Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ვიტალი დარასელია (1957-1982) http://s60.radikal.ru/i168/0902/61/03e53607743e.jpg გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების წევრი, საბჭოთა კავშირის ჩეპიონი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). დაიბადა ოჩამჩირეში. საფეხბურთო კარიერა დაიწყო სოხუმის "დინამოში", შემდეგ გადავიდა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1975-82). მისი, და საერთოდ, ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება უკავშირდება 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებას, როდესაც მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე დარასელიამ გაიტანა უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გოლი, რომლის წყალობითაც თბილისის "დინამომ" დაამარცხა იენას (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) "კარლ ცაისი" და გახდა უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ამ ისტორიული მომენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პოპულარობის ზენიტში მყოფი ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა. მისი სიკვდილი აუნაზღაურებელ დანაკლისად იქცა ქართული ფეხბურთისათვის. იყო ნიჭიერი, მოაზროვნე ფეხბურთელი, გამოირჩეოდა ბურთის ფლობის საუკეთესო ტექნიკით. სულ ნათამაშევი აქვს 192 მატჩი, არის 26 გოლის ავტორი. 1998 წელს სპორტული გაზეთის - "სარბიელის" ინიციატივით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო ნაკრების შემადგენლობაში გულშემატკივრებმა ვიტალი დარასელიაც დაასახელეს.
  2. გიორგი (ბუხუტი) დარახველიძე (1914-1982) http://s46.radikal.ru/i112/0902/bf/52d80814787c.jpg ქართველი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. 1940 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1937-41 წლებში ცეკვავდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. 1941-46 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1946 წლიდან ცეკვავდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. 1957 წლიდან სხვადასხვა ანსამბლში მხატვრულ ხელმძღვანელად და ქორეოგრაფად მუშაობდა.
  3. დაუდ ხანი (XVI) http://s59.radikal.ru/i163/0902/b1/eeb42a536e4e.jpg დავით XI, ლუარსაბ I-ის ძე და ძმა სვიმონ I-სა, ქართლის მეფე 1569-78 წლებში, ავტორი წიგნისა "იადიგარ-დაუდი". 1562 წელს დავითი თავის ძმას, ქართლის მეფე სვიმონ I-ს განუდგა და თავადებთან ერთად შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინში. აქ მან მაჰმადიანობა მიიღო და დაუდ-ხანი ეწოდა. შაჰს განზრახული ჰქონდა დავითის გამოყენება სვიმონ I-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ დაუდ-ხანს "შვილის" წოდება მიანიჭა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. დაუდ-ხანი ორჯერ (1667 და 1568 წლებში) დამარცხდა ძმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ თბილისი მაინც შეინარჩუნა. 1569 წელს სვიმონ მეფის ღალატით შეპყრობის შემდგომ დაუდ-ხანი ქართლის ერთპიროვნული მმართველი გახდა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახალ მეფეს მხარი არ დაუჭირა. მისი ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა. 1578 წელს საქართველოში ოსმალთა დიდი ლაშქრის შემოსვლისთანავე დაუდ-ხანმა თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. იმავე წელს ოსმალებთან საბრძოლველად ირანის შაჰმა მეფე სვიმონი გაათავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა. დაუდ-ხანმა ქართლის ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. სტამბოლში დაუდ-ფაშა პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოსცილდა და ხელი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს მოჰკდა. აღსანიშნავია, რომ მან ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი "იადიგარ-დაუდი" შეადგინა და საქართველოში გამოაგზავნა. დაუდ-ხანი გარდაიცვალა 1588 წელს.
  4. დაჩი (VI საუკუნის დამდეგი) ქართლის მეფე, ვახტანგ I გორგასლის ძე. იზრდებოდა უჯარმაში, ამიტომ დაჩი უჯარმელად იწოდებოდა. დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა - "განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და ვითარ ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფეოდ". მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. დედაქალაქის თბილისში გადმოტანას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, სპარსელებთან მებრძოლი ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი ადგილი იყო. მოსახლეობამ სწაფად დაიწყო გამრავლება და თბილისმა ერთბაშად გაითქვა სახელი. "მოქცევაი ქართლისაი" ხატოვნად მოგვითხრობს ახალი დედაქალაქის აგების ამბავს: "მეფობდა დაჩი და კათალიკოზი იყო სამოელ. ამისსა ზე ქალაქსა ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამწმინდა ეკლესიაი აღაშენეს... მაშინ მცხეთაი ათხელდებოდა და თბილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდა და კალაი განდიდდებოდა". მარიამწმინდა დღეს ანჩისხატის ეკლესიად იწოდება და ის თბილისის ყველაზე ძველი ნაგებობაა. დედაქალაქის 1500 წლის იუბილესათვის ანჩისხატს რესტავრაცია ჩაუტარდა და აღმოჩნდა ქვა, რომელზედაც ჯვრის ამაღლების კომპოზიციაა გამოსახული. მართალია, წარწერა დაზიანებულია, მაგრამ ასე უნდა იკითხებოდეს: "უფალო, მეფესა დაჩის შეეწიე". ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ სპარსელებმა საქართველოს "დიდნი ჭირნი მოიწივნეს". დაჩის დიდხანს არ უმეფია.
  5. დედა ფამარ მარჯანიშვილი (1869-1936) http://s61.radikal.ru/i172/0902/9f/d477fa09591e.jpg სქემიღუმენია, ერისქალობაში თამარ მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილის უფროსი და), თავადის ასული, იყო მდიდარი ქართული ოჯახის შვილი. მიღებული ჰქონდა უაღრესად კარგი აღზრდა-განათლება. მამა, ალექსანდრე, გარდაიცვალა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამარი ძალიან პატარა იყო, ხოლო დედა 20 წლის ასაკში დაეღუპა. თამარს ჰქონდა დიდი მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა, ემზადებოდა პეტრბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა. ეს აზრი მას ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობისას გაუჩნდა. ოჯახისა და ნათესავების წინააღმდეგობის გამო თამარი სახლიდან გაიპარა და ბოდბის მონასტერში მივიდა. მონასტრის წინამძღოლმა დედა იუბენალიამ დაიყოლია ნათესავები და მათაც თამარს ნება დართეს მის მიერ არჩეული გზით ევლო. მონასტერში იგი ცხოვრობდა იღუმენია იუბენალიას უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც ძალიან შეეთვისა. მალე თამარი მონაზვნად აღკვეცეს და საეკლესიო სახელად იუბენალია უწოდეს. მალევე სრულიად ახალგაზრდა დედა ფამარი წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენია გახდა, რომელშიც იმხანად სამასი და იმყოფებოდა. 1905 წელს დედა ფამარზე რევოლუციონერთა მხრიდან თავდასხმები განხორციელდა - ისინი ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს ახალგაზრდა იღუმენიას, ამიტომ უწმიდესი სინოდის ბრძანებით იგი მოსკოვში, პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად გადაიყვანეს. 1908 წელს დედა ფამარი სერაფიმო-პონეტაევის მონასტერში მივიდა, სადაც ღვთისმშობელი გამოეცხადა და საკუთარი მონასტრის დაარსება ურჩია. 1912 წელს ახალი სავანე მოსკოვის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა აკურთხა. სერაფიმო-ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ 12 წელი იარსება, ბოლშევიკებმა იგი 1924 წელს გაანადგურეს. 1931 წელს დედა ფამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ციხეში იგი მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, საოცარი სულიერი ძალის მქონე, მუდამ ცდილობდა სხვათა დამშვიდებასა და დაწყნარებას. შენარჩუნებული ჰქონდა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა საქართველო, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. ბოლოს ხუთი წლით ირკუტსკის ოლქში თავისუფალი გადასახლება მიუსაჯეს. ციმბირში დედა ფამარი ტუბერკულოზით დაავადდა და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ვედენის მთაზე.
  6. გიორგი დეკანოზიშვილი (1867-1910) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. "სოციალ-ფედერალისტების" პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. გიორგი დეკანოზიშვილი დაიბადა ქალაქ სარატოვში. მან ჯერ თბილისის რეალური სასწავლებელი, 1892 წელს კი პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი დაამთავრა. 1895 წლამდე დეკანოზიშვილი მუშაობდა მარგანეცის მრეწველის ნ. ღოღობერიძის საბადოების გამგედ, ხოლო 1995-97 წლებში - ბაქოში, ნობელის ნავთის სარეწებზე. 1901 წელს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭომ დეკანოზიშვილი მიავლინა ბრაზილიაში მარგანეცის მრეწველობისა და მარგანეცის ბაზრის საქმის შესასწავლად. XIX საუკუნის 90-იან და ცხრაასიან წლებში ის თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში". გიორგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. XX საუკუნის დასაწყისში საზღვარგარეთ ა. ჯორჯაძესთან ერთად გამოსცემდა გაზეთ "საქართველოს". გიორგი დეკანოზიშვილი იყო ჟენევის 1904 წლის ქართველთა ინტერპარტიული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე. რუსეთში პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს მან გემ "სირიუსით" სამშობლოში გამოგზავნა საზღვარგარეთ შეძენილი იარაღი. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ის ემიგრაციაში წავიდა. დეკანოზიშვილი გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ კანში. დაკრძალულია თბილისში.
  7. დემნა ბატონიშვილი (XII) ქართველი უფლისწული. ძე დავით V-სა. 1155 წელს ერთიანი საქართველოს მეფე დემეტრე I ტახტიდან გადადგა და მეფობა უფროს ვაჟს, დავით V-ს დაუთმო, თუმცა ქვეყნის მართვა ამ უკანასკნელს დიდხანს არ დასცალდა. ექვს თვეში ის მოკლეს და ტახტზე დემეტრე I-ის უმცროსი ვაჟი - გიორგი ავიდა. 1177 წელს, როდესაც დავით V ვაჟიშვილმა დემნა (დემეტრე) ბატონიშვილმა სრულწლოვანებას მიაღწია, ბიძას ტახტის დათმობა მოსთხოვა. გიორგი III პოლიტიკური კურსით უკმაყოფილო დიდგვაროვნებმა დემნას დაუჭირეს მხარი. ხელმწიფის მმართველობას რეალური საფრთხე დაემუქრა. დემნა ბატონიშვილის აჯანყებას მისი სიმამრი, ამირსპასალარი ივანე ორბელი ხელმძღვანელობდა. აჯანყებულებს მეფე გიორგის შეპყრობა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ მეფემ საჩუქრებითა და დიდი წყალობით განმდგარ დიდგვაროვანთა ნაწილი თანდათან თავის მხარეს გადაიბირა. დემნა ბატონიშვილი მომხრეებთან ერთად ლორეს ციხეში გამაგრდა. გიორგი III-მ ციხეს ალყა შემოარტყა. აჯანყებულთა რიგები ნელ-ნელა შეთხელდა და, ბოლოს, დემნა ბატონიშვილი იძლებული შეიქნა მეფე-ბიძას შეწყალების იმედით ჩაბარებოდა, თუმცა აჯანყებული უფლისწული მეფის ბრძანებით დაასაჭურისეს და თვალები დათხარეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა.
  8. სოლომონ დოდაშვილი (1805-1836) http://i078.radikal.ru/0902/c5/2e191da9eafc.jpg ქართველი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი. დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. 1818 წელს შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, 1820 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1827 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიული ფაკულტეტი. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში. იყო გაზეთ "ტფილისის უწყებანის" ქართული გამოცემის რედაქტორი. პარალელურად დააარსა მისი დამატება - ჟურნალი "სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი". 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, 1834 წელს გადაასახლეს ვიატკაში, სადაც 31 წლისა ჭლექით გარდაიცვალა. პეტერბურგში ყოფნის დროს სოლომონ დოდაშვილი მოექცა დეკაბრისტების გავლენის ქვეშ. დაპატიმრების დროს აღმოუჩინეს კ. რილეევის "ნალივაიკო". რუსეთსა და საქართველოში დოდაშვილს იცნობდნენ, როგორც მრავალმხრივ განათლებულ მოაზროვნეს, ფილოსოფიისა და იურიდიული მეცნიერების მიღწევებს დაუფლებულ კვალიფიციურ სპეციალისტსა და ანგარიშგასაწევ პიროვნებას. იგი იყო განმანათლებელი და ჰუმანისტი. სწორედ პატრიოტიზმით ნაკარნახევი მისი განმანათლებლური იდეები დაედო საფუძვლად თერგდალეულთა მოღვაწეობას. 1832 წლის შეთქმულების გამომჟღავნების შემდეგ, რუსული ცარისტული რეჟიმის მიერ გატარებული მკაცრი რეპრესიების გამო დოდაშვილი სასწრაფოდ მოითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოშორებას ("სიტყვა-მოწოდება", ლექსი "მაისი"). იგი უარყოფდა მონარქიული წყობილების აღდგენას და რესპუბლიკის პრინციპებზე აგებული წყობილების მომხრე იყო. დოდაშვილი მკაცრად აკრიტიკებდა რუსულ კანონმდებლობას და რუსულ მმართველობას, ქართულ ადათ-წესებს კი ხმალამოღებით იცავდა და მათ პროპაგანდას ეწეოდა. იყო ბელეტრისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, თუმცა მოწოდებით მაინც ფილოსოფოსი. დოდაშვილის ფილოსოფიური შრომებია: "ლოგიკა", "ლოგიკის მეთოდოლოგია" და "რიტორიკა". სოლომონ დოდაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. მისი წიგნი "შემოკლებული ქართული ღრამმატიკა" შეიცავს შემდეგ დისციპლინებს: მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია, წიგნი გამოირჩევა მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით. დოდაშვილის "მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა", რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის პირველი ცდაა. სოლომონ დოდაშვილმა დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობაც.
  9. ვიქტორ დოლიძე (1890-1933) http://i004.radikal.ru/0902/df/1673f30517b4.jpg კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი. ვიქტორ დოლიძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური მონაცემებით. კომერციულ სასწავლებელში სწავლისას იგი ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს. 1910 წელს თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე I პრემია დაიმსახურა. მშობლებს სურდათ, ვიქტორი ბანკის მოხელე გამოსულიყო. მართლაც, იგი სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და კომერციული ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ მას მუსიკა იტაცებდა და ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასებში მეცადინეობდა, იქვე მოისმინა მუსიკალური თეორიის კურსი. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. ვიქტორ დოლიძე სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ საოცრად მხიარული და ხალისიანი იყო, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით გამოირჩეოდა. მისი სამუსიკო კარიერა რომანსებით დაიწყო. იმხანად ქართულ თეატრში ძალზე პოპულარული იყო აქვსენტი ცაგარელის პიესა "ხანუმა". მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ დოლიძეს არანაირი შემოქმედებითი გამოცდილება არ ჰქონდა, მან მთელი წელი თავდაუზოგავად იმუშავა და ამ პიესის მიხედვით შექმნა შესანიშნავი ოპერა "ქეთო და კოტე". ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს შედგა და დიმიტრი არაყიშვილის ოპერის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერისთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიკური ოპერის დაფუძნების საქმე. "ქეთო და კოტეს" დიდი წარმატება ხვდა არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, ის არაერთგზის დაიდგა ბულგარეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში. ეს ოპერა დაედო საფუძვლად პირველ ქართულ მიუზიკლს "ქეთო და კოტეს". ვიქტორ დოლიძე ავტორია კიდევ სამი ოპერისა: "ლეილა", "ცისანა" და "ზამირა". ვიქტორ დოლიძე 43 წლის გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  10. გოგი დოლიძე (1954-1996) http://s55.radikal.ru/i150/0902/59/bf551d4317cd.jpg ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ, 1998). 1976 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მღეროდა სტუდენტთა თვითშემოქმედებით ანსამბლში. 1979-96 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-90 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. ხმის საუცხოო ტემბრი, დიდი დიაპაზონი, შესრულების გამორჩეული მანერა და მდიდარი რეპერტუარი მისი წარმატების საფუძველი გახდა. გოგი დოლიძე ერთნაირი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს. 1976-83 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ცნობილ ანსამბლ "ქართულ ხმებში". ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. გოგი დოლიძე ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა. მისი საყოველთაოდ ცნობილი სიმღერებია: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", "კიდევაც დაიზრდებიან", "საშობაო საგალობელი" და სხვ. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი.
  11. სიმონ (სიკო) დოლიძე (1903-1983) http://s60.radikal.ru/i167/0902/76/1f9f9c5a0740.jpg რეჟისორი და კინოდრამატურგი. დაიბადა დაბა ოზურგეთში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობდა "სახკინმრეწვში" ჯერ ადმინისტრატორად, შემდეგ - რეჟისორის ასისტენტად. 1928 წელს კინოსტუდიაში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კინოქრონიკის სექტორს. სიკო დოლიძის ფილმებია: "დარიკო", "ჯურღაის ფარი", "პალიასტომის ტბა", "ჭრიჭინა", "ქალაქი ადრე იღვიძებს", "ფატიმა" და სხვა. 1957-76 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია მრავალი მედლით და ორდენით, მათ შორის ლენინის ორდენით.
  12. დოსითეოს ქუთათელი (XVIII-XIX) მიტროპოლიტი და დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი (1792-1815). კათოლიკოსობა უბოძა იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ, მაგრამ მისი კურთხევა არ მომხდარა. დოსითეოს ქუთათელი დიდ მზრუნველობას იჩენდა ქუთაისის საეპისკოპოსო და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნეო საქმეებისადმი. მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, იგი შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა იმ ჯგუფში, რომელთაც 1789 წელს წინადადებით მიმართეს ერეკლე მეორეს, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. 1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე, რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და სასტიკად გაუსწორდა - იგი რუსეთში გადასახლების დროს გზაში მოკლეს.
  13. ევსტათი მცხეთელი (VI საუკუნე) http://s53.radikal.ru/i142/0902/c1/f0af24a171d9.jpg ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი. მისი ნათლობამდელი სახელია გვირობანდაკი. ქრისტიანად მოქცევის შემდეგ ეწოდა ევსტათი. მის შესახებ გვიამბობს მეექვსე საუკუნის უცნობი ქართველი მწერალი ("ევსტათი მცხეთელის მარტვილობა"). მისი ცნობით, სპარსელი მოგვის შვილი ევსტათი 541 წელს ქალაქ განძაკიდან მცხეთას ჩამოსულა. ქრისტიანული აღმსარებლობისათვის იგი რამდენჯერმე დაასმინეს თანამემამულე სპარსელებმა ჯერ უსტამ ციხისთავთან, შემდეგ კი მარზპან არვანდ გუშნასპთან. ახალმა მარზპანმა ვეჟან ბუზმირმა ევსტათის ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. სპარსელ მბრძანებელს მან დაწვრილებით მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე, რამაც მარზპანი კიდევ უფრო განარისხა. დაახლოებით 550 წელს ქრისტიანობის ერთგულებისათვის ევსტათის თავი მოჰკვეთეს.
  14. ლია ელიავა (1934-1998) http://s55.radikal.ru/i148/0902/5a/79d4840623bf.jpg მსახიობი. დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობია. 1960 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებენ კინოში. გადაღებულია ფილმებში: "ჩრდილი გზაზე", "ბაში-აჩუკი", "ქალის ტვირთი", "მამლუქი", "შეწყვეტილი სიმღერა", "დათა თუთაშხია" და სხვა.
  15. გიორგი ერისთავი (1813-1864) http://s43.radikal.ru/i101/0902/ee/863824f99e0d.jpg ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824-25), შემდეგ მცირე ხნით მოსკოვში, კერძო პანსიონში. 1832 წელს მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და 1834 წელს ქ. ვილნოში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნისას გიორგი ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს. 1842 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. ერთხანს თბილისის სახელმწიფო სამსახურში იყო, ხოლო 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა. გიორგი ერისთავი იყო უდიდესი ეროვნულ-კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალ "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-53). მისი პირველი გამოქვეყნებული პოეტური ნაწარმოებიც, "ოსური მოთხრობა", სრული სახით და ახალი სათაურით "ზარე და ყანიმათ" 1853 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. გიორგი ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროვნულ-პატრიოტული ("თ. სვიმონ მაჩაბელს", "უცხო ქვეყნის ჭაბუკს", "მტკვრისადმი", "ყაბახისადმი", "კავკაზი და უცნობი", "თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ") და სატრფიალო ("თეოდოსია მირიცკას", "მოგონება", "გულს", "კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას") მოტივები. სატირულ-იუმორისტულ ლექსებში იგი კიცხავს ე.წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას ("დედა და ქალი", "ფიქრი ყმაწვილი ქალისა", "...ერთი კაცი წვა სნეული"). გიორგი ერისთავმა ასევე ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1850-54 წლებში. თავის დრამატულ თხზულებებში ("დავა", "გაყრა") ერისთავმა ასახა თანამედროვე ქართული საზოგადოების მანკიერებები - საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურ-ნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი - დაცემის გზაზე დამდგარი თავად-აზნაურობის სრული უნიათობა, მაღალი წრის ზნეობრივი დაკნინება და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებები. გიორგი ერისთავმა ქართულ სინამდვილეში პირველმა ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა, მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება. თავისი დრამატურგიით ერისთავმა სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. მის სკოლას განეკუთვნებიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვ. გიორგი ერისთავმა "ვეფხისტყაოსანი" დრამად გადააკეთა, ხოლო კ. ლაფჩინსკისთან ერთად პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჰიუგოს, პ. ბერანჟეს და სხვ. ლექსები. ერისთავს ეკუთვნის თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები ("უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი", "ყვარყვარე ათაბაგი", ა. გრიბოედოვის "უბედური ჭკუისაგან"). ევროპაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გიორგი ერისთავმა გადმოსცა დაუმთავრებელ დღიურებში "ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან". მისი თხზულებები 1852-53 წლებში ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდებოდა. ცალკე წიგნაკებად გამოიცა "გაყრა", "ძუნწი", "უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი", ხოლო "დავა" 1871 წელს ჟურნალ "კრებულში" დაისტამბა. დაკრძალულია იკორთის მონასტერში ახლანდელი ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე.
  16. ქუჯი ერისთავი (ძვ. წ. IV-III) ეგრისის მმართველი ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 320-280 წლებში. ქართლის მეფის, ფარნავაზის მოკავშირე და თანამებრძოლი. რომაელი სარდლის, აზონის წინააღმდეგ ომში ფარნავაზმა დახმარება ქუჯის სთხოვა. ეგრისის მმართველმა მისი წინადადება მიიღო და ქართლის მეფეს შეუერთდა. ფარნავაზი დედასთან და დებთან ერთად ეგრისში გადავიდა. ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო: შენ გეკუთვნის "უფლობა ჩვენი", როგორც აღმოსავლეთ ქართველს, ანუ ქართლოსის პირდაპირ ჩამომავალსო. ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის რამდენიმე წელს გაგრძელდა და ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა. ქართლის მეფემ ერისთავ ქუჯის საკუთარი და მიათხოვა ცოლად და მათი მოკავშირეობა ნათესაობითაც განამტკიცა. ქუჯი ერისთავმა ეგრისის შუაგულში ააშენა დიდი ქალაქი ციხე-გოჯი, რომლის ნანგრევები დღესაც იწვევს მნახველთა გაოცებას.
  17. რაფიელ ერისთავი (1824-1901) http://s59.radikal.ru/i166/0902/66/b74de0a64f75.jpg ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში ფილადელფოს კიკნაძის ხელმძღვანელობით. თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში - განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. 1857-67 წლებში იყო ზუგდიდის მაზრის უფროსი, 1867-70 წწ. ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს განყოფილების უფროსი, 1889-96 წწ. კავკასიის საცენზურო კომიტეტის ცენზორი. 1846 წლიდან რუსულ პრესაში იბეჭდებოდა რაფიელ ერისთავის მიმოხილვები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები და ნარკვევები, რომელთა მიზანი იყო ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ერისთავი ასევე მრავალ სასარგებლო ცნობას აწვდიდა აკადემიკოს მარი ბროსეს. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში. იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, აგრეთვე "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. მისი პირველი ლექსები ("დარიგება", "ყვავილს") და პირველი ქართული მოთხრობა "ნინო" ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა. ამ ნაწარმოებებში რაფიელ ერისთავმა, ილია ჭავჭავაძის თქმით, პირველმა დაძრა ენა ბატონყმობის წინააღმდეგ. "მამებისა" და "შვილების" ბრძოლას ერისთავი გამოეხმაურა მოთხრობით, რომელშიც უქნარა თავადაზნაურობას დასცინა. რაფიელ ერისთავი თავის პოეზიაში თამამად ააშკარავებდა გლეხობის უნუგეშო ყოფას. იგი ქართული ისტორიული პოემის ტრადიციების გამგრძელებელია. იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მალე სიმღერადაც იქცა პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუში "სამშობლო ხევსურისა". რაფიელ ერისთავი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მას ასევე მიიჩნევენ ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად ქართულ დრამატურგიაში (პიესები "მბრუნავი სტოლები", "დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარის უმძლავრესია", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და სხვ). ერისთავმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკასა და ეთნოგრაფიას. ილია ჭავჭავაძესთან ერთად გამოსცა კრებული "გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები", გამოაქვეყნა "ქართული სახალხო პოეზია" წინასიტყვაობითა და ნიმუშებით, შეკრიბა, შეადგინა და გამოსცა ქართული გამოცანების კრებული. იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს, გვარისა და თემის სტრუქტურას, საოჯახო ყოფას, საქორწინო წეს-ჩვეულებებსა და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის კავკასიის მუზეუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ფონდების შეჯერება-მოწესრიგებაში. რაფიელ ერისთავმა დაამუშავა მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის სამეცნიერო ტერმინოლოგია. გამოსცა "შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი", "მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი", "მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებითგან". მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონი".
  18. თორნიკე ერისთავი (X საუკუნე) http://s53.radikal.ru/i139/0902/e4/adc931062260.jpg ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე. დავით III კურაპალატის სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა იგი დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. დავით კურაპალატმა თორნიკეს სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომლებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ დიდი ნადავლი იგდეს. ამ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი თორნიკე ერისთავმა ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა, ნაწილი კი ათანასე დიდის ლავრას შესწირა. დაახლოებით 980 წელს ბიზანტიის კეისარმა მას სვინგელზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია.
  19. კონსტანტინე ერისთავი (1889-1975) http://s52.radikal.ru/i136/0902/c4/362649c2f417.jpg ქართველი ქირურგი და საზოგადო მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1914 წელს კოტე ერისთავმა დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს ერისთავი საქართველოში დაბრუნდა. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941-50 წლებში საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949-60 წლებში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს ერისთავი იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ქირურგიული საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კოტე ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. იგი ითვლება ჩვენში სისხლის გადასხმის, სინთეზური მასალის გამოყენებისა და გაუტკივარების ერთ-ერთ პიონერად. ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის, ასევე, ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში. დაჯილდოებულია ლენინის 3 ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის, "საპატიო ნიშნისა" და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.
  20. დიმიტრი ერმაკოვი (1846-1916) http://s53.radikal.ru/i141/0902/98/4b040f9cf152.jpg ერმაკოვის შემოქმედების განსაკუთრებული და მუდმივი ობიექტია თბილისი. შემონახული ნეგატივები იძლევა ქალაქის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს. რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფი. 1866 წლიდან იგი უკვე მისდევს ფოტოგრაფიას და უკვე ოთხი წლის შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი სპეციალისტი ხდება. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობს, როგორც სამხედრო ფოტოგრაფი. 1880 წელს დიმიტრი ერმაკოვი თბილისში ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს და წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. მისი უნიკალური ნამუშევრები შექმნილია სტუდიაში, ქართულ სოფლებსა და მონასტრებში, აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზაზე. ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში. მონაწილეობდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გამართულ ფოტოგამოფენებში, სადაც 36 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მუშაობის შედეგია ვრცელი ფოტოკოლექცია, რომელიც დაახლოებით 30 000 ნეგატივისაგან შედგება. ერმაკოვის შემოქმედების განსაკუთრებული და მუდმივი ობიექტია თბილისი. შემონახული ნეგატივები იძლევა ქალაქის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს. გარდა ისტორიულ-დოკუმენტურისა, ერმაკოვის ნამუშევრებს მხატვრული ღირებულებაც გააჩნია. ფოტოგრაფი თვალყურს ადევნებდა იმდროინდელი ფოტოგრაფიული ხელოვნების განვითარებას და იყენებდა უახლეს მეთოდებს. მისი შემოქმედებითი სტილის დამახასიათებელი ნიშანია მისწრაფება სივრცის მაქსიმალური ასახვისაკენ. ერმაკოვის 1870-90-იანი წლების ნამუშევრების ნეგატივები დაცულია საქართველოს ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში, ხოლო დანარჩენი ფოტოგამოსახულებები ინახება მოსკოვის, პეტერბურგისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში. ერმაკოვისეული კავკასიის პანორამები ძველი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცნენ და დიდი ტირაჟით გავრცელდნენ მისალოცი ბარათებისა და ლითოგრაფიების სახით.
  21. ეფრემ მცირე (XI საუკუნე) http://s41.radikal.ru/i094/0902/1d/9165787c5cc7.jpg ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. განათლება მიიღო კონსტანტინოპოლში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. 1091 წელს შავი მთის ქართულ კოლონიაში აირჩიეს კასტანის მონასტრის წინამძღვრად, სადაც ბერძნული წიგნების თარგმნა დაავალეს. ეფრემ მცირემ შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რაც ძირითადად სამი პრინციპით განისაზღვრება: 1. თხზულება უშუალოდ დედნიდან უნდა ითარგმნებოდეს, 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს, ამასთან, მთარგმნელმა არ უნდა შელახოს მშობლიური ენის ბუნება, 3. დედნის ტექსტის სწორად გასაგებად თარგმანს უნდა დაერთოს კომენტარები. ეფრემ მცირემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში. იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით მან დაწერა ეპისტოლეთა თარგმანება ანუ განმარტება, შექმნა დავითნის კატენების დამოუკიდებელი რედაქცია, თარგმნა გრიგოლ ნეოკესარიელის ეკლესიასტეს კომენტარები, აგრეთვე ეზეკიელის მეტაფრასი, რომელსაც გრიგოლ ნაზიანზელს მიაკუთვნებენ. მისი თარგმნილია გრიგოლ ნაზიანზელისავე პოლემიკური სიტყვები, ბასილი დიდი კესარიელის "ასკეტიკონი", ეფრემ ასურის "ასკეტიკონი" და სხვათა ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებები.
  22. ავთო ვარაზი (1926-1977) http://s46.radikal.ru/i112/0902/72/b83d4fc078b8.jpg ქართველი ფერმწერი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტები განმსჭვალულია ადამიანისადმი ღრმა თანაგრძნობით. ვარაზის ნატურმორტებისათვის დამახასიათებელია მონოქრომიზმი, კომპოზიციის სისადავე, საგნებისა და სივრცის ორგანიზებული ერთიანობა. 1966-67 წლებში საქართველოს ისტორიის მუზეუმში ავთო ვარაზმა მაღალმხატვრულად, ორიგინალურად გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია. აგრეთვე მხატვრულად გააფორმა კინოფილმი "ფიროსმანი", სადაც ფიროსმანის როლი თავად შეასრულა.
  23. ვასილ ვარაზიშვილი (1888-1969) ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1944). 1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1924-52 წლებში განაგებდა საქართველოს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. 1931-69 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. იკვლევდა ნახშირწ####ბისა და აზოტის ცვლის ბიოქიმიურ ძირითად საკითხებს, მეტაბოლიტების როლს ნივთიერებათა ცვლაში, მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიის საკითხებს. დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიური და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. დაადგინა, რომ ქოლერით დაავადებისას სიკვდილს იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ურთიერთშეფარდების დარღვევა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. ვასილ ვარაზიშვილი 1939 წელს ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მუქარის გამო მასზე უარი თქვა.
  24. აკაკი ვასაძე (1899-1978) http://s41.radikal.ru/i092/0902/61/79e12b349a57.jpg ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ სახალხო არტისტი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1916 წელს ქუთაისის თეატრში. 1918-20 წლებში სწავლობდა თბილისში ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-58 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1935-55 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-68 წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გამოირჩეოდა დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და გარდასახვის დიდი უნარით, ღრმად წვდებოდა თავისი გმირების სოციალურ-ფსიქოლოგიურ არსს. თავისი სცენური სახეებით მან გაამდიდრა არა მარტო ქართული, არამედ იმდროინდელი საბჭოთა თეატრის ისტორია. 1923 წლიდან ვასაძე მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი ("გიორგი სააკაძე"), მამასახლისი ("მაგდანას ლურჯა"), ფარსმან სპარსი ("დიდოსტატის მარჯვენა"), ყანდური ("დათა თუთაშხია") და სხვ. 1926 წლიდან აკაკი ვასაძე ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. 1974 წელს მიენიჭა რუსთაველის სახ. პრემია, დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენითა და მედლებით.
  25. ვახტანგ VI (1675-1737) http://s51.radikal.ru/i131/0902/40/7aa489102bdc.jpg ვახტანგ VI იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისთვის. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები და აღადგინა ქართული წეს-ჩვეულებები. "მცველთა ჯარის" ანუ სამეფო გვარდიის შექმნით დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის. ქვეყანაში დაიწყო აღმშენებლობის პერიოდი: სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გაფართოება, სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციებისა და უფლებების განსაზღვრა და სხვ. ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისთვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" შეარქვეს (კანონთა კრებული: "დასტურლამალი" - "ვახტანგის სამართალი"). ვახტანგ VI-ის თაოსნობით შედგენილი კანონთა კრებული იყო ე.წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას, მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას და მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. 1712 წელს ირანის შაჰმა ვახტანგ VI ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა. ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა, რის გამოც იგი ქირმანში გადაასახლეს. თუმცა, 1716 წელს მან ფორმალურად მაინც მიიღო ისლამი და საქართველოში 1719 წელს დაბრუნდა. ამ პერიოდიდან საგარეო ვითარება საქართველოს საწინაარმდეგოდ წარიმართა. ვახტანგს რუსეთის მოკავშირეობის იმედი ჰქონდა, რომელიც კასპიის ზღვაზე გასასვლელისათვის იბრძოდა, მაგრამ პეტრე I-მა ლაშქრობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. რუსეთთან კავშირის მცდელობამ გააცოფა ირანი და ოსმალეთი. 1723 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. ირანიც მზად იყო საქართველოს დასაპყრობად. გარეშე საფრთხეს შინაური აშლილობაც დაემატა. 1724 წელს ვახტანგი 1200 კაციანი ამალით რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ ნანატრი დახმარების მოლოდინში ქალაქ ასტრახანში გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე, მიძინების ტაძარში. ვახტანგ VI დაუღალავად იბრძოდა ქვეყნის მეცნიერულ-კულტურული განვითარებისათვის. 1712 წელს მის სტამბაში პირველად დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი" ვახტანგისეული რედაქციითა და კომენტარებით. იგი მრავალი ლირიკული ლექსის ავტორია, საკუთარ შემოქმედებაში მან განავითარა ე.წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურვა სოფლისადმი". მისი სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური ხასიათისაა. ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომ განვითარება ჰპოვა ქართულ პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.) მეფე დიდ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწეოდა - თარგმნა "ქილილა და დამანა" და "ამირ-ნასარიანი". ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესულად მოაზროვნე, განათლებულ მეცნიერთა დასის - სწავლულ კაცთა კომისიის - დიდი და კულტურული საქმიანობა.
×
×
  • შექმენი...