Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. შალვა ამირანაშვილი (1899-1975) http://s48.radikal.ru/i119/0902/8b/37c3032fc68f.jpg მეცნიერი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი. თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (პირველი გამოშვება), უნივერსიტეტმა მოსკოვსა და პეტროგრადში ხელოვნების საფუძვლების დასაუფლებლად წარგზავნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1945 წელს მივლინებული იყო პარიზში საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ გატანილი განძის დასაბრუნებლად. შალვა ამირანაშვილი იკვლევდა არქიტექტურას, კედლის მხატვრობას, მინიატურას, ჭედურ ხელოვნებას, დაინტერესებული იყო თანამედროვე მხატვრობით. მუშაობდა აგრეთვე ბიზანტიური, რუსული და ირანული ხელოვნების დარგებში. შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი "ქართული ხელოვნების ისტორია". დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  2. ელეფთერ ანდრონიკაშვილი (1910-1989) http://s59.radikal.ru/i164/0902/7b/5b6c4a2e9556.jpg ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტისა და საზოგადო მოღვაწის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშობა დაიწყო აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ცაგი). 1934-1945 წლებში ასწავლიდა თსუ-ში, 1948 წლიდან პროფესორია. ამავე წლიდან ხელმღვანელობდა უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას. 1951 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში ქართველ ფიზიკოსს რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა ეკუთვნის. 1952 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.
  3. ლუარსაბ ანდრონიკაშვილი (1871-1939) http://i012.radikal.ru/0902/0a/80e512285d21.jpg მეცნიერი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი. უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სწავლობდა ფილოსოფიას ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. 1899 წელს შევიდა რუსეთის ადვოკატურაში. იყო "პოლიტიკურ დამცველთა" ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მონაწილეობდა ისტორიული მნიშვნელობის ასზე მეტ პოლიტიკურ სასამართლო პროცესში. იცავდა შეიარაღებულ აჯანყებათა და დემონსტრაციათა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. 1917 წლის აპრილში დროებითმა მთავრობამ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი სენატორად დანიშნა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვსა და ტულაში. კითხულობდა ახალი ფილოსოფიისა და სასამართლო მჭევრმეტყველების კურსს. 1921 წლის დამლევს თბილისში დასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული განათლების ჩასახვა და განვითარება საქართველოში. თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის ზოგად თეორიას, სამოქალაქო სამართალს, სისხლის სამართალს და სხვა იურიდიულ დისციპლინებს. მანვე შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი - დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. სიცოცხლის ბოლოს იყო სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე და სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი. ანდრონიკაშვილი მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. საბჭოთა მთავრობამ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი აშშ-ში წარგზავნა უცხოური (ჰარიმანის) კონცესიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პასუხსაგები დავალებით (1930-1931), რომელიც წარმატებით შეასრულა. აღსანიშნავია ანდრონიკაშვილის საჯარო გამოსვლები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.
  4. ანთიმოზ ივერიელი (დაახლ. 1650-1716) რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე. განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი, მხატვარი, ვლახეთის მიტროპოლიტი. ოსმალების მიერ გატაცებული, სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა და განათლება მისცა. ანთიმოზ ივერიელმა იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. XVII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მიიწვია ვლახეთის მთავარმა. ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინეთის კულტურის აღორძინების საქმეს, დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში. სხვადასხვა ქალაქში დაარსა სტამბა, სადაც 25 წელიწადში 64 წიგნი დაბეჭდა. ამ წიგნებს თვითონვე ამკობდა ილუსტრაციებითა და მინიატურებით. მის სახელთანაა დაკავშირებული ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება. ანთიმოზ ივერიელი ავტორია რამდენიმე ორიგინალური თხზულებისა, მათ შორის აღსანიშნავია "ქადაგებანი". ბუქარესტში ააგო მონასტერი, რომელის მთავარი კარი და სარკმელები თვითონ მოაჩუქურთმა. ამ ორნამენტებში ქართული მოტივები შერწყმულია რუმინულთან და დღემდე რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის წყალობით რუმინეთი გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, მის სახელთანაა დაკავშირებული 1709 წელს თბილისში პირველი სტამბის დაარსება, სადაც იმავე წელს დაიბეჭდა "სახარება", შემდეგ კი "ვეფხისტყაოსანი". მკაფიოდ გამოხატული ანტიოსმალური ორიენტაციის გამო ანთიმოზს რუმინეთის მთავარი დაუპირისპირდა. იგი შეიპყრეს, სასულიერო ღირსება აჰყარეს და სამუდამო ექსორია (გადასახლება) მიუსაჯეს სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში, მაგრამ ანთიმოზ ივერიელი გზაში მოკლეს და მდინარეში გადააგდეს. 1992 წლის 21 ივნისს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 27 სექტემბერი დააწესა.
  5. ანტონ I (1720-1788) http://s50.radikal.ru/i130/0902/bf/c04c683473e2.jpg საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მწერალი, მეცნიერი. იზრდებოდა თელავის სასახლეში ბიძაშვილთან, ერეკლე მეორესთან ერთად. მიიღო საფუძვლიანი განათლება, ემზადებოდა საერო კარიერისთვის. დანიშნული იყო გივი ამილახვრის ასულზე, მაგრამ თამაზ-ხანმა საცოლე წაართვა. თავზარდაცემული ეკლესიას შეეფარა და 18 წლის გელათში ბერად აღიკვეცა ანტონის სახელით. 24 წლისა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ანტონ I-მა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის, მეფისა და კათოლიკოსის ძალაუფლების განსამტკიცებლად დაიწყო ზრუნვა. აღადგინა გაპარტახებული ეკლესია-მონასტრები, გაილაშქრა სომეხ მონოფიზიტთა შემოტევის წინააღმდეგ, მოაწესრიგა სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმე, შემოიკრიბა საქმიანი, განათლებული და ხელოვანი ადამიანები. ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამ ურთიერთობით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც სამეფო კარის მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა. ანტონ I-ს გაკათოლიკება დასწამეს და "მწვალებლად" აღიარეს, მცხეთის საგანგებო კრებამ იგი კათოლიკოსობიდან გადააყენა. ანტონი რუსეთს გაემგზავრა და ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი გახდა. რუსეთიდან ერეკლე II-მ დააბრუნა და კვლავ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ანტონ I ყველანაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიის განვითარებას. ერეკლეს დახმარებით დაბალი სასწავლებლები სახელმწიფო ტიპის სკოლებად გარდაქმნა, შეიმუშავა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტი. თვითონ მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენას. წიგნში "ქართული ღრამმატიკა" განსაცვიფრებელი ენობრივი ინტუიცით ამჩნევს ქართული ენის მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში. მყარ მეცნიერულ ნიადაგზე დააყენა ფილოსოფიური აზროვნება. თხზულებებში "მზამეტყველება" და "წყობილსიტყვაობა" განხილულია ფილოსოფიური-თეოლოგიური საკითხები. მნიშვნელოვანია ანტონ I-ის ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა, ისტორიული ნაშრომები.
  6. იური (გიორგი) ანუა (1934-1993) იპოდიაკონი გიორგი, კომანის ტაძრის აღმდგენელი და ქომაგი. აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღესრულა მამა ანდრიასთან ერთად. იური ანუა დაიბადა ოჩამჩირეში. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ტექნიკური ინსტიტუტი. იური სხვადასხვა დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ავტორია სამი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტისა. იური ანუამ ოჯახთან ერთად, საკუთარი სახსრებით აღადგინა წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის V საუკუნის ტაძარი, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული. 1990 წელს წმინდა იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კომანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა და იური ანუას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა. აფხაზეთის ომის დროს იური ანუა ოჯახთან და მამა ანდრიასთან ერთად კომანის მთებში დარჩა. 1993 წლის 5 ივლისს იპოდიაკონი გიორგი მოწამეობრივად აღესრულა ეკლესიის მახლობლად, წმინდა ვასილისკოს სასწაულმოქმედ წყაროსთან.
  7. ვერიკო ანჯაფარიძე (1900-1987) http://i003.radikal.ru/0902/2b/1dce64f5cd79.jpg მსახიობი. საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სამი სახელმწიფო პრემიის, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვისა და თბილისის დრამატულ სტუდიებში. 1920 წლის უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა. შემდეგ მარჯანიშვილს გაჰყვა ქუთაისში და იქ შექმნა დაუვიწყარი სახე ივდითი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"). ერთი წელი მუშაობდა მოსკოვის "რეალისტურ თეატრში". 1933 წელს დაბრუნდა თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში და სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ვერიკო ანჯაფარიძე იყო მკაფიოდ ინდივიდუალური, ფართო პალიტრის მსახიობი, რაზეც მის მიერ შექმნილი როლების ჩამონათვალიც მეტყველებს: ოფელია ("ჰამლეტი"), დეზდემონა ("ოტელო"), მარგარიტა ("მარგარიტა გოტიე"), ჯავარა ("მოკვეთილი"), კლეოპატრა ("ანტონიოს და კლეოპატრა"), მარიამ სტიუარტი ("მარიამ სტიუარტი"), მედეა ("მედეა"), ზეინაბი ("ღალატი"), ფატი გურიელი ("შთამომავლობა"), ლედი მაკბეტი ("მაკბეტი"), მისის ჰიგინზი ("პიგმალიონი") და სხვა. ასევე განუმეორებელი ეკრანული სახეები შექმნა ქართულ კინოში: რუსუდანი ("გიორგი სააკაძე"), ოთარაანთ ქვრივი ("ოთარაანთ ქვრივი"), კნეინა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), პელაგია ("შეხვედრა წარსულთან"), მგზავრი ("მონანიება") და სხვა. ვერიკო ანჯაფარიძე იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. დაჯილდოებულია ლენინის სამი ორდენით. 1980 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  8. ზურაბ ანჯაფარიძე (1928-1997) http://s48.radikal.ru/i120/0902/40/4bb421303d70.jpg მომღერალი (დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, პროფესორი. 1952 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1952-1959 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959-1970 წლებში - საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტია. 1970 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დაუბრუნდა, იყო ამ თეატრის დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ზურაბ ანჯაფარიძეს ჰქონდა სასიამოვნო ტემბრის ხმა, უშუალობა, არტისტიზმი, სილაღე, ეროვნული ინტონაციის უტყუარი გრძნობა და მიჩნეული იყო ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელად. შესრულებული აქვს დრამატული ტენორის ყველა წამყვანი პარტია ქართული და უცხოური რეპერტუარიდან, გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში "პიკის ქალი" და "იოლანტა". ვრცელი კამერული და საოპერო რეპერტუარით შემოვლილი აქვს უცხოეთის მრავალი ქვეყანა - რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვ. აღსანიშნავია ზურაბ ანჯაფარიძის რეჟისორული მოღვაწეობაც. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ფალიაშვილის "დაისი" არაერთი ქართული ოპერა დადგა ქუთაისის ოპერის თეატრში. ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული სიმღერა "შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო" დედაქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ ემბლემად იქცა. დაკრძალულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში. 2001 წელს აქვე დაიდგა მომღერლის ბიუსტი.
  9. დიმიტრი არაყიშვილი (1873-1953) http://s52.radikal.ru/i137/0902/6a/def25eabf1e3.jpg კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სიჭაბუკე არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში - არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული ლადო აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა გაუღვიძა (ხელმძღვანელი ი. რატილი). პირველი ნაწარმოებები - რომანსი "ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი" და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის იმ პერიოდში დაწერა. შემდეგ წარმატებით დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატული სასწავლებელი. მოსკოვში ყოფნისას არაყიშვილი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს. მოსკოვის უნივერსიტეტის სამუსიკო-ეთნოგრაფიული კომისიის დავალებით ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შეაგროვა 500-ზე მეტი ხალხური სიმღერა, რომლებიც ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარით სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფობა. არაყიშვილი სამშობლოში 1918 წელს დაბრუნდა და მთავარ ამოცანად ახალგაზრდა მუსიკოსთა მომზადება დაისახა. მისი ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია. ორივე კონსერვატორიის გაერთიანების შემდეგ იყო კონსერვატორიის დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი. სათავეში ედგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. საზოგადო, პედაგოგიურ და მეცნიერულ მოღვაწეობას არაყიშვილი შემოქმედებით შრომას უთავსებდა. მისი ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1904) თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა 1919 წელს (ამ ნაწარმოებით იწყება ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია). ოპერას საფუძვლად დაედო ხალხური თქმულება რუსთაველის ცხოვრების ერთ დრამატული ეპიზოდის შესახებ. ოპერის ცალკეულმა ნაწყვეტებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. არაყიშვილის მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის რომანსები შექმნა, მათ ლიტერატურულ საფუძვლად იყენებდა ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, გ. ქუჩიშვილის, გ. ტაბიძის, ჰაფეზის ლექსებს. ეს რომანსები გამოირჩევა მელოდიურობითა და ფაქიზი ჰარმონიული კოლორიტით, ამიტომ ფართოდ გავრცელდა ხალხში, დამკვიდრდა საკონცერტო და პედაგოგიურ რეპერტუარში. უფროსი თაობის კომპოზიტორებთან ერთად (მ. ბალანჩივაძე, ზ.ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ვ. დოლიძე) არაყიშვილი აღიარებულია ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად.
  10. არსუკიძე (X-XI) ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოვლის ამშენებელი. სახელი არსუკისძე სვეტიცხოვლის ტაძარზე ორგან არის ამოკვეთილი: აღმოსავლეთის ფასადზე, შუა თაღს ქვემოთ, მედალიონებში: "აღეშენა ესე წმიდაჲ ეკლესიაჲ ჴელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაჲთა" და მეორე - ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით. წარწერა ასეთია: "ჴელი მონისა არსუკისძისაჲ. შეუნდვეთ". შემორჩენილია ხალხური ლექსიც: "ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, კარგი რატომ აგიგია". ყოველივე ამან წარმოშვა ლეგენდა, რომ შეგირდმა აჯობა მასწავლებელს და ამიტომ ხელი მოჰკვეთეს. სვეტიცხოველი აგებულია 1010-1029 წლებში. უეჭველია, არსუკისძემ გამოიყენა ძველი (V-VI საუკუნის) ტაძრის ცალკეული ნაწილები და სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ნაგებობა შექმნა. სვეტიცხოვლის მხატვრულ-არქიტექტურული სრულყოფილება მოწმობს იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების სიმწიფეს და თვით შემოქმედის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. არსუკისძე უნდა იყოს ტაძრის დასავლეთით მდებარე კარიბჭის მშენებელიც - კარიბჭისა და ტაძრის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს.
  11. არჩილ II (1647-1713) http://s42.radikal.ru/i097/0902/36/84b8b351be77.jpg არჩილი ჯერ იმერეთის მეფე იყო (1661-1663), შემდეგ კახეთისა (1664-1675), ბოლოს კვლავ იმერეთისა. მამამისმა, ქართლის მეფე ვახტანგ V-მ დასავლეთ საქართველოში ამტყდარი არეულობით ისარგებლა, ჯარით გადავიდა იმერეთში და ტახტზე მეფედ დასვა 14 წლის არჩილი, თუმცა ამან ოსმალეთის სულთანი განარისხა, რომელმაც მუქარის წერილი აფრინა ირანის შაჰთან. შაჰ აბას II-მ არჩილი თავისთან დაიბარა, დიდი პატივით მიიღო და რჯულიც შეაცვლევინა. არჩილმა სახელად შაჰ-ნაზარ-ხანი დაირქვა და სამართავად კახეთი ჩაიბარა. 1667 წელს კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით მან ცოლად თეიმურაზ I შვილიშვილი, ქეთევანი, შეირთო. არჩილმა კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I შვილიშვილს, ერეკლე ბატონიშვილს (ნაზარალი-ხანს) აღუთქვა. არჩილი იმერეთს გადავიდა და იქ ოთხჯერ სცადა გამეფება, მაგრამ ოსმალთა მხარდაჭერით იმერეთის თავად-აზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. 1680 წელს არჩილმა რუსეთს მიმართა დახმარებისთვის, თუმცა ტახტი ვერც ამ გზით დაიბრუნა და 1699 წელს საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. პეტრე I-მა მეფე და მისი ოჯახი გულთბილად მიიღო და მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოეში დაასახლა. არჩილი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას, დააარსა სტამბა და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. არჩილის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი უმთავრესი ნაწარმოებია ვრცელი ისტორიული პოემა "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა". მასვე ეკუთვნის დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებები: "საქართველოს ზნეობანი", "ლექსნი ასნი ორმუხლნი", "ლექსნი ასეულნი", მცირე ზომის სატრფიალო კრებული "სამიჯნურონი", "ანბანთქება" და სხვა. არჩილს მოუმზადებია დასაბეჭდად ქართული ბიბლია, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1743 წელს გამოიცა. დაკრძალულია მოსკოვში, მის მიერვე აღორძინებულ დონის მონასტერში.
  12. გურამ ასათიანი (1928-1982) http://i011.radikal.ru/0902/b7/3c90b5b710f7.jpg ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ, რუსულ და ევროპულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული და ანალიტიკური სტატიები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მონოგრაფიები, ნარკვევები და წერილები გამოაქვეყნა წიგნებად: "პოეზია და პოეტები", "ქართველი ლირიკოსები", "მერანი და მისი ავტორი", "ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე", "თანამდევი სულები" და სხვა. დიდი ამაგი დასდო თანამედროვე ესეისტურ მწერლობას. მისი მონოგრაფიები და ნარკვევები გრ. ორბელიანის, ა. წერეთელის, ვაჟა-ფშაველას, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის შემოქმედებაზე ქართული ლიტერატურული აზროვნების ახლებური და საუკეთესო გამოხატულებაა. საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია ბოლო ნაშრომმა "სათავეებთან", რომელიც ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების ანალიზის მეტად ორიგინალური ცდაა. ავტორი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაზე დაყრდნობით მეტად საინტერესო დასკვნებს აყალიბებს და ამ საკითხზე მსჯელობისათვის იწვევს კრიტიკოსებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  13. ანდრია აფაქიძე (1914-2005) http://i080.radikal.ru/0902/69/da5077cdae86.jpg ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი, მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ანდრია აფაქიძე ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა არქეოლოგიით. ის მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიასა და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან აფაქიძე გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-74 წლებში პროფესორი ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, ხოლო 1975 წლიდან - მცხეთასა და მის შემოგარენში. 1943-52 წლებში ანდრია აფაქიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1952-72 წლებში ის ხელმძღვანელობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ სექტორს, ხოლო 1972 წლიდან მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგედ. ანდრია აფაქიძის ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას. ის იყო რედაქტორი და თანაავტორი წიგნისა "საქართველოს არქეოლოგია". პროფესორის ინიციატივით გამოიცა სერია "მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის", რომლის ნაკვეთების მეტი წილის რედაქტორიც თავად იყო. ანდრია აფაქიძე დაკრძალულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
  14. კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (1867-1923) http://s61.radikal.ru/i171/0902/83/0830e7d45c5f.jpg ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა მარშალი. 1921-23 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი, პეტერბურგის სამხედრო აკადემია და გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა ეროვნულ საქმეში - იქნებოდა ეს რკინიგზის გაყვანა კახეთში, უნივერსიტეტის დაარსება, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა თუ სხვა. 1917 წელს კონსტანტინე აფხაზი გახდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შემდეგ – პარტიის თავმჯდომარე. იყო ეროვნული საბჭოს წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აქტიური მებრძოლი. 1919 წელს აირჩიეს ეროვნულ პარლამენტში. გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში და დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბევრი ურჩევდა, უცხოეთში, ცოლ-შვილთან წასულიყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძის დისწულმა სამშობლოს განსაცდელში მიტოვება არ იკადრა. აფხაზი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა და სამხედრო ცენტრის შექმნის ინიციატორი. დაიწყო მზადება საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხისათვის, მაგრამ 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი დააპატიმრეს და დახვრიტეს.
  15. ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი (1860-1904) http://i044.radikal.ru/0902/cf/3d5ffb139b16.jpg საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი ("ქართული ხორო", ი. რატილის ლოტბარობით), რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში - მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. აღნიაშვილის აქტიური მონაწილეობით 1887 დაარსდა "ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა", რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამავე წელს აღნიაშვილმა გამოსცა რუსულ-ქართული "უბის ლექსიკონი". მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული, რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ "ქართულ ხალხურ ზღაპრებს". აღნიაშვილმა სკოლისგარეშე საკითხავად გამოსცა "ახალი ანბანის" რვა წიგნაკი. 1894 გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად, შემდეგ კი ჟურნალ "მოამბეში" დაბეჭდა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი "სპარსეთი და იქაური ქართველები", რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სპარსეთის ყოფა-ცხოვრება, აღწერილია ფერეიდნელ ქართველთა ზნე-ჩვეულებანი, ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობა.
  16. ნოდარ ახალკაცი (1938-1998) http://i045.radikal.ru/0902/f1/4c1b8a10aebe.jpg ფეხბურთელი, მწვრთნელი. სსრკ სპორტის ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ფებურთის თამაში დაიწყო თბილისის "ნორჩ დინამოელში", შემდეგ არმიის სპორტულ კლუბში, "ლოკომოტივში". 1967 წლიდან მუშაობდა მწვრთნელად. 1976-83 წლებში იყო თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიპოვა ოქროს (1978), ვერცხლის (1977), სამჯერ ბრინჯაოს მედლები, ორჯერ ფლობდა სსრკ თასს, 1981 წელს მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი. 13 მაისი ქართული ფეხბურთის დიდების დღედ დარჩა ქართველი ხალხის მეხსიერებაში. ნოდარ ახალკაცი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (ესპანეთში) საბჭოთა გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო. 1990 წელს აირჩიეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, სადაც დაჰყო სიცოცხლის ბოლომდე.
  17. შალვა ახალციხელი (XII-XIII) http://s55.radikal.ru/i149/0902/3f/211e8edf0795.jpg XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სარდალი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (მეჭურჭლეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი. 1195 წელს შამქორის ომში ხელთ იგდო ყველაზე ძვირფასი სამკაული, ხალიფას დროშა და თამარ მეფეს მიართვა, თამარმა კი გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. 1203 წლის ბასიანის ბრძოლაში შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. 1206 წელს სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის (ყარსი) ბრძოლებში. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი (სამხრეთ საქართველოში). 1225 წელს საქართველოს მონღოლთაგან სამშობლოდან გამოდევნილი ხვარაზმელები მოადგნენ. ბრძოლა გარნისთან გაიმართა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. ტყვედ ჩავარდნილმა შალვამ ჯალალედინის დიდი ნდობა მოიპოვა, ამით აპირებდა საქართველს დახმარებოდა, მაგრამ ხვარაზმშაჰი მიუხვდა ღალატს და სიკვდილით დასაჯა. ქართველმა ხალხმა შალვა ახალციხელი გმირად შერაცხა, სწორედ მას ეძღვნება ყველა ქართველისთვის ნაცნობი და საყვარელი ხალხური სიმღერა "შავლეგო".
  18. გიორგი ახვლედიანი (1887-1973) http://s40.radikal.ru/i087/0902/e4/9eb618548416.jpg ენათმეცნიერი, პროფესორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი. ხარკოვის უნივერსიტეტის დაამთავრებისთანავე ახვლედიანის გამოკვლევას - "ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში" ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი სახელმძღვანელოები ("ენათმეცნიერების შესავალი", "სანსკრიტი"), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". გიორგი ახვლედიანის ნაშრომები "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები", "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები", "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" გამოირჩევა საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში მის მიერ შემოღებული არაერთი ტერმინი დამკვიდრდა. ახვლედიანი მამამთავარია ლოგოპედიაში ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენებისა. ძველი ინდურიდან თარგმნა "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან "ავესტა", ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს. ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. მისი რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემიური გრამატიკა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
  19. ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი (1889-1937) http://s59.radikal.ru/i164/0902/ca/8fa949563b7f.jpg რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე". მეორე წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა ს. შანშიაშვილის "ბერდო ზმანია". შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში. 1924 წელს ახმეტელის მონაწილეობით დაარსდა მსახიობთა კორპორაცია "დურუჯი". ახმეტელი მიიჩნეოდა მარჯანიშვილის მოწაფედ და თანამოაზრედ, მათ ერთად დადგეს რამდენიმე სპექტაკლი. 1924 წლის აჯანყების თანაგრძნობისათვის ახმეტელს დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მარჯანიშვილმა გადაარჩინა. რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ, 1926-1935 წლებში, იყო ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1928 წელს სანდრო ახმეტელმა დადგა ბ. ლავრენიოვის "რღვევა", რომელიც საეტაპო სპექტაკლად იქცა რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში. ახმეტელის შემოქმედებაში ახალი სიტყვა იყო შილერის "ყაჩაღების" დადგმა (შ. აღსაბაძესთან ერთად). სანდრო ახმეტელის შემოქმედებაში ვლინდებოდა თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზაციული თავისებურებანი. ოსტატურად დადგმულ მასობრივ სცენებში იყენებდა ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის "ლამარამ" (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1930). საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. ამ და სხვა მიზეზთა გამო ახმეტელი თეატრის დირექტორობიდან გაათავისუფლეს. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. 51 წლის სანდრო ახმეტელი შვიდი თვის პატიმრობის შემდეგ დახვრიტეს. იგივე ბედი ერგო რეჟისორის 12 კოლეგას.
  20. გერცელ ბააზოვი (1904-1938) http://i075.radikal.ru/0902/c2/82f7b354aa26.jpg ქართველი ებრაელი მწერალი. დაიბადა ებრაელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, დავით ბააზოვის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიულ განყოფილებაზე. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ - ჟურნალ "საბჭოთა სამართალის" რედაქციაში. ქუთაისის გაზეთ "ებრაელის ხმაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი "ონი". 1922 წელს დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი "კადიმa". ბააზოვი წერდა პიესებს, პოემებსა და მოთხრობებს. 1938 წელს ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.
  21. პეტრე ბაგრატიონი (1765-1812) http://i009.radikal.ru/0902/a4/3c4192db3d7d.jpg რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი, 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი. პეტრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შთამომავალი. მამა, ივანე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. 17 წლის პეტრე ბაგრატიონმა სამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიის მუშკეტერთა პოლკის სერჟანტად. მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788). მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. პოლკოვნიკის ჩინის მიღების შემდეგ უსტიუგის ეგერთა პოლკის მეთაურად დაინიშნა (მოგვიანებით ამ პოლკს მისი სახელი ეწოდა). უკვე გენერალ-მაიორი თავისი პოლკით მონაწილეობდა ა. სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. მეთაურობდა ავანგარდს და ყველა დიდ ბრძოლაში გამოიჩინა თავი. საფრანგეთთან ომში სოფ. შენგრაბენთან ექვსიათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30 ათასიანი არმია და რუსეთის ჯარები ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ამ ბრძოლისათვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა (ამჟამად ქ. ბაგრატიონოვსკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი) და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 მონაწილეობდა შვედეთთან ომში, 1809-1810 წწ. კი - რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1812 წელს, ბოროდინოს ბრძოლაში სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას, რომლისკენაც იყო მიმართული ფრანგთა მთავარი დარტყმა. მოიგერია მტრის 7 იერიში, განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმამაცე გამოიჩინა, მაგრამ მძიმედ დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში, დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.
  22. გრიგოლ ბაკურიანისძე (XI საუკუნე) პოლიტიკური მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, შემდეგ კი დასავლეთის დომესტიკოსი, სევასტოსი. ბიზანტიის სახელმწიფოებრივ ასპარეზზე დაწინაურებული ქართველი დიდებული, ტაოელი ერისთავთ ერისთავის, ბაკურიანის შვილი იყო, სავარაუდოდ, ბაგრატიონთა გვარიდან. მისი სამშობლო - იმიერ ტაო, დავით III დიდი კურაპალატის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის პოლიტიკურ საზღვრებში მოექცა. მამა ადრე გარდაეცვალა, მაგრამ ენერგიულმა ახალგაზრდამ ძალ-ღონე არ დაიშურა და თვითონ გაიკვალა გზა ცხოვრებაში, საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა და ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციების ჯარების მთავარსარდლის საპატიო პოსტი დაიკავა. სხვადასხვა დროს მსახურობდა საქართველოში, სირიაში, სომხეთში. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუ-ქალაქის) გამგებელი. ალფ-არსლანის შემოსევების დროს (1064) ანისის დაცვას ხელმძღვანელობდა. ბიზანტიის დაწინაურებულ მოხელესა და მხედართუფროსს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. საქართველოს მეფეს, გიორგი II-ს გადასცა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მისი ხელშეწყობით 1081 წელს ბიზანტიის საიმპერატორო კარზე გადატრიალება მოხდა, ნიკიფორე III ბოტანიატე დაემხო და ტახტზე ალექსი კომნენოსი ავიდა. გრიგოლის მამულები გაბნეული იყო იმპერიის სხვადასხვა მხარეში და სრული საგადასახადო იმუნიტეტი ჰქონდა მინიჭებული. გრიგოლ ბაკურიანისძეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთში ყოფნის დროს უნდოდა მონასტრის აგება, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდაზმულმა მოახერხა. 1083 წელს პეტრიწონში (ბულგარეთში) დააარსა ქართველთა მონასტერი. სამონასტრო კომპლექსს გრიგოლმა და მისმა ძმამ, აბაზმა, შესწირეს სოფლები, ციხეები, სახნავ-სათესი ადგილები, ტყეები, საეკლესიო ნივთები, აუშენეს სასნეულო, სასტუმროები. გრიგოლმა მონასტერს შეუდგინა "ტიპიკონი" ანუ წესდება, რომელიც XI საუკუნის II ნახევრის საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა. ჩვენამდე მოაღწია XIII საუკუნეში გადაწერილმა "ტიპიკონის" ბერძნულმა და ქართულმა ნუსხებმა. გრიგოლ ბაკურიანის ძე პაჭანიკებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაკრძალულია პეტრიწონის მონასტრის საძვალეში.
  23. მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937) http://s50.radikal.ru/i127/0902/e4/2ebccec21ec2.jpg კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. მოსწავლეთა გუნდში ხელმძღვანელის, ლადო აღნიაშვილის ყურადღება მიიპყრო. მალე თვითონ ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1879 წელს თბილისში საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მიიღეს, სადაც მუსიკის თეორიაც შეასწავლა. შემდეგ ფილიმონ ქორიძემ ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია. მალე სოლო პარტიები იმღერა ოპერებში "ევგენი ონეგინსა" და "ფაუსტში". ბალანჩივაძემ ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი და 1883 წელს თბილისში კონცერტი გამართა. ეს იყო ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულების პირველი შემთხვევა. მელიტონ ბალანჩივაძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით მთელი საქართველო შემოიარა. 1889 წელს ბალანჩივაძემ მსმენელებს წარუდგინა სამი რომანსი - "ნანა", "შენ გეტრფი მარად" და "ოდესაც გიცქერ" (ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები). შემდეგ 6 წელი პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა ვოკალისა და კომპოზიციის კლასში. მელიტონი რუსეთში 28 წელი მოღვაწეობდა, პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ხელოვნებას, მართავდა საღამოებს, გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა "თამარ ცბიერის" (ა. წერეთლის მიხედვით) ცალკეული ნაწილები, რომლებიც 1897 წლის 20 დეკემბერს რუსი მსახიობების მონაწილეობით შესრულდა პეტერბურგში. ბალანჩივაძემ მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა "დემონის" ქართულ ენაზე დადგმაში. საკმაოდ გვიან დაქორწინდა და სამი შვილი - თამარი, გიორგი და ანდრია შეეძინა. გიორგი ამერიკული ბალეტის კლასიკოსად იქცა, ანდრია -საკომპოზიციო სკოლისა. მელიტონი საქართველოში 1917 წელს დაბრუნდა. ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში. იყო "საქართველოს სამუსიკო საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ხალხური სიმღერების გუნდების დაარსებაში. ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას. მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას. 1926 წლის 6 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა ბალანჩივაძის "თამარ ცბიერი". ეს ოპერა "დარეჯან ცბიერის" სახელწოდებით მოსკოვში, ქართული ხელოვნების დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბალანჩივაძე მრავალი საგუნდო თუ საეკლესიო ნაწარმოების ავტორია. დაკრძალულია ქუთაისში, ბაგრატის ტაძარის ეზოში.
  24. ანდრია ბალანჩივაძე (1906-1992) http://s50.radikal.ru/i128/0902/c9/f5533945475a.jpg კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ანდრიამ მუსიკის სწავლა პეტერბურგში დაიწყო, შემდეგ კი ქუთაისში განაგრძო, მამამისის, მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებულ სამუსიკო სასწავლებელში. თბილისის კონსერვატორიის ორი კლასი დაამთავრა - ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით. ამავე სპეციალობებს ეუფლებოდა ლენინგრადის კონსერვატორიაში. ჯერ კიდევ სტუდენტობისას მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, 1931-1933 წლებში - მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს. მისი მოწაფეები იყვნენ: რევაზ ლაღიძე, არჩილ ჩიმაკაძე, შოთა მილორავა, ბიძინა კვერნაძე. ბალანჩივაძე არის ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის დამაარსებელი. ავტორია პირველი ქართული ბალეტისა "მზეჭაბუკი" (1936, ქორეოგრაფი ვ. ჭაბუკიანი, დირიჟორი ე. მიქელაძე). ბალეტის საბოლოო რედაქცია "მთების გულის" სახელწოდებით ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასმა წარმოადგინა, დაიდგა აგრეთვე კიევში, ხარკოვში, სარატოვში და აღიარეს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხელოვნების ნოვატორულ, საეტაპო ნაწარმოებად. ბალანჩივაძეს ეკუთვნის ბალეტები: "ცხოვრების ფურცლები" და "მწირი", ლირიკულ-კომიკური ოპერები "მზია" და "ოქროს ქორწილი". ბალანჩივაძე ქართული სიმფონიური და საფორტეპიანო მუსიკის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ნოვატორულად მიიჩნიეს მისი პირველი სიმფონია. ოთხი საფორტეპიანო კონცერტიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს III, რომელიც ნორჩი შემსრულებლებისთვისაა განკუთვნილი. აღსანიშნავია აგრეთვე ბალანჩივაძის სიმფონიური და საფორტეპიანო პიესები, რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები. დაწერილი აქვს მუსიკა 30-ზე მეტი სპექტაკლისა და კინოფილმისათვის. მათ შორის პირველი ქართული ხმოვანი ფილმისათვის "დაკარგული სამოთხე", ასევე მხატვრული ფილმებისთვის: "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი", "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "მამლუქი" და სხვ. ანდრია ბალანჩივაძემ ეროვნულ-ხალხური საწყისები ოსტატურად შეურწყა კლასიკურ და თანამედროვე სიმფონიურ ფორმებს და შექმნა ორიგინალური, ინდივიდუალობის ნიშნით აღბეჭდილი ნაწარმოებები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  25. ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) http://s57.radikal.ru/i158/0902/43/aeb3d1838311.jpg ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, თანამედროვეობის უდიდესი ქორეოგრაფი. აღიარებული კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის 9 წლის ვაჟი, გიორგი, საბალეტო სკოლის კონკურსზე შემთხვევით გავიდა, მაგრამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სკოლაში უსიტყვოდ ჩარიცხეს. 16 წლისამ სკოლის პატარა თეატრში ცეკვა დადგა. მალე 15 დამწყებ მოცეკვავესთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა და პირველივე წარმოდგენის შემდეგ მთელი ქალაქი ბალანჩივაძეზე ალაპარაკდა. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი, შემდეგ პეტროგრადის კონსერვატორია. იყო პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი. იმავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში "ოქროს მამალი" და "უიღბლო ევგენი". 1924 წელს მოცეკვავეთა პატარა ჯგუფთან ერთად საზღვარგარეთ საგასტროლოდ წავიდა და რუსეთს სამუდამოდ დაემშვიდობა. მალევე პარიზის "დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი გახდა, შემდეგ ფრანგული საბალეტო დასების "ბალე რიუს დე მონტე კარლოს" და "ბალე - 1933-ის" ბალეტმაისტერი. 1934 წელს მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა" და ჩამოყალიბდა დასი (1948 წლიდან "ნიუ-იორკ სიტი ბალე"). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის "უძღები შვილი", ი. სტრავინსკის "აპოლონ მუსაგეტი", "ორფევსი", "აგონი", "ბროლის სასახლე" (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით), "ბალე იმპერიალი" (პ. ჩაიკოვსკის მუსიკაზე) და სხვა. ავტორია წიგნისა "ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა". ბალანჩინი თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, აბსტრაქტულ ბალეტებს, რომელთა უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვან მოძრაობათა საშუალებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინში თავმოყრილი იყო ქართული გენი, რუსული კლასიკური განათლება, მსოფლიო კულტურის შეცნობის სურვილი და საკუთარი სათქმელის ნება. ბალანჩინის ხელმძღვანელობით "ნიუ-იორკ სიტი ბალე" საგასტროლოდ ორჯერ იყო საბჭოთა კავშირში. სპექტაკლები გამართა თბილისშიც.
×
×
  • შექმენი...