Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. სერგო ზაქარიაძე (1909-1971) http://s60.radikal.ru/i168/0812/7b/ee5b016c7c54.jpg ქართველი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელმწიფო თეტრში, 1928 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისში, კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში (შემდგომ მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი). 1956 წელს დაუბრუნდა რუსთაველის სახელმწიფო თეატრს. ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის ღრმა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატია - დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავს სცენურ სახეს. ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამება ლირიზმს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. 1934 წლიდან სერგო ზაქარიაძე მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), შადიმან ბარათაშვილი ("გიორგი სააკაძე", 1942-43, სსრკ სახ. პრემია, 1946), ფოსტალიონი გიორგი ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი", 1960), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით ("ჯარისკაცის მამა", 1965, ლენინური პრემია, 1966) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. 1955-60 წლებში ზაქარიაძე სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. მინიჭებული აქვს რუსთაველის სახ. პრემია, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
  2. ზუბალაშვილები იაკობ ზუბალაშვილი (1792-1864) კონსტანტინე იაკობის ძე (1828-1901) ლევანი (1853-1914) სტეფანე (1860-1904) პეტრე (1862-1903) იაკობი (1876-1941) მრეწველთა, სოვდაგართა, ქველმოქმედთა და მეცენატთა ცნობილი გვარი. იხსენიებიან XVII საუკუნიდან. გიორგი და რომანოზი განთქმული მესტამბეები და მწიგნობრები იყვნენ ვახტანგ VI-ის და ერეკლე II-ის კარზე. იაკობ ზუნბალაშვილმა 1837 წელს თბილისში დააარსა პირველი შაქრის ქარხანა. იმავე წელს ააგო სასტუმრო, ახლანდელი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც საჩუქრად გადასცა ქალაქს. 1843 წელს მრეწველმა იაკობ ზუბალაშვილმა თბილისში დიდი ქარვასლა ააშენა, რომელშიც 10 სავაჭრო მაღაზია, საწყობები, ღვინის სარდაფები და 71 სასტუმრო ოთახი იყო. კონსტანტინემ და მისმა ვაჟებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნისა და მისი დედაქალაქის კეთილდღეობაში. თბილისის მომავალი უნივერსიტეტის შენობის აგებისათვის დიდი თანხა გაიღეს. მათ სახელს უკავშირდება "სახალხო სახლისა" და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს აგება. 1908 წელს ქალაქის გამგეობამ საჩუქრად მიიღო აღნიშნული შენობები (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცეს მნიშვნელოვანი ქონება. მათი დახმარებით მრავალ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა გაეხსნა უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში. ზუბალაშვილებმა ააშენეს თბილისის მუსიკალური სკოლის შენობა (ახლანდელი ნიჭიერ ბავშვთა სამუსიკო გიმნაზია), უპოვართა სახლი მოხუცთათვის (ახლანდელი ბავშვთა I მუნიციპალური საავადმყოფო). მათი დახმარებით აშენდა არაერთი კათოლიკური ეკლესია და გაიხსნა ქართული სკოლები. ზუბალაშვილები აფინანსებდნენ გაზეთ "ივერიისა" და ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემებს. სტეფანეს აშენებულია ბათუმის კათოლიკური ეკლესია, ლევანისა და იაკობის უმდიდრესი კოლექციები დაცულია მოსკოვისა და პარიზის მუზეუმებში. ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების აღსანიშნავად თბილისის ერობამ ძმებს - ლევანს, სტეფანეს (სიკვდილის შემდეგ), პეტრეს და იაკობს 1913 წლის 1 მაისს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და დიპლომი გადასცა. თბილისში არის ძმები ზუბალაშვილების ქუჩა.
  3. რეზო თაბუკაშვილი (1927-1990) http://s56.radikal.ru/i152/0812/c0/86f69d263df3.jpg ქართველი მწერალი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. მისი ლექსები და თარგმანები იბეჭდება 40-იანი წლებიდან. ავტორია პიესებისა: "ამხანაგი გიორგი" (იგივე "რაიკომის მდივანი", დაიდგა 1953 წელს მარჯანიშვილის თეატრში), "რას იტყვის ხალხი", "დენბურგის ზარი", "დაბადება" და სხვ. დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის: "წარსული ზაფხული", "ჯვარცმული კუნძული", "მზე შემოდგომისა", "რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან", აგრეთვე ლიბრეტოები ოპერებისათვის: "მინდია" (კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი), "ქაჯანა" (კომპოზიტორი მ. დავითაშვილი) და სხვ. თარგმნა უილიამ შექსპირის სონეტები. დიდია რეზო თაბუკაშვილის დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები "კვალი ნათელი", მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს რეზო თაბუკაშვილმა 1978 წელს იტალიაში მიაკვლია, ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება და სხვ.
  4. მიხეილ თამარაშვილი (1858-1911) http://s44.radikal.ru/i104/0812/66/83167a1eef08.jpg დაუტირებელი შვილის დაბრუნებას მთელი საქართველო შეხვდა, როგორც ბედნიერი ჭირისუფალი. ერისკაცობაში ალექსანდრე ერქვა. ახალციხეში დაიბადა, პეტრე თამარაშვილის ღარიბ და მრავალშვილიან, კათოლიკური აღმსარებლობის ოჯახში. ათი შვილიდან მეცხრე იყო, მამით დაობლებულს ოჯახზე ზრუნვაც დააწვა მხრებზე. ეს მოვალეობა სიკვდილამდე ეკისრებოდა. დაწყებითი სასულიერო განათლება იქვე, "ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში მიიღო, ივანე გვარამაძის, იგივე "ვინმე მესხის" ხელმძღვანელობით. იმ დროს გვარამაძეზე უკეთესი მოძღვარი და საქართველოს ისტორიის მცოდნე ბევრი არ იყო. მოძღვარმა იგრძნო, რომ ბავშვი დიდი საქმისათვის იყო მოვლენილი და საგანგებო წვრთნა დაუწყო. მოსწავლემაც "ღრუბელივით შესვა მამულის სიყვარული და მისთვის თავადადების აუცილებლობა". საფუძვლიანი განათლებისთვის 20 წლისამ მოიცალა. გვარამაძის რჩევით სტამბოლში გაემგზავრა. პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში შევიდა და იქვე აღიკვეცა ბერად. საღვთისმეტყველო საგნების გარდა იქ ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. ლათინურ და ფრანგულ ენებში იმდენად საფუძვლიანად ამზადებდნენ, რომ სასწავლებელდამთავრებულს შეეძლო ამ ენებზე წირვის აღსრულება, ფრანგულ სემინარიაში სწავლის გაგრძელება. წარმატებულ ახალგაზრდებს მონასტრის ხარჯით ევროპაში გზავნიდნენ. მიქელ თამარაშვილიც ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით ჯერ ესპანეთში სწავლობდა, შემდეგ პარიზში, წმინდა ლაზარეს დიდ სასულიერო სასწავლებელში. წიგნთსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში მუშაობაც მაშინ დაიწყო. 30 წლის მიქელ თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, იქიდან კი თბილისში, მიძინების კათოლიკური ტაძრის მღვდლად იქნა გამწესებული. აქ მრევლს ისტორიის პატრიოტულ ფურცლებს ახსენებდა და სარწმუნოების მიუხედავად ეროვნულ ერთიანობას ქადაგებდა, მაგრამ პატრი მიხეილი თბილისში დიდხანს არ გააჩერეს, მას ორი მხრიდან უტევდნენ: რუსული მართლმადიდებლობა კათოლიციზმის დაუძინებელი მტერი იყო და ქართული კათოლიკობის მოსპობა უნდოდა, სომხური გრიგორიანული ეკლესია კი ცდილობდა, ქართველი კათოლიკენი სომხებად გამოეცხადებინა. ამის მოწინააღმდეგე თამარაშვილი თბილისიდან გააძევეს და სამშობლოში მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვეს. 1889 წელს თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, შემდეგ წელს კი რომში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა და 36 წლისამ ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიიღო. მალე ამავე აკადემიის პროფესორად დაინიშნა. თამარაშვილმა იცოდა ლათინური, იტალიური, ფრანგული, თურქული, სომხური და, ბუნებრივია, ქართული ენები. ამან შეუწყო ხელი, რომ ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში შეესწავლა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. 1902 წელს თბილისში გამოიცა მისი წიგნი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის". ამ ნაშრომს ქართული საზოგადოება და სამეცნიერო წრეები მოწონებით შეხვდნენ და შესანიშნავი რეცენზიები მიუძღვნეს. კირიონ II-მ თამარაშვილის ზოგი დასკვნა არ გაიზიარა და კრიტიკულად შეაფასა. კირიონის აზრი მეცნიერისათვის ცნობილი გახდა, მაგრამ შენიშვნები გულისწყრომით არ მიუღია. პირიქით, ფრანგულ ენაზე გამოცემულ მომდევნო წიგნში კირიონ II-ის სურათი გამოაქვეყნა და ევროპას ამცნო, რომ ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ქართველი მღვდელმთავარი რუსეთის მიყრუებულ მონასტერში იყო გამოკეტილი. 1907 წელს თამარაშვილი ერთ ახლობელს წერდა: "ევროპაში შევნიშნე, რომ საქართველოსა და მისი ეკლესიის შესახებ არაფერი იციან. ან თუ იციან, სომხებისა და რუსების ჭეშმარიტებას მოკლებული წერილებით. აქამდის ვერავინ შეძლო ევროპისათვის წარედგინა ნამდვილი საბუთებით შედგენილი ისტორია. ეს უმძიმესი ტვირთი მე ავიღე თავზე და განწირული შრომისა და ხარჯის შემდეგ დავამთავრე ფრანგულად ქართული ეკლესიის ისტორია". დაბეჭდვისათვის საჭირო თანხა წვალებით შეაგროვა და 1910 წელს რომში გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი "ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე". წიგნმა დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში, ვატიკანმა სპეციალური პრემიაც კი მიანიჭა. თამარაშვილის ნაშრომმა საქართველოშიც ჩამოაღწია და მოწონებაც დაიმსახურა. ალექსანდრე ხახანაშვილი აღტაცებული იყო ამ ადამიანით: "მე პირველად ვხედავ ასეთ შრომისმოყვარე ქართველ კაცს. ეს პირველი მაგალითია, რომ ასეთ შრომასთან და ცოდნასთან ერთად ევროპის ერთა ამდენი ენაც იცოდეს". თამარაშვილის ორივე მონოგრაფია, რომლებიც ეფუძნება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებულ და ზედმიწევნით შესწავლილ უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებს, დღემდე სამაგიდო წიგნებია მკვლევართათვის. მიქელ თამარაშვილმა 1904 წელს ზუბალაშვილის ხელშეწყობით გამოსცა პუბლიცისტური ნაშრომი "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას". ეს იყო სომეხ მეცნიერთა მიერ ევროპაში გავრცელებული აზრის დასაბუთებული უარყოფა, თითქოს ამიერკავკასიაში ყველა კათოლიკე სომეხია. თამარაშვილმა სხვა ღვაწლიც დასდო ქართულ ისტორიოგრაფიას. მან აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მოიძია და შეისწავლა სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის მასალები. 1911 წლის 15 სექტემბერს 53 წლის ქართველი აბატი მიქელ თამარატი რომის ახლოს, სოფელ სანტა-მარინელასთან, უცნობი მოყვასის გადასარჩენად ტირენიის აბობოქრებულ ზღვაში გადაეშვა. უცნობი გადარჩა, თვითონ კი დაიღუპა. დაკრძალეს სანტა-მარინელაში, ხოლო შემდეგ ჩივიტავეკიას პანსიონში გადაასვენეს. მწერალმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მიხეილ თამარაშვილზე დოკუმენტური ფილმის "კვალი ნათელის" გადაღებისას მოძია მისი საფლავი და 1978 წელს ნეშტი იტალიიდან თბილისში ჩამოასვენა. დაუტირებელი შვილის დაბრუნებას მთელი საქართველო შეხვდა როგორც ბედნიერი ჭირისუფალი. მიხეილ თამარაშვილი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
  5. ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953) http://s48.radikal.ru/i121/0812/7f/5d5cfdac775c.jpg ქართველი მეცნიერი, პროფესორი, აკადემიკოსი. დაიბადა ლიხაურში (ახლანდელი ოზურგეთის რაიონი). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (1883), შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი მეცნიერების კანდიდატის ხარისხით (1887). 1887-94 წლებში მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად. 1894-1904 წლებში იყო სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე. 90-იანი წლებიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სიძველეთა შეკრებისა და მათი მეცნიერული დამუშავებისათვის. ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (1907). აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაშიც. იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი, არქეოლოგიის კათედრის გამგე. 1921-45 წლები ემიგრაციაში გაატარა საფრანგეთში, სადაც მეტად ძნელ პირობებში, უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი და ნახევრადმშიერი მეთვალყურეობდა და იცავდა (თვით ფაშისტებისგანაც) საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულობას. 1945 წელს გაღატაკებული და დასნეულებული მოხუცი მეცნიერი საქართველოში განძთან ერთად დაბრუნდა. ემიგრაციის წლებში იგი ინტენსიურ, აქტიურ მუშაობას ეწეოდა, იყო პარიზის სააზიო (1925) და ნუმიზმატთა (1922) საზოგადოებების წევრი. ექვთიმე თაყაიშვილი იკვლევდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა-ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემებს. შეისწავლა "ქართლის ცხოვრების" თითქმის ყველა ვარიანტი. დიდი მნიშვნელობისაა მისი ნაშრომები: "არქეოლოგიურიექსკურსიები" , "ხელნაწერთა აღწერილობანი". მისი რედაქტორობით გამოიცა კრებულები: "ძველი საქართველო", "საქართველოს სიძველენი" და სხვა, რომლებშიც მისი გამოკვლევებია გამოქვეყნებული. ექვთიმე თაყაიშვილი ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სამარხი დებედის ხეობაში. გადამყიდველებს მან ხელიდან გამოსტაცა ახალგორის განძი და კავკასიის მუზეუმში დააბინავა. მისი კვლევის ადგილი ძირითადად სამხრ. საქართველო იყო. მისი თაოსნობით შესწავლილ იქნა ხახულის, იშხნის, ოშკის, ოლთისის და სხვ. ტაძრები, თორთუმის ციხე და სხვ. თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა, გაარკვია ლიტერატურაში მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. შეისწავლა ტაძრების მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები. მისი ნაშრომი "მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის" დაჯილდოებულია რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების დიდი ოქროს მედლით (1911). ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი ამაგი დასდო ძველი ქართული მწერლობის ძეგლების კვლევისა და გამოცემის საქმეს. შეაგროვა და გამოსცა რუსთაველის პოემის ხელნაწერების ერთი ნაწილი. გამოსცა "სიბრძნე ბალავარისა" (1895), "მელის წიგნი" (1899), "თიმსარიანი" (1903), მეცნიერულად აღწერა ძვ. ქართული მწერლობის მრავალი ხელნაწერი. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრებასა და გამოცემას, რედაქტორობდა "ხალხური სიტყვიერების" ორტომეულს. ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. http://s60.radikal.ru/i167/0812/e3/c953dd7b90d3.jpg http://s44.radikal.ru/i105/0812/ab/d63ffea4b860.jpg http://s47.radikal.ru/i118/0812/a9/0c099ddafa15.jpg http://s39.radikal.ru/i083/0812/ae/d18226e33293.jpg http://s56.radikal.ru/i154/0812/56/9d2631ff2227.jpg
  6. სესილია თაყაიშვილი (1906-1984) http://i016.radikal.ru/0812/fb/70af11517269.jpg მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრის დიდი ამაგდარი. დაიბადა ბათუმში. თბილისში დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-66 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. სესილია თაყაიშვილი ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები"), ვასასის ("ჩვენი ეზო"), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი"), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა"), მარადიას ("ნატვრის ხე"), ბუღალტრის ("ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი") და სხვა როლები. შ. რუსთაველის სახელობისა (1983) და საქართველოს სახელმწიფო (გარდაცვალების შემდეგ, 1985) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით.
  7. თევდორე მღვდელი (გარდაიცვალა 1609 წელს) http://s59.radikal.ru/i165/0812/45/8571d5aa39ad.jpg ოსმალ დამპყრობელთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი. 1609 წ. ოსმალთა ჯარი ქართლში შეიჭრა და ცდილობდა მეფის ბანაკისაკენ გზა გაეგნო. ოსმალებმა სოფელ კველთის მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. მამა თევდორემ მტერი სხვა მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ისინი ცხირეთის ციხეს, სადაც მეფე ბანაკად იდგა. ბოლოს ოსმალები მიუხვდნენ მას განზრახვას და წამებით მოკლეს. თევდორე მღვდლის თავგანწირვამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და საშუალება მისცა მეფე ლუარსაბ II-ს მომზადებული დახვედროდა მტერს.
  8. თამარ მეფე (1160-1213) http://i054.radikal.ru/0812/c0/c6b2724fe6bb.jpg საქართველოს მეფე 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული. 1178 წელს გიორგი III-მ თანამოსაყდრედ აკურთხა, თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ დიდგვაროვანმა ფეოდალებმა მეორედ აკურთხეს, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებსა და პრივილეგიებს. თამარის გამეფებისთანავე მათ მოითხოვეს გიორგი III-ის დროს აღზევებულ მოხელეთა გადაყენება. თამარს სხვა გზა არ ჰქონდა და ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი გადააყენა. თამარს ახლა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი აუმხედრდა და მეფის უფლებების შეზღუდვა მოითხოვა. მათთან მოსალაპარაკებლად თამარმა წარჩინებული ქალბატონები - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გაგზავნა და დიპლომატიური გზით დაძაბულობა განმუხტა. თუმცა ბრძოლა მეფის ერთპიროვნული ძალაუფლების დასუსტებისათვის ამით არ დასრულებულა, გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო რუსეთის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის შვილი იური (გიორგი), რომელიც თავისი უღირსი თვისებების გამო მალე ქვეყნიდან გააძევეს. თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობებზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს მან იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი: ლაშა-გიორგი და რუსუდანი. მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა 1191 წელს აჯანყება მოაწყვეს და თამარის ქმარყოფილი იური ბიზანტიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. თამარმა აჯანყებულები დაამარცხა. 1193 წელს რანის ათაბაგის დახმარებით იურიმ კიდევ სცადა ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. საბოლოოდ თამარმა ძალაუფლება განიმტკიცა - ურჩი ფეოდალების ადგილებზე ერთგული ქვეშევრდომები დანიშნა. მან სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა აჯანყება (დაახლოებით 1212). მეთორმეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. მეზობელი ქვეყნების მაჰმადიანი მფლობელები ბაღდადის ხალიფას მეთაურობით საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. 1195 წელს აზერბაიჯანის ათაბაგმა აბუბექრმა და მისმა მოკავშირეებმა შამქორში ქართველებთან მწარე მარცხი იწვნიეს. 1203 წელს, ბასიანის ველზე ქართველებმა რუმის სულთანი რუქნადინიც დაამარცხეს, 1201-03 წლებში აიღეს ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთი და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა. 1204 წელს აიღეს კარი (ყარსი). თამარის ინიციატივით 1204 წელსვე შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1210 წელს ქართველებმა დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი. მე-12 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. თამარის მეფობაში აშენდა ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები (ბერთუბანი, ბეთანია, ვარძია), გზები, ხიდები. მეფე მფარველობას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. მფარველობდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. მის სიბრძნესა და სილამაზეს ხოტბას ასხამდნენ ისტორიკოსები და პოეტები (შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები და სხვ). ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.
  9. პეტრე იბერი (411-491) http://s55.radikal.ru/i147/0812/d7/ca65f719b85a.jpg რელიგიური ფილოსოფოსი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით - ნაბარნუგი). იყო შვილი იბერიის მეფის ბუზმარისა. ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით 12-14 წლის მურვანი სათანადო ამალითურთ მძევლად წარიგზავნა კონსტანტინოპოლს, სადაც ჩინებულად ისწავლა ბერძნული და სირიული ენები და სრული რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. მის სწავლა-აღზრდას სამშობლოდან წამოყოლილ ცნობილ ქართველ ფოლოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. ბიოგრაფ ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც. მას იხსენიებენ, როგორც "მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს". მაგრამ მურვანს არ აკმაყოფილებდა იმპერატორის სასახლე და რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა. იერუსალიმში მოსწავლე და მასწავლებელი ბერად აღიკვეცნენ, გამოიცვალეს სახელები - მურვანი-პეტრედ, ხოლო მითრიდატე-იოანედ იწოდებიან. 445 წელს მღვდლად ეკურთხნენ, საბოლოოდ კი მაიუმში დამკვიდრდნენ, ღაზის მახლობლად, და დიდ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას შეუდგნენ. იერუსალიმში პეტრემ ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ და ქართულ ისტორიოგრაფიაში ასურელ მამათა სახელით გახდნენ ცნობილნი. პეტრე იბერი ავტორია დიდმნიშვნელოვანი წიგნებისა, თუმცა მისი სახელით ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, პეტრე იბერი დიონისე არეოპაგელის სახელს ამოეფარა. დიონისე არეოპაგელი პირველი საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწე იყო. VI საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა მისი თხზულებანი, რომლებიც სწრაფად გავრცელდა და ითარგმნა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში. მე-19 საუკუნეში გაჩნდა ეჭვი, რომ შეუძლებელია, "არეოპაგიტული წიგნების" დამწერი იყოს პირველი საუკინის მოღვაწე, ამიტომ ავტორს ეწოდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელი. 1942 წელს ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ, 1952 წელს კი ბელგიელმა ერნსტ ჰონიგმანმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხადასხვა საბუთის მოხმობით გამოთქვეს ვარაუდი, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელი არის პეტრე იბერი. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად დღესაც ქვეყნდება სხვა მეცნიერთა მოსაზრებანი. არეოპაგიტულმა წიგნებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეთა აზროვნებაზე. ქრისტიანობისა და ანტიკური ფილოსოფიის სინთეზი იქცა ჯერ რუსთაველის მსოფლმხედველობის, შემდეგ კი ევროპული რენესანსის საფუძვლად. ქართულმა ეკლესიამ მხოლოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე აღიარა პეტრე იბერის ღვაწლი და იგი წმინდანად შერაცხა.
  10. რევაზ ინანიშვილი (1926-1991) http://s57.radikal.ru/i156/0812/90/e8531e830300.jpg ქართველი მწერალი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ჰუმანიზმი, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა. დაიბადა სოფელ ხაშმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1960 წლიდან მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში", 1989 წლიდან გარდაცვალებამდე - საბავშვო ჟურნალ "დილას" რედაქტორად. 1950 წელს ალმანახ "პირველ სხივში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "სახსოვარი", ხოლო 1953 წელს გამოვიდა მისი კრებული "პირველი მოთხრობები". 1977 წელს მიიღო რუსთაველის სახელობის პრემია საბავშვო კრებულისათვის "შორი თეთრი მწვერვალი". მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ჰუმანიზმი, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა. ინანიშვილის ნაწარმოებები მშობლიური კახური იუმორითაა გაჯერებული, მისი გმირები თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრებიდან აღებული რეალური პერსონაჟები არიან, ასევე რეალური ყოფითა და პრობლემებით. მათ ცხოვრებას მწერალი საოცარი მგრძნობელობით, სისადავითა და იშვიათი ოსტატობით გადმოსცემს. რევაზ ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები", "დაბრუნებული ღიმილი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ფერმა მთაში", "ზაფხული სოფლად", "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი), "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი: თ. აბულაძე), "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მწერლის მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ესტონურ, სომხურ, უკრაინულ, ლიტვურ, უნგრულ ენებზე.
  11. პავლე ინგოროყვა (1893-1983) http://i030.radikal.ru/0812/98/a777e8bc7356.jpg ქართველი ლიტერატურათმცოდნე. დაიბადა ქ. ფოთში. 1912-15 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1924-25 წლებში რედაქტორობდა ჟურალ "კავკასიონს". 1928 წელს დააარსა გამომცემლობა "ქართული წიგნი". 1929-39 წლებში განაგებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, იყო "დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" რედაქციის განყოფილების გამგე. პავლე ინგოროყვას პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია VIII-X სს, წ. I, ტექსტები" (1913) ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლთა შესწავლისა და გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდაა. 1914 წლიდან მისი გამოკვლევები იბეჭდება სამეცნიერო კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში. მის ფუნდამენტურ ნაშრომში "გიორგი მერჩულე" (1954) ფაქტობრივად განხილულია V-X საუკუნეების მთელი ქართული სასულიერო პოეზია, გამოვლენილი და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებანი. ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1953, 1971). ავტორია მონოგრაფიებისა: "რუსთაველიანა" (1926) და "რუსთაველიანას ეპილოგი" (1963). მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1938), "აკაკი წერეთელი" (1940), "ილია ჭავჭავაძე" (1951). გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, ვ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის თხზულებანი. მისივე რედაქტორობით გამოიცა გ. მერჩულეს "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა", "ჩვენი საუნჯის" VI ტომი. თანარედაქტორია "შაჰ-ნამეს" II ტომის, "ვისრამიანის" და "ქილილა და დამანას" გამოცემებისა.
  12. ანა კალანდაძე (1924-2008) http://s59.radikal.ru/i164/0812/0e/47c10390175a.jpg ქართველი პოეტი, რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები, ლექსების პირველი კრებული კი 1953 წელს გამოსცა. მისმა პოეზიამ მაშინვე მიიპყრო ყურადღება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ლექსები: "თუთა", "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", "ბეთანიის გზაზე". საქართველოსა და მისი ისტორიის სიყვარული პოეტმა გამოხატა ლექსებში: "შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო", "ასეთი დარი თუ იყო მაშინ", "ღრუბლები" და სხვა. ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული წყობით გამოირჩევა, რომელშიც ზომიერადაა შეზავებული არქაული და თანამედროვე სასაუბრო ინტონაცია. ქართველ მკითხველში სიყვარულით სარგებლობს მისი ლექსები: "ფეხი დამადგით", "ალავერდის დიდებულ ტაძარს", "ისევ გახსენი გული ჩემი" და სხვა. ანა კალანდაძის პოეტური კრებულები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენებზე. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  13. მერაბ კოსტავა (1939-1989) http://s58.radikal.ru/i161/0812/f0/bfbd9530037a.jpg საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი. დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ-ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ. 1946 წელს შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში, სადაც გაიცნო ზვიად გამსახურდია. მეგობრებს საერთო მიზანი აერთიანებდათ-სამშობლოს თავისუფლება. 1956 წელს, მეათე კლასის მოსწავლე, პირველად დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. 1958 წელს მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში - სურს გახდეს პიანისტი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. არის ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი, მაგრამ რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდება. 1977 წლიდან 1987 წლამდე კიდევ რამდენჯერმე აპატიმრებენ. ბოლოს სამშობლოში ბრუნდება და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძობს ბრძოლას სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან მოხდა ავტოკატასტროფა. ამ ავტოკატასტროფის შედეგად, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მერაბ კოსტავა. წერდა ლექსებს. 1978 წელს ამერიკის კონგრესმა წარადგინა ნობელის მშვიდობის პრემიაზე. თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  14. ვახუშტი კოტეტიშვილი (1935-2008) http://i051.radikal.ru/0812/66/7299e6e83580.jpg ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები - 1958 წელს. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის "რობაიათი", ჯამის "ლირიკა", ჰაფეზის "ლირიკა" და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. ამ საღამოების აღდგენის მიზნით, რუსთაველის თეატრში 2008 წლის მაისში ჩატარდა ფოლკლორის საღამო "ლექსო, ნუ დაიკარგები", რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილი ეთერ თათარაიძესთან ერთად უძღვებოდა და რომელზეც გადაწყდა, რომ ამ საღამოებს მისი სახელი მინიჭებოდა. გარდაცვალებამდე გამოქვეყნდა მისი მონოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები "ჩემი ცხოვრება". ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ვახუშტი კოტეტიშვილს მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საბა", იყო აგრეთვე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან, ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა. გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს.
  15. რევაზ ლაღიძე (1921-1981) http://s51.radikal.ru/i131/0812/4e/878d4fad5f37.jpg ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1939 წელს თბილისის IV სამუსიკო სასწავლებლის (ვიოლინოს განხრით) დამთავრების შემდეგ, რევაზ ლაღიძე უკრავდა ვიოლინოზე სიმფონიურ ორკესტრში, 1948 წელს კი დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა "ლელა", მუსიკალური კომედიები: "მეგობრები" და "კომბლე", სიმფონიური პოემა "სამშობლოსათვის", რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა, საფორტეპიანო და ჩელოს პიესები. ის წერდა მუსიკას სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის: "საბუდარელი ჭაბუკი", "ნინო", "ხევისბერი გოჩა", "ყვავილი თოვლზე", "გლახის ნაამბობი", "ხევსურული ბალადა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "შეწყვეტილი სიმღერა" და სხვა. ლაღიძე ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩევა. დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი ნაწარმოები "სიმღერა თბილისზე". აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე, 1964 წლიდან კი - კონსერვატორიის კამერული ანსამბლის პედაგოგი.
  16. გიორგი ლეონიძე (1899-1966) http://s47.radikal.ru/i118/0812/97/9049ee1d3543.jpg ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახალხო პოეტი. გიორგი ლეონიძე 1907 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, სადაც ასწავლიდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ვ. ბარნოვი, ნ. სულხანიშვილი, კ. კეკელიძე და სხვები. სწორედ სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაუღვივდა მომავალ პოეტს უზომო სიყვარული სამშობლოსა და მშობლიური ენის მიმართ. სწავლის დროსვე რედაქტორობდა ის ხელნაწერ ჟურნალებს "ფუტკარი" და "ფანდური". 1916 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ალმანახი "საფირონი", ხოლო 1922 წელს - გაზეთი "ბახტრიონი". 1918 წლიდან ლეონიძე "ცისფერყანწელებს" დაუახლოვდა. ეს წლები ერთგვარი "ოსტატობის სკოლა" გამოდგა მისთვის. 1921 წელს მან ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული "რევოლუციის პოეტები". გიორგი ლეონიძის პოეზიამ თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება საოცარი თვითმყოფობითა და ღრმა ეროვნული ხასიათით. მისმა ლირიულმა შედევრებმა "ნინოწმინდის ღამე", "სიმღერა პირველი თოვლისა", "მყვირალობა", "ყივჩაღის პაემანი", ასვევე ქვეყნის წარსულისადმი მიძღვნილმა ლექსებმა "წიგნი "ქართლის ცხოვრება", "მინაწერი "ქართლის ცხოვრებაზე", "წინაპრებს", "მე ვკითხულობდი "ქართლის ცხოვრებას" და სხვა, იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი ქართულ პოეზიაში. აღსანიშნავია, რომ პოეტის თაოსნობით 30-იან წლებში დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც შემდგომ საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა და რომელიც ამჟამად მისი სახელობისაა. მანვე დააარსა ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში. 1940-48 წლებში ლეონიძე "ლიტერატურული მემკვიდრეობის" რედაქტორი იყო, 1951-53 წლებში ის საქართველოს მწერალთა კავშირს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1967 წლიდან სიკვდილამდე - შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. ლეონიძე აქტიურად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსულ, ქართულ-უკრაინულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. მანვე სათანადო კომენტარებით სხვადასხვა დროს გამოსცა სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა", ი. თბილელის "დიდმოურავიანი". ასევე გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI, დ. გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვასა და სხვათა შესახებ. 1962 წელს გამოსულმა მოთხრობების წიგნმა "ნატვრის ხემ" ქართველი მკითხველი. სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა. წიგნში მხოლოდ ლეონიძისათვის დამახასიათებელი მდიდარი და პოეტური ნაკადით გაჯერებული ქართული ენით არის წარმოდგენილი მისი ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები. "ნატვრის ხის" მიხედვით 1976 წელს რეჟისორმა თ. აბულაძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით. გიორგი ლეონიძე დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  17. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV საუკუნე) http://s42.radikal.ru/i098/0812/61/f66a398c1237.jpg მირიანი ქართლში მეოთხე საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. სწორედ მირიანის მეფობის დროს გამოჩნდა ქართლში კაბადოკიელი ქალწული ნინო, რომელიც ხალხს ქრისტეს სჯულს უქადაგებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმინდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა, რის შემდეგაც ნანა დედოფალმა აღიარა ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტება. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფეც დაინტერესდა ქრისტიანული სარწმუნოებით. ერთხელ მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. ნადირობისას მზე დაბნელდა და მის ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ რომ არ განათდა, მაშინ მეფემ "ნინოს ღმერთს" შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოს ეახლა, მისი რჩევით საბერძნეთის იმპერატორ კონსტანტინესთან ელჩები წარავლინა და ნათლისღების აღსასრულებლად სამღვდელობის გამოგზავნა სთხოვა.
  18. ბიძინა მაზიაშვილი (1928-2004) http://i027.radikal.ru/0812/39/afca5e97a553.jpg ქართველი ძიუდოისტი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი, მიწვეული იყო იაპონიაში, რათა მათთვის ესწავლებინა ქართული ჭიდაობის ელემენტები. დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, შემდეგ თბილისში გადმოვიდა და იქ გააგრძელა ასპარეზობა. ქართველი მოჭიდავეები ძიუდოისტთა შეჯიბრებაში პირველად გამოვიდნენ 1957 წელს, როცა სსრკ და უნგრეთის გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირში ძიუდოს სპორტული ჯგუფები ჯერ კიდევ არ იყო და ნაკრებში სამბისტები შეიყვანეს, მათ შორის - ბიძინა მაზიაშვილიც იყო. ქართული ჭიდაობიდან მოსულ ფალავნებს ეიოლებოდათ იაპონური ჭიდაობის დაუფლება. ბიძინა მაზიაშვილმა სწრაფად აუღო ალღო ახალ საქმეს და ჯერ თბილისში, მერე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძიუდოს ათობით ჯგუფი ჩამოაყალიბა.
  19. გიორგი მაზნიაშვილი (1871-1937) http://i065.radikal.ru/0812/63/e926a92c5f50.jpg დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. დაიბადა 1871 წელს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში. მიიღო სამხედრო განათლება და სამსახური დაიწყო მეფის არმიაში, სადაც მას იცნობდნენ გიორგი მაზნიევად. მალე გენერლის სამხედრო ჩინიც უბოძეს. თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც დაიჭრა და პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. აქ მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II ინახულა და იმპერიის უმაღლესი ჯილდო - წმნდა გიორგის ჯვარი გადასცა, თან სასახლეში მიიწვია. გენერალი მაზნიაშვილი პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა და 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. აქ შექმნა ორი ეროვნული დივიზია. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც თბილისის აღება სურდათ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის არიდება ჯავშან-მატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში და ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო-ბოლშევიკური აჯანყება, შემდეგ თეთრგვარდიელებისგან გაათავისუფლა აფხაზეთი. 1918 წლის ოქტომბერში იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. ამავე წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან, მაგრამ ამაოდ... იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკემა დახმარება მაზნიაშვილს სთხოვეს. მან სასწრაფოდ შეიმუშავა ბრძოლის გეგმა და თურქები აჭარიდან განდევნა. მაზნიაშვილი დიდხანს იყო ემიგრაციაში, თუმცა ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, სოფელში დასახლდა და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორის დროს მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.
  20. მერაბ მამარდაშვილი (1930-1990) http://s56.radikal.ru/i153/0812/33/1a80d9cd7576.jpg ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ მამარდაშვილი დაიბადა 1930 წელს ქ. გორში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა. 1968-1987 წლებში იყო პოპულარული ჟურნალის "ვოპროსი ფილოსოფიი"-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მოსკოვში მას "ქართველ სოკრატეს" ეძახდნენ. 1987-1990 წლებში მოღვაწეობდა თბილისში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. განიცდიდა გერმანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით, ემანუილ კანტის გავლენას. მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები. გარდაიცვალა 1990 წელს. 2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი, რომლის ავტორია ერნსტ ნეიზვესტნი.
  21. ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძე (1907-1974) http://s41.radikal.ru/i091/0812/e8/29a7e61b4aea.jpg თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ძაგული მაღლაკელიძე ვანო სარაჯიშვილის რეკომენდაციით თბილისის კონსერვატორიის ვოკალის ჯგუფში ჩარიცხეს, თუმცა მესამე კურსიდან მან სწავლას თავი დაანება და მეგობრებთან ერთად მულტფილმების სტუდია დააარსა. აქ ის დაუმეგობრდა ლადო გუდიაშვილს, რომელიც მულტფილმებისთვის პერსონაჟებს ხატავდა. სტუდიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მან სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. მეორე მსოფლიო ომის დროს ძაგული სამხედრო სამსახურს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა, თუმცა მალე ომში წავიდა და მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ის კვლავ სამხედრო ჰოსპიტალში დაბრუნდა, სადაც ქირურგად განაგრძო მუშაობა, ომის დამთავრების შემდეგ კი საგარეჯოს რაიონის მთავარ ქირურგად გადაიყვანეს. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მის მიერ პრეპარატ "კამელინზე" მუშაობის დაწყება. თაფლის სასწაულმოქმედი თვისებები მან შემთხვევით აღმოაჩინა, როცა მედიკამენტების უქონლობის გამო მუცელში დაჭრილ პაციენტს ჭრილობა თაფლით ამოუვსო და ნაწილობრივ გაუკერა. ჭრილობა მოსალოდნელზე ადრე შეხორცდა და პაციენტი სრულიად ჯანმრთელი გაეწერა, ექიმი კი სერიოზულად დაინტერესდა თაფლის სამკურნალო თვისებებით და მის შემცველ პრეპარატზე დაიწყო აქტიური მუშაობა. ამასთან დაკავშირებით ძაგული მაღლაკელიძე თბილისში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში გადმოიყვანეს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ამავდროულად ის ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი იყო და უშუალოდ კ. ერისთავის ხელმძღვანელობით მუშაობდა. თავდაპირველად "კამელინით" ცხოველებზე ჩატარდა ცდები და წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ პრეპარატით უკვე ადამიანებს მკურნალობდნენ, მისი მეშვეობით კიბოს დამარცხების მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
  22. ივანე მაჩაბელი (1854-1898) http://s45.radikal.ru/i109/0812/35/40317a19e1c6.jpg ქართველი მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველ "სამოციანელთა" წარმომადგენელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა 1854 წელს სოფელ თამარაშენში გაღარიბებული თავადის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახშივე მიიღო. 1863 წლიდან კი თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა. იმ დროს ქართული ენა იდევნებოდა, მაგრამ ცნობილი მწერალი და პედაგოგი პეტრე უმიკაშვილი მოსწავლეებს ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აგროვებინებდა და მხატვრულ თარგმანში ავარჯიშებდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ამავე დროს, საფუძვლიანად შეისწავლა უცხო ენები. იყო პეტერბურგის დრამატული წრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1873 წელს მაჩაბელი დაუახლოვდა ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეებზე პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს, 1874 წელს მასთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 1874-77 წლებში სწავლობს ჯერ გერმანიაში, შემდეგ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 1879 წელს ბრუნდება საქართველოში და ამავე წელს აქვეყნებს თავის ლექსებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებსა და თარგმანებს. მონაწილე იყო ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყებისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. 1888 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა "ვეფხისტყაოსანი". დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ. ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის, მ. იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა "ვეფხისტყაოსნისათვის". 1879 წლიდან ჯერ იყო "ივერიის" თანამშრომელი, შემდეგ - რედაქტორი. 1883-85 წლებში იგი რედაქტორობდა გაზეთ "დროებას". მნიშვნელოვანია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა, რითაც გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. კერძოდ, თარგმნა მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი", გადმოაკეთა პიესები: "ადვოკატი მელაძე", "ორ ცეცხლ შუა" და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მძიმედ დასნეულებული 1898 წლის 26 ივნისს გამთენიისას შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
  23. აჰმედ მელაშვილი (1922-1980) http://s42.radikal.ru/i097/0812/54/29fcf143f304.jpg აჰმედ ოზქან (მელაშვილი) - ქართველი მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისკენ. ჟურნალ "ჩვენებურის" დამაარსებელი. აჰმედ ოზქანი დაიბადა სოფელ ბალიქესირში, ქართველ მაჰმადიან ემიგრანტთა ("მუჰაჯირთა") ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1962 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი და დასახლდა თურქეთის პატარა ქართულ სოფელ ჰაირიეში, სადაც ტურისტული საზოგადოება დააარსა. შემდეგ არქიტექტორადაც მუშაობდა, თუმცა მისი მთავარი საქმიანობა მაინც ადგილობრივ ქართულ თემებში - "ჩვენებურებში" ქართული იდეოლოგიის პოპულარიზაცია იყო. მის წიგნს საქართველოზე "გურჯისტან" (1968) დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა. საქმე სასამართლომდე მივიდა, მაგრამ ოზქანი გაამართლეს. ამის შემდეგ, 1970-იან წლებში მან ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იგი თარგმნიდა და აქვეყნებდა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებებს. წერდა სტატიებს, რომლებიც თურქეთის ქართველობაში ეროვნულ სულისკვეთებას აღვივებდა. 1972 წელს დააარსა ჟურნალი "ჩვენებური", სადაც აგრეთვე აქვეყნებდა სტატიებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ეს ჟურნალი დღემდე რჩება თურქეთში ქართული სათვისტომოს მოღვაწეობის ყველაზე კულტურულ პერიოდულ გამოცემად. აჰმედ მელაშვილს ხშირად თურქეთის ქართველების "ილია ჭავჭავაძესაც" უწოდებდნენ. 1980 წელს 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, ოზქანი თურქული ულტრა - ნაციონალისტური დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა მოკლეს. ოზქანის საქმიანობას მისი შვილი - იბერია მელაშვილი ჩაუდგა სათავეში. აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში განისვენებს. მის საფლავს ამშვენებს წარწერა თურქულ და ქართულ ენაზე: "მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის". http://s55.radikal.ru/i147/0812/d9/e09ebf94d132.jpg
  24. პეტრე მელიქიშვილი (1850-1927) http://s41.radikal.ru/i092/0812/1a/235ea0b1a6f6.jpg დაიბადა თბილისში, კათოლიკური აღმსარებლობის ოჯახში. 18 წლისამ დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. 1872 წელს სწავლა განაგრძო "ნოვოროსიის" (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1973 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა და ევროპის წამყვანი ცენტრების - ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვისლიცენუსის ლაბორატორიების კვლევით საქმიანობას გაეცნო. 1876 წელს ისევ ოდესაში დაბრუნდა და უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. 1881 წელს ქიმიის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია, ოთხი წლის შემდეგ უკვე სადოქტორო დისერტაციაც. 1884 წელს ამავე უნივერსიტეტის აგრონომიული ქიმიის კათედრის დოცენტად აირჩიეს, 1885-1917 წლებში "ნოვოროსიის" უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მელიქიშვილმა სამეცნიერო მოღვაწეობით დიდად შეუწყო ხელი ნივთიერებათა აღნაგობის თეორიის განვითარებას. მრავალი მნიშვნელოვანი გამოკვლევა მიუძღვნა არაორგანული ქიმიის საკითხებს. პირველად მან მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდეს. 1900 წელს დიდი სამეცნიერო დამსახურებისათვის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ ლომონოსოვის სახელობის პრემია და დიდი ოქროს მედალი მიანიჭა. 1918 წელს პეტრე მელიქიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილის მოწვევას, საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის უნივერსიტეტის გახსნის საორგანიზაციო საკითხებშიც მიიღო მონაწილეობა. 13 იანვარს ქართული გიმნაზიის შენობის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი) ცივ ოთახში შედგა მომავალი უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველი ოფიციალური სხდომა, რომელზეც აირჩიეს გამგეობა. გამგეობამ რექტორად ამ საქმის სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი დაასახელა, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა და პეტრე მელიქიშვილს სთხოვა ეს საპატიო და მძიმე მოვალეობა ეკისრა. ორივე კანდიდატს რექტორობისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და მეორე კანდიდატს ანიჭებდა უპირატესობას. ივანე ჯავახიშვილის არგუმენტებმა გაჭრა და სამეცნიერო კოლეგიამ რექტორად ერთხმად აირჩია პეტრე მელიქიშვილი. იმ დროს პეტრე მელიქიშვილი 68 წლის იყო, ივანე ჯავახიშვილი 42-ის, ექვთიმე თაყაიშვილი 55-ის, სხვები - აკაკი შანიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი 30-ს ოდნავ გადაცილებულები, შალვა ნუცუბიძე 29-ის. ახლადდაარსებული უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თაობათა ჯაჭვი კი არ გაწყვიტა, პირიქით, გაამთლიანა. 17 იანვარს უკვე პეტრე მელიქიშვილის ბინაში შეიკრიბა პროფესორთა საბჭო და ლექტორთა მოწვევის საკითხი და უნივერსიტეტის გახსნის პროექტი განიხილა. ასრულდა მრავალი თაობის ოცნება - 1918 წლის 26 იანვარს, წყნეთის ქუჩის 41-ში, ქართული გიმნაზიის შენობის სამხრეთის ფრთის სამ ოთახში განთავსდა ქართული უნივერსიტეტი. 13 საათსა და 20 წუთზე დაიწყო ზეიმი. შესავალი სიტყვა უნივერსიტეტის საზოგადოების თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ჩხენკელმა წარმოთქვა, შემდეგ კი საზოგადოება მხურვალე ტაშით შეხვდა პირველ რექტორს, პეტრე მელიქიშვილს, რომელმაც ქართულ და რუსულ ენებზე ისაუბრა. უნივერსიტეტში 369 სტუდენტი, 89 თავისუფალი მსმენელი, 7 პროფესორი, 5 მოადგილე, 2 მეცნიერ-ხელმძღვანელი და 3 ლექტორი ირიცხებოდა. ეს დღე ზეიმად იქცა მთელ საქართველოში. პეტრე მელიქიშვილი რექტორის მოვალეობას ოცი თვე ასრულებდა და 1919 წლის 12 ოქტომბერს გათავისუფლება ითხოვა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მას ხელფასი არასოდეს აუღია. სიცოცხლის ბოლომდე იყო ორგანული ქიმიის კათედრის ხელმძღვანელი, მისი თაოსნობით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები. პეტრე მელიქიშვილის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის - წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესწავლას. დიდი ამაგი დასდო ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას. ის იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი სახელობის პრემიები დაწესდა. პეტრე მელიქიშვილი 1927 წელს გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში.
  25. მიხეილ მესხი (1937-1991) http://s47.radikal.ru/i115/0812/a5/c73d273c21d7.jpg ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" მარცხენა გარემარბი 1955-69 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1965 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1960 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო 1964 წელს - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 და 1966 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში, 6-ჯერ შევიდა საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში (1-ელ ნომრად), 35-ჯერ ითამაშა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მიხეილ მესხი გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, ფლობდა თავისებურ ილეთს, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. 1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა "ავაზა"-ს მწვრთნელად და დირექტორად. მის საპატივცემულოდ თბილისის ლოკომოტივის სტადიონს მესხის სახელი დაერქვა. 1998 წელს მიხეილ მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს.
×
×
  • შექმენი...