Jump to content
Planeta.Ge

სასტუმრო-ბიზნესი ქართულად, ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ“ და უმაშველებო პლიაჟი


 

ცხელი ზაფხულიც მიილია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაგვიანევ შვებულებაში გასვლა უწევთ, სექტემბრის დასაწყისიც დასვენების დროა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ისეთი მზიანი ამინდები და მაღალი ტემპერატურა იყო, დამსვენებელი არც მთის კურორტებს მოჰკლებია, მაგრამ ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, მოგეხსენებათ, უმეტესობა მაინც ზღვას ეტანება. შესაბამისად, ამ სეზონზე ზღვისპირა რეგიონებში სასტუმრო-ბიზნესის სექტორმა კარგად იხეირა.

მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე დაუძლეველ პრობლემად რჩება საოჯახო თუ საშუალო დონის სასტუმროების მეპატრონეთა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება თავიანთი მომხმარებლების მიმართ. თითქმის წარმოუდგენელია, წინასწარ დაჯავშნილმა ნომერმა მოლოდინები გაგიმართლოს. ადგილზე ჩასულს, ხშირად, სრულიად განსხვავებული რეალობა გვხვდება, ვიდრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ სარეკლამო ფოტოებში ვნახულობთ ან სატელეფონოს საუბრისას მეპატრონე გვიხატავს.

მომხმარებლის მოტყუება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმრო-ბიზნესის წარმომადგენელთა აპრობირებულ ცუდ ჩვევად იქცა.

სცოდავენ როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმრო სახლების მეპატრონეები.

ასე, მაგალითად, ნახულობ ინტერნეტში ამა თუ იმ საოჯახო ან ჩვეულებრივ სასტუმროს გვერდს, ათვალიერებ ფოტოებს, ეცნობი ინფორმაციას და ყველაფერი გაკმაყოფილებს. რამდენიმედღიანი სრულყოფილი დასვენებისთვის, თითქოს, ყველა პირობა შექმნილია, მიდიხარ ადგილზე და გხვდება მოუწესრიგებელი გარემო, გაუამრთავი ინფრასტრუქტურა, მოშლილი ონკანი ან დაშლილი საშხაპე და მოტყუებისთვის ნათქვამ საყვედურზე იღებ პასუხს: თუ არ გაწყობთ, მიბრძანდით, უკეთესი ნახეთ. არადა, ბარგაკიდებული და დაარხეინებული მიდიხარ, იმ იმედით, რომ საცხოვრებლის საკითხი მოგავრებული გაქვს და იქ ჩასულს ყველაფრის თავიდან მოგვარება რომ გიწევს, არა არის ადვილი საქმე. მით უმეტეს, თუ ოჯახით და ბავშვებით ხარ წასული...

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მაგალითები მანამდეც მრავლად გვქონდა, ამ ზაფხულსაც იგივე შეცდომა მოგვივიდა. ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს პატრონს ნაცნობის მეშვეობით დავუკავშირდით და ბინის დაქირავებაზე მოვილაპარაკეთ. გვითხრა, რომ სასტუმროში რემონტი ჰქონდა, მაგრამ დათქმულ დრომდე დაამთავრებდა და ყველა დეტალზე შევთანხმდით. როგორც გაგვაფრთხილა, ჩასვლამდე ორი დღით ადრეც დავურეკეთ და პირობა კიდევ ერთხელ შევახსენეთ. მობრძანდით, ყველაფერი მზად მექნებაო, ამჯერადაც დაგვაიმედა და ჩვენც ზღვისკენ მშვიდად გავემართეთ. ადგილზე ჩასულებს სრულიად წარმოუდგენელი სურათი დაგვხდა: ანგრეული სახლი, გადათხრილი ეზო, გარეთ გამოყრილი ავეჯი... მარტივად რომ ვთქვათ, რემონტი ისეთ ფაზაში იყო, ამ საკურორტო სეზონზე დასრულების პირი რომ არ უჩანდა და კარგი მასპინძელი ისეთ სახლში არათუ თანხის გადახდას მოთხოვდა ადამიანს, უფასოდაც არ დაპატიჟებდა. ამ დროს, მან წინასწარშეპირებულზე მეტი თანხაც კი მოგვთხოვა.

რას ვიზამდით, გაწბილებულებმა, შუადღის ხვატში, ავიკიდეთ ბარგი-ბარხანა და სხვა, უფრო მოწესრიგებული სასტუმროს ძებნა დავიწეთ, რაც არც ისე იოლი აღმოჩნდა. სეზონის პიკზე თავისუფალი ნომერი, თითქმის, არავის ჰქონდა და თუ ჰქონდა, საკმაოდ - ძვირად. ვინაიდან ბავშვებთან ერთად ვიყავით, მთელ დღეს აქეთ-იქით სიარულში ვერ დავკარგავდით და არც დიდი არჩევანის საშუალება იყო, ამიტომ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რომელიც მივიჩნიეთ, იქ დავბინავდით. რა თქმა უნდა, პირველად სადაც მივედით, იმ სასტუმროს ბევრად ჯობდა, მაგრამ მომსახურების სერვისი მის ღირებულებას აქაც, სადღაც, 60 %-ით ჩამოუვარდებოდა.

ზღვასთან ახლოს ვიყავით და სასტუმროდან პლიაჟამდე მისასვლელად ბულვარი უნდა გადაგვეკვეთა. ბულვარის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იმხელა ეკალ-ბარდი იყო მოდებული, გაკვალული ბილიკიდან ოდნავ რომ გადაგეხვია, პირდაპირ ეკლიან ბუჩქებში გადავარდებოდი. მორიგი გაწბილება, უკვე, ბევრი ფაქტორის გამო, ზღვის სანაპიროზე გველოდა. უპირველესად ეს იყო, აბსოლუტურად მოუწყობელი ინფრასტრუქტურა, კერძო პირების მიერ, პლიაჟზე შეზლონგებით ალაგ-ალაგ მონიშნული ტერიტორიები, სადაც მთელ თვალისგაწვდენაზე მხოლოდ ერთი, გვერდზე გადაქცეული გასახდელი იდგა. არავითარი - საშხაპე, არავითარი - საპირფარეშო.

ანაკლიის და განმუხურის პლიაჟებს მიჩვეულს, გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ აჭარის ერთ-ერთ ცნობილ კურორტზე, სადაც ყოველ სეზონზე მრავალი ათასი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი იყრის თავს, ასეთი მოუწესრიგებელი გარემო შეიძლებოდა დამხვედროდა.

ვისაც სამეგრელოს საზღვაო ზოლში ერთხელ მაინც დაუსვენია, დამეთანხმება, რომ სანაპიროს ინფრასტრუქტურით ბევრ დიდ კურორტს არ ცამოუვარდება და ყველაფერი გამართულად მუსაობს. ბულვარი მუდმივად დასუფთავებულია, ბალახი - გაკრეჭილი, ნაგვის კონტეინერები - დროულად დაცლილი, საპირფარეშოები - მოწესრიგებული, საშხაპეები და გასახდელი კაბინები კი ყოველ ნაბიჯზეა მოწყობილი.

საპირფარეშოს და საშხაპეს ვინ ჩივის, 5 დღის განმავლობაში, ქობულეთში თვალი ერთი მაშველისთვისაც არ მომიკრავს, რამაც უზომოდ გამაკვირვა. სამაშველო კოშკურას და ალამს სანაპირო ზოლის მიმდებარედ, ნაპირიდან საკმაოდ შორს, ბუნგალოს ტიპის კაფეს გვერდზე კი ვხედავდი, მაგრამ კოშკურასთან არასდროს არავინ იდგა. რომ დავინტერესდი, მაშველები სად არიან ან თუ არიან საერთოდ-მეთქი, ქოლგების და შეზლონგების გამქირავებელმა მითხრა, იმ კაფეში სხედან და თუ საფრთხე დაინახეს, მოვლენო.

საფრთხე კი ყოველ წუთს შეიძლებოდა შექმნილიყო, ვინაიდან მთელი სამი დღის განმავლობაში ზღვა ღელავდა და დამსვენებლები მაინც შედიოდნენ. ბლომად იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც ტალღებს არ ეპუებოდნენ. ტივტივასაც ბევრი მოცურავე გასცდა, მაგრამ არასდროს არავის უცდია მათი გაფრთხილება ან უკან მობრუნება.

იმ ბუნგალოდან, სადაც მაშველები აფარებდნენ თავს, გამუდმებით ხმამაღალი მუსიკა ისმოდა და რომც გასჭირვებოდა ვინმეს და საშველად დაეძახა, ვეჭვობ, გაეგონათ. ამასთან, დიდი მონდომების მიუხედავად, ახლო-მახლო, სადღაც კილომეტრანხევრის მანძილზე, ხალხით გადავსებულ პლიაჟზე სხვა სამაშველო კოშკურა არც მინახავს, მაშინ, როცა ანაკლიასა და განმუხურში დამსვენებელთა უსაფრთხოებას ყოველ 30-40 მეტრში თითო მაშველი სდარაჯობს. საკმარისია, ზღვა ოდნავ აღელდეს, რომ მაშველები მაშინვე დაუყვებიან ზღვის კიდეს და ყველას სათითაოდ აფრთხილებენ: არ შეხვიდეთ, ბავშვებს ხელი არ გაუშვათ, ტალღებს მოერიდეთ! არათუ ღელვის დროს, ზღვა როცა სრულიად მშვიდია, როგორც კი ვინმე ტივტივამდე გაცურავს, რუპორში მაშინათვე ჩასძახებენ, რომ ტივტივას არ გასცდეს. თუ გაფრთხილებას არ დაემორჩილა და მაინც განაგრძო ცურვა, თვალის გაელვებაში უკვე წყლის სკუტერით სხვა მაშველი დაადგება თავზე და ნაპირამდე გამოაცილებს.

განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლს, არამარტო დღისით, ღამითაც აკონტროლებენ მაშველები, ქობულეთში კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ღამით კი არა, დღისითაც სანთლით საძებარი გაგიხდებათ.

სამაგიეროდ არ მოგაწყენენ ბურბუშელის, თხილის, მიწის თხილის, ცივი სასმელების თუ სხვა ნუგბარის გამყიდველები, რომლებიც ხუთწუთიანი ინტერვალით დაჰყვებიან ერთმანეთს. ცალკე ,,კასტაა“ მოხარშული სიმინდის გამყიდველები, რომლებიც პროდუქტის გასაყიდ სარეკლამო ტექსტსაც, ,,აბა, ცხელი სიმინდი, ცხელი სიმინდი“ ერთნაირად იმეორებენ. განსაკუთრებულად ყურში მხვდებოდა, უხეში შეცდომით რუსულად ნათარგმნი იგივე ტექსტი, ,,გარიაჩი კუკურუზ“ ან ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ,“ რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის, ზოგიერთი აბაშასაც უმატებდა: ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ აბაში.“ თითქოს, მათ, ვისთვისაც ეს ტექსტი განკუთვნილი იყო, ძალიან აინტერესებდათ ან გაარჩევდნენ, აბაშიდან იყო ის სიმინდი თუ ჭაქვინჯიდან ან რით უნდა ყოფილიყო რომელიმე უკეთესი...

სიმართლე გითხრათ, ეს ,,გარიაჩი კუკურუზ“ მარტო რუსების ყურადღების მისაქცევად არ ისმოდა, რადგან როგორც წინა წლებში, ქობულეთში რუსების გარდა, ამჟამადაც ბლომად იყვნენ სომხეთის მოქალაქეები, ბევრი იყო უკრაინელიც. ზღვის პარაშუტით ფრენის სურვილსაც უცხოელები უფრო გამოთქვამდნენ და ჩემს იქ ყოფნაში, ყოველდღიურად მუშტრის სიმცირეს არ უჩიოდა პარაშუტის პატრონი, რომელიც თითო გადაფრენაში 70 ლარს იღებდა. წყლის ბანანით ზღვაში გასეირნების მსურველ თითო ადამიანს კი 10 ლარი უნდა გადაეხადა; 20 ლარი ღირდა ზღვაში გასასაეირნებელი, ბანანზე ექსტრემალური მრგვალი სავარძლით გასვლა. რაც შეეხება შეზლონგებს და ქოლგებს, რომელთა უმეტესობა სიძველისგან დამტვრეული და დაგლეჯილი იყო, მათი ქირაობა 5-5 ლარად გვიწევდა.

ასე, რომ წლევანდელ საზღვაო სეზონზე მსხვილი, საშუალო თუ მცირე საკურორტო ბიზნესით დაკავებულმა ადამიანებმა არც თუ ისე მწირი შემოსავალი მიიღეს, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ არის მეორე მხარეც. სასურველი იქნება, ისინი არა მხოლოდ მოგებაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლის კომფორტზეც თუ იფიქრებენ.

დარწმუნებული ვარ, ბევრი სასტუმროს მეპატრონე, რამდენიმე დღეში ნომრების კარებს ისე დაკეტავს, რომ არც სამზარეულოს ონკანს შეამოწმებს, მუშაობს თუ არა; არც იმ შხაპის ყურმილს გამოცვლის და არც მილს, რომელიც გვერდებიდან ასხამს წყალს; არც კარის სახელურს შეაკეთებს და არც გატეხილ ლოგინს... მომავალ სეზონზე ისევ ისე უპასუხებს მომხმარებელს, რომ ყველაფერი წესრიგშია და დაჰპირდება, რომ კომფორტულ აპარტამენტს დაახვედრებს.

არადა, არის შენობები, სასტუმროები, რომლებიც 10, 15, 20 წლის წინ ააშენეს და თავის დროზე, ალბათ, ყველაფერი გამართულად მუშაობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გაცვდა, გაფუჭდა, შეილახა, გამოცვლა, შეკეთება, ხელს შევლება სჭირდება, რისთვისაც არავინ იწუხებს თავს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს ასე ესმის ტურისტული და საკურორტო ბიზნესის პრინციპი: ნაკლები სერვისი - მეტი მოგება. ამიტომ ჩვენ, რიგითი დამსვენებლები, გაისადაც, როცა მთის თუ ზღვის კურორტებს მივაშურებთ, მომსახურების პირობებით ისევ ისეთი გაწბილებულები დავრჩებით, როგორც წელს, შარშან ან შარშანწინ დავრჩით.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...