Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. შოთა მანაგაძე (1903-1977) http://s48.radikal.ru/i121/0901/f4/2116f966a8ec.jpg ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა ქ. ქუთაისში. 1921 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თეატრმა გაიტაცა და სწავლა განაგრძო გ. ჯაბადარის თეატალურ სტუდიაში, რომელიც დამთავრა 1926 წელს და ჩაირიცხა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1919-35 წლებში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდა თეატრის მსახიობად და რეჟისორად. 1935 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" თანამშრომლობს. შოთა მანაგაძე რეჟისორია ფილმებისა: "ჭირვეული მეზობლები", "საბუდარელი ჭაბუკი", "კეთილი ადამიანები", "ხევსურული ბალადა", "ჯვარცმული კუნძული", "ვინ შეკაზმავს ცხენს", "წუთისოფელი", "თვალი პატიოსანი", "ყვავილი თოვლზე" და სხვ.
  2. ეროსი მანჯგალაძე (1925-1982) http://s61.radikal.ru/i172/0901/7b/f3308c2d2d6e.jpg ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, პოპულარული კომენტატორი დაიბადა 1925 წელს თბილისში. დაამთავრა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. მუშაობდა კ. ხეთაგუროვის სახ. ცხინვალის თეატრში. 1948 წლიდან იყო რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი. პარალელურად მოღვაწეობდა კინოში, რადიო კომიტეტში დიქტორად და სპორტულ კომენტატორად. შექმნა საინტერესო სცენური სახეები, გამოირჩეოდა გარდასახვის შესანიშნავი უნარით, მასშტაბურობით, თანამედროვეობის შეგრძნებით. კინოში შესრულებული როლები გამოირჩეოდა ინდივივიდუალობით და მაშინვე პოპულარული ხდებოდა მაყურებლისთვის. დაუვიწყარია მის მიერ შექმნილი სახეები ფილმებში: "ქვევრი", "ვერის უბნის მელოდიები", "ყვარყვარე", "ნატვრის ხე", "ლონდრე", "თოჯინები იცინიან", "წარსული ზაფხული", "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "ქალაქი ანარა" და სხვა.
  3. ნიკო მარი (1864-1934) http://s53.radikal.ru/i141/0901/1a/d303bb774515.jpg ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1930 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. დაიბადა ქუთაისში. მამა შოტლანდიელი ჰყავდა, დედა - ქართველი. 1884 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1890 წელს - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. ქართული ხელნაწერების შესასწავლად მუშაობდა სტრასბურგში, ვატიკანში, რომში. მონაწილეობდა ათონის მთაზე ნ. კონდაკოვის ექსპედიციაში. 1902 წელს ივ. ჯავახიშვილთან ერთად იყო ექსპედიციაში სინას მთაზე. წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ქართული ენა ენათესავება სემიტურ ენებს და ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა. მოგვიანებით მან მიიჩნია, თითქოს იაფეტიზმი დასტურდება მსოფლიოს ხალხთა ყველა ენაში და ამიტომ იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად, ხოლო ენათა ოჯახის ცნება უარყო. ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ენათმეცნიერების კვლევაში. გამოაქვეყნა "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები", "ჭანურის გრამატიკა", "ძველი ქართული სალიტერატურო ენა", რიგი საინტერესო წერილებისა სვანური და აფხაზური ენების შესახებ, სომხურის, როგორც ნარევი ენის შესახებ. ბრწყინვალე გამოკვლევები უძღვნა კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს. პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებით "აბდულმესია" და "თამარიანი". საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას. დიდია მისი დამსახურება ისტორიასა და არქეოლოგიაში. მან გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდური II-ის (ძვ. წ. 760-730) ცნობილი სოლისებური წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებულია კულხას (კოლხას) ქვეყანა. 1934 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. ამავე წელს გარდაიცვალა ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი).
  4. კოტე მარჯანიშვილი (1872-1933) http://s47.radikal.ru/i116/0901/a0/1529a34c6962.jpg კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი დაიბადა 1872 წელს სოფელ ყვარელში. განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1894 წლიდან იყო ქუთაისის დრამატულ დასში. ამავე წელს დებიუტი ჰქონდა - თბილისში შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში "პატარა კახი". ამის შემდეგ მოღვაწეობდა რუსეთისა და შუა აზიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ 1904 წლიდან მუშაობდა მხოლოდ როგორც რეჟისორი. თანაუგრძნობდა 1905 წლის რევოლუციას. ეს განწყობა მან სცენაზეც გადაიტანა. 1909 წლამდე მოღვაწეობდა უკრაინის სხადასხვა ქალაქების სცენაზე, შემდეგ ჩადის მოსკოვში და კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორია. ამ პერიოდში ეხმარება ქართველ სტუდენტებს - მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს. აქვე მონაწილეობს ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1913 წელს დააარსა საკუთარი ე.წ. "თავისუფალი თეატრი", რომელმაც მართალია მხოლოდ ერთი სეზონი იარსება, მაგრამ მარჯანიშვილმა შეძლო სინთეზური თეატრის პრინციპის დამკვიდრება. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", რომელმაც ქართული თეატრის განახლებას დაუდო საფუძველი. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი, II სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით, რომელიც ორი სეზონის შემდეგ თბილისში გადმოვიდა და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ამ თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ეწოდა. ეს იყო პირველი ქართული თეატრი, რომელმაც ქვეყნის გარეთ - მოსკოვსა და ხარკოვში ჩაატარა გასტროლები. კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების რიცხვშია: შ. დადიანის "კაკალ გულში", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", აფინოგენოვის "შიში", უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში შილერის "დონ-კარლოსის" დასადგმელად, თუმცა მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება, 17 აპრილს გარდაიცვალა. მარჯანიშვილის ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს, ხოლო 1964 წელს ქართულმა საზოგადოებამ მას მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი. მისი სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს სოფელ ყვარელში. მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი, დაწესებულია მისი სახელობის პრემია.
  5. შალვა მაღლაკელიძე (1893-1970) დიდგვაროვან ოჯახში დაბადებულმა მაღლაკელიძემ დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი სამართლის განხრით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მოვლენებში, რომელთაც შედეგად ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოყვა. 1919-20 წლებში შალვა მაღლაკელიძე თბილისის უმაღლესი გენერალი იყო. საქართველოში კომუნისტური წყობის დამყარებისთანავე მაღლაკელიძე ევროპაში წავიდა, სადაც ჩამოაყალიბა ქართველ ემიგრანტთა რამდენიმე საზოგადოება, მათ შორის: კავკასიური სათვისტომო, თეთრი გიორგი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და ქართველთა ლატვიური საზოგადოება, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1930 წლიდან შალვა მაღლაკელიძე ქართული სათვისტომოების მუშაობის ერთ-ერთი მთვარი კოორდინატორი იყო მთელი ევროპის მასშტაბით. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას მაღლაკელიძე გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობდა, სურდა მათი მეშვეობით საქართველო კომუნისტებისაგან გაეთავისუფლებინა. 1941 წელს მან ითავა ქართველთა ლეგიონის წინამძღოლობა და მონაწილეობას ღებულობდა ვერმახტის კამპანიებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1944 წელს მან გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში დარჩა და კონრად ადენაუერთან მუშაობდა სამხედრო მრჩევლად 50-იანი წლების შუა რიცხვებამდე. პარალელურად, კვლავ უწევდა კოორდინაციას ქართველ ემიგრანტთა სათვისტომოების მუშაობას. 1954 წელს მაღლაკელიძე შეიპყრეს და საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს, სადაც პატიმრობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს და საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.
  6. მარო მაყაშვილი (1901-1921) http://i011.radikal.ru/0901/54/298c52361099.jpg მოწყალების და, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული. დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში - მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის დამააარებელი იყო, ხოლო დედა - თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომ ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით. 1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა... 23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც. წირვა მათთვის დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ ჩაატარა. ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.
  7. ალექსანდრე მაჭავარიანი (1884-1941) http://s41.radikal.ru/i093/0901/72/be37ed3fa83e.jpg ქართველი ქირურგი, საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1911 წელს მოაწყო ექსპედიცია სვანეთში ჩიყვის შესასწავლად და ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 წელს პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1914-1918 წლებში ფრონტზე იყო. 1919 წლიდან თბილისში მოღვაწეობს. არის საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზატორი, თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო კლინიკა. შეისწავლა ფარისებრი ჯირკვალის, ჭიანაწლავის, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, სახსრების ქირურგიის პათოლოგიისა და სხვა საკითხები. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები სამედიცინო ქირურგიის სხვადასხვა სფეროში.
  8. ალექსი მაჭავარიანი (1913-1995) http://i069.radikal.ru/0901/17/64b9a3c38606.jpg ქართველი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა ქ. გორში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1939 წლიდან იყო ამავე სასწავლებლის პედაგოგი, შემდეგ თბილისის მუსკომედიის თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. მის შემოქმედებაში გამოხატულია ამაღლებული ლირიკა და დრამატიზმი, რომელშიც ორიგინალურად არის შერწყმული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ინტონაცია და რიტმები. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ოპერები: "დედა და შვილი", "ჰამლეტი", ბალეტები: "ოტელო", "ვეფხისტყაოსანი", ორატორია, სიმფონიები, საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, საფორტეპიანო ციკლები და სხვა. ალექსი მაჭავარიანის მუსიკა ფილმებისათვის "აკაკის აკვანი" და "ორი ოკეანის საიდუმლო" დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მსმენელს ხიბლავდა მისი რომანსები: "ცისა ფერს", "არ დაიდარდო დედაო", წერდა მუსიკას დრამატული თეატრებისთვის. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
  9. ვახტანგ მახალდიანი (1911-1982) http://s61.radikal.ru/i172/0901/42/4ccf245eb798.jpg ქართველი მეცნიერი თბური ძრავების დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და პრეზიდიუმის წევრი (1954). საქართველოს სახელმწიფო პრემიის და გ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავისა და ორი "საპატიო ნიშნის" ორდენებით. ვახტანგ მახალდიანმა 1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხანაში, რომლის მთავარი ინჟინერი გახდა 1934 წელს. 1938 წლიდან ის იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ფრონტზე. ვახტანგ მახალდიანის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდაა გავრცელებული ძრავების მუშაობის მის მიერ დამუშავებული მეთოდები და თეორიები.
  10. კოტე მახარაძე (1926-2003) http://i011.radikal.ru/0901/08/60080329ef07.jpg ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, პოპულარული სპორტული კომენტატორი დაიბადა 1926 წელს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში. 1970 წელს გადავიდა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც ითამაშა მრავალ სპექტაკლში, მათ შორის აღსანიშნავია ვერიკო ანჯაფარიძის მიერ 1972 წელს აღდგენილი ლეგენდარული სპექტაკლი "ურიელ აკოსტა", რომელშიც ურიელის როლს კოტე მახარაძე ასრულებდა, ხოლო ივდითის როლს, მისი მომავალი მეუღლე - სოფიკო ჭიაურელი. 1983 წელს გახდა მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი. აღსანიშნავია მისი, როგორც სპორტული კომენტატორის მოღვაწეობა. 1981 წელს მას მიჰყავდა ლეგენდარული მატჩი ფეხბურთში, ევროპის თასების მფლობელთა თასზე, თბილისის "დინამოსა" და "კარლ ცაისს" შორის, რომელშიც "დინამომ" გამარჯვება მოიპოვა. არსებობს მისი სახელობის თასის საფეხბურთო ტურნირი, აგრეთვე მისი სახელობის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი. გარდაიცვალა 2003 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
  11. შოთა მეგრელიძე (1908-1942) http://s46.radikal.ru/i114/0901/54/ec9e0383f4a4.jpg ქართველი ეკონომისტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი წარმატებული განვითარების აქტიური ინიციატორი და ხელშემწყობი. უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერის ათეულობით სამეცნიერო შრომა დიდი შენაძენია ქართული ეკონომიკური მეცნიერებისთვის. 28 წლის ასაკში აირჩიეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგედ. იყო გაზეთ "საბჭოთა აგრონომის" პირველი რედაქტორი. იყო გულანთებული პატრიოტი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებს არ ეკუთვნოდათ ჯარში გაწვევა, 1941 წელს მოხალისედ წავიდა გერმანელ ფაშისტებთან საბრძოლველად, სახლში კი დატოვა მძიმედ ავადმყოფი ქალიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შოთა მეგრელიძე გმირულად დაიღუპა 1942 წელს, ქერჩში. მისი სახელი ეწოდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აუდიტორიასა და კაბინეტს.
  12. კოლხი მედეა http://i039.radikal.ru/0901/e9/612f21d92fa6.jpg მედეა - მითოლოგიური პერსონაჟი, კოლხას მეფის - აიეტის უმცროსი ქალიშვილი, ჰელიოსის, მზის ღმერთის, შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმია, რომელსაც შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იაზონი და დაეხმარა მას "ოქროს საწმისის" გატაცებაში. საბერძნეთისკენ "არგოთი" მიმავალთ, მედეას ძმა, აფსირტე დაედევნა, რომელიც არგონავტებმა მოკლეს და შემდეგ, სახიფათო მოგზაურობის მიუხედავად, მშვიდობით ჩავიდნენ საბერძნეთში. მედეასა და იაზონს ორი ვაჟი: მერმეროსი და პერესტოსი ეყოლათ, თუმცა იაზონის ბიძამ, პელიასმა პირობა არ შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ იაზონმა "ოქროს საწმისი" მიუტანა, ტახტი არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელი მის ასულებს დააკეპინა. ხალხმა ამის გამო იაზონი და მედეა განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იაზონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის, კრეონის ასულის მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იაზონზე და მისი საცოლე "სიკვდილს შეჰყარა". ამით განრისხებულმა კორინთოელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, დამწუხრებული მედეა სამშობლოში დაბრუნდა. მითის დასრულების განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს ევრიპიდე (ძვ. წ. V ს.) "მედეაში" - ღალატის შემდეგ მედეა ხოცავს თავის შვილებს, რათა საბოლოოდ გული მოუკლას ქმარს. ჰელიოსის მიერ გამოგზავნილი ეტლით მიფრინავს ათენში, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. ეგეოსის შვილის, თეზევსის ჩამოსვლისთანავე წყდება ეს ქორწინება. თეზევსის მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ, მედეა გარბის და თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი შვილი - გმირი მედოსი, რომელიც იმორჩილებს მცირე აზიის ბარბაროს ტომებს და აარსებს მიდიას. ბოლოს მედოსი ინდებთან ბრძოლაში იღუპება. მედეა კოლხეთში ბრუნდება, ურიგდება მამამისს და ეხმარება მას ძველი დიდების აღდგენაში. მედეას წინარეანტიკურ და ანტიკურ სამყაროში ქალღმერთად თვლიდნენ. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებას. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, ხოლო მოხუცებს სიჭაბუკეს უბრუნებდა.
  13. არსენ მეკოკიშვილი (1912-1972) http://s53.radikal.ru/i142/0901/73/aa941a7b459e.jpg ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, ჰელსინკის (1952) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1934-1944 წწ. იყო საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, 1944-1955 წწ. სპორტსაზოგადოება "დინამოს" ჩემპიონი სამბოში, ასევე საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სტუდენტთა და ახალგაზრდობის IV ფესტივალის ჩემპიონი (ბუქარესტი 1953), ტოკიოს 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი. 1956 წელს უკანასკნელად იასპარეზა საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველ სპარტაკიადაზე, სადაც 44 წლის ასაკში დაამარცხა ყველა მეტოქე და პირველი ადგილი მოიპოვა. 1963 წლიდან საქართველოში თამაშდება არსენ მეკოკიშვილის სახელობის თასი ქართულ ჭიდაობაში.
  14. გიორგი მელიქიშვილი (1918-2002) http://s57.radikal.ru/i157/0901/79/d3bbada089ed.jpg ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, 1965 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში. მისმა ფუნდამენტურმა შრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. გიორგი მელიქიშვილი ავტორია აგრეთვე სხვა მრავალი გამოკვლევებისა ხურიტების, ხეთების, ასურელების, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვენების ისტორიაში. ამ ქვეყნების ფონზე მან გამოიკვლია უძველესი ქართული პოლიტიკური გაერთიანებების - კოლხას და დიაოხის ისტორიის საკითხები. დაამუშავა საქართველოს ძველი ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა. საინტერესოა, რომ აღმოსავლური და ანტიკური საზოგადოებების საკუთრების კვლევისას მან ეს პერიოდი ტიპოლოგიურად დაახასიათა, როგორც წინაფეოდალური, ხოლო სტადიურად ადრეკლასობრივი. გიორგი მელიქიშვილი არის საქართველოს სახელმწიფო და ივ. ჯავახიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
  15. მენშევიკები http://s47.radikal.ru/i117/0901/98/6bd4fc72507a.jpg მენშევიზმის წარმოშობა ოფიციალურად დაკავშირებულია 1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატული პარტიის (რსდმპ) მე-2 ყრილობაზე მომხდარ გათიშვასთან, როდესაც ახალი ტიპის მარქსისტული პარტიის შექმნის ლენინურ გეგმას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პარტიის სტრუქტურული არჩევნების დროს ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. აქედან წარმოდგება სახელწოდება მენშევიკები (რუსულად "მენშე" - ცოტა). ლიდერები იყვნენ: პლეხანოვი, მარტინოვი, აქსელროდი და სხვა. 1905-07 წლების რევოლუციას მენშევიკების ლიდერებმა "ისტორიული შეცდომა" უწოდეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო უნდა გამხდარიყო რევოლუციურ ძალთა დარაზმვის ცენტრი. მათ უარყვეს რევოლუციის იდეა და გეზი აიღეს რეფორმისტულ საქმიანობაზე. მენშევიკური საქმიანობა საქართველოში უკავშირდება ე.წ. "მესამე დასს". მენშევიკების აღიარებული წინამძღოლი იყო ნოე ჟორდანია, წევრები: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი და სხვ. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მენშევიკთა მსოფლმხედველობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პოპულარული გახდა ლოზუნგი ერთა თვითგამორკვევის შესახებ. ქართველმა მენშევიკებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. თუმცა, მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა ამიერკავკასიის ავტონომიის შექმნა, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდებოდნენ და ამგვარად შევიდოდნენ რუსეთის სახელმწიფოში ცალკე ავტონომიურ ერთეულად. რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ამიერკავკასიაში მართლაც შეიქმნა ამგვარი ავტონომიურ-ფედერაციული რესპუბლიკა, თუმცა განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მქონე საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთად დიდხანს ვერ იარსება, ამიტომ მენშევიკებისათვის ერთადერთი გამოსავალი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც განხორციელდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს ანექსიის შემდეგ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში დარჩენილმა მენშევიკებმა 1923 წლის აგვისტოში გამართეს სრულიად საქართველოს მენშევიკთა ყრილობა, რომელმაც პარტია დაშლილად გამოაცხადა. 1924 წლის აგვისტოს ბოლოს, ქართველ ოფიცრებთან ერთად მენშევიკებიც შეეცადნენ აჯანყების მოწყობას, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო.
  16. გიორგი მერჩულე (X საუკუნე) http://i011.radikal.ru/0901/78/6b5154b15679.jpg ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, პროზაიკოსი, საეკლესიო მოღვაწე, ავტორი თხზულებისა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება". გიორგი მეტად განსწავლული პიროვნება იყო. იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას. პ. ინგოროყვას განმარტებით, "მერჩულე" სამართლის მცოდნეს, თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს. მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 წელს აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული ხასიათის თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყაროები. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ხანძთის მაშინდელი წინამძღვარი თეოდორე და მისი ძმა იოანე. 958-966 წლებში თხზულება განაახლა ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა, ადარნასე კურაპალატის ძემ. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII საუკუნის მიწურულსა და IX საუკუნეში სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე გაშლილ სამონასტრო კოლონიზაციას. ეს ის ხანაა, როცა ზედიზედ აღმოცენდა მწიგნობრობის მრავალი კერა. ამ მონასტრებში შექმნილი სულიერი ფასეულობანი საუკუნეთა განმავლობაში ასაზრდოებდნენ ქართულ კულტურას. ძეგლში მხატვრულად არის არეკლილი მთელი მაშინდელი საქართველოს სახე: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული. საყურადღებოა, რომ ნაწარმოებში გაჟღერებულია საქართველოს ეროვნული მთლიანობის იდეა. გიორგი მერჩულეს აზრით, "ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება - "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". თხზულების უძველესი ხელნაწერი XII საუკუნით თარიღდება და იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაშია დაცული. მას ნ. ჩუბინაშვილმა 1845 წელს მიაკვლია, ხოლო 1902 წელს ნ. მარმა აღწერა და გამოსცა. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში – "მერჩულიული".
  17. სლავა მეტრეველი (1936-1998) http://s50.radikal.ru/i130/0901/a4/22235a01c196.jpg ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" მარჯვენა გარემარბი და კაპიტანი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაიბადა სოჭში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. კარიერის საუკეთესო წლები ორ კლუბში, მოსკოვის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" გაატარა. 1960 და 1964 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა - ტიტული პირველად მოსკოველთა შემადგენლობაში მოიპოვა, 1964 წელს კი უკვე ქართული კლუბის ღირსებას იცავდა. 1960 წელს "ტორპედოს" შემადგენლობაში სსრკ-ის თასიც აღმართა. არაერთხელ დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, აქედან 6-ჯერ პირველ ნომრად. 1960 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები საფრანგეთში გამართული ევროპის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა. კონტინენტის ჩემპიონის წოდება მასთან ერთად კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიპოვა: მცველმა გივი ჩოხელმა და თავდამსხმელმა მიხეილ მესხმა. 1968 წელს სლავა მეტრეველმა, პირველმა ქართველ ფეხბურთელთაგან, მსოფლიოს ნაკრებში იასპარეზა: ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველად მოგების ათი წლის იუბილე აღნიშნა და ამასთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროში, "მარაკანაზე", მასპინძლები მსოფლიოს ნაკრებს გაეჯიბრნენ. სლავა მეტრეველის მხარდამხარ იმ შეხვედრაში ვარსკვლავთა გუნდში ბევრი დიდებული ფეხბურთელი თამაშობდა: გერმანელი ბეკენბაუერი, უნგრელი ალბერტი, იუგოსლავიელი ჯაიჩი, ესპანელი ამანსიო... 1971 წელს სლავა მეტრეველმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და საყვარელ კლუბში მწვრთნელად განაგრძო მუშაობა. 1976 წელს მას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.
  18. იონა მეუნარგია (1852-1919) http://s61.radikal.ru/i173/0901/93/cef7b59dfb9f.jpg მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილის სასულიერო სასწავლებლის შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ბოლო კურსიდან გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო. ერთხანს სწავლობდა ჟენვასა და პარიზში. საქართველოში 1878 წელს დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ნარკვევები და ფელეტონები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მან დაამკვიდრა ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში ახალი, ე.წ. ბიოგრაფიული ჟანრი, რომელის მიზანი, მეუნარგიას სიტყვით, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა "ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერაა". ი. მეუნარგია მიეკუთვნება იმ თაობას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი, ინიციატორი და თანამონაწილე საერო სკოლების გახსნისა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, რუსეთის იმპერიული პოლიტიკისაგან ქართული ენის დასაცავად დაწყებული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი. იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავისა და იაკობ გოგებაშვილის მოწოდებით შეიქმნა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია. დაიწყო ძველი ხელნაწერების შეგროვება, მათი ერთმანეთთან შეჯერება, დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ქართველი ერის ნაციონალური სიმდიდრის უნაკლოდ გამოცემა ითავა. მანვე ცნობილი ავსტრიელი მწერლების, არტურ და ბერტა ფონ-ზუტნერების დახმარებით, ფრანგულ და გერმანულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" და საილუსტრაციოდ წარუდგინა ცნობილ უნგრელ მხატვარს მიხაი ზიჩის. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე", "კავკაზ", "ტიფლისსკი ვესტნიკ", "ნოვოე ობოზრენიე", ხშირად ასრულებდა გაზეთ "დროების" რედაქტორის მოვალეობასაც. გამორჩეულია იონა მეუნარგია როგორც ბიოგრაფი. მას ეკუთვნის ქართული ბიოგრაფიული რომანი "ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა", საგულისხმო მოგნებები და ნარკვევები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი და დავით ერისთავების, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია გურიელის, გიორგი ჭალადიდელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ამ ღვაწლისათვის მას "ქართველი პლუტარქე" უწოდა. ავტორია ისტორიული მონოგრაფიებისა: "დავით დადიანი და მისი დრო", "ნიკო დადიანი", "ეკატერინე ჭავჭავაძე", ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილებისა და შრომებისა სვანეთისა და აჭარა-ქობულეთის შესახებ.
  19. თენგიზ მირზაშვილი (1934-2008) http://s60.radikal.ru/i169/0901/15/d4d2a69fad6d.jpg ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, აკადემიკოსი, 2004 წლის სახელმწიფო პრემიის ნომინანტი. დაიბადა 1934 წელს მესტიაში, მხატვრების ოჯახში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო სერგო ქობულაძის მოწაფე. აკადემიის დასრულების შემდეგ, იქვე განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა. ითვლება ბავშვთა სურათების გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ცნობილმა რეჟისორმა, ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია "ჰამლეტის" გასაფორმებლად. თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი, მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა "გალაკტიონოლოგიის" ორი ტომი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთროში" რედაქტორი. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ლირიკულობა, პოეტური განწყობილება, ფერადოვნება. ნამუშევრები "მწყემსი", "სოფლის დღესასწაული", სერია "თუშეთი" კარგად გადმოსცემს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ კავშირს. მისი ნახატების გამოფენა მოეწყო გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და სხვ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  20. ბელა მირიანაშვილი (1938-1992) http://s45.radikal.ru/i109/0901/da/f0e93f590998.jpg თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1952 წელს ბელა მირიანაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შევიდა, სადაც 4 წელი ისწავლა. 1960 წელს მან დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იგი კინოში ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას მიიწვიეს, მეოთხე კურსის სტუდენტი კი უკვე შ. რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე თამაშობდა. ბელა მირიანაშვილი გადაღებულია ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი", "დღე უკანასკნელი - დღე პირველი", "წარსული ზაფხული", "უდიპლომო სასიძო" და სხვა.
  21. კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე (1896-1973) http://s60.radikal.ru/i169/0901/5c/4319d02d8946.jpg ქართველი მსახიობი და რეჟისორი. დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია. პირველად სცენაზე გამოვიდა ქუთაისში "ახალგაზრდა მსახიობთა დასში". 1920-იან წლებში მოღვაწეობდა კინოში. პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი" შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: "ვინ არის დამნაშავე", "დინა-ძაძუ", "ხანუმა" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით. 1929 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა. გადაიღო ფილმი "ბებიაჩემი", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი "თაროზე იდო". შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი - "ქაჯეთი". ავტორია მხატვრული ფილმისა "დაგვიანებული სასიძო" 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ი. პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი "ფორპოსტი". ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა. 1945 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე.
  22. ევგენი მიქელაძე (1903-1937) http://s42.radikal.ru/i097/0901/f8/b04bf84963ce.jpg ევგენი სიმონის ძე მიქელაძე მოღვაწეობდა 1903-1937 წლებში. იყო დირიჟორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია. 1937 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს. თბილისის კონსერვატორიასთან დაარსა სტუდენტთა ორკესტრი და აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ისე გაძლიერდა, რომ თამამად იწვევდა საგასტროლოდ არამარტო საბჭოთა კავშირის, არამედ საზღვარგარეთის გამოჩენილ დირიჟორებსა და სოლისტ-შემსრულებლებს. მისი ხელმძღვანელობით თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მოსკოვში, 1937 წელს გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე, სადაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს "აბესალომ და ეთერსა" და "დაისს". საოპერო ხელოვნების შედევრთაგან მის რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს ოპერა "კარმენი", ვერდის "ოტელო" და "აიდა", პუჩინის "ტოსკა" და ა.შ. მისი დირიჟორობით მომზადდა ახალი ქართული ოპერა - გ. კილაძის "ბახტრიონი" და პირველი ქართული ბალეტი - ა. ბალანჩივაძის "მზეჭაბუკი". მისი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, თუმცა ლირიკულ აღმაფრენას თან სდევდა მკაცრი თვითკონტროლი და შინაგანი დისციპლინა. თანამედროვენი მას ახასათებენ, როგორც ერთ-ერთ უნიჭიერეს დირიჟორს, რომელმაც სწრაფად მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. 1937 წელს იგი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
  23. ნიკოლო მიწიშვილი (1896-1937) http://s51.radikal.ru/i132/0901/49/f8d298d1e689.jpg ნიკოლო მიწიშვილი, ქართველი პოეტის, "ცისფერყანწელთა" წარმომადგენლის, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის ფსევდონიმია. დაიბადა 1896 წელს იმერეთში, სოფელ ჯვარისაში. ქუთაისის რეალური სასწავლებლისა და ორწლიანი პედაგოგიური კურსების დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ტობანიერსა და საჩინოში. პირველი ლექსები ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაბეჭდა. იყო მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთის "გოლოს სოლდატას" რედაქტორი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამოსცემდა გაზეთ "ფიგაროს". 1922-1925 წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში. აქტიურად მონაწილეობდა გაზეთ "ახალი საქართველოს" დაარსებაში, რომელსაც გრ. ვეშაპელთან ერთად გამოსცემდა. პარიზში ჩამოაყალიბა "ქართველ ხელოვანთა კავშირი". სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო ლიტფონდის დირექტორი. რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", ხელმძღვანელობდა სახელგამს. ცხოვრების ბოლო წლებში იყო ჟურნალ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორი. პოეტის დეკადენტური განწყობა განსაკუთრებით წარმოჩნდა მის პოეტურ კრებულში "შავი ვარსკვლავი". 1918 წლიდან იყო "ცისფერყანწელთა" ორდენის აქტიური წევრი. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭდვით ორგანოებთან. 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. დახვრიტეს ამავე წლის 13 ივლისს.
  24. მიქაელ მოდრეკილი (X საუკუნე) http://s61.radikal.ru/i174/0901/f9/f426543ff057.jpg ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი. შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი ტიპის მეხური (ნევმირებული) იადგარისა, რომლის ხელნაწერი უნიკალურია, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით და წარმოადგენს X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს. კრებული შედგენილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო (გარდა ბოლო ნაწილისა, რომელიც დაკარგულია), ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი. ხელნაწერის უდიდესი ნაწილი, რომელიც დახვეწილი კალიგრაფიითა და ფაქიზი მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა, გადაწერილია მიქაელ მოდრეკილის მიერ, დანარჩენი ნაწილი გადაუწერიათ ანონიმ გადამწერს და ეფთვიმეს. გარდა მდიდარი დეკორისა (ორნამენტული თავსამკაულები და მოხატული საზედაო ასოები), იადგარში წარმოდგენილია უძველესი პორტრეტული ჯგუფი - იოანე მტბევარისა და ბასილი კესარიელის მინიატურული გამოსახულებები. კრებულის შედგენილობა: ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, სათვეო ანუ საწელიწადო ნაწილი, დასდებელნი აღდგომისანი, დასდებელნი საშაბათონი და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია, რადგან წერმოადგენს არამარტო ქართულ მღვდელმსახურებაში გავრცელებულ საგალობლებს და ქართველ ავტორთა ჰიმნებს, არამედ ბერძნულიდან თარგმნილ ნიმუშებსაც. ეს კრებული ნევმირებულია, ესე იგი გაწყობილია მუსიკალური ნიშნებით. როგორც ჩანს, მიქაელ მოდრეკილი მუსიკოსიც ყოფილა. მას აქვს საკუთარ ძლისპირებზე აგებული საგალობლები. ერთ-ერთ ანდერძში მიქაელ მოდრეკილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობანი დაწერილია "სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა". მიქაელ მოდრეკილის კრებულის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიცაა, რომ პალესტინური ტიპის ამ იადგარის ბერძნული მოდელი, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში IX-X საუკუნეებამდე, დღეისათვის დაკარგულია და მის შედგენილობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ქართული იადგარის საშუალებით.
  25. ფორე (ქრისტეფორე) მოსულიშვილი (1916-1944) http://s59.radikal.ru/i164/0901/62/8f714c5bbcb2.jpg საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ფორე მოსულიშვილიმა წარმატებით დაამთავრა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1939 წელს ის წითელ არმიაში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ფორე ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში გადიოდა სამხედრო სამსახურს. ერთ-ერთ ბრძოლაში ის გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. მოსულიშვილი სხვა ტყვეებთან ერთად ჯერ პოლონეთში, კრუშინოს ტყვეთა ბანაკში ჩაიყვანეს, 1943 წელს კი - საფრანგეთში გადაიყვანეს. 1944 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი იტალიის ქალაქ სტრეზაზეში მოხვდა. ფორემ ისარგებლა იმით, რომ გერმანელებმა დაცვა შეასუსტეს, დანარჩენ ტყვეებთან ერთად მთვრალი გერმანელი ჯარისკაცები განაიარაღა და თავი სოფელ ჯენეზიას ტყეს შეაფარა, სადაც იტალიელ პარტიზანთა ჯგუფს შეუერთდა 70-ზე მეტი ქართველით. 1944 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ფორე მოსულიშვილი პარტიზანულ ბრძოლაში ჩაება. მან ტყვეობიდან იხსნა ედო დელგრატო (პარტიზანთა მეთაური) და ძმები გოგიშვილები. ფორე აფეთქებდა ხიდებს, ატყვევებდა გერმანელ ჯარისკაცებს და ა.შ. პარტიზანთა გასანადგურებლად გერმანელებმა გადამწყვეტი ზომების მიღება გადაწყვიტეს და ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს. 1944 წლის 3 დეკემბერს მათ პარტიზანთა ნაწილი, რომელთა შორისაც ფორე მოსულიშვილი და კიდევ 7 ქართველი იყო, ალყაში მოაქციეს და მეთაურის ჩაბარება მოითხოვეს. სხვებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ფორემ მეთაურობა თავის თავზე აიღო და ვიდრე გერმანელებს ჩაბარდებოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქართველი მებრძოლი დაკრძალულია ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ არონაში.
×
×
  • შექმენი...