თანამედროვე მეცნიერებამ ცხადად დაამტკიცა, რომ კანონს, სულერთია ნაუწყებია ის, როგორც ხმა ღვთაებისა, თუ ნაყოფია კანონმდებლის ბრძენთა ბრძენობის - არასოდეს არ გაუკეთებია კარგი რამ გარდა იმისა, რომ უკვე არსებულ სასარგებლო ჩვეულებებს აყალიბებდა უცვლელად ერთნაირ ფორმაში. მაგრამ როცა ამას სჩადიოდა იქვე შეურევდა სასარგებლო და ყველასაგან მიჩნეულ ჩვეულებებს რამოდენიმე ახალ წესს მდიდრებისა, შფოთის მოყვარულისა და შეიარღებული ადამიანების ინტერესების დასაცავად: ”არა ცილი სწამო მოყვასსა შენსაო” - და ამ შესანიშნავ დარიგებას იქვე უმატებდა: ”არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არცა მონისა მისისა, არცა ვირისა მისისა” და ამით სამუდამოდ აკანონებდა მონობას, ქალს კი ათანასწორებდა მონასთან და ტვირთმზიდავ პირუტყვთან. ”გიყვარდეს მოყვასი შენიო”, ამბობდა შემდეგ ქრისტიანობა, მაგრამ იქვე უმატებდა ბაგითა პავლე მოციქულისა: ”მონანი ემორჩილებოდნენ უფალთა თვისთა” და ”არა არს მთავრობა, თუ არა ღვთისათაო”, ამით აკანონებდა საზოგადოების ბატონებად და მონებად დაყოფას და აკურთხებდა იმ სისაძაგლეებზე უფლებას, რომლებიც რომში მეფობდნენ. პეტრე კროპოტკინი