Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციებს და დეკემბერში გვექნება მარცხი, რაც პირველ რიგში იქნება ივანიშვილის და „ოცნების“ პასუხისმგებლობა


სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციებს და ჩვენ, ქვეყანას, დეკემბერში გვექნება მარცხი, რაც პირველ რიგში იქნება ივანიშვილის და „ოცნების“ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს ინსტრუმენტს გავლენის ჯგუფის ხელში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ საკუთარი მმართველობის 10 წლის თავზე სასამართლოს სისტემა მთლიანად გადააბარა იმ ადამიანებს და ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედია გირგვლიანის ტრაგედიის, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნების“ ის დანაპირები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მან საქართველოს მოსახლეობას „აუსრულა“. ეს საბჭო გახლავთ ინსტრუმენტი გავლენის ჯგუფის ხელში, რომ მართოს სასამართლოს მთლიანი სისტემა.

ხელისუფლება როდესაც იმყოფება კრიტიკულ სიტუაციაში და მას შიშები აწუხებს, რომელიც შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან ბუნებრივია, ისინი იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას - არ ენდობიან ვიღაც „იქს პიროვნებას“ საბჭოში და ენდობიან მურუსიძეს, რომელიც ყოველთვის იყო მათი დავალებების შემსრულებელი და ასევე წინა ხელისუფლების დროს მათი დავალებების შემსრულებელი. წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს სისტემის და გირგვლიანის უმძიმესი "ქეისის" სახე გადაიბარა „ოცნებამ“ და ამ ადამიანს ჩააბარა სასამართლო სისტემა. ამით განპირობებულია, რომ ბუზი ვერ შეფრინდება და ყველა გზა სასამართლო სისტემაში მიდის საბჭომდე, რომელიც არის გავლენის ჯგუფის კონტროლის ქვეშ.

სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციას და ჩვენ, ქვეყანას, დეკემბერში გვექნება მარცხი. ეს მარცხი პირველ რიგში იქნება ივანიშვილის პასუხისმგებლობა, „ოცნების“ პასუხისმგებლობა, მაგრამ ვერ გაექცევა ის ხალხი პასუხისმგებლობას, ვინც ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანა. ამას უნდა აცნობიერებდეს მურუსიძეც და ის ადამიანებიც, ვინც მის არჩევაში წვლილი შეიტანა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...