-
პოსტები
677 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მდა
-
ასი ათასი დიდმოწამე (1226 წელი) http://s50.radikal.ru/i128/0812/da/99c7aff4547a.jpg ჯალალ ად-დინის მიერ თბილისის აღებისას დაღუპული, წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეწირული ქალაქის მცხოვრებნი, რომელთა ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული მტერმა მდინარე მტკვარს გაატანა. იმ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მონღოლებისგან დევნილი ჯალალ ად-დინი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მოადგა და საქართველოს ამირსპასალარს ავაგ მხარგრძელს შეუთვალა: "აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი". საქართველოს სამეფო კარმა უარყო ჯალალ ად-დინის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მაშინ მტრის ლაშქარმა დვინი აიღო და თბილისისკენ დაიძრა. ბრძოლის პირველ დღეს "ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა", დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და ხვარაზმელები თბილისში შემოუშვეს. მტერი სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მცხოვრებლებს. ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო. ჯალალ ად-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი "ბილწი საჯდომლის" დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალ ად-დინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან ხატები გამოიტანეს, ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს "დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა". ვინც ამას არ აღასრულებდა, "წარკუეთა თავთა" ელოდა. ქალაქის მცხოვრებთაგან იმ დღეს ბევრმა დაიდგა თავზე წამებულის გვირგვინი და უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე, მათ რწმენის უარყოფას სიკვდილი არჩიეს. დღეს, თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე შენდება ასი ათასი დიდმოწამის სახელობის ეკლესია.
-
ასურელი მამები (VI საუკუნე) http://s39.radikal.ru/i086/0812/99/1c561aa8632c.jpg საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში შემოვიდა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს. ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან: დავით გარეჯელი, იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე. ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).
-
ელენე ახვლედიანი (1901-1975) http://s51.radikal.ru/i132/0812/8f/cac686b59414.jpg ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თბილისის სამხატვრო აკადემიაში იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში. 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით. მუდმივად იგრძნობა განწყობილება - ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. განსაკუთრებული სიყვარულითა და გრძნობით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილთან ქუთაისის თეატრში და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც საქართველოში, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას, მარკ ტვენის, ვ. ჰიუგოს ნაწარმოებთა ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
ბაგრატ III (960-1014) http://s41.radikal.ru/i091/0812/77/0750c1414165.jpg გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის, აფხაზთა მეფის, თეოდოსის დის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა დაქსაქსული და დასუსტებული ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლას. 975 წელს დავით III ქართლის ერისთავის, იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, მცირეწლოვანობის გამო კი თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. აფხაზთა მეფეს, თეოდოსს, შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამითა და მამობილით - სამხრეთ საქართველოს მემკვიდრე გახდა. ბაგრატის უმთავრესი მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო. ამის მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა კახეთის სამეფოს ლაშქარი მოიშველიეს და ბაგრატ III-ის დედ-მამა შეიპყრეს. დავით III-მ ფეოდალთა ეს გამოსვლა აღკვეთა. შემდეგ უკვე ბაგრატმა დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, ქავთარ ტბელის მეთაურობით, კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და კლდეკარის საერისთავოც შემოიერთა. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III და მისი სამეფოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. ბაგრატის ცდა, დაებრუნებინა ეს ტერიტორია, უშედეგოდ დამთავრდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მან შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი და კახეთ-ჰერეთი. იმ დროიდან ბაგრატ III აფხაზთა და ქართველთა მეფედ იწოდებოდა. საქართველოს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატმა აიძულა რანის მფლობელი ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. გაერთიანების განმტკიცებისათვის მეფე ზოგჯერ უკიდურეს ზომებსაც მიმართავდა - თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და ციხეში დაამწყვდია. ბაგრატ III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო, მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. მის დროს აიგო ქართული არქიტექტურის ცნობილი ძეგლები - ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა. XI საუკუნის მემატიანე ბაგრატ III-ს "დიდ მეფეს" უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დაკრძალულია ბედიაში, იქვეა გამოსახული მისი პორტრეტიც.
-
ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი (1817-1845) http://s57.radikal.ru/i158/0812/5e/ea92f5f62d40.jpg დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედა - ეფემია იყო გრიგოლ ორბელიანის და და ერეკლე II-ის შვილიშვილი. გიმნაზიაში ბარათაშვილს ასწავლიდა სოლომონ დოდაშვილი, 1832 წლის "მამულის გამოხსნის შეთქმის" იდეოლოგი. ბუნებრივია, მან განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჭაბუკის მსოფლმხედველობაზე. თუმცა გიმნაზია ქების სიგელით დაასრულა, ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა, უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში წასულიყო, ანდა სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყო. ეს სურვილი ოჯახის უსახსრობის გამო ვერ აიხდინა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ათი წელი იცოცხლა და ეს ათი წელი "სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში" ჩინოვნიკად გაატარა. ყოველდღიურად წერდა ოფიციალურ მიმართვებს, თანამდებობათა გადაბარება-ჩაბარების აქტებს, საჩივრებს, თხოვნებს, ადგენდა და ანგარიშობდა ამა თუ იმ ვაჭრის გაკოტრების საბუთებს. ამ ჯურღმულიდან თავის დაღწევას ცდილობდა, ემუდარებოდა გავლენიან ნათესავებს, დახმარების ხელი გაეწვდინათ, მაგრამ მშველელი არავინ ჩანდა. 1844 წელს ნახჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ დაინიშნა, მაგრამ ოთხი თვე ტყუილად ამსახურეს, არც დაამტკიცეს და არც ხელფასი მისცეს. ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრი დამძიმდა და ბარათაშვილი განჯაში წავიდა იმავე თანამდებობაზე. არეული დრო იყო და განჯასაც ხშირად ესხმოდნენ თავს ყაჩაღები. მათი დევნა და წესრიგის დამყარება ტატოს ევალებოდა. ოთხი თვის შემდეგ, 1845 წლის 9 ოქტომბერს, 27 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი მალარიით გარდაიცვალა. მის ნათესავთაგან დაკრძალვას არავინ დასწრებია. ოჯახმა შვილის დაღუპვა ერთი კვირის შემდეგ გაიგო. ბარათაშვილის სახელი თანდათან დავიწყებას მიეცა და მხოლოდ 1858 წელს, მას შემდეგ, რაც ეკატერინე ჭავჭავაძემ ილიას გადასცა პოეტის ორი ხელნაწერი რვეული, ხელახალი სიცოცხლე მოიპოვა. 1893 წელს პოეტის განჯიდან თბილისში, დიდუბის პანთეონში გადმოსვენებამ ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს. ბარათაშვილს თავისი ლექსი დაბეჭდილი არ უნახავს, ხელნაწერად ავრცელებდა. 16 წლისამ დაწერა მხატვრულად სრულყოფილი "შემოღამება მთაწმინდაზე", 22 წლისამ - პოემა "ბედი ქართლისა", ხოლო მისი "მერანი" ქართული პოეზიის მწვერვალად არის მიჩნეული. შემონახულია მისი 37 ლექსი, ერთი პოემა და 18 წერილი. რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად, ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივი ინტერესი მეტად ფართოა, მან მისცა გეზი XIX და XX საუკუნის ქართულ ლიტერატურას და დაამკვიდრა ევროპეიზმი. მისი სულიერი ტკივილის მიზეზი, ეროვნულ სინამდვილესთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო საკითხებია.
-
აკაკი ბაქრაძე (1928-1999) http://s56.radikal.ru/i153/0812/8f/b069f06f62fb.jpg კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე "ჩვენი ეზო" გამოაქვეყნა 1957 წელს, პირველი წიგნი "კინოკრიტიკული ეტიუდები" და "კრიტიკული წერილები" - 1966 წელს. კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. აკაკი ბაქრაძე ავტორია მონოგრაფიებისა: "წიწამური (ილია ჭავჭავაძე)", "ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)", "ნიკო ნიკოლაძე", "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი", "მითოლოგიური ენგადი", მოგონებებისა და კრიტიკული და პუბლიცისტური წერილებისა. აკაკი ბაქრაძე პუბლიცისტიკაში ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებელი იყო. ღრმად სწავლობდა ისტორიულ, ლიტერატურულ, ხელოვნების საკითხებს და მოურიდებლად ამხელდა ნაკლს, გადაცდომასა თუ დანაშაულს. მის ყოველ წიგნსა და წერილს მკითხველი ინტერესით ეცნობოდა, ოფიციოზი კი ცდილობდა აეკრძალა და დაემახინჯებინა. კომუნისტური მმართველობის დროს მან გაბედა და პირველმა დაწერა, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი. 80-იან წლებში აკაკი ბაქრაძის წიგნებმა და სტატიებმა, საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის წარმოქმნაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
მამა გაბრიელი (1929-1995) http://s61.radikal.ru/i171/0812/aa/85639b4b9869.jpg მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი. დაიბადა თბილისში, მტკიცე ხასიათის კომუნისტის, ვასილ ურგებაძის ოჯახში, რომელიც ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და რომელსაც აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით მამა გაბრიელი ბავშვობაში ხშირად ქვიშაში ეკლესიას აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა, ეს სანთლებიაო. დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში, თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. იმავე ეკლესიაში შეისწავლა ხუცური დამწერლობა და ბევრ საინტერესო ხელნაწერსაც გაეცნო. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, 1951-1955 წლებში, თავის საკარმიდამო ეზოში ღვთის სადიდებლად თავისივე ხელით ააშენა ოთხგუმბათიანი ეკლესია, რომელიც ძირითადად კომუნისტების მიერ სანაგვეზე გადაყრილი იმ ხატებით გააწყო და გაამშვენა, რომელსაც ის სათითაოდ ეძებდა და პოულობდა. ხელისუფლებამ ეკლესია რამდენჯერმე დაუნგრია, მაგრამ მან ისევ აღადგინა (ეს ეკლესია, საკმაოდ დაზიანებული და შეცვლილი ფორმით, დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქ. 11-ში). 1955 წლის 30 იანვარს ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა. მალე ბერად აღიკვეცა და მისივე თხოვნით წმიდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდეს. 1955 წლის 27 თებერვალს, ბერად აღკვეციდან ოთხ დღეში, ბერი გაბრიელი ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის მეუფე გაბრიელის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. მსახურობდა სხვადასხვა ეკლესიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. არქიმანდრიტი გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში, სამრეკლოს გვერდით. მის საფლავზე დღემდე უამრავი მორწმუნე დადის მოსალოცად და მრავალი სასწაული აღესრულება.
-
ზვიად გამსახურდია (1939-1993) http://s45.radikal.ru/i108/0812/e0/d69339ff7b64.jpg დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი. დაიბადა ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. სახელიც მამამ შეურჩია - ზვიადი. სკოლაში კარგად სწავლობდა. სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, უყვარდა ლიტერატურა, ისტორია. მეათე კლასში იყო, როცა 1956 წელს საბჭოთა ჯარებმა უნგრეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშეს. ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ მეგობრებთან ერთად თბილისში, ღამით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შვიდი ცალი პროკლამაცია გააკრა. ეს ტოტალიტარული რეჟიმისათვის წარმოუდგენელი დანაშაული იყო, თუმცა მამის ხათრით, ბავშვურ ცელქობად ჩაუთვალეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. მალე ზვიადმა თანამოაზრეთა ჯგუფი "გორგასლიანნი" ჩამოაყალიბა და საქართველოს გათავისუფლება ცხოვრების მიზნად დაისახა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1973 წელს მერაბ კოსტავასთან ერთად ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, დაიწყო ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟურნალის "ოქროს საწმისის" გამოცემა. ეს იყო თვითგამოცემა, რომელიც არალეგალურად ვრცელდებოდა. პუბლიცისტური ნაწილის მთავარ თემას ქართული კულტურის, განსაკუთრებით ქართული ენის შევიწროვებისადმი მიძღვნილი მასალები შეადგენდა. სულ ჟურნალის ოთხი ნომერი გამოვიდა. შემდეგ გამოსცემდა ჟურნალს - "საქართველოს მოამბე". 1975 წელს გამსახურდია აირჩიეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" წევრად. 1977 წლის 14 იანვარს მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომლის მიზანი იყო საჭოთა კავშირში არსებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ მასალების შეგროვება და საზღვარგარეთ გაგზავნა. 1977 წლის აპრილში ჯგუფის წევრები დააპატიმრეს. ამას მოჰყვა ზვიად გამსახურდიას გარიცხვა მწერალთა კავშირის რიგებიდან და სასამართლო პროცესი, რომელზეც მან შეცდომად აღიარა თვითგამოცემის მასალების ემიგრაციისთვის მიწოდება და მათი გამრავლება-გავრცელება. გამსახურდიას აღიარება-მონანიება მაშინდელმა საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა. ამ ფაქტს ბევრი დღესაც ვერ ეგუება და თვლის, რომ ეს იყო დისიდენტური მოძრაობის ღალატი. ზვიადს რვა წლით პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება ელოდა, თუმცა აღიარების შემდეგ ორი წლით გადაასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში. პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ იგი გაემიჯნა დისიდენტურ მოძრაობას და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა მისი მეგობარი და თანამებრძოლი მერაბ კოსტავა. მაშინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი საკითხი იდგა: კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის ფუნქციონირება. ქართველებისათვის ამ მტკივნეულ საკითხებს, 1988 წლის შემოდგომაზე დაემატა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ზღუდავდა რესპუბლიკების სსრ კავშირიდან გასვლის შესაძლებლობას. ამ მოვლენებმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მიტინგი გამოიწვია. მიტინგს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მალე მიტინგის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი დააყენეს. კრემლმა ამ მოთხოვნას დაუპირისპირა სოფელ ლიხნში შეკრებილ აფხაზთა მოთხოვნა, აფხაზეთისთვის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს ფაქტი იმდენად მიუღებელი იყო ქართველებისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 4 აპრილიდან დღისით და ღამით ათასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება. მათი დაშლა შეუძლებელი გახდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ჩვეული მეთოდი გამოიყენა: მომწამვლელი გაზით, ნიჩბებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ჯარისკაცები მომიტინგეებს შეესივნენ. დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია, მოკლულ იქნა 19 მომიტინგე, მათგან 16 ქალი. ამის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, გაიმარჯვა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომლის ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო. 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. იმავე წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაიწყო ახალი ეტაპი ქართველი ერის ისტორიაში. აგონიაში მყოფი საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა ამ ფაქტს. მის ანტიქართულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა ქართველი ერის მტკიცე ერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეროვნული ძალები ვერ გაერთიანდნენ. საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდა, რომელმაც შეიწირა არა მარტო ბევრი ქართველის სიცოცხლე, არამედ დემოკრატიის პრინციპებიც. 1991 წლის დეკემბერში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი მომხრენი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თბილისი. კანონიერი ხელისუფლება დაემხო. ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს შეაფარა თავი, მოგვიანებით კი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის მიწვევით, გროზნოში ჩავიდა. აფხაზეთის ომის დროს გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში, ცდილობდა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და ხელისუფლების აღდგენას. დევნილი პრეზიდენტი სამეგრელოს მთებში აფარებდა თავს. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა, თუმცა ეს ვერსია დღემდე ბევრ კითხვას ბადებს. იმავე წლის თებერვალში გადაასვენეს გროზნოში. 2007 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი დაკრძალეს თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
-
კონსტანტინე გამსახურდია (1891-1975) http://s48.radikal.ru/i120/0812/a3/e2e2256490af.jpg "მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: "შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა", - ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე. მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის "დავით აღმაშენებლის" მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ. პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: "ფოტოგრაფი" და "ნაპოლეონი". შემდეგ დედის გარდაცვალებამ "დამსხვერული ჩონგური" დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა "ზარები გრიგალში". "ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა", - აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი "პრომეთე", გაზეთი "საქართველოს სამრეკლო", ჟურნალი "ილიონი", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. "რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ "პრომეთეში" სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან", - წერდა გამსახურდია. კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა. 34 წლისამ დაწერა "დიონისოს ღიმილი", ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია "მთვარის მოტაცება" 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო - ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა რომან "ბელადის" პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია. სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში" გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა. ასე მიაჩნდა: "პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის". თარგმნასაც მოჰკიდა ხელი - გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - "ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვა. "კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა". მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი "დავით აღმაშენებელი", რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია. XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას "ბელადს", "ვაზის ყვავილობას", ნარკვევებს, რომ დაწერილიყო "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი". როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ "დიდოსტატის მარჯვენაა". მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს. კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.
-
გიორგი V ბრწყინვალე (მეფობდა 1314-1346) http://s41.radikal.ru/i091/0812/2d/ef31e3420bb6.jpg საქართველოს მეფე, დემეტრე თავდადებულის ძე, ლაშა-გიორგის შთამომავალი. ბოლო მოუღო საქართველოში მონღოლთა ასწლოვან ბატონობას. როდესაც დემეტრე მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს, გიორგი "ყრმა მცირე" დარჩა და სამცხეში, პაპის (დედის მხრიდან) ბექა ჯაყელის კარზე აღიზარდა. 1299 წელს მონღოლმა ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი უფროსი ძმის, დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავითის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-08). დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მეფობა მიიღო. სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო, მაგრამ ჭკვიანი პოლიტიკოსი გამოდგა და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. 1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, შემდეგ სამცხის სამთავარო. ამით საქართველოს მთლიანობა აღადგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებისა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების შემდეგ საილხანოში ანარქია გამეფდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. საქართველო მონღოლთა ასი წლის მონობისაგან განთავისუფლდა. გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, ცივის მთაზე სანადიმოდ მიიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, "გიორგიანული თეთრი". მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები: "ხელმწიფის კარის გარიგება" და "ძეგლის დება". ეს უკანასკნელი მთიელთა ცხოვრებას აწესრიგებდა. საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა და სინას მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს. გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპიზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა. გიორგი V ხელს უწყობდა ევროპასთან ურთიერთობას. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს ბრწყინვალე უწოდა.
-
გიორგი XI (1651-1709) http://s57.radikal.ru/i158/0812/b4/1666bd165b55.jpg ქართლის მეფე, ვახტანგ V-ის მეორე ძე. 1676 წელს შაჰ-სულეიმანმა გიორგი XI-ს მაჰმადიანობა მიაღებინა, ქართლის მეფედ დაამტკიცა და საქართველოში გამოისტუმრა. გიორგი XI ცდილობდა ხელისუფლება განემტკიცებინა და ქართლში ირანელთა ბატონობა მოესპო. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. ქართლიდან არ გააძევა ირანის შაჰის ურჩი, თავისი უფროსი ძმა არჩილი, პირიქით, ხელი შეუწყო და იმერეთში გაამეფა. შაჰს არ მოსწონდა გიორგის კავშირი რაჭის ერისთავთან და ის, რომ ზედმეტად მფარველობდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ქართლის სამეფოს ევროპულ ორიენტაციას მისიონარებთან, პაპებთან და ევროპელ მონარქებთან ურთიერთობა გიორგი XI-მ, მისმა ძმამ ლევანმა და სულხან-საბა ორბელიანმა დაუდეს სათავე. 1688 წელს ირანელთა წინააღმდეგ გიორგი XI-ის აჯანყება მარცხით დამთავრდა. შაჰმა ტახტიდან გადააყენა და მის ადგილას ერეკლე I (ნაზარალი-ხანი) დასვა. გიორგიმ იმერეთს შეაფარა თავი. ამასობაში ირანის ტახტზე შაჰ-ჰუსეინი ავიდა. ახალმა შაჰმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს. თავის მხრივ, გიორგისაც სურდა ტახტი დაებრუნებინა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაეგრძელებინა. ამიტომ მიწვევას დათანხმდა და 1697 წელს ისპაჰანში ჩავიდა. ამის შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ისპაჰანში გიორგი XI დიდი პატივით მიიღეს. ირანში შინაპოლიტიკური მდგომარეობა არეული იყო, შაჰს კი გამოცდილი და შეუპოვარი სარდალი სჭირდებოდა, ამიტომ ხან ერთი პროვინციის დასამორჩილებლად აგზავნიდა, ხან მეორისა. ირანის სპასალარად და ყანდაარის ბეგლარბეგად ქცეულ ქართლის მეფესა და მის მხლებლებს არაფრად მოსწონდათ ჯოჯოხეთად ქცეულ უდაბნოში თვეობით ხეტიალი და ბელუჯებთან თუ ავღანელებთან ბრძოლა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების ერთადერთ გზად ეს მიაჩნდათ. შაჰმა გიორგი კვლავ ქართლის მეფედ დაამტკიცა, ოღონდ ავღანელთა დამოჩილება მოსთხოვა. გიორგი XI-მ ავღანელი მეამბოხეებიც მოთოკა, მაგრამ გაქნილი და გაიძვერა მეთაურის მირ-ვეისის მსხვერპლი გახდა. 1709 წლის 21 აპრილს მირ-ვეისის მიერ ლხინში მიწვეული გიორგი და მისი ამალა მუხანათურად ამოჟლიტეს. მირ-ვეისმა მკვდარ გიორგის "აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და... ფსალმუნი" და შაჰს გაუგზავნა როგორც საბუთი, რომ გამუსლიმანებული სარდალი მაინც ქრისტიანი იყო და შაჰს ორგულობდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით "იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა. შუენიერ-ჰაეროვანი. პირმხიარული, ენატკბილი, უხვ და მრისხანე. მოისარ-მოასპარეზე უებრო". ქართლის მეფის ირანში მსხურებამ შედეგი მაინც გამოიღო. ქართლმა რამდენიმე წელი მოისვენა და შენებისა და მწიგნობრობის დრო მიეცა. სულხან-საბა ორბელიანმა ქართული ლექსიკონის ანუ "სიტყვის კონის" შედგენა თავისი მკვიდრი მამიდაშვილის გიორგი XI-ის თხოვნით დაიწყო და გასრულებული ყანდაარში გაუგზავნა. გიორგი XI-ის ცხოვრებას ქართულის გარდა უცხოური წყაროებიც მოგვითხრობენ, ამის გამო ევროპაში ქართველ მეფეთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა.
-
იაკობ გოგებაშვილი (1840-1912) http://i068.radikal.ru/0812/a4/4cd3d7342d29.jpg შიდა ქართლი, სოფელი ვარიანია "დედა ენის" ავტორის სამშობლო. იაკობი დიაკვნის შვილი იყო. სიღარიბეში დაბადებულმა და აღზრდილმა ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ უმაღლეს განათლებასაც ეზიარა. გორისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, თბილისის სასულიერო სემინარიასა და კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. ლექციებს ისმენდა უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო საგნებში. ცივმა ჰავამ აწყინა, ფილტვების ანთებით ორჯერ იავადმყოფა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო და სამსახური დაეწყო. თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჯერ მასწავლებლად, შემდეგ ინსპექტორად მუშაობდა. იმ დროს მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახალმა ინსპექტორმა პირველად სწორედ ამ ტანჯვის გაუქმება დაისახა მიზნად, მექანიკურ დაზეპირებას შეეწინააღმდეგა და საგნის აზრიანი შესწავლა დანერგა. ცდილობდა, სემინარიელებში ეროვნული გრძნობა გაეღვიძებინა. სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა. ამის პასუხად იაკობი "საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად" გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. სასოწარკვეთილი თვითმკვლელობიდან ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: "ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო". მართლაც, სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა, ქართული სახელმძღვანელოებისა და სახალხო წიგნების შედგენასა და გავრცელებას შეუდგა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია. იმ დროს სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. ასეთი განწირულების ჟამს გამოვიდა ასპარეზზე იაკობი. ჯერ კიდევ 1865 წელს შეადგინა "ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", შემდეგ "ბუნების კარი". დიდმა პედაგოგმა მშობლიური ენის სამყაროში შესაღწევ ჯადოსნურ გასაღებს "აი იას" მაშინვე მიაგნო, წიგნს კი უძვირფასესი სახელი "დედა ენა" 1876 წელს დაარქვა. "დედა ენა" გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. "თუმცა ამ წიგნის შედგენაზედ ერთგულად და კაი ხანი ვიშრომეთ, მაგრამ ყოველგვარი სიხარულით მაინც ვერ შევამკეთ და ნაკლოვებანი ვერ ავიცილეთ" - წუხდა ავტორი. "დედა ენას" "ვეფხისტყაოსნის" ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. "დედა ენის" არსებობა ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე - ერის სიცოცხლეს. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი "დედა ენა" და 5-6 ათასი "ბუნების კარი" იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას. იაკობი ქონებრივადაც გაძლიერდა და ღარიბ მოსწავლეებს, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს ეხმარებოდა. უცხოეთში ფულს უგზავნიდა ქართველ სტუდენტებს, ციმბირში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნისათვის. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობას. არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის დაარსება. გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის, ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: "გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!" რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა "რუსკოე სლოვო", რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს. უპირველეს პედაგოგს გაფაქიზებული ჰქონდა ყურადღება. ხალხური ლექსიც კი გადააკეთა, რადგან იქ სახარება იყო ნახსენები და მოერიდა, მაჰმადიანი ქართველი ბავშვი არ დაეფრთხო. ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სატამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. თუმცა ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, თავაუღებლად მუშაობდა. გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა უყვარდა, ახლგაზრდებთან ლაპარაკი. ძირითადი თემა იყო რუსეთის ამა თუ იმ მოქმედების აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩაგვრა ქართული ენისა, მისი განდევნა სკოლებიდან, ეკლესიიდან, ოჯახებიდან. 1912 წელს ანდერძი დაწერა. მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა. 1 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს - იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს. 1976 წელს "დედა ენასაც" გადაუხადეს იუბილე. http://s45.radikal.ru/i110/0812/dc/82a48d1e5a8e.jpg
-
ჰამლეტ გონაშვილი (1928-1985) http://s47.radikal.ru/i115/0812/24/b952d87aa827.jpg ქართველისათვის უცხო სახელი ჰამლეტი, მამამ, სოფელ ანაგის ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა, დიმიტრი გონაშვილმა დაარქვა, ქალიშვილს კი ჯულიეტა უწოდა, ბუნებრივია, შექსპირის სიყვარულით. თვითონ ჰამლეტსაც ეუცხოებოდა, არ მოსწონდა ინგლისური სახელი, გამოცვლაც უნდოდა, მაგრამ ისე მალე გახდა პოპულარული, ახალი სახელით გამოჩენა ეუხერხულა. ერთხელ კონსტანტინე გამსახურდამაც უსაყვედურა, ამისთანა ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს, ეს რა სახელი გქვიაო. დედა ირწმუნებოდა, 2-3 თვის ბავშვს სიმღერა ესმის და ღუღუნით მყვებაო. არ უჯერებდნენ, შეუძლებელიაო. დედა კი, ნათქვამის დასამტკიცებლად, ხან მარჯვნივ დაუდგებოდა, ხან მარცხნივ, და ჩვილიც სწორედ იმ მხარეს იცქირებოდა, საიდანაც იავნანა ესმოდა. შეიძლება ითქვას, ჰამლეტი მას შემდეგ მუდმივად მღეროდა, ოჯახში, მეგობრებში, სოფელში, ყველგან და ყოველთვის. სიმღერის ნიჭი ჩვეულებრივ რამედ მიაჩნდა. მისი აზრით, როგორც ყველა ადამიანი სწავლობს ლაპარაკს, ასევე ყველას უნდა შეეძლოს სიმღერაც. ალბათ ამიტომ არ უფიქრია, მომღერალი გამოსულიყო. ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი - საქართველო ხომ განსაკუთრებულად უყვარდა და საუბარიც გატაცებით იცოდა. შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტს განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა - ახოვანი, მხრებგაშლილი, მკერდგამოწეული და წვრილწელიანი მომღერალი ნამდვილ ქართველ არისტოკრატს ჰგავდა, მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა. 1969 წლიდან ანსამბლ "რუსთავში" გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. შეიძლება ითქვას, მთელი რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში ყველა ვერ მღეროდა. ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს". მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია. ჰამლეტი ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული იყო. უყვარდა კახური ღვინო, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა, დაგემოვნებით. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა, მაშინაც კი, როცა სასმელის საზღვარზე გადატანა მკაცრად იყო აკრძალული, კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღეგრძელებინა. განსაკუთრებით იწონებდა თავს, რომ სირიიდან ჩამოტანილი ლეღვის ნერგი ანაგაში გაახარა და ნაყოფიც მიიღო. თუმცა სიტყვაძუნწი არ ყოფილა, საკუთარ თავზე და, მითუმეტეს, წარმატებაზე ლაპარაკი არ უყვარდა, ახლობელს თუ უცნობს ქებას არც კი დაამთავრებინებდა, ღიმილით გაშორდებოდა. დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის "ურმულსა" და "ოროველას" კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.
-
ლადო (ვლადიმერ) გუდიაშვილი (1896-1980) http://s41.radikal.ru/i092/0812/0f/e75c7fff6c80.jpg ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით. დაიბადა თბილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. პირველი ნახატები 1914 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაბეჭდა. სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში - სამხრეთ საქართველოში გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში, ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში. გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს "ცისფერყანწელებს", რომელთა მიზანი ქართული ხასიათის ფრანგულ სიმბოლიზმთან ორგანული შერწყმა იყო. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს და საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს. 1919 წელს პარიზში გაემგზავრა და მეცადინეობდა რონსონის ე.წ. "თავისუფალ აკადემიაში", იქვე ორჯერ მოაწყო პერსონალური გამოფენა. მონაწილეობდა ბელგიასა და ამერიკაში მოწყობილ გამოფენებში. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ". პარიზში განთქმული "ლა რუშის" მწერალთა კოლონიაში გაიცნო ამადეო მოდილიანი. გუდიაშვილის იმდროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანის გავლენა ეტყობა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხატვრის თემატიკა გაფართოვდა. 1946 წელს გუდიაშვილმა ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი მოხატა, რისთვისაც კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა. 1957 წელს თბილისში გაიმართა ლადო გუდიაშვილის ორმოცწლიანი შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელზედაც 835 ტილო გამოიფინა და განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. შემდეგ გამოფენა მოსკოვში გადაიტანეს. გუდიაშვილი მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი. ლადო გუდიაშვილი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობის შემოქმედია, შექმნა მხატვრულ სახეთა მდიდარი სამყარო. მისი ნახატები ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ "ზღაპრულ" განწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან თეატრალურ სანახაობას წარმოგვიდგენს, ხან - გროტესკულს. მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნია გამოცემული საქართველოში, რუსეთსა და უცხოეთში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
-
დავით გურამიშვილი (1705-1792) http://i036.radikal.ru/0812/49/793017d61d44.jpg იმ უმძიმეს ეპოქათა შორის, საქართველოს რომ გამოუვლია, ერთ-ერთი XVIII საუკუნეც იყო. ქვეყანას გარეშე მტერი არ აკლდა. თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზი, ღლიღვი, დიდოელი თუ ქისტი, ყველა ცდილობდა ხელი გამოეკრა, რამე მიეტაცებინა. მერე შიგნითაც აიშალნენ, ქართლი და კახეთი მოძიძგილე მამლებივით დაერივნენ ერთმანეთს, დაკორტნეს, დაასისხლიანეს. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ "ქართლი ოსმალომ დაიპყრო, კახეთი ლეკთა მოლამა". იდგა აოხრების, მკვლელობის, ღალატის, ტყვეობის, ქურდობის, სიცრუის ხანა. სამშობლოს ბედი მთლიანად გაიზიარა დავით გურამიშვილმაც, პირადად გადაიტანა ყველა ჭირი, რაც მის ქვეყანას ერგო. 1723 წელს გონს მოსულმა ქართველებმა სცადეს თურქები გაედევნათ და გორის ციხეს ალყა შემოარტყეს. ამ ბრძოლაში გურამიშვილიც იღებდა მონაწილეობას. დამარცხების შემდეგ თავი ლამისყანაში მოყვრებს შეაფარა, რადგან საგურამოში მისი სახლ-კარი და მამული მტრისაგან აოხრებული და გადამწვარი იყო. ლამისყანაც არ გამოდგა უხიფათო ადგილი. 22 წლის გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს, დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში ჩაიყვანეს და ხაროში დაამწყვდიეს. გამტაცებლები გამოსასყიდს უცდიდნენ, თუ ვერ მიიღებდნენ, მაშინ ტყვეს აღმოსავლეთის ბაზარში გაყიდიდნენ. დავითს ერთხელ გაპარვამ არ უშველა, დაიჭირეს და სცემეს. მეორედ ღვთიურ ხმას გაჰყვა და გააღწია. ღამით უგზო-უკვლოდ მიეხეტებოდა, ვარსკვლავებს მიჰყვებოდა, ადამიანსაც ემალებოდა და მხეცსაც. დიდ სეტყვაში მოჰყვა, მეხს ძლივს გადაურჩა, მერე კოღოს ლაშქარი დაესია. შიმშილი გულ-მუცელს უწვავდა, ძალას ართმევდა. ორი ტალახიანი კიტრი იპოვა, მდინარეზე გასარეცხად ჩაიტანა, ისინიც წყალმა მოსტაცა. ყვავისფრჩხილას ჭამდა, ტყემალს, მკვახე კოწახურს. მეთორმეტე დღეს მუეძინის ლოცვის ნაცვლად ეკლესიის ზარის ხმა გაიგონა და კალოზე მომუშავე ხალხი დაინახა. მილასლასდა, ერთ-ერთის ჯვარს ემთხვია და ყველაზე სანატრელი სიტყვა "ხლებ" გაიგონა. მანამდე ჯავრისგან შეკრული და გაკაჟებული, სიხარულმა დაშალა, წააქცა. თერგის პირას მცხოვრებმა რუსმა ახალმოსახლეებმა შვილივით მოუარეს, უპატრონეს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით 24 წლის გურამიშვილი მოსკოვში ჩავიდა, სადაც სამშობლოდან გაქცეული ვახტანგ VI ათასამდე ქართველით იყო თავშეფარებული. ვახტანგმა მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა, იარაღის საწყობი ჩააბარა. ლტოლვილ ქართველთა ძირითადი საქმე ქართლის ჭირზე ფიქრი, რუსეთის დახმარებით ირანის განდევნაზე ოცნება, წიგნის გამოცემა და პოეტური პაექრობა გახდა. ამ შეჯიბრში დავითიც იღებდა მონაწილეობას და ხშირად იმარჯვებდა. "მოსკოვს ქალაქს მზეს ველოდითო", წერს პოეტი, მაგრამ ეს მზეც მალე ჩაესვენა, ქვეყნის ხსნის კი არა, სამშობლოში დაბრუნების იმედიც გაქრა. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737), უმეფოდ დარჩენილი ქართველები რუსეთის სამსახურში ჩადგნენ, შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და რუსეთის სხვადასხვა პროვინციაში მამულები მიიღეს. გურამიშვილს ოცდაათი კომლი ყმა და მამული ერგო სამხრეთ უკრაინაში, მირგოროდის მაზრაში, მაგრამ ისიც გადამწვარი და დანგრეული. მეორე საგურამოს აღდგენას შეუდგა, თუმცა მშვიდობიანი ცხოვრება მაინც არ ეღირსა, ახლა რუსეთის იმპერიის სიძლიერისათვის უნდა ეღვარათ სისხლი ქართველებს. 1738-1760 წლებში ოსმალეთის, შვედეთისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში მონაწილეობდა, სიცოცხლეს არ ზოგავდა. ერთგულება და სიმამაცე დაუფასეს, ჩინი მოუმატეს. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756-1763) გურამიშვილი ტყვედ ჩავარდა და მაგდებურგის ციხეში იჯდა. 55 წლისამ პორუჩიკის ჩინით სამხედრო სამსახურს თავი დაანება და საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში. თითქმის უსინათლო მოხუცმა გადარჩენილ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ცალკეულ ლექსებსა და პოემებს, ერთ კრებულში მოუყარა თავი, "დავითიანი" უწოდა და უშვილომ შვილად აღიარა. 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი წიგნი ერეკლეს ძეს, პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს გამოატანა, რითაც მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე ზნეობრივი ვალი მოიხადა. მამასავით შვილსაც არ დაჰკლებია ფათერაკი, შემთხვევით გადაურჩა დაკარგვას. "დავითიანი" უძვირფასესი წიგნია არა მარტო ლიტერატურული, ისტორიული თვალსაზრისითაც. ის მატიანეც არის, საღმრთო გალობაც, ზნეობის წიგნიც, საწუთროს სამდურავიც. მასში მოთხრობილია ავტორის პირადი და მისი ქვეყნის უბედური თავგადასავალი. ივანე ჯავახიშვილი ამ წიგნს ლექსად თქმულ მატიანეს უწოდებდა და იმოწმებდა, როგორც ისტორიულ წყაროს. სამშობლოდან შორს მყოფმა პოეტმა შეძლო რეალურად გაეაზრებინა "ქვეყნის წახდენის" მიზეზები და სიმართალე ეთქვა, ავისთვის ავი დაერქმია. გურამიშვილი ახალგაზრდებს მამაშვილურ დარიგებას აძლევს და მათი ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას ცდილობს. წიგნს არც იუმორი აკლია, არც ლირიკა. პოეტმა გამოიყენა სადა, ხალხური მეტყველება და სტილი, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის ზემოქმედებას. "დავითიანს" დართული აქვს სარწყავისა და წისქვილის ტექნიკური ნახაზები. სამწუხაროდ, ხელმოკლეობის გამო მათი აგება თვითონ ვერ შეძლო. დავით გურამიშვილს ბედმა არ არგუნა სამშობლოს სიძლიერისათვის ებრძოლა, მის სამსახურში ყოფილიყო, საუკუნო განსასვენებელიც ზედაზნისა თუ შიომღვიმის საგვარეულო საძვალის ნაცვლად უკრაინაში, მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში პოვა. სიმართლის უპირველეს მთქმელს ერთი წინასწარმეტყველება არ გაუმართლდა: "ცოცხალიც არვის ვახსოვარ, მკვდარს ვინღა მომიგონებსა". http://s43.radikal.ru/i102/0812/33/1c384767f9af.jpg http://s46.radikal.ru/i113/0812/0f/a570426847ec.jpg http://s59.radikal.ru/i166/0812/60/d6dd1103d49b.jpg
-
ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე) http://s41.radikal.ru/i091/0812/d4/f73216488269.jpg საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში (დაახლოებით 1245), რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში თავიანთ ნოინს მიჰგვარეს. ქართველები ყველაფერს უარყოფდნენ. გამოტეხის მიზნით ისინი მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა). ქართველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი - ტანზე გაიხადა და მეგობრებთან დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველების ნათქვამში, რომ ისინი აჯანყების მოსაწყობად კი არ შეიკრიბნენ, არამედ სათათბიროდ, რათა შეწერილი ხარკის აკრეფის საკითხი გადაეწყვიტათ. მონღოლებმა ქართველი პატიმრები გაუშვეს და თავდებად ცოტნე დაუყენეს. ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, შთამომავლობისათვის კი - ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.
-
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) http://i044.radikal.ru/0812/9c/0ed314010b17.jpg 36 წლიანი მეფობის შემდეგ, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა, დავით IV, აღმაშენებლად წოდებული. დატოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდის ზღუამდე და ოვსეთიდგან სპერად და არეგაწამდე". თბილისიდან გელათში გადაასვენეს და კარიბჭეში დაკრძალეს. ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავს ცნობა, მართლაც დაიბარა თუ არა, გულზე ფეხი დამადგითო, მაგრამ ლეგენდაც ხომ უსაფუძვლოდ არ იქმნება. საფლავის სიდიდე მოწმობს, რა ბუმბერაზი კაცი ყოფილა აღმაშენებელი. ქვაზე არსენ იყალთოელის ეპიტაფია დააწერეს: "ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღუართა იქით გამეხსნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს". შუა აზიიდან პალესტინამდე იყო გადაჭიმული სელჩუკთა იმპერია. მათი სათარეშო გახდა საქართველოც. "საძაგელი სანახავი იყო ქვეყანა ქართლისა, აღარავინ თესავდა და მკიდა" - გვიამბობს მემატიანე. თუმცა საქართველოს სახელმწიფო არც ეთქმოდა: ყოველწლიური ხარკი, ურდოთა მიერ მუდმივი რბევა, მთებსა და ტყეებში გახიზნული მოსახლეობა, მოშლილი მეურნეობა, დაშინებული და უიარაღო ლაშქარი, განდგომილი და მოღალატე ფეოდალები, მექრთამე და უწესო მღვდლები და სხვა ათასი ჭირი, მიწისძვრა და უბედურება ტრიალებდა. მეფის ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ანუ აფხაზეთზე ვრცელდებოდა, დამხმარე და მოკავშირეც არავინ ჩანდა. ამ ყველაფრისა და კიდევ სხვა მიზეზთა გამო 1089 წელს გიორგი II-ს მეფობა დაათმობინეს და ტახტი მისმა ვაჟმა, 16 წლის დავითმა ჩაიბარა. 16 წლის მეფემ ჯერ სოფლების აღდგენა დაიწყო. მცირე მხედრობით რამდენიმე სოფელს მტრისაგან წმენდდა, გახიზნულ ხალხს მიწაზე ამკვიდრებდა, თვითონ კი დარაჯად ედგა, იქვე ტრიალებდა, საგულდაგულოდ ეძებდა თურქთა ბანაკებს. ხუთმეტრიან თოვლშიც გადმოულახავს უღელტეხილი და ადიდებული მტკვარიც გადმოუცურავს. დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა, რომ უიარაღო და უცხენო, დამშეული და, რაც მთავარია, დაშინებული და დამცირებული მეომრები ლაშქრად ექცია. ამასობაში ჯვაროსნებმა ანტიოქია და იერუსალიმი აიღეს. დავითმა ამით ისარგებლა და თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ეს იყო 1099-ში, გამეფებიდან მე-10 წელს. წმინდა ეკლესიაც უკაცურთა ბუდედ იყო ქცეული. 30 წლის მეფემ რუისისა და ურბნისის სანახებთან საეკლესიო კრება ჩაატარა. უღირსად აღზევებულები განკვეთეს და შეაჩვენეს. აღმაშენებლის გონიერებამ და ვაჟკაცობამ ჰერეთ-კახეთის დიდებულებიც მოხიბლა, მაგრამ სულთანი კახეთს ვერ თმობდა. 1104 წელს ერწუხში პირველი დიდი ომი გაიმართა მტრის მრავალრიცხოვან ლაშქრთან. იმ დღეს მეფეს სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხეთი სრულყო ომი. იგი მართლაც რომ იყო "უშიში და ყოვლად უძრავი გულითა". აღმაშენებლის გონება მხოლოდ ომისა და ბრძოლისაკენ არ იყო მიმართული, გახშირდა გზებისა და ხიდების აგება, ქალაქების მოწყობა. გამეფებიდან 17 წლის შემდეგ გელათის მშენებლობა წამოიწყო. ადგილი კარგი შეარჩია, "ყოვლად შვენიერი და უნაკლულო", მიზანიც განუსაზღვრა: ააშენა "მეორედ იერუსალიმად და სხუად ათინად" - იერუსალიმი რელიგიის სიმბოლოა, ათენი - სიბრძნის. უმთავრესი ისევ ქვეყნის გაერთიანება იყო. 1110 წელს სამშვილდე აიღო, 1115-ში რუსთავი, შემდეგ წელს ტაოდან განდევნა თურქები, მომდევნო წელს გიში, შემდეგ წელს ლორე შემოიერთა. წელიწადში ხუთ ბრძოლასაც იხდიდნენ, და რაც მთავარია, მხოლოდ ქართველ მეომართა ძალით, დამხმარე არ ჰყოლიათ. გამეფებიდან 29-ე წელს დავითმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, ჩრდილო კავკასიიდან 40 ათასი ყივჩაღის ოჯახი ჩამოასახლა და მუდმივ ლაშქარს ჩაუყარა საფუძველი. მოწინააღმდეგე ბევრი ჰყავდა, მაგრამ ახლაც ისე მოეწყო საქმე, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. დადგა 1121 წელი. დავითი 48 წლის გახდა, 32 წელია განუწყვეტლივ იბრძვის. მტერიც ხედავდა მის ძალას, თუმცა სელჩუკებს ჯვაროსნებთან გადამწყვეტი ომი ელოდებოდათ, ამჯობინეს, ჯერ ამიერკავკასიას მოუგრიხონ კისერი. მთელი სამუსლიმანო გაერთიანდა, ურიცხვი ლაშქარი შეიკრიბაო - წერს ქართველი მემატიანე. ისტორიკოსები 300 ათას მეომარს ვარაუდობენ. დავითმა 55 ათასი კაცი გამოიყვანა, 40 ათასი ქართველი იყო. წამოსულ მტერს დიდგორში დახვდა. ბრძოლა სამ საათს გაგრძელდა, გაქცეულ მტერს კი რვა დღე სდიეს. დიდგორის ომს ქართველმა ისტორიკოსმა "ძლევაი საკვირველი" უწოდა. ათი უცხოელი ავტორი აღწერს ამ ომს და ქართველ მემატიანეზე გადამეტებულ აღფრთოვანებას გამოხატავენ. თუმცა თბილისი ისევ მტრის ხელში რჩებოდა, გამოცდილ სარდალს არც ამ შემთხვევაში გამოუჩენია სულსწრაფობა. ქალაქს ალყა შემოარტყა და მაჰმადიან მმართველს დანებება მოსთხოვა. უგუნურმა წინააღმდეგობამ აღმაშენებელი ისე გააბრაზა, რომ არნახული სისასტიკე გამოიჩინა, მუსრი გაავლო დედაქალაქს დაპატრონებულ ურჯულოებს. შემდეგ ბრაზი მოწყალებით შეცვალა და მაჰმადიან მოსახლეობას განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. 1122 წელს, ოთხი საუკუნის შემდეგ, თბილისი კვლავ საქართველოს დედაქალაქი გახდა. დავითსაც და ლაშქარსაც დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ აუცილებელი იყო ამიერკავკასიიდან სელჩუკები საბოლოოდ ამოეძირკვათ. დმანისი, შირვანი, ქალაქი ანისი და სხვა მრავალი ციხე შემოუმტკიცა საქართველოს. სახელოვან მეფეს ცოდვათა გამო სიხარულთან ერთად სინანულიც უძლიერდებოდა. "გალობანი სინანულისანი" მის შთამომავალთ ერთ კითხვას უჩენს: "ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები?" 36 წლიანი მეფობის შემდეგ, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა, დავით IV, აღმაშენებლად წოდებული. დავითის მიერ აღორძინებულმა საქართველომ ერთი საუკუნე იარსება.
-
დემეტრე II თავდადებული (1259-1289) http://s58.radikal.ru/i161/0812/dd/f7c84c1f3e3a.jpg ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავისი სიცოცხლე, ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ხოლო ქართველმა ხალხმა "თავდადებული" უწოდა. დემეტრე მეფობდა მონღოლთა ბატონობის პერიოდში, იყო თამარ მეფის შვილთაშვილი. მონღოლთა ყაენის ბრძანებით დედამისი, სათნოებითა და სილამაზით გამორჩეული გვანცა დედოფალი მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს. ლეგენდის თანახმად, მომაკვდავმა დედოფალმა, დემეტრე ყაენის უშვილო ცოლს ჩააბარა, რომელმაც ჩვილი უფლისწული გამძვინვარებულ ქმარს ხელიდან გამოსტაცა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ ამბის შემდეგ, ყაენის ცოლს საკუთარი ვაჟი გასჩენია. 10 წლის ასაკში დემეტრეს მამა, მეფე დავით VII ულუც გარდაიცვალა და ობოლი უფლისწულის აღზრდა ერისთავმა ტარსაიჭ ორბელმა იტვირთა. 11 წლის დემეტრე დიდებულებმა აბაღა ყაენს წარუდგინეს და სთხოვეს საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა. დემეტრე მეფედ დაამტკიცეს, თუმცა მცირეწლოვანების გამო, მხარგრძელთა ყმადყოფილი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი - სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს მეურვედ. სადუნი მონღოლურ დიდკაცობასთან დაახლოებული პირი იყო. გამოირჩეოდა ცბიერებითა და გამჭრიახობით. იცოდა მრავალი ენა, მათ შორის მონღოლური. საქართველოს სამეფო კარზე მან ათაბაგ-ამირსპასალარის მაღალ თანამდებობას მიაღწია და დემეტრეს სრულწლოვანებამდე ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას. მისი გარდაცვალების შემდეგ (1281) მეფემ სადუნის ძეს ხუტლუ–ბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა და ამით ეს უკანასკნელი გადაიმტერა. დემეტრე მეტად მძიმე პერიოდში აღმოჩნდა სამეფო ტახტზე. საქართველო პოლიტიკურად დაშლილი, ეკონომიკა კი გაჩანაგებული იყო. მეფე შეეცადა გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა: დაიწყო გაუკაცრიელებული ადგილების ხელახლა დასახლება, დანგრეულის აღდგენა, თბილისში ააგო მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი. "აქუნდა ჩვეულება, აღიღოს საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა" - ამგვარად ახასიათებს მეფის გულმოწყალებასა და ქველმოქმედებას მემატიანე. 15 წლის ასაკში დემეტრემ პოლიტიკური მოსაზრებით ცოლად ითხოვა ბიზანტიის იმპერატორის ასული. იმჟამად მონღოლებს სასტიკი ბრძოლები ჰქონდათ ეგვიპტის მამლუქებთან, ამ ლაშქრობებში ქართველებსაც უხდებოდათ მონაწილეობის მიღება. დემეტრეს რამდენჯერმე მოუწია ეგვიპტეში სალაშქროდ წასვლა. ერთ-ერთ ბრძოლაში იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ქართული ჯარი ამ ლაშქრობების შედეგად სისხლისაგან იცლებოდა დემეტრე განახევრებული სპით ბრუნდებოდა ხოლმე ქვეყანაში. ყაენის კეთილგანწყობისა და გარკვეული შეღავათების პირობით მან მეორედ იქორწინა და ყაენის ასული სოლღარი შეირთო ცოლად. მონღოლთა ომებში სისხლისგან დაცლილ ქვეყანას სხვა განსაცდელიც ჰქონდა: შინაბრძოლები, უზნეობა, ეკლესიების კუთვნილი მიწების მიტაცება. ახალგაზრდა მეფე ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გრძნობას აჰყვა და სამცხის ათაბაგის, ბექა ჯაყელის ასული ნათელა მოიტაცა. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა გიორგი, შემდგომში საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალე. ამაოდ მოძღვრავდა ერს საქართველოს კათოლიკოსი ნიკოლოზი, რომელიც "განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა". ამის გამო ნიკოლოზმა დატოვა კათოლიკოსობა და საკუთარი ხელით ახალ კათოლიკოსად აკურთხა მეფის ჯვრისმტვირთველი აბრაჰამი. დემეტრე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, თუმცა რეალურად შემთხვევას ეძებდა, რომ საკუთარი ქვეყნის ხვედრი შეემსუბუქებინა. აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. მეფე ჯერ აჰმადს ემხრობოდა, შემდეგ კი არღუნის მხარეზე გადავიდა. დემეტრემ ამ შემთხვევაში სწორად განსაზღვრა მოვლენათა განვითარება, რადგან არღუნმა გაიმარჯვა და ყაენი გახდა. დემეტრე, როგორც ჩანს, იმ შეთქმულებაშიც მონაწილეობდა, რომელსაც პირველი ემირი ბუღა ამზადებდა არღუნის წინააღმდეგ. ბუღას გაუგეს და თავი მოჰკვეთეს. ყაენმა თავისთან დემეტრეც დაიბარა. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსები, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: "განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა... უკეთუ წარვიდე ყაენის წინაშე, დასტურობით უწყი-მომკლავს"... დარბაზმა ურჩია მეფეს, რომ მთიულეთში გახიზნულიყო ან დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, მაგრამ დემეტრემ უარყო დარბაზის რჩევა: "რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან... უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებელ დარჩეს". დემეტრე გაემართა ყაენთან მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო: "მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა". ილხანებმა ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს მეფეს. ყაენი თავს იკავებდა დემეტრეს დასჯისაგან, რადგან მეფობის კანდიდატი არავინ ჩანდა. სწორედ ამ დროს, სადუნის ძე ხუტლუ-ბუღამ გადაწყვიტა შემთხვევით ესარგებლა, სამაგირო გადაეხადა მეფისთვის და არღუნს მოახსენა, რომ ის მოიყვანდა მეფედ დავით ნარინის ძეს ვახტანგს. დემეტრეს ბედი გადაწყდა. 1289 წლის 12 მარტს მას თავი მოკვეთეს. დემეტრეს წმინდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. მეფე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, "სამარხოსა მამათა მათთასა". დემეტრე თავდადებული ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 (25) მარტი დააწესა.
-
ნოდარ დუმბაძე (1928-1984) http://s57.radikal.ru/i156/0812/d1/d9ad75f20dd7.jpg ქართველი მწერალი. დაიბადა ჩოხატაურის რაიონში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1967-72 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. მისი მოთხრობების პირველი კრებული "სოფლელი ბიჭი" გამოქვეყნდა 1960 წელს. აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და "მე ვხედავ მზეს". მის კალამს ეკუთვნის რომანები: "მზიანი ღამე", "ნუ გეშინია, დედა", "თეთრი ბაირაღები", "მარადისობის კანონი". ნათელმა ოპტიმიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. ნოდარ დუმბაძის თხზულებები გამსჭვალულია დიდი ჰუმანიზმითა და ადამიანური თანაგრძნობით. მისი მშობლიური კუთხის - გურიისათვის დამახასიათებელი კოლორიტულობითაა გადმოცემული ქართული სოფლის ცხოვრება ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), წრფელი სიყვარული და უანგარო მეგობრობა ("მე ვხედავ მზეს", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), პატრიოტიზმი და საბჭოთა რეპრესიის შედეგები ("ნუ გეშინია, დედა"), ინტელიგენციის როლი და მდგომარეობა თანამედროვე საზოგადოებაში ("მარადისობის კანონი", "თეთრი ბაირაღები"), ადამიანის სწრაფვა ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისაკენ ("მარადისობის კანონი"). ნოდარ დუმბაძე ასევე არაერთი შესანიშნავი მოთხრობის ავტორია: "კუკარაჩა", "ძაღლი", "ხაზარულა", "HELLADOS" და სხვ. ძალზე პოპულარულია აგრეთვე მისი საბავშვო ლექსები. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდოვურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. მისი რომანები გადაკეთდა პიესებად და იდგმება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1975 წელს მწერალს მიენიჭა რუსთაველის სახელმწიფო პრემია. დუმბაძის რომანების მიხედვით გადაღებულია ფილმებიც: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს", "გზა მშვიდობისა, ჯაყო", "თეთრი ბაირაღები" და სხვ. მწერლის ინიციატივით თბილისში დაარსდა ბავშვთა ქალაქი "მზიური", სადაც დაკრძალეს კიდეც.
-
გიორგი ელიავა (1892-1937) http://s44.radikal.ru/i103/0812/4c/e78301a2f83f.jpg მიკრობიოლოგი. 1912-1914 წლებში სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ამავე წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას. 1918-21 და შემდგომ 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში. 1923 წელს მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს კი დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ელიავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა. დიდი მეცნიერი 1937 წელს საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა, ის და მისი მეუღლე დახვრიტეს, ხოლო ერთადერთი ქალიშვილი შუა აზიაში გადაასახლეს. http://s55.radikal.ru/i150/0812/e6/e2d33b9f86d9.jpg http://s41.radikal.ru/i094/0812/7f/1c712a3492ea.jpg
-
ერეკლე II (1720-1798) http://s56.radikal.ru/i154/0812/87/ed887048bdcf.jpg ჯერ კახეთის (1744-62), შემდეგ კი ქართლ-კახეთის მეფე (1762-98). იყო უბადლო მეომარი და შესანიშნავი სტრატეგი. უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა იმდროინდელ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი ნიჭით, გამჭრიახობითა და სამხედრო ოსტატობით იხიბლებოდნენ თანამედროვენი, მათ შორის მოწინააღმდეგეებიც. 1744 წელს ქართლში ერეკლეს მამა თეიმურაზი გამეფდა, ხოლო ერეკლე კახეთს განაგებდა. ნადირშაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747) ერეკლე II-მ თეიმურაზთან ერთად თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლა, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილა და განჯისა და ერევნის სახანოები დახარკა. თეიმურაზის გარდაცვალების შედეგად (1762) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა: შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის), დაასახლა მოოხრებული რეგიონები, გამოსცა კანონი (1765), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავის სახსრებით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა, შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი, აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770), აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, ხალხი დარაზმა ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად - სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: "საგარეო საქმეთა", "სახელმწიფო შემოსავლისა" და "სამხედრო საქმეთა" დარგებად. მეფის ხელისშეწყობით გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები, სამთამადნო წარმოება, მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა. მე-18 საუკუნის 80-იანი წლებიდან უკიდურესად გართულებული საგარეო ვითარების გამო, ერეკლე II იძულებული გახდა რუსეთს დაკავშირებოდა და მასთან ხელშეკრულება დაედო (გეორგიევსკის ტრაქტატი, 1783), რომელიც უპირველესად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას გულისხმობდა, თუმცა რუსეთმა ამ ტრაქტატის თითქმის ყველა მუხლი დაარღვია. ერეკლეს ეგონა, რუსეთი მფარველობას გაუწევდა გარეშე მტრების შემოსევებითა და შინააშლილობით დასუსტებულ საქართველოს, მაგრამ მწარედ მოტყუვდა - რუსეთს საქართველოს დაპყრობა სურდა. ამას დაემატა 1795 წელს ირანელთა შემოსევა აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით და თბილისის აოხრება. კრწანისის ბრძოლამ (1795) კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უძლურება. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლეს მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად, პატრიოტმა მეფემ შეძლო ყველა ჭეშმარიტი ქართველის სიყვარული დაემსახურებინა. ხალხმა მას მეტსახელი - "პატარა კახი" უწოდა. მისი საქმეები კი ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში და სიმღერებში აისახა. ერეკლეს სახელი ეროვნული დამოკიდებულობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. გარდაიცვალა 78 წლისა, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ვახტანგ გორგასლის გვერდზე.
-
წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (1865-1944) http://s52.radikal.ru/i135/0812/ac/f1176123eac6.jpg მღვდელ-მონაზონი, ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების შემკრები და გამომცემელი. დაიბადა რაჭაში, სოფელ სადმელში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა თბილისში, სადაც გაიცნო ილია ჭავჭავაძის ხაზინადარი და მოურავი მაქსიმე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო "საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა-გავრცელება იყო. 1890-იან წლებში მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დასტამბეს. ცნობილმა მომღერალმა და მუსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ მაქსიმესა და ესტატეს ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. მანვე ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ. როდესაც ფილიმონ ქორიძე გარდაიცვალა, მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგებლობაში დარჩა. 1912 წლიდან ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმიდელის სახელზე ბერად აღიკვეცა. 1917 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მისი ავტორის, კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, 1918 წელს მამა ექვთიმემ დასტამბა. 1921 წელს ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ მღვდელ-მონაზონი ექვთიმე კვლავ აგრძელებდა საგალობელთა კრებულებზე მუშაობას. 1923 წელს მთავრობამ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოაცხადა. მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერები ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადაიტანა და სვეტიცხოვლის ტაძარში გადამალა. 1935 წელს მან სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 5532 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგება. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. http://s60.radikal.ru/i169/0812/84/544ad3d946ae.jpg http://s49.radikal.ru/i124/0812/8e/ad4998ec924a.jpg http://i057.radikal.ru/0812/0b/cd8aecc84463.jpg http://s41.radikal.ru/i093/0812/90/197a5db3d7eb.jpg http://s60.radikal.ru/i169/0812/bc/4dfa9df85ed2.jpg
-
ვაჟა-ფშაველა (1861-1915) http://s46.radikal.ru/i111/0812/f3/3d424e2cd10f.jpg "ძვირფასო დაო მარიამ! მე სოფლად ცხოვრება აღარ შემიძლია. ფიზიკურმა შრომამ გამტეხა წელში, ახლაც ავად ვარ. მეყოფა ამდენი ძაღლუმადური ცხოვრება. საზოგადოებას თუ რადმე ეფასება ჩემი თავი, უნდა მიპატრონოს. იქნებ რამე სამსახური გამომიძებნოთ. წერილს სხვას არავის ვწერ, რადგან ვიცი, ჩემთვის თავს არავინ გაიცხელებს" - ჩარგალში გამოკეტილმა ლუკა რაზიკაშვილმა ეს ბარათი ჟურნალ "ნაკადულის" გამომცემელ მარიამ დემურიასთვის 1909 წელს დაწერა, მაგრამ აღარ გაუგზავნია. მღვდელ პავლე რაზიკაშვილის ოჯახმა ექვსი შვილი გაზარდა, ხუთი ვაჟი და ერთი ქალი. მათგან ბაჩანა და თედოც ცნობილი მწერლები გახდნენ. ლუკა მესამე იყო და ყველაზე გამორჩეული, თუმცა ყველაზე მძიმე ცხოვრება მას ერგო. ოჯახმა შეძლებისდაგვარი განათლება მისცა. ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ორი წელი თბილისშიც სწავლობდა. 18 წლისამ "დროებაში" პირველი კორესპონდენცია დაბეჭდა - "წერილი ხევსურეთიდან". ყველაზე დიდი კვალი გორის საოსტატო სემინარიაში გატარებულმა წლებმა დატოვა. ოცნებად ჰქონდა უნივერსიტეტში ესწავლა, მაგრამ არანაირი სახსარი არ გააჩნდა. 22 წლისამ მასწავლებლობით რაღაც გროშები მოაგროვა, საქონელიც გაყიდა და აგვისტოში პეტერბურგს გაემგზავრა. უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა, დიდი მონდომებით უსმენდა ლექციებს, ბევრს კითხულობდა, ქართველ სტუდენტთა შეკრებებს ესწრებოდა. უფულომ, ჩაუცმელმა, მშიერმა ერთი წელიც ვერ გაძლო პეტერბურგში, იმედმოკლული დაბრუნდა უკან, არც დაუწერია რამე. ისევ მასწავლებლობას მიუბრუნდა, გორში შინამასწავლებლად მოეწყო. გაზეთებში უკვე ხშირად აგზავნიდა ლექსებსა და მოთხრობებს. მართალია, ამილახვრის შვილს ვერაფერი შეაგნებინა, მაგრამ სიყვარული იპოვა, დაოჯახდა და ჩარგალში დაბრუნდა. გაზეთ "ივერიაში" პოემა "მოხუცის ნათქვამი" მიიტანა. "არა, ჩვენ, ძველებმა, კალამი ძირს უნდა დავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთ" - აღტაცებით წამოიძახა ილია ჭავჭავაძემ, როდესაც რედაქციაში პოემა წაიკითხეს. გაზეთის გამოცდილ თანამშრომლებსაც კი გადაჭარბებული ეჩვენათ რედაქტორის შეფასება. უკვე შემდეგ იტყვის ილია: "რუსთაველის შემდეგ ასეთი ნიჭით ცხებული პოეტი არა გვყოლია". ორი წელი სოფელ დიდ თონეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ბედს არ ემდუროდა. ეს იყო ვაჟას ცხოვრებაში ყველაზე კარგი და მოსვენებული პერიოდი. უსამართლობას ვერ ეგუებოდა, ამიტომ მამასახლისი, მღვდელი და მოხელეები გადაიმტერა. მედროვე და ხალხის მჩაგვრელ ადამიანებს სიტყვით, კალმით და მუშტითაც კი ებრძოდა. ფიცხი ხასიათი ჰქონდა და თავს ვერ იკავებდა. სოფლის ბობოლები საჩივარს საჩივარზე წერდნენ და იმდენს მიაღწიეს, რომ სამსახურიდან გააშვებინეს. თვით ილიამ, ვაჟას ნიჭის ყველაზე დიდმა დამფასებელმა, მხარი დაუჭირა მის გათავისუფლებას. ლუკა რაზიკაშვილმაც ცოლ-შვილი წამოიყვანა და ჩარგალში დასახლდა. პირდაპირობის გამო შემდეგაც ბევრჯერ დაისაჯა, თუმცა მცნებად ჰქონდა, სიბილწეს არ დაზავებოდა. ცხოვრობდა გლეხივით, ხნავდა, თესავდა, მკიდა, თიბავდა, საქონელს უვლიდა. კარგი მეურნე ვერ გახდა, სხვებივით ყოჩაღად ვერ საქმიანობდა. ხშირად მინდორში გასულს ხვნის ან მკის დროს მოაგონდებოდა რაღაც, სიმღერის ჟინი აიტაცებდა, საქმეს მიატოვებდა, ქაღალდსა და ფანქარს ამოიღებდა და წერდა. ქაღალდი თუ გაუთავდებოდა, შვილებს სიპ ქვებს მოატანინებდა და იმაზე აგრძელებდა. ჯანიც გაუტყდა. მეზობლისაგან ხორცი იყიდა. საქონელი ჯილეხით ყოფილა დაავადებული და ციმბირის წყლული შეეყარა. სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ თვალი დაუზიანდა. შემდეგ ცოლიც დაეღუპა, მძიმე საქმემ შეიწირა. ნოემბრიდან მაისამდე მთა იკეტებოდა, ცივი, თოვლიანი, ერთფეროვანი ზამთარი დგებოდა. სიღატაკე და ავადმყოფობა ვაჟას მუდმივი მეგზური გახდა - "ტანფეხშიშველი დავდივარ, ცოლს არ მიცვია კაბაო" - უზიარებდა დარდს წინამორბედ პოეტს, დავით გურამიშვილს. თანდათან მთელმა საქართველომ გაიცნო ფშაველი მწერალი, სიყვარულითაც სარგებლობდა, პატივსაც სცემდნენ, მაგრამ დამხმარე და მშველელი, ოდნავ რომ შეემსუბუქებინა მდგომარეობა, არ ჩანდა. ბევრი ვერც ხვდებოდა, რომ დახეულჩოხიანი, შრომისგან ხელებგაშავებული, ნახევრად ბრმა მთიელი სულიერად ყველაზე დიდი არისტოკრატი იყო და რასაც ის ქადაგებდა, ერთი საუკუნის შემდეგ მთელი კაცობრიობის საზრუნავი გახდებოდა. დღეს ეკოლოგიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე უამრავი თეორია და კანონი შეიქმნა და მსოფლიო ფეხზე დადგა. ვაჟას თეორიები არ შეუქმნია, ყური მიუგდო ბუნების ხმას და ერთგვარი შუამავლობა იკისრა სამყაროსა და ადამიანს შორის. ამქვეყნად ყველაფერი - სულიერი თუ უსულო, ხორციელი თუ უხორცო, ბალახი, წყარო, ქვა, კლდე, მთა - ცოცხალია, ფიქრობს, განიცდის, სტკივა და, რაც მთავარია, ყოველი მათგანის არსებობა აუცილებელია სამყაროს წონასწორობისა და ჰარმონიისათვის. "ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა, წყალნი ტყეს, ტყენი მდინარეთ..." და ერთი თუ გაქრება, მეორეც მას მიჰყვება. თონეთელმა მღვდელმა ურწმუნოება დასწამა. მართლაც, მღვდლისა და ეკლესიისადმი დიდ მორჩილებას არ იჩენდა, ფარისევლურად პირჯვარს არ იწერდა, მაგრამ მისი შემოქმედება მთლიანად ქრისტეს მოძღვრების ანარეკლია: "მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი". ამქვეყნიურ ღმერთად კი სამშობლო მიაჩნდა, ვაჟკაცის უპირველეს დანიშნულებად - "არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა". მაგრამ უფრო დიდი ვაჟკაცობა იქნება, თუ მტრის ღირსებას დაინახავ და დააფასებ. ამ თემას რამდენჯერმე დაუბრუნდა - "ალუდა ქეთელაურში", "სტუმარ-მასპინძელში", "ბახტრიონში". მთაში გამოკეტილი ფშაველი შორიდან უფრო ცხადად ხედავდა და მძაფრად განიცდიდა მოვლენებს, ვიდრე ქალაქში, ამ მოვლენების შუაგულში მყოფი ადამიანები. მარქსიზმის მოძღვრების მიმდევრები "გაზაფხულდაო" - გაიძახოდნენ და ახალ, მშვენიერ ცხოვრებას ჰპირდებოდნენ ხალხს. ვაჟა ხვდებოდა, რომ რევოლუციას გაზაფხული კი არა, უბედურება მოჰქონდა, ბუდიდან გველი გამოდიოდა და ყველაფერს წამლავდა. თუმცა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მაგალითად ჰქონდა, უკან არ დაიხია, არ შეეპუა, ბოლომდე ამხილა, მომავლის ტრაგიკულობა ნათლად ასახა. აშკარა მტერთან შეუპოვარს აკაკის ნათქვამმა, ენას გიწუნებო, გული ატკინა, მაგრამ წყენა არ დაუმახსოვრებია, დეკემბერში აკაკის იუბილეზე ჩამოვიდა და ლექსით მიესალმა. 1915 წლის მთელი ზამთარი იავადმყოფა. გაზაფხულზე თბილისში ჩამოვიდა. აქ უპატრონეს, საავადმყოფოში დააწვინეს, მაგრამ ვეღარაფერმა უშველა. 27 ივლისს მთელ ქალაქს მოედო ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ამბავი. მის გასვენებას ზღვა ხალხი დაესწრო, წესრიგს პოლიცია ამყარებდა. ერწოდან ცხენით ჩამოსული ვაჟას უფროსი ქალი თამარი შეაკრთო ამდენმა ხალხმა, შერცხვა ახლოს მისვლა, მერე ვიღაცამ იცნო და მამის კუბოსთან მიიყვანა. ჩარგალში კი რაზიკაშვილების ეზოში ნაბადი გაფინეს, ზედ მისი ტანსაცმელი გაშალეს, ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს, ირგვლივ შაოსანი დიაცები შემოუსხდნენ და ხმამაღლა მოსთქვამდნენ ოჯახის ბეჩაობასა და ლუკას სახელიანობას. http://s45.radikal.ru/i107/0812/24/69d5bad72aa2.jpg http://s53.radikal.ru/i139/0812/19/d448bab7530e.jpg http://s57.radikal.ru/i158/0812/1f/22f024c14bc7.jpg http://s58.radikal.ru/i159/0812/f6/d2b94c54c1de.jpg http://s57.radikal.ru/i155/0812/74/2064a909c3df.jpg http://i055.radikal.ru/0812/ec/2e5acf1266e8.jpg http://s45.radikal.ru/i109/0812/17/9e9f4351623a.jpg http://s57.radikal.ru/i158/0812/be/8b11b9b110b6.jpg http://s42.radikal.ru/i098/0812/a0/29fa40682255.jpg http://s59.radikal.ru/i164/0812/e2/8fd4f903e050.jpg http://s48.radikal.ru/i122/0812/05/c63a7bb5eb62.jpg
-
ვახტანგ გორგასალი (დაახლ. 442-502) http://s59.radikal.ru/i163/0812/3f/286702b14bf7.jpg მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესიისაგან დაცვას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია - გზა ბიზანტიისკენ, გზა ევროპისკენ. ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა. ვახტანგის მამა - ქართლის მეფე მირდატი, ღვთისმოშიში მმართველი იყო. მან ცოლად მოიყვანა რანის ირანელი გამგებლის, ბარზაბოდის ქალიშვილი საგდუხტი. მეფე-დედოფალს სამი შვილი შეეძინა: ხვარანძე, მირანდუხტი და ვაჟი, რომლის სახელიც სპარსულად გამოითქმოდა როგორც ვარანგ-ხვასროთანგ, ხოლო ქართულად ვახტანგი. საგდუხტ დედოფალი, როგორც კი გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინვე თავისი ნებით უარყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მიიღო ქრისტიანობა და უფლისადმი მადლობის ნიშნად სამშვილდის სიონიც ააშენა. ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. სამეფოს უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი განაგებდა. მალე ვახტანგის აღმზრდელი საურმაგიც გარდაიცვალა და ჯუანშერ სპასპეტმა ითავა უფლისწულის აღზრდა. მეცნიერთა ნაწილი სწორედ მას მიიჩნევს ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერად, თუმცა ნაწილი თვლის, რომ ამ ნაწარმოების ავტორს XI საუკუნეში უნდა ეცხოვრა. ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, როდესაც ქართლს ოსები შემოესივნენ, ააოხრეს ქართლი, აიღეს ქალაქი კასპი და ტყვედ წაიყვანეს მეფის და მირანდუხტი. ამავე დროს, ბიზანტიელები აფხაზეთში შეიჭრნენ. ვახტანგი მტკივნეულად განიცდიდა ქვეყნის დაქცევასა და დის ტყვეობას. უკვე თხუთმეტი წლის ასაკში წარსდგა იგი დარბაზის წინაშე და შეკრებილ დიდებულებს განუცხადა: "ჩვენი განსაცდელის გამო ცხოვრების ყოველი დღე მწუხარებაში გამიტარებია. ჩემი დის სიბრალული ცეცხლის მახვილივით მიტრიალებს გულში. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობს. მე ვერ მოვითმენ შეურაცხყოფას ოვსთაგან, უნდა ვიძიოთ შური მათზე". საპასუხო ლაშქრობა ოსთა მარცხითა და ტყვეების გათავისუფლებით დასრულდა. ბრძოლის დროს მეფემ პირადად განგმირა მოწინააღმდეგის რამდენიმე საუკეთესო მეომარი. ჯუანშერის მიხედვით, ამის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში ციხე-გოჯამდე ილაშქრა და დაამარცხა ბიზანტიელები. მეფემ მათი ბატონობისაგან გაათავისუფლა კლარჯეთი, სადაც ააშენა ქალაქი არტანუჯი. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ჰერეთიც. ირანელებმა V საუკუნის I ნახევარში ქართლს მეტად მძიმე გადასახადი - სამხედრო ბეგარა დააკისრეს. ქართველებს უნდა გამოეყვანათ ჯარი და ირანელებთან ერთად საომრად წასულიყვნენ. ვახტანგ გორგასალი რამდენიმე წელი ქართველთა ჯართან ერთად შუა აზიასა და ინდოეთში იბრძოდა. სამშობლოში იგი მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა, რომ გაეთავისუფლებინა ქვეყანა ირანელთა ბატონობისაგან. ამისათვის საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, ორგული ფეოდალების დასჯა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეების შეძენა. ვახტანგმა თავდაპირველად ყურადღება ეკლესიას მიაქცია. მეფის სურვილს, წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში, წინ აღუდგა მთავარეპისკოპოსი მიქაელი. მან მეფეს ცილი დასწამა, თითქოს იგი უარყოფდა ქრისტიანობას და ცეცხლთაყვანისმცემლობას აღიარებდა. მათი პირისპირ შეხვედრისას ვახტანგმა მუხლი მოიდრიკა მთავარეპისკოპოსის წინაშე, მან კი კბილი ჩაუმტვრია - "განძრა ფეხი და შემუსრა კბილი მისი". მეფემ მომხდარი კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეატყობინა. გადააყენა მიქაელი და პატრიარქს სთხოვა ქართლში პეტრე კათოლიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი გამოეგზავნა. ანტიოქიის პატრიარქის კურთხევით, ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. კათოლიკოსობის დაწესება, თავის მხრივ, ნიშნავდა ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებას, რაც უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში. ირანელთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებას ხელს უშლიდა ის, რომ მათ მოკავშირეები ჰყავდათ ქვეყნის შიგნით. ერთ-ერთი მათგანი იყო ვარსქენი, ცნობილი და გავლენიანი ერისმთავარი, რომელსაც ცოლად შუშანიკი ჰყავდა. 482 წელს ვახტანგმა პოლიტიკური მიზეზით მოაკვლევინა ვარსქენი, რაც ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. აჯანყებაში მონაწილეობდნენ სომხებიც, ცნობილი სარდლის ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით. მაგრამ ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა. მთავარი მიზეზი კი ღალატი იყო. მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თუმცა მალე კვლავ ქართლში დაბრუნდა და ბრძოლა განაგრძო. უკანასკნელად იგი სპარსელებს სამგორის ველზე დაუპირისპირდა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა: "მოიკლა მონათყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ღლიასა ქვეშე და აღიპრა რა ხრმალი თვისი რათა სცეს კაცსა სპარსთაგანსა, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე". დაჭრილი მეფე უჯარმაში გარდაიცვალა. ჯუანშერი გადმოგვცემს მის ანდერძს: "თქვენ მკვიდრნო ქართლისანო! გაიხსენეთ ჩემი სიკეთე, ის, რომ პირველად ჩემი სახლისაგან მოიღეთ ნათელი საუკუნო და სახლსა ჩემსა ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა სიყვარულს ნუ მიატოვებთ". ძნელია საქართველოს ისტორიაში სხვა მეფის მოძებნა, რომელმაც ამდენი ქალაქი და მონასტერი ააშენა. მის სახელს უკავშირდება თბილისის, უჯარმის, არტანუჯის, ხორნაბუჯისა და ციხე-ქალაქ ჭერემის დაარსება. მის დროს აშენდა ნინოწმინდის, ჩელეთის, ნიქოზისა და სხვა ტაძრები, განახლდა სვეტიცხოველი: წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე ქვის დიდი ბაზილიკური ტაძარი აიგო. მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს. მისი ხსენების დღედ 30 ნოემბერი ( 13 დეკემბერი) დაწესდა. http://i075.radikal.ru/0812/26/c3e797881815.jpg
-
ნატალია (ნატო) ვაჩნაძე (1904-1953) http://s57.radikal.ru/i155/0812/87/0227c42688a4.jpg ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მისი ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი. სწავლობდა თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში, მუშაობდა მუშად, მუსიკის მასწავლებლად. 1923 წელს კინოში მიიწვია რეჟისორმა ა. ბეკ-ნაზაროვმა. შეასრულა ნინოს და ნუნუს ("არსენა ყაჩაღი", "მამის მკვლელი", 1924) როლები. ნატო ვაჩნაძემ კინოში შექმნა ქალთა ლირიკული, რომანტიკული სახეები. თავისი საოცარი სილამაზისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისი კინოროლებიდან აღსანიშნავია: ესმა ("სამი სიცოცხლე"), დესპინე ("ჩვენი ქვეყნის რაინდი"), ფატი ("ვინ არის დამნაშავე"), მართა ("ქაჯანა"), მანო ("აკაკის აკვანი") და სხვ. დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს.