Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის ყველა მოსაზღვრე ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი - ზელენსკი


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინისა და რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში.

„ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა: – რატომ NATO? პასუხი კი ძალიან მარტივია: – როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არის მხოლოდ გარანტია ომისა.

ჩვენ არ გვსმენია უსაფრთხოების ისეთი ალიანსის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელშიც შეიძლება შედიოდეს ჩინეთი, NATO და უკრაინა. ჩვენ კი გვჭირდება მშვიდობა, მხოლოდ მშვიდობა.

სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა გაანადგუროს ის, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. თუ არადა, რჩება მხოლოდ 2 ალტერნატივა – ღია საომარი მოქმედებები ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში.

და რას ხედავენ ისინი?! თუკი, უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლის დაღვრით აჩვენებენ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპული ღირებულებების მიმართ, ჯერჯერობით არ მიუღიათ მკაფიო დადებითი პასუხი ევროპასა და NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით, სხვების იმედიც სრულიად ილუზორული ხდება.

დაფიქრდით ამაზე, ამ იმედგაცრუებაზე. იმედგაცრუება არის როგორც ჩვენს სამხედროებში, რომლებიც იბრძვიან ჩვენი და სხვა ქვეყნების თავისუფლებისთვის, ასევე მათთვის, ვინც იბრძვის და იტანჯება უკრაინაში, მაგრამ მაინც აქვს იმედი. ეს წელი არის სწორი გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მოლდოვაში გამართულ სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც. პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...