-
პოსტები
677 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მდა
-
თურმანიძეები http://s50.radikal.ru/i129/0901/8f/ffbb627ec140.jpg უძველესი დროიდან ცნობილი ხალხურ მკურნალთა საგვარეულო. ძირითადად ზემო იმერეთის სოფ. შორაპნიდან იყვნენ. განსაკუთრებული წესით დამზადებული მალამოთი მკურნალობდნენ ინფიცირებულ ჭრილობებს, კანის ზოგიერთ დაავადებას, სიდამწვრეს და სხვ. თავის მკურნალობის მეთოდს გადასცემენ მემკვიდრეებს. სიმბოლურია თვით ეტიმოლოგია ამ გვარისა, რომელსაც საფუძვლად სპარსული სიტყვა "თურმან" - ქართულად "მკურნალი" უდევს. ცნობილია, რომ 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს დაჭილი პოეტის, ალ. ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მოიწვიეს თურმანიძე. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ იტალიის სახალხო გმირი ჯ. გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა ერთ-ერთმა თურმანიძემ. თურმანიძეთა სასწაულმოქმედ მალამოს სხვადასხვა დროს განუკურნავს ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ექვთიმე თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ივანე ბერიტაშვილი, ევგენი ხარაძე, ელენე ახვლედიანი, ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე, სესილია თაყაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და მრავალი სხვა.
-
პაოლო იაშვილი (1894-1937) http://i042.radikal.ru/0901/e6/e3d6fe7d9864.jpg ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. დაიბადა საჩხერის რაიონის სოფ, არგვეთში ცნობილი პროვიზორის მრავალშვილიან ოჯახში. 1900 წელს მიაბარეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც მასთან ერთად "ცისფერყანწელთა" მომავალი ლიტერატურული ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენლები - ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძეც სწავლობდნენ. 1911 წელს გადავიდა ანაპის კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში მიემგზავრება და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შედის. პარიზში გატარებულმა დრომ გადამწყვეტი როლი ითამაშა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს პაოლო ქუთაისში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი რედაქტორობით გამოიცა ორი ჟურნალი: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები", რომლის ირგვლივ ახალგაზრდა სიმბოლისტი მწერლები გაერთიანდნენ (ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე და სხვ). აქედან წარმოსდგა ამ ჯგუფის სახელიც - "ცისფერყანწელები". ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა პაოლო ოსტატურად დაეუფლა თავისუფალ ლექსსაც. ნატიფი ბგერწერა, გაუცვეთავი პოეტური ტროპები, ზომიერად გამოყენებული ნეოლოგიზმები და დიალექტიზმები ამდიდრებდნენ მის პოეტურ პალიტრას. იაშვილს ეკუთვნის მოთხრობები "ფერადი ბუშტები" (1924), "სამი ტკივილი" (1925), ლიტერატურული წერილები, ა. პუშკინის, კ. ბალმონტის, შ. ბოდლერის, ო. უაილდისა და სხვათა თხზულებების თარგმანები. პაოლო იაშვილი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მწერალთა კავშირის მესვეურნი ხშირად აკრიტიკებდნენ პოეტს "ხალხის მტრებთან" ახლო ურთიერთობისათვის, უმართავდნენ დისკუსიებს "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო. მის წინააღმდეგ აგორებულ საერთო ტალღაში ჩაერთნენ ძველი მეგობრები და ყოფილი თანამოაზრენიც. ისინი გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს. მწერალთა კავშირში, რომლის მუშაობაშიც პაოლო დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობდა, ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი პოეტის "მოღალატეობრივ საქმიანობაზე" მსჯელობდა. პოეტმა ვერ გაუძლო ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ასეთ ტალღას და 1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა სასახლეში, სწორედ იმ წუთებში, როცა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მისი განაჩენი გამოჰქონდა, საკუთარი სანადირო თოფით თავი მოიკლა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
-
ილარიონ ქართველი (IX) http://s60.radikal.ru/i168/0901/8e/4dd3a61203f1.jpg საკვირველმოქმედი, კახელი აზნაურის შვილი, დონაურთა გვარიდან. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იხილა, იქვე, სოფელში ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას და ზედამხედველობას, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქვე დაეყუდა. ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. ახალგაზრდა ბერმა მალე მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი წმიდა ადგილების მოსალოცად იერუსალიმს გაემგზავრა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად იგი სამშობლოში დაბრუნდა. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებსა და უპოვრებს გაუნაწილა. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს, მაგრამ მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ მონასტრის ძმათაგან ერთი, სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და იქ დაბინავდნენ. წმინდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, მოილოცა წმინდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად. წმინდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტონოპოლში დაბრუნდა. წმინდანმა დარჩენილი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული უფლისგან მას წინასწარ ეუწყა, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა. წმინდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს.
-
იოსებ იმედაშვილი (1876-1952) http://s51.radikal.ru/i131/0901/57/43256b99d746.jpg მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ის წევრი იყო. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფისნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლუციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. 1895 წლიდან უკვე იბეჭდებოდა. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული, მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. აქვეყნებდა ურბანისტული შინაარსის მოთხრობებს, გამოსცა სატირული რომანი "აახ-ვაახ", ლექსთა რამდენიმე წიგნაკი. 1904 წელს გამოსცა პირველი "უცხო სიტყვათა ლექსიკონი". რედაქტორობდა ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება", გაზეთებს "ხალხის საქმე", შემდეგ "ხალხის თავისუფლება". ავტორია რომანებისა "განახლებული სიცოცხლე" და "ციბრუტი". 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები და პოემები. მას ეკუთვნის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" (ძვ. წ. IV - ახ. წ. XX სს. არ გამოქვეყნებულა). 1978 წელს გამოვიდა მისი მემუარული წიგნი "ჩემი ცხოვრების გზაზე". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
იოანე მარუშისძე (X საუკუნე) http://i005.radikal.ru/0901/83/937ac10dec07.jpg X საუკუნეში მოღვაწე დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, აფხაზთა მეფის მოხელე, ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში. საქართველოს გაერთიანების იდეის ავტორი. იოანე მარუშისძემ 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. "მატიანე ქართლისაჲ"-ს მიხედვით, დავითი მართლაც ჩავიდა ქართლში და თან ბაგრატი ჩაიყვანა. მან ბაგრატი ქართლის გამგებლად გამოაცხადა. იოანემ უფლისციხე დალაშქრა და ბაგრატსა და მამამისს გადასცა. მართალია, იოანეს საკუთარი ინტერესებიც ამოძრავებდა, რადგან ქართლის გამგებლობისთვის ქიშპი ჰქონდა ადგილობრივ ფეოდალებთან, "ქართლის უფლებთან" - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან, თუმცა სხვა მხრივ, პროგრესული როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას. 978 წელს მისი ინიციატივით ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში იკურთხა მეფედ, შემდეგ ქართლი და ტაო-კლარჯეთის სამეფო შემოიმტკიცა, ხოლო 1008-1010 წლებში კახეთ-ჰერეთი დაიკავა. ასე გახდა ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე და იწოდებოდა როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა". იოანე მარუშისძეს "მატიანე ქართლისაჲს" ანონიმი ავტორი ასე ახასიათებს: "კაცი ძლიერი და ერმრავალი", რომელმაც თავისი გონიერი ნაბიჯით ხელი შეუწყო საქართველოს ერთიანობას.
-
ჯაბა იოსელიანი (1926-2003) http://s55.radikal.ru/i149/0901/b0/13ec86c0a90b.jpg XX საუკუნის 90-იანი წლების ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური, შეიარაღებული ფორმირება "მხედრიონის" დამაარსებელი და ლიდერი. დაიბადა ხაშურში. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა არ დაუმთავრებია. 1948 წელს ლენინგრადში მონაწილეობა მიიღო ბანკის ძარცვაში, რის გამოც 17 წელი ციხეში გაატარა. 1965 წელს ისევ დააპატიმრეს, ამჯერად მკვლელობის ბრალდებით. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისათვის. საზოგადოებისთვის იოსელიანი ცნობილი გახდა, როგორც შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება "მხედრიონის" ლიდერი, რომელიც მან 1989 წელს დააარსა. 1991 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მისი ორგანიზაცია უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს. 1991 წლის დეკემბერში იოსელიანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებთან ერთად 1992 წლის იანვარში სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომელიც იოსელიანის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა. იოსელიანი სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი გახდა და 1992 წლის იანვარ-მარტში, ფაქტიურად, საქართველოს მართავდა. მოგვიანებით იგი ხდება გავლენიანი ფიგურა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარემოცვაშიც, ვინაიდან შევარდნაძე იძულებული იყო სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო, "მხედრიონის" შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა. იოსელიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ადღგენის მცდელობაში, რომელიც 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში ცენტრალური ხელისუფლებისა და "მხედრიონის" აბსოლუტური მარცხით დამთავრდა. ამის მიუხედავად, მას მისცეს ფორმალური თანამდებობა სახელმწიფო აპარატში, რომელსაც იგი დიდი ენთუზიაზმით იყენებდა ოპოზიციური ძალების მიმართ რეპრესიებისთვის, რის გამოც ხშირად იმსახურებდა კრიტიკას ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ჯაბა იოსელიანს აკრიტიკებდნენ თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეების მიმართ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიებებისათვის, აღნიშნავდნენ "მხედრიონის" მხრიდან ბიზნესის შევიწროებასაც. 1998 წელს ტერორიზმის, ბანდიტიზმისა და სახელმწიფო მეთაურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, რომელსაც იგი კატეგორიულად უარყოფდა, იოსელიანი სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად დააპატიმრეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2000 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. საპატიმროში ყოფნისას ჯაბა იოსელიანმა დაწერა რომანი "ლიმონათის ქვეყანა". დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
-
იობა ისაკაძე (1872-1913) http://s53.radikal.ru/i141/0901/de/99966be118a4.jpg საზოგადო მოღვაწე, წიგნის გამომცემელი, ხაბაზი. ექვსიდან თერთმეტ წლამდე სოფელ მუხლში იობა მწყემსად იდგა თანასოფლელ ბიჭებთან ერთად. 1884 წელს უფროსმა ძმამ თბილისში წამოიყვანა და საკუთარ სახაბაზოში დააყენა. თავისუფალ დროს იობა წიგნების კითხვასა და თვითგანათლებას ანდომებდა. ათი წლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა და ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ 1906 წელს მამასახლისად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან გაიყვანა სასოფლო გზები, ააშენა ხიდები, ბარის ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადააკეთა, დააარსა სოფელ მრავალძალის სამრევლო სკოლა. თბილისში დაბრუნებული იობა საზოგადო მოღვაწეობაში ჩაება. დიდ მფარველობას უწევდა რაჭიდან ჩამოსულ მოძმეებს, ამიტომ ხუმრობით "რაჭველების კონსულს" ეძახდნენ. იძენდა საუკეთესო წიგნებს და რაჭის სამკითხველოებს უგზავნიდა. საკუთარი ფულით გამოსცა ზაქარია ჭიჭინაძისა და ივანე ჭიჭინაძის წიგნები. იობა ისაკაძე შეხვდა აკაკი წერეთელს და მიზნად დაისახა მგოსანი მთელი რაჭისათვის გაეცნო. მისი ინიციატივით დაარსდა აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის კომიტეტები თბილისში, ქუთაისსა და რაჭის მაზრის თითქმის ყველა დაბასა და სოფელში. გაითვალისწინეს, რომ ეს ზეიმი კარგად გაშუქებულიყო პრესაში, ასახულიყო ფოტოგრაფიულად და, რაც ყველაზე მთავარია, სინემატოგრაფზე გადაღებულიყო. მოგზაურობა 12 დღეს გაგრძელდა და გადაიქცა ნამდვილ სახალხო და ეროვნულ დღესასწაულად. ამ მოვლენის შესახებ კინოოპერეტორმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წლის 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე". სწორედ დოკუმენტური კინოხელოვნების ამ უნიკალურმა ძეგლმა ჩაუყარა საფუძველი ქართული კინოს სახელოვან ისტორიას. რაჭა-ლეჩხუმიდან დაბრუნებისთანავე იობა ისაკაძე შეუდგა აკაკის მოგზაურობაზე წიგნის გამოცემას, მაგრამ არ დასცალდა, 1913 წლის 25 მაისს თონეში გაჩენილი ხანძრის დროს მიღებული დამწვრობისაგან გარდაიცვალა. თბილისიდან დიდი პატივით გააცილეს უკანასკნელ გზაზე და მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. იობას ტრაგიკული დაღუპვით შეწუხებულმა აკაკიმ "იობა ისაკაძის ეპიტაფია" დაწერა და სურვილი გამოთქვა, საფლავზე ამ წარწერიანი ქვა დაედო, მაგრამ ვეღარ მოასწრო.
-
არსენ იყალთოელი (XI-XII) http://s42.radikal.ru/i096/0901/c0/5cccff88a8f9.jpg სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი. წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. იქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ მთაზე (სირიაში), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ კი ჩამოსულა სამშობლოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად, დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით, არსენს იყალთოელს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ კი იყალთოს მონასტერში დამკვიდრებულა. არსენ იყალთოელმა თარგმნა და ერთ კრებულში "დოგმატიკონში" გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები, დოგმატურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები და სხვა. ამ თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო შენიშვნებსა და კომენტარებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომისის მცოდნედ, "ანატომიკოსად". მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი". არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკურ საკითხების გადაწყვეტას. მისი პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტოტელიზმის მიმდევარია. არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი არსენ იყალთოელს არსენ ბერთან აიგივებს.
-
იშხნელები http://s46.radikal.ru/i112/0901/79/d1139dbbc19f.jpg ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი. ვოკალური კვარტეტი დების: ნინო, თამარ, ზინაიდა, ალექსანდრა იშხნელების შემადგენლობით. 1955-დან ალექსანდრა იშხნელი შეცვალა მისმა დამ მარიამმა. ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში. ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორია ("არც ჰოს ამბობ, არც არას", "შენ აყვავდი, ქართლო მეტად", "ახალი წელი", "არ დაიჯერებ"). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს მათ მიენიჭათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება, 1965 წ. მარიამ იშხნელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი ასევე ცნობილია, როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი.
-
ანზორ კავსაძე (1930-2008) http://s50.radikal.ru/i129/0901/72/9d89df63844a.jpg ქართველი საგუნდო დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა ჭიათურაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო განხრით. სწავლის პარალელურად ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწეობას. 1951 წლიდან საქართველოს რადიოს კაპელის დირიჟორი და მომღერალია, შემდეგ კონსერვატორიასთან არსებული გუნდისა და სახელმწიფო ფილარმონიის კაპელის დირიჟორი. 1957-66 წწ. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარი დირიჟორი, ამავე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
-
დავით კაკაბაძე (1889-1952) http://i018.radikal.ru/0901/92/10812913d02b.jpg ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი. დაიბადა სოფელ კუხში. სკოლაში სწავლის დროს უკვე ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. იმავე დროს მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. სტუდენტობის წლებშივე დაიწყო ძველი ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში 1918 წლამდე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში დახატული პეიზაჟები, სამი ავტოპორტრეტი: "ავტოპორტრეტი სარკესთან", "ავტოპორტრეტი ბროწეულით", "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", აგრეთვე დედისა და ძმის პორტრეტები. რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც. შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. მის კომპოზიციას ახასიათებს ნათელი კლასიკური ტექტონიკურობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია სურათი "იმერეთი-დედაჩემი". ამავე პერიოდში შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატურმორტი". 1919 წლიდან 1927 წლამდე დავით კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, სადაც ყოველ წელს მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ მან ამერიკაშიც მოაწყო თავისი სურათების გამოფენა. კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს. ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება, ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს, მეორე მხრივ - უსაგნო სურათებსა და კოლაჟებს. საინტერესოა, რომ საფრანგეთში ის მუშაობდა სტერეო კინოს გამოგონებაზე. მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კ. მარჯანიშვილის მიწვევით, მუშაობა დაიწყო თეატრში. გააფორმა სპექტაკლები: "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ", "ყვარვარე თუთაბერი" და სხვა. ასეთივე წარმატებით მოღვაწეობდა შემდგომ რუსთაველის თეატრსა და ოპერისა და ბალეტის თეატრში. მუშაობდა ფილმებზე: "მარილი სვანეთს" და "დაკარგული სამოთხე". 1928-48 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
-
პოლიკარპე კაკაბაძე (1893-1972) http://s56.radikal.ru/i153/0901/91/b7dbe127ecce.jpg ქართველი დრამატურგი. დაიბადა ხონის რაიონის სოფელ კუხში. 1911 წელს დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი მოთხრობა "ბრძენი მოქანდაკე" 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება". ამას მოჰყვა პიესები "გზაჯვარედინზე", "ლისაბონის ტუსაღები" და სხვა, რომლებიც წარმატებით იდგმებოდა სხვდასხვა თეატრების სცენებზე. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ავტორს პიესამ "ყვარყვარე თუთბერი", რომელშიც გენიალურადაა ასახული ისტორიულ ქარტეხილებში ამოტივტივებული მედროვის სახე. ამ პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაღებულია მხატვრული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს დოდო აბაშიძე ასრულებს. პოლიკარპე კაკაბაძე ავტორია კიდევ არაერთი პიესისა: "კახაბერის ხმალი", "მეფე დიმიტრი თავდადებული", "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" და სხვა.
-
მიხეილ კალატოზიშვილი (1903-1973) http://s45.radikal.ru/i110/0901/ab/bf6bac50b5bb.jpg ქართველი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. დაიბადა თბილისში. კინოში მოღვაწეობა კინომექანიკოსობით დაიწყო. შემდეგ დაამთავრა ივანე პერესტიანის კინოსამსახიობო სტუდია. მისი პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი "მათი სამეფო". შემდეგ გადაიღო ფილმი "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანებს"). ეს იყო ნოვატორული პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული. 1933 წელს მიხეილ კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1933 წელს. ამ პერიოდში მისი შექმნილი ფილმებია "მამაცობა", "ვალერი ჩკალოვი". 1951 წელს ნ. ვირტას მოთხრობის "განწირულთა შეთქმულების" მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. ამას მოჰყვა კინოკომედია "ერთგული მეგობრები", რომელშიც ოსტატურადაა შერწყმული სატირისა და გროტესკის ელემენტები. კინორეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმმა "მიფრინავენ წეროები", რომელმაც 1958 წელს კანის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო "ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა. ფილმში სრულყოფილად აისახა ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის თემა. მსოფლიო კინოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ მისი რეჟისურით შექმნილ ფილმში "წითელი კარავი", რომელიც მეორედ აღინიშნა სახელმწიფო პრემიით. დაკრძალულია მოსკოვში.
-
ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (1892-1959) http://s58.radikal.ru/i160/0901/3a/d4f3ed2d15b9.jpg ქართველი ფალავანი. დაიბადა სოფელ ნიჩბისში. ყმაწვილობაში მოჯამაგირე იყო, შემდეგ მდინარე ქსანზე მებორნედ მუშაობდა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას "ქართველი გოლიათი" უწოდა. 1921 წლიდან რეგულარულად გამოდიოდა თბილისში, ესიკოვის ცირკში. დამარცხებული ჰყავს ბევრი სახელოვანი მოჭიდავე (თ. კოჟემიაკინი, ი. ზაიკინი, პ. ზაგორუიკო და სხვა). რამდენჯერმე შეხვდა უძლიერეს რუს მოჭიდავეს ი. პოდდუბნის, მათი შეხვედრები თითქმის ყოველთვის ფრედ მთავრდებოდა. მართალია, კლასიკური ჭიდაობის ელემენტები არ ქონდა შესწავლილი, მაგრამ დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში. 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა სანდრო კანდელაკის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი).
-
ია (ილია) კარგარეთელი (1867-1939) http://s40.radikal.ru/i090/0901/68/b69ca4985184.jpg ქართველი კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა სოფელ ერთაწმინდაში. ბავშვობაში მღეროდა თბილისის სიონის ტაძრისა და ლადო აღნიაშვილის გუნდებში, ხოლო სიმღერაში მეცადინეობდა ქართული გუნდის ხელმძღვანელ ი. რატილთან. 1889-91 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიის მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე. ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, მოსკოვში დააარსა ქართული მუსიკის საღამოები, რომლებშიც მონაწილეობდა როგორც მომღერალი და გუნდის დირიჟორი. 1891 წელს მოსკოვში წაიკითხა მოხსენება "ქართული მუსიკის რაობა და ქართული მუსიკალური საკრავები". სამშობლოში დაბრუნებული ქმნის რომანსებს: "შევიშრობ ცრემლსა" და "ლამაზო ქალო". 1896 წლიდან ოპერის თეატრის სოლისტია, შემდეგ კი რეჟისორი. ვალერიან გუნიასთან ერთად თარგმნა ოპერების: "სევილიელი დალაქისა" და "დემონის" ლიბრეტოები, თავად განახორციელა საოპერო სცენაზე და მთავარ პარტიებსაც თავადვე ასრულებდა. ამის შემდეგ მან მრავალი ოპერის ლიბრეტო თარგმნა, მაგ: "პიკის ქალი", "ფაუსტი", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი", "ოტელო", "ბოჰემა" და სხვა. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებასა (1903 წელს) და შემდგომ მის მუშაობაში. 1908 წელს ია კარგარეთელმა გამოსცა თავისი შეკრებილი ქართული პოეტური ფოლკლორის ნიმუშები. მას, როგორც ფოლკლორისტს, დიდად აფასებდნენ ა. წერეთელი და ა. ხახანაშვილი. 1910 წელს დააარსა ქართული საგუნდო საზოგადოება. ამავე წლიდან ასწავლიდა სიმღერასა და მუსიკას თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი მუსიკის ისტორიასა და თეორიას თბილისის კონსერვატორიაში. ია კარგარეთელმა ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ქართული რომანსის ნიმუშები. მისი ნაწარმოებების საფუძველს წარმოადგენდა ქართული ქალაქური ფოლკლორი. მასვე ეკუთვნის მრავალი საგუნდო ნაწარმოები, გამოქვეყნებული აქვს ხალხური სიმღერების 3 კრებული. პოპულარობით სარგებლობდა მისი ნაშრომები: "ქართული მუსიკის შესახებ", "მოკლე ნარკვევი ქართულ მუსიკაზე", "მოკლე პოპულარული მუსიკალური ენციკლოპედია".
-
გივი კარტოზია (1929-1998) http://i012.radikal.ru/0901/e0/c80deaf22a32.jpg ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მელბურნის (1956) ოლიმპიადის ჩემპიონი და რომის (1960) ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. დაიბადა ქ. თბილისში. 1954 წელს დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი. გივი კარტოზია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 1953 წელს ნეაპოლში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ იგი კიდევ ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. გამარჯვება მოიპოვა სტუდენტთა IX და X მსოფლიო თამაშებზე. ოთხჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. გივი კარტოზია გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, დიდი ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. გივი კარტოზიას მიენიჭა საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის წოდება. მის შესახებ გამოცემულია წიგნი - "ფალავანთფალავანი". არსებობს მისი სახელობის ტურნირი ჭიდაობაში, მისი სახელობის ჭიდაობის სპორტული დარბაზი. მისი სახელობისაა აგრეთვე თბილისის სპორტის სასახლე.
-
კრისტოფორო დე კასტელი (XVII საუკუნის I ნახევარი) http://s59.radikal.ru/i163/0901/9a/81efd739bb98.jpg იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მოღვაწეობდა XVII საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში. საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ პირველთან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა. იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება. ამ პერიოდში მან მრავალი საინტერესო ჩანახატი გააკეთა, რომელიც ორ ალბომში იყო შესრულებული. ერთი ალბომი კრისტოფოროს იტალიაში დაბრუნებისას განადგურდა, მეორე კი დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში და 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა, მანვე ჩამოიტანა საქართველოში ჩანახატების ნაწილის ფოტოფირები. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის.
-
ნიკოლოზ კახიანი (1884-1928) http://s51.radikal.ru/i131/0901/fc/3707ba7684b9.jpg ნიკოლოზ კახიანმა 1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1910-14 წლებში ამავე ინსტიტუტის ანატომიის კათედრაზე მუშაობდა და რამდენჯერმე იყო მივლინებული ქალაქ ქაიროში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. 1917 წელს ნიკოლოზ კახიანი აირჩიეს ეკატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრის გამგედ. 1919 წელს ის გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930 წლიდან - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის) ქირურგიული პროპედევტიკის კათედრას განაგებდა. ნიკოლოზ კახიანმა დანერგა საქართველოში სხვადასხვა ტიპის ამოკვეთისა და გაკერვითი ოპერაციები, ასევე ტვინის ტრეპანაციის ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ მანვე გ. მუხაძესა და ა. მაჭავარიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მეცნიერული ქირურგიის განვითარებას. ნიკოლოზ კახიანი დაკრძალულია თბილისში.
-
ჯანსუღ კახიძე (1936-2002) http://s43.radikal.ru/i099/0901/0c/ddcad486c5f2.jpg ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაიბადა ბაღდადის რაიონის სოფელ ობჩაში. 1958 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო განხრით). მის ჯგუფს ცნობილი დირიჟორი, ოდისეი დიმიტრიადი ხელმძღვანელობდა. შემდეგ სტაჟირება გაიარა საფრანგეთში. შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1957 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი "შვიდკაცა", რომელმაც ახალგაზრდობის მეექვსე მსოფლიო ფესტივალზე ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962-1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, შემდეგ კი მთავარი დირიჟორი. 1971-1973 წლებში მიიწვიეს პოლონეთში, ქ. ლოძის დიდი თეატრის დირიჟორად, სადაც 1972 წელს, საკუთარი ინიციატივით განახორციელა ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი". 1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის: "შერეკილები", "პირველი მერცხალი" (გ. ყანჩელთან ერთად), "დათა თუთაშხია" (ბ. კვერნაძესთან ერთად), "იავნანა", "რაჭა, ჩემო სიყვარულო", "ყვარყვარე", "სამანიშვილის დედინაცვალი" და სხვა. მისი ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მრავალი სიმფონიური ნაწარმოები. წარმატებით დირიჟორობდა ბავარიის, ლონდონის, პარიზის, მილანის ლა-სკალას, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს.
-
კორნელი კეკელიძე (1879-1962) http://s56.radikal.ru/i154/0901/da/6ddc02deb2b7.jpg ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა იმერეთის სოფელ ტობანიერში. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კ. კეკელიძე იყო თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრას. იყო სიბრძნისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელი, პრორექტორი, კურირებდა უნივერსიტეტთან არსებულ სიძველეთსაცავს. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 წელს ჟურნალ "მწყემსში" დაიბეჭდა. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს და სხვა ქვეყნის მეცნიერებსაც გაუღვივა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კ. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათსა და სვანეთში დაცული ქართული ხელნაწერები. მისი რედაქციით გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი. განუსაზღვრელია მისი ღვაწლი ტექსტოლოგიაში - გამოსცა "აბო თბილელის წამება", ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" და ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლები. კორნელი კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც. აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა საკითხების შესახებ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. გარდაიცვალა 1962 წელს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ეზოში.
-
ივანე კერესელიძე (1829-1892) http://s53.radikal.ru/i140/0901/ef/0be5ae6c8206.jpg ქართველი პუბლიცისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რედაქტორ-გამომცემელი. 1850 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. ერთი წლის შემდეგ სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ-მასწავლებლად. 1852 წელს დაიწყო საგამომცემლო საქმიანობა. მეთაურობდა ქართულ დრამატულ დასს. 1857 წლის იანვარში აღადგინა და გამოსცა ჟურნალი "ცისკარი", რომელსაც 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1887 წლიდან დააარსა გაზეთი "გუთნის დედა", ხოლო შემდეგ გაზეთის სახით უშვებდა "ცისკარს". ივანე კერესელიძე ცნობილია, აგრეთვე, როგორც პოეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 წელს გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკში", შემდეგ იბეჭდებოდა "დროებაში", "იმედში", "ივერიასა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები: "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" და "ჩემო თვალის სინათლევ" პოპულარულ სიმღერებად იქცა. ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი პოემები, აგრეთვე ლექსების კრებული. ცხოვრების ბოლო წლებში კვლავ ცდილობდა ჟურნალ "ცისკრის" აღდგენას, მაგრამ უკიდურეს გაჭირვებაში, უსახსროდ დარჩენილი, მხოლოდ საკუთარი სულიერი ძალების იმედადღა იმყოფებოდა... გარდაიცვალა თბილისში 1892 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
-
არჩილ კერესელიძე (1912-1971) http://s39.radikal.ru/i086/0901/af/25a8850d5f65.jpg კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო 1939 წელს - მოსკოვის ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორია. 1955 წლიდან ხელმძღვანელობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალურ განყოფილებას. მას ეკუთვნის მუსიკა ფილმებისათვის: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ჩვენი ეზო", "ფატიმა", "სხვისი შვილები", "ბედნიერი შეხვედრა", "მაგდანას ლურჯა" და სხვ.
-
აკოფ კერსელიანი (1918-2004) http://s60.radikal.ru/i168/0901/fd/194e105eca37.jpg მძლეოსანი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს საუკუნის მწვრთნელი. მისი აღზრდილია ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი ვიქტორ სანეევი.
-
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველი (1897-1983) http://s49.radikal.ru/i125/0901/1a/fd636c4d7dd8.jpg ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი. დაიბადა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო კეცხოველის დამსახურება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წინაშე. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი. აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაჯილდოებული იყო "თეთრი გიორგის" ჯვრით. ესწრებოდა საქართველოს ეროვნულ-დემკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობას. იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამდე მცირე ხნით ადრე დაპატიმრეს. 1941-1942 წლებში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად (ნ. მუსხელიშვილი, მ. ზანდუკელი, შ ნუცუბიძე, დ. უზნაძე, გ. წერეთელი და სხვა) თანაუგრძნობდა ფარულ პატრიოტულ ორგანიზაციას "სამანი". ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა. 1974-79 წლებში ორჯერ მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
-
მიხეილ კვესელავა (1913-1995) http://s61.radikal.ru/i172/0901/97/889cb0937b08.jpg მიხეილ კვესელავა 1942 წლიდან იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, ხოლო 1945-46 წლებში მონაწილეობდა მთავარ სამხედრო დამნაშავეთა პროცესზე ქალაქ ნიურნბერგში. 1946 წლიდან კვესელავა ლექციებს კითხულობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ის იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და სხვა. მიხეილ კვესელავა ავტორია მრავალი მონოგრაფიისა. დასავლეთ ევროპული ლიტერატურული აზროვნების ფართო პანორამის შემცველი გამოკვლევაა მისი ორტომიანი ნაშრომი "ფაუსტური პარადიგმები". ასევე, მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილი ტრილოგია "ას ერგასი დღე", მონოგრაფია "პოეტური ინტეგრალები", რომელშიც განხილულია გალაკტიონის პოეზიის ძირითადი ტენდენციები და სხვა. დაჯილდოებულია მეორე სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებით.