Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    თბილისში ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ციხის გარე პერიმეტრის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას და შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.
    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა იწყება მეორე ეტაპი.
    მერიის ცნობით, პირველი ეტაპი გულისხმობდა კლდოვან ფუძე-საძირკვლების გამაგრებას, ძველი სატრაპეზოს დემონტაჟსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ახლის მოწყობას. ასევე, ფასადები გაიწმინდა მცენარეებისგან, რომლებიც კედელს აზიანებდა და მისი აღდგენა აგურის მასალით არის გათვალისწინებული.
    სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი კომპანიის შესარჩევად ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
    მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივნისისთვის იგეგმება.
    მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

    ნეტგაზეთი
  2. tvati
    “ყველანაირი უმსგავსობის რეკორდი მოხსნა კომიტეტის თავჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე. მერე ეს ხალხი გამოდის და უხამსი შეფასებების შესახებ კანონპროექტს იღებს საქართველოს პარლამენტში. გამოდიან და გვასწავლიან ჭკუას ვაჟკაცობაზე, ქართველობაზე და ევროპელობაზე.”   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   396971703_2103842706629297_8113675887281479571_n.mp4
  3. tvati
    თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, 80 145 კვ.მ ფართობის ტერიტორიას ფონდი ქართუსაგან ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეა.
    ტერიტორიის შესყიდვაზე ფხაკაძის ახალი კომპანიის, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია “იდეაა”, რომლის წილებსაც თავის მხრივ სწორედ სოსო, ლევან და სამსონ ფხაკაძეები ფლობენ.
    “იდეის” გარდა, “ცენტრალ პარკ ავენიუს” ფლობს კიდევ 3 სხვა კომპანია — შპს “ნიუ არტ ინდექსი” (52%), შპს “მარდიელი ინვესთმენთი” (4.5%) და სააქციო საზოგადოება “მენეჯმენტ ფროფერთი” (8.5%).
    რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიას, მას ამჟამად ფლობს ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ფონდი “ქართუ”, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში მისი გასხვისება „ნეო სითი დეველოპმენტზე” სურდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. ის 2004-2016 წლებში პარლამენტის დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ორჯერ, ერთხელ კი -მაჟორიტარულით. პარტია 2012 წლის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.
    7 აგვისტოს “ნეო სითი დეველომენტმა” ამ ტერიტორიაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის თაობაზე საჯარო რეესტრს მიმართა. მოთხოვნა რეესტრმა 11 აგვისტოს დააკმაყოფილა, თუმცა 3 თვის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე საჯარო რეესტრში კვლავ შევიდა განცხადება, ამჯერად უწყებას ფონდი “ქართუ” მიმართავდა უფლების წინასწარი რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე. მოთხოვნა 16 ოქტომბერს დაკმაყოფილდა, რამდენიმე დღეში, 27 ოქტომბერს კი, ამ ტერიტორიაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის თაობაზე განცხადება კომპანია “ცენტრალ პარკ ავენიუმ” შეიტანა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე, 22 სექტემბერს დარეგისტრირდა.
    აღნიშნული ტერიტორიის შესყიდვასთან დაკავშირებით ფონდ “ქართუსთან” შეთანხმებას ადასტურებს სოსო ფხაკაძეც. წერილში, რომელიც BMG-ის მისწერა, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი GD Alco-თან ერთად შეიძინა და მათთან ერთად სამომავლოდ კონსორციუმისა და პროექტის შექმნას გეგმავენ.
    ფხაკაძე არ აკონკრეტებს, თუ რას გააკეთებენ ამ ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ “ვისოლ ჯგუფის” ერთ-ერთი მიმართულება უძრავი ქონების განვითარებაა და ზოგადად აშენებენ როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ სახლებსაც.
    ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფხაკაძე გამოცემა BMG-თან ადასტურებს.

    netgazeti
  4. tvati
    საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
    ღუდუშაურმა და ბერაიამ ოპონენტებთან დისკუსიისთვის სექსისტური ენა გამოიყენეს.
    ალუდა ღუდუშაურის გამოსვლა მოჰყვა „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების ვიზიტის დაშვების შესახებ.
    ალუდა ღუდუშაურმა თავდაპირველად ხვიჩიას მიმართა და მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა:
    ალუდა ღუდუშაურს ამ განცხადებას ანა წითლიძის რეპლიკა მოჰყვა: „დებილი ხარ“, რასაც ღუდუშაურმა წითლიძის შეურაცხყოფით უპასუხა:
    მოგვიანებით, ანა წითლიძე ალუდა ღუდუშაურს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

    კიდევ ერთი ქალი დეპუტატი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, თეონა აქუბარდიაა. დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ მას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა.
    სიტყვით გამოსვლაში ბერაიამ თქვა, რომ აქუბარდია ავრცელებს „ტყუილს და დეზინფორმაციას“, თითქოს ქართულმა დელეგაციამ NATO-ს ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა „საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას.
    ამის შემდეგ ბერაიამ განაგრძო საუბარი ოჩამჩირეში რუსულ სამხედრო პორტზე და თქვა, რომ აქუბარდიას „როგორც ჩანს, აქვს აღქმის და გააზრების პრობლემა“.
    ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას გამოეხმაურა თეონა აქუბარდია:

  5. tvati
    "ქართულმა ოცნებამ", თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რაც იკადრა ამას კაცობა არ ჰქვია, სწორედ ამიტომ არის პატარა კაცობა ის, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    აქუბარდიასთან ერთად ბრიფინგზე ქალების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიასა და ძალადობაზე ისაუბრეს სხვა ქალმა დეპუტატებმაც.
    "როცა "ქართულ ოცნებას" არ აქვს პასუხი პუტინთან ვიცე - პრემიერის სადილზე, როცა არ აქვთ პასუხი ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე, სწორედ, მაშინ ეწევიან ქალი დეპუტატების დისკრედიტაციას. მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციულ კამპანიის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ, მაშინ ხდება თავდასხმა სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ეს წარმოადგინა ირაკლი ბერაიამ ამ პარლამენტში. ვაფრთხილებ, როგორც ბერაიას, ასევე, სრულიად „ქართულ ოცნებას“, არ გავჩუმდები და გავჩერდები, როცა საუბარია ოკუპაციაზე, როცა პუტინთან სადილს ესწრება თქვენი მთავრობის წევრი და ღირსება არ უშლის ხელს, რომ გამოვიდეს იქიდან პუტინის მოსმენის ნაცვლად, ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით", - განაცხადა აქუბარდიამ.
    „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, ირაკლი ბერაია, ისევე, როგორც შალვა პაპუაშვილი აღვირახსნილ, გენდერულად მოტივირებულ ძალადობას მიმართავენ ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რის შესახებაც საქმის კურსში ჩააყენებენ დიპლომატიურ კორპუსს.
    "ფიზიკური და ვერბალური ძალადობა ქალების წინააღმდეგ არის ის სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ. სწორედ ქალი დეპუტატები ვხდებით "ოცნების" სამიზნე, რადგან ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ჩვენს გაჩუმებას. თუმცა, ვპირდებით, უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას. აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
    როგორც კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სამნიძემ აღნიშნა, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური იყოს გენდერული საბჭო ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.
    "რაც დღეს გააკეთა ბერაიამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს არის "ქართული ოცნების" სახე, თავს დაესხან ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს და დისკრედიტაცია აწარმოონ, როცა დაინახავენ უკომპრომისო ბრძოლას. მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნების" ქალი დეპუტატები, მათი მხრიდან სიჩუმე ამ თავდასხმაზე, რაც ხდება კაცი დეპუტატების მხრიდან, გადავა აუცილებლად მათზეც, რადგან ეს არის ქალების წინააღმდეგ კამპანია, რომლებიც ებრძვიან ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებებს, რუსების თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს გაგრძელდება და მივა "ქართული ოცნების" ქალ დეპუტატებზეც. ამიტომ სჯობს, გენდერული საბჭო, რომლის ხელმძღვანელია ნინო წილოსანი, იყოს აქტიური და კაცებს კი არ იცავდეს, ქალების უფლებები დაიცვას", - განაცხადა სამნიძემ.
    „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდა, საჯაროდ დაგმონ ბერაიას განცხადებები.
    "აქ უნდა იდგეს კობახიძე და ამცნობდეს საზოგადოებას, პარტია ამ უღირსი საქციელის გამო, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ბერაიასთან დაკავშირებით. ტრიბუნასთან უნდა იდგნენ კაცები, რომლებმაც უნდა გააკეთონ განცხადება, ბერაიას საქციელი მისაღებია თუ - არა. სამზარეულოში ყავაზე ჯდომა და დაგმობა, რომ არ მოეწონათ ეს საქციელი, არის ლაჩრობა. გამობრძანდით, დადექით ტრიბუნასთან და გააკეთეთ ცხადი განცხადებები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
    ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

    იპნ
  6. tvati
    მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
    პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები.
    „მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.
    მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.
    მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

    იპნ
  7. tvati
    როგორ ითვალისწინებს „ოცნება“ მოსახლეობის ინტერესებს ყველაზე კარგად ბენზინის ტაბლოზე ვხედავთ.
       3,30 ლარს გადაცდა ყველაზე იაფასიანი ხარისხის მქონე საწვავის ფასი. ეს არის ის აღზევებული ეკონომიკა, რომელიც რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების გაორმაგების ხარჯზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება?!
       როცა საუბარი გვქონდა საწვავის ფასების თემატური მოკვლევის ჩატარების თაობაზე პარლამენტში უარი გვითხარით. საერთოდ უარს ეუბნებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ქვეყნის ინტერესებს.

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
  8. tvati
    “პერსონალურად ირაკლი კობახიძე კვირის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც, მისივე მტკიცებით, არანაირი რეიტინგი არ აქვს. ელემენტარული ფსიქოლოგიაა, ადამიანს ხშირად ახსენებ ორ შემთხვევაში, როდესაც მასზე შეყვარებული ხარ, ან როცა მისი გეშინია. მთლად შეყვარებული თუა, მაგდენი არ ვიცი…”

    ანა ბუჩუკური, საპარლამრნტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_704798421225605_6227588120969926731_n.mp4
  9. tvati
    კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა.
    მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები.
    თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
    მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „მოკვეთილი“, „დედა", "ღალატი", „თვალი პატიოსანი", „როცა ქალაქს სძინავს" „მე ვხედავ მზეს", „დღის წესრიგშია ერთი საკითხი", „კვაჭი კვაჭანტირაძე", „30 აგვისტო", „ჯორდანო ბრუნო", „ძველი ვალსი“, „ასის წლის წინათ“, „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, „სახლის ანგელოზები“, „მგზავრის წერილები“ და სხვა.
    მონაწილეობს ფილმებში: „კეთილი ადამიანები", „ერთი ცის ქვეშ", „ხევისბერი გოჩა", „ხევსურული ბალადა", „დიდოსტატის მარჯვენა", „დათა თუთაშხია", „მე ვხედავ მზეს", „შეხვედრა წარსულთან", „მალე გაზაფხული მოვა" და სხვა.
    თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.
    2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

    იპნ
  10. tvati
    გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა.
    მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს.
    „ბატონო იაგო დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უბრალოდ არ მინდა ახლა აქ საზოგადოებას მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ საცვლებთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში. მაქსიმუმ თქვენ რასაც შეიძლება მიაღწიოთ - დარწმუნებული იყავით, რომ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ მავზოლეუმში, აი, წითლიძემ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ, პატივი დაგდოთ და ამ მავზოლეუმში შეგატაროს, მაგრამ არამც და არამც იმ ბოტასებს და ნახმარ ტანისამოსს ვერ ემთხვევით. აქ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ, გამორიცხულია, რომ მარტივად ხდებოდეს იქ, დღე და ღამე შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა, რას ლაპარაკობთ, გგონიათ ეგრე მარტივად იქნება ეგ ამბავი?!
    გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი.
    რა უნდა მოსთხოვო ამ ადამიანს, ხან ქართული რომ დაავიწყდა, ხან ქართული პოლიტიკიდან რომ მიდის. იაგო, ხომ შეხვდი სააკაშვილს? პარლამენტში არ მახსოვხარ ისეთი გამოწკეპილი იყავი სააკაშვილთან რომ შედიოდი და რომ შეხვდი, კაცურად მითხარი, ძალიან დიდის ამბით, თეთრი პერანგით რომ მიხვედი, რაზე ელაპარაკე?! არ კითხე ის, რომ ყველაფერზე რომ საუბრობ და არაფერზე არ ლაპარაკობ ეგ როგორ არის-თქო, ერთი არ კითხე რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი აქ?!
    ელემენტარული ლოგიკა ხომ გაქვთ, თქვენ ხომ მაინც განსხვავდებით ანა წითლიძისგან და სხვებისგან, "ფარჩაკებისგან" და უმსგავსოებისგან, მაინტერესებს სააკაშვილი რომ იძახის, თურმე ახლა რუსები შემოვლენ და დაგვამხობენ ჩვენ - ჩვენ თუ რუსეთუმეები ვართ, როგორ დაგვამხობენ ერთი ეგ მაინტერესებს. მისი ეს აბსურდი, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები არ გაინტერესებთ, რომ პასუხი გასცეს როგორ ხარჯავდნენ საკუთარი საჯდომის კორექციისთვის ქართველი ხალხის ფულს?! ახლა გამოდიხართ და გონი დაატანეთო. ეგ ხომ შეურაცხყოფაა და არ გამოვა ეგ ამბავი.
    რუსულ საქმეს აკეთებს სამადაშვილი და სხვები. როცა კანდიდატის სტატუსი არის ახლოს და ქვეყანა იმსახურებს ამას, ახლა ატეხეთ ერთი ამბავი. რუსულ საქმეს აკეთებთ თქვენ. ვინ აკეთებს რუსულ საქმეს, თურმე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, კითხეთ სამნიძეს და ვინც ამას აკეთებ, ის არის რუსული საქმის გამკეთებელი და ვინ არის რუსულ საქმის გამკეთებელი? მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
    ალუდა ღუდუშაურს სიტყვით გამოსვლისას ანა წითლიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა - „დებილი ხარ“, რაზეც ღუდუშაურმა უპასუხა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”.
    „იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.
     
    იპნ
  11. tvati
    რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

    "30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კონკრეტულად, აი რას გულისხმობდა ქალბატონი ლაცაბიძე, როცა ბრიფინგზე თითქოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობდა. დიახ, ეს ინიციატივები საკრებულოს კომისიიდან მერიას უკან დაუბრუნდა, რადგან ეხებოდა არა რუსთაველების კეთილდღეობას, არამედ კალაძის გარემოცვის ბიზნესინტერესებს და საარჩევნოდ ოცნების შავი ყულაბის შევსებას. როგორც ყველასთვის ცნობილია, კომპანია „არქი“ არის კალაძის მეჯვარის და უახლოესი მეგობრის - ილია წულაიას კომპანია. რუსთავის მერი, ითხოვდა კ2 კოეფიციენტის გაზრდას „არქისთვის“, რომელსაც დარღვეული ჰქონდა კოეფიციენტის დათვლის წესი, პროექტი ითვალისწინებს 12 კორპუსის მშენებლობას, რაც ქალაქში ფაქტობრივად ურბანულ კატასტროფას ნიშნავს. მე-2 ასეთი საკითხი ეხებოდა „ელიტა ბილდინგს“ (რუსთავის მაჟორიტარის ირაკლი შატაკიშვილის და მისი მეუღლის ინტერესი), რომელიც ითხოვს კ2 კოეფიციენტის გაზრდას და ზონის ცვლილებას 2-დან 4-მდე. კერძოდ, 3-4 სართულიანი კორპუსების განაშენიანების ზონაში 16 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვას. მე-3 საკითხი, „ნიუ დეველოპერს“, რომელმაც პროექტით გათვალისწინებული 7 სართულიანი კორპუსის ნაცვლად ააშენა 10 სართული ისე, რომ მერიის ზედამხედველობას გაფრთხილების ოქმიც კი არ ქონდა დაწერილი. საკრებულოს სხდომაზე ითხოვდნენ კ2 კოეფიციენტის გაზრდას, კიდევ დამატებით 2 სართულის დაშენებას. ანუ 7 სართულიანი კორპუსის ნაცვლად, 12 სართულიან კორპუსს. მხოლოდ საკრებულოს კომისიის სხდომის შემდეგ დააჯარიმა მერიამ 15 000 ლარი. ჩვენი გუნდი ყველა მსგავს ინიციატივას, რომელიც, მოქალაქეების ხარჯზე, „ოცნების“ და მისი ახლო წრის ჯიბის გასქელებასა და „ოცნების“ საარჩევნო შავი ყულაბის შევსებაზე იქნება ორიენტირებული, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს. დღეს რუსთავის მერია სასამართლოში უჩივის რუსთავის საკრებულოს რუსთაველების ინტერესების დაცვისთვის და მათი ინტერესების წინააღმდეგ იცავს „ოცნების“ შემომწირველი დეველოპერების ბიზნესინტერესებს."
  12. tvati
    კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით.
    მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის „მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ“.
    „ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის, თქვენც ამაში დარწმუნდით, როცა „კავნასის“ ტრენინგები ვნახეთ, თუმცა, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და ამას ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია. არ უარვყოფ ამას, მართლაც მიბმული იყო ამაზე, რადგან ნახევარზე მეტი, რაც სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, დადასტურდა ერთ კვირაში. მეორე ნაწილი ვერ განხორციელდება საბედნიეროდ, რადგან ამის ძალაც არ აქვთ, სულ რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ რადგან დიდი მოლოდინია პოზიტიური გადაწყვეტილების, ამიტომ ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც არ არის, მაგრამ ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ, არავინ იცის. როცა იმაზეა საუბარი, რომ მაინც და მაინც კარვები უნდა დადგან და ააფეთქონ ადამიანები, ეს მგონი, ყველას „დასაპრევენცირებელია“, არამხოლოდ ჩვენი, თქვენც გაქვთ ვალდებულება, ამის პრევენციაზე იფიქროთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
    შეგახსენებთ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში“ ცვლილებები, რომლითაც აქციებზე კარვისა თუ სხვა კონსტრუქციების განთავსებაზე შეზღუდვები შემოდის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო. პრეზიდენტმა პროექტს ვეტო დაადო.

    იპნ
  13. tvati
    პარტიის „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ მორიგ გაყალბებულ კვლევას და მისთვის სასარგებლო შედეგებს გამოაქვეყნებს. 
    ბოლო პერიოდის უწყვეტი პროპაგანდა გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური პარტიების თუ პერსონების არარსებული ალიანსების შესახებ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს კი 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ნაწილია იმ შეზღუდვებთან ერთად, რომელსაც მართველი პარტია საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს, როდესაც დაუსაბუთებლად ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონებს. 
    ანა ბუჩუკური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოსთვის“: გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს პარტიულ ფეიკ-რეიტინგებს! ვიცით, რომ სხვა პოლიტიკური აქტორებიც ემზადებიან საკუთარი კვლევების გამოსაქვეყნებლად. კობახიძის და “ოცნების” მიერ შემოთავაზებული კომბინაციები, გიორგი გახარიას ხან ვისთან და ხან ვისთან გაერთიანების შესახებ, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ „ოცნება“ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველის დარწმუნებას იმაში, რომ რეიტინგი მხოლოდ მას და ნაცმოძრაობას აქვს, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია და ამას არჩევნების ნამდვილი შედეგები დაადასტურებს!
  14. tvati
    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის დროს.
    შესაბამისი ტექნოლოგიები კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა და საზოგადოებას აჩვენა, ზუსტად როგორ მუშაობს ამომრჩევლის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
    კალანდარიშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესში, მარკირება კვლავ შენარჩუნებული იქნება, სანამ ამომრჩეველს ახალი ტექნოლოგიების მიმართ მიმღებლობა გაუჩნდება. მისივე განცხადებით, ვერიფიკაციის პროგრამის მეშვეობით, ამომრჩევლის დუბლირება გამორიცხულია.
    „მარკირება კვლავ შენარჩუნებულია ამ პროცესში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სანამ ამომრჩეველს სრულად მიმღებლობა და სანდოობა არ ექნება აპარატის მიმართ. ასევე, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლისთვის, სიახლის სახით, დამატებულია მარკირება, როგორც ერთ-ერთი დამატებითი მექანიზმი, რათა ამომრჩეველთა სიებთან მიმართებით მანიპულაცია არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვერიფიკაციის აპარატს ამომრჩევლის მონაწილეობის ორმაგად დადასტურების შესაძლებლობა აქვს. ეს უტყუარად ადასტურებს, რომ პირმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
    აუდიტის დასკვნით ვნახეთ მთავარი - მითის სახით იყო, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც A უბანზეა, შესაძლოა იყოს B და C უბანზეც, ხოლო დასკვნამ დაადასტურა, რომ ამომრჩევლის დუბლირება გამორიცხულია ამ პროგრამის მეშვეობით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
    რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცედურას, გიორგი კალანდარიშვილი ასახელებს სიახლეებს, რომელიც ხმის მიცემის პროცესში დაინერგა. მისი თქმით, საარჩევნო ბიულეტენზე დატანილი იქნება უნიკალური ბარკოდი, ასევე, ხმის მიცემის ინსტრუქცია; საარჩევნო სუბიექტის სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშვნის ნაცვლად კი, ამომრჩეველს მის გასწვრივ რგოლის გაფერადება მოუწევს.
    „ამომრჩეველი უპირველესად მარკირებაზე შემოწმდება. მარკირების გავლის შემდეგ გაივლით ვერიფიკაციას. სიახლეა - იმისთვის, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს, ან ელექტრონული ID ბარათი, ან უცხოეთის პასპორტი უნდა იყოს გამოყენებული. კომისიის წევრი ელექტრონულ ბარათს მოათავსებს შესაბამის წამკითხველ მოწყობილობაში, მისი გატარებით ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება. კომისიის წევრი აპარატზე დაადასტურებს ამომრჩევლის ვინაობას, რის შემდეგაც აპარატი ავტომატურად ამობეჭდავს ქვითარს, რომელზე ხელმოწერითაც ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებს. ამ ქვითარზე იგივე მონაცემებია, რაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ეს პასუხობს ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველა მანიპულაცია, კონკრეტულმა პირმა მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ამ ქვითრით დგინდება მისი უტყუარი მონაწილეობა არჩევნებში. ქვითარს ამომრჩეველი განათავსებს სპეციალურ საარჩევნო ყუთში. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე განმეორებით მივიდა უბანზე, ან თუ პირი არ არის იმ საარჩევნო უბნის ამომრჩეველი, ასეთ შემთხვევაში აპარატი სასიგნალო შეტყობინებას გამოსცემს. ასევე, არის სხვა შემთხვევები, რა შემთხვევაშიც გამოსცემს ხმოვან შეტყობინებას, რაც აძლევს ყველას საშუალებას, რომ პროცესს დააკვირდეს.
    ვერიფიკაციის შემდეგ გადავდივართ ბიულეტენზე. ბიულეტენი ცოტათი უფრო სქელია, ვიდრე ტრადიციული. მასზე ბარკოდია, რაზეც იყო მითები, ამით ხომ არ ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება; რომ ის არ არის უნიკალური; დანომრილია და ა.შ. - აუდიტის დასკვნით დადასტურდა, რომ ეს ბარკოდი არის უნიკალური და ამომრჩეველს არ ექნება მისი სხვა საარჩევნო უბანზე გამოყენების შესაძლებლობა და მასში დატანილია მხოლოდ ინფორმაცია იმ კონკრეტული საარჩევნო უბნის, ოლქის და ხელმოწერის შესახებ.
    სიახლეა ისიც, რომ ბიულეტენზე დატანილია ინსტრუქცია, რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა, როგორ უნდა გამოხატოს ნება. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციაშიც ვერ გავერკვევით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის რეგისტრატორი წევრი ამას ამომრჩეველს აუხსნის, მოცემული გვაქვს საცდელი რგოლი, რომელიც უნდა გააფერადოს ამომრჩეველმა. მას არ გადაეცემა ამომრჩეველთა ბიულეტენი, სანამ საცდელ რგოლს არ გააფერადებს. სიახლეა, რომ ნაცვლად შემოხაზვისა, ან სხვა სიმბოლოთი ნების გამოხატვის, აპარატი კატეგორიულია და ხმად ჩათვლის მხოლოდ იმას, თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ წრე იქნება გაფერადებული. ხმის ფარულობის უზრუნველყოფისთვის და ბიულეტენის მოსათავსებლად არის ჩარჩო კონვერტი. ამომრჩეველმა ამობრუნებული სახით უნდა მოათავსოს ბიულეტენი ჩარჩო კონვერტში, რომელიც ქართული გადაწყვეტაა. სხვა ქვეყნებში პირდაპირ ხდება ბიულეტენის სარჩევნო ყუთში მოთავსება. ბიულეტენს აპარატში მოათავსებთ. უბანს არ ტოვებთ, სანამ აპარატზე არ წაიკითხავთ შეტყობინებას: „თქვენი ხმა მიღებულია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
    ცესკო-ს თავმჯდომარის განმარტებითვე, ხმის მიცემის ყველა ეტაპზე ამომრჩეველს კომისიის წევრი პროცედურას განუმარტავს.
    „ყუთთან არის ზედამხედველი კომისიის წევრი. თითოეულ საარჩევნო უბანზე არანაკლებ ორი ყუთი იქნება, შესაძლოა სამიც და შესაბამისად, ყუთთან მოსვლისას ამომრჩეველს კიდევ ერთხელ განემარტება ბიულეტენის მოთავსების პროცედურა. ყველა ეტაპზე, სადაც ამომრჩეველს ინსტრუქცია სჭირდება, ეს უზრუნველყოფილი იქნება კომისიის წევრების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    ipn
  15. tvati
    თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანზე, 20 დღის ვადაში ხმოვანი შუქნიშნები მოეწყობა. იგეგმება რელიეფური ფილების მოწყობაც, თუმცა ჯერ უცნობია, როდის. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში მიაწოდეს.
    ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია 6 თვის წინ დასრულდა, თუმცა ხმოვანი შუქნიშნები, ტაქტილური მანიშნებლები და რელიეფური ბილიკები ამ დრომდე არ დამონტაჟებულა. ამის შესახებ აქტივისტები ანა სიხაშვილი და ესმა გუმბერიძე საუბრობდნენ.
    ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით 27 ოქტომბერს თბილისის მერიაში მივიდნენ და მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, ვიქტორ წილოსანთან შეხვედრას ითხოვდნენ.
    აქტივისტების თქმით, ჟვანიას მოედანზე რეკონსტრუქცია ისე დასრულდა, რომ არ მოწყობილა რელიეფური ფილები, ტაქტილური ბილიკები და ხმოვანი შუქნიშნები:

    მაშინ ესმა გუმბერიძე ამბობდა, რომ ვერანაირი წერილობითი გარანტია ვერ მიიღეს ჟვანიას მოედანზე ტაქტილური მანიშნებლების მოწყობასთან დაკავშირებით. გუმბერიძე ხაზს უსვამს, რომ ზურაბ ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია ქეთევან წამებულის გამზირის შემდეგ მოხდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჟვანიას მოედანზე უსინათლო ადამიანების ადაპტაციისთვის არაფერია გაკეთებული.
    ქეთევან წამებულის გამზირი ერთ-ერთია იმ მცირე საჯარო სივრცეებს შორის თბილისში, სადაც უსინათლო პირებს მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებაზე მორგებული გარემო ხვდებათ.
    ისინი ითხოვენ, რომ ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციაც დასრულებულად გამოცხადდება, მორგებული იყოს შშმ პირების საჭიროებებზეც.
    ანა სიხაშვილის თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში ვიქტორ წილოსანისგან ითხოვდნენ წერილობით გარანტიას, რომ ჟვანიას მოედანი მოეწყობა ისე, რომ შშმ პირებზე იყოს მორგებული:
    ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულად მიმდინარე წლის 9 მაისს გამოცხადდა. ის თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიქტორ წილოსანთან ერთად გახსნა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოედანზე მოეწყო გამწვანება, ავტობუსის ზოლი, გაკეთდა ზებრა გადასასვლელები და დამატებითი ტროტუარი, გამოიცვალა კომუნიკაციები.
    თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ქუჩების ადაპტაციის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები არაერთხელ შეხვდნენ შშმ პირთა საკითხზე ორიენტირებულ სამოქალაქო აქტივისტებს, მათ შორის ანა სიხაშვილსაც. მერიის ცნობით, შეხვედრა ზურაბ ჟვანიას მოედნის ადაპტირების საკითხზეც შედგა:
    მერიის განცხადებით, 20 დღის ათვლა დღეიდან დაიწყება. რაც შეეხება რელიეფურ ფილებს, მერიის ცნობით, დაგეგმილია მათი მოწყობაც, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის.
    რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამის თაობაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ვადებში აცნობებენ ანა სიხაშვილსა და ესმა გუმბერიძეს, რომელთაც 27 ოქტომბერს წერილით მიმართეს მერიას და მოითხოვეს მერთან, კახა კალაძესთან და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვიქტორ წილოსანთან შეხვედრა.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    ყოფილი ამერიკელი დიპლომატების ნაწილი მიიჩევს, რომ საქართველოს ხელისუფლების  ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორიც არის უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიციირება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დადანაშაულება, USAID-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და ბოლოს, ევროპული ტურნეს გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იყო, მხოლოდ აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იტყობინება.  
    „მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა“, – ამბობს დენიელ ფრიდი, ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
    ამავე კონტექსტში ექსპერტები, რომლებიც „ამერიკის ხმას“ ესაუბრნენ, ვიქტორ ორბანის მაგალითსაც იხსენებენ. უნგრეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით „სათადარიგო გეგმაზე“ უნდა გადავიდეს, კიევისთვის მასშტაბური სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგზავნა კი სულაც არაა გამართლებული.
    „ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, – ამბობს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება:
    „საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს“, – ამბობს დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ევროკავშირს სწორედაც რომ აღარ სჭირდება ქვეყანა, რომელთანაც უნგრეთის მსგავსად, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვები და პრობლემები ექნება. ამიტომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო მაგალითი თბილისისთვის:
    „ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ“, – ფიქრობს ყოფილი დიპლომატი.
    მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ნაბიჯი გამოიყურება თითქმის ისე, რომ ის „განზრახ ისახავს მიზნად საქართველოს დასუსტებას, ევროპელი პარტნიორების გაუცხოებით, იმით, რომ მას რუსეთზე დაყრდნობის გარდა, სხვა არჩევანი არ დარჩეს… მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს თავს არც ევროკავშირი დასხმია და არც შეერთებული შტატები და არ წაურთმევია მისი ტერიტორია, ეს პუტინის რუსეთი იყო. ჩემთვის მისტიკურია ის, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და საქართველოს მთავრობა”, – ამბობს ფრიდი.
    ყოფილი დიპლომატი ხშირად იმეორებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას რთულ პირობებში აყენებს და ქვეყნის მთავრობისგან ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, თუმცა ხსნის, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებით და მათთან გაუცხოებით, ის რუსეთის მიმართ თავს კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში იგდებს.
    „სანამ რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც… საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას“, – ამბობს დენიელ ფრიდი.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    “პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან. ამიტომ გვიწევს საჯაროდ პოზიციონირება და მოთხოვნა, იქნებ დროულად დააყენოთ ჩვენი ინიცირებული პროექტები კომიტეტებზე განსახილველად.”
     ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  398150637_1311345916214875_2410621577682532945_n.mp4
  18. tvati
    რუსთავის მერია რუსთავის წინააღმდეგ!   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.    398052028_1193086128317739_6817292307867269448_n.mp4
  19. tvati
    “კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკვე თანმდევი პროცესი, ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოალაქეების კეთილდღეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სექტორული პოტიკის განვითარებისა და ყველაზე მთავარი ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენი გუნდი კანდიდატის სტატუსს არ აღიქვამს, როგორც პარტიულ შესაძლებლობას. პირველივე დღიდან პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საკითხს, შევედით სამუშაო ჯგუფებში და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არის ქარველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების” ან ნებისმიერი სხვა პარტიის.”
     ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  396840937_242136258849115_5553892411138663271_n.mp4
  20. tvati
    "ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ელჩის ფუჭი განცხადებებით ვერ შეიფუთება. მოვუწოდებთ მთავრობას, დააფინანსოს ჩარტერული რეისები და გამოიყვანოს ქართველები სახიფათო ზონიდან."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    369778959_1397193121179222_7670385164113745094_n.mp4
  21. tvati
    არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
    "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება არა მხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ მათ ხელს აფარებს.
    51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას სანქცირებული პირების ინტერესების დაცვის შეწყვეტისკენ და მათ წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
    "ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს. აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.
    მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.
    აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია.
    ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.
    მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად," - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-Georgia); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); უფლებები საქართველო
    ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სასამართლოს გუშაგი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; სამოქალაქო იდეა; ევროპულ - ქართული ინსტიტუტი (EGI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საზოგადოება და ბანკები; მწვანე ალტერნატივა; თანასწორობის მოძრაობა; თბილისი პრაიდი; GrlzWave; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; დემოკრატიის მცველები; ფრანკლინის კლუბი; საქართველოს მომავლის აკადემია; რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი; ჭავჭავაძის ცენტრი; დემოკრატიის ინსტიტუტი; კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise; სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC); წერტილი; Promote Georgia; ქვემო ქართლის მედია; ასოციაცია „ღირსეული სიბერე“; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“; ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა; აფხაზური ამბები; თაობათა გაძლიერების ქსელი; ქალთა ფონდი „სოხუმი“; მაისის მოძრაობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ჯიუტი; დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი; საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“; კომლი; სამოქალაქო აქტივობის ცენტრი - ლაკმუსი; ქალთა ფონდი საქართველოში (WFG); ყვარლის ევროკლუბი; დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის.

    ipn
  22. tvati
    ისრაელში კიდევ ერთი ქართველი ებრაელი - 9 წლის გოგონა გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ადასტურებს.
    მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონა ქართველ ებრაელთა ოჯახიდან იყო.
    შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

    იპნ
  23. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
    „კოსტენკოს მაღაროში 38 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს, რვა მაღაროელის ძებნა გრძელდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
    გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
    წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება გახდა.
    ყაზახეთში 29 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

    იპნ
  25. tvati
    ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
    ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა.
    მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
    ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
    მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

    იპნ
×
×
  • შექმენი...