოა 1944 წელს შექმნილი XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მაზროვნის-ჩახრუხაძის პორტრეტი. მას ეკუთვნის ა. წერეთლის, ივ. ჯავახიშვილის, ი. ბერიტაშვილის, შ. ამირანაშვილისა და სხვა პორტრეტები. ორჯერ იყო დაჯილდოებული ლაურეატის ოქროს მედლით. გარდაიცვალა თბილისში 1951 წელს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
  12. გიორგი ნიკოლაძე (1888-1931) http://s48.radikal.ru/i122/0901/d0/f53f5dd311f3.jpg ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე, დაიბადა 1888 წელს დიდ ჯიხაიშში, ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან მ. კურაკოვსა და ი. ბარდინთან. მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. იგი მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ-მეტალურგად. მისი ხელმძღვანელობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აქ ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას. გიორგი ნიკოლაძეს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მათემატიკაშიც. 1927 წელს შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას, რომელიც მან დაიცვა სორბონში 1928 წელს, ხოლო პარიზში ცალკე წიგნად გამოვიდა. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სავალდებულო კურსს "ანალიზურ გეომეტრიასა" და "დიფერენციალურ გეომეტრიაში". ამ დარგში შექმნა პირველი სახელმძღვანელოები. ავტორია ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა. გიორგი ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში. 1912 წელს პეტერბურგის გუნდ "სოკოლის" შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე-6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში. 1913 წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, ხოლო 1918 წელს კი - პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება თბილისში. 1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს. 1924 წელს დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა - მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში.
  13. ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეები (1900-1981, 1894-1979) http://s56.radikal.ru/i153/0901/ba/42dac084f506.jpg ალექსანდრე ნიკურაძე (ალექსანდრე სანდერსი) 1900-1981 გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი და პოლიტიკურ მეცნიერებათა მოღვაწე. დაიბადა სამტრედიაში, საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ სასწავლებლად გაიგზავნა ბერლინში. 1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ იგი ბერლინში დარჩა და გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. ალექსანდრე ნიკურაძე საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შეუპოვარი მოწინააღმდეგე იყო. აქტიურად იყო ჩაბმული ქართული სათვისტომოს ღონისძიებებში და ახლო კავშირები ჰქონდა გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტურ პარტიასთან. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ალფრედ როზენბერგთან, რომლის შეხედულებები კავკასიის მოვლენების მიმართ ემყარებოდა ალექსანდრე ნიკურაძის გავლენას. იგი ლობირებდა დამოუკიდებელ საქართველოს და ანტისაბჭოთა შეხედულებებით გამსჭვალულ ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტებს გერმანიის მხარდაჭერას პირდებოდა. კარლ ჰაუზჰოფერის "ფართო სივრცეების" თეორიის გავლენის ქვეშ მყოფი ნიკურაძე მუშაობდა ჩანაფიქრზე, კერძოდ გერმანიის პროტექტორატის ამბიციურ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველებს წამყვანი როლი ეთამაშათ ერთიან კავკასიურ კონფედერაციაში. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, თავისი ავტორიტეტის და პოპულარობის გამოყენებით, ნიკურაძე იბრძოდა გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტური პარტიის მიერ რეპრესირებული ქართველების გადასარჩენად. ალექსანდრე ნიკურაძე, როგორც ფიზიკოსი, აქტიურად იყო ჩაბმული გამოყენებადი ფიზიკის სფეროში. იკვლევდა დიელექტრულ მასალებს, მუშაობდა იონთა და ელექტრონთა თეორიებზე. გარდაიცვალა მიუნხენში. ივანე ნიკურაძე 1894-1979 გერმანიაში მოღვაწე ქართველი ინჟინერი და ფიზიკოსი. დაიბადა სამტრედიაში, სწავლობდა ქუთაისში. 1919 წელს ქართველი მეცნიერის, პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით, სასწავლებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ ხელი შეუშალა მის სამშობლოში დაბრუნებას და მოგვიანებით გერმანიის მოქალაქე გახდა. როგორც ლუდვიგ პრანდტის სტუდენტმა, მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰელმის (დღევანდელი მაქს პლანკის) თვითორგანიზაციისა და დინამიკის ინსტიტუტში. დაინიშნა ამავე ინსტიტუტის განყოფილების უფროსად. მიუხედავად გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტურ შრომის პარტიასთან ურთიერთობისა, რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, იგი პარტიის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მიერ საბჭოთა ჯაშუშობასა და ინსტიტუტიდან რამოდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ქურდობაში იქნა დადანაშაულებული. 1934 წელს, მიუხედავად ლუდვიგ პრანდტის დიდი ძალისხმევისა გაემართლებინა და დაეცვა იგი, ნიკურაძე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. 1934-1945 წლებში იყო ბრესლავის უნივერსიტეტის პროფესორი, 1945 წლიდან აახენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ივანე ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი 1933 წელს წიგნად გამოიცა. ნიკურაძე ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს, თუ როგორ გაედინებოდა იგი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ ექსპერიმენტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე წნევის დანაკარგი.
  14. შოთა ნიშნიანიძე (1929-1999) http://s61.radikal.ru/i171/0901/27/fd1f1f2d5664.jpg ქართველი პოეტი. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი ლიტერატურის კურსებზე. 1947 წელს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი, ხოლო 1956 წელს - პირველი პოეტური კრებული "მე და შენ". 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1977 წელს - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. ამავე წლიდან იყო ჟურნალ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, ხოლო 1981 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. შოთა ნიშნიანიძის ლექსებმა მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. მისი პოეზია გამსჭვალულია როგორც ქართული პოეზიის ტრადიციების ერთგულებით, ისე თანამედროვეობის პრობლემების გაბედული გააზრებით. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  15. ვიქტორ ნოზაძე (1893-1975) http://s54.radikal.ru/i144/0901/09/b96ec4c2bcad.jpg რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში. სწავლობდა საჩხერის ორკლასიან და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად. 1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვიქტორ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. აქ წამოიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და, როგორც ამბობდა, დაიწყო მისი მეცნიერული "ჩხრეკა". ფასდაუდებელია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები: "ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება" (1953, ბუენოს-აირესი), "ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება" (1957, სანტიაგო დე ჩილე), "ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება" (1959, სანტიაგო დე ჩილე), "ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება" (1959, სანტიაგო დე ჩილე), "ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეყველება" (1963, პარიზი), "ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება" (1975, პარიზი) ამ მეექვსე წიგნის გამოცემას ვეღარ მოესწრო. ხანდაზმულობის მიუხედავად, 82 წლის იყო, გატაცებით მუშაობდა და წიგნის მეოთხე ნაკვეთს აწყობდა, როდესაც ავად გახდა და რვა დღეში გარდაიცვალა. ჩაფიქრებული ჰქონდა ამ ციკლის კიდევ არაერთი წიგნის დაწერა. მისი ერთი თანამედროვე ასე გამოეთხოვა მეცნიერს: "მთელი სიცოცხლე საქართველოს საქმეს შეალიე, შენ სხვა ცხოვრება არ გქონია. შესანიშნავი გაკვეთილი დაგვიტოვე იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახუროს ყოველი პატიოსანი ქართველი თავის წმინდა მოვალეობას". თვითონ ვიქტორ ნოზაძე კი ამბობდა: "ასეთია ჩემი ბუნება, მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწრდიო". ვიქტორ ნოზაძეს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.
  16. იოსებ ნონეშვილი (1918-1980) http://s47.radikal.ru/i115/0901/9a/ac15b6ae3bb3.jpg იოსებ ნონეშვილმა 1942 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში, ის ფრონტზე იბრძოდა. ომის დამთავრების შემდეგ, 1947-50 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "დილას", ხოლო 1963-66 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი. 1966 წელს ნონეშვილი აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად. ამ თანამდებობაზე დარჩა ის სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად, 1973 წლიდან იოსები იყო მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის თავმჯდომარე. პირველი ლექსი პოეტმა 1938 წელს გამოაქვეყნა. 1940 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "ლექსები". ნონეშვილის პოეზია გამორჩევა განცდათა სიმდიდრე-სინატიფით. იგი მოიცავს სატრფიალო და სამოქალაქო მოტივებს. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის ადრეულ შემოქმედებაში ჭარბობდა სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: "საუბარი ნაძვებთან", "ფრთხილად იყავი", "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა" და სხვა. შემდგომ, მის პოეზიაში წინ წამოიწია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებმა: "ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია", "შემოდგომა თბილისში", "ელადის ყვავილები" და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. იოსებ ნონეშვილი არის შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (მიენიჭა 1981 წელს, გარდაცვალების შემდეგ). დაჯილდოებულია ორდენებით. http://i013.radikal.ru/0901/d1/0a012caaca56.jpg http://s52.radikal.ru/i135/0901/93/fedbab4d6fc8.jpg
  17. შალვა ნუცუბიძე (1888-1969) http://i041.radikal.ru/0901/32/d51914a05370.jpg შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე იყო ქართველი მეცნიერი და ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პრორექტორი. ხელმძღვანელობდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრას. საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიის ისტორიის განვითარებას საქართველოში. დაიბადა 1888 წელს სოფელ ფარცხანაყანებში, ქუთაისთან. 1910 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებს სემინარებს, რითაც ხელს უწყობს ქართული ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ შალვა ნუცუბიძე 1919-1921 წწ. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმის მხრიდან, განიცდიდა მუდმივ დევნას. დააპატიმრეს 1921 და 1938-1940 წლებში. 1953-1960 წლებში გაძევებული იყო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა აკადემიკოსის წოდება. მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური შრომები შექმნა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებასა და "აღმოსავლურ რენესანსზე". დიდი წვლილი შეიტანა ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის, პეტრე იბერის იდენტობის დადგენის კვლევაში. გაარკვია შოთა რუსთაველის, "ვეფხისტყაოსნის" ავტორის, ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. მისი აზრით, "ვეფხისტყაოსნის" ფილოსოფიის წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება - პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული. მას ეკუთვნის ორმოცზე მეტი გამოკვლევა ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის, კულტურის, ესთეტიკისა და სხვა საკითხებზე. გარდაიცვალა 1969 წელს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში.
  18. რა უნდა აკეთოთ ახალი წლის ღამეს? მე ალბათ არაფერსაც არ გავაკეთებ! მაგარი ბეზ პონტა ვარ!
  19. დავყაროთ ჩვენი საამაყო ანძის სურათები! : http://s55.radikal.ru/i149/0812/64/e700f78591c9.jpg
  20. ოთარ ონიაშვილი (1915-1968) http://s59.radikal.ru/i165/0812/48/839507621e04.jpg ქართველი მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა თბილისში. 1935 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, მუშაობდა ჯერ მოსკოვის, ხოლო შემდეგ თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. სამეცნიერო ნაშრომები აქვს მიძღვნილი გარსების დინამიკისა და სეისმომედეგობისადმი. საფუძველი ჩაუყარა ამ დარგის განვითარებას საქართველოში, აგრეთვე გარსთა ტექნიკური თეორიის ქართულ სკოლას. ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხალის გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი აღმასკომის წევრი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავრი სარედაქციო კოლეგიისა და ინგლისური გამოცემის "მყარი მექანიკის მიღწევების" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ოთარ ონიაშვილი იყო ცნობილი პოლიგლოტი.
  21. გრიგოლ ორბელიანი (1804-1883) http://s50.radikal.ru/i128/0812/d5/a4c401199e7b.jpg გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი, ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, დაიბადა 1804 წელს თბილისში, დიდგვაროვან ოჯახში. იყო ერეკლე II-ის შთამომავალი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა რუსეთის მიერ ირანისა და თურქეთის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიებში. ნოვგოროდში მსახურობდა, როცა 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. ავლაბრის ყაზარმებში პატიმრობის შემდეგ გაგზავნეს კავკასიის სამხედრო ხაზზე. თავი გამოიჩინა მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. 1843 წლიდან დაინიშნა ავარიის მმართველად და დაღესტნის ჯარების უფროსად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ერთხანს მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. 1871 წელს მეფის ხელისუფლებამ 50 წლის იუბილე გადაუხადა. ამავე წელს თბილისში ჩამოსულმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა, თუმცა ქართველი საზოგადოება მას უფრო აფასებდა, როგორც რომანტიზმის ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს წარმომადგენელს, რომლის შემოქმედებაც ღრმა ლირიზმითა და პატრიოტიზმით გამოირჩევა. მის ლექსებში, გარდა რომანტიზმისთვის დამახასიათებელი თემებისა, მძაფრად დგას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის საკითხი, იგრძნობა საბრძოლო შემართება. 1832 წლის შეთქმულების შემდეგ, გადასახლებაში მყოფი, წერს სევდიანი ლირიზმით აღსავსე ლექსებს: "ჩემს დას ეფემიას", "იარალის", "ჰეი, გონებავ". ლირიზმი კიდევ უფრო ძლიერდება, იმ ლექსებში, რომლებიც სამშობლოს წარსულს ეძღვნება: "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში", პოემაში "სადღეგრძელო", რომელიც ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. გრიგოლ ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური თხზულებისა. 1870-იან წლებში გამოეხმაურა ძველი და ახალი თაობის ურთიერთობას, რომელმაც იმ ხანებში მწვავე ხასიათი მიიღო. ლექსებში "პასუხი შვილთა", "დროების ათი წლის იუბილე" გრიგოლ ორბელიანი დაუპირისპირდა "სამოციანელთა" მოღვაწეობას. გარდაიცვალა 1883 წელს. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში.
  22. სერგო ორჯონიკიძე (1886-1937) http://s47.radikal.ru/i115/0812/9d/89e69e21268e.jpg გრიგოლ კონსტანტინეს ძე (სერგო) ორჯონიკიძე, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, 1920 წლიდან ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს თავმჯდომარე. იყო აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების დღეს, მან ვ. ი. ლენინსა და ი. ბ. სტალინს გაუგზავნა დეპეშა "თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!" დაიბადა 1886 წელს სოფელ ღორეშაში, აზნაურის ოჯახში. სწავლობდა თბილისის საფერშლო სკოლაში. იქვე მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული წრის მუშაობაში. 1905 წელს დააპატიმრეს რევოლუციური რაზმებისათვის იარაღის გადმოტანის დროს. 1907 წლიდან მოღვაწეობს ბაქოში, სადაც კვლავ აპატიმრებენ და ასახლებენ ენისეის გუბერნიაში, თუმცა ახერხებს ციხიდან გაქცევას და ემიგრაციაში მიდის ირანში. იქ მონაწილეობს 1905-11 წწ. რევოლუციაში. 1910 წლიდან პარიზში მიემგზავრება, სადაც სწავლობს ლენინის მიერ მოწყობილ ლონჟიუმოს პარტიულ სკოლაში. ლენინისავე დავალებით მალე რუსეთში ბრუნდება, თუმცა კვლავ აპატიმრებენ და ციმბირში სამი წლით კატორღასა და სამუდამო გადასახლებას უსჯიან. 1917 წლის რევოლუციამ გადასახლებაში მოუსწრო. ამავე წლიდან პეტროგრადში დაბრუნდა და ლენინის წინადადებით რსდმპ(ბ) პეტროგრადის კომიტეტის წევრი გახდა. მისი შემდგომი სამხედრო და პარტიული კარიერა აღინიშნა სხვადასხვა მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობებითა და ჯილდოებით, მაგრამ 1937 წელს სტალინურ რეპრესიებს ვერც ის გადაურჩა. ხელისუფლების მხრიდან მძიმე დაპირისპირებისა და ზეწოლის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელში.
  23. პეტრე ოცხელი (1907-1937) http://s42.radikal.ru/i095/0812/18/3e1a9027ad5b.jpg ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ თავისი ნიჭისა და მხატვრული ხედვის წყალობით შექმნა შესანიშნავი ესკიზები. მის ნამუშევრებში ჩანს დახვეწილი გემოვნება, კოლორიტის ფაქიზი გრძნობა და პოეტურობა. ქართველი თეატრის მხატვარი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში, იქვე სწავლობდა რეალურ სასწავლებელში და პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში. 1927 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში. პირველი სპექტაკლი, რომელიც მან გააფორმა, იყო ა. ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები". შემდეგ მარჯანიშვილმა იგი ქუთაისის ქართულ დრამატულ თეატრში მიიწვია, სადაც გააფორმა შ. დადიანის "კაკალ გულში" და კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა". ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მხატვარმა თავისი ნიჭისა და მხატვრული ხედვის წყალობით შექმნა შესანიშნავი ესკიზები. მის ნამუშევრებში გამოჩნდა მხატვრის დახვეწილი გემოვნება, კოლორიტის ფაქიზი გრძნობა და პოეტურობა. სპექტაკლები: შექსპირის "ოტელო", პოგოდინის "ფოლადის პოემა" და ა.შ. გამოირჩევა მხატვრის მიერ სივრცის აღქმის უტყუარი ალღოთი და ავტორის უნარით ღრმად ჩაწვდეს ნაწარმოების შინაგან არსს. 1931 წელს კ. მარჯანიშვილმა მოსკოვის კორშის თეატრში დადგა ჰ. იბსენის "მშენებელი სოლნესი". სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა პეტრე ოცხელი მიიწვია. მხატვარს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. იგი დარჩა მოსკოვში დაწარმატებით იმუშავა მცირე თეატრში. 1937 წელს კ. სტანისლავსკიმ გადაწყვიტა ჯ. ვერდის "რიგოლეტოს" დადგმა. გამოცხადდა კონკურსი სპექტაკლის გაფორმებაზე, კონკურსში ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. პ. ოცხელმა მხოლოდ 9 სეზონი იმუშავა თეატრში, მაგრამ ამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის ინდივიდუალური სახის შექმნაში. 1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა. ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა, თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო - 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს.
×
×
  • შექმენი...