-
პოსტები
677 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მდა
-
ირაკლი გვერდწითელი (1918-1991) http://i024.radikal.ru/0902/77/2f0928a20ba0.jpg ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ირაკლი გვერდწითელის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს. თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, შემდეგ სოხუმისა დ პოდოლსკის ინსტიტუტების დირექტორად, ასევე სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ირაკლი გვერდწითელის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს. მისი გამოკვლევები დაედო საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას (სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი - 1963 წელი). გვერდწითელმა გამოიკვლია არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებში იზოტოპურად სელექციური ეფექტები და პროცესები. მუშაობდა სითბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სფეროში, რაც დასრულდა მსოფლიოში პირველი თერმოელექტრული რეაქტორ-გარდამქნელის შექმნით (1964). შეისწავლა მყარ სხეულებში იონური ლეგირების შედეგად მიმდინარე რადიაციული პროცესების ფიზიკური საფუძვლები. 1992 წელს სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტს ირაკლი გვერდწითელის სახელი ეწოდა.
-
ლაშა გიორგი IV (1192-1223) http://s48.radikal.ru/i120/0902/39/532922e1bdd3.jpg მეფე 1213 წლიდან. თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე. მისი დაბადება დიდი ზეიმით აღნიშნეს. პაპის სახელი გიორგი დაარქვეს, მეორე სახელიც უწოდეს - ლაშა, რაც "ქვეყნის მანათობელს" ნიშნავს. 1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა ლაშა-გიორგი და იმ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. დედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას ცდილობდნენ. ლაშა-გიორგიმ საქართველოს ვასალის - განძის ათაბაგის წინააღმდეგ გაილაშქრა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა და კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. ასევე დაიმორჩილა გამდგარი ვასალები - ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები. ჭაბუკი მეფე 20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად ჯვაროსნული ლაშქრობისა და იერუსალიმის სელჩუკებისგან გასათავისუფლებლად ემზადებოდა, მაგრამ საქართველოს მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა. ისტორიული წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ.) ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთააღმწერელი) კი - უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა და სწრაფვა თავი დაეღწია სამეფო კარისა და ეკლესიის მკაცრი დოგმებისაგან, დიდგვაროვანთა და ეკლესიის უკმაყოფილებას იწვევდა. ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას, ღმერთთან ზიარების გზად კი ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი. ეკლესიამ ამ ქალს დააშორა, მაგრამ გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს. დარჩა ერთი ვაჟი, დავითი, რომელიც ისტორიაში ულუ დავითის სახელით შევიდა. ბეთანიის ტაძრის კედლებმა შემოგვინახა ლაშა-გიორგის პორტრეტი.
-
ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950) http://i027.radikal.ru/0902/df/4620faacf8e3.jpg ეკონომისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. სიღარიბის მიუხედავად, ფილიპე გოგიჩაიშვილმა საწადელს მაინც მიაღწია და 25 წლისა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. უფროსი მეგობრის, პეტრე უმიკაშვილის დახმარებით, ხელს დავით სარაჯიშვილი უმართავდა. ლაიფციგის უნივერსიტეტის ეკონომიკური განყოფილება დაამთავრა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო შრომისათვის "ხელოსნობა საქართველოში". სამშობლოში დაბრუნებული 1905-06 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას", იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს ხელმძღვანელი, სრულად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში, კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე. დემოკრატიული რესპუბლიკის მრავალპარტიულმა პარლამენტმა ერთხმად აირჩია სახელმწიფო კონტროლიორად. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილმა ფილიპეს დააკისრა ყველაზე რთული საქმე, უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი არსებობისათვის საჭირო მატერიალური სახსრების მოპოვება, რასაც მან ბრწყინვალედ გაართვა თავი მთელი ქართველი ხალხის თანადგომით. ამავე დროს კითხულობდა ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. გოგოჩაიშვილის მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოსა და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების საკითხებს ეხება. მშობლიური და უცხო ენების შესანიშნავმა მცოდნემ ქართულად თარგმნა მარქსისა და პოლიტიკური ეკონომიკის სხვა კლასიკოსთა ნაშრომები. სიცოცხლის ბოლომდე უნივერსიტეტი არ მიუტოვებია. გოგოჩაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1904 წელს ანდერძით მიიღო პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა. მის უმწიკვლო რეპუტაციაზე ისიც მეტყველებს, რომ ანდერძის ერთ-ერთ აღმსრულებლად ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა ფილიპე გოგოჩაიშვილი დატოვეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.
-
ლევან გოთუა (1905-1973) http://s53.radikal.ru/i139/0902/fd/ef87b8c55830.jpg მწერალი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის უნივერსიტერის სოციალ-კონომიკურ ფაკულტეტზე. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1921 წელს მოხალისედ წავიდა კოჯრის ბრძოლებში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში, დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. საბჭოთა რეჟიმმა კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრა, თითქმის 20 წელი გადასახლებაში გაატარა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წელს დაიწყო. გოთუას მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი "გმირთა ვარამი". მასში ასახულია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ცხოვრება, როდესაც დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის როლი ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული რომანი "მითრიდატე" მწერალს დაუმთავრებელი დარჩა და ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები "კრწანისის სევდა", "ხანძთის ზარი", "უგზო ქარავანი" და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი "ლეკვი ლომის", მოთხრობები "ნისლი ნახატარის ტყეში", "ფიქრები თოკის კიბეზე", "ფრესკის მეორე დაბადება" და სხვა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში იდგმებოდა ლევან გოთუას პიესები: "მეფე ერეკლე", "უძლეველნი", "დავით აღმაშენებელი", "სამსახეობა რაინდისა", "გმირთა ვარამი". ყოველ ეროვნულ საქმეს ლევან გოთუა განსაკუთრებული სიყვარულითა და აღფრთოვანებით ეკიდებოდა. ისტორიული ძეგლების დაცვა თავის სასიცოცხლო საქმედ მიაჩნდა. დადიოდა ტყესა და ღრეში, იკვლევდა, პოპულარიზაციას უწევდა მივიწყებულ ნაშთებს, მათ პატრონობას ცდილობდა. მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებული "ძეგლის მეგობარი", მანვე ჩაუყარა საფუძველი "გრემქალაქობას", რომელიც მსგავსი დღეობებისა თუ დღესასწაულების ნიმუშად იქცა. დაკრძალულია არმაზში, საკუთარი სახლის ეზოში.
-
ვასო გოძიაშვილი (1905-1976) http://s60.radikal.ru/i170/0902/30/f2e139edbe28.jpg თეატრისა და კინოს მსახიობი. 1922-1924 წლებში სწავლობდა დრამატურგიულ სტუდიაში აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს. ჰქონდა საკუთარი სამსახიობო არსენალი. გამოდიოდა ესტრადაზე. იყო პირველი საკავშირო ესტრადის კონკურსის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით.
-
ტერენტი (კვირკველია) გრანელი (1897-1934) http://i081.radikal.ru/0902/83/4dd7cb9ae155.jpg დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. ხელმოკლეობის მიუხედავად, ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) პოეტი მეექვსე კლასიდან მოწყვიტა სწავლას. იგი გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა, მხოლოდ წიგნებში პოულობდა მეგობარს. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციაში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე. თბილისშივე დაიწყო ლექსების წერა. ფსევდონიმად "გრანელი" 1919 წელს დაირქვა. ტერენტის დების, მაშო და ზოზია კვირკველიების გადმოცემით, ლათინური სიტყვა "Granum" (მარცვალი) პოეტს შეგნებულად აურჩევია: "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო". გრანელის ლექსები სევდითა და მისტიციზმით არის გამსჭვალული, ამის გამო დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი "ია" და ჟურნალი "კრონოსოს სარკე". ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე. გალაკტიონიც აფასებდა გრანელის პოეტურ ტალანტს. კონსტანტინე გამსახურდიამაც შესანიშნავი რეცენზია დაუწერა. ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევდა. გაიგონებდა თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკას, პროცესიას აედევნებდა და მდუმარედ მიჰყვებოდა სასაფლაომდე. ხშირად ესწრებოდა წირვას, უყვარდა კათოლიკეთა ეკლესიის ორღანის ხმა. დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგას ქუჩაში და გარინდებული უსმენდა როიალის ხმას. გამოსცა კრებულები "სამგლოვიარო ხაზები" 1921, "სულიდან საფლავები" 1922, "Memento Mori" (გახსოვდეს სიკვდილი) 1924. იდეოლოგიური ზეწოლის გამო ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი 1926 წელს დაბეჭდა. შემდეგ გაზეთებიც აღარ უბეჭდავდნენ ლექსებს. მალე პოეტს დეპრესია დაეწყო. იმ პერიოდის წერილები, დღიურის ჩანაწერები და ლირიკა მოწმობს მის სულიერ მსხვრევას. თვითონაც გრძნობდა თავის ტრაგედიას და ეს უფრო უმძიმებდა მდგომარეობას. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. გარდაიცვალა 37 წლის, თბილისში, "არამიანცის" საავადმყოფოში. დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. 1980-იანი წლებიდან ამ თვალსაჩინო ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
-
ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია (1903-1977) http://s44.radikal.ru/i103/0902/de/3dafd7672cdc.jpg გრაფიკოსი და მოქანდაკე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა პედაგოგად, 1957 წლიდან პროფესორი გახდა. ლადო გრიგოლიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში. ძველი ქართული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის საფუძველზე მან შექმნა წიგნის მორთულობის ახალი კომპოზიციები, ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები. მისი ნაშრომი "ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი" დაედო საფუძლად სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას. ლადო გრიგოლიას გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი, რომლებიც გამოირჩევა კომპოზიციური სიმკაცრით, ასოთა მოხაზულობის ჰარმონიულობითა და სილამაზით. მის მიერ მხატვრულად გაფორმებულია უნიკალური გამოცემები: "ვეფხისტყაოსანი" (1937), აკაკი წერეთელი (1940), ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემა, ქართული პოეზიის ანთოლოგია ინგლისურ ენაზე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები და სხვა. დახატული აქვს გიორგი სააკაძისა და გრიგოლ ორბელიანის პორტრეტები. კომპიუტერულ სისტემაში შეტანილია მისი სახელობის შრიფტი - გრიგოლია.
-
მიხეილ გრიგორაშვილი (1888-1953) http://s47.radikal.ru/i117/0902/2a/dd2ef0d136d2.jpg ავიაციის ინჟინერი, რუსული, ამერიკული და კანადური ავიაციის ერთ-ერთი პიონერი. დაიბადა დერბენტში. განათლება პეტერბურგში მიიღო და 1911 წელს მფრინავის პრაქტიკა საფრანგეთში გაიარა. რუსეთში დაბრუნებული გრიგორაშვილი ინსტრუქტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი პირველ მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა. 1921 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და 1926 წელს მოქალაქეობაც მიიღო. გრიგორაშვილმა, (მოგვიანებით ცნობილი იყო როგორც მაიკლ გრეგორი), ჩასვლისთანავე მუშაობა დაიწყო როდ-აილენდზე საავიაციო ქარხანაში, მაგრამ იმავე წელს გადავიდა Dayton-Wright Company-ში, 2 წლის შემდეგ კი Curtiss-Wright-ში. 1934 წელს მან დააარსა საკუთარი ფირმა "Gregor Aircraft", სადაც გამოუშვეს მომცრო ზომის თვითმფრინავი GR-1. ორ წელიწადში გრიგორაშვილი კანადაში გადავიდა, რადგან იქ Canadian Car and Foundry-ში შესთავაზეს სამსახური და მალევე მან ააწყო FDB-1 ბიპლანი. ეს იყო ტექნიკურადაც და ფორმითაც საკმაოდ დახვეწილი და ახლებური დიზაინის მოდელი. 1940-იან წლებში გრეგორი წამყვან სპეციალისტად მუშაობდა Chase Aircraft company-ში. მაიკლ გრეგორი 1953 წელს ნიუ-ჯერსიში, ტრეტონში გარდაიცვალა.
-
იოსებ გრიშაშვილი (1889-1965) http://s56.radikal.ru/i153/0902/65/d9b8b5ba1c3c.jpg პოეტი და საზოგადო მოღვაწე. სახალხო პოეტი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. ცოდნას მოწყურებულმა ყმაწვილმა მხოლოდ რამდენიმე წელიწადი ისწავლა სკოლაში და საშუალო განათლების მოწმობაც არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და საქართველოს სახალხო პოეტი გახდა. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. თბილისელ ხელოსანთა წრეში აღზრდილმა შემოქმედება ქალაქური ფოლკლორისა და ბესიკ-საიათნოვას მიბაძვით დაიწყო. ათიან წლებში მოდერნიზმმა არ მოხიბლა და აღმოსავლურ ჰანგს უერთგულა. პოეტმა შეძლო აღმოსავლური მოტივები ევროპულ სამოსში გაეხვია და გამორჩეული თემატიკა, სტილი და რითმი მოენახა. ლექსთა პირველ კრებულებში ("ვარდის კონა" - 1906, "ფანტაზია" - 1907) უმთავრესად ბოჰემური ყოფა და ინტიმური განწყობაა ასახული. შემდეგ და შემდეგ გრიშაშვილისთვის მთავარი მოქალაქეობრივი მოტივი გახდა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო თემამაც და ქართული პოეზიის გამორჩეულ ოსტატად მოგვევლინა. გრიშაშვილი უპირველესად ძველი თბილისის მეხოტბე, მომღერალი და მოტრფიალეა. ალალი, გულუხვი, მშრომელი და დარდიმანდი, სხვადასხვა ერისა და სარწმუნოების თბილისელები ცოცხლდებიან ლექსებში: "ტრიოლეტები შეითანბაზარში", "აშპაშხანისკენ", "თათრის ქალი სუბსარქისში", "ჩემი თბილისი". ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურულ-ისტორიული გამოკვლევა, უნიკალური წიგნი, ერთგვარი ენციკლოპედია "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა". გრიშაშვილი ავტორია საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევებისა საიათნოვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერალთა შესახებ. თარგმნა რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში. ბავშვებისათვის შექმნა ლექსების ციკლი "თქვენთვის, ჩემო პატარებო". უამრავი რამ იცოდა ქართული მწერლობის, ჟურნალისტიკის, თეატრის შესახებ, აგროვებდა წიგნებს, სათეატრო აფიშებს, პროგრამებს, ბილეთებს. ამიტომ ხშირად მას აკითხავდნენ პოეტები, მწერლები და თეატრის მოღვაწენი, რათა დაეზუსტებინათ, როდის და სად იყო დაბეჭდილი მათივე ნაწარმოები. ძალიან უშუალო და ბავშვივით გულუბრყვული ადამიანი იყო. საოცრად კითხულობდა თავის ლექსებს, სიტყვის ბოლო მარცვალს აგრძელებდა, წამღერებით წარმოთქვამდა. ღირსეულმა მამულიშვილმა და პოეტმა უნიკალური ბიბლიოთეკა ანდერძით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
-
პეტრე გრუზინსკი (1920-1984) http://i069.radikal.ru/0902/10/03da0252a73d.jpg პოეტი და დრამატურგი. ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წელს, წერდა თამარაშვილის ფსევდონომით. მისმა ლირიკულმა ლექსებმა კომპოზიტორთა ყურადღება მიიპყრო. მასთან თანამშრომლობდნენ ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, ოთარ თევდორაძე და სხვები. მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის "ჰიმნი სიყვარულს", "მიმღერე რამე", "სადაც გინდა, იქ ილოცე", ბიძინა კვერნაძის "გაზაფხულდა", ოთარ თევზაძის "ობელისკები" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", რომელიც თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა და დღეს არა მხოლოდ თბილისის ჰიმნად, საქართველოს სავიზიტო ბარათადაც იქცა. პეტრე გრუზინსკის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: "კეთილი ადამიანები", "ბაში-აჩუკი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "აბეზარა", "მხიარული რომანი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "განგაში", "მიმინო" და სხვა. ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.
-
პაატა გუგუშვილი (1905-1987) http://s39.radikal.ru/i084/0902/93/fcadfd931fc6.jpg ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. აბაშის რაიონის სოფელ კოდორის ერთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა ჯერ ფოთის, შემდეგ კი ქუთაისის სასწავლებელში გააგრძელა. 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. პაატა გუგუშვილი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც 1940 წელს დისერტაციის საჯარო დაცვის საფუძველზე მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პირველი ეკონომისტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში აირჩიეს. არ დარჩენილა ეკონომიკური მეცნიერების თითქმის არც ერთი დარგი, რომელშიც გუგუშვილს თავისი სიტყვა არ ეთქვა. კაპიტალური ნაშრომები მიუძღვნა ქართულ ჟურნალისტიკას, სოციოლოგიას, სტამბურ საქმეს, ბიბლიოლოგიას, პოლიტოლოგიას, პოლიტიკურ ეკონომიას, გეგმიანობასა და პროგნოზირებას, სამართლის ისტორიას. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში. 1944 წელს მისი ინიციტივით შეიქმნა ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც 32 წელი ხელმძღვანელობდა. პაატა გუგუშვილი მხარში ედგა ყოველ საზოგადოებრივ წამოწყებას. განსაკუთრებით აღელვებდა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა, მთიანი და სამხრეთი კუთხეების ბედი. ხელმძღვანელობდა ხალხთმოსახლეობის პრობლემათა შემსწავლელ სამეცნიერო საბჭოს.
-
დიმიტრი გულია (1874-1960) http://i004.radikal.ru/0902/cd/3db9ab2ae3ad.jpg აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწალობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში ასახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. დიმიტრი გულიას პოეზია მხატვრული დონით გამოირჩევა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროზის განვითარებაში, მას ეკუთვნის პირველი აფხაზური ნოველა და რომანი. წერდა ლაკონურად და ხალხური იუმორით. დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. მას სწამდა, რომ "აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არ არის".
-
გულჩარა (XVI-XVII) დიპლომატი ქალი, გიორგი X-ის ასული. 1600 წელს ქართლის მეფე სიმონ I-ის ტყვეობიდან გამოსახსნელად სტამბოლში გაიგზავნა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გულჩარა და მისი ძმა დავითი. გულჩარა იქ დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა. ირან-ოსმალეთის ომის დროს სულთანმა და მისმა დედამ აბას I-თან მოლაპარაკება მიანდვეს, ზავის შემთხვევაში სულთანი ჰპირდებოდა სიმონ I-ის გათავისუფლებას. საზავო პირობების შეთანხმების მიზნით გულჩარა რამდენჯერმე შეხვდა სულთანსა და შაჰს. 1612 წლის სექტემბერში გულჩარა ირანის ელჩის თანხლებით სტამბოლში დაბრუნდა. თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით გულჩარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირან-ოსმალეთის 1612 წლის საზავო ხელშეკრულების დადებაში.
-
ვალერიან გუნია (1862-1938) http://s45.radikal.ru/i107/0902/bc/a776d798e32b.jpg მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, სახალხო არტისტი. კერძო მასწავლებლების ხელმძღვანელობით ისწავლა რუსული და გერმანული ენები. თბილისის რეალური სასწავლებლიდან პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის გარიცხეს. შემდეგ მოსკოვში გააგრძელა სწავლა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით დაუახლოვდა მცირე თეატრს და თეატრალური საქმიანობა შეისწავლა. 1882 წელს სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად ჩაება თეატრალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იმავე წელს ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით პირველად გამოვიდა სცენაზე. ითამაშა ოტელო, მეფე ლირი, ოიდიპოსი, კაკო ყაჩაღი, ოთარ-ბეგი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლერი ტემპერიმენტით. დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდაში. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს. მან შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის - ფალიაშვილის "დაისი", არაყიშვილის "დინარა" და სხვა. რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს - ჟურნალ "თეატრს", დააარსა გაზეთი "ცნობის ფურცელი", იუმორისტული ჟურნალი "ნიშადური", 1888 წელს გამოსცა "საქართველოს კალენდარი". ვალერიან გუნია იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნარკვევებს, თეორიულ სტატიებს. აღსანიშნავია ისტორიული ნარკვევი "ქართული თეატრი 1879-1889". ვალერიან გუნია იყო ხელმძღვანელობდა 1907 წელს საგურამოდან ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას. თვითონ ჩოხით გამოწყობილი ცხენზე ამხედრებული მიუძღვოდა პროცესიას. 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს, იყო ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავმჯდომარე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
ბუხუტი გურგენიძე (1933-2008) http://s61.radikal.ru/i174/0902/48/4104ab36016a.jpg მოჭადრაკე. პირველი ქართველი დიდოსტატი, სსრკ და საერთაშორისო სპორტის ოსტატი, საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1958 წლიდან თერთმეტგზის იყო საქართველოს ჩემპიონი. ცხრაგზის სსრკ ჩემპიონატის მონაწილე, ოთხგზის სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის მონაწილე და ჩემპიონი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ტურნირში - 1970 წელს მიხეილ ტალთან I ადგილი გაიყო, 1976 წელს I ადგილი დაიკავა. იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჭადრაკის სასახლის დირექტორი. 1968 წლიდან ფიდეს საერთაშორისო ოსტატი და 1970 წლიდან ჭადრაკის გროსმაისტერი. ბუხუტი გურგენიძემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართველ მოჭადრაკე ქალთა აღზრდას. ათი წელი იყო ნანა ალექსანდრიას მწვრთნლი.
-
ინოლა გურგულია (1929-1977) http://s39.radikal.ru/i085/0902/81/7ae50ed1e50d.jpg მომღერალი და კომპოზიტორი. 1952 წელს ინოლა გურგულიამ დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე მან გ. დარახველიძესა და მ. სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს. ტრიოს შესრულება გამოირჩეოდა დიდი პროფესიონალიზმით, ნატიფი ლირიზმით, განცდის უშუალობით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თავად გურგულიას მიერ შექმნილ სიმღერებს, რომლებიც წარმოადგენდა თვისობრივად ახალ მიმდინარეობას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ეს იყო ერთგვარი აკორდული მღერის სტილი, რომელიც თავისი არსით ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა. სიმღერის ეს მანერა მაშინვე აიტაცეს და გაითავისეს მომდევნო თაობების პროფესიონალმა თუ მოყვარულმა მომღერლებმა. ინოლა გურგულიას გამორჩეული სიმღერებია: "ღიმილი მინდა", "უშენოდ", "დარჩი ჩემთან", "მადლობელი ვარ" და სხვა. მანვე შეასრულა ცნობილი სიმღერა კინოფილმში "დღე უკანასკნელი – დღე პირველი". გურგულია დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში მისი სახელი მინიჭებული აქვს ერთ-ერთ ქუჩას.
-
იეთიმ გურჯი (1875-1940) http://i032.radikal.ru/0902/b5/715541713ce7.jpg ქართველი სახალხო მომღერალი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია იეთიმ იბრაჰიმის ძე დაბღიშვილი. თბილისური აშუღური პოეზიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 1928 წელს ი. გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ი. თევზაძემ გამოსცეს პოეტის "რჩეული ლექსები". იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ასრულებდა კიდეც. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ვაჭრებისა და ხელოსნების მისწრაფებანი, სიმართლის იდეალები და თბილისური ბოჰემის განწყობილება.
-
გურჯი ხათუნი (XIII საუკუნე) http://s41.radikal.ru/i094/0902/ef/6d0acb292e4d.jpg მეფე რუსუდანის უფროსი შვილი, დიდი თამარის შვილიშვილი. არზრუმის მფლობელის, თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინი (მუღისედინი) ასული. 1236-37 წელს მიათხოვეს რუმის სულთანს ყიას ედ-დინ (ყაისდინ) ქეი ხუსრვე II-ს, იმ დროს თამარი 12-13 წლის უნდა ყოფილიყო. ქმარი იმდენად იყო მოხიბლული საცოლის "ქმნულკეთილობით", რომ დათანხმდა ქრისტიანად დარჩენილიყო და მღვდლებიც კი წაიყვანა საქართველოდან. ყაისდინს ისე შეუყვრდა ცოლი, რომ სახელმწიფო საქმეებიც გადაავიწყდა, მოფერებით გურჯი-ხათუნს და ჰანდე-ხათუნს (პირმომღიმარს) ეძახდა. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ უ ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკთა სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. თამარს შეეძინა შვილი ალა ად-დინ ქაიკუბადი. თუმცა ცოლ-ქმრის ასეთი განუზომელი სიყვარული რუსუდანის ჩარევის შემდეგ დასრულდა. თამარსაც მაჰმადიანობა მიაღებინეს. 1246 წელს, სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციის მიხედვით, სულთნის ქვრივი, გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ედ-დინ რუმთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა კონიაში პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურის მშვენებაა. ერზრუმში დღესაც დგას ჩიფთე მინარე (წყვილი მინარეთი), რომელიც გურჯი-ხათუნმა ააგებინა და ხელოვანთა თავშეყრის ადგილად აქცია.
-
გიორგი გურჯიევი (1877-1949) http://s41.radikal.ru/i092/0902/a5/2fadb33febb8.jpg მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი. საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა თბილისში. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით - სომეხი. ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია და აფრიკა იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. 1919 წელს თბილისში დააარსა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი". შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, პარიზთან ახლოს კი ციხე-სიმაგრე იყიდა. ჰყავდა მოსწავლეები და იდეოლოგიური მიმდევრები. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ეზოთერული და ბიოგრაფიული ნაშრომი "ყველა და ყველაფერი" და "შეხვედრა ბრწყინვალე ადამიანებთან". ტერმინ "ოკულტისტს" ვერ იტანდა და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული. გურჯიევის აზრით ადამიანი არის მანქანა და მექანიკურად ცხოვრობს. იმისთვის, რომ ის ადამიანი გახდეს, უნდა გამოფხიზლდეს, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია "თულეს" შექმნას. გურჯიევს მსოფლიოში დიდი პატივით მოიხსენიებენ, მასზე მრავალი წიგნია დაწერილი. საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს. გარდაიცვალა პარიზში.
-
ნიკო დადიანი (1847-1903) http://s58.radikal.ru/i160/0902/de/e16955922275.jpg საქართველოს უკანასკნელი მთავარი. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. განათლება მიიღო პარიზში. მისი მცირეწლოვანების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი, ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად გაუქმდა მთავრობა სამეგრელოში. 1868 წელს დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის ტიტულზე. 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში, მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-78). 1877 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიიღო. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების შემდეგ (1886 წლის 21 აგვისტო) რუსეთის მთავრობამ ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წარადგინა. დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
-
შალვა დადიანი (1874-1959) http://s44.radikal.ru/i103/0902/fd/3907b35b7ae6.jpg ქართველი მწერალი, დრამატურგი, საქ. სახალხო არტისტი. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" დაიბეჭდა "ივერიაში". 1908 წ. ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში. შალვა დადიანი კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ დრამატურგიაში ("კაკალ გულში"), ტრაგედიის ჟანრის აღორძინების პირველი ცდა იყო მისი პიესა "თეთნულდი". იგი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა "გიორგი რუსი" (1916-26). რომანში ასახულია XII-XIII საუკუნის საქართველოში თამარ მეფის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დადიანის მოგონებათა წიგნი "რაც გამახსენდა" ქართული მემუარული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშია. თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის და სხვათა პიესები, შალვა დადიანი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს. თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც.
-
ლევან II დადიანი (XVII საუკუნე) ოდიშის მთავარი. 1615 წელს იძულებული გახდა ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა ეკისრა. 1612 წელს დაუკავშირდა გურიისა და აფხაზეთის მთავრებს და დაუპირისპირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს, რომელიც 1623 წელს დაამარცხა გოჭოურასთან. მომდევნო წლებში იგი ხშირად ესხმოდა თავს აფხაზეთის სამთავროს. 1625 წელს ტახტიდან ჩამოაგდო გურიის მთავარი სიმონი და მის ნაცვლად ტახტზე აფხაზეთის კათოლიკოსი მალაქია გურიელი აიყვანა. ამის შემდეგ სიკვდილამდე გურიის სამთავრო მას ემორჩილებოდა, 1633 წელს ლევან დადიანი ქართლის მეფეს, როსტომს დაუკავშირდა და მას თავისი და, მარიამი მიათხოვა. ამ აქტით მან კავშირი გააბა ირანთან, საიდანაც ფულად სუბსიდიებს იღებდა. იმერეთის მეფე გიორგი III შეეცადა ხელი შეეშალა ამ ქორწინებისათვის, მაგრამ ბაღდათთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. მეფის გამოსასყიდში ლევან დადიანმა მიიღო ვაკე-ტერიტორია მდინარე ცხენიწყალსა და მდინარე რიონს შორის. ამის შემდეგ ლევან დადიანი შეეცადა თავის მფლობელობაში გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო, მაგრამ ვერც იმერეთისა და ვერც აფხაზეთის დამორჩილება ვერ შეძლო, მისი ბრძოლა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ქვეყნის გაჩანაგების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. 1636 წელს ლევან დადიანი შეეცადა ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთთან და ცნობა გაგზავნა მოსკოვს, მაგრამ მისი ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდა. ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპულად გარდაქმნის აუცილებლობა. იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებსა და ხელოსნებს. აქტიურად ეწეოდა სამთავროს ეკონომიკური და კულტურული აღმშენებლობის საქმეს. რუხი ქალაქად აქცია და ზარაფხანა გახსნა. მან შეაკეთა და ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერი. დადიანის კარზე გადაიწერა "ვეფხისტყაოსნის" დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერი, რომელიც მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული.
-
მარიამ დადიანი (XVII საუკუნე) http://i024.radikal.ru/0902/46/0a43a4738e25.jpg ქართლის დედოფალი, საზოგადო და კულტურული მოღვაწე. იყო მანუჩარ I დადიანისა და კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ქალიშვილის, ნესტან-დარეჯანის ასული. 1621 წელს მისთხოვდა მამია II გურიელის ძეს, სიმონს. როცა ამ უკანასკნელმა მამია გურიელი მოკლა, მარიამი თავისმა ძმამ, სამეგრელოს მთავარმა, ლევან II დადიანმა უკან წამოიყვანა და ამის შემდეგ მარიამი თავის შვილთან, ოტიასთან ერთად ძმის სასახლეში ცხოვრობდა. 1634 წელს ირანის შაჰის თანხმობით, მარიამი ქართლის მეფე როსტომმა შეირთო. ეს აქტი მიმართული იყო თეიმურაზ I-ისა და გიორგი III-ის წინააღმდეგ. როსტომის გარდაცვალების შემდეგ მარიამი შაჰის ბრძანებით თბილისის ციხეში გამოკეტეს, ხოლო 1658 წელს ყაენის დაძალებით იგი მეორე ცოლად შეირთო ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (შაჰნავაზ I) და "ესუა ორივე ცოლი". მარიამი იყო ქართლის კათოლიკოსის, ევდემოზ დიასამიძის სულიერი შვილი, რომელიც სათავეში ედგა როსტომ მეფის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას და ამის გამო სასტიკად იქნა დასჯილი. მარიამი ცდილობდა ქრისტიანთა დაცვას, მფარველობას უწევდა მათ. ზრუნავდა მტრების შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შეკეთებასა და შემკობაზე. ხელახლა ააშენა ბოლნისის ეკლესია, განაახლა რუისის ეკლესია და სხვა. საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარა სვეტიცხოველს, შეაკეთა და აღადგინა მისი გუმბათი. აგროვებდა და ამკობდა ქართულ ხელნაწერებს, თავისი ხარჯით ყიდულობდა მტრების მიერ მიტაცებულ ხელნაწერ წიგნებს. მარიამის თაოსნობით 1633-1646 წლებში გადაწერილ იქნა "ქართლის ცხოვრება", რომელიც "მარიამისეული ქართლის ცხოვრების" სახელითაა ცნობილი, მოიცავს 932 გვერდს და ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი უძვირფასესია - დაწერილია მუქ თეთრ ქაღალდზე, ლამაზი მხედრული ხელით, ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის მაგარ ყდაში. აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ 1884 წელს. ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მარიამ დედოფალს თამარ დედოფალს ადარებდნენ მოღვაწეობითა და საქმიანობით. მისი ერთადერთი შვილი - ოტია გურიელი ნაადრევად გარდაიცვალა. მარიამ დედოფალმა თავისი შვილის საფლავზე ააგო და მოახატვინა მთავარანგელოზის ეკლესია.
-
დავით და კონსტანტინე (მხეიძეები) (VIII საუკუნის I ნახევარი) http://s42.radikal.ru/i096/0902/96/6c7dfd99f185.jpg არგვეთის (ზემო იმერეთის) მთავრები მერვე საუკუნის პირველ ნახევარში. გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილი არაბი სარდლის, მურვან ყრუს წინააღმდეგ. როგორც უცნობი ჰაგიოგრაფი მწერალი თავის ნაწარმოებში ("დავით და კონსტანტინეს მარტვილობა") გადმოგვცემს, მურვან ყრუმ ძმებს რჯულის შეცვლის სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ არგვეთის ერისთავებმა სასტიკი უარი განაცხადეს და გამაჰმადიანებას წამებით სიკვდილი არჩიეს. ისინი ჯერ სასტიკად სცემეს, მერე ხეზე ფეხებით დაკიდეს, ბოლოს კი მათი ნაგვემი სხეულები მდინარეში გადაყარეს. დავითისა და კონსტანტინეს ცხედრები ქართველებმა წყალწითელასკენ, ხარების ნაეკლესიართან, ძველთაძველ აკლდამაში ჩაასვენეს. შემდგომ ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. სამასი წელი ესვენა მათი ნეშტები იმ აკლდამაში, ვიდრე მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მესამემ დანგრეული ეკლესია არ აღადგინა და იქ გადაასვენა ძმების ნეშტები. ქართველმა ხალხმა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის წამებული ძმების პატივსაცემად საყოველთაო დღესასწაული დაადგინა - ე.წ. "დავით-კონსტანტინობა", ანუ "მოწამეობა". დავით და კონსტანტინე მხეიძეები ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
-
დამიანე (XIV საუკუნე) მეთოთხმეტე საუკუნის ქართველი მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას. აღნიშნული ძეგლის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა: ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, "საიდუმლო სერობის" კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი. ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ "საიდუმლო სერობის" ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა. მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის შესრულებულია. დამიანეს მიერ შექმნილი ფრესკები მეთოთხმეტე საუკუნის ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია. ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები და დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები. მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით, თმა და წვერიც ოსტატურად არის დამუშავებული. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარია.