Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებია. „ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და საჯარო განცხადებებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოვაყალიბეთ და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დავისახეთ, საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს უკავშირდებოდა და ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას – სწორად და დროულად ინფორმირებულ ხალხს და მის გადაწყვეტილებებს – შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენმა მოძრაობამ (საზოგადოებასთან ერთად) წარმატებით შეასრულა, თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული“, – აღნიშნავენ მოძრაობის დამფუძნებლები. მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებულია მუქარები და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები. „ხალხის ძალა“ შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ „უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მოწოდება ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერისგანაც მოვისმენთ, რაზეც საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია“. „ბოლო პერიოდში გააქტიურდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მუქარები, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და ქმედებები. რადგან ხალხი და ხელისუფლება ერთობლივად წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს, უკრაინის ხელისუფლებამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სანქციების სიაში შეიყვანა საქართველოს ოთხი მოქალაქე. პარალელურად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ, რომ მზად არიან, საქართველოში ხელისუფლება იარაღის ძალით შეცვალონ. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მსგავსი მოწოდება რამდენიმე კვირის წინ ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ადამ კინზინგერისგანაც მოვისმენთ, ხოლო საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია და მეტი არაფერი. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი გაერთიანდეს მშვიდობის და იმ ღირებულებების დასაცავად, რასაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რაც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მოძრაობის შემდგომი ნაბიჯი რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერება იქნებოდა და ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდიდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით (და საჭირო ინფორმაციით) აღჭურვა გვესახება. შესაბამისად, დღეს ჩვენს მოძრაობას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთიანობით და საზოგადოების ძალისხმევით გადავლახავთ ყველა სიძნელეს, რაც ჩვენი სამშობლოს წინაშე დგას და საქართველოს განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადგან ისტორიული კანონზომიერებაა, რომ სიმართლე და სამართლიანობა საბოლოოდ აუცილებლად იმარჯვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
  2. თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო. კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი. „კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის – ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ეს სჭირდება ქალაქს და ვიქნებით იქ, სადაც თბილისის განვითარება მოითხოვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
  3. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა. მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა.
  4. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები. „ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აღნიშნავს კალაძე. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, კალაძე განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა მოადგილემ განმარტება გააკეთა და გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს. „ამასთან დაკავშირებით მოგეცათ განმარტება, თუმცა გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე. მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატიმ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გავიგოთ რა მოხდა. არ მინდა ჩემი რაიმე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვახტანგიშვილს, ვახტანგიშვილის ფრაზა ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს ბევრია ხარვეზი და ბევრჯერ ხდება ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება, - აღნიშნავს კალაძე.
  5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა აკავშირებთ. როგორც მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ომს და სამშვიდობო პოლიტიკას. მისი თქმით, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენს ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი განუზომელია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში, ჩვენი მეგობრობისა და ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა არსებობს. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას ეხება. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას. ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელი არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე,ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას აცხადებს, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. მჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“,-განაცხადა პრემიერმა.
  6. გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ვეხმაურებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ სანდოობას და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ბარიერია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იუსტიციის უმაღლეს საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. კანონის საპირისპიროდ, დღეს აღნიშნული ორგანო გადაიქცეულია ხელისუფლების ხელში, ე.წ. გავლენის ჯგუფის მეშვეობით, მთლიანი სასამართლო სისტემის მართვის ინსტრუმენტად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გავლენის ჯგუფის გაძლიერება იმ ფონზე, როცა ოცნებას არ დაუწყია სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, არის ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ ღიად გამოხატული ნება, რომ ის არ აპირებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ნაბიჯის გადადგმას და შესაბამისად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ არსებობს იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატების არჩევის რისკები. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გვერდით გადადოს ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი და დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, რომლის გზა იუსტიციის საბჭოს რეფორმირებაზე გადის; დაუყოვნებლივ დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივის განხილვა საბჭოში გადაწყვეტილების ე.წ. ორმაგი 2/3-ით მიღების შესახებ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, ყველა სხვა რეკომენდაციის შესასრულებლად, რომლებიც მიზნად სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას ისახავს.
  7. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერში წერს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ე.წ. "ბინძური ბომბი" და რომ რუსეთი, შესაძლოა, თავად ემზადება მის ასაფეთქებლად. "რუსული ტყუილი იმაზე, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს 'ბინძური ბომბის' გამოყენებას, იმდენადვე აბსურდულია, რამდენადაც სახიფათო", - წერს კულება. "პირველ რიგში, უკრაინა ერთგულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა: ჩვენ 'ბინძური ბომბები' არც გვაქვს და არც ვაპირებთ მათ მოპოვებას. მეორე - რუსები ხშირად სხვებს ადანაშაულებენ ხოლმე იმაში, რის გაკეთებასაც თავად გეგმავენ". კულებამ ამ განცხადებებით უპასუხა საინფორმაციო სააგენტოების ცნობებს იმის შესახებ, რომ 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაურეკა თავდაცვის მინისტრებს სულ მცირე ოთხ სახელმწიფოში - დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. რუსეთის სამინისტროს ტელეგრამის არხზე ნათქვამია, რომ ამ საუბრებში შოიგუმ "თავის კოლეგებამდე მიიტანა შეშფოთება უკრაინის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ, 'ბინძური ბომბის' გამოყენებით". ამ სახელს უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში ხვდება რადიოაქტიური ნივთიერებები.
  8. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით გაიმართა მისი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სატელეფონო საუბარი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა უარყო ნებისმიერი საბაბი რუსეთის მხრიდან ესკალაციისთვის და დაადასტურა კომუნიკაციის მნიშვნელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის პირობებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუსა და ოსტინს შორის 23 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინაში არსებული სიტუაცია. რუსეთის ოფიციალურ შეტყობინებაში ნახსენები არ არის „ბინძური ბომბი“, განსხვავებით მანამდე გავრცელებული ცნობისგან, რომელიც ეხებოდა შოიგუს სატელეფონო საუბრებს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან. მათ შოიგუმ უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენებით შესაძლო პროვოკაციის გამო. რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აშკარა სიცრუე უწოდეს ერთობლივ, სამთავრობო განცხადებაში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. განცხადების თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრებისას სამივე ქვეყანამ მკაფიოდ თქვა, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებენ, რომ მსოფლიო კარგად დაინახავს ესკალაციის საბაბად ამ ცრუ მტკიცების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. ერთობლივ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინას თავისი ტერიტორიების დასაცავად დაეხმარონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებას აპირებს, აბსურდული და ამასთან, სახიფათოც უწოდა. კულებამ არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამის გაკეთებას თავად აპირებს. მსოფლიოს მაქსიმალურად მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გასულ ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი "სატელეფონო კარუსელს" აწყობს, უცხოელ მინისტრებს ურეკავს და "ბინძური ბომბის" შესახებ უყვება, ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი სიბინძურის წყარო რუსეთია. "ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.
  9. ალიანსის თავდაცვის ოთხ მინისტრთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი) გუშინდელი სატელეფონო საუბრით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, ცდილობს შეანელოს ან შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და შეასუსტოს ნატოს კავშირი, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი(ISW). ISW შოიგუს განცხადებებს აფასებს, როგორც რუსეთის ადრინდელი დაშინების პოლიტიკისა და საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას უკრაინის ბრძოლის ველზე მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობის ფონზე. "თებერვალში, უკრაინაში შეჭრის პირველი ეტაპებიდან, კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას, განახორციელოს შეტევა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ. აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პროვოკაციებს ამზადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში დასადანაშაულებლად. 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის წინა დღეს სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ უკრაინა ემზადება რუსეთზე ბირთვული თავდასხმისთვის",- ნათქვამია ISW-ის ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიამ ამჯერადაც აიტაცა კრემლის ეს "ყალბი და უაზრო" ინფორმაცია. რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აშკარა სიცრუე უწოდეს ერთობლივ სამთავრობო განცხადებაში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. მანამდე რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ დაიმუქრა, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ "ყველა საშუალებას" რუსეთის ფედერაციის "სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად". უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრიერიშების ფონზე იზრდება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებას აპირებს, აბსურდული და ამასთან, სახიფათოც უწოდა. კულებამ არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამის გაკეთებას თავად აპირებს. მაგრამ როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები აცხადებენ, უკრაინის წინააღმდეგ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით რუსეთი ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს. "შოიგუს განცხადება არ უნდა მოასწავებდეს უკრაინის ერთი ან რამდენიმე მსხვილი დასახლებული პუნქტისა თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელ ბირთვულ ტერაქტს იმ იმედით, რომ ეს შოკში ჩააგდებს უკრაინას და მას კაპიტულაციას, ხოლო დასავლეთს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას აიძულებს. ასეთი იერიში, დიდი ალბათობით, ვერ აიძულებს უკრაინასა და დასავლეთს შეწყვიტონ წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან უკრაინის მთავრობამ და ხალხმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი ურყევი ნება, რომ განაგრძონ ბრძოლა; ხოლო დასავლეთისათვის ასეთი საშინელი აქტის მიუხედავადაც კი, ძალიან ძნელი იქნება უბრალოდ ჩაბარება იმ პრეცედენტის გამო, რასაც ასეთი კაპიტულაცია გამოიწვევდა", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებენ, რომ მსოფლიო კარგად დაინახავს ესკალაციის საბაბად ამ ცრუ მტკიცების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. მსოფლიოს მაქსიმალურად მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გასულ ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი "სატელეფონო კარუსელს" აწყობს, უცხოელ მინისტრებს ურეკავს და "ბინძური ბომბის" შესახებ უყვება, ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი სიბინძურის წყარო რუსეთია. "ბინძური ბომბი" არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიური იზოტოპი კონტეინერისგან და ასაფეთქებელი მუხტისგან შედგება. მუხტის აფეთქების შედეგად იზოტოპიანი კონტეინერი იშლება და გახლეჩილი რადიოაქტიური ნივთიერება დარტყმის ტალღით დიდ ფართობზე იფანტება.
  10. კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში თანამშრომლობას აჩერებს“ არხის რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან. 20 ოქტომბერს, კრასოვსკიმ თავის საავტორო პროგრამაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „საზიზღრობა“ უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის „რთულად დასაჯერებელია“, რომ კრასოვკსის „გულწრფელად მიაჩნდა, რომ ბავშვები უნდა ჩაძირო“, მასთან „თანამშრომლობას აჩერებს“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მსოფლიოს იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებსაც Russia Today-ს მაუწყებლობა ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ, მოუწოდა, კრასოვსკის ინტერვიუს ეს ნაწილი ნახონ. კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ კრასოვსკის პასუხისგებაში მისცემენ გენოციდის აგრესიული წაქეზებისთვის, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიოს მიმართა, აკრძალონ Russia Today.
  11. მოსკოვის მიერ დანიშნული ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება ქალაქში დარჩენილ მამაკაცებს ადგილობრივ "სახალხო ლაშქარში" გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის უკრაინის რეგიონში დაიწყო ადგილობრივი მილიციის ფორმირება და განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილ ყველა მამაკაცს, რომელიც ამჟამად ევაკუაციის შესახებ ბრძანებ ამოქმედებას ელოდება, შეუძლია შეუერთდეს სახალხო ლაშქარს, თუ ისინი არ დატოვებენ ქალაქს. 24 ოქტომბერს ტელეგრამში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ მამაკაცებს აქვთ "შესაძლებლობა" შეუერთდნენ ქალაქ ხერსონის ტერიტორიულ თავდაცვის დანაყოფებს, თუ ისინი დარჩენას გადაწყვეტენ. რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწოდებდა რეგიონის მაცხოვრებლებს დაეტოვებინათ ხერსონი, რუსეთის მიერ გასულ თვეში უკრაინის ოთხიდან ერთ-ერთი ანექსირებული რეგიონი, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევებისა. უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან "სამთავრობო სტრუქტურებიც" და შვიდი დღით იკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება. 18 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.
  12. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს. როგორც ფერაძემ პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ამოქმედდა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავენ, ჯანდაცვის უწყებასთან კოორდინაციით, არ გამორიცხავს, რომ საქმე საგამოძიებო უწყებებს გადაეცეს. მისივე თქმით, 2021 წელს, დარღვევა 90-მდე კლინიკაში დაფიქსირდა, თუმცა, ნაწილს ეს დარღვევები უკვე გამოსწორებული აქვს. „2021 წელს ჩვენ ძირითადად კოვიდკლინიკები შევამოწმეთ. დაახლოებით, 90-მდე კლინიკაში დავადგინეთ დარღვევა, რომ არ ხდებოდა იმ ოდენობით თანხის ჩარიცხვა ექთნებზე და ექიმებზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იყო განსაზღვრული. დაახლოებით, 10-მდე კლინიკაში კვლავ რჩება მსგავსი პრობლემები, თუმცა, პროცესი დინამიკურია და ყოველდღე ვხვდებით ჩვენ, რომ რამდენიმე ათეული ათასი არის ჩარიცხული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენთან მომართვიანობა გაიზარდა. რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ უსაფრთხოებაზე, სულ 2-3 შემთხვევა იყო, მაგრამ ძირითადი მომართვიანობა უკავშირდება ექიმებისა და ექთნების მხრიდან დაგვიანებით ჩარიცხვას, საერთოდ არ ჩარიცხვას ან თანხის დაკლებას. ჩვენ თითოეულ მათგანზე გვაქვს რეაგირება. როდესაც წარმოვადგენთ მომდევნო წელს შეჯამებულ ანგარიშს, ნახავთ, რომ საკმაოდ სოლიდურია ის თანხები, რომელიც ჩვენი აქტივობით ჩაერიცხათ დასაქმებულებს. ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ავამოქმედეთ და ადმინისტრაციული წარმოება დავიწყეთ. ჯერ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვახორციელებთ ღონისძიებებს. თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა.
  13. „ოცნება" საფუძველს ამზადებს, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვექნება, მის ვერ მიღებაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის წერილს, რომლითაც მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის თაობაზე მიმართა. დაუშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი რეზოლუციაში სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯების შედეგია. "ქართული ოცნება" ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას თავად უწყობს ხელს. რეალურად "ოცნება" საფუძველს ამზადებს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ იქნება, მის ვერ მიღებაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა, ოპოზიცია და ა.შ. ანუ "ყველა დამნაშავეა გარდა ოცნებისა" - ამის გაკეთებას ცდილობენ და მათ შორის, ამას ემსახურება მთელი ეს კამპანია, რაც მიმდინარეობს. როცა რეზოლუციას ეხება საქმე, ამ რეზოლუციამ გამოაჩინა, რომ "ოცნების" სიტყვას არავითარი ფასი არ გააჩნია ჩვენი მოკავშირეების თვალში. "ოცნება" ევროკავშირს აბრალებს, რომ შეიძლება ანტიდასავლური განწყობები გაღვივდეს საზოგადოებაში, თუ ვინმე ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს საზოგადოებაში, ეს პირველ რიგში ოცნებაა. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი მოხვდა რეზოლუციაში იმ ფორმით, როგორც არის, ეს არის არა იმის დამსახურება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, არამედ "ოცნების" არადემოკრატიული და არასწორი ნაბიჯების დამსახურება,"- განაცხადა დაუშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის მოსამართლე წევრებად არჩევას და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რისკს ქმნის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. "როცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეფორმების შეფასება უნდა მოხდეს 2-3 თვეში და ამ დროს, სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ნაცვლად, კიდევ ერთხელ აბეტონებ გავლენის ჯგუფებს, ეს რისკს უქმნის იმას, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს. გირგვლიანის საქმის ერთ- ერთი შემოქმედი აქციეს სასამართლოს ხელმძღვანელად. მძიმე გადაწყვეტილებებს ნეგატიური ასახვა ექნება ქვეყანაზე,"- განაცხადა დაუშვილმა.
  14. სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციებს და ჩვენ, ქვეყანას, დეკემბერში გვექნება მარცხი, რაც პირველ რიგში იქნება ივანიშვილის და „ოცნების“ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს ინსტრუმენტს გავლენის ჯგუფის ხელში. „ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ საკუთარი მმართველობის 10 წლის თავზე სასამართლოს სისტემა მთლიანად გადააბარა იმ ადამიანებს და ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედია გირგვლიანის ტრაგედიის, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნების“ ის დანაპირები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მან საქართველოს მოსახლეობას „აუსრულა“. ეს საბჭო გახლავთ ინსტრუმენტი გავლენის ჯგუფის ხელში, რომ მართოს სასამართლოს მთლიანი სისტემა. ხელისუფლება როდესაც იმყოფება კრიტიკულ სიტუაციაში და მას შიშები აწუხებს, რომელიც შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან ბუნებრივია, ისინი იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას - არ ენდობიან ვიღაც „იქს პიროვნებას“ საბჭოში და ენდობიან მურუსიძეს, რომელიც ყოველთვის იყო მათი დავალებების შემსრულებელი და ასევე წინა ხელისუფლების დროს მათი დავალებების შემსრულებელი. წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს სისტემის და გირგვლიანის უმძიმესი "ქეისის" სახე გადაიბარა „ოცნებამ“ და ამ ადამიანს ჩააბარა სასამართლო სისტემა. ამით განპირობებულია, რომ ბუზი ვერ შეფრინდება და ყველა გზა სასამართლო სისტემაში მიდის საბჭომდე, რომელიც არის გავლენის ჯგუფის კონტროლის ქვეშ. სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციას და ჩვენ, ქვეყანას, დეკემბერში გვექნება მარცხი. ეს მარცხი პირველ რიგში იქნება ივანიშვილის პასუხისმგებლობა, „ოცნების“ პასუხისმგებლობა, მაგრამ ვერ გაექცევა ის ხალხი პასუხისმგებლობას, ვინც ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანა. ამას უნდა აცნობიერებდეს მურუსიძეც და ის ადამიანებიც, ვინც მის არჩევაში წვლილი შეიტანა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.
  15. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ ყველა იმ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტს უკავშირდება. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ასევე გავრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) და 369/1 (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ დანაშაული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა მის ქვემდებარე საქმეებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის დროს. “კანონპროექტის მიღების შედეგად სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინსტიტუციურად გაძლიერდება, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას მოემსახურება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
  16. ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების 70 პროცენტზე მეტს, რომელიც რუსეთმა ირანისგან აგვისტოში შეისყიდა. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმფრინავი 13 სექტემბერს ჩამოაგდო ქვეყნის აღმოსავლეთში და მას შემდეგ ჩამოაგდო სულ მცირე 237 ერთეული საფრენი აპარატი. კიევზე მასშტაბური შეტევის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ისრაელს საჰაერო თავდაცვის იარაღის მოთხოვნით მიმართა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა უარყო. განცის თქმით, ისრაელი უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემებს, მაგრამ არა საჰაერო თავდაცვის იარაღს.
  17. „არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადის გაგრძელებას შესთავაზებს. ნეაპოლიტანურმა კლუბმა უკვე დაიწყო ხვიჩას გარემოცვასთან ურთიერთობა, მას სურს თავი დაიცვას ევროპის წამყვანი კლუბების მცდელობისგან, რომლებიც მზად არიან „ნაპოლიში“ ზაფხულში ჩამოსული ქართველისთვის იბრძოლონ. მომავალ შეთანხმებაზე და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები უკვე საუბრობენ, რადგან ამ ფეხბურთელმა შთაბეჭდილება მოახდინა გულშემატკივრებსა და პროფესიონალებზე „ნაპოლიში“ როგორც ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში. „ნაპოლიმ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კვარაცხელიას აგენტებთან მოქმედი კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივების და ხელფასის კორექტირების შესახებ. დე ლაურენტისის განზრახვაა, გააორმაგოს მისი ამჟამინდელი მილიონი დოლარი და გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც ქართველს კლუბთან კიდევ ერთი წლით დააკავშირებს. მსგავსი: ჯუზეპე ბერგომი - „რომა“ ცდილობდა... აურელიო დე ლაურენტისმა ყველაფერი განჭვრეტა მას შემდეგ, რაც მან ქართველი თავდამსხმელის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მას აქვს გეგმა, შეაჩეროს ტოპ-კლუბების შემოტევა, რადგან „ნაპოლის“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რაც სერია A-ში და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე დიდი თამაშების შემდეგ გამოჩნდა. ქართველისთვის განსხვავებული მეტოქეები არ არიან – „მილანი“, „ლივერპული“, „ლაციო“ „რეინჯერსი“ და „აიაქსი“. ახლა ევროპის ყველა ტოპ-კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წაართვას აურელიო დე ლაურენტისის გუნდს. პორტალ Fichajes.net-ის ცნობით, ამ დროისთვის ქართველს ხუთი ევროპული გრანდი აკვირდება: „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, მადრიდის „რეალი“, „ატლეტიკო“ და პსჟ. აურელიო დე ლაურენტისი კი მოვლენების განვითარების ამ სცენარში თავიდანვე დარწმუნებული იყო“, – წერს იტალიური გამოცემა.
  18. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. „სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები. ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის წინააღმდეგ. არ ვგულისხმობ მხოლოდ პროკურატურას, ვგულისხმობ იმ კითხვებსაც, რომელიც აქვს საზოგადოებას“. ლევან ბეჟაშვილი: „სოსო თოფურიძე ათი წლის განმავლობაში არც საქართველოთი, არც პოლიტიკით, არც „ნაციონალური მოძრაობით“ დაინტერესებულა. თავის დროზე, მისი საქმიანობით საკმაოდ ბევრი ზიანი მიადგა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩვენ, დღევანდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ლიდერები ვიმკით იმ საქმიანობის შედეგებს“. ბატონ ლევანს შევახსენებ ჩემს სამსახურებრივ გამოცდილებას: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრი მიხეილ სააკაშვილი. თანამდებობა: გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი; საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სამინისტრო, მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თანამდებობა: დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, თანამდებობა: გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, უშიშროების საბჭოს მდივანი, ვანო მერაბიშვილი, თანამდებობა: საქართველოს პრეზიდენტის, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიული სამსახურის, განყოფილების უფროსი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი – ვანო მერაბიშვილი, თანამდებობა: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრი – დიმიტრი შაშკინი, თანამდებობა: შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი; განუმარტეთ საზოგადოებას, რომელ სამინისტროში, რომელ მინისტრთან მიაყენა საკმაოდ დიდი ზიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემმა საქმიანობამ?!“ საზოგადოებას შევახსენებ, რომ „თავის დროზე“, როგორც მოიხსენიებს ბატონი ლევანი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, თვითონ გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი. კონტროლის პალატის თავმჯდომარე… გამორიცხულია, ჩემი საქმიანობის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონოდა და თუ „არ ჰქონდა“, დედამიწაზე არ მეგულება ისეთი წესიერი ადამიანები, როგორიც ჩემი მინისტრები იყვნენ. ბატონ ლევანს რომ ეკითხა მათთვის ჩემი საქმიანობის შესახებ, გაერკვეოდა რეალობაში და უპასუხისმგებლო, საეჭვო, ცრუ განცხადებას საქვეყნოდ არ გააკეთებდა! დღეს, როდესაც საქართველოს საპყრობილეში დატყვევებულია პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათი წელი იძულებით გადახვეწილი ვიმყოფებით დევნილობაში. ამ დროს: მე, იოსებ თოფურიძეს, პოლიტდევნილს, პოლიტიკური ნიშნით დაუსწრებლად გასამართლებულს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს 1996 წლიდან, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად მომიწოდებენ საქართველოში დაბრუნებას და პროკურატურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას, ქექავენ ჩემს წარსულ საქმიანობას, მაბრალებენ არ ჩადენილ დანაშაულს! რას ემსახურება თქვენი, ოპოზიციური პარტიის ლიდერების, დეპუტატების აშკარად რუსული პროპაგანდა, კრემლის საამებელი უპასუხისმგებლო განცხადებები?! დეპუტატის განცხადებას არა მარტო საზოგადოება აკვირდება გამადიდებელი შუშით, არამედ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. თქვენი განცხადებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ნუ გავიწყდებათ, რომ მტერი ყველას ერთი გვყავს და გონიერება გამოიჩინეთ, როცა საქვეყნოდ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებთ. ჩემი საქმიანობის გამო, საქართველოში კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის რუსული სპეცსამსახურები დამდევენ. ჩემ წინააღმდეგ სპეციალური ჯგუფებია შექმნილი და დღეს მე თუ ცოცხალი ვარ და არ ვარ ექსტრადირებული რუსეთში, ევროპული ქვეყნის დაცვის შედეგია. ქალბატონო ანა, თქვენ, როდესაც საქვეყნოდ მადანაშაულებთ, უკმაყოფილო ბრძანდებით ჩემი საქმიანობით, საზოგადოებას გააცანით, პირადად თქვენი (არა, მიშა სააკაშვილთან ერთად) გაკეთებული სამი საქმე და თქვენს მერე მე გავაცნობ საზოგადოებას 100, 200 … კონკრეტულ, ჩემს საქმიანობას და ხალხმა განსაზღვროს, ქვეყნის აღმშენებლობაში ვის მეტი საქმე უკეთებია, მე თუ თქვენ! თანამდებობებზე ყოფნის დროს, მე კანონი ადამიანის უფლებები არ დამირღვევია, პატიოსნად ვემსახურებოდი ჩემს ხალხს და ქვეყანას. ზოგიერთებისგან განსხვავებით, თანამდებობა ბოროტად არ გამომიყენებია პირადი გამდიდრებისა და ქონების დაგროვების მიზნით! მე თქვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვერც სიტყვა-პასუხით მაჯობებთ და ვერც თქვენი „პოლიტიკით“. ვინმე თუ ფიქრობთ, რომ დაუფიქრებელ ნაბიჯებს ვდგამ, ძალიან ცდებით! ჩემი მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, პოლიტპატიმრების თავისუფლება, საქართველოს ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, რომ ხალხმა არჩევნებზე კონკურენტუნარიან პარტიებს შორის აირჩიოს საუკეთესო. ჩემი მიზანი არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა! დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაუგებრობაა, პარტიას ნიჭიერი ახალგაზრდები ტოვებენ. კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ. მე ხელთ მაქვს ისეთი სერიოზული მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები(!!!) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესახებ, რომ სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პოლიტიკური ველი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურად შეიცვლება! P.S. „გზა საქართველოს განვითარებისთვის არის რეფორმები, რეფორმები და რეფორმები, ყოველგვარი უკან დახევის გარეშე!” მიხეილ სააკაშვილი, გრანდიოზული რეფორმების გატარება, პოლიციის რეფორმა, სამხედრო რეფორმა, რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, მაფიის დამარცხება, ახალი, ძლიერი, სამართლებრივი ქვეყნის შენება, მტკიცედ, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა! ეს გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი ძირითადი საქმიანობა. ჩემი საქმიანობით, დღეს თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები იმკით იმ საქმიანობის შედეგებს, საზოგადოებას კითხვები ჩემთან კი არა, თქვენთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ექნებათ. თქვენი საქმიანობის შედეგს ხომ არ იმკის საპყრობილეში გამომწყვდეული პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ათი წელი თქვენზე იმედდაკარგული ქართველი ხალხი?! რა ხდება, სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს! ველოდები, თქვენს პასუხს. პატივისცემით, პოლიტდევნილი, პოლიციისა და სამხედრო პოლკოვნიკი იოსებ თოფურიძე“, – წერს სოსო თოფურიძე.
  19. თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, საბერძნეთისა და უკრაინის აღმოსავლელი მეზობლებისთვის საზღვრები ხელოვნურია. „საბერძნეთისა და უკრაინის აღმოსავლელი მეზობლებისთვის საზღვრები არ არსებობს, ისინი ხელოვნურია, შესაბამისად, ღიად სადავო; როგორც საბერძნეთი, ასევე უკრაინა აკონტროლებენ ტერიტორიებს, რომლებიც არ არის ჩვენი: ყირიმი, დონბასი, ეგეოსის ზღვის კუნძულები; საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ შეზღუდული სუვერენიტეტი ამ ტერიტორიებზე მათი დემილიტარიზაციის გზით. ამ რევიზიონისტული ნარატივის მიხედვით, ჩვენი ქვეყნები არღვევენ „ეთნიკური“ უმცირესობების უფლებებს. შეჭრის მუქარა, რომელიც უკრაინის შემთხვევაში, უბრალო საფრთხედ არ დარჩენილა, შერწყმულია ჰიბრიდულ ომთან ყველა ხერხის გამოყენებით, როგორიცაა მიგრაციის შეიარაღება და ენერგიის ნაკადების შეწყვეტა. პროპაგანდისტული ომი და პირადი თავდასხმები ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ასევე ამ ჰიბრიდული ომის ნაწილია“, – განაცხადა ნიკოს დენდიასმა.
  20. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს. „ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა. რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი ჩვენი სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცა რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა: „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“. ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში. ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 100 განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას. 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში. საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე – პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. საქართველოს 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით. მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე“,- აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.
  21. საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
  22. პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მაგრამ ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან. სერგეენკოს არ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქრება. „არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს. უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მათი ფუნქცნიონირებისთვის ნორმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით – რატომ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან კლანი ან არაკლანი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
  23. რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხშირად უფრო ნელია, ვიდრე ცვლილებები ფრონტზე. რინკევიჩსის თქმით, ამჟამად გაცილებით დიდი შეშფოთება იმდენად არ არის გამოწვეული ფრონტზე არსებული ვითარებით, რამდენადაც რუსეთის თავდასხმებით სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ედგარს რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ ლატვიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში და სხვა ფორმატებში მოითხოვა დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად, რათა დაეხმაროს ქვეყანას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ასევე კიევს დაეხმაროს ზამთარში.
  24. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) მოიპოვეს, მეორე ადგილზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი გავიდა, ბრინჯაოსმედალოსანი კი მირიან მაისურაძე (92კგ) გახდა.
  25. ეს არჩევნები რომ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში ვინმე მეგობარს ვთხოვდი: „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი , - ამის შესახებ თსუ-ის ახლახან არჩეულმა რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არავის მოუნდა მის გარდა თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საქმიანობა. სამუშიას განმარტებით, ის ვერ გასცემს პასუხს იმაზე შეკითხვას, თუ სხვამ რატომ არ გააკეთა განაცხადი კანდიდატურაზე. „დემოკრატია ის იქნებოდა, ვინმეს თეატრალური დადგმა დაედგა და საჩვენებლად ერთი კანდიდატის საბუთები შემოეტანა? მე როგორ გავცე სხვამ რატომ არ შემოიტანა საბუთები? ეს რომ ყოფილიყო დადგმული სპექტაკლი, რამენაირად მოვახერხებდი, რომ უნივერსიტეტში ვინმე ჩემ მეგობარს ვთხოვდი - „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი, მაგრამ არ ყოფილა ასე. მე ჩემი საბუთები შემოვიტანე და სხვამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მეტსაც ვფიქრობ, ასე საკითხის მიდგომა უკვე არის დარღვევა დემოკრატიული ფასეულობისა, რადგან ყველას აქვს თავისი ნება. ადამიანს დააძალო, არიქა, დემოკრატიულობა ითამაშეთ და საბუთები შეიტანეთ, არ არ არის სამართლიანი“, - განაცხადა სამუშიამ. როგორც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ის აქტიური პოლიტიკიდან 6 წლის წინ წავიდა და ამ ხნის განმავლობაში მას ერთი პოლიტიკური განცხადებაც არ გაუკეთებია. „6 წელია, რაც პოლიტიკიდან წამოსული ვარ და ვერ ნახავთ ჩემ ვერცერთ პოლიტიკურ განცხადებას. ყველას აქვს პოლიტიკური გემოვნება და ეს არ ნიშნავს, რომ ხარ აქტიური პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული. 6 წლის წინ ვთქვი, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, წავედი მეცნიერებაში ვხელმძღვანელობდი რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო. უნივერსიტეტი არ არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და იყოს დომინანტი. ეს არის სასწავლო სივრცე და აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას მინდა ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ იმისგან, რომ უნივერსიტეტებში პოლიტიზირება მოახდინონ. უნივერსიტეტები არის ის დაწესებულებები, სადაც სტუდენტები, ჩვენი მომავალი თაობა იღებს განათლებას. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ის, რომ ვინმემ აუდიტორია გამოიყენოს საშუალებად იმისა, რომ იქ თავისი პოლიტიკური ფილოსოფია გაავრცელოს, მე არ მიმაჩნია სამართლიანად“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მან ასევე ისაუბრა ე.წ. „ოდეერის“ შესახებ, რომლის არსებობაზეც საუნივერსიტეტო სივრცეში წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი საუბრობდა. „ოდეერი“ იყო საბჭოთა პერიოდში. მათ ჩემთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ და არანაირი მსგავსი თემა ჩემთან მიმართებით არ ყოფილა და არც იქნება. ვის დროსაც იყო არ ვიცი, ახლა კი გიდასტურებთ, თუ გინდათ ხატზე დავიფიცები, რომ მსგავს საკითხს, ინსტიტუციას და ადამიანს არ ვიცნობ, თუმცა ჩემი სტუდენტობის პერიოდში ვიღაცებზე ამბობდნენ ამას“, - განაცხადა სამუშიამ.
×
×
  • შექმენი...