Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ილია ვეკუა (1907-1977) http://s42.radikal.ru/i096/0902/90/5c7c3383fea0.jpg ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო განყოფილების თავმჯდომარე, აკადემიკოს-მდივანი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ამავე აკადემიის ციმბირის განყოფილების პრეზიდიუმის წევრი, ნოვოსიბირსკისა და თბილისის უნივერსიტეტების რექტორი. მისი ძირითადი მეცნიერული შრომები ეხება მათემატიკისა და ფიზიკის აქტუალურ საკითხებს - მან კერძო წარმოებულებიანი ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში. განიხილა ფუნქციათა თეორიის მეტად ზოგადი სასაზღვრო ამოცანა, შენიშნა ამ ამოცანის ახლებური ბუნება, მოგვცა ინდექსის გამოსახულება და ბოლომდე შეისწავლა მისი ამოხსნადობის საკითხი. ეს გამოკვლევა საფუძვლად დაედო ღრმა განზოგადებებს ელიფსური დიფერენციალური ოპერატორების ინდექსის პრობლემის გამოკვლევაში. დაამუშავა ე.წ. განზოგადებული ანალიზური ფუნქციების თეორია, რომელიც წარმოადგენს კლასიკურ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მნიშვნელოვან გაფართოებას. ვეკუას ეკუთვნის დრეკად გარსთა მათემატიკური თეორიის ახლებური ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მექანიკური სურათისადმი ზუსტი შესაბამისობით. ილია ვეკუა იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
  2. სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე (1908-1989) http://s41.radikal.ru/i091/0902/d2/65236aee27df.jpg ქართველი თეატრალური მხატვარი, სსრკ სახალხო მხატვარი და სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი. სწავლობდა მ. თოიძის სტუდიაში, პარალელურად ესწრებოდა ქორეოგრაფიული სტუდიის მეცადინეობას. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ერთწლიანი კურსის შემდეგ, 1928 წელს, სწავლა განაგრძო საკავშირო სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელთაგან აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის "დაისი" (1936), სადაც იგრძნობა ფერწერისა და კონსტრუქტივიზმის სინთეზი. ვირსალაძის ნამუშევრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერს, რომელიც ზუსტად ერწყმის სპექტაკლის იდეურ აზრს და მუსიკის ემოციურობას. 1937 წელს ქ. ლენინგრადში გააფორმა ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1938), ა. კრეინის "ლაურენსია" (1939) და სხვ. სოლიკო ვირსალაძე მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1932-36), ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1940-41 და 1945-62) მთავარ მხატვრად. სპექტაკლები გაფორმებული აქვს დიდ თეატრშიც. ვირსალაძის ფერწერული დეკორაციები შექმნილია ტრადიციული შტამპების გარეშე. დეკორაციებს აგებს "ერთიანი სურათის", დაზგური ტილოს პრინციპებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერის დინამიკა. ვირსალაძის შემოქმედებამ მთელი ეტაპი შექმნა თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "გედის ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "მაკნატუნა", მ. მინკუსის "დონ კიხოტი", "შოპენიანა" ფ. შოპენის მუსიკაზე, ა. მაჭავარიანის "ოტელო", ვ. მოცარტის "დონ ჟუანი" და სხვ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
  3. სპირიდონ ვირსალაძე (1868-1930) http://s42.radikal.ru/i096/0902/35/da5f2429e711.jpg ქართველი თერაპევტი, მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1896 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამადიცინო ფაკულტეტი. 1998-1909 წლებში მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევის და ვ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. 1909 წელს დაინიშნა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ. 1909 წელსვე მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1919 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად და პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წელს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა. სპირიდონ ვირსალაძე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თაოსნობით 1916-17 წლებში თბილისში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. ვირსალაძე იყო პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ "ექიმის" რედაქტორი (შ. მიქელაძესთან ერთად). მან შეიმუშავა კავკასიაში ტროპიკულ სნეულებებთან ბრძოლის მეცნიერული გეგმა, შექმნა ტროპიკულ სნეულებათა ცენტრალური სადგური, რომელიც მისივე ინიციატივით 1924 წელს ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა (ამჟამად ს. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი). სპირიდონ ვირსალაძემ შეისწავლა თავის ტვინის ქერქის გავლენა ნაღვლის გამოყოფაზე. იკვლევდა აგრეთვე აორტის ჰიპოპლაზიისა და წყლულოვანი დაავადების პათოგენეზში მემკვიდრეობითი ფაქტორის როლს. ვირსალაძეს ეკუთვნის გამოკვლევები კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიისა და ტროპიკული მედიცინის დარგებში.
  4. მიხეილ ვორონცოვი (1782-1856) http://s51.radikal.ru/i133/0902/dc/56aac23a21cb.jpg თავადი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი. 1812 წლის სამამულო ომში სარდლობდა დივიზიას, ხოლო 1815-18 წლებში რუსულ საექსპედიციო კორპუსს საფრანგეთში. 1823 წლიდან იყო ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორი, 1828-44 წ. ნოვოროსიისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი, 1844-54 წლებში - კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. ახლოს იყო დეკაბრისტების წინამორბედებთან. 1820 წელს ნ. ტურგენევთან ერთად ცდილობდა დაეარსებინა თავადაზნაურთა ორგანიზაცია, რომელიც თანდათან გაათავისუფლებდა გლეხებს, თუმცა თვითონ უდიდესი მემამულე იყო. მიხეილ ვორონცოვი ერთგულად ემსახურებოდა კავკასიის რუსეთის იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა. ადგილობრივ თავადაზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში. მიხეილ ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო. სხვა მოხელეებისაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. ე.წ. "თავად ვორონცოვის არქივში" შემონახულია მე-19 საუკუნის საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები.
  5. კირიაკ ზავრიევი (1891-1978) http://s61.radikal.ru/i171/0901/a6/22e6746c509f.jpg მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი. არის რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტის ავტორი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში (1914-15), შემდეგ კი ოდესისა (1918-19) და თბილისის სახელმწიფო (1921-30) პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში, მოღვაწეობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტშიც (1931-59). 1941-47 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ანტისეისმური მშენებლობის ბიუროს თავმჯდომარე, 1947 წლიდან სიკვდილამდე კი ამ ბიუროს ბაზაზე ჩამოყალიბებული სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი. მისი მთავარი შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა (1913) და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას (1926), მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტ####ბი. ზავრიევს დიდი ღვაწლი მიუძღვის მსუბუქი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში. იგი ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. 1957 წლიდან იყო აშშ-ის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის ინსტიტუტის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენითა და მედლებით.
  6. პავლე ზაზაძე (1901-1989) http://s56.radikal.ru/i152/0901/06/b91a1d104c6b.jpg თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატი. ადიგენის რაიონის სოფელ უდელ აზნაურს სიმონ ზაზაძესა და მის მეუღლეს, ელისაბედ ვარდიძეს რვა ვაჟი შეეძინათ, მაგრამ ხუთი გაზარდეს, მათ შორის პავლე. 1913 წლის ოქტომბერში 14-15 წლის პავლე სტამბოლში ჩაიყვანა ბიძამ, ქართული კათოლიკური მონასტრის მღვდელმა შალვა ვარდიძემ და ამ მონასტერში ზრდიდა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. სტამბოლში ცხოვრება აირია, სკოლები დაიხურა, ბევრი მოწაფე გერმანიასა და პოლონეთში გახიზნეს. პავლე ნათესავებისა და ახლობლების რჩევით სტამბოლში დარჩა, როგორც თვითონ ამბობდა, საქართველოსთან ახლოს, სამშობლოში დაბრუნების იმედით. მაგრამ პავლე ზაზაძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მოგვიანებით პავლეს საქართველოდან მალულად ორი ძმა ესტუმრა - დედის ცრემლებით დანამული ბარათები და ახალციხური თბილი წინდები ჩამოუტანეს. დედა სამშობლოში ეძახდა შვილს, მაგრამ პავლემ ახლად დაწყებული საქმე ვერ მიატოვა. მალულად ჩამოსული ძმები უკან მალულად ვეღარ დაბრუნდნენ, საბჭოთა მესაზღვრეებმა საზღვარზე დააკავეს და დახვრიტეს. სტამბოლის სკოლის დახურვის შემდეგ პავლემ საქმეს მიჰყო ხელი. ორი წელიწადი ნათესავთან იმუშავა, ვაჭრობა ისწავლა, ფულს მოუყარა თავი, სავაჭრო ადგილი შეიძინა, დუქანი გახსნა, დამოუკიდებლად დაიწყო ვაჭრობა. თანდათან ხელი მოემართა, დაწინაურდა, სტამბოლში ცნობილი ადამიანი გახდა. პავლე ზაზაძე ფერიქოის უბნის ქართველთა მონასტრის ხშირი სტუმარი იყო. სწორედ აქ გაიცნო მარიამ ჩილინგარიშვილი და იქორწინა. 1933 წელს დაბადებულ ვაჟს პაპის სახელი - სიმონი დაარქვეს, ქალს კი ანიტა. დროთა განმავლობაში მონასტრის მესვეურნი ხანში შევიდნენ, დაუძლურდნენ, მიიცვალნენ. ეკლესია-მონასტრის არსებობას საფრთხე დაემუქრა. წინამძღვარნი ხშირად ევედრებოდნენ ევროპასა და ამერიკაში ლტოლვილ ქართველებს: მოდით, უპატრონეთ აქაურობასო, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. მხოლოდ პავლე ზაზაძემ ითავა ამ სავანის მეთვალყურეობა, მზრუნველობა. მრევლმა ქართველ კათოლიკეთა საზოგადოება და ფონდი შექმნა. 1966 წელს ფონდის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე ზაზაძე, მონასტრის გამგედ კი პავლე აკობაშვილი (ადგულაძე). პავლე ზაზაძე სიკვდილამდე ერთგულად, ლამის სიცოცხლის ფასადაც კი დარაჯობდა ქართველთა კერას და თუმცა მონასტრის საკმაოდ ვრცელ მიწებზე ბევრს ეჭირა თვალი, კანონიც ხშირად იცვლებოდა და ამ საკუთრების დაცვა ძნელდებოდა, ზაზაძეთა ოჯახის ძალისხმევით ყველაფერი ხელუხლებლად შენარჩუნდა. 1960 წელს უთვისტომო ადამიანთა დახმარებისათვის ვატიკანმა პავლე ზაზაძეს "კომანდატორის" წოდება მიანიჭა. პავლე ზაზაძე საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, მისი ბიზნესი წარმატებით მიიწევდა წინ, ფირმა "ზაზა" ფართოვდებოდა, ახალ-ახალ პროფილს ითვისებდა და ათამდე ფაბრიკას ფლობდა. როგორც ბიზნესს სჩვევია, ფირმასაც დაუდგა მძიმე დრო და 1957 წელს რამდენიმე დღეში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა საფეიქრო, პარფიუმერიის, საპნისა და სათადარიგო ნაწილების საწარმოები, მაგრამ მამამ შვილის დახმარებით კვლავ აღადგინა დაკარგული. დღემდე სამართებლების მწარმოებელი ZAZA ცნობილია, როგორც მსოფლიოში მეორე, თურქეთში კი პირველი ფირმა. პავლე ზაზაძე სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, საუცხოო ოჯახი ჰქონდა, მოსიყვარულე, თავმდაბალი და შრომისმოყვარე. მაგრამ გულით მუდმივი სევდა და დარდი დაჰქონდა. მონასტრის ბაღში ახალციხიდან ჩამოტანილი ხეები დაარგვევინა, "საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად" - ხშირად ჩურჩულებდა თვალცრემლიანი მოხუცი. პავლე ზაზაძე სამშობლოს ნახვას ვეღარ მოესწრო. ამ ადამიანს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ემოგზაურა, დაესვენა, დამტკბარიყო, მაგრამ მას მხოლოდ უდე ენატრებოდა, ახალციხის ცისკრის ნახვაზე ოცნებობდა. პავლე ზაზაძე 1989 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, ორიოდე თვის შემდეგ კი სარფის საზღვარიც გაიხსნა.
  7. ილია ზაქაიძე (1924-2008) http://s57.radikal.ru/i157/0901/ba/93a9a42ed708.jpg საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი. დაიბადა დუშეთში. სიმღერა დაიწყო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლში. 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ჯავახიშვილის მუსიკაზე შესრულებულმა სიმღერამ "ბალადა ვეფხისა და მოყმისა" ზაქაიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1957 წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა ილია ზაქაიძე ანსამბლში სოლისტად მიიწვია, სადაც 50 წელი მოღვაწეობდა. მღეროდა დუეტებს, ქალაქურ (მედუდუკეთა დასტის თანხლებით), საგუნდო და სოლო საფანდურო სიმღერებს. მის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა "ჩაკრულო" 1977 წელს "ნასამ" კოსმოსში გაგზავნა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საპატიო სიგელებითა და სხვა ჯილდოებით.
  8. კირილ და ილია ზდანევიჩები http://s58.radikal.ru/i160/0901/23/f9aa9e4943f6.jpg დიდი ღვაწლი მიუძღვით ნიკო ფიროსმანის სურათების აღმოჩენასა და შეგროვებაში. ეს სურათები უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. კირილ ზდანევიჩი - ქართველი ფერმწერი და ხელოვნების მკვლევარი, წარმოშობით პოლონელი, დედით - ქართველი. 1918 წელს მან დაამთავრა პეტროგრადის სამხატვრო აკადემია, დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში. განიცადა ფორმალიზმის გარკვეული გავლენა. ქმნიდა სურათებს ძველი თბილისის თემებზე, ხატავდა პორტრეტებს, ჟანრულ სცენებს. განსაკუთრებული ინტერესით გადმოსცემდა ქართველი ხალხის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ნიკო ფიროსმანის სურათების აღმოჩენასა და შეგროვებაში. ეს სურათები ზდანევიჩმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. დაწერა და ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მონოგრაფია ნიკო ფიროსმანაშვილზე. კირილ ზდანევიჩი და მისი ძმა, ილია ზდანევიჩი, კავკასიური ავანგარდისტული მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერები იყვნენ. პეტროგრადის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ილია ზდანევიჩი სათავეში ჩაუდგა ავანგარდისტთა ასოციაციას "41". პროპაგანდას უწევდა ფუტურიზმს. პეტროგრადში ცხოვრების დროს იგი დაუახლოვდა ლარიონოვსა და გონჩაროვას და 1913 წელს დაწერა წიგნი მათი შემოქმედების შესახებ. ილია ზდანევიჩი იყო პოლიგრაფიული დიზაინის ნოვატორი და წიგნის გრაფიკის ოსტატი. 1920 წელს ხელოვნების ახალი მიმდინარეობების უკეთ გასაცნობად იგი საფრანგეთში გაემგზავრა. რომოვთან და გინგერთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ჩერეზ" ("შემდეგ"), რომელსაც სსრკ-ში მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი რუსი პოეტები და მხატვრები უნდა დაეკავშირებინა ფრანგული ხელოვნების მოღვაწეებთან. დაუახლოვდა დადაისტებსა და სიურრეალისტებს. გატაცებული იყო დეკორატიული ხელოვნებით - მუშაობდა კოკო შანელის ფირმაში, თანამშრომლობდა პიკასოსთან, მატისთან, შაგალთან და სხვ. ავტორია მრავალრიცხოვანი პოეტური თუ პროზაული კრებულებისა. ილუსტრირებული აქვს ჰაუსმანის, ელუარისა და სხვათა წიგნები.
  9. მიხაი ზიჩი (1827-1906) http://s51.radikal.ru/i134/0901/8a/626752a6b65e.jpg უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში. 1842 წლიდან მეცადინეობს ფერწერაში იტალიელ მხატვარ ი. მარასტონისთან. 1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს ვალდმიულერის ხელმძღვანელობით. 1847 წლიდან ცხოვრობს პეტერბურგში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი. 1881-82 წლებში ცხოვრობდა კავკასიაში. 1883-1906 წლებში კვლავ საიმპერატორო კარის მხატვარია. დემოკრატი მხატვარი თანაუგრძნობდა უნგრულ რევოლუციას. იზიარებდა უტოპიური სოციალიზმის იდეებს. ჩერნიშევსკის გავლენით მხატვარმა შექმნა რამდენიმე სურათი ("ქუჩაზე მოსეირნე წყვილები", "ვაჭრის ოჯახი" და სხვ). განსაკუთრებით საინტერესოა 80-იან წლებში შექმნილი ეტიუდი "ციმბირის ტყვე", სადაც გამოსახულია ჩერნიშევსკი პატიმრობის დროს. ზიჩის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული დონე. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია "კუბოს თავის დაჭედვა", "გარდამოხსნა", (ორივე 1845), "კავკასიის სცენები" (ლითოგრაფია, გამოიცა 1852). მხატვარი განსაკუთრებული წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში. დაასურათა ი. მადაჩის "ადამიანური ტრაგედია", მ. ლერმონტოვის "დემონი". 1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა და მოწინავე ქართული ინტელიგენციის თხოვნით "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე დაიწყო მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14). "ვეფხისტყაოსნის" საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (აჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. მიხაი ზიჩმა ქართულ თემაზე შექმნა კიდევ რამდენიმე ტილო: "ქართველი ქალის პორტრეტი", (1874, კერძო კუთვნილება), "იკორთის მონასტერი", (1888, საქართველოში მეორედ ჩამოსვლის დროს) და სხვა.
  10. იოანე ზოსიმე (X) პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი. მოღვაწეობდა ჯერ პალესტინაში, წმ. საბას ლავრაში, შემდეგ-სინას მთაზე. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზატორი იყო. საბაწმინდის ლავრაში შეადგინა ლიტურგიკული კრებული. ამ კრებულში გაერთიანებული სხვადასხვა ლიტერატურული მასალა იოანეს მიერ კრიტიკულადაა შეფასებული. მასში შესულია უძველესი ქართული იადგარი ("საგალობელნი იადგარნი"), უნიკალური მნიშვნელობის კალენდარი "კრებაჲ თთვეთაჲ წელიწდისათაჲ", რომლის შესადგენად იოანე ზოსიმეს გამოუყენებია კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, საბაწმინდის კალენდრები და სხვა. იოანე ზოსიმეს სახელს უკავშირდება კრებული - "მცირე იადგარი", რომლის მეორე ნაწილი მთლიანად მის მიერაა დაწერილი. იადგარი შეიცავს საუფლო და დიდ დღესასწაულთა საგალობლებს, თუმცა იოანე ზოსიმემ ქართულ მწერლობაში სახელი დაიმკვიდრა, პირველ რიგში, როგორც პოეტმა. კ. კეკელიძე მას მიაკუთვნებს ეროვნული თვითშეგნების აღმავლობით აღბეჭდილ საგალობელს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ". ნაწარმოები იქმნებოდა არაბთა ბატონობის პერიოდში, როცა ტაო-კლარჯეთში საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას და როდესაც უკვე იგრძნობოდა ქართული მიწის გამაერთიანებელი ძალის პულსაცია. ყოველივე ეს სიხარულით აღავსებს იოანეს და ქებათა ქებას უძღვნის ქვეყნის გამაერთიანებელ ქართულ ენას: "და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა... მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა... რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ავტორის ღრმა რწმენით "ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს". ავტორს ჩამოთვლილი აქვს ქრისტიანული სიმბოლიკები, რომლებზე დაყრდნობითაც იგი ხსნის ქართული ენის მესიანისტური კონცეფციის ეზოთერულ საფუძველს. მიუხედავად მრავალი მეცნიერის მცდელობისა, ყველა სიმბოლოს ბოლომდე გახსნა კიდევ ვერ მოხერხდა, თუმცა ძეგლის საერთო ჩანაფიქრი, იდეა გამოკვეთილია: ქართული ენა საღმრთო ენაა, რომელიც წმინდად ინახავს თავს მეორედ მოსვლამდე.
  11. ავლიპ ზურაბაშვილი (1902-1994) http://s49.radikal.ru/i126/0901/49/f548e302d00c.jpg გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა სოფ. ბოდსბისხევში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1927-31 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კლინიკაში მ. ასათიანის ხელმძღვანელობით, 1931-38 წლებში - ლენინგრადში, ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კლინიკაში. ამავე დროს მუშაობდა აკადემიკოს ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში, აკადემიკოს ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში. 1938-50 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-64 წლებში - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1938 წლიდან - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ზურაბაშვილის გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. მან ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა, შეისწავლა ადამიანის თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის მორფოლოგიური განვითარების კანონზომიერებანი. მოგვცა მხედველობის ბორცვების ონტოგენეზური კლასიფიკაცია, შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტის ორიგინალური მეთოდი, განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. ავლიპ ზურაბაშვილი იყო ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის 2 და სხვა მრავალი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
  12. მამუკა თავაქალაშვილი (XVII) http://s44.radikal.ru/i103/0901/24/dd44ee5e3950.jpg მეჩვიდმეტე საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარი-მინიატურისტი. იმერეთის მეფის კარის მდივნი. 1634 წელს ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, რის შემდეგაც ლევან მეორე დადიანის კარზე ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მუშაობას. 1647 წელს გადაწერა "შაჰნამეს" გაგრძელების ე.წ. "უთრუთიანსაამიანის" ქართული პროზაული ვერსია. გალექსა "ზააქიანი", რისთვისაც გამოიყენა "შაჰნამეს" ქართული პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს მის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც 39 მინიატურითაა შემკული. მინიატურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გარდა აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით.
  13. ივანე თარხნიშვილი (1846-1908) http://s40.radikal.ru/i090/0901/cd/fb42305c033d.jpg თარხან-მოურავი, თარხანოვი. ქართველი ფიზიოლოგი. 1863-64 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე დაიწყო ი. სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე". იმავე წელს თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში. 1873 წელს ივანე თარხნიშვილი ორი წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ მეცნიერთა ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ - პროფესორად. 1895 წელს პროგრესული შეხედულებების გამო იგი იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში "თარხანოვის ფენომენად" იხსენიებენ. თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა. ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ივანე თარხნიშვილი მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიური და სამედიცინო საკითხების ფართო პოპულარიზაციას რუსეთსა და საქართველოში - კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა (შემდგომში ცნობილი ფიზიოლოგები: ბ. ვერიგო, ნ. ციბულსკი, ვ. ჩაგოვეცი და სხვ). იყო სამამულო სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს "საპატიო ლეგიონის" ორდენით.
  14. მარიამ (მარო) თარხნიშვილი (1891-1969) http://s45.radikal.ru/i108/0901/1c/670a66c38c65.jpg ქართველი მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1956). 1910 წელს გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო. დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას. თარხნიშვილის გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: "ჭონა", "ბერიკაცი", "ნამგლური", "გარეკახური საცეკვაო", "მუშური", "თამარ ქალო", "კახური მრავალჟამიერი" და სხვ. თავად მარო თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს: ურმულს, ოროველას, აგრეთვე არიას ნ. სულხანიშვილის ოპერა "პატარა კახიდან" - "დაიგვიანეს". თარხნიშვილის გუნდში ბევრი ხალხური მომღერალი აღიზარდა (ვ. ცოფურიშვილი, ლ. ქარუხნიშვილი, გ. ფალავანდიშვილი, თ. იმერლიშვილი და საქართველოს დამსახურებული არტისტი ეკატერინე თარხნიშვილი - მაროს და), ბევრმა საგუნდო ხელოვნება შეისწავლა (გ. ვარდიაშვილი, ვ. კობახიძე, რ. თურქიძე და მაროს ქალიშვილი - თამარ თარხნიშვილი). თავისი კონცერტებით მარო თარხნიშვილი პროპაგანდას უწევდა ქართულ ხალხურ სიმღერას.
  15. მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილი (1897-1958) http://s40.radikal.ru/i088/0901/82/cd0e425db533.jpg ქართველი ფილოლოგი. იკვლევდა ძველ ქართულ, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიურ ლიტერატურათა საკითხებს. 1913-17 წლებში სწავლობდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში. 1917 წლიდან - გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1931 წელს მღვდლად ეკურთხა. 1935 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში. 1943 წლიდან დამკვიდრდა რომში, სადაც გამოავლინა იტალიურ წიგნსაცავებში დაცული ქართული მასალები. გამოაქვეყნა "ძველი ქართული ჟამის წირვები" (1950), "ქართველთა პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი" (1954), "იერუსალიმის ეკლესიის დიდი ლექციონარი" (1959) და ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლები ვრცელი გამოკვლევებითა და ლათინური თარგმანებითურთ. 1955 წელს ი. ასფალგთან ერთად გადაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა კ. კეკელიძის "ქართული ლიტერატურის ისტორიის" პირველი ტომი. იმავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და სხვ.
  16. ოთარ თაქთაქიშვილი (1924-1989) http://s57.radikal.ru/i158/0901/e6/54e5c07e6bd6.jpg ქართველი კომპოზიტორი, სსრკ სახალხო არტისტი. საქართველოს კულტურის მინისტრი. 1947 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1947-52 წლებში იყო საქართველოს საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, 1952-56 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი. 1959 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია, 1966 წლიდან - პროფესორი, ხოლო 1962-65 წლებში - რექტორი. 1957 წლიდან იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. თაქთაქიშვილის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები: "მინდია", "სამი ნოველა", "მთვარის მოტაცება", ერთმოქმედებიანი კომიკური ოპერა "მუსუსი", ორი სიმფონია, სიმფონიური პოემა "მწირი", საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, საგუნდო და საკრავიერი პიესები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის და სხვ. ოთარ თაქთაქიშვილი იყო იუნესკოსთან არსებული საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
  17. მარინა თბილელი (1920-2002) http://i082.radikal.ru/0901/a3/1ce2d7b281a7.jpg 1940 წელს მარინა თბილელმა დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1940-75 წლებში ის იყო შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1975 წელს მსახიობი გადავიდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნდა. 1955 წლიდან თბილელმა მოღვაწეობა დაიწყო ქართულ კინოში. პირველი ფილმი მისი მონაწილეობით იყო "აბეზარა", რომელიც 1956 წელს იხილა მაყურებელმა. ამის შემდეგ მან შეასრულა მრავალი კინოროლი, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: მართა ("ქალის ტვირთი"), ალისა ("თოჯინები იცინიან"), ანა ("თხუნელა") და სხვა.
  18. თეიმურაზ I (1589-1663) http://s59.radikal.ru/i165/0901/72/5a79176d4338.jpg გამეფდა 16 წლის. მისი მცირეწლოვანების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი - ქეთევან დედოფალი განაგებდა. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ (1610) დაქორწინდა ქართლის მეფე ლუარსაბ მეორის და ხორეშანზე (1612). 1614 წელს ირანის შაჰის, აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზი იმერეთს გაიხიზნა. 1615 წელს იგი სათავეში ჩაუდგა კახეთის აჯანყებას სპარსეთის წინააღმდეგ. სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს. თეიმურაზი კვლავ იმერეთში გადავიდა. შაჰის მიერ სპარსეთს მძევლად წაყვანილი დედის - ქეთევან დედოფლის სასტიკი წამებიდან რამდენიმე თვეში (ქეთევან დედოფალთან ერთად შაჰის მძევლები იყვნენ თეიმურაზის მცირეწლოვანი ვაჟებიც, რომელთაგან ერთი დასაჭურისების შედეგად გარდაიცვალა, მეორე კი ჭკუიდან შეიშალა), 1625 წელს გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ირანელთა წინააღმდეგ. მრავალწლიანმა წინააღმდეგობამ ირანის შაჰი აიძულა დათმობებზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზთან და იგი ფაქტობრივად ცნო ქართლ-კახეთის მეფედ. თეიმურაზმა თავი ირანის შაჰის ვასალად კი აღიარა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამიტომ 1632 წელს შაჰმა სეფი პირველმა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I-ს რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა და ამიტომ მოსკოვში არაერთი ელჩობა გაგზავნა, 1658 წელს კი თვითონაც გაემგზავრა, მაგრამ ამაოდ. თეიმურაზი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთანაც ცდილობდა დაკავშირებას. ევროპაში მან ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი) მიავლინა (1626). როცა თეიმურაზს ყოველგვარი დახმარების იმედი ამოეწურა, იგი ბერად აღიკვეცა (1661). მალე ირანში გაიწვიეს და გამაჰმადიანების სანაცვლოდ კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება აღუთქვეს. რჯულის შეცვლაზე თეიმურაზმა უარი განაცხადა, რის გამოც იგი გამოკეტეს ასტრაბადის ციხეში, სადაც მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს. სპარსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი თეიმურაზი დიდად აფასებდა სპარსულ ენას, პოეზიას და მის გავლენასაც განიცდიდა. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავცელებული პოემები: "ვარდბულბულიანი", "შამიფარვანიანი", "ლეილმაჯნუნიანი" და "იოსებზილიხანიანი". თეიმურაზ I-მა ქართულ მწერლობაში შემოიღო სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი: გააბასება, მაჯამა, რითაც ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა და ქართული ლიტერატურა გაამდიდრა. მან ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. თავის პოემაში "წამება ქეთევან დედოფლისა" დიდი პოეტური მღელვარებითა და ტკივილით აღწერა თავისი დედის - ქეთევანი დედოფლის წამება და თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის. თუმცა სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატონობდა. გაბაასების ჟანრის თხზულებაში "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა" პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება. მეფე თეიმურაზს ეკუთვნის ლირიკული პოემა "მაჯამა", ლირიკული ლექსები "გრემის სასახლეზე", "თამარის სახე დავით გარეჯას" და სხვ. თეიმურაზ I ხორციელი ტრფობისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება ("გაბაასება ბაგისა და ღვინისა", ლირიკული ლექსები). დიდია "ვეფხისტყაოსნის" გავლენა მის შემოქმედებაზე.
  19. აკაკი თელია (1920-1994) http://s49.radikal.ru/i125/0901/da/d2d1ea2c75e2.jpg ქირურგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (მიენიჭა 1977 წელს ე. ფიფიასთან ერთად). დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავისა და სამამულო ომის II ხარისხის ორდენებით. 1942 წელს თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებული აკაკი თელია ფრონტზე წავიდა. ახალბედა ექიმი სტალინგრადის ევაკოჰოსპიტალში ქირურგის დახმარებით ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. 1944 წელს თელია უკვე პოლონეთში მსახურობდა, შემდეგ კი - გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აკაკი თელიამ პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკის კათედრაზე ორდინატორად დაიწყო მუშაობა. 1951 წელს ის ცოდნის გასაღრმავებლად მოსკოვში მიავლინეს, სადაც ჯერ აკადემიკოს ბაკულევთან მუშაობდა, შემდეგ კი - პროფესორ მეშალგინთან და, ბოლოს, ლენინგრადში აკადემიკოს კუპრიანოვთან აიმაღლა კვალიფიკაცია ზოგად ქირურგიაში. სიცოცხლის ბოლომდე პროფესორი ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას. აკაკი თელია ავტორია 120-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 5 მონოგრაფიაა. პროფესორმა პირველმა შეიმუშავა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში წყლულოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები. აკაკი თელია დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
  20. რევაზ თვარაძე (1928-2006) http://s57.radikal.ru/i158/0901/01/d665f8105cf2.jpg ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75) და სხვ. 1968 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან. პირველი წიგნი "ლიტერატურული წერილები" გამოაქვეყნა 1962 წელს. რეზო თვარაძის წერილები და გამოკვლევები ეხება ქართული მწერლობისა და კულტურის საკითხებს. გ. ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მან მიუძღვნა ბიოგრაფიულ-ესეისტური ჟანრის წიგნი "გალაკტიონი" (1972). თარგმნა მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: "სოფელი", "ქალაქი" და სხვ.
  21. გურამ თიკანაძე (1933-1963) http://s50.radikal.ru/i127/0901/0c/3bda07de9b45.jpg ფოტოგრაფი და ალპინისტი. ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს შხარადან დაშვების დროს. მისი წარმატებები საყვარელ სფეროში აღმავალი ხაზით მიდიოდა - 30 წლის ასაკში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. ფოტოგრაფიას მეშვიდე კლასიდან მოჰკიდა ხელი მაშინდელ პიონერთა სასახლეში ცნობილი ფოტოგრაფების, ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ "დროშის" ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ერთმანეთს უთავსებდა პუბლიცისტურობასა და პოეტურ აზროვნებას. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისმა ნაადრევმა სიკვდილმა საზოგადოებას გამოაცალა შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში შემავალი ფოტოგრაფი, რომლის გემოვნება და ოსტატობა საყოველთაოდ იყო აღიარებული.
  22. ივანე თიკანაძე (1868-1943) http://s41.radikal.ru/i093/0901/cb/6d7119692347.jpg ქართველი მეან-გინეკოლოგი, მეცნიერული მეანობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ 9 წელი მუშაობდა ქ. ოზურგეთის ამბულატორიაში. 1907 წელს მეანობა-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში. პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო მოქმედ არმიაში. ომის შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსებისთანავე აირჩიეს კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ივანე თიკანაძე სწავლობდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და ოპერაციის გზით მათი მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემასა და სხვ. საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ დღესაც ფართოდ იყენებენ მის მიერ შემუშავებულ მეთოდს. თიკანაძემ საქართველოში დანერგა მრავალი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია: გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველად გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში, ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვ. ივანე თიკანაძე იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. მას დიდი დამსახურება მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ორგანიზების საქმეში. თიკანაძე იყო კიევისა და ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" დაარსებაში და წლების მანძილზე იყო ამ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
  23. დავით თორაძე (1922-1983) http://s41.radikal.ru/i092/0901/03/472503ba2796.jpg დაიბადა ქ. თბილისში. საშუალო და მუსიკალური სკოლების დამთავრების შემდეგ, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. საკომპოზიციო კლასში მისი პედაგოგი იყო ს. ბარხუდარიანი, ხოლო ფორტეპიანოს კლასში კი ა. ვირსალაძე. 1939 წ. სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში, 1952 წ. კი დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1943-44 წწ. დავით თორაძე იყო "ქართული ფილმის" კინოსტუდიის ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმების საესტრადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954 წლიდან პედაგოგი, 1963 წლიდან დოცენტი, ხოლო 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო კათედრის პროფესორი. დავით თორაძე მეტწილად მუსიკალურ-თეატრალურ და სიმფონიურ ჟანრებში მუშაობდა. ავტორია ოპერებისა "მთების ძახილი", "ჩრდილოეთის პატარძალი", ასევე ბალეტებისა "გორდა", "მშვიდობისათვის", "მწირი". დავით თორაძეს ეკუთვნის მუსიკა ფილმებისათვის: "ღვინის ქურდები", "ჭირვეული მეზობლები", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "პალიასტომი", "შეხვედრა წარსულთან", "კაცია-ადამიანი" და სხვა.
  24. სულიკო თორთლაძე (1919-1982) http://s54.radikal.ru/i145/0901/a6/e8f824d12204.jpg ქართველი სპორტსმენი, კალათბურთელი, სსრკ-ს ჩემპიონი (1950), სსრკ-ს თასის მფლობელი (1949), 1948 წლის სსრკ-ს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1938-44 წლებში თამაშობდა ქუთაისის "დინამოს" შემადგენლობაში. 1945-52 წლებში გადავიდა თბილისის "დინამოში". აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ ხელი მიჰყო სამწვრთნელო მოღვაწეობას და აღზარდა საქართველოს საუკეთესო კალათბურთელები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები: საკანდელიძე და ქორქია.
  25. მიხეილ თუმანიშვილი (1921-1995) http://i054.radikal.ru/0901/d1/8f7da57d1479.jpg გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. 1949 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-71 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად, 1965-66 წლებში - მთავარ რეჟისორად. 1971-75 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი. 1975 წლიდან - კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად (1973 წლიდან - პროფესორი) მუშაობის დროს აღზარდა არაერთი ნიჭიერი მსახიობი. თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. თავისი შემოქმედებითი გამოცდილება მიხეილ თუმანიშვილმა განაზოგადა საჟურნალო ნარკვევებსა და წიგნში "სანამ რეპეტიცია დაიწყება".
×
×
  • შექმენი...