Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაძე შენობა ჩამოინგრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეხანძრე-მაშველები კვლავ რჩებიან ადგილზე. ამასთან, ხარფუხის ქუჩაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.
  2. რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში განადგურებულია 278 რუსული თვითმფრინავი, ავღანეთში კი განადგურებული იყო 118 საბჭოთა თვითმფრინავი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციისთვის სამარცხვინოა და მის კრახს გამოიწვევს. იპნ
  3. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების განცხადება. ყველაფერი რასაც აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აკეთებს, მიმართულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მიმართ ნათელი არჩევანის მხარდასაჭერად. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის ამ მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, მისცა ქართველ ხალხს პირობა საპარლამენტო არჩევნებში, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის და რისკის ქვეშ აყენებს ამას, შეშფოთებას იწვევს. აშშ-ში ვიცავთ ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი და აძლიერებს და მდგრადს ხდის მას. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი აცხადებს, რომ მას სურს ძლიერი დემოკრატია, მას სურს ევროატლანტიკური მომავალი და აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. ეს არის ის, რასაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ და ეს არის ის, რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ. ჩვენ ნამდვილად გვწამს საქართველოს წარმატების და გვსურს, ვიხილოთ ეს ქვეყანა სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  4. პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში. მათი განმარტებით, "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები. "ინიციატივა წარდგენილია: ყვარელში ახმეტაში რუსთავში წალკაში თეთრიწყაროში დუშეთში ახალციხეში ბორჯომში ქუთაისში ზესტაფონში ბაღდათში ხონში ტყიბულში ონში ცაგერში ლენტეხში წალენჯიხაში ფოთში ჩოხატაურში ლანჩხუთში ბათუმში ხულოში ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
  5. გვარამიას პროცესზე - რომ ვთქვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამიკვირდათქო, მოვიტყუები და მიზეზებს აღარ დავასახელებ. რა დღეშია მართლმსაჯულების სისტემა ამაზე არაერთხელ მისაუბრია, - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვის რა დამოუკიდებულება აქვს გვარამიას მიმართ, ნათელია, რომ ეს საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის მიმართ არსებული კითხვების გამო. როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, სულ რომ სავსე იყოს საქმე მტკიცებულებებით, ოცნებამ ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება, პირადი ინტერესით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებას და შესაბამისად, ევროინტეგრაციის პროცესს. "როცა ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია მედიამენეჯერის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მაღალ სტანდარტის უზრუნველყოფას ეხება და ოცნება მის მიმართ მართლმსაჯულების პროცესში ამდენ კითხვას აჩენს, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომელიც უკვე მერამდენედ საკუთარ ინტერესებს აყოლებს ქვეყნის ინტერესებს.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  6. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას, სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. „სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომელიც ამართლებდა სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვას. კერძოდ, მას არ სურდა საკუთარი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო და საქმის მასალებში არსებული სხვა პირადი ინფორმაცია არ იყო ისეთი, რომ სასამართლო პროცესის სრული დახურვის გარანტია გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, არავის პირადი ცხოვრების დეტალები არ იყო განხილული სასამართლო მოსმენებზე და არ იყო წარმოდგენილი გადაწყვეტილებებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, არ დაკმაყოფილდა მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, არამატერიალური ზიანისთვის კი მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 9 418 ლარი. „მომჩივანმა მოითხოვა 376 304 ლარი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად შემოსავლის დაკარგვისთვის და 150 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლო არ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევებსა და სავარაუდო მატერიალურ ზარალს შორის; ამიტომ ის უარყოფს ამ მოთხოვნას. რაც შეეხება მორალურ ზიანს, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 6360 ლარი სასამართლოს წინაშე მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარი დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის. მან წარადგინა კონტრაქტი თავის ადვოკატთან და ყველა მოთხოვნილი ხარჯებისა და დანახარჯების გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს 9 418 ლარის დაფარვას, პლუს ნებისმიერი გადასახადის, რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებელს“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ინფორმაციისთვის, სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ „საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“. იპნ
  7. „საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა. მათივე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით ფასები 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც. „წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. რაც შეეხება მიმდინარე თვის მონაცემებს, „საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. მათივე მონაცემების თანახმად, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2 პროცენტით შემცირდა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი,ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.9 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.8 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.1 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო. როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტად, ახალგაზრდების ხელშეწყობა რჩება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. ამ მიმართულებით გვაქვს სხვადასხვა პროგრამა და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ორმაგად სასიხარულოა, რომ სტიპენდიანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ“ , - აღნიშნა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ. მათივე ცნობით, 2021-2022 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 70 სტიპენდიანტი ჰყავდა.
  9. ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ვაფრთხილებთ, რომ ვერავის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება თითოეული თქვენგანის კისერზე,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება“ ფასადურ ცვლილებებს ახორციელებს, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. "პარლამენტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში განიხილა ხელისუფლების მიერ ინიცირებული 3 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ქვეყნის ევროინტეგრაციას. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტები შეეხებოდა: დეოლიგარქიზაციას; ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ჩვენი გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობს რეკომენდაციების შესრულების პროცესში, სამუშაო ჯგუფებში ერთადერთი მიზნით - ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა დაუშვილმა. მისივე თქმით, გუშინ განხილული პროექტების შემუშავების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არათუ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ წარდგენილი არცერთი შენიშვნა, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები. „კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გუშინ ამ 3 უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვა მიმდინარეობდა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში. რაც მიუთითებს ერთი მხრივ იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, ცვლილებები იყოს ილუზორული და უშინაარსო, ხოლო მეორე მხრივ, იყენებს ოპოზიციის პოპულიზმსა და ინტერესის ნაკლებობას. უახლოეს მომავალში სესიაზე განიხილება სასამართლოს „ოცნებისეული“ ე.წ. რეფორმა, სადაც ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა ჩვენი გუნდისა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების - მეგობრების (მათ შორის აშშ საელჩოს), რეკომენდაციები, ერთადერთი მიზნით, რომ გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ მთავარ აქტორს, ლევან მურუსიძესა და მის მეგობრებს დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლებაში გავლენების განმტკიცებაში," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლების მოქმედებებმა მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, მათ შორის დასავლელი პარტნიორებისთვის, რისი მაგალითიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაკეთებული შეფასება. მისივე განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთას არავის აპატიებენ. " რასაც არავის ვაპატიებთ - არც „ქართულ ოცნებას“, არც "ნაცმოძრაობას", არც ფსევდო-ოპოზიციას - ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
  10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს. „მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა განმცხადებლის განაჩენი. კერძოდ, განმცხადებლის დამნაშავედ ცნობისას, შიდა სასამართლოები დაეყრდნენ I.M.-ს მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც მრავალმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ავთენტური და სხვა მტკიცებულებები. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე „მკვლელობის მომზადებასთან“ დაკავშირებით. ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“, - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში. სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო კლინიკის დირექტორი. საქმე ეხება ბატონ მამალაძის წინააღმდეგ 2017 წელს ბერლინში ყოფნისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის პირადი მდივნის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს. ის იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომელიც ბერლინში სამკურნალოდ გამგზავრებულ პატრიარქს ახლდა. ბატონი მამალაძე საბოლოოდ ცნეს დამნაშავედ „მკვლელობის მომზადებაში“. ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-2 პუნქტის (უდანაშაულობის პრეზუმფცია) საფუძველზე, ბატონი მამალაძე ჩივის, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო საკვანძო მტკიცებულებასთან - ბერლინის რეისზე მის ჩემოდანში აღმოჩენილ ციანიდთან - დაკავშირებით და რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენებეს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისი სასამართლო პროცესის საზოგადოებისთვის დახურვასთან დაკავშირებით არ იყო აუცილებელი და რომ საჯარო მოხელეების განცხადებები, გაუმჟღავნებლობის ვალდებულება და საქმის მასალების გავრცელება ხელს უწყობდა დამნაშავედ მის წარმოჩენას. იპნ
  11. უკრაინის პორტები დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამზიდავმა შვიდმა გემმა დატოვა, - ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გემები დატვირთული იყო 290 000 ტონა საკვები პროდუქტებით და ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ გაემართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. უწყებაში განმარტეს, რომ ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციების“ ჩატარების გამოუყენებლობის შესახებ საჭირო წერილობითი გარანტიების მიღება ოფიციალური კიევისგან შესაძლებელი გახდა. იპნ
  12. პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პრინციპების დონეზე 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილეს, დღეს კი პროექტს კენჭი ეყარა. კანონპროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: ხდება “ოლიგარქის“ ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს. აღნიშნულ რეესტრში შეყვანილ პირს ეკრძალება: ა) პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, საკითხი ისეთ ფენომენს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას - უკრაინას აქვს. “იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან მოწოდება გაკეთდა უკრაინასთან მიმართებით ამ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის, ობიექტურ საზომად იქნა მიჩნეული უკრაინული მოდელის გაცნობა, განხილვა და გაანალიზება. ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ეს მოდელი და საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხზე, მათ შორის, განსხვავებული აზრების ფარგლებშიც, რომ ჩვენ წარმოგვედგინა კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
  13. საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2462) ჩინებული შედეგი დააფიქსირა სერბეთის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მოჭადრაკემ 11 ტურში 10 პარტია (!) მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ფანტასტიკური საბოლოო მაჩვენებელი (10.5 ქულა) ჰქონდა. ნინომ აღნიშნული შედეგი ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე აჩვენა და პირად რეიტინგს 22 ქულაც შემატა. სერბეთის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული ბელგრადის რადი ცნობისთვის, ბაციაშვილი ბელგრადის რადის ღირსებას იცავდა, რომელმაც 11 ტურში 36.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ ნიშის ოსნოვაცს 4.5 ქულით აჯობა. ვთქვათ ისიც, რომ ქართველი მოჭადრაკის თანაგუნდელები რუმინელი ირინა ბულმაგა (2417) და სერბები – მარია მანაკოვა (2160), სტეფანა მილუტინოვიჩი (2105), სანია ვუკსანოვიჩი (2160) და ტეოდორა რაკიჩი (1974) იყვნენ.
  14. 2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მოიერიშე კამიკაძე დრონებით განახორციელეს იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები. „13 ჭურვიდან თორმეტი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განადგურებულ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში,“ ნათქვამია შეიარაღებული ძალების მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ ცნობაში. საჰაერო თავდაცვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ექვსი დრონი, ასევე ექვსი - ცენტრალურ რაიონში. რუსეთი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახორციელებს დარტყმებს დრონებითა და არტილერიით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე. ამ ფონზე უკრაინა აწარმოებს კონტრიერიშს, რომელმაც რუსეთის ჯარებს ჩრდილო-აღმოსავლეთი დაატოვებინა და უკან დაახევინა აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქი ამზადებს გათბობის ათასზე მეტ პუნქტს იმ შემთხვევისთვის, თუკი გათბობით დედაქალაქის მომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მწყობრიდან გამოვა რუსეთის იერიშების შედეგად. უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის დაბომბვას. ქალაქის გარშემო გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინის არმია წარმატებით იგერიებს რუსეთის შეტევებს. რადიო თავისუფლება
  15. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიწყალებს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ის ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომლის განაჩენიც სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძალაში დატოვა და მას მოუწევს საპატიმროში გაატაროს 3 წელი და 6 თვე. „ევროპული სახელმწიფო ნიშნავს სასამართლოს პატივისცემასაც მათ შორის, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერც ასე, ვერც ისე ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მით უმეტეს, ამ გადაწყვეტილების მიმართ. რაც შეეხება შეწყალებას, ამაზე პოზიცია დაფიქსირებული მაქვს, თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია. როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მხოლოდ პირადად მისი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, სწორი იყოს“. რადიო თავისუფლება
  16. ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. „ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. განცხადებაში საუბარია „რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის ნაკადის დეფიციტზე“. აჩიგვარას გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოების დასრულების დრო მითითებული არ არის. ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აჩიგვარას ხაზით მიეწოდება. 11 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც „ჩერნომოროენერგო“-ს (დაახლოებით 20 ადამიანი) და რუსული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ (დაახლოებით 23 ადამიანი). ელექტოგადამცემი ხაზზე, რომელსაც „აფხაზური ენერგეტიკის ყველაზე დაუცველ ობიექტს“ უწოდებენ სარემონტო სამუშაოები, მანამდე არაერთხელ გადაიდო. რადიო თავისუფლება
  17. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს განაჩენს ტვიტერზე გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. "ვუერთდები ნიკა გვარამიას ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერის გვერდზე. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დღეს, 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს სასჯელის ზომად, საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა. გვარამიას მიმართ ბრალდების ორივე ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად პატიმრობა განესაზღვრა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს. 24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა. რადიო თავისუფლება
  18. პარტია “საქართველოსთვის” წევრები და დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მათ შორის ის საკითხები, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მათი ასახვა საკანონმდებლო ცვლილებებში არ ხორციელდება. პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" პარტიის წევრების მოსყიდვას, დაშინებას და ამ გზით 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგების შეცვლას.
  19. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინ ჩატარებულ სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ლაშა ალადოშვილმა, დააყენა ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში. "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები. აღნიშნული საკითხი პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტის წევრების მიერ კანონპროექტის სახით უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.
  20. ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძემ უპასუხა კითხვას: „ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს, მათ შორის მედიამენეჯერების წინააღმდეგ. რა პასუხი გექნებათ ამაზე“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში ევროპარლამენტის რეზოლუცია არ გაიზიარეს. „ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. არის პოლიტიკურად მიკერძოებული და კონკრეტული ინტერესი აქვს, რაც ამ რეზოლუციის ინიცირების უკან იდგა. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი და მის თითოეულ ჩანაწერს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ რეზოლუცია ამ ნაწილში არ გაიზიარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია 9 ივნისს მიიღო, სადაც მათ შორის ნიკა გვარამიას შესახებაც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტის წევრები გმობენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს.
  21. გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს: იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა, - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
  22. თბილისის მერი, კახა კალაძე კომპანიებს მოუწოდებს მიიღონ მონაწილეობა უწყების მიერ გამოცხადებულ ბაზრის კვლევის პროცესში, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ეხება. მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რეაბილიტაცია მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. „ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი პროექტები ერთდროულად დავიწყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის თუ გამზირის ერთდროულად ჩაკეტვა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, გვიწევს ამ პროექტების ეტაპობრივად განხორციელება, თუმცა, ყველა მეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ამ გამზირების განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ, ცხადდება ბაზრის კვლევა, ჩატარდება კონკრეტულად ტენდერი, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ახალი წლის მერე, როდესაც დღესასწაული ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები.
  23. ბრიტანული იურიდიული ფირმა McCue Jury&Partners ომით დაზარალებული უკრაინელების სახელით ლონდონის სასამართლოს მიმართავს რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის და მის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ პრიგოჟინს უკვე ეცნობა. ბრიტანელი იურისტების შეფასებით, აშკარაა პრიგოჟინის, „ვაგნერის“ და პუტინის სამხედრო მანქანის შეთქმულება უკრაინელი ხალხის დატერორების მიზნით. მოსარჩელეთა მოთხოვნაა პროგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება და ზარალის ანაზღაურება. ბრიტანული იურიდიული ფირმის განცხადებით, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კერძო სამხედრო კომპანიას სასამართლოში უჩივიან უკანონო ომის საწარმოებლად ტერორიზმის გამოყენებისა და სახელწიფოსთან შეთქმულებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". კრემლი "ვაგნერს" იყენებდა მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ რეგიონებშიც. წლების განმავლობაში, არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული და მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია. რადიო თავისუფლება
  24. ვიდრე დუშეთში ახალმოგონილ მთაბარობას ზეიმობენ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ხარჯავენ ქეიფისა და დროსტარებისთვის, არხოტის ხეობას, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა ზოლს, იქ შემორჩენილი თუ ახალდაბრუნებული ადამიანები ტოვებენ. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, წელს ამღა აღარ გათიბულა - სანდუაც მიდის! „ახიელიდან ომარი და გიორგი ნაროზაულები წავიდნენ. ეს ძალიან მძიმეა არხოტისთვის! სამი ადამიანიღა ვრჩებით - მე ჭიმღას და შიო და გურამი ახიელს! ასიათას ჰექტარ მიწაზე და იცით, ეს სად ხდება? საქართველოს საზღვრის ბოლოს! არხოტის მერე ქათული მიწა აღარ არის! თუ არხოტი დაიცლება - საქართველოს საზღვარი ბარისახოდან დაიწყებს ათვლას! 11 ოჯახს მოუსწრო „ქართულმა ოცნებამ“ და ალბათ, არხოტის მთლიანად დაცლაც მაგათი მიღწევა იქნება. აქ, არხოტში რომ ახალგაზრდა ოჯახი იანვრის თოვლში, როცა გზა არსაით არის, გარისკავს, დარჩება და თოთო ბავშვის საფენებს გაფენს, იმ ოჯახს ხომ უნდა ხელისუფლების ყურადღება? მტერი თუ ნათიბ-ნახნავმა და ბავშვის აკვანმა არ შეაშინა, უთოფო რეინჯერის საარსებო მინიმუმის ხელფასი მიაბრუნებს? თქვენ, ალბათ, გახსოვთ ყველა არხოტიონისა თუ საქართველოს გულშემატკივრის ნაადრევი სიხარული - ამღა უნდა აეშენებინათ, რამდენ ოჯახს დააბრუნებდა ეგ პროექტი? აქ ვინ და როგორ დაბრუნდება თუ სახლ-კარი არ ექნება? თუ პოტენციური მესაზღვრის ხელფასი და სტატუსი არ ექნება? თუ როგორმე სახელმწიფოს დახმარებით ვერ მიიტანს სარჩო-საბადებელს? მაგრამ ტყუილი ისევ!“, - ამბობს გიგლა უჩიაური, მარტოკაცი ჭიმღიდან. „ქართული ოცნების“ მიერ „საუკუნის პროექტად“ წოდებული არხოტის ახალგაჭრილი სამანქანო გზა, რაზედაც 10 მილიონამდე დაიხარჯა, ოქტომბერში პირველივე თოვლის მოსვლისთანავე იკეტება და ივნის-ივლისამდე აღარ ხსნიან. 8-9 თვის განმავლობაში არხოტის ხეობა ისევ მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ახლაც, რამდენიმე დღის წინ, არხოტის უღელტეხილზე რომ მოთოვა, გზის დაახლოებით 100-150 მეტრიანი მონაკვეთი ნამქერმა ჩაკეტა. ერთ გამართულ ტრაქტორს იხვეწებიან უღელტეხილს იქით დარჩენილები, რომ ზამთრისთვის ფქვილის გადატანა შეძლონ. ფშავ-ხევსურეთში არხოტის ხეობა გამონაკლისი არ არის. მეწყრისგან და ადიდებული ანდაქისწყლისგან რამდენიმე წლის წინ წაღებული ვიწრო, ძნელად გასავლელი სამანქანო გზის გაწმენდას დაჰპირდნენ ანდაქ-არჭილოში შემორჩენილ ხევსურებსაც. თანაც, ადგილობრივებმა სოფლის პროგრამით, ბოლო 3 წლის თანხა არ დახარჯეს, რომ როგორმე გზა აღედგინათ. დუშეთის მერიამ ტრაქტორიც კი არ გამოყო. უგზოობის გამო, არჭილოელმა მარტოკაცმა ამირან ზვიადაურმა, ნასოფლარში ახალაშენებული ხევსურული სახლის გადასახურად, არდოტის ბოლოდან ხის მასალა ცხენებით და ზურგით აზიდა. არდოტიდან არჭილომდე 7 კილომეტრია. არჭილო 10 წლის განმავლობაში ნასოფლარი იყო. ბოლო მუდმივი მცხოვრები, 32 წლის ბადრი ზვიადაური მდინარემ უგზოობის გამო იმსხვერპლა. ბადრის შატილიდან ცხენით პროდუქტი მოჰქონდა. ახლობლებმა მდინარეში გადავარდნილი ახალგაზრდა კაცის პერანგი და თავის ქალის ნაწილიღა იპოვეს. უგზოობას მხოლოდ უღელტეხილებს იქით არ ჩივიან. ზაფხულიდან გზა არც ლიქოკის ხეობაში აქვთ, პირაქეთა ხევსურეთში. ჭალისოფელში ერთი, ლიქოკელების ბავშვებიანი ოჯახიღა აცოცხლებს მთელ ხეობას. გიგა და გია სკოლის მოსწავლეები არიან. პირაქეთა ხევსურეთში ერთადერთი სკოლა ბარისახოშია. ჭალისოფლიდან სკოლამდე მანძილი 9 კილომეტრია. გაუწმენდავი გზის გამო ბავშვები სკოლაში ფეხით დადიან, 18 კილომეტრს, ნადირით სავსე ტყეში. „ზაფხულში ჩამოსული მეწყერი ისევ ისეა. ცდილობენ ხელით გახსნან, მაგრამ მთელი ზაფხულია გზას თხრიან მამა და ბიჭები“, - გვეუბნება თათია. რა ეზეიმება ადგილობრივ ხელისუფლებას? დუშეთის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მისმა მოადგილემ ჯონი ბერუაშვილმა „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს. არ გვცალიაო - არ სცალიათ! - ვიდრე ხევსურეთის სტრატეგიული მნიშვნელობის სოფლებში სამანქანო გზის გაწმენდას იხვეწებიან, მერი თავისი მოადგილეებით „მთაბარობის“ ცეცხლოვან შოუს ესწრება და ფოიერვერკით ერთობა. „მთის ამბები“
  25. ძველ მაჩუბთან, უშბას რომ უყურებს და სულ ცოტა ორას წელს ითვლის, ყოველდღე მიდის. დანგრევის პირას მყოფ სახლს შემოუვლის, აჭედილ კარში შეიჭყიტება, იტირებს და უკან ბრუნდება, ნათესავთან, სადაც დროებით ცხოვრობს. 83 წლისაა. უკანასკნელი ბერჩლიანია. მასთან ერთად გვარიც კვდება. „მამას გვარის გამგრძელებელი რომ არ ჰყავდა, ქალი ორჯერ მოვუყვანეთ, მაგრამ ბედმა არ არგუნა. მამა კარგი მყავდა, მართლა კარგი, ძალიან მიყვარდა. მიწა ბევრი გვქონდა. ყველას ჩუქნიდა. მე ვეუბნებოდი, ყველას კარგი სახლი აქვს, მამა, მოდი ავაშენოთ მეთქი. გვქონდა ამის საშუალება. ყველას ვეხმარებოდით. ჩაიქნევდა ხოლმე ხელს, მე სიტყვას არ მეტყოდა. ერთ დღეს მითხრა, რას დაიჩემე, ამასაც ცეცხლი წაკიდებიაო. გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არა ჰყავდა“, - ლოლა ბერჩლიანს ძველი ალბომი სულ თან დააქვს: „განახო მამის სურათი?“, - პატარა ფოტოს იღებს, უღიმის და ტირილს იწყებს: „მამაჩემი, სამსონ ბექმურზას ძე ბერჩლიანი. იმჟამად ყაბარდოელებთან მისვლა-მოსვლა ჰქონდათ, იქიდან იყო ეს სახელები შემოსული. მამას უფროსი ძმა ყაბარდოელებმა მოკლეს. უშიშარი, ვაჟკაცი ყოფილა. ყაბარდოელები უღელტეხილს აქეთ გადმოდიოდნენ, საქონელი გადმოჰყავდათ, მიწას ეპატრონებოდნენ. ერთ საღამოს, აქედან წასული ექვსი ვაჟკაცი მოუკლავთ მთაში, მამას უფროსი ძმაც. მამაჩემმა შური იძია თავისი ძმის გამო. ყაბარდოელებმა დაგვწყევლეს, ჩვენი ფუძე დაწყევლეს. ყველამ იცის, რომ დაწყევლილები ვართ. კაცის მოკვლის გამო მამა აქ დაიჭირეს, 9 წელი მიუსაჯეს. მერე ამნისტია შეეხო და ამან გადაარჩინა. უფრო წინა თაობა ავადმყოფობით გარდაცვლილა, მუცლის ტიფი ყოფილა გავრცელებული. მამაჩემის ერთი ძმა 6 წლის ყოფილა, წყალში რომ დამხრჩვალა. ასე გავწყდით. დედა ეცერიდან მყავდა - გურჩიანი. ბიძაშვილები, ნათესავი ბევრი მყავს, გვიჩიანები ლატალში, მამიდას მხრიდან არღვლიანები, მაგრამ ჩემი გვარის აღარავინ დარჩა. ძირი და ფესვი აღარავინ მყავს. უკანასკნელი მოჰიკანივით ვარ დარჩენილი. მოვკვდები და კვდება გვარიც. ადრე მამა მიყვებოდა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა ზუსტად, რაჭიდან ვართო ჩამოსული, ბერაძეები იყვნენ ჩვენი მოდგმაო, რაც გადმომცესო მე. მეც ეს მახსოვს, მეტი არაფერი. ჩართოლანებს ვეძმობით. ესეც ჩემი ახალგაზრდობის სურათია. 6 წელი დანიშნული ვიყავი, არ მივყვებოდი. მერე გამიტაცეს. ქორწინებისას ხელი რომ მოვაწერეთ, მკითხეს, მეუღლის გვარზე არ გადადიხარო. არა, ჩემს გვარს ვერ შევიცვლი მეთქი. იქიდანვე ტვირთად მქონდა, რომ გვარი არ მომკვდარიყო. მაშინ სოსოს, ჩემს ქმარს ჰკითხეს. სოსომ უპასუხა, მე მაგას ვერ დავუშლი, თავის გვარზე იყოსო და გაუხარდათ. გაიხარე, იშვიათად გვესმის ასეთი სიტყვა მამაკაცისაგან, რომ ცოლი საკუთარ გვარზე არ გადაჰყავსო. სამი შვილი მყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ქალები გათხოვილები არიან, ბიჭი დასაოჯახებელია. ჩემს დასაც ერთი ჰყავს მარტო. ჩემი ბიჭი რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ... ჩემი ბიჭი ქალდანია, ბერჩლიანი არაა“. უკანასკნელი ბერჩლიანი ორსართულიანი მაჩუბის გადარჩენაზე ოცნებობს. წლების წინ, საცხოვრებლად ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში გადასულან, მაგრამ გაზაფხულიდან დაზამთრებამდე მაინც ბეჩოშია, თავს ნათესავს აფარებს. ავადმყოფობის გამო ვერაფერს აკეთებს, ყოველდღე მაჩუბთან და ახლომდებარე მშობლების საფლავთან მიდის, იტირებს და უკან ბრუნდება. მაჩუბში, შველას რომ ითხოვს, მეზობლებს პირველ სართულზე ცხენები შეუყრიათ. უთხოვია, ნუ დაანგრევთ, ცოტა ხანს კიდევ გაძლოსო, მაგრამ არ გაუგონეს. ამას რომ ვუყურებ, ამ ნანგრევს, აღარ შემიძლია, მეც მანგრევს და მკლავს. მოცეკვავე ვიყავი, ახლა ფეხები აღარ მივარგა, მაგრამ მაინც ვიცეკვებ. რა ვქნა, სიხარული როგორ გამოვხატო შვილო... დავიჯერო? დავიჯერო? უნდა ვიცოცხლო იმის გულისთვის, რომ ვნახო. თუ მოვესწარი... არა, ეს კი მინდა, მაგრამ ვერავის ვთხოვ. მაპატიეთ შვილო“. „მთის ამბებმა“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ სამოქალაქო რეესტრში მხოლოდ ერთი ბერჩლიანია რეგისტრირებული. ლოლა ბებოს მხარდასაჭერად, ბერჩლიანების ისტორიული მაჩუბის გადარჩენაში რომ დავეხმაროთ, შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით: ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003 ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი დანიშნულება: #უკანასკნელიბერჩლიანისთვის მთის ამბები
×
×
  • შექმენი...