თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გმირთა მოედნის მიმდებარედ, სანაპიროზე ჩამსვლელ საგზაო მონაკვეთში დამატებითი ზოლი მოეწყობა. მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მათი განცხადებით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
აეროპორტი წერს, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.
„ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ - რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე კრისტალურად სუფთაა, ტყუილია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება ცდილობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან შეგვიქმნას სახე, თითქოს ის არის სუფთა, თუმცა ის პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი იყო და ყველა პროცესში მონაწილეობდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა.
როგორც დაუშვილი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე პარტიული შავი ფულის განკარგვის ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო.
"დღეს, "ოცნება" ცდილობს, რომ კობახიძისგან შეგვიქმნას სახე, თითქოს ის არის სუფთა, გამჭვირვალე და ა.შ. როდესაც ღარიბაშვილის კორუფციაზე ვსაუბრობთ, ამ დროს კობახიძე სხვა ქვეყანაში იყო, სხვაგან ცხოვრობდა, სხვაგან მოღვაწეობდა თუ რას აკეთებდა? აქ იყო, პარტიის თავმჯდომარე იყო, უმრავლესობის ლიდერი იყო, ჩვეულებრივად ჩართული იყო ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობდა. სადმე გაგიგიათ კობახიძის ერთი სიტყვა, რომ ან კორუფცია მისთვის მიუღებელია, ან კორუფციული რისკები დაზღვეული იყოს? მე ასეთი რამ არ გამიგია. მეორე საკითხი - ღარიბაშვილი რომ კორუფციულ ფულს აგროვებდა, ეს კორუფციული ფული მარტო სახლში ხომ არ მიჰქონდა? იქ პარტიისთვისაც ხომ აგროვებდა, რომ მერე ეს თანხა გამოეყენებინათ საარჩევნო მიზნებისთვის? ამ საარჩევნო მიზნებისთვის ფულის ხარჯვას ვინ კურირებდა? მე თუ კობახიძე? ამაზე მეტი არგუმენტი რა გჭირდებათ? ზუსტად იცის "ოცნებამ", რომ კორუფცია არის ის თემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის მიუღებელია, ამიტომ დღეს "ოცნება" ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ. რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე არის კრისტალურად სუფთა, ტყუილია, უბრალოდ," - განაცხადა დაუშვილმა.
არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას, - ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ექიმების და ექთნების უმეტესობა კონცენტრირებული იყო თბილისში. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია.
„2021 წლის მდგომარეობით, პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა (58%) კონცენტრირებული იყო თბილისში.
ექთნების უმეტესობა დასაქმებულია დედაქალაქში. 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
მიუხედავად სტრატეგიით განსაზღვრული საბაკალავრო განათლების პრიორიტეტულობისა, ყოველწლიურად მცირდება იმ ექთნების რაოდენობა, რომელთაც 2018-2021 წლებში დაასრულეს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში (61 კურსდამთავრებული) მაშინ, როცა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საექთნო პროგრამების მიმართულების როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია.
2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია. ამასთანავე, 2019 წლის საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით დაგეგმილი საკადრო პოლიტიკის აქტივობები, რომლებიც 2021-2022 წლებისთვის უნდა შესრულებულიყო, არ განხორციელებულა. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსების მომზადების მიზნით დაფინანსებული სპეციალობის მაძიებლების 8 შემთხვევაში (35%), ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელია. ამასთანავე, სამინისტროს მათთვის დამატებითი სანქციები არ დაუკისრებია;
დიპლომის შემდგომი სამედიცინო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის ნათლად შემუშავებული საექიმო სპეციალობის პრიორიტეტულად განსაზღვრის მექანიზმი", - ნათქვამია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2018-2021 წელს მოიცავს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თანამდებობაზე ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის.
უწყების განმარტებით, ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
მამაკაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“-ნათქვამია ინფორმაციაში.
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე დასმული კითხვის პასუხად გიორგი გახარიას სიტყვები - „ქართულ-ჯიგრულ პონტში" ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, აღნიშნული განცხადებით გახარია რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, არამედ კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე საუბრობდა.
„გულწრფელად გეტყვით, ეს განცხადება ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო. ამას გეუბნებით, როგორც გახარიას გუნდის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ასე შემდეგ. ტექნიკურად ამ განცხადების გაკეთება შეცდომა იყო. ის ამ განცხადებით რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე იყო საუბარი. ვიღაცის ტენდერსა და ფულის კეთებაზე არ იყო საუბარი, ვიღაცას ვიღაცამ მისცა საშვი, რასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები. აქ საშვზე იყო რეფერირება, განცხადების დონეზე კი შეცდომა იყო, ეს გიორგისაც უთქვამს. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო რასაც ახლა წამდაუწუმ ახსენებენ კონტექსტიდან ამოღებული ფრაზებით. გახარიას კორუფციასთან ბრძოლა და კორუფციასთან დამოკიდებულება იცით რით იზომება? მისი და მისი გუნდის წევრების ქონებრივი დეკლარაციებით, შესაძლებლობებით, რა დონეზე შეეძლოთ ამ ადამიანების ფულის კეთება ტენდერებით, მიწის ნაკვეთების გადაფორმებით ნათესავებზე. გსმენიათ რაიმე გიორგი გახარიას, ჩემი, მეზვრიშვილის ან მათი ნათესავების, მშობლების, ნათელმირონობის, მეჯვარეების შესახებ, რომელსაც ფული უკეთებიათ? გგონიათ, არ იყო ამის გაკეთების საშუალება? - იმდენად იყო, რომ ნულებს ვერ დაითვლიდნენ ესენი. შესაძლოა, ბევრად უფრო ხარისხიანად, საერთოდ რომ არ გამოჩენილიყო. წარმოიდგინეთ, არასდროს გაგვიკეთებია. პრემიერის დონიდან მოდიოდა ეს დაკვეთა“,- აღნიშნა ქემოკლიძემ.
ამასთან, მან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ "გახარიას გადაწყვეტილებით გახდა დამალული ყველა გადაწყვეტილება, შემდეგ კი მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა“.
ქემოკლიძის განმარტებით, "გახარიას, შესაძლოა ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ იმას, რომ რაიმეს არ აქვეყნებდა, ან კორუფციასთან კავშირი ჰქონდა, ნამდვილად ვერ დააბრალებ“.
„ჩვენ დროს ქვეყნდებოდა ის, რასაც გვედავებიან“, - აღნიშნავს ქემოკლიძე.
"კალკულატორის სწავლების შემდეგ, მთავრობის ვებ-გვერდის ნავიგაციის სწავლების დროც დადგა:
ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia შევდივართ აი ამ ლინკზე: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=545
აღმოვაჩენთ, რომ გახარიას პრემიერობისას განკარგულებები, კერძოდ 750-ზე მეტი განკარგულება, აქ საჯაროდ დევს, ხოლო ღარიბაშვილის პერიოდში გამოქვეყნებულია 0- ი განკარგულება.
რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ "1300 დამალულ განკარგულებას" მე გაგაფრთხილეთ, რომ ციფრებთან ცოტა ფრთხილად იყავით:
2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ბოლომდე (გახარიას პრემიერობის პერიოდში), სულ ჩატარდა 48 მთავრობის სხდომა, თქვენი ტყუილი ციფრებით, თითეულ სხდომაზე უნდა გამოსულიყო 27 მთავრობის მხოლოდ განკარგულება...
ეს არის უბრალოდ უცოდინრობა მთავრობის სხდომის დღის წესრიგის. სხდომების უმრავლესობაზე, არათუ განკარგულებათა, არამედ, კანონის პროექტების, დადგენილებების, განკარგულებებისა და სხვა საკითხების რაოდენობა ვერ აღწევს 27 საკითხს.
აქვე, შეგიძლიათ იხილოთ "სქრინი" იმისთვის, რომ კარგად გაიაზროთ საკითხთა რაოდენობა მთავრობის სხდომებზე ზოგადად.
დიდი მადლობა "
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის მარტიდან, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ადრეული კვლევების დაფინანსებას გულისხმობს და მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას.
“ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.
2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე.
გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს.
მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს, პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს, 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის მარტიდან, ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას, ადრეულ ეტაპზე”, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
„ნეტგაზეთი“ გირჩევთ სპექტაკლებს, რომელთა ნახვასაც 14-21 თებერვალს თბილისის თეატრებში შეძლებთ:
14 თებერვალი – „გრონჰოლმის მეთოდი“. „მარჯანიშვილის თეატრი“ – დასაწყისი – 20:00
პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ.
მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა, მიადევნებთ თვალს 4 კანდიდატის ბრძოლას კორპორაციაში სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად. კანდიდატებს სამუშაო ადგილის მისაღებად უწევთ დავალებების შესრულება. რა გზებს მიმართავენ ისინი, რამდენად შეძლებენ შეასრულონ დავალებები ისე, რომ არ უღალატონ თავიანთ თავებს და რა არის „გრონჰოლმის მეთოდი” – ამის გაგებას 14 თებერვალს, 20:00 საათზე შეძლებთ მარჯანიშვილის თეატრში.
ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.
16 თებერვალი – “UNLOVE”. სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – დასაწყისი – 20:00
“UNLOVE” დავით ხორბალაძის მულტიმედიური ტრილოგიის მეორე ნაწილია. პირველ ნაწილი (UNMEMORY) იკვლევდა მეხსიერების უწყვეტი განადგურების და დაშლის პროცესს, UNLOVE კი მოგვითხრობს სიყვარულის არსებობისა და არარსებობის უკიდურეს ზღვარზე.
აუდიო-ვიზუალური ხერხები, ხმა, მუსიკა, სცენოგრაფია, სხეულები, წყვეტილი და სრული ამბები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება, შლის ზღვარს რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის. მრავალგვარი, კალეიდოსკოპისებური თხრობა გაქცევთ გამოცდილების ნაწილად, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება თქვენთვის.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ მგრძნობიარე თემები განათება თვითმკვლელობა სიშიშვლე
ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.
სტუდენტური ბილეთებისთვის მიწერეთ „ღია სივრცეს” პირადი შეტყობინება.
ფოტო: დავით მესხი
17- 18 თებერვალი – „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა). „თუმანიშვილის თეატრი” – დასაწყისი – 20:00
25 წლის შემდეგ გოგი მარგველაშვილი „თუმანიშვილის თეატრის” სცენაზე კვლავ უბრუნდება ლუიჯი პირანდელოს. ამჯერად პიესით „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა), რომელიც ხათუნა ცხადაძემ თარგმნა. საინტერესოა გოგი მარგველაშვილის ინტერპრეტაცია უჩვეულო ფორმებისა და ხერხების მოყვარული ავტორის პიესისა, რომელსაც 17 და 18 თებერვალს განახორციელებს ერთგულ და ახალ მსახიობებთან ერთად.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ და აქ.
თუმანიშვილის თეატრის სალაროში მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება.
17-18 თებერვალი – „კონტაქტის ზონა”. სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – დასაწყისი – 20:00
ინკლუზიური ქორეოგრაფიული სპექტაკლი „კონტაქტის ზონა” სამი ქორეოგრაფიული სპექტაკლის ერთობაა, რომელიც იკვლევს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ფიზიკური და სივრცითი კონტაქტის ფორმებს. თანამედროვე ქორეოგრაფიისა (ნათია ჩიკვაიძე, ვალერია ხრიპაჩი) და მუსიკის (გვანცა ენუქიძე, ანუშკა ჩხეიძე, ნინო დავაძე) დახმარებით სპექტაკლის მონაწილეები ქმნიან კონტაქტის ზონას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პარალალურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის.
20-21 თებერვალი „დემონები” – სამეფო უბნის თეატრი – დასაწყისი – 20:00
ლარს ნურენის „დემონები” წლებია სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარის წამყვანი სპექტაკლია. თანამედროვე დრამატურგიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის ტექსტი პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე.
მას შემდეგ, რაც კატარინა და ფრანკი სახლში დაპატიჟებული ძმისა და რძლისგან უარს მიიღებენ სტუმრობაზე, თავის შესაქცევად გადაწყვეტენ, მეზობლები იენა და თომასი მოიწვიონ სტუმრად – როგორ განვითარდება კრიზისში მყოფი წყვილების ურთიერთობა, რა ფარულ ფიქრებსა და ვნებებს გამოააშკარავებს მათი შეხვედრის საღამო და ნახავთ თუ არა სპექტაკლში ჯვარცმას, ამის გაგებას სამეფო უბნის თეატრში შეძლებთ.
ჯერ კიდევ შეგიძლიათ რამდენიმე ბილეთის შეძენა – აქ.
20-21 თებერვალი – „ფიწალი დისნეი”. თეატრი ათონელზე – დასაწყისი – 20:00
სპექტაკლს „ფიწალი დისნეი” არ ჰყავს რეჟისორი. მსახიობებმა, სცენოგრაფმა და კომპოზიტორებმა ფილიპ რიდლის პიესაზე სამუშაოდ თანაბრად გაინაწილეს მოვალეობები და ერთობლივად შექმნეს გამორჩეული სპექტაკლი.
ატმოსფერო, პერსონაჟები და მუსიკა ქმნის თვითმყოფად გარემოს და თხრობას – როგორ ირეკლავენ ფილიპ რიდლის ერთი შეხედვით ზღაპრული სამყაროს პერსონაჟები თანამედროვეობას და როგორ ზიარდება მათი გამოცდილებები ჩვენს პრობლემებთან და ყოველდღიურობასთან, ამის გაგებას 20 და 21 თებერვალს შეძლებთ „თეატრში ათონელზე”.
ბილეთები შეიძინეთ – აქ და აქ.
“თუ ვინმეს კითხვის ნიშანი გაქვთ, რომ გიორგი გახარიამ განზრახ რომელიმე მთავარობის გადაწყვეტილება დამალა, კეთილი ინებეთ, მოიტანეთ ეს განკარგულება, დადეთ, გაასაჯაროვეთ და კითხვებზე პასუხები მოისმინეთ ჩვენგან.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჯდენ კუპრაშვილის მრჩეველად დანიშნული ვასილ ბაბლუანი „ქართულ ოცნებასთან“ და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.
ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა დღეს, 13 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ვასილ ბაბლუანი:
2018 წელს ბიზნესპარტნიორებთან ერთად იყო „ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კამპანიის შემომწირველი;
არის „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში“ —ბენეფიციარი.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება – „ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში“ და „კერამიკული აგურის ქარხანა“. სახელმწიფოს თანამონაწილეობამ, – „საპარტნიორო ფონდის“ მეშვეობით, – ჯამში, 1 438 000 დოლარი შეადგინა. ასევე, „ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის“.
აგურის ქარხნის პროექტში მონაწილეობს „შპს კერამიკა ელ ტორენტე“, რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ძმაა. კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს სონნეთ ქონსთრაქშენი ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს.
2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები.
მიმდინარე წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.
როგორც ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის 1/3 მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.
3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, - განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სხდომებს დაესწრება მსჯავრდებული გიორგი ვახტანგაშვილიც.
გუშინ მთავრობის სხდომიდან ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყო ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლება და კორუფციის წინააღმდეგ თითქოსდა ოცნების ბრძოლის ყალბი დღის წესრიგის შექმნაა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, სახელისუფლებო პროპაგანდა, ნებსით თუ უნებლიეთ, აქტიურად გააგრძელა ტვ პირველმა, რომლის მფლობელები, როგორც ჩანს, იმდენად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, რომ მზად არიან ტყუილები გაავრცელონ და ამით "ოცნებას" კორუმპირებული მოქმედი პრემიერის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში მიეხმარონ.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხელისუფლების ტყუილების სამიზნე ელიტური, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის გამო გავხდით, თუმცა, ოცნებას და ყველა მის დამხმარეს გვინდა ვუთხრათ: გაჩერებას არ ვაპირებთ! გაასაჯაროვეთ მთავრობის ყველა განკარგულება 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე! შეწყვიტეთ საზოგადოების მოტყუება! მივმართავთ პრემიერ-მინისტრს: კორუფციას ებრძვით? - დაიწყეთ გამოძიება, შექმენით საგამოძიებო კომისია და გაუშვით სახლში კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე და მურუსიძე; - დაიბარეთ გენერალური პროკურორი პარლამენტში და მოისმინეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საგამოძიებო უწყების - პროკურატურის ხედვა; - შეწყვიტეთ ე.წ. გასაუბრებების უკანონო პროცესები და დაიწყეთ გამოძიებები დანაშაულის არაერთ ფაქტზე, რომელიც წარმოგიდგინეთ; - დაუბრუნდით ანტი-კორუფციულ საერთაშორისო ქსელს, რომელიც ერთი წლის წინ დატოვეთ იმიტომ, რომ ელიტურ კორუფციაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასების შეგეშინდათ; - შექმენით საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრებზე, რითაც ნაცმოძრაობასთან ერთად ფულს აკეთებთ; - განიხილეთ ჩვენი ინიციატივა ოჯახის წევრების წრის გაფართოებაზე, რომ კორუმპირებულ მოხელეებს უკანონო ქონების გადამალვის ბერკეტები წაერთვათ; - შექმენით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული საგამოძიებო ბიურო და აირჩიეთ მისი ხელმძღვანელი პოლიტიკური კონსენსუსით. გამოაქვეყნეთ განკარგულებები და საზოგადოებას ყველამ ერთად აუხსენით - კორუფციის სიმბოლო ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც 0 განკარგულება აქვს გამოქვეყნებული, რატომ დახუჭეთ თვალი მთავრობის იმ 750 განკარგულებაზე, რაც ჩვენი მმართველობის დროს, მათ შორის კოვიდის მართვის უმძიმეს პერიოდში, ქვეყნდებოდა. ფაქტია, ეს იყო სიცრუის, ცილისწამების და დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისუფლებამ დაიწყო და ტვ პირველმა გააგრძელა.", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.
ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: - ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი - საქმიანობის სტანდარტების დადგენას.
კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: - შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები.
ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციების შემოღება იგეგმება. მათ შორის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის:
ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭიროსამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნებისდარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა)სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, იგეგმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: - შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.
კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სანქციებს გამრავლების მოთხოვნების დარღვევისათვის.
კერძოდ, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით;
მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგი სამართალდარღვევებისათვის:
შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს პირისდაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაურ ბინადარ ცხოველთა კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარულიდაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციისა დარეგისტრაციის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500ლარის ოდენობით;
ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითითავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის,კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობადადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარისოდენობით;
ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახოტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერმუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა განახორციელოსმონიტორინგი დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის.
კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.
ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
ცობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.
ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა.
პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია.
კანონპროექტით იგეგმება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: - შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.
პროექტის გათვალისწინებით, ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
რომეო მიქაუტაძის და ლელა ჩიქოვანის გათავისუფლებას გვისაღებენ, თითქოს, კორუფციას რაღაც დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს - ეს შეიძლება ჩაითვალოს, რაღაც ტიპის პიარულ აქტივობად, ვიღაცას შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ შენ კორუფციას ებრძვი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც კორუფციის საკითხზე ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ოცნება“ არჩევნების დაფინანსებას კორუფციული ფულით აპირებს.
„მახსოვს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა რომ იყო პარლამენტში, ირაკლი კობახიძემ მაშინაც ისაუბრა კორუფციაზე. სწორედ მაშინ ვკითხე კორუფციასთან დაკავშირებით. მან ასეთი რაღაც თქვა, რომ ჩემთვის კორუფცია მისაღები არ არისო. მე ასეთი კითხვა გამიჩნდა, რომ თუ მისთვის კორუფცია მიუღებელია, რას აკეთებს და რას გააკეთებს, რომ რეალურად კორუფციას ებრძოლოს?! ამაზე არაფერი უთქვამს. თუ შენთვის კორუფცია მისაღები არ არის და აპირებ, რომ ებრძოლო, მაშინ შენსავე წინამორბედთან დაკავშირებით ან რაღაც უნდა თქვა, ან რაღაც უნდა გააკეთო. ირაკლი ღარიბაშვილი 3 წელი ჰყავდათ პრემიერ-მინისტრად და რაც მის დროს პოლიტიკური კორუფცია იყო, ალბათ ასეთი ჯამში ბოლო 10-12 წელი საერთოდ ვერ იქნებოდა. თუ კორუფციის თავი, საწყისი და შემქმნელი ამ ქვეყანაში რომეო მიქაუტაძე და ლელა ჩიქოვანი იყვნენ, მათი გაშვებით თუ დამთავრდა ეს კორუფცია, მაშინ კარგად გვქონია საქმე. რა მიქაუტაძე, რისი ჩიქოვანი? ხომ კარგად გვესმის ორივეს, რომ არცერთი იყო გადაწყვეტილების მიმღები კორუფციაზე და არც მეორე. ერთიც შემსრულებელი იყო და მეორეც შემსრულებელი იყო. ქვეყანაში არის პოლიტიკური კორუფცია და უკვე სისტემა ჩამოაყალიბა „ოცნებამ“. რა თქმა უნდა, მიქაუტაძისა და ჩიქოვანის როლი და წვლილი გამოსაკვლევი ამბავია. მათ გათავისუფლებას გვისაღებენ, თითქოს, კორუფციას რაღაც დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს. თუ დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გაქვს, მაშინ ცოტა სხვა შედეგებს უნდა გვაჩვენებდე და ვიღაც თანამდებობიდან რომ გაუშვი, სულაც არ არის აქტიური ბრძოლა. ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ რაღაც ტიპის პიარული აქტივობაა, ვიღაცას შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ შენ კორუფციას ებრძვი. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ „ოცნება“ არჩევნების დაფინანსებას კორუფციული ფულით აპირებს“,- განაცხადა დაუშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ოცნებას“ უნდა, იმის ილუზია შექმნას, თითქოს, კორუფციას ებრძვიან.
„ოცნებამ“ კორუფცია რომ დაამთავროს, არის რამდენიმე ვარიანტი: გამოძიება საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიწყონ, საკუთარი თავი უნდა დააკავონ ან ხელისუფლებიდან წავიდნენ და ხელი აღარ უნდა მიუწვდებოდნენ კორუფციულ გარიგებებზე. სხვა ვარიანტი არ არის, იმიტომ, რომ სისტემა ეგრე აქვთ მოწყობილი. არჩევნები რომ მოიგონ, ამისთვის სჭირდებათ კორუფცია. დღეს კი უნდათ, რომ იმის ილუზია შექმნან, თითქოს კორუფციას ებრძვიან. პრემიერი ამბობს, რომ მე დაუნდობელ ბრძოლას გამოვუცხადებ კორუფციასო და იმდენი თუ არ შეუძლია, რომ საკუთარი წინამორბედის სამი წლის წინანდელი განკარგულებები გამოაქვეყნოს, რა კორუფციასთან ბრძოლა?! გამოდის, რომ იტყუება, „რაც გინდა ის ათქმევინეს“ როლშია, ეგრე გამოვა. თუ საკუთარი წინამორბედის დოკუმენტებიც კი ვერ გამოაქვეყნა, მაშინ რა კორუფციასთან ბრძოლა, რაზეა საუბარი?! იმედი მინდა დავიტოვო, რომ მაგას მაინც გაბედავს და გამოაქვეყნებს“, - განაცხადა დაუშვილმა.
მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებით, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის არც მოქმედების კონკრეტული სისტემაა შექმნილი და საქართველოს კანონმდებლობაში არც პასუხისმგებელი უწყება მოიძებნება, რომელმაც პროცესებს კოორდინაცია უნდა გაუწიოს.
„7 თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან და ჯერჯერობით ჩვენ მზაობა რეაგირებასთან დაკავშირებით არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, რომ პირველადი რეაგირების სისტემები იყოს დამონტაჟებული, მაგრამ ეს ერთი ნაწილია, რომელსაც ჰქვია ინსტრუმენტული გაფრთხილება. მეორეა, უნდა გამოიყო თუ არა რისკის ზონები ?!- ახლა მუშაობენ ამაზე, რომ გამოყონ რისკის ზონები სად არის. ჩვენი წინადადება თავის დროზე იყო, რომ მოდით, პირველ რიგში, გამოვყოთ ის ზონები, სადაც დასახლებული პუნქტებია და ყველაზე დიდი საფრთხეა, ტურისტულ-რეკრეაციულ ზონებში გაკეთდეს შესაბამისი გაფრთხილების სისტემები, ოღონდ რა არის ეს გაფრთხილების სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ფაქტორია, როცა ჩვენ ვიცით მსგავსი პროცესების გააქტიურების შესახებ და მეორე ფაქტორია, ვინ რას აკეთებს, ანუ რომელ უწყებას რა პასუხისმგებლობები აკისრია. დღეს საქართველოს კანონმდებლობაში პასუხისმგებელი უწყება ვერ ვიპოვე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს არც ერთი უწყება, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, რომელმაც უნდა გაუწიოს კოორდინაცია, რომელმაც უნდა იმოქმედოს სწრაფი ტემპით, იმიტომ, რომ დრო არ ითმენს - მობილიზებაა საჭირო, ბევრი უწყების ჩართულობაა აუცილებელი. სისტემა ჩვენ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ გვაქვს”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში სასტუმროებში უნდა დაინერგოს ქცევით ისეთივე ინსტრუქტაჟი, როგორიც გვხვდება თვითმფრინავში ფრენის დაწყებამდე.
„ინსტრუქტაჟი როგორიც ჩვენ გვხვდება ფრენის დროს, უნდა იყოს ტურისტულ -რეკრეაციულ ზონაში არსებულ ყველა სასტუმროში, იქნება ეს მთასა თუ ზღვაზე, ყველგან უნდა იყოს ასეთი ინფორმაციული კამპანია გამართული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ უნდა გავარკვიოთ მოსახლეობა, რა არის გასაკეთებელი.
საინფორმაციო კაპანია თითოეულ მოსახლესთან ინფორმაციის მიტანით, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტული სტიქიური მოვლენის დროს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს უნდა გაიწეროს.
კიდევ ერთი - მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კალაპოტებში მშენებლობა არ შეიძლება, რომ კალაპოტი არ არის მარტო ის, მდინარე რომელშიც ჩამოდის. ამან შეიძლება დამატებითი საფრთხე შექმნას.
მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებული, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს. ჩვენ ვერ დაველოდებით, რომ მოდი ჯერ სისტემას შევქმნი და მერე დავიწყებ ქმედებას, ამის დრო, ფაქტობრივად, აღარ არის, იმიტომ, რომ ყოველ დღე ველოდებით მეტეოპირობებიდან გამომდინარე ექსტრემალურ გამოვლენას”, - განაცხადა ჩხობაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა.
აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.
უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც პროექტირების სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2 000 მ² მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია. დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოადგენად 45- დღიანი ვადა აქვთ.
ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ²-ს და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად 100 მგზავრის მომსახურებაზე:
„ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით 5 000 მ 2 ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი. კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 435 000 ლარია მითითებული.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტი უნდა მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, რაც მოიცავს ასევე საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადას.
პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელსაც ბრალად ედება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 45 წლის კაცმა ფარულად გადაიღო მისი და მისი პარტნიორი ქალის სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ იგი ქალს ემუქრებოდა ამ კადრების ნათესავებში გავრცელებით.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო.
ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, კაცმა დაზარალებულ ქალს ღამით სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული კაცის მობილური ტელეფონიდან ამოიღო ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა ტაილანდიდან სამი ადამიანი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, ჩამოართვა პასპორტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაზარალებულები ზესტაფონში, მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
ბრალდებული, მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარების, ასევე, უკრაინის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერის საკითხებზე.