Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უნდა ითქვას, რომ „გავრილოვის ღამეს“, ერთი მხრივ, ლეგიტიმური პროტესტი იყო და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაც ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ იყო სისტემური ძალადობის შემთხვევა. [რაც შეეხება მერაბიშვილს], 2007 წელს სააკაშვილი ეშმაკურად გადადგა და ხელახალი მანდატი მიიღო. ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა პროცესმა ვითარება განმუხტა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას და მმართველი გუნდის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ფავორიტი პერსონები არიან. რაც შეეხება „ქართული ოცების“ ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის დასანქცირებას, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, "მაგნიცკის სია", რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მოხვდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს, ხელისუფლება კი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს განზრახ ცდილობს. „მაგნიცკის სია“, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა არის შეყვანილი, დამაზიანებელია. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ევროინტეგრაცია არ ანაღვლებს და ამ პროცესის საბოტაჟი ხდება. მეორეს მხრივ, არც ის შეზღუდვები უნდათ, რომლებიც მათ და მათი ოჯახის წევრებს ეკისრებათ. არასასიამოვნოა, რომ „ფაქტობრივი მმართველი“, რომელიც დიდი გამარჯვებებითა და დემოკრატიული ახალი ტალღის დაპირებებით მოვიდა 2012 წელს ხელისუფლებაში, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებული გახდა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ასევე, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც „გლობალური ომის პარტიის“ მიზნებსა და „დიფ სთეითის“ „მეტასტაზებზეა“ საუბარი, ცქიტიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ „გლობალური ომის პარტიის“ თეორიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი „ტყვეობაში“ აიყვანა. „ისინი მითოლოგიურ პროცესში გვაცხოვრებენ. ეს არის საბჭოთა სპეცსამსახურების მეთოდოლოგია, „ქართულმა ოცნებამ“ ომის განახლების საფრთხე საიდანაც მოდიოდა, მას მეგობარი დაარქვა და ისინი, ვინც 2008 წელს უზრუნველყო, რომ კიდევ უფრო დიდი არ ყოფილიყო ოკუპაცია და ანექსია, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მანიპულირებად ჯგუფებად მოიხსენია. ხელისუფლების ამ რამდენიმეწლიანმა კამპანიამ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი „ტყვეობაში“ აიყვანა. „ქართული ოცნების“ გამაერთიანებელი მატერიალური კეთილდღეობაა და ეს სანქციებიც მათ კეთილდღეობას ურტყამს. კარგი იქნებოდა ამ სანქციების შემდეგ დაეკორექტირებინათ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. 20 იანვარიც მოდის და არაფერიც არ შეიცვლება და მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ქვეშ მოექცა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. პოლიტიკოსი, ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერებაზე საუბრობს. ცქიტიშვილის თქმით, რუსეთი ახალი ჰიბრიდული ომის მეთოდებზე გადავიდა, რისი გამოყენების საშუალებაც ევროპაში არ გამოუვიდა, თუმცა საქართველოში, ხელისუფლებამ ამის უფლება მისცა. „ფაქტია, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის ახალ მეთოდებს იყენებს. ამგვარ პროცესებს ჩვენ ევროპაშიც ვხედავთ, თუმცა საქართველოში ხელისუფლებამ რუსეთს ამის უფლება მისცა. საქართველოში ახალ არჩევნებს რაც შეეხება, როგორც ეს ევროპულ რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, „ქართული ოცნებამ“ კარგად იცის, რომ იმავე რესურს ვეღარ გამოიყენებს, რაც მაშინ არჩევნებში გამოიყენა. რეალურად მათ აქვთ შიში, რომ ისინი არჩევნებს ვეღარ მოიგნებენ. რეალურ აქციებმა ხელისუფლება ჩიხში შეიყვანა, ამასთან გამკლავება ძალით შეუძლებელია და თანმდევი კრიზისების ფონზე მათ დათმობაზე წასვლა მოუწევთ, ეს კი ქართული საზოგადოების ჯიუტმა პროტესტმა გამოიწვია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ipn
  2. აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. კერძოდ, სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს შეეხო „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო”. „მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობების თანახმად, აორგანიზებდა სქემებს, რომელთა მიზანიც უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე კონტროლის მოპოვება იყო. მინისტრმა როგანმა ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა უნგრეთში უფრო ფართო დაუსჯელობის კლიმატის სიმბოლოა, სადაც სახელმწიფოს საკვანძო ელემენტები ოლიგარქებმა და არადემოკრატიულმა აქტორებმა მიიტაცეს. დღევანდელი გადაწყვეტილება „კორუფციის წინააღმდეგ აშშ-ის სტრატეგიის” იმპლემენტაციას ახდენს, რაც სახელმწიფოს მიტაცებას შეშფოთების სპეციფიკურ ტიპოლოგიად აიდენტიფიცირებს. შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი აქვს ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობასა და უწყვეტობაში, ისევე როგორც გლობალურად დემოკრატიის დაცვაში. ამ დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში. ვაგრძელებთ უნგრეთის ლიდერებისთვის მოწოდებას, კორუფციას პასუხი გასცენ პროაქტიულად, ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ. უფრო გამჭვირვალე უნგრეთი წვლილს შეიტანს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსსა და უფრო წარმატებულ ევროპაში“, - ნათქვამია მილერის განცხადებაში. იპნ
  3. სოციალური ქსელების გიგანტი Meta ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და X-ის მსგავს „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის. ამის შესახებ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის გარშემო. ჩვენ ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს Community Notes-ით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების შემცირებაზე“, — თქვა მარკ ცუკერბერგმა. ცვლილება გავლენას მოახდენს Meta-ს პლატფორმებზე (Facebook, Instagram და Threads) თავდაპირველად შეერთებულ შტატებში. კომპანია ასევე უკუაგდებს პოლიტიკური თემების ხილვადობის შემცირების პოლიტიკას. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პირველად არჩევის შემდეგ ტრადიციული მედია სულ საუბრობდა დეზინფორმაციის საფრთხეებზე, რამაც კომპანიას უბიძგა ამ შეშფოთებებისთვის კომპლექსური მიდგომით ეპასუხა, თუმცა „რაც მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, გამოიყენებოდა მოსაზრებებისა და განსხვავებული იდეების მატარებელი ადამიანების ჩასახშობად“. ცუკერბერგის თქმით, „ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა“ და ცენზურის სახე მიიღო. „ფაქტების შემმოწმებლები პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით აშშ-ში“, — დასძინა მარკ ცუკერბერგმა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშშ-ის რესპუბლიკური პარტია ადანაშაულებდა სოციალური მედიის კომპანიებს ცენზურის დაწესებაში. ახლა ცუკერბერგი ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან და ტრამპის მოკავშირე დანა უაითი დანიშნა „მეტას“ საბჭოში. ასევე განაცხადა, რომ ის 1 მილიონ დოლარს შესწირავს ტრამპის საინაუგურაციო ფონდს. ილომ მასკმა Twitter-ის შეძენის შემდეგ მკვეთრად შეცვალა პლატფორმის მოდერაციის პოლიტიკა, რამაც X-ზე პოლიტიკური შინაარსის დიდწილად ცენზურისგან თავისუფლად გავრცელების საშუალება მისცა. X-ზე ფუნქციონირებს არა ფაქტების შემმოწმებლების, არამედ მომხმარებლის მიერ გენერირებული Community Notes, რომელიც პოსტის დეზინფორმაციად ეტიკეტირების საშუალებას იძლევა. ახლა მსგავს პროგრამის გამოყენებას გეგმავს „მეტაც“. თუმცა X-ზე მომხმარებლების მიერ მასალის დეზინფორმაციად მონიშვნის პროგრამა ფუნქციონირებს. სისტემები ახლა ორიენტირებული იქნება მხოლოდ უკანონო და „მაღალი სიმძიმის“ დარღვევების შემოწმებაზე, როგორიცაა ტერორიზმი, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკები, თაღლითობა და თაღლითობა. სხვა შეშფოთება მომხმარებლებმა უნდა შეატყობინონ, სანამ კომპანია მათ შეაფასებს. „მეტამ“ ფაქტების გადამოწმების პროგრამა 2016 წელს წარმოადგინა, როგორც დეზინფორმაციის შეკავების მცდელობის ნაწილი. ამ მიზნით Meta მესამე მხარესთან — ძირითადად, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის და ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ სერტიფიცირებულ ფაქტების გადამმოწმებლებთან თანამშრომლობდა. 2023 წლისთვის „მეტას“ ფაქტების შემოწმების პროგრამა მოიცავდა თითქმის 100 ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ 60-ზე მეტ ენაზე გლობალურად. საქართველოში Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორები არიან „ფაქტ-მეტრი“ და „მითების დეტექტორი” არიან. ნეტგაზეთი
  4. პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აგზავნის. TV პირველისთვის გაგზავნილ წერილში ის აღწერს მისი დაკავების დღეს – “ყველაზე საშინელი დღე ჩემთვის”. ის, ასევე, ჰყვება სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლე მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “ჩემი დაკავება, რეალურად, მოხდა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირდაპირ გასატარებელი ავტომატების წინ, მაგრამ მათ გააყალბეს ოქმები და ჩაწერეს, ვითომდა დამაკავეს ლისზე. ანუ ადგილზე, სადაც ცხოვრებაში ერთხელაც არ ვყოფილვარ იქამდე. ლისზე რომ ვიყავით ეგეც მათი საუბრიდან გავიგე. მთელი რვა საათის მანძილზე რატომღაც ყოველ წუთას მიმითითებდნენ მუქარით და შანტაჟით, რომ ვიღაც არ არსებული ორგანიზატორები დამეწერა, გვარებიც თავად მითხრეს გვარამია, ჯაფარიძე და ხოშტარია ჩაწერე, თითქოს ფულს გიხდიდნენ დღეში ხუთას ლარში, ფეიერვერკებს გირიგებდნენ და წინ დგომას და რაღაცების სროლას გავალებდნენ. თან ამას ყველა სათითაოდ გავალებდა. ჯერ პირველად თავში წამომარტყეს, ალბათ მანიშნეს ყველაფრის გამკეთებლები ვართო, მერე ლისზე ჩემზე ლაპარაკობდნენ, აი, ვთხრით უკვე ტრაქტორით ორმოს, ცოტა ხანში მზად იქნება და თუ არ დაწერს ჩავმარხავთ ცოცხლადო. ყველაზე შოკი იყო კრიმინალური პოლიციის შენობაში რაებს მეძახდნენ და როგორ მამუშავებდნენ. სახლის ჩხრეკის მერე იმითაც დამაშინეს, აი, თოფი ვნახეთ შენთან და თუ არ დაწერს სამუდამოდ ჩაგალპობთო. ბოთლზე და ე.წ. “კლიზმაზე” დასმითაც დამემუქრნენ. მერე კარგი პოლიციელის თამაშიც სცადეს და “ახალგაზრდა ბიჭი არ ხარ, გვარამიას გამო რატომ ინგრევ ცხოვრებას, მიდი, დაწერე შენი რა მიდისო”. ჩემი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი როცა გამხადეს და დედამ ყვითელი ბოტასები შემომიგზავნა, რატომღაც მანდაც ბულინგის მსხვერპლი გავხდი, სიტყვა სიტყვით ეს მითხრეს: “ეს პიდარასტული ფერი რატო გაცვია, გვარამიამ გიყიდა, პიდარასტი ხარ ბიჭო?” – და ერთად იცინოდნენ. მე კი ყველაზე მეტად ის მეწყინა, როცა მკითხეს ტელევიზორს უყურებს და მეთქი არა, ფილმები და ამერიკული სერიალები მაქვს სულ ჩართული-მეთქი და ზუსტად ასე მითხრა: “ეს გაუნათლებელი ნახე რა, სერიალებს უყურებს და ქვეყანაში რა ხდება არ აინტერესებდა”. დებილად მოვინათლე იმის გამო, რომ ტვ იმედს არ ვუყურებ. ქვეყანაში რა ხდება, იმას პირადად ლაივში ვიგებ, ტვ იმედის კოსმოსიდან გადაღებული დრონიდან არა. მთელი ეს რვა საათი ბორკილები მედო ხელებზე და არც ტუალეტში მიშვებდნენ. კრიმპოლის ყველა თანამშრომელი კი კვლავ ცალ-ცალკე აგრძელებდა ერთი და იგივე შეურაცხყოფის მიყენების და მუქარას მათ რაც სურდათ იმის ჩაწერაზე. ასე გამოფიტული არასდროს ვყოფილვარ. ყველაზე საშინელი დღეა ჩემთვის. საინტერესო ფაქტი – კრიმინალური პოლიციის შენობაში უფრო მეტი ბოროტმოქმედი და დამნაშავე ვნახე ნახევარ დღეში, ვიდრე ციხეში ერთ თვეში. თავს დასჯილად არც ვთვლი, პირიქით, “ამას პატივად მივიღებ და ისე ვატარებ” ( სერსეის სიტყვებია რობერტ ბარათეონის მიერ დარტყმული სილაზე და ზუსტად ერგება ჩემს ახლანდელ მდგომარეობას) – მადლობა დაფასებისთვის და კარგი ხალხის გაცნობის ახალი შესაძლებლობისთვის […] [სასამართლო] უბრალოდ ცირკი იყო, მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა მითითება მიღებული. რა უნდა ეთქვა ბოლოს და სულ არ აინტერესებდა ჩვენ რას ვეტყოდით, მგონი არც გვისმენდა. არადა ჩემმა ადვოკატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ თუნდაც თავდებით მაინც გამოვიყვანე, სასამართლოზე ყველაზე მეტად აქტიურობდა, ფაქტების ზვინი დაუდგა თუ რატომ არ ვიყავი არადა გამქცევი ან მომავალში რაიმე დანაშაულის ჩამდენი თუ შემდეგ სასამართლომდე გარეთ გამომიშვებდნენ, მაგრამ არსაიდან ხმა არსით ძახილი. ჩანს, ბიძინასი უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე უფლის”, – წერს კიკნაძე. მისი თქმით, აქციაზე იდგა იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა და აპირებს, მომავალშიც ასე გააგრძელოს. “ყოველთვის იქ ვდგავარ, ჩემს ქვეყანას სადაც სჭირდება. ყველა აქციაზე ვიდექი ახლაც, მაისშიც და იქამდეც, არც ახლა ვაპირებდი დღის ჩაგდებას. გული ვერ ძლებს სხვაგან, როცა მთელი ქვეყანა გადარჩენისთვის, რუსეთის კლანჭებიდან თავის გახსნისთვის იბრძვის. არ შეიძლება, 16 წელი ერთი პარტია მართავდეს ქვეყანას, არ შეიძლება, იმას აკეთებდე და აცხადებდე, რაც შენს ყველაზე დიდ მტერს, რუსეთს მოსწონს, არ შეიძლება ხალხზე ძალადობას, ქუჩაში ბავშვების და ქალების ცემას მწვანე შუქს უნთებდე… ამ კითხვას ერთი სტრიქონითაც გავცემდი პასუხს: “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა”. […] ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სულ რომ ვერ იზეიმოს სამართალმა მაინც არაფერი სჯობს იმ შეგრძნებას, როდესაც სიმართლის მხარეს იბრძვი. ერთად ყველაზე მეტნი ვართ!!! გავიმარჯვებთ სახელოვნად! ყველას ვისაც სამშობლოსთვის გული შეგტკივათ და ღამეებს ათენებთ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში, გილოცავთ შობას და ახალ წელს, შემდეგ შობას მაინც გვეცხოვროს თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში. მიყვარხართ”, – ვკითხულობთ TV პირველის მიერ გავრცელებულ წერილში. რეზო კიკნაძეს დღეს დაბადების დღე აქვს. 27 წელი მას ციხეში შეუსრულდა. ამავე თემაზე: სია | რა ვიცით აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 44 პირზე ნეტგაზეთი
  5. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა. მიზეზი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნაა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს. „ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ, 8, 9, 20, 21/01 „მე გადმოვცურავ ზღვას"; 13 / 01 " ალუბლის ბაღი"; 22 /01 „მეფე ლირი" გაუქმდა. ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე TKT.GE ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი ) გილოცავთ შობას. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იპნ
  6. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! დღევანდელი დღე, როგორც სიყვარულისა და სიხარულის სიმბოლო, განსაკუთრებული იმედია თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო! გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  7. კიდევ ერთი მოქალაქე, თათია უდესიანი წერს, რომ ათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. მისი თქმით, მოტივი მხოლოდ ისაა, რომ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერია – „იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება“. უდესიანი წერს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში „სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით“, 31 დეკემბრის ღამეს აცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს მასთან შრომით ურთიერთობას. კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი. დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს. საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იურიდიულ დახმარებას ამ ეტაპზე 66 გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს უწევს. პუბლიკა
  8. პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა. “შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა. საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი. საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა. დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა. ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება. ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გამოძიების ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის. დაცვის მხარის პოზიციას შუამდგომლობის შესახებ ხვალ წარვადგენთ”, – აცხადებს ადვოკატი. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდების მუხლითაა დაკავებული. ნეტგაზეთი
  9. არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა. „პრეზიდენტი ზურაბიშვილი განასახიერებს პოლიტიკურ სიმამაცეს და კისინჯერის სტიპენდიის სახელმწიფოებრიობის იდეალებს“, — განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა. კისინჯერის სტიპენდია მხარს უჭერს მაკკეინის ინსტიტუტის პერსონაჟებზე ორიენტირებული ლიდერობის პროგრამების ძირითად ღირებულებებს და ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ლიდერების სტრატეგიული უნარების განვითარებაზე. „მაკკეინის ინსტიტუტმა დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერ სტიპენდიად გამოაცხადა. ამ სტიპენდიის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასატარებლად მის ქვეყანაში“, — წერს მაკკეინის ინსტიტუტი. მაკკეინის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ზურაბიშვილი მტკიცედ იცავდა საქართველოს გზას ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციისკენ და მხარს უჭერდა დემოკრატიულ რეფორმებს და იბრძოდა ავტოკრატიის წინააღმდეგ. მაკკეინის ინსტიტუტის თანახმად, 14 დეკემბერს პარლამენტმა, რომელიც უკანონოდ შეიკრიბა არჩევნების გაყალბებისა და პრეზიდენტის მხარდაჭერის გამო, მონაწილეობა მიიღო ახალი პრეზიდენტის, „ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი ფეხბურთელის“ მიხეილ ყაველაშვილის არჩევაში. დემოკრატიის აქტივისტებმა ეს პროცესი უკანონოდ გამოაცხადეს და პროტესტი განაგრძეს. „ზურაბიშვილმა უარი თქვა გადადგომაზე და აღწერს თავისი ქვეყნის უკანონო ხელში ჩაგდებას. მაკკეინისა და კისინჯერის მსგავსად, ის განასახიერებს მტკიცე სახელმწიფოებრიობას და თავისი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვას. სენატორი მაკკეინი სოლიდარობას უცხადებდა ქართველებს რუსეთის 2008 წლის შემოჭრის წინააღმდეგ; როგორც კისინჯერის თანამშრომელი, ზურაბიშვილი გააგრძელებს პრინციპული, სტრატეგიული ლიდერობის ტრადიციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ბრძოლის ველზე“, — ნათქვამია მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებაში. ნეტგაზეთი
  10. მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. „მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. ამის რეალობად ქცევის მიზნით დონალდ ტრამპთან ერთად მის მუშაობას მოუთმენლად ველი“, - წერს ჯო უილსონი. იპნ
  11. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტოარიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  12. ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. მინდა პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. შემიძლია რუმინეთზეც ვისაუბრო, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რუსეთი საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. იპნ
  13. ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა. პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან შკოდას მარკის ავტომობილით მგზავრობდა. პოლიცია ეძებს მსხვერპლ მამაკაცსაც, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე ასევე უცნობია. ქალის ნათესავებზე დაყრდნობით, ტურისტი ქალის მონაყოლს და თავდასხმის შესახებ დეტალებს ავრცელებს რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი. „თეთნულდისკენ მივდიოდით, თოვა დაიწყო. გვირაბის გავლის შემდეგ გავჩერდით, რომ გვეყურებინა, როგორ თოვდა და ვიდეო გადავიღეთ. თავიდან გვერდით ჩაგვიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. ვუთხარით, რომ არა, მადლობა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებთო და წავიდნენ. ამის შემდეგ გავუსწარით კიდეც. გზის პირას იყვნენ გაჩერებულები. გზად თოვლში ჩარჩენილი მანქანა შეგვხვდა და ვიწიამ ტროსით ამოიყვანა. ამ დროს ჩაგვიარა თეთრმა სუბარუმ და არ გაჩერებულა. როდესაც ვიწიამ შორიდან დაინახა, რომ შუა გზაზე იყვნენ გაჩერებულები, მთხოვა, მანქანის სათავსო უჯრიდან დანა ამომეღო და მისთვის მიმეცა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა მათ, რა მოხდაო. იმათ „ნასოსი“ სთხოვეს. ამოიღო და მისცა. მერე რაღაც კონფლიქტი დაიწყო. ეუბნებოდნენ, ტელეფონები მოგვეცი, სურათები რატომ გადაგვიღეო. ერთი მანქანაში შემოძვრა და ვიწიას ერთი ტელეფონი აიღო. ვიწიამ სთხოვა, რომ მე არ შემხებოდნენ. ისევ შემოძვრა და მეორე ტელეფონიც აიღო. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე მარტო ვიქტორის ხმა მესმოდა, რომ ეუბნებოდა, არ შემეხოო. მერე ორი გასროლა იყო, ვერ დავინახე ვინ ისროლა და ვერც ვიქტორი დავინახე. პისტოლეტით მომიახლოვდა, დამიმიზნა და ტელეფონი მომეციო. აღარ დაიცადა, ორივე ჩაჯდა ჩვენს მანქანაში და პირდაპირ წავიდნენ. მერე ის, რომელიც უკან იჯდა, გადავიდა. პირდაპირ სვლა გავაგრძელეთ. მოგვიახლოვდა სუბარუ. ჩვენს მანქანაში საჭესთან რომელიც იჯდა, მოტრიალდა, გადავიდა და სუბარუში ჩაჯდა. წავიდნენ. აქედან 10 წუთში დავრეკე 112-ზე. მოვასწარი ამეხსნა, რომ მესტიამდე დაახლოებით ერთ საათამდე გზა იყო დარჩენილი, მანქანის ნომერი ვუთხარი და ყველაფერი ავუხსენი. მანქანა შიგნიდან ჩავკეტე, ისინი დაბრუნდნენ და მანქანის შუშის ლეწვა დაიწყეს. კარი გავაღე, მითხრა, რომ გადავმჯდარიყავი. გადავჯექი და დავიძარით. ვუთხარი, რომ გავეშვით და ნუ დაგვხოცავდნენ. მითხრა, არავინ აპირებს თქვენს მოკვლასო. მივედით გორამდე, რომელზე ასვლაც უნდოდათ. შკოდათი ვერ შეძლო, სუბარუ უკვე წინ იყო. უკან დაიხია, ჩვენს მანქანაში ვინც იჯდა, სუბარუში გადაჯდა და წავიდნენ. ტელეფონი ამოვიღე და კიდევ ერთხელ დავრეკე 112-ზე. ორი გამვლელი მანქანა გავაჩერე. მერე მოვიდა პოლიცია. პიკაპები მაშინვე წავიდნენ იქით და ყველაფერი ამ დრომდე გრძელდება. იმავე ისტორიას ვისმენ გამომძიებლებისგან“, — ასეთია ტურისტი ქალის ნაამბობი რომელსაც თავს დაესხნენ და მხლებელი მამაკაცის შესახებ, მანაც ამ დრომდე არაფერი იცის. შემთხვევა 4-5 იანვრის ღამეს მოხდა. დაკარგული ტურისტი მამაკაცი ვიქტორ სოლოვიოვია. წყვილის მანქანა მესტიაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ნეტგაზეთი
  14. არ მსურს ბანალური აზრების გამოთქმა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, - ტელეარხ FREEDOM-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იდგა, რუსეთისკენ ტრიალდება. „მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მთლიანად რუსეთისკენ ტრიალდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტი და აფხაზეთის საკითხი, როგორც ჩვენ გვაქვს დონბასი, მას ბოევიკები აკონტროლებენ და საქართველოს ძალიან ლამაზი ნაწილი, უბრალოდ ჩამკვდარია. გაყინული კონფლიქტის საკითხი კი არის ის, როდესაც ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში არ იღებენ და ამას აკეთებს პუტინი. მან შეაბრუნა საქართველო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. იპნ
  15. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზებზე აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. იპნ
  16. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. იპნ
  17. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები. „ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“- წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. "დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა X-ზე. ipn
  18. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია. მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილით, „წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ”, არის აღძრული. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 30 დეკემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე „დეზერტირის დასახმარებლად გადავიდნენ“. მათი მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე, გვარად მამარდაშვილი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა, რაშიც მამულია და ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. ამავე განცხადებით მიხედვით, მამარდაშვილი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა. სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა. 26-ში გავრცელებული განცხადებით მიხედვით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.” publika
  19. მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს. „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმას მიმართავს, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გადახედოს. „ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, ვშიშობ, გარდაუვალია, რომ „ქართული ოცნება“ არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს“, - აღნიშნულია წერილში. ipn
  20. დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს. „ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა. იპნ
  21. ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი. დიდი ბრიტანეთის სახელით, მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებსა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას” - აცხადებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი. იპნ
  22. ეს არის უდროო ვიზიტი, რომელსაც ნეგატიური გამოხმაურება აქვს თვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან. ახლა პოლიტიკური ექსპერიმენტების დრო არ არის, მეტი მკაფიოობაა საჭირო ევროპული ინსტიტუციების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3861672700816954
  23. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დამატებითი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. პუბლიკა
  24. გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა. ტელეგრამ არხის “აიაშარას” ცნობით, დაღუპული ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. netgazeti
  25. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ინტერვიუ ამჯერად „რადიო თავისუფლებას“ მისცა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების და უწყების მართვის სისტემის შესახებ. შაიშმელაშვილმა უპასუხა „ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ქართული პოლიცია აქციებს ევროპულ და ამერიკულ პოლიციაზე მაღალი სტანდარტით არბევს. თბილისში პროევროპული მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და სხვა ლიდერებმა არაერთხელ ახსენეს საფრანგეთსა და გერმანიაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები. ირაკლი შაიშმელაშვილი განმარტავს, რა განსხვავებაა ევროპულ და ქართულ სისტემას შორის. მისი თქმით, 2022 წლიდან განსაკუთრებით გაიზარდა დეზინფორმაციული ნარატივების ნაკადი. მისი სიტყვებით, „შიდა სამზარეულოში“ ანუ სამინისტროში „მომატებულად ხდება დასავლეთის მიმართ ზიზღის და აგრესიის გამოვლინება“, განსაკუთრებით, „გარყვნილების და ლგბტ პროპაგანდის ნარატივებით“, დეზინფორმაციასთან არგუმენტებით დაპირისპირება კი მათში აგრესიას იწვევს. ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ დღეს მიიღეს გაცილებით მახინჯი სისტემა, ვიდრე 2012 წლამდე იყო. შეკითხვაზე, აქციაზე გასულ სპეცრაზმელთა რა ნაწილი შეიძლება იყოს დეზინფორმაციის მსხვერპლი, შაიშმელაშვილი პასუხობს, რომ 99%. „პუბლიკა“ დაუკავშირდება შსს-საც და იმ შემთხვევაში, თუ უწყება ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებებს უპასუხებს, მასალა განახლდება და პასუხი საინფორმაციო არხებით გავრცელდება. publika
×
×
  • შექმენი...