Jump to content
Planeta.Ge

გამარჯობა, აფხაზეთო შენი


 ნაწილი 4

დრანდა, ოჩამჩირე, ილორი 

სოხუმში, ცენტრალურ ქუჩებსა თუ სანაპიროზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა საექსკურსიო ბიუროების სტენდები და თავიანთ პროგრამას ხან ერთი ბიუროს თანამშრომელი მაჩეჩებდა ხელში და ხან მეორე.

 image.jpeg

მეც არავის ვწყვეტდი გულს, დიდი მადლობებით ვართმევდი და ფორმატზე ამობეჭდილი ნაირ-ნაირი პროგრამით ვბრუნდებოდი სახლში. მერე ვათვალიერებდი ამ ქაღალდებს და ისეთი შემოთავაზებები და მარშრუტები მხვდებოდა, უარს ვერც ერთზე იტყოდი. რომელი გინდოდა: რიწა თავისი ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებით თუ კანიონებით; ტყვარჩელი თავისი დიდებული ბუნებით, ახალი ათონი, რომელზეც წინა ნაწილში უკვე ბევრი ვილაპარაკე, ბიჭვინთა და გაგრა, კინდღი და ტამიში, დრანდა და ილორი...

 image.jpeg

ვაპირებდი კიდეც რამდენიმე მიმართულებით გამგზავრებას, მაგრამ ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა შემაფერხა. სექტემბრის ბოლოსთვის ისევ კარგი ამინდები იყო ნავარაუდევი და ნათესავები შემპირდნენ, რომ რიწა-გაგრა-ბიჭვინთასაც მომატარებდნენ, ჩემს საყვარელ კინდღც წამიყვანდნენ, სადაც ბავშვობის საუკეთესო დღეები მქონდა გატარებული და ტამიშშიც, მათი მშობლების საფლავზეც გავივლიდით.

მანამდე კი გადავწყვიტე, ერთ-ერთი საექსკურსიო ბიუროს მომსახურებით მესარგებლა და აფხაზეთში მდებარე სალოცავები მომენახულებინა. მართლაც, 24 სექტემბრის წვიმიან დღეს, აგუძერას, დრანდისა და ილორის ტაძრების დათვალიერების მსურველ 15 რუს ტურისტთან ერთად, მიკროავტობუსით დავადექი გზას.

საექსკურსიო მარშრუტის მიხედვით, პირველი გაჩერება აგუძერას ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში საკუთარი სახსრებით რუს მეწარმეს და მეცენატს, ნიკოლოზ სლუცკოის აუშენებია. მასვე უკავშირდება სოხუმის დენდროლოგიური პარკისა და გულირიფშის ტუბერკულოზის ცენტრის დაარსებაც და მშენებლობაც.

როგორც ექსკურსიამძღოლმა აგვიხსნა, ეკლესია თავდაპირველად წმინდა გიორგის სახელს ატარებდა. საბჭოთა პერიოდში ამ განსხვავებული სტილის აგურის ნაგებობაში კომუნისტებს ბიბლიოთეკა მოუწყვიათ, ხოლო 1992-93 წლების შემდეგ, კვლავ ეკლესიად გადაკეთებულა, ოღონდ ამჯერად ილია წინასწარმეტყველის სახელი დაუნათლავთ.

 image.jpeg

აგუძერადან დრანდისკენ გავემართეთ, დიდი დრო არ დაგვჭირვებია, რადგან აგუძერა სოხუმიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა, აგუძერადან დრანამდე მანძილიც თითქმის იგივე დროში გავიარეთ და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მივადექით.

 image.jpeg

ამ ჯვარგუმბათოვანი, აგურითა და რიყის ქვით ნაგები უძველესი ტაძრის ფასადი ომამდეც ბევრჯერ რესტავრირდა, მაგრამ მისი ისტორიული იერ-სახე მეტ-ნაკლებად მაინც ნარჩუნდებოდა, ომის შემდეგ კი მისი კედლებიც თეთრად შეულესავთ, გუმბათი კი ოქროსფრად გაუფერადებიათ. ფასადზე მხოლოდ ალაგ-ალაგ არის დატოვებული ტაძრის ძველი კედლის ფრაგმენტები, ხოლო ტაძრის შიდა კედლები. პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

მიუხედავად იმისა, რომ შუადღე კარგად გადასული იყო, ტაძარში წირვა მიმდინარეობდა და იქაურობა ხალხით სავსე დაგვხვდა.

image.jpeg

როგორც ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა აღნიშნა, აფხაზეთში დღეს ღვთისმსახურება სულ 16 ეკლესიაში სრულდება.

 image.jpeg

დრანდის ტაძრის ეზოში, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს დრანდის ციხე მდებარეობს, მარჯვნივ კი ძველი სკოლის და მისი დამხმარე ნაგებობების ნანგრევები დგას.

image.jpeg 

დრანდიდან ოჩამჩირისკენ გავეშურეთ. ისე წვიმდა, რომ მიკროავტობუსის მინები ორთქლისგან მთლიანად იბურებოდა, ამიტომ მანქანიდან გადაღებული ფოტოებიდან ვერც ერთმა ვერ აღბეჭდა ის კადრები, რაც ვნახე. თუმცა, იქნებ კარგიც იყოს, რადგან ოჩამჩირის მთავარ ტრასაზე ნანახი სურათით ვერაფრით გაგახარებდით...

ეს იყო გაუბედურებული, დანგრეული, ველური ხე-მცენარეებით დაბურული  სახლებით სავსე ქუჩა, რომლის მეპატრონეებზეც გიდი ჰყვებოდა, რომ მათ უღალატეს იმ მიწას, სადაც ცხოვრობდნენ, მტერს იარაღით შეუერთდნენ  და ამიტომაც მოუხდათ ამ სახლების დატოვება. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ვინაიდან მასთან ახლოს ვიჯექი და თან ამჩნევდა, ძალიან ყურადღებით ვიყურებოდი აქეთ-იქით, ცდილობდა, ჩემთვის მოეყოლა ეს ყოველივე...

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გალიდან სოხუმისკენ არსებობს შემოვლითი გზა და ჭუბურხინჯიდან სოხუმამდე ოჩამჩირეში შეუსვლელად ჩადიხარ, ამიტომაც ოჩამჩირის ცენტრალურ გზაზე ომის შემდეგ არც გამივლია. ოჩამჩირის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ 2002 წელს მოვხვდი, როცა ავტობუსით სოხუმიდან ტყვარჩელში, იქაური ნათესავების სანახავად მივდიოდი და იმაზე უარეს დღეში ჩავვარდი, ვიდრე წინა წელს, ნაომარი სოხუმის ნახვამ ჩამაგდო.

ეს იყო სრულიად ცარიელი, განადგურებული ქალაქი და მიკვირდა, საიდან მოდიოდა ან სად მიდიოდა ის თითო-ოროლა ადამიანი, ვისაც აქა-იქ ვხედავდი.

ასეთივე ცარიელი და მრუმე იყო ის გზაც, რომელიც ილორამდე გავიარეთ.

ერთ დროს ხალხმრავალი და კეთილმოწყობილი ოჩამჩირის პლიაჟიც სრულიად უკაცრიელი და გაველურებული ჩანდა, რაც თავად ექსკურსიამძღოლმაც აღნიშნა და თქვა, რომ ომის შემდეგ ქალაქის პლიაჟები ასეთი უმოქმედოა.

გზად ის სასაფლაოც გავიარეთ, სადაც ჩვენი ცნობილი და ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელი, ვიტალი დარასელია არის დაკრძალული. მისი საფლავი ზედ გზისპირზეა და რომ მივუახლოვდით, კისერი წავიგრძელე და თვალი შევავლე. გასუფთავებული და მოვლილი იყო. გიდს ჩემი გაფაციცება არ გამოჰპარვია, მაგრამ რატომღაც ვიტალი დარასელიაზე არაფერი თქვა. მე კი ჩემი მეგობარი ინგა ჩახვაშვილის თხოვნა მიტრიალებდა გონებაში, თუ ვიტალის საფლავთან მოხვდები, მიდი, ჩემს მაგივრადაც მოეფერე და უთხარი, როგორ ძალიან გვიყვარსო. გადავწყვიტე,  უკანა გზაზე მანქანა დარასელიას საფლავთან გამეჩერებინა და ინგას თხოვნა შემესრულებინა, მაგრამ მობრუნებულზე საფლავთან თავსხმა წვიმისგან ისეთი მდინარე ჩამოდიოდა, მუხლებამდე წყალში გატოპვა მომიწევდა და თავი შევიკავე.

image.jpeg

ოჩამჩირეში ნანახით გულდამძიმებული მივადექი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას, რომელშიც 38 წლის წინ მოვინათლე და მას შემდეგ არც ვყოფილვარ. მხოლოდ ცენტრალურ ტრასაზე გავლისას თუ შევავლებდი თვალს მისი სამრეკლოს  შევერცხლილ სახურავს და ყურში მუდამ ბებიაჩემის სიტყვები ჩამესმოდა: ფეხშიშველი ჩავალ ილორის წმინდა გიორგიმდეო. ასე ამბობდა ყოველთვის, როცა ვინმესთვის რამის დამტკიცება უნდოდა ან ვინმეს ემუქრებოდა. მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და საკრალური იყო ილორის წმინდა გიორგის სახელი, რომ თუ მას დაიფიცებდა, წყალსაც არ დალევდა.  

image.jpeg

წყევლიდა ვინმეს თუ ლოცავდა, აუცილებლად, მტერიც და მოყვარეც ილორის წმინდა გიორგისთვის უნდა ჩაებარებინა.

ეს უძველესი ქართული ტაძარი, მართლაც ერთ-ერთ უძლიერეს სალოცავად ითვლება დღემდე.

12 წლისა მოვინათლე ამ ტაძარში და კარგად მახსოვს, ეზოს კუთხეში მდგარი დიდი ხის გარშემო რკინის მძიმე ჯაჭვი რომ იყო შემოვლებული და ზედ უშველებელი ბოქლომი ეკიდა. ხეზე რამდენიმე ლურსმანიც იყო მიჭედებეული და უკუღმა მიმაგრებული სანთლების ნამწვავებიც შერჩენოდა.

ნანახის შესახებ ბებიაჩემს რომ მოვუყევი, შეიცხადა, ოჰ, რა მწარედ გადაუციათ ვიღაცა ხატზე, ვინ იცის, ვინ როგორ გაამწარეს, ასეთი ნაბიჯი რომ გადადგაო. მაშინ ბევრს ვერაფერს მივხვდი, მოგვიანებით გავიაზრე, რაც მითხრა და დიდად დამაფიქრა ამ ამბავმა.

image.jpeg

ეს ისე მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში, რომ ამ ჯერზე სპეციალურად დავათვალიერე ილორის ეკლესიის ეზოში მდგარი იმ დიდი ხის ტანი, მაგრამ საბედნიეროდ ზედ ვერც წყევლის და ვერც ხატზე გადაცემის ვერანაირი ნიშანი ვერ ვიპოვე.

 image.jpeg

როგორც გავიგე, ამ ეკლესიის წინამძღვარი მამა სერგი (ჯონუა) არც დაუშვებს, ვინმემ მსგავსი საქციელი გაბედოს. ამბობენ, თავად ეგზორცისტია და ეშმების და დემონების განდევნა ეხერხება, ამიტომ გამოსალოცად მასთან ხშირად დადიანო. მამა სერგის ტურისტებისთვისაც მკაცრი წესები აქვს და ტაძრის შიგნით ფოტო და ვიდეოგადაღება სასტიკად იკრძალება. ამის შესახებ ექსკურსიამძღოლმა მანქანიდან გადმოსვლამდე გაგვაფრთხილა.

 image.jpeg

ჩუმად მაინც ვცადე ფოტოების გადაღება და მაშინათვე თავზე ერთი ახალგაზრდა კაცი დამადგა, რომელმაც კატეგორიულად მომთხოვა, ტელეფონი შემენახა. მის დასანახად ტელეფონი მართლაც ჩავიდე ჩანთაში, მაგრამ როგორც კი გატრიალდა, ისევ მოვიმარჯვე და რამდენიმე კადრის დაფიქისრება მოვასწარი. როგორც ჩანს, ესეც შეამჩნიეს და ამის შემდეგ ის ბიჭი უკვე ოფიციალურ მეურვედ დამყვებოდა, რათა ფოტოების გადაღება აღარ მეცადა.

 image.jpeg

ის იყო, წმინდა გიორგის მთავარი ხატის წინ სანთლები დავანთე, რომ ტელეფონზე დამირეკეს და ტაძრის შიგნით, რუსების გარემოცვაში, ჩემი ზარის მელოდია, ჰიტადქცეული უკრაინული სიმღერა ,,ჩერვონა კალინა,“ ხმამაღლა გაისმა. უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა მე მომაჩერდა.

ერთადერთი ის გავიფიქრე, ახლა საკურთხევლიდან მამა სერგი არ გამომივარდეს და აქედან არ მიმაბრძანოს-მეთქი (ვიცოდი, რომ იქ იყო), სხვები აინუშშიც არ ჩამიგდია, მშვიდად ვუპასუხე ტელეფონს და მალევე გავთიშე... ვიდრე ექსკურსიის დრო ამოიწურებოდა, ლოცვების წაკითხვა უნდა მომესწრო.

ვინაიდან თბილისიდან ლოცვების წიგნის წაღება დამავიწყდა, ინტერნეტში მოვიძიე, რომელიც მინდოდა, მოვიმარჯვე ტელეფონი და წმინდა გიორგის ხატთან  ტროპარების კითხვა დავიწყე. რაღაც მომენტში მივხვდი, ჩემს გვერდით მდგომი მეურვე ბიჭი ჩემი ტელეფონისკენ თვალს აპარებდა და ისე დავიკავე, კარგად რომ დაენახა, რა ენაზე დაწერილს ვკითხულობდი. მერე მეც გავხედე და მისი გაოცებული მზერის დანახვაზე, სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე...

 image.jpeg

ჩვენი ილორში ყოფნის დროს წვიმამ უფრო იმატა და ისე კოკისპირულად ასხამდა, ფოტოების გადაღება ეზოშიც ძალიან გამიჭირდა, ამიტომ სასურველი რაკურსით ვერაფერი მოვიხელთე. ილორის წმინდა გიორგის საერთო ხედი კი ავსახე კადრში, რომლის ფასადიც ისევე, როგორც ახალი ათონის მამათა მონასტერი და დრანდის ტაძარი, მთლიანად თეთრად არის გადაღებილი. ომის შემდეგ გარეგნულად მასაც არაერთი ,,რესტავრაცია“ ჩაუტარეს. უფრო მეტიც, უგუმბათო ეკლესიას მინიატურული გუმბათიც კი დააშენეს და მისი უძველესი იერ-სახის კვალი სრულად წაშალეს. სარკმლების გარშემო ახლა ტაძარს ოქროსფერი არშიები აქვს შემოვლებული. ადრე ეს არშიები წითლად შეუღებავთ, მაგრამ იმდენად უსახური გამოვიდა, ეტყობა, თავადაც არ მოეწონათ და შემდეგი ,,რესტავრაციისას“ ოქროსფრად გადაღებეს.

 image.jpeg

ტაძრის ფასადს ამახინჯებს, ასევე, კონდიციონერები, რომელიც ორივე მხარეს არის მიმაგრებული, კედლები კი ელექტროსადენებითაა გადაქსელილი.

ტაძრის იატაკიც თანამედროვე ფილებით არის მოპირკეთებული, ჭერიც შელესილია.

image.jpeg

ილორში დასრულდა ჩვენი საექსკურსიო მარშრუტი, თუმცა კი პროგრამაშიც ეწერა და ექსკურსიამძღოლმაც შემოგვთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში, დამატებითი თანხის საზღაურად, შეგვეძლო მოქვის მეათე საუკუნის ტაძარი მოგვენახულებინა. მეტი ინტერესისთვის ისიც დაამატა, რომ ის ერთ-ერთი სალოცავია აფხაზეთში, რომელიც უცვლელი სახით დგას და ჯერ ,,რესტავრაცია“ არ ჩაჰტარებია.

მიუხედავად თავსხმა წვიმისა, დიდი სურვილი მქონდა მოქვის ტაძარიც მენახა, მაგრამ ჩემს გარდა სხვა მსურველი არ აღმოჩნდა. ის კი არადა, რუსები ამ მოგზაურობით აშკარად უკმაყოფილოები დარჩნენ და ერთმანეთს ებუზღუნებოდნენ, რა ტყუილად გადავიხადეთ 1000 რუბლი (45 ლარი), მნიშვნელოვანი და საინტერესო ვერც ვერაფერი ვნახეთ და ვერც ვერაფერი გავიგეთო...

ასე, რომ მოქვის უძველესი ტაძარი გვერდზე დაგვრჩა და სოხუმიდან, თბილისის დროით (იქ მოსკოვის დრო მოქმედებს და მე ჩვენი დროით დავდიოდი) დღის 3 საათზე გასულები საღამოს 7 საათისთვის ისევ სოხუმში ვიყავით.  

 ირმა ბერიშვილი

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...