Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - 2008-2014-2022 წლების გაკვეთილები არის, რომ ყოყმანს მაღალი ფასი აქვს, რუსეთი აწყდება რა დამარცხებას უკრაინაში, არ შეგვიძლია, ცდუნება შევუქმნათ, რომ სადღაც არის სუსტი წერტილები


ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთება, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს დემოკრატია და მოხდეს საქართველოს ტრაექტორიის დარეგულირება, არ უნდა გამოიყენონ როგორც იარაღი პოპულისტურმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ანტიევროპული ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი მუდმივი გზავნილი იყო, მოესმინათ ხალხის ხმა, საკუთარი ხალხის ხმა და მოეხდინათ მათი საარჩევნო დაპირებების რეალიზაცია. უნდა მოხდეს 12 რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ უნდა მოხდეს უფრო მეტის გაკეთება. ეს არის ჩვენი ამოცანა შემდეგი წლებისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ მეორე შანსი. ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს. ასევე, დემოკრატიული პოზიციის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის პოზიცია უნდა იყოს პატივნაცემი. ეს მეტყველებს სამოქალაქო საზოგადოების ძალაზე. საქართველოს მოსახლეობა არ დანებდება, არ დანებდება უკრაინის მიმართ სოლიდარობის მიმართულებით, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და უკან არ დაიხევს თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ვარ ასეთი ოპტიმიზმით აღსავსე. ხოლო დროის საკითხია, რომ უკეთესობისკენ მოხდეს ცვლილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს უსაფრთოების უზრუნველყოფა.

„რუსული კანონის ჩაგდება გახლავთ იმის მაჩვენებელი, რომ დემოკრატიული ნება ამ ქვეყნისა უნდა იყოს პატივნაცემი. ასევე საქართველოსთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთოხება, დაცვა რუსეთისგან, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. არავინ უნდა გაგზავნოს არასწორი სიგნალი, არ დატოვოს საქართველო და არ შექმნას საქართველოში რუხი ზონა. 2008-2014-2022 წლის გაკვეთილები გახლავთ, რომ ყოყმანს მაღალი ფასი აქვს და რუსეთი აწყდება რა დამარცხებას უკრაინაში, ჩვენ არ შეგვიძლია, რუსეთს ცდუნება შევუქმნათ, რომ სადღაც არის სუსტი წერტილები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მოწადინებულია, საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი.

„რუსეთი ცდილობს, ჩაიწეროს ქულები და თავისი გავლენის გაძლიერებით შეასუსტოს ევროპული ზეგავლენა ფრენების განახლებით, სავიზო რეჟიმის მოხსნით. ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ მოხდეს შიდა არეულობა, ესკალაცია. ამის უფლება ჩვენ არ უნდა მივცეთ არც საქართველოსთან და არც ევროპასთან მიმართებით. ევროპა უკრაინასთან ერთად ებრძვის უხეშ ძალას, უნდა დაეხმაროს საქართველოს ამ ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში. აი, ამას გულისხმობს კანდიდატის სტატუსი. განცხადება შემართებისა და არა კონფრონტაციის. კანდიდატის სტატუსი გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც პროევროპული ძალის რეგიონში. ევროპას ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა ახალი მსოფლიოსთვის, რომელიც იბადება. საქართველო გახლავთ არა მხოლოდ დემოკრატიის საყრდენი, არამედ უმნიშვნელოვანესი ელემენტი უსაფრთხო შავი ზღვისთვის და სტაბილური კავკასიის რეგიონისთვის. იგი გახლავთ გასაღები ახალი დამაკავშირებელი პროექტებისთვის შავი ზღვის გავლითა და კავკასიის გავლით, კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კანდიდატის სტატუსი ასევე დაიცავს დემოკრატიას.

„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთება, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს დემოკრატია და მოხდეს საქართველოს ტრაექტორიის დარეგულირება, პოპულისტურმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ, როგორც იარაღი, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ანტიევროპული ტენდენცია. იყო ასეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატობაზე, რომ ევროპა ჩვენ მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებულად გვეპყრობა, არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ეს არის სრული სიცრუე. საქართველოს მოსახლეობამ გვანახა, სად დგას. მაგრამ არ უნდა მოვახდინოთ იგნორირება შავბნელი ძალების ძალისხმევისა, რომ ძირი გამოუთხარონ ამ სოლიდარობას. კანდიდატის სტატუსის მონიჭება დემოკრატიულ მომავალს ემსახურება და მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულდეს. ევროპა მხარს უჭერდა საქართველოს მიუხედავად დემოკრატიის განვითარების ჭრილში მინუსებისა წარსულში, თუმცა საქართველოს მოსახლეობამ წარმატებით დაიბრუნა დემოკრატიული გზა. აი, ამ მიმართულების შენარჩუნება ჩვენთვის სასიცოცხლოა, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...