Jump to content
Planeta.Ge

ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს


რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა.

შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შეარცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა.

„დღესასწაული გაუქმდა განმარტებების გარეშე საქართველოს შსს-ს ანონიმურ წარმომადგენელთა მიერ. საქართველო ჩემგან დაიცვეს, ყოჩაღ! და, რა თქმა უნდა, მე პირველი არ ვიყავი. არ გავრისკავ და არ ვუწოდებ ივანიშვილისდროინდელ საქართველოს „პუტინის პროვინციას“, მაგრამ ამ კუთხით მართლაც აქტიურად მუშაობენ, არა?“ — წერს შენდეროვიჩი.

განცხადებაში მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს, იმ დროს, როდესაც მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობდა, რაც დეპორტაციის საქმით დაგვირგვინდა, ამ ყველაფერს აპროტესტებდა. მაშინ უფლებადამცველთა და აქტივისტთა ნაწილი მოსკოვის ქუჩებში გამოდიოდა მაისურებით, რომლებზეც ეწერათ „მე ქართველი ვარ“. აქტივისტთა ამ მცირე ჯგუფს შორის იყო ვიქტორ შენდეროვიჩიც.

„როგორც ირკვევა ჩემი დეპორტაციით, არასაკმარისად ქართველი გამოვდექი. სასაცილოდ გამოვიდა,“ — აცხადებს მწერალი.

ნეტგაზეთი განმარტებებს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

გარეკანი ფოტო: „გაზეტა ზავტრა“


მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოდის.

თუმცა, საქართველოს საზღვრებზე ხშირად არ უშვებენ ოპოზიციონერ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს – მათ, ვინც პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგება. უმეტესობას საზღვარზე არ უხსნიან მიზეზს.

ამის მიუხედავად, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე — ორივე მათგანი დასავლეთის მიერაა სანქცირებული. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...