-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დაყადაღებული რუსული საგარეო აქტივები უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება. „დღეს ჩვენ ვაპირებთ უკრაინაზე ფოკუსირებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ [გაყინული] აქტივების გამოყენებაზე, რაც გვაქვს – რუსული [გაყინული] აქტივები. ჩვენ გვაქვს 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული აქტივები და უნდა განვიხილოთ, როგორ შეიძლება მისი უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ტრიბუნალის შექმნის საკითხი უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულების ჩამდენი პირების დასასჯელად. „მეორე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ სამართლებრივი პასუხი აგრესიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია და ის, თუ როგორ შევქმნათ ცალკე ტრიბუნალი, მათ დასასჯელად“, - განაცხადა კალასმა. ამასთან, ესტონეთის პრემიერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს. "კაშხლის დანაღმვა ნამდვილი ტერორიზმია. თუ ტერორიზმის განმარტებას გადახედავთ, ეს არის ის, რომ შეგვეშინდეს, ეს არის ის, რომ თავი შევიკავოთ იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც სხვა შემთხვევაში მივიღებდით. საშინელებაა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია 2022 წელს“, - აღნიშნა კალასმა.
-
იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა გაავრცელა აუდიო მასალა, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აუდიო ჩანაწერში ბერლუსკონი აცხადებს, რომ პუტინმა გასულ თვეში, დაბადების დღეზე მას 20 ბოთლი არაყი და "ძალიან ტკბილი წერილი" გაუგზავნა. CNN-ის ინფორმაციით, ბერლუსკონის ოფისში ტელეკომპანიას კლიპების ავთენტურობა დაუდასტურეს. CNN იუწყება, რომ ჩანაწერი, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზში ბერლუსკონის პარტიის, Forza Italia-ს შეხვედრის დროს, ფარულად გააკეთეს. „მე მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო (იტალიური ცქრიალა ღვინო) და თანაბრად ტკბილი წერილი გავუგზავნე“, - აცხადებს ბერლუსკონი აუდიო ჩანაწერში. ის ასევე ამბობს, რომ მან „აღადგინა ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან“ და რუსეთის ლიდერმა მას უწოდა „პირველი მისი ხუთი ნამდვილი მეგობრიდან“.
-
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან დოლიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ. როგორც ლევან დოლიძე საკუთარ ფეისბუქ სტატუსში აღნიშნავს, ეს არც მეგობრულია და არც რაციონალური იმ საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვთ. "უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პოლოტიკოსების მოსაზრებები ან ინტერესები. არავის აქვს უფლება ეს დააზიანოს." - წერს ლევან დოლიძე
-
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სანქციებს წინაპირობები ჰქონდა - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმები. „სასიხარულო ამაში არაფერია - როდესაც ომში მყოფი ქვეყანა შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება. ამას წინაპირობები ჰქონდა - გვახსოვს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთაშორისო პარტნიორებმა და უკრაინამაც კარგად იცის, ვინ მართავს ხელისუფლებას, ვსაუბრობ ივანიშვილზე. სასიხარულო არაფერია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოქალაქეს, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო თვეებში ისედაც დააზიანა და ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზე. რაც შეეხება ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ახასიათებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს უტოლებდა. „ქართული ოცნების“ მესიჯებიც ასეთი იყო, რომ მათთვის სახელმწიფო უდრის ბიძინა ივანიშვილს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.
-
კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები. „ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერელი ტანჯვის, მსხვერპლისა და განადგურების შესახებ. დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის თხოვნა, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითი სისტემები და ტექნოლოგიები“, – წერს დმიტრო კულება. -
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა. აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა. ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირება უკანონოა. ასევე ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპული ეკონომიკური ზონის მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ რუსეთის მიერ აღნიშნულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. ინიციატივის შესაბამისად, კომისია კონსულტაციას გამართავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგენს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სიას, რომელიც მომავალში არ უნდა აღიარონ. ევროპარლამენტის წევრებმა ასევე განიხილეს საბჭოს ინიციატივაში შესატანი ცვლილებები. როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, დეპუტატებს სურთ ხაზი გაუსვან, რომ ყველას აქვს უფლება გაექცეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ევროკავშირში ჰუმანიტარული საფუძვლით შევიდეს. ევროპარლამენტის პოზიცია ასევე აძლევს ევროკომისიას უფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების სიაში დაამატოს ან ახალი რეგიონები.
-
ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს. „ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა. კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა „ტორების“ პარტიის ლიდერობის რბოლის ფინალურ ეტაპზე „ძალიან სერიოზულად“ უნდა იქნას მიღებული. ვებგვერდ „ქონსერვატივ ჰოუმის“ დამფუძნებელი ტიმ მონტგომერი ამბობს, რომ ბორის ჯონსონს არა მხოლოდ 100 დეპუტატის, არამედ 140-მდე კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია. კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვიან, სულ მცირე 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.
-
ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, ხელახლა კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების გრანდიოზული პრობლემაა. წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ თმას ისინი, რომელბიც დღეს საქართველოში პატრიოტულად არიან განწყობილი სპეცსამსახურებში, მთავრობაში, როგორ უნდა გადაწყდეს ეს დიდი პრობლემა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში… მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ როგორღაც წესრიგში იქნება მოსაყვანი“, – განაცხადა არესტოვიჩმა. მისივე თქმით, არსებითად მთელი ახალი მსოფლიო წესრიგი აშენდება იმაზე, რომ უკრაინა არ შედრკა 2022 წლის თებერვალში და მომდევნო თვეებში.
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად 32 კანდიდატია წარდგენილი. ხუთივე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით უნდა აირჩიონ. კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: 1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი); წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი. წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი"; ა(ა)იპ "იურისტთა ასოციაცია". 3. რუსუდან კვინიკაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი. წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები"; ა(ა)იპ "საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი". 4. კარლო ბზიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 5. ხათუნა ლორია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. 6. ალექსანდრე კურცხალია - სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "სამართლის რწმენა". 7. ტრისტან ბენაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია". 8. ლია მუხაშავრია - სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები". 9. კახა წიქარიშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. 10. გია ლილუაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. 11. ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი. წარმდგენი: ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. 12. ზურაბ აზნაურაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. წარმდგენი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ "იურისტთა ასოციაცია". 13. იოსებ ვარძელაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. 14. ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. 15. თამარ მახარობლიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. 16. როინ მიგრიაული - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. წარმდგენი: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია". 17. გიორგი ტურაზაშვილი - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. წარმდგენი: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია". 18. სოფიო სოხაძე - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. წარმდგენი: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია". 19. მანუჩარი კოკოჩაშვილი - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. წარმდგენი: ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების საზოგადოება"; ა(ა)იპ "თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია". 20. ზურაბ გურასპაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. წარმდგენი: ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების საზოგადოება", ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი. 21. ლევან ნემსაძე - სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი: ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების საზოგადოება"; ა(ა)იპ "თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია". 22. გრიგოლ გაგნიძე - ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე; ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. წარმდგენი: "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია". 23. ავთანდილ კახნიაშვილი - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წარმდგენი: "საქართველოს იურისტთა გილდია". 24. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი. წარმდგენი: ა(ა)იპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის". 25. ზაზა ბუაჩიძე - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. წარმდგენი: "გამჭვირვალობა საქართველოს" ცენტრი. 26. ნინო ნიშნიანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი. წარმდგენი: ა(ა)იპ "საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობის კავშირი". 27. დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. წარმდგენი: ა(ა)იპ "უფლებები საქართველო". 28. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარე. წარმდგენი: ა(ა)იპ "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია". 29. სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ("ღია სივრცე კავკასია"); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. წარმდგენი: ა(ა)იპ "სოციალური სამართლიანობის ცენტრი". 30. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე. წარმდგენი: ა(ა)იპ "სოციალური სამართლიანობის ცენტრი". 31. გიორგი გზობავა - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი". წარმდგენი: ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები"; ა(ა)იპ "თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია". 32. ვიქტორ ახალბედაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი: ა(ა)იპ "უფლებათა დაცვის ცენტრი". 2017 წლის 21 ივნისს პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს: ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ნაზი ჯანეზაშვილს და ზაზა ხარებავას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში ამოეწურათ.
-
"შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს" - ომბუდსმენი საკონსტიტუციოს მიმართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს წარდგენილი სარჩელები, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს. ეს საქმეებია: გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვა; 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად; 2021 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებითაც მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადის გაზრდა და საქმიდან ჩამოცილებაა შესაძლებელი. "სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელთა გამოსწორებაც, ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც ვეღარ მოხდება", - წერს სახალხო დამცველი. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს იწურება. -
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვსკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვსკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას. გარდა ამისა, მისი თქმით, კაშხლის აფეთქების შემთხვევაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი სისტემა წყლის გარეშე დარჩება. უკრაინის პრეზიდენტმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, იქ უკრაინელი პერსონალის დაბრუნება და აგრეგატებისა და კაშხლების დაუყოვნებელი განაღმვის უზრუნველყოფა მოითხოვა. კახოვსკის ჰესის კაშხალი არის მდინარე დნეპრზე არსებული სამიდან ერთ-ერთი გადასასვლელი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) ბოლოდროინდელ ანალიზში აღნიშნა, რომ რუსეთმა, ხერსონის რეგიონიდან უკან დახევისას, შეიძლება დააზიანოს კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინას. ეს, ანგარიშის ავტორების აზრით, რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებებითაც დასტურდება.
-
თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა. უწყებამ საქმესთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებაც გაავრცელა.
-
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან და ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. გლურჯიძე გუშინ, 19 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუაეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება წაუყენეს. ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გლურჯიძის გათავისუფლების მოთხოვნით, გააქტიურა ცხელი ხაზი და საქმის კურსში ჩააყენა ჟენევის თანათავმჯდომარეები. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით", - წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. ერთი მათგანი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეა. -
ჩეხეთის სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ფრანჩეტის, რომელიც უკრაინის თხოვნით 2021 წლის სექტემბერში, პრაღაში დააკავეს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არ არსებობდა რუსეთის მოქალაქის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა და მას პროკურატურა გაასაჩივრებს. რუსეთის საელჩოს პრესმდივნის ნიკოლაი ბარიაკინის თქმით, ფრანჩეტი თავისუფლებაზე უნდა დაელოდოს საქმის შემდგომ განვითარებას, თუმცა მას ჯერ არ დაუტოვებია საპატიმროს შენობა. ფრანჩეტი აქტიური მონაწილე იყო ყირიმში 2014 წელს განვითარებული პროცესებისა. რუსეთის მიერ რეგიონის სამხედრო ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მან შექმნა გასამხედროებული დაჯგუფება სახელად "ჩრდილოეთის ქარი", რომელმაც წვლილი შეიტანა ელექტროგადამცემი ხაზების და გაზსადენების ხელში ჩაგდებაში. YouTube-ზე განთავსებულ ინტერვიუში ფრანჩეტი ამბობდა, რომ მოქმედებდა ყირიმის პორტ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო შტაბთან კოორდინაციით. ჩეხეთის მედიის თანახმად, ფრანჩეტი 2000 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა პრაღაში და მწვრთნელად მუშაობდა ერთ-ერთ ფიტნესკლუბში. ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე 2021 წლის სექტემბერში დააკავეს. მიმდინარე წლის თებერვალში პრაღის სასამართლომ გადაწყვიტა ალექსანდრე ფრანჩეტის ექსტრადიცია უკრაინაში, სადაც ის ეჭვმიტანილია ყირიმის ანექსიის დროს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობაში. უკრაინაში მას რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
-
ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს. „ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება აშანტაჟებს ქვეყანას ფაქტობრივად სანქციებით, ანუ მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით, ამას რა რიტორიკა უძღვოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან მეორე ფრონტი. ანუ, რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით, რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია. მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არც ერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით ეიძულებინათ ის, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში, ახლა პირდაპირი, ღია მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა, ის გამოიტანეს უკვე კულისებს გარეთ. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩართვას ვერ აიძულებენ. „უშიშროების საბჭოსაც ზელენსკი ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე, როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანებაც მის მიერ იყოს გამოცემული, რა თქმა უნდა, ეს ასეა. უშიშროების საბჭოს მდივანიც პირდაპირ ექვემდებარება ვერტიკალს. უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომის გაჩაღებისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლა ნაცვლად მოწოდებისა, გამოდის უკვე შანტაჟით, მარტივი ლოგიკაა, ვერავითარი შანტაჟით ისინი საქართველოში მეორე ფრონტს ვერ გახსნიან. არ ვიცი, უკრაინელები რას იზამენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერავინ ჩართავს ომში და ვერავინ აიძულებს, გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი“, – განაცხადა კობახიძემ. ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება სანქციებთან დაკავშირებით არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი. „ძალიან მარტივი ლოგიკაა, ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი, ეს არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი. როდესაც ადამიანს სჯი, მის მიმართ ბერკეტი აღარ გაქვს, მათ სჭირდებათ ბერკეტი, რომ საქართველო ჩართონ ომში, ამისთვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი და სწორედ ამ ლოგიკით მოხდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა, რომ მიზანი არის არა დასჯა. იციან, რომ ეს სრული აბსურდი იქნება, არამედ მიზანია შანტაჟი. რასაც ისინი საჯაროდ ითხოვენ, ეს არის მეორე ფრონტი, პირდაპირ დანილოვი ამას ამბობდა. რასაც ითხოვენ და რისთვისაც განახორციელეს ეს შანტაჟი, ამას ვერ მიაღწევენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ვერავითარი შანტაჟის ქვეშ ისინი მას ვერ აიძულებენ, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ჩართოს მეორე ფრონტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
-
კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ შეტყობინება ნავალნის სახელით გამოქვეყნდა მის სოციალურ მედიაში. სავარაუდოდ, საქმე აღიძრა ბრალდებით, თითქოს ნავალნი "პროპაგანდას უწევდა ტერორიზმს, საჯაროდ მოუწოდებდა ექსტრემიზმისკენ, აფინანსებდა ექსტრემისტულ საქმიანობას და ახდენდა ნაციზმის რეაბილიტირებას." გამოძიება ექსტრემისტულად მიიჩნევს ნავალნის თანამოაზრეების მიერ მართულ იუტუბის არხ "პოპულარულ პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ მასალებს. "რამდენადაც დადგენილებიდან მივხვდი, ჩემი ბრალი ნაციზმის პროპაგანდაში მდგომარეობს იმაში, რომ ვოლკოვმა "პოპულარული პოლიტიკის" ეთერში თქვა, რომ "პოლკოვნიკი შტაუფენბერგი მართალი იყო, ჰიტლერის მოკვლა რომ სცადა, ის უნდა მოეკლათო." რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და პუტინის აზრით, ჰიტლერი კანონიერი ხელისუფლებაა, მისი აფეთქება კი - ექსტრემიზმი", - წერს ინსტაგრამში ალექსეი ნავალნი. ახალი ბრალდების ფონია რუსეთის საერთო იურისდიქციის საკასაციო სასამართლოს 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილ იქნა ალექსეი ნავალნის საჩივარი მის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. ნავალნის განაჩენი მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ გამოუტანა 22 მარტს პოკროვის კოლონიაში გასვლით სხდომაზე. ოპოზიციონერი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში თავისი კორუფციასთან ბრძოლის ფონდისთვის შეწირულებებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის. ის და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ საქმე პოლიტიკური ხასიათისაა. ნავალნი პოლიტპატიმრადაა მიჩნეული უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ მიერ, სინდისის პატიმრად - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ. მისი გათავისუფლება მოითხოვეს მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა.
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშია განაცხადა. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას და ყველა იმ პრობლემაზე მათი აზრის მოსმენას, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ. „პირადად ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი უნივერსიტეტელისთვის, რომელსაც ამ კედლებთან აქვს დაახლოებით 35 წლის კავშირი, ჩემთვის უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია და დგას სამ მთავარ ფასეულობაზე. ეს არის თვითონ უნივერსიტეტის ტრადიცია, მისი ფასეულობები და მისი ავტორიტეტი, ეს არის ჩვენი პროფესურა და ძვირფასი სტუდენტობა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავაძლიერო და ხელი შევუწყო, რომ უნივერსიტეტის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ პროფესურის უფრო მეტად განვითარებას და მათი პირობების გაუმჯობესებას. მინდა, აღვნიშნო ჩვენი ძვირფასი სტუდენტებისთვის იმ გარემო პირობების და სასწავლო პროცესის შექმნას, რომელიც მათთვის შექმნის ლამაზ, დაუვიწყარ სტუდენტობის წლებს. ჩემთვის მთავარი არ არის რაიმე ადმინისტრაციული თანამდებობა. მიკავია ძალიან საპატიო პოზიცია, ვარ სრული პროფესორი და ეს ჩემთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება, ვიქნები თუ არა რექტორი, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება ეს პერიოდი. ჩემთვის არ არსებობს განსხვავება სტუდენტებში. ჩემთვის არსებობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა. ყველას შევხვდები, მათ აქვთ კრიტიკული აზრი, არ აქვთ კრიტიკული აზრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ისინი არიან ამ კედლებში და ისინი არიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობა. ყველასთვის კარი იქნება ღია. ყველა პრობლემას მათთან ერთად განვიხილავთ, ასევე პროფესურასთან ერთად. არ არსებობს არც ერთი დახურული კითხვა, თუ პრობლემა, ყველაფერს გამოვიტანთ სააშკარაოზე, ვიმსჯელებთ და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს უნივერსიტეტი არის სტუდენტების, პროფესურის, ეს არის ჩვენი დედა უნივერსიტეტი და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა სამუშიამ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.
-
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმას და დეიდაშვილს სანქციები დაუწესა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. სანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი; ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე. სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ: ქონების უფლება; სავაჭრო ოპერაციები; რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი; უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა; ლიცენზიებისა და სხვა ნებართვებით სარგებლობა. განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება. მასალა განახლებულია: თავდაპირველ ვერსიაში ქეთევან ხარაიძეზე მითითებული იყო, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ცოლი. -
ღარიბაშვილმა მსოფლიო ვარსკვლავების მომავალი კონცერტების დასაგეგმად შეხვედრა გამართა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გასამართ კონცერტებზე, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. "პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება... შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება", - წერია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის კანცელარიაში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და "ბლექ სი არენას" დირექტორი ტატო ხარჩილავა. -
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკამ ქვეყანაში ეკონომიკური რყევები და მისი ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია. მანამდე ლიზ ტრასმა, რომელმაც 6 სექტემბერს დაიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ეკონომიკის სფეროში თავისი შეცდომები აღიარა და სინანული გამოხატა. "მე ვეღარ განვახორციელებ ჩემთვის მინდობილ მანდატს. მეფეს ჩემი გადადგომის განზრახვის შესახებ უკვე შევატყობინე", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ლიზ ტრასმა. მას მერე, რაც ტრასის მთავრობის მიერ ვალების დასაფინანსებლად გადასახადების სფეროში შემუშავებულმა გეგმებმა დიდი რყევები გამოიწვია საფინანსო ბაზრებზე, თანამდებობიდან გაუშვეს ფინანსთა მინისტრი კვაზი კვარტენგი, რომლის მემკვიდრემ, ჯერემი ჰანტმა მისი თითქმის ყველა გეგმა გააუქმა.
-
ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა! ყოველწლიურად ამერიკაში სრული დაფინანსებით სწავლისათვის ამ პროგრამაში მოსახვედრად 22 ქვეყნის 35000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს. წელს საქართველოს ლიზასთან ერთად 69 მოსწავლე წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიამაყით აღნიშნავს ლიზას მოხალისეობრივ საქმიანობას. ის ეხმარება ცხოველთა თავშესაფარს, ბავშვებს ქართულ ხელოვნებას ასწავლის და საქართველოს შესახებ მასპინძელ ქალაქში მოხსენებებს ატარებს. გილოცავთ, ლიზა! Georgian student Liza Sadaterashvili was named FLEX Student of the Month! Annually, through this highly competitive exchange program with 35,000 applicants, high school students from 22 countries are participating in fully-funded study in the U.S. This year, 69 students are representing Georgia. The U.S. State Department is proud to recognize Liza's volunteer activity. She helps the animal shelter, teaches Georgian art to children, and delivers presentations about Georgia in her community. Congratulations , Liza! -
რუსეთმა სირიიდან უკრაინაში გადაისროლა S–300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ამის შესახებ New York Times-ი ახლო აღმოსავლეთის საქმეებში გაცნობიერებულ სამი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინაში რუსული ჯარები S-300 კომპლექსებს, მათ შორის მიწისზედა სამიზნეებზე დარტყმებისთვის იყენებენ. კერძოდ, ეს მოხდა 10 ოქტომბრიდან რუსეთის მიერ დაწყებული მასიური სარაკეტო დარტყმების პირველ დღეებში. როგორც გაზეთი აღნიშნავს, სარაკეტო სისტემა S-300-ის და რუსეთის ჯარების ნაწილის გაყვანამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ისრაელის ქმედებებზე. წყაროები მიიჩნევენ, რომ მისი უარი უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდებაზე, განპირობებულია იმის შიშით, რომ რუსებს სირიაში ისრაელის თვითმფრინავების წინააღმდეგ S-300 კომპლექსის გამოყენება შეუძლიათ. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეაფერხოს ისრაელის მოქალაქეების გამგზავრების პროცესი. რუსეთისა და ისრაელის სამხედრო შტაბებს შორის არსებობს დახურული კომუნიკაცია, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდა, რაც სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2018 წელს ჩამოაგდეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც შეცდომით ისრაელისად მიიჩნიეს. გაზეთის წყაროების თანახმად, ისრაელის სამხედრო სარდლობას არ სურს, რომ რუსეთის ჯარებთან კოორდინაცია შეწყდეს.
-
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი შიშობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარჩულით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახალ კაპიტულაციას ამზადებს და ქვეყანას ახალი ომის საფრთხის წინაშე დააყენებს. "მეზობელ მტრულ სახელმწიფოებს არ სურთ მშვიდობა, მათ სურთ სომხეთის განადგურება, სურთ, რომ არცახი [მთიანი ყარაბაღი-რედ] აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ხელმოცარულია და ქვეყანა ამ სიტუაციამდე მოიყვანა, უნდა გადადგეს. უნდა მივაღწიოთ გარდატეხას როგორც თავდაცვის სფეროში, ისე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში", - აღნიშნა იშხან საღათელიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში. ამ განცხადების ფონია ევროკავშირის შუამავლობით პრაღაში ოქტომბრის დასაწყისში გამართული ოთხმხრივი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, წლის ბოლომდე გააფორმონ. სომხეთის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ნიკოლ ფაშინიანს არ აქვს ხალხის მანდატი, რათა ქვეყანა ახალ კაპიტულაციამდე მიიყვანოს. განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს. მისი მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ძალადაკარგული და არალეგიტიმური იქნება", - განაცხადა იშხან საღათელიანმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შესახებ ალიევმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა პრაღაში, სადაც 6 ოქტომბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა. პრაღაში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თუმცა, სომხეთის პრეზიდენტმა ისე დატოვა პრაღა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.
-
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს გააძლიერებს. „უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აუცილებლად გააძლიერებს ალიანსს“, - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 66 650 რუსი ჯარისკაცი, 2 567 ტანკი, 5 255 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 646 საარტილერიო სისტემა, 269 თვითმფრინავი, 243 ვერტმფრენი და მოწინააღმდეგის კუთვნილი სხვა აღჭურვილობა გაანადგურეს.