Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვერასოდეს ნახავენ მორჩილ თეატრს. „ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენ შევწყვიტეთ სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ასევე სხვა პატიმრებიც. არ დაგვიტოვეს სხვა გზა, ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია, იაფფასიანი შოუებით, მერე სასამართლომ უხეირო, უნიჭო ქმედებებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღესაც მოხდა უბედურება. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ და მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძისთვის თავდებობაში ჩადგომა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო საქართველოში არ არსებობს, ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, მათთვის არ ვარსებობთ. აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს, თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თავისი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი თეატრი! ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა პოლიტპატიმრებს",- განაცხადა დავით დოიაშვილმა. იპნ
  2. საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. შეკრებილები სკანდირებდნენ: „დამხობა რეჟიმს - თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეთ“. ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს. „როგორც წესი, შსს კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავა ვათხოვო ან ვაჩუქო, ასევე აქ მაქვს ონისეს მიერ სიმბოლურად ნაჩუქარი ასანთი“,- განაცხადა აქციის მონაწილემ. საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. იპნ
  3. აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები - ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემოიტანოს, თუმცა „დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს“. „რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით კიდევ ერთხელ შემოიტანოს დაპირისპირება. დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. ორი მხარე არ არსებობს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის დაცვის გულისთვის რაღაც უსასტიკეს ზომებზე მიდიან. გუშინ იყო სასამართლო, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან და ეს იცის მოსამართლემაც, რომელიც იქ იჯდა. იცის, რომ იქ ჯგუფური ძალადობა და არანაირი დანაშაული არ ყოფილა. ისინი გათავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა გათავისუფლდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები და არის ასევე, ერთი ქალი, რომელიც არ ვიცი, არის თუ არა დედა - გაბედა და დაწერა სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის დედაზე - რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნებით ირინა ენუქიძე. ასეთი სისაზიზღრე არ გამიგია არცერთი ქალისგან, არცერთი დედისგან. ეს არის ბოროტება რაც მოჰყვება რუსეთის ბოროტებას. აქ არ არის ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით, თავიანთი, ლექსიკითა და სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ ქვეყანა, სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის ამ ქვეყანაში სიახლე, რომელსაც უნდა შეეგუოს ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება და წინსვლა უნდა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
  4. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. „წინააღმდეგობის 45-ე დღე პრეზიდენტთან ერთად“. – ამ პლაკატით დახვდნენ მას ადგილობრივები, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ახლა ვართ ბრძოლაში, საიდანაც გამარჯვებულები გამოვალთ, მაგრამ მასში ყველა უნდა ჩაერთოს”. მისი თქმმით, საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა დასავლეთში, რაც, პირველ რიგში, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების დამსახურებაა. მან ასევე თქვა, რომ საჭიროა, ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. მე-5 პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესებს. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა გალის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს. პუბლიკა
  5. ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ე.წ. პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო. იპნ
  6. საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები შუამდგომლობაში ასაბუთებდნენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულებმა კი შესაძლოა, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოძიებას ხელი შეუშალონ. ადვოკატებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაფიქსირება ვერ მოასწრეს, ვინაიდან მათ და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ადვოკატები მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობით არაერთხელ მიმართავდნენ, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა მას შემდეგაც არ დააკმაყოფილა, რაც ერთ-ერთი ბრალდებული, 21 წელს მიუღწეველი პირი სხდომის დარბაზში უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა. ამასთან, ადვოკატების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების გამო, 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. დაკავებული პირებიდან 4 - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებოდნენ. სწორედ საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დააფიქსირეს პროკურატურის შუამდგომლობაზე პოზიცია. ისინი დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას არ დაეთანხმნენ. ადვოკატების თქმით, სასამართლოს დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. იპნ
  7. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას ირაკლი მიმინოშვილი, რომელსაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, უჟანგბადობის, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა. მიმინოშვილმა აღნიშნული მიზეზით სასამართლო დარბაზი დატოვა და მოსამართლემ პროცესი 15 წუთით შეაჩერა. მანამდე, მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. formula news
  8. თხოვნა მექნება, რომელიმე თქვენგანი 5 წუთით აქ დადგეს, აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშიროჟანგს ვსუნთქავთ,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს. ხუსკივაძემ დარბაზი მაინც არ შეცვალა. „ცხოველები ხომ არ ვართ, ადამიანები ვართ",- მიმართა მას კვლავ მიმინოშვილმა. სწორედ მიმინოშვილი გახდა სხდომათა დარბაზში უჰაერობის გამო ცუდად. მისთვის სასამართლოში სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. ადვოკატების თქმით, ექიმის დასკვნით, ის ცუდად სწორედ უჰაერობის გამო გახდა, რის გამოც დარბაზი უნდა შეეცვალათ. „ბატონო მოსამართლე, რატომ გაქვთ ასეთი პრინციპული დამომიდებულება და ასეთი ჯინიანობა რატომ ხდება?!"- მიმართა ერთ-ერთმა ადვომატმა მოსამართლეს. უფლებადამცველების თქმით, ეს დაკავებულების წამებაა და ისინი „ფიქრობენ ჰაერზე და არა არგუმენტებზე". ამასთან, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სხდომათა დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს ბოდიში მოუხადა, ვინაიდან ის შეეშალა და მასზე არასწორი განცხადება გააკეთა. ცოტა ხნის წინ, თუთბერიძემ განაცხადა, რომ დარბაზში, წინა რიგში მყოფი ერთ- ერთი პოლიციელი „ბანდის ორგანიზებული ჯგუფის წევრი და ახალგაზრდებზე მოძალადეა". სწორედ, აღნიშნულის გამო, მოუხადა მას ბოდიში. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. იპნ
  9. მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს, - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა. აღნიშნული განცხადება ზურაბ ცეცხლაძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომა დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო დღეს, საქართველოში აღარ არის, მკვდარია! ფსკერია სასამართლო. მოსამართლე ხუსკივაძე არის ფსკერს ქვევით, მოსამართლე ხუსკივაძე არის უგულო, ცივი, მკვდარი ადამიანი, როგორი სამართალიც არის ამ ქვეყანაში. ასეთი პრეცედენტი დედამიწას არ ახსოვს, მოსამართლემ ერთ პატარა ოთახში გადაწყვიტა ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს. ერთი ის აკლიათ, ე.წ. ტროიკა შექმნან და ხალხი დახვრიტონ ოთახებში, სადარბაზოებში და ა.შ. ეს ხალხი, ეს ქვეყანა, ეს რეჟიმი აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს, რასაც უკეთებენ საკუთარ მოსახლეობას. ტყუილად არ სკანდირებდნენ დღეს, „რევოლუციას“. ესენი ისე გააკეთებენ და ისე მიიყვანენ საქმეს, რომ მიიღებენ რევოლუციას ამ ქვეყანაში და დახვრიტონ და გაანადგურონ საქართველოს მოსახლეობა და დარჩნენ თვითონ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს, მოკლე, პატარა ბანდა, რომელიც დღეს ქვეყანას არაადამიანურად მართავს“-განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. იპნ
  10. რეჟიმი ასე მოქმედებს, მისთვის მიუღებელია ყველა თავისუფალი ადამიანი - ორი გვამის მოთხოვნამდე ორი ნაბიჯი აქვთ დარჩენილი. ამ რეგიონში (საქართველოში) ახალი დიქტატორის აღმოცენებას არავინ შეეგუება ცივილიზებულ სამყაროში. სოფიო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/466211626528910
  11. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია. სასამართლო სხდომაზე მყოფი პირები სკანდირებდნენ - „მონებო“, „რუსებო“, „რევოლუცია“. ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან ხმაურია. ipn
  12. თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, - ამ სიტყვებით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ მიმართა. მან პოზიცია ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ისინი ხუსკივაძის აცილებას ითხოვდნენ. კასრაძემ მოსამართლეს მიმართა, რომ მას არანაირი მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა ეს საქმე განეხილა. „აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით, რადგან მომეცა საშუალება, ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე. თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა. ერთი რაღაც მინდა გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ, როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ არ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ამ ახალგაზრდებში საქართველოს ვხედავ, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით! ეს არანაირ სამართალში არ ჯდება. სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ",- განაცხადა ვეფხია კასრაძემ. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ipn
  13. ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო - ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა. თავად ეს ბიჭები გვაძლევენ ბრძოლის სტიმულს და ენერგიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საერთო გამარჯვებამდე! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
  14. "ახალგაზრდების საპატიმროში დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან პერსონალურად ივანიშვილის ისინი მძევლად ჰყავს აყვანილი" - ამის შესახებ განცხადება "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროპული მომავლის მცველების უკანონოდ დაკავებითა და მათი გისოსებს მიღმა გამოკეტვით ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს. "(ივანიშვილი) ფიქრობს, რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და იქვე ამატებს, რომ მიმდინარე პროცესებმა კარგად გამოააშკარავა, სად დგას სიკეთე, სად ბოროტება. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ. საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. tv pirveli
  15. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. აქტის წარმდგენია „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი, თანაწარმდგენი კი „დემოკრატი“ კონგრესმენი სტივ კოენი. „ამერიკის ხმის“ თანახმად, საკანონმდებლო მაცნეში წერია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შესაბამისად, თუ აქტის რომელი ნაწილი, რომელი კომიტეტის იურისდიქციაში და უფლებამოსილებაში მოექცევა. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომლის ტექსტიც "ამერიკის ხმამ" მოიპოვა, კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა. მედიის თანახმად, აქტის დამტკიცების შემთხვევაში, "ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს". შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“. "ამერიკის ხმას" ექსკლუზიურ ინტერვიუში აქტის სახელწოდების ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა განუცხადა, რომ “ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით". "ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია", - ამბობს კოენი "ამერიკის ხმასთან". ipn
  16. დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 მომიტინგე. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობებს მოსამართლის შესახებ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქეთევან ჯაჭვაძე 1975 წელს თბილისშია დაბადებული. მას სკოლაც თბილისში (#10) აქვს დამთავრებული, თუმცა, ოფიციალური ბიოგრაფიით, სამართალმცოდნეობას საგარეჯოში მდებარე დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტში დაეუფლა. 2006 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ჯაჭვაძემ მოსამართლის კარიერა ჯერ კიდევ ენმ-ის ხელისუფლების დროს დაიწყო. 2007-2009 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში. 2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2017 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. ფართო საზოგადოების ყურადღება მოსამართლემ 2017 წელს მიიქცია, როდესაც ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეს განიხილავდა. ელისო კილაძე ამ მოსამართლის კვალიფიკაციასა და იურისტის დიპლომს ეჭვის ქვეშ აყენებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ 1998 წელს დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ელისო კილაძე კი ამბობს, რომ ეს ინსტიტუტი 1996 წელს დაარსდა, 2 წელიწადში კი ქეთევან ჯაჭვაძე იურისტის დიპლომის აღებას ვერ შეძლებდა, ბაკალავრიატის საფეხურის გავლას მაშინ 5 წელი სჭირდებოდა. რუსთავი 2-თან საუბრისას ელისო კილაძის ადვოკატი ამბობს, რომ ზემოხსენებულ უნივერსიტეტს, რომელიც ახლა აღარ არსებობს და მის შესახებ ცნობები საძიებო სისტემებიდანაც გამქრალია, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მას შემდეგ დაემატა, როდესაც ჯაჭვაძე მეორე კურსზე იყო. “როცა დაამთავრა, თუ ის შეესაბამებოდა, ის აღიარებული იქნა განათლების სამინისტროს მიერ თავის დროზე, ახლა შეიძლება 100 წლის შემდეგ ჰარვარდიც გაუქმდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჰარვარდი ვისაც აქვს დამთავრებული, 100 წლის შემდეგ მოსთხოვო პასუხი. ეს ლოგიკა არის”,- განაცხადა ლევან მურუსიძემ ელისო კილაძის ბრალდებების პასუხად. ლევან მურუსიძე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეა და კლანად წოდებული გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს და წყვეტს, ვინ გახდება მოსამართლე და რამდენი ხნით. ასეთი გავლენისა და კლანის არსებობას ეს მოსამართლეები უარყოფენ. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის” სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 1996 წელია. თუმცა ინსტიტუტის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ინსტიტუტი საგარეჯოში 1991 წელს დაარსდა. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, 2006 წელს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ინსტიტუტი დაიხურა და ბოლო წლებში ვერც აკრედიტაციის გავლა შეძლო. ქეთევან ჯაჭვაძეს სხვა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც აქვს ნამსჯელი. მათ შორის 2019 წელს ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზეც დაკავებულ 4 პირს ქეთევან ჯაჭვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი იმ საქმეზეც გიორგი მუკბანიანი იყო, როგორც დღეს, 11 ბრალდებულის შემთხვევაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის მონაწილე 11 ბრალდებული. დაცვის მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე და პროკურორები (გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა) ამას არ დაეთანხმნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე, რაც სავარაუდოდ არაერთ თვეს ნიშნავს, ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან. სასამართლომ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. პროკურატურა მათ სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც ცნობილია, გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ ორი სხვადასხვა – 6 და 5 -პირიანი სისხლის სამართლის საქმე ერთ სს საქმედ გააერთიანა. რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლოს ვადის გაგრძელების შესახებ და 16 იანვარს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის ახალ თარიღად განსაზღვრა 5 მარტი. netgazeti
  17. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას მოსამართლე არ ჰქვია, ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია დღეს, ამას ყველაფერი ჰქვია სასამართლოს გარდა, ეს არის ცირკი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, ამ თამაშის, შოუს და მაიმუნობამდე გაცემული ბრძანება ,- ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილება, აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაში მდგომარეობს. “ვხედავთ ბრძანებას, რაც აღსრულებაშია მოყვანილი. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ეს უკანონო მთავრობა გადადგეს და დანიშნოს ახალი არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანას დაემსგავსოს. მე-13 წელია ქვეყანა არ გვქვია ჩვენ და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ყველაზე დემოკრატიული და არააგრესიული გამოსავალი აქედან არის არჩევნები”, - განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ. იპნ
  18. "როცა ასეთ საქმეზე პატიმრობას ხელს აწერ, რეალურად საკუთარ განაჩენს აწერ ხელს. რომ დაგაპატიმრონ: 1. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი (მტკიცებულებების ერთობლიობა) რომ ჩაიდინე დანაშაული დ ა 2. სახეზე უნდა იყოს რეციდივის, მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების, ან მიმალვის საფრთხე. ნახეთ რაიმე მტკიცებულება? რეციდივისტები არიან? გარბოდნენ? ვინმეზე ზემოქმედებდნენ? მტკიცებულებას ანადგურებდნენ? ამიტომ არიან ეს ბიჭები ივანიშვილის მძევლები, რომელთა თავისუფლებითაც რეჟიმის დაუსჯელობის გამოვაჭრებას შეეცდება." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
  19. თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! - ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელშ წერს და ეხმაურება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მონობა ცუდად სრულდება“. „ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! კაფკა როგორც სჩანს, არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!“, - წერს სალომე ზურაბიშვლი. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან. იპნ
  20. „6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა, 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა“ — განაცხადა პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისა.ს მან თქვა, რომ თუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, მიმალვას არ აპირებს და გადაადგილების ყველანაირ შეზღუდვას დაეთანხმება, გარდა რუსთაველის გამზირზე მისვლის აკრძალვისა. კიკნაძეს, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად, თქვა, რომ არც ჯგუფურში და არც ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია. თავისი სიტყვის ბოლოს რეზო კიკნაძემ იუბილარ მამას მიმართა: „დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის. მამი, გილოცავ და ბოდიში, რომ ამ უსამშობლო და სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს ყოფნა“. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციებზე დაკავებული 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება განიხილება. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნეტგაზეთი
  21. 14-16 იანვარს საქართველოს ეწვევიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC). ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი PACE-ის მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების ფონზე. „ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს პოლიტიკურ მხარდაჭერად ლეგიტიმაციის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც ისინი ხვდებიან”, — ხაზგასმულია PACE-ის პრესრელიზში. პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების და ინსტიტუტების შესაბამის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. თანამომხსენებლები აპირებენ მოინახულონ რამდენიმე დაკავებული მომიტინგე, „რომელთა ბრალდებამ და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია“. ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს მოითხოვა ვენეციის კომისიის გადაუდებელი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ნეტგაზეთი
  22. ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა, - ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა. ამასთან, დაკავებულმა სასამართლოს საკუთარი თავი წარუდგინა, როგორც "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" "წილის მფლობელი". "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და “დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”... თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ყოფნა რთულია, არავისთვის მარტივი არ არის. არ მაინტერესებს თუ პატიმრობაში დამტოვებთ, ამ ქვეყნისთვის კვდებოდნენ და მეც არ მინდა ვინმეზე ნაკლები გავაკეთო. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა, ასევე არის ფოიერვერკი, კვამლს რომ უშვებს, მაგის პატარა კაფსულა. ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი. ძალიან გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ. რაც შეეხება იმას, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა, 4-დან 6-წლამდე, ანუ ამ ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე. გირაოზეც მინდა გითხრათ, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, რომ დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”,- განაცხადა ცხადაძემ. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ცხადაძემ უპასუხა, რომ „ამ წუთიდან გაითვალისწინებდა“. იპნ
  23. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო მსჯელობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ბრალდებულებისთვის: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი. სასამართლო ამ 11 ბრალდებულის საქმეს ერთ წარმოებად განიხილავს. პროკურატურა შუამდგომლობაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობს როგორც მიმალვის, ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მსუბუქი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში კი ეს საფრთხეები ვერ განეიტრალდება. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა არ გაიზიარეს პროკურატურის არგუმენტაცია. 11 ბრალდებულის ადვოკატებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს პოზიცია როგორც აღკვეთის სახესა და გირაოს ოდენობაზე, ასევე არგუმენტები, რატომ უნდა შეცვალოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს არც მტკიცებულებების განადგურების, არც მიმალვის და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ადვოკატების არგუმენტაციის მიხედვით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება და საქმის შინაარსი უსაფუძვლოა, ასევე არ არსებობს არც ერთი დაზარალებული. სხდომაზე პოზიცია დააფიქსირეს ბრალდებულებმაც. წარდგენილ ბრალდებას არც ერთი არ აღიარებს. წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და 5 მარტს ჩაინიშნა. ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. პუბლიკა
  24. დღეს უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს ჩვენი სესხიდან, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაიფარება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ამიტომ ამის ფასი მან უნდა გადაიხადოს. „ეს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას და გაათავისუფლებს უკრაინის ფულს თავდაცვისთვის“, - წერს კაია კალასი. იპნ
  25. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ადვოკატებს აცილების მოთხოვნის ორი საფუძველი ჰქონდათ. ჯაჭვაძის თქმით, მოსამართლის ხმის ტემბრის ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს არ მოეწონა, აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა. ასევე, მან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა საგამოძიებო პერიოდის გახანგრძლივების თაობაზე. ადვოკატ მიგინეიშვილის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ. უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ჯაჭვაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება. როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია. მიგინეიშვილის განმარტებით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გააჟღერა და რეპლიკის უფლებით ისარგებლა. ადვოკატ ომარ ფურცელაძის განმარტებით, ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, წინმსწრებად გამოაცხადა საკუთარი პოზიცია. ფურცელაძის თქმით, მოსამართლემ "საკუთარი თავი კრიტიკულ ჩიხში თავად შეიყვანა". აღნიშნულთან დაკავშირებით ქეთევან ჯაჭვაძემ განმარტა, რომ კითხვაზე პასუხს თავად ადვოკატები ითხოვდნენ, თუ რატომ გაგრძელდა საგამოძიებო ვადა. დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მცირე რეპლიკით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ. "ძალიან უცნაური პროცესია.... ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს", - განაცხადა ჭიჭინაძემ. ipn
×
×
  • შექმენი...