Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    146.015

ზურაბ დათუაშვილი: ჭაობი ყველას აწყობს. ჭაობი მათი არსებობისთვის გარანტირებული სივრცეა


blog-0838856001650180526.jpg

რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გაგვიჩინოს შანსი...

 

როგორც იქნა, ქართული სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა ოპოზიციის წევრებიც არიან. ამდენდღიანი მითქმა-მოთქმის, ქილიკის, ერთმანეთის კრიტიკის და წავლენ-არ წავლენ, ვინ წავა, ვინ ვის დაემდურება, ვინ ვისთან დაჯდება ან არ დაჯდებას მარჩიელობის შემდეგ, თითქოს, შვებით უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ ახლა იმის შიში გვაქვს, იქ ისე არ მოიქცნენ, უკრაინელების გასაშველებლები გახდნენ...

უკვე, რამდენი წელია, ქართველი ხალხი ვუყურებთ და ვუსმენთ, როგორ კინკლაობს ერთმანეთს დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ბანაკი, რომელთაც ლამისაა საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააყოლონ ქვეყანა. შექმნილი გლობალური კრიზისის პირობებშიც, როცა რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს და არავინ იცის, ხვალ რა მოუვა აზრად, მათ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასულიყვნენ, საკუთარ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დაეყენებინათ და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულიყვნენ.

რატომ ხდება ასე, რატომ ვერ ვცვლით ვერაფერს სასიკეთოდ, რატომ ვრჩებით ამომრჩევლები მუდამ იმედგაცრუებული, რატომ ვერასდროს იღებს საზოაგდოება იმ შედეგს, რასაც ამა თუ იმ პოლიტიკური ელიტისგან ელოდება?

Planeta.ge ამ თემაზე სასაუბროდ კანადაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ისტორიკოს ზურაბ დათუაშვილს დაუკავშირდა, რომელიც, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, ქართულ რეალობას, საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას არასდროს დაჰშორებია.

- 2012 წელს ბევრს გვჯეროდა, ახალი ხელისუფლება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლიდა და როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით მრავალ წარმატებას მივაღწევდით. სინამდვილეში რა მივიღეთ?

- 1990 წლიდან მოყოლებული საქართველოში სამჯერ გვქონდა რადიკალური ცვლილებების მომენტი და სამივე ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული. ჯერ ,,მრგვალი მაგიდა”იქცა კომუნისტების ალტერნატივად, მერე მოქალაქეთა კავშირის დაჭაობებულ მმართველობას ნაციონალური მოძრაობა ჩაენაცვლა და ბოლოს, 2012 წელს, ,,ქართულმა ოცნებამ“ კვაზიფაშიზმის პაროდიული ნაირსახეობა, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა.“

მოლოდინები ყველა ამ ცვლილების დროს არსებობდა. შედეგი თუ ისეთი არ დადგა, როგორსაც საზოგადოება ელოდა, ამისი მიზეზები სხვადასხვაა. გამსახურდიას, უბრალოდ, დრო არ მისცეს. შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ თავში ჩაიხარშა და გადაგვარდა. რაც შეეხება 2012 წლის ცვლილებებს, ჩემი აზრით, მათ ბუნებრივ განვითარებას გარედან თავსმოხვეულმა და არა - საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე პროექტმა შეუშალა ხელი, რომელსაც ახალფეხადგმული ბავშვებიც კი იცნობენ კოჰაბიტაციის სახელით.

კითხვაზე, რა მივიღეთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაზა მახსენდება, როცა ესა თუ ის მომხმარებელი კვიმატ ფოტოს გამოფენს, ხოლმე, წარწერით, ,,რა შევუკვეთე - რა ჩამომივიდა.“

ცხადია, ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ მოლოდინი უფრო მეტის გვქონდა, ვიდრე ხელთ შეგვრჩა... 1 ოქტომბრის უდავო პოზიტივად ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ლიბერალიზაცია შეიძლება ჩავთვალოთ. მედია უფრო თავისუფალია და ოპოზიციური, გამოხატვა შეუზღუდავი და უსაფრთხო (განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს სამსახურებიდან არ ერეკებიან), ბიზნესს პოლიტიკური ნიშნით აღარ ავიწროვებენ. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამის პარალელურად არის სფეროები, რაშიც პროგრესი არ იგრძნობა. ეკონომიკა მხოლოდ ქაღალდზე ვითარდება და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე არ აისახება, იზრდება ინფლაცია, კვლავინდებურად არ გვაქვს თვისუფალი სასამართლო, ჯანდაცვა მოუწყობელია, განათლების დონე - კატასტროფულად დაბალი. არანაირი პროგრესი არ იგრძნობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. პირიქით, სამხედრო ხარჯები თანდათან მცირდება, რაც ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის სერიოზული რისკების შემცველია. მიგრაციის მასშტაბი კატასტროფულად გაიზარდა. ჯანსაღი, შრომიუნარიანი ელემენტი ტოვებს ქვეყანას და მალე შეიძლება დემოგრაფიული კვლავწარმოების პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ.

- ამ ფონზე, ჯანსაღი ოპონირების და პრინციპულ საკითხებზე დავის ნაცვლად, ვხედავთ მუდმივად საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიციური ძალებისა და ხელისუფლების კინკლაობას, ან მუდმივად თავისმართლების რეჟიმში მყოფ მმართველ გუნდს. რამდენად ნორმალურია ეს ვითარება და რა გზა არსებობს კრიზისის დასაძლევად?

- რა პრეტენზიებიც არ უნდა არსებობდეს ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ქვეყნის განვითარებაზე, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, მმართველ უმრავლესობას ეკისრება. მშვენივრად მესმის, რამდენად დიდ პრობლემებს უქმნის მას ყოფილი ხელისუფლების, აწ უკვე ოპოზიციაში გადაბარგებული ნაცმოძრაობის დესტრუქციული საქმიანობა, რომელიც არც ფინანსურ პრობლემებს განიცდის და მედიარესურსიც საკმარისად გააჩნია, მაგრამ ეს არანაირად არ ხსნის და არც ამართლებს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნას. რაც უნდა სიმართლე იყოს, მეათე წელია გრძელდება ნაციონალური ბუათი მანიპულირება და ყველანი ვხედავთ, რომ მისი ეფექტურობა უკვე მინიმუმზეა დასული. მოსახლეობას მობეზრდა ერთი და იმავეს მოსმენა. სხვა პირობებში, მოქმედი ხელისუფლება უკვე გასტუმრებული იქნებოდა პენსიაზე, თუ 2016 წელს არა, 2020-ში მაინც. მთავარი ფაქტორი, რაც მას ჯერ კიდევ აძლევს ტივტივის შესაძლებლობას, უახლესი წარსულის მწარე გამოცდილებაა. პოლიტიკურად ინდიფერენტული მასა, პლუს გარანტირებული სახელისუფლებო რესურსი, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობას. ის, რომ ჩვენში პოლიტიკური გარემო დაჭაობებულია და სიახლეები არაა, ან თუა, ისევ შიდაჭაობურ გადაადგილებებთან გვაქვს საქმე, სწორედ ამით აიხსნება. ერთგვარად პარადოქსული სიტუაცია გვაქვს. პოლიტიკური ძალები ამ ჭაობის გაწმენდისთვის კი არა, თვითონ ჭაობის შიგნით უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად იბრძვიან. მათ უკმაყოფილებას და ცვლილებათა სურვილს მხოლოდ სანახევრო ხასიათი გააჩნია. ერთში (და ეს ერთი მუდმივ მოცემულობას წარმოადგენს) ისინი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სოლიდარულები არიან - ჭაობი ყველას აწყობს. ჭაობი მათი არსებობისთვის გარანტირებული სივრცეა. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, რეალური ცვლილებების გარეშე, ყავლგასული მეთოდებითა და ინსტრუმენტებით განაგრძონ ოპერირება და შეინარჩუნონ ბალანსი. ეს მათთვის ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგაა, რომელიც იცავს პოლიტიკურ ველზე ახალი, ჯანსაღი ძალების შემოსვლისგან.

სრულიად გეთანხმებით, ეს არაა ნორმალური მდგომარეობა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასე, მით უფრო გაღრმავდება კრიზისი. სიტუაციის შეცვლისთვის ყველამ უნდა იზრუნოს, მაგრამ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ. ეს მისი არა მხოლოდ კონსტიტუციური, მორალური ვალდებულებაცაა, თუმცა საამისო ნიშნებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ და საზოგადოების რადიკალური გააქტიურების გარეშე არც გამოჩნდება.

- ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტუალურ თემას, რუსეთ-უკრაინის ომს და საქართველოს რომ შევეხოთ, მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ქვეყნის პირველი პირების განცხადებების გამო, ახლა ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა. როგორ მოხდა, რომ ასეთი გლობალური კრიზისის დროს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით სწორი გზა ავირჩიეთ, მაგრამ ვერც შინ და ვერც გარეთ, სიმართლე ვერავის დავანახეთ; უფრო მეტიც, ყველა შესაძლო რესურსით ვეხმარებით ომში მყოფ უკრაინას და მოკეთეობა მაინც დასამტკიცებელი გვაქვს?

- ყურადღებით ვაკვირდებბი ჩვენი ხელისუფლების პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დავახასიათო, როგორც უკიდურესად ფრთხილი, იმდენად ფრთხილი, რომ ზოგჯერ ძნელია გაარჩიო, სიფრთხილე და წინდახედულებაა ეს თუ შიში. რაც არ უნდა დავარქვათ სახელად, პრინციპში, მიმაჩნია, რომ სტრატეგიულად სწორი პოზიციაა.

როცა საქმე რუსეთის მსგავს ქვეყანასთან გაქვს, ყველაფერს უნდა ელოდე. იქ რაიმეს მყარი გარანტიების იმედად ყოფნა და თავის დამშვიდება შეუძლებელია. დიდ ქვეყნებზე დაკვირვებაც კი საკმარისია ამ მოსაზრების მართებულობაში დასარწმუნებლად. მოცემულობა ასეთია, ბირთვული იარაღი არის ავადმყოფი, გაუწონასწორებელი ადამიანის ხელში და იგი მას იყენებს მთელი ცივილიზებული სამყაროს დასაშანტაჟებლად. ომი გრძლელდება და არცერთი საფრთხე ჯერ კაპიტალურად არაა მოხსნილი. უკრაინისადმი დამოკიდებულების თემაში მე გამოვყოფდი სამ მდგენელს, - პოლიტიკურს, ეკონომიკურს და ვერბალურს. პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. საქართველოს არ ჩაუგდია არცერთი საერთაშორისო ტრიბუნა პოზიციის დასაფიქსირებლად. გაეროში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში და სხვაგანაც, ყველგან, სადაც განიხილებოდა უკრაინის საკითხი, საქართველოდგას იქ, სადაც დგას ცივილიზებული სამყარო. დახმარების ჰუმანიტარულ ასპექტზე არაფერს ვიტყვი. ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას ისეთი ქვეყნებიც უწევენ, რომლებსაც პოლიტიკურად მხარდამჭერი განცხადებები არ გაუკეთებიათ. სხვა საქმეა ეკონომიკური ასპექტი. ბევრი არაფერი მესმის ამ საქმეში, მარამ იმდენს ნამდვილად ვხვდები, რომ მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ გაუაზრებელი ნაბიჯით შეიძლება უმძიმესი დარტყმა მიიღოს. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ სანქციებს ჩვენზე გაცილებით დიდმა და განვითარებულმა ქვეყანებმა აარიდეს თავი. თუმცა, აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. სხვა საქმეა უკვე ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირები და სულ სხვა, როცა დაწყებული ომის პირობებში ახალ კავშირებზე ფიქრობ. ალბათ, გახსოვთ, როცა რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, სანქციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქართული რძის ნაწარმზე აკრძალვა მოხსნა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, - ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვისო. ეს იყო სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი, სამარცხვინო განცხადება. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ის ბატონი მინისტრის პირადი ინიციატივა იყო? არა, ცხადია, ეს იყო მთავრობის, ვიმეორებ, სამარცხვინო პოზიცია. როცა სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყანა უთასაწორო ომშია ჩაბმული, მის მიმართ უფრო მეტი სოლიდარობაა საჭირო. მესმის, რომ ძველ ეკონომიკურ კავშირებს ვერ დაარღვევ, მაგრამ ახლებზე მაინც არ უნდა იფიქრო. ეს არაა ზნეობრივი პოზიცია.

- ყველაზე მეტი პრობლემა მაინც ჩვენი ქვეყნის პირველი პირების განცხადებებს უკავშირდება?

- დიახ, ვერბალური მდგენელის თვალსაზრისით სრული კატასტროფა გვაქვს.

შეიძლება ვინმემ გაზვიადებად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი პერსონების მიერ გაკეთებული განცხადებები და კომენტარები ერთიმეორეზე უარესია. რეიტინგის ტრადიციული ანტიგმირები პრემიერი ღარიბაშვილი და უმრავლესობის ლიდერი კობახიძე არიან, თუმცა არც სხვები ჩამორჩებიან.

რაღაც აბსურდული სიტუაცია იქმნება, - ერთი მხრივ, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა და მეორე მხრივ, - სერიოზული პოლიტიკისთვის წვრილმანი ჩხირკედელაობა.

ჩვენი ქვეყნის უმაგალითო მხარდაჭერა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, მთლიანად ,,გააპუსტიაკა” თინეიჯერულმა ბუტიაობამ და პირობების წამოყენებამ. მოტივი ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ არა მისაღები. დიახ, ნამდვილად გამაღიზიანებელი ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ძებნილი ადამიანების შეფარება და მაღალ პოსტებზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების მიერ. ასევე გამაღიზიანებელია მისი პრეზიდენტის, რადას სპიკერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და რამდენიმე დეპუტატის გამონათქვამები. აღარაფერს ვამბობ ელჩის გაწვევაზე. უბრალოდ, მოცემულ მომენტში საჭირო არაა ამ თემით პედალირება. არავისთვის სასარგებლო არაა ეს, არც უკრაინისთვის და არც საქართველოსთვის. ქვეყანა მძიმე ომშია ჩაბმული. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან. თუ ვინმეს მართებს თავშეკავება და ზომიერება, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას.

- ამ ყველაფერს ახლა უკრაინაში ჩასვლა-არჩასვლაზე გაუთავებელი დავა და კამათი, ,,ვინ წავიდეს, ვინ არ წავიდეს“დაემატა. ამაზე რას ფიქრობთ?

- ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პრემიერი ღარიბაშვილი აქამდეც უნდა ჩასულიყო კიევში სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ასევე ვფიქრობ, ხელის შეშლის ნაცვლად, ხელი უნდა შეეწყოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივებისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი ამის გამო თბილისს დაბომბავს, ესაა სრული სისულელე. რუსეთს ჩვენს მიმართ ამ ეტაპზე აგრესიული განზრახვა თუ აქვს, მიზეზიც საკმარისად მოეპოვება, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერა. როცა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას უჭერ მხარს, ამის შემდეგ სასაცილოც კია კიევში წასვლისგან თავის შეკავება. აღარაფერს ვიტყვი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკრაინაში მიწვევის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაზე. ეს სრული მარაზმია და როცა ვიფიქრე, მორჩა, ეს უკვე მწვერვალია-მეთქი, სწორედ მაშინ გავრცელდა ეგრეთწოდებული პირობათა უსტარი, კობახიძის ავტორობით. ხვალ-ზეგ რას იტყვიან და მოიმოქმედებენ, უფალმა უწყის. საერთოდ, ამ ომის დროს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებათა ბუტიაობას რომ ვაკვირდები, სულ უფრო ვრწმუნდები,რამდენად დაბალია საქართველოს ავტორიტეტი თვით მეგობრულად განწყობილი ქვეყნის თვალშიც.

კარგი იქნება, ჩვენი ხელისუფლება ამის შემდეგ მაინც თუ მაინც მიუდგება ფხიზლად მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მოხსნის ყველა გაუგებრობას. ამას ორმხრივი სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რადგან საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლის თემა დღეს, როგორც არასდროს, ისეა გადაჯაჭვული უკრაინასთან.

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მუდმივი საფრთხეების პირობებში, რამდენად მისაღებია ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ,,ალტინფოს“ იდეოლოგიის პარტიების არსებობა ქვეყანაში და რამდენად საფრთხის შემცველია მათი ვოიაჟები რუსეთის დედაქალაქში?

- ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს მისწრაფებას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ. ყოველნაირად მივესალმები ამას, მაგრამ თვალს ვერც იმ გეოპოლიტიკურ რისკებს დავუხუჭავ, რაც რუსეთის მეზობლობიდან და ექსპანსიონიზმიდან მომდინარეობს. ხომ ფაქტია, რომ მან ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობისა და დასავლეთისკენ სწრაფვის გამო დაგვსაჯა? ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონი, საერთო ფართობის 20% ოკოპირებულია. რა ვქნათ, ვიფიქროთ თუ არა ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგზე? რისი იმედი უნდა გვქონდეს აქ? მე ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. არა იმიტომ, თითქოს აქედან მეყსეულ შედეგს ველი. არა, მიზეზი სხვა რამეა. კონფლიქტოლოგიის ნებისმერი თეორია აღიარებს, რომ დაპირისპირების ყველაზე კრიტიკულ ფაზაშიც კი დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონტაქტი არ უნდა შეწყდეს. კონტაქტის შეწყვეტა უკვე ჩიხია, ან ჩიხისკენ მიმავალი გზა. ქართულ პოლიტიკას ჰაერივით სჭირდება გონივრული, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი დიალოგი რუსეთთან. თუ ისე მოხდა, რომ უკრაინასთან ომში კრემლმა სამხედრო-პოლიტიკური ფიასკო განიცადა, ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და შეიძლება შესაძლებლობათა ახალი, გაუთვალისწინებელი ფანჯარა გაიხსნას. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ქართულმა დიპლომატიამ ქვაზე დაცემული წვეთის პრინციპით უნდა იმუშაოს. ამით, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული. ვხედვთ რამე მსგავსს? ვერ ვხედავთ. ჩვენ მთავრობას სირაქლემასავით აქვს თავი სილაში ჩარგული, თითქოს რუსეთი არ არსებობს და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ გაგვაჩნია. მართალია, წინამორბედების მსგავსად საქმე ომამდე არ მიუყვანიათ, მაგრამ არც რაიმე პროგრესი შეინიშნება. რის ფასად ხდება ეს ყველაფერი - წაყრუებისა დამუნჯების ფასად, რითაც სარგებლობს აგრესორი და გოჯა-გოჯა სწევს არაოფიციალურ საზღვარს ქვეყნის სიღმეში. აი, ესაა ყველა ჯურის ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ,,ალტინფოს“ არსებობისა და გაჯეჯილების მიზეზი. პრობლემა ის კი არაა თავისთავად, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩრდილოურ ვექტორზე ფოკუსირებული ძალები არსებობენ. პრობლემა ისაა, რომ მათ მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი პოლიტიკური ვორდინგი ცალსახად კაპიტულანტურია. ისინი დაუფარავად ატარებენ პრორუსულ კურსს და საქართველოს ევრაზიულ ბუნაგში მიერეკებიან.

- რატომ უშვებს ამას სახელმწიფო, მით უმეტეს, როცა მათ მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება თვალსაჩინოა?

- თავმოყვარე ქვეყანაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ვალერი კვარაცხელიას მსგავსი კოლაბორაციონისტები სტუდიებიდან მტერი ქვეყნის სასარგებლო განცხადებებს ვერ უნდა ბედავდნენ და თუ გაბედავენ, ის ტელევიზია მეორე დღეს დახურული უნდა იყოს. რაიმე მსგავსი წარმოგიდგენიათ, მაგალითად ისრაელში, პოლონეთში, ფინეთში, ბალტიის ქვეყნებში?

ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, რუსეთთან ცივილიზებული დიალოგის მცდელობა კი არა, ველურ, მონღოლური ფესვებით ნასაზრდოებ სისტემაში უკან შეთრევის პოლიტიკაა. ამიტომ არ ვენდობი ინაშვილებს, თარხან-მოურავებს, ალტინფოელებს. მათი არსებობა საფრთხის შემცველია არა მარტო დეკლარირებული პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოებრიობისთვის.

- ეს გაურკვევლობა როდესმე ხომ უნდა დასრულდეს, რაშია გამოსავალი?

- არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. ჩვენი პოლიტიკური სისტემა იმდენად დეგრადირებულია, უახლოეს მომავალში მისი გაჯანსაღების პერსპექტივას ვერ ვხედავ ვერც ერთი მიმართულებით, მათ შორის, ვგულისხმობ ჩრდილოურ ვექტორსაც. ვინც ზედაპირზე დიდი ხანია ტივტივებს, მათი ბექგრაუნდი ცნობილია და იმდენად გაცვეთილი, რომ მოსახლეობის თვალში მინიმალური მხარდაჭერითაც ვერ სარგებლობენ. ვინც ახლა შემოდის პილიტიკაში, ჯერ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ როცა დააშავებენ, მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი. ვართ ასე სცილასა და ქარიბდას შორის და ციდან ჩამოვარდნილ შანსს ველოდებით. რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გაგვიჩინოს ასეთი შანსი და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგი ხელიდან არ გაგვისხლტეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...