Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ვანო სარაჯიშვილი (1879-1924) http://s48.radikal.ru/i120/0812/d2/5ca10977e60e.jpg ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი. 1887 წლიდან ვანო სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში. 1898 წელს თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ჩელოს კლასში შევიდა. 1898-1900 წლებში იყო ქართული ხალხური გუნდის (ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი. 1903 წელს ვანო პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი - ა. პანაევა-კარცევასთან. მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში". პარალელურად, 1906-08 წლებში, იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო. 1908 წლიდან სარაჯიშვილი თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, სადაც მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს. 1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში. 1910-1920 წლები სარაჯიშვილის შემოქმედების აყვავების ხანა იყო. ის მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი") პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია "თავო ჩემო" ფალიაშვილმა დაწერა და ოპერაში შეიტანა სწორედ სარაჯიშვილის თხოვნით. ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხალხი მას სიყვარულით "საქართველოს ბულბულსაც" ეძახდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვანო სისტემატურად მართავდა კონცერტებს. მისი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ასეთი პოპულარობა მას ულამაზესმა ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა მოუტანა. გადაღებულია კინოფილმ "მამის მკვლელში" (1923), შემორჩენილია რამდენიმე გრამფირფიტა მისი ხმით, თუმცა ჩანაწერები არასრულყოფილია. სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას (1947). დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში.
  2. პეტრე სარაჯიშვილი (1894-1984) http://s45.radikal.ru/i110/0812/b8/1dbaf2deca72.jpg ქართველი ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1945). დაჯილდოებულია 2 ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით. პეტრე სარაჯიშვილმა 1917 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1920 წლიდან მან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში. 1924 წელს ერთი წლით სამუშაოდ მიავლინეს მოსკოვში, გ. როსოლიმოს კლინიკაში, ხოლო 1927 წელს - საფრანგეთში, გ. გილენის კლინიკაში. 1937-61 წლებში პროფესორი განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრას. 1958 წლიდან ის ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. პეტრე სარაჯიშვილი სწავლობდა ეპილეფსიასა და სხვა დაავადებებს. მან პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი. 1975 წლიდან პროფესორი იყო საქართველოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, ასევე საბჭოთა კავშირის ნეიროქირურგთა, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოებების საპატიო წევრი, 1968 წლიდან კი - იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის წევრი. ის გახლდათ დიდი სამედიცინო და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიების 2 გამოცემის რედაქტორ-კონსულტანტი და სხვა.
  3. მიხეილ სახოკია (1902-1983) http://s57.radikal.ru/i156/0812/85/569f121729d7.jpg ქართველი ბოტანიკოსი, გეობოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მიხეილ სახოკიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის შირაქისა (1939) და ყაზბეგის (1961) სამეცნიერო სტაციონარები. მას ეკუთვნის გამოკვლევები ფლორისტიკაში, მცენარეთა სისტემატიკაში, ბოტანიკურ გეოგრაფიაში, გეობოტანიკაში. მანვე ავტორთა ჯგუფთან ერთად შექმნა საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის მცენარეულობის რუკა, რისთვისაც მიენიჭა აკადემიკოს ვ. კომაროვის სახელობის პრემია.
  4. თედო სახოკია (1868-1956) http://i070.radikal.ru/0812/84/4c46f622458b.jpg ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი. 1884 წლიდან თედო სახოკია სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისათვის. მან სწავლა განაგრძო ჯერ ჟენევის, შემდეგ კი პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. თედომ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1888 წლიდან ჟურნალ "ივერიაში". 1900 წლიდან ის შევიდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სასწავლებელში. მწერალი ბევრს მოგზაურობდა. 1901 წელს რომში თანამშრომლობდა მიხეილ თამარაშვილთან, 1902 წლიდან კი საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის "საქართველოს" თანარედაქტორი იყო. ამავე პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან ("დროება", "სახალხო გაზეთი", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზი"). თედო სახოკია რევოლუციის დასახმარებლად უცხოეთიდან საქართველოში იარაღის ჩამოტანის ბრალდებით დააპატიმრეს და 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს, თუმცა მან გაქცევა და უცხოეთში წასვლა მოახერხა. 1916 წელს ის საბოლოოდ ჩამოვიდა სამშობლოში, სადაც აქტიურად იღვწოდა ლიტერატურულ და პედაგოგიურ სარბიელზე. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის უდიდესი შენაძენია თედო სახოკიას თარგმანები: ბოკაჩოს "დეკამერონი", ბარბიუსის "ცეცხლი", ვაზოვის "დამონებულნი", ასევე მოპასანის, ვოლტერის, ზოლას, დოდეს, მირბოს, ანდერსენისა და სხვათა თხზულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ სახოკიამ შეკრიბა და გამოაქვეყნა "ქართული ანდაზები", "ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი" და სხვა.
  5. სვიმონ I დიდი (1537-1608) http://i024.radikal.ru/0812/74/0265758c1f24.jpg ქართლის მეფე 1556-59 და 1578-99 წლებში. უფროსი ძე ლუარსაბ პირველისა. გარისის ველზე ბრძოლის წინ თავად ლუარსაბმა გამოაცხადა უფროსი ვაჟი - 19 წლის სვიმონი, მეფედ და მთავარსარდლობაც მას ჩააბარა. ამ დღიდან მოყოლებული ქართლის დიდი მეფე მთელი ცხოვრება სამშობლოს მტრისგან გასათავისუფლებლად იბრძოდა. სვიმონმა რამდენჯერმე სცადა თბილისიდან ყიზილბაშთა განდევნა, რომელთაც მისივე გამაჰმადიანებული ძმა, დაუდ-ხანი მეთაურობდა, მაგრამ უშედეგოდ. 1569 წელს ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილის წყალობით, ყიზილბაშებმა მეფე სვიმონი ტყვედ ჩაიგდეს, ირანში ჩაიყვანეს და ალამუთის ციხეში გამოკეტეს ცხრა წლით. საქართველოში დაუდ-ხანი გამეფდა, მაგრამ ირანმა ვეღარ გაუძლო ოსმალეთის შემოტევას და მიხვდა, რომ ოსმალებთან საბრძოლველად სვიმონზე უკეთეს მეფეს მთელს ამიერკავკასიაში ვერსად ნახავდა. ამიტომ, 1578 წელს სვიმონმა კუთვნილი სამეფო ტახტი დაიბრუნა და ახლა ოსმალებთან გააჩაღა ბრძოლა. ხანგრძლივი და რთული ბრძოლების შემდეგ, 1583 წელს სვიმონმა შეძლო ჯერ თბილისდან, შემდეგ კი სამშვილდედან და დმანისიდან ოსმალთა განდევნა. 1584 წელს 4000 ქართველი მეომრით მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სოფელ ხატისსოფელთან, სადაც 30000 ოსმალი მეომრისაგან შემდგარი ლაშქარი დაამარცხა. ამის შემდეგ სვიმონმა რამდენჯერმე სცადა იმერეთის სამეფოს შემოერთება, მაგრამ იმერეთში გამუდმებული ამბოხის გამო 1590 წელს საბოლოოდ აიღო ხელი ამ განზრახვაზე. აღსანიშნავია, რომ სვიმონ მეფემ მთელს ევროპაში გაითქვა სახელი, როგორც ოსმალეთთან დაუღალავმა მებრძოლმა. მასთან მიმოწერა ჰქონდათ რომის პაპს - კლიმენტი VIII-ს და ავსტრიის იმპერატორ რუდოლფ III-ს. 1599 წელს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ III-მ გადაწყვიტა ქართლის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება და საქართველოში უზარმაზარი ლაშქარი გამოაგზავნა ჯაფარ-ფაშას სარდლობით. ნახიდურთან გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, ხოლო სვიმონი ოსმალებმა შეიპყრეს და სიცოცხლის ბოლომდე იედიყულის ციხეში გამოკეტეს. 1603 წელს სვიმონი გარდაიცვალა. მისი ნეშტის დახსნა და სამშობლოში ჩამოტანა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა მოახერხა. სვიმონი მამის, ლუარსაბ I-ის გვერდით დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძარში.
  6. ვარლამ სიმონიშვილი (1884-1950) http://i008.radikal.ru/0812/97/9eaf1131323f.jpg ქართული ხალხური სიმღერის ოსტატი, თვითმოქმედი გუნდების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ვარლამ სიმონიშვილი 1902 წლიდან გალობას ასწავლიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. ამ პერიოდში ის დაუახლოვდა ფილიმონ ქორიძეს, გაეცნო ევროპულ სანოტო დამწერლობას და დაეუფლა თვითმოქმედი გუნდის ხელმძღვანელის პროფესიულ ჩვევებს. 1903 წლიდან სიმონიშვილმა ჩამოაყალიბა გუნდები გურიასა და აჭარაში და ხშირად მართავდა კონცერტებს. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარლამ სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად. 1929 წელს მან ოზურგეთის აბრეშუმის ქარხანაში ჩამოაყალიბა ოთხმოცდაათკაციანი შერეული გუნდი. გარდა თვითმოქმედი გუნდების შექმნა-ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა. მას ეკუთვნის სიმღერები: "გაზაფხული", "დათვების ლხინი", "ძველი ხელხვავი", "ადილა. ასევე საჩონგურო სიმღერები: "დილა", "ახლა ვხედავ, საყვარელო", "საქართველოს მზე ეწვია" და სხვა.
  7. სოლომონ I (1735-1784) http://s39.radikal.ru/i083/0812/ca/38f9a30e5f43.jpg მეფის მთავარი მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის მოსპობა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული მთელ დასავლეთ საქართველოში და ოსმალთა უღლისაგან გათავისუფლება. მეფის მიზანმიმართულ პოლიტიკას ვერ ურიგდებოდნენ ძლიერი თავადები. სწორედ ამიტომ, როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ სოლომონი 1752 წელს იმერეთიდან გააძევეს, თუმცა ერთ წელიწადში მეფემ ტახტის დაბრუნება მოახერხა. დიდებულებთან უთანასწორო ბრძოლაში მეფეს ძლიერი მოკავშირეები ესაჭიროებოდა. ამიტომ ის პირველ ცოლს გაეყარა და ოდიშის მთავრის, ოტია დადიანის ქალიშვილ მარიამზე დაიწერა ჯვარი. სოლომონმა გარს შემოიკრიბა დიდი თავადების მიერ შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები და სხვანი. მეფეს მხარს უჭერდა ასევე ეკლესია და წვრილი აზნაურობა. სოლომონმა გლეხობის დიდი ნაწილი სამეფო გადასახადისგან გაათავისუფლა და ამ გზით მათი მხარდაჭერაც მოიპოვა. მეფემ ტყვეებით ვაჭრობა აკრძალა, რამაც ოსმალთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი დაუკავშირდნენ იმერეთის თავადთა ერთ ნაწილს და იმერეთზე გაილაშქრეს. 1757 წლის ხრესილის ბრძოლაში ქართველებმა სძლიეს მტრის ლაშქარს და მეფემ ამ ბრძოლაში დაღუპული ლევან აბაშიძის მამული იმერეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. ამავე წელს სოლომონ I, ერეკლე II და თეიმურაზ II გორში დადეს ხელშეკრულება სამხედრო დახმარების თაობაზე, რამაც სოლომონის ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერა. მოღონიერებული სოლომონის დასამორჩილებლად ოსმალებმა 60-იან წლებში არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს. 1765 წელს მათ სძლიეს მეფეს, თუმცა 1768 წელს, ჩხართან ბრძოლაში კვლავ სოლომონმა გაიმარჯვა და ტახტი დაიბრუნა. მომდევნო წელს მეფემ რაჭის საერისთავო გააუქმა და რაჭის ერისთავების სამფლობელო სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. 1768 წელს სოლომონ II რუსეთს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. 1769 წელს იმერეთში გენერალი ტოტლებენი შევიდა. მეფემ ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის ციხეები და თვით ქალაქი ქუთაისიც გაათავისუფლა დამპყობელთაგან, გადააყენა თურქყოფილი გიორგი V გურიელი და მთავრად მისი ძმა, მამია IV დასვა. სოლომონი განაგრძობდა შინაური საქმეების მოწესრიგებას, რაც დიდად არ მოსწონდათ იმერელ ფეოდალებს. 1788 წელს დიდებულებმა მეფეს შეთქმულება მოუწყვეს. მათი განზრახვა სოლომონის გადაყენება და მისი მემკვიდრის - ალექსანდრეს გამეფება იყო, მაგრამ მეფემ შეთქმულები დაამარცხა და სასტიკად დასაჯა. ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში მეფე ოდიშის მთავარსაც ეხმარებოდა. 1779 წელს რუხის ბრძოლაში იმერეთისა და სამეგრელოს ლაშქარმა ოსმალები დაამარცხა. სოლომონმა რამდენჯერმე ილაშქრა ქვემო გურიაშიც, თუმცა გურიის გათავისუფლება მეფემ ვერ შეძლო. ამის შემდეგ სოლომონი მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.
  8. სოლომონ II (1772-1815) http://s56.radikal.ru/i151/0812/44/5692b0d260d2.jpg იმერეთის მეფე (1789-1810). სოლომონ II გამეფებას წინ დიდი პოლიტიკური ბრძოლა უძღოდა. აღსანიშნავია, რომ სოლომონ I მემკვიდრედ იმთავითვე მისი ძმისშვილი, დავით არჩილის ძე ითვლებოდა, თუმცა მეფის გარდაცვალების შემდეგ იმერელმა თავადებმა მოახერხეს და მეფედ დავით გიორგის ძე (დავით II) დასვეს. დავითი დედასთან, ქართლ-კახეთში - ერეკლე II კარზე იზრდებოდა. დავით II თვითმპყრობელური პოლიტიკის მოწინააღმდეგე თავადების, ერეკლე II და ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანის დახმარებით, 1789 წელს მათხოჯის ბრძოლაში დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და გამეფდა სოლომონ II სახელით. სოლომონ II, წინამორბედის მსგავსად, დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, თუმცა მისი ხელისუფლება სუსტი იყო. დავით II განაგრძობდა დაკარგული ტახტისთვის ბრძოლას. სოლომონმა, პირველ რიგში, ოდიშის დამორჩილება სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1804 წლის 25 აპრილს ელაზნაურის (ახლანდელი ვახანის ახლოს, ხარაგაულის რაიონი) ხელშეკრულების თანახმად სოლომონმა რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა. ფორმალურად სოლომონი ხელისუფლებას ინარჩუნებდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მეფე სრულიად უუფლებოდ დარჩა. მეფე ტახტის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა. 1810 წელს რუსეთის სარდლობამ სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოაცხადა. სოლომონი თანახმა იყო მეფობაზე უარი ეთქვა, სანაცვლოდ მხოლოდ იმერეთში ცხოვრების უფლებას ითხოვდა, მაგრამ მოლაპარაკებებზე მისული მეფე მოტყუებით დაიჭირეს და ჩაიყვანეს თბილისში, საიდანაც სოლომონი გაიქცა და თავი ახალციხის საფაშოს შეაფარა. 1810 წელს მან იმერეთში აჯანყება მოაწყო, რომელშიც მეფის გვერდით თითქმის მთელი იმერეთი დადგა, მაგრამ საბოლოოდ სოლომონი დამარცხდა და იძულებული გახდა კვლავ ახალციხის საფაშოში გადასულიყო, საიდანაც ოსმალეთს გაემგზავრა. ემიგრაციაში ყოფნისას მეფე კვლავ განაგრძობდა ტახტისთვის ბრძოლას. ხან ოსმალეთის, ხან ირანისა და საფრანგეთის დახმარებით ცდილობდა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ. 1815 წელს სოლომონი დევნილობაში გარდაიცვალა. დაკრძალეს ტრაპიზონის წმ. გიორგის სახელობის ბერძნების ეკლესიის გალავანში. 1990 წელს მეფის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.
  9. სტალინი (1879-1953) http://s50.radikal.ru/i129/0812/df/a29548397966.jpg (იოსებ ჯუღაშვილი) კომუნისტური პარტიის ლიდერი, საბჭოთა კავშირის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი. დაჯილდოებულია: 3 ლენინის, 2 "გამარჯვების", 3 წითელი დროშისა და სუვოროვის I ხარისხის ორდენებით. დაიბადა გორში, ბესარიონ ჯუღაშვილისა და ეკატერინე გელაძის ღარიბ ოჯახში. 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, თუმცა ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და ხელი მიჰყო მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის მუშებს შორის, რისთვისაც 1899 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს. იყო "მესამე დასის" წევრი. სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. ბოლშევიზმის აქტიური მომხრე იყო და სასტიკად აკრიტიკებდა მენშევიკებსა და ანარქისტებს. რეგულარულად იბეჭდებოდა გაზეთებში: "ბრძოლა", "პროლეტარიატის ბრძოლა", "გუდოკი", "ბაკინსკი პროლეტარიატი" და სხვა. 1905-07 წლებში ამიერკავკასიაში რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო. რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის I ყრილობაზე დელეგატად წარგზავნეს ტამერფოსში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ლენინს. მონაწილეობდა, ასევე, რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის IV და V ყრილობებში დელეგატად. იატაკქვეშა საქმიანობისთვის არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1912-13 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, ამ პერიოდში დაწერა ნაშრომი "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელიც ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 წელს სტალინი კვლავ დააპატიმრეს და ტურუხანის მხარეში გადაასახლეს. 1917 წელს სტალინი გადასახლებიდან პეტროგრადში დაბრუნდა. ის რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და გაზეთ "პრავდის" რედაქციაში შეიყვანეს. რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის სრულიად რუსეთის VII ყრილობაზე სტალინი აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. ის აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. 1917 წლის სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917-23). 1918-20 წლის სამოქალაქო ომის პერიოდში სტალინი ასრულებდა მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. რევოლუციის დამთავრების შემდგომ ის მონაწილეობას ღებულობდა მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებასა და გლეხებთან მუშათა კავშირის განმტკიცებაში. 1922 წელს სტალინი ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს და ამ პოსტზე ის 30 წელიწადზე მეტხანს დარჩა. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინმა ძალაუფლების გასამყარებლად მკაცრი ზომები მიიღო. 1935-38 წლებში ქვეყანაში მასობრივი რეპრესიები განხორციელდა. რეპრესიებს საფუძვლად ცნობილი კომუნისტის, ს. კიროვის, საიდუმლოებით მოცული მკვლელობა დაედო (1934), რასაც შედეგად კომუნისტური პარტიის რიგი მოღვაწეების გასამართლება და სიკვდილით დასჯა მოჰყვა. შემდგომ წლებში რეპრესიებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. რეპრესირებულთა შორის აღმოჩნდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, არამედ ქვეყნის ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, სამღვდელოება და უბრალო ხალხი. რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა სავარაუდო რიცხვი 680000-დან - 1.3 მილიონამდე მერყეობს. სტალინმა უდიდესი როლი ითამაშა II მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხების საქმეში. 1941 წლის 8 აგვისტოს ის საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად იქნა არჩეული. სტალინი მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს: საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების შემდგომ სტალინი დარჩა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე. დაკრძალულია მოსკოვში. http://s58.radikal.ru/i159/0812/9d/b84bbd5a2b66.jpg http://s40.radikal.ru/i090/0812/eb/26f1786d5ff9.jpg http://s39.radikal.ru/i086/0812/85/f8fa54e14480.jpg
  10. არჩილ სულაკაური (1927-1997) http://s52.radikal.ru/i136/0812/e8/de69746e0622.jpg ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და "საპატიო ნიშნის" ორდენით. არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ მნათობის მთავარი რედაქტორი. პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული" (1956), "საგზალი" (1959), "ოთხივე მხრიდან" (1975), "სიჩუმე" (1978), "ლექსები" (1980). არჩილ სულაკაურის კალამს ეკუთვნის რიგი პროზაული ნაწარმოებებისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან", "ბიჭი და ძაღლი", "ოქროს თევზი", "სალამურას თავგადასავალი" (რომლისთვისაც შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა), "ლუკა" და სხვა. პოეტი გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  11. ნიკო სულხანიშვილი (1871-1919) http://s45.radikal.ru/i108/0812/9c/5a1fb6b4e9cb.jpg ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი. ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას. 1878 წელს ნიკო შეიყვანეს თელავის სასულიერო სემინარიაში, სადაც გალობას ასწავლიდნენ. 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი პირველი საკომპოზიტორო ცდები თარიღდება 1886 წლით. მოგვიანებით სიმღერაში ემზადებოდა ცნობილ პედაგოგთან დ. უსატოვთან. 1890-1900 წლებში სულხანიშვილი თელავის სასულიერო სემინარიაში მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იქვე ჩამოაყალიბა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი. სწორედ ამ პერიოდში შექმნა თავისი ცნობილი სიმღერა "ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად" დ. მაჩხანელის ტექსტზე (სიმღერა ნაწილობრივ სრულდება ი. ჭავჭავაძის ლექსის "გახსოვს ტურფავ" ტექსტით). 1900-1912 წლებში ნიკო კვლავ თბილისში ცხოვრობდა. 1902 წელს ის მეცადინეობდა თეორიულ დისციპლინებში თბილისის სამუსიკო სასწავლებელში. 1912-14 წლებში ნიკომ კახეთში იმოგზაურა და ჩაიწერა ხალხური სიმღერები. 1918 წელს ხელმძღვანელობდა ფასიან გუნდს, ხოლო 1919 - ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას. ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და შექმნა ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები. ზ. ფალიაშვილთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში. 1892 წელს ნიკო მუშაობდა ოპერა "პატარა კახზე", რომლის მხოლოდ 2 ნაწყვეტი შემორჩა, მათგან ერთი - ძალზე ცნობილი და პოპულარული სიმღერა "დაიგვიანეს". სულხანიშვილის ყველა გუნდი თანხლების გარეშე სრულდება, ძირითადად ოთხხმიანია და შერეული. მისი საუკეთესო გუნდებია: "გუთნური" (ი. ჭავჭავაძის "გუთნის დედა"), "სამშობლო ხევსურისა" (რ. ერისთავის ლექსზე), "მესტვირული" ა. წერეთლის ლექსზე "ჩონგურს სიმები გავუბი") და სხვა.
  12. გრიგოლ სურამელი (XIII საუკუნის 40-60-იანი წლები) http://s41.radikal.ru/i093/0812/35/59420fbdc905.jpg ფეოდალი, ქართლის ერისთავ სულა სურამელის ძე. საქართველოს მეფეების: რუსუდანისა და დავით ულუს (ლაშა გიორგის ძე) კარის მოხელე, მსახურთუხუცესი ვარამ გაგელის გარდაცვალების შემდეგ. უმეფობის ხანაში (1245-1247) მონღოლებმა სურამელი ერთ-ერთი დუმნის - ქართლის გამგებლად დანიშნეს. ჟამთააღმწერლის ცნობით, ალამუთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს (მონღოლთა ლაშქრობები ასასინების წინააღმდეგ) გონივრული რჩევით დაღუპვას გადაარჩინა ქართველები. მონაწილეობდა ეგარსლან ბაკურციხელის მოწინააღმდეგე დიდებულთა შეკრებაში, სადაც გადაწყდა რუმიდან ულუ დავითის ჩამოყვანა. ჰულაგუ ყაენის ბრძანებით, საქართველოს ლაშქარი ეგვიპტეში უნდა გაჰყოლოდა საომრად. დავით ულუმ უარი განაცხადა - "არღარა მნებავს მონება თათართა", მაგრამ დიდებულებს ნება დართო, ვისაც სურდა წაყოლოდნენ ყაენს. სურამელმა, ისევე, როგორც დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, მხარი არ დაუჭირა დავით ულუს აჯანყებას და მონღოლებს ეახლა ეგვიპტეში სალაშქროდ (1260). ასეთი ლაშქრობების დროს სარდლები დიდ ნაალაფევს შოულობდნენ. გრიგოლ სურამელმა "ხმლითა ნაშოებით" იყიდა სოფლები. ერთი საბუთის მიხედვით გრიგოლ სურამელმა ააგო და შიომღვიმის მონასტერს შესწირა წისქვილი. ამავე დროს, ვალად იღო მონასტრის მომავალი პატრონობა და შეკეთება. გრიგოლის ვაჟი იყო ქართლის ერისთავი, მსახურთუხუცესი ბექა სურამელი, ასული - ხათუთა, მეუღლე კახა თირელისა.
  13. სუხიშვილი და რამიშვილი (1907-1985, 1910-2000) http://s46.radikal.ru/i114/0812/5d/75dabd35c6ae.jpg სახალხო არტისტმა ნინო რამიშვილმა მოცეკვავესა და ქორეოგრაფთან, სახალხო არტისტ ილიკო სუხიშვილთან ერთად დააარსა ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი. ილიკო სუხიშვილი ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, სახალხო არტისტი. 1926 წელს სუხიშვილმა დაამთავრა ქართული ხალხური ცეკვების სტუდია. პარალელურად ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სკოლაში მეცადინეობდა (მ. პერინის სტუდია 1916-21). 1926 წლიდან სუხიშვილი ამავე თეატრის მოცეკვავე იყო, ხოლო მომდევნო წლებში - სოლისტი მოცეკვავე და ქართული ცეკვების დამდგმელი. 1933-35 წლებში ოსტატობას სრულყოფდა კ. გალეზოვსკისთან დიდ თეატრში. 1939-41 წლებში იყო საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი, 1937 წლიდან კი - აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი და მოცეკვავე (ს. კავსაძის ხელმძღვანელობით). 1945 წლიდან ნინო რამიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, იყო მისი მხატვრული ხელმძღვანელი და დირექტორი, 1954 წლამდე კი - სოლისტი. სუხიშვილის საუკეთესო დადგმათა შორისაა: "ფარცა", "ხორუმი". "ქართული", ქართული და ხევსურული სუიტები, ქორეოგრაფიული კომპოზიცია რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით და სხვა. დაჯილდოებულია შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით, ლენინის ორდენითა და სხვა ჯილდოებით. ნინო რამიშვილი ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ბალეტმაისტერი, სახალხო არტისტი. 1922-1927 წლებში რამიშვილი სწავლობდა მ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1927 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის კორდებალეტში. ნინო ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერებში: ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", დოლიძის "ცისანა", არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე". 1939-1945 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, 1945 წლიდან კი - საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე და სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილთან ერთად. ანსამბლთან ერთად ნინო რამიშვილი საგასტროლოდ იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი ანსამბლის ყველა გამოსვლას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა. ნინო რამიშვილის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, ქალური სინაზე და უბრალოება, ხელების განსაკუთრებული, გამომსახველი მოძრაობა. ის ქართული ცეკვების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მისი საუკეთესო დადგმებია: "ხორუმი", "ანარნარი", "სამაია", "სვანური ცეკვა" და სხვა. დაჯილდოებულია შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა და ლენინის ორდენით.
  14. გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959) http://s40.radikal.ru/i088/0812/f3/01af6412c2a0.jpg ქართველი პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. გალაკტიონი 1900 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში შეუყვანიათ, 1908 წლიდან ის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1910 წელს გალაკტიონმა მიატოვა სასულიერო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ჯერ სოფელ ფარცხნალაში, ხოლო შემდეგ - ბათუმის მახლობლად. 1912 წლიდან ის ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1918 წელს პოეტი თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში ის საკუთარ ჟურნალს - "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი" - გამოსცემდა, ასევე იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924), სადაც გამოაქვეყნა კიდეც პოემა "მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა", რომელშიც აშკარად ჩანდა მისი გულისტკივილი 1921 წელს განვითარებულ მოვლენებზე. საბჭოთა ხელისუფლებამ პოეტი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში ჩასვა, ჟურნალის ტირაჟი კი მთლიანად გაანადურა. ამ დროისთვის გალაკტიონს უკვე ლექსების ორი კრებული ჰქონდა გამოშვებული. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და, განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "ლურჯა ცხენებმა", "სილაჟვარდემ...", "მერიმ" მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ენის დიდებული კეთილხმოვანება. 1927 წელს ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება "არიფიონი", რომლის წევრი გალაკტიონიც იყო. 1928 წლიდან პოეტის შემოქმედებაში იწყება ერთგვარი "გარდატეხის პერიოდი" - პოეტი იძულებით წერს პოეტურ ციკლებს: "ეპოქა", "პაციფიზმი", "რევოლუციურ საქართველოს" და სხვა. 1928 წელს გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ. 1935 წელს პოეტმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დაცვის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც ის კონგრესის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს. 1941-45 წლებში გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე. ამავე წლებში შეიქმნა მისი ისეთი გენიალური ნაწარმოებები, როგორიცაა: "ვარდები", "უკანასკნელი ლხინი", "მესხის გამოხედვა", "ვწერ ვინმე მესხი მელექსე", "ზღვა ახმაურდა", "ქებათაქება ნიკორწმინდას", პოემები "აკაკი წერეთელი", "საუბრები ლირიკის შესახებ" და სხვა. 1953-57 წლებში გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით. 1959 წლის 17 მარტს პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  15. ტიციან ტაბიძე (1895-1937) http://s51.radikal.ru/i133/0812/07/10703277d861.jpg ქართველი პოეტი, სიმბოლისტი, ცისფერყანწელთა თვალსაჩინო წარმომადგენელი. შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს. 1901-1905 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1906 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩაირიცხა. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდან დაიწყო. 1911 წლიდან მისი ადრეული ლექსები, ნოველები და მინიატურები იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "თემში", "ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში". 1913 წელს ტიციანმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. ამ პერიოდში ის ფრანგი და რუსი სიმბოლისტების ნაწარმოებებს თარგმნიდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. აქ ცოტა ხანს მუშაობდა გაზეთ "საქართველოს" რედაქციაში, რომლის ფურცლებზეც მრავალი კორესპონდენცია და პუბლიცისტური წერილი გამოაქვეყნა. ამავე პერიოდში ის იყო "ცისფერყანწელთა" ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოთავე. 1920 წლიდან რედაქტორობდა "რუბიკონსა" და "ბარიკადს". სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტიციანის მოდერნისტული ხელწერა ("ქალდეას სიზმრები", "პრინცი მაგოგი", "ავტოპორტრეტი", "უაბჯრონი", "ქალდეას მზე", "მაგი წინაპარი"). საგულისხმოა მისი ძიებანი ქართული პოეზიის განახლებისათვის, რის უპირველეს პირობადაც ტიციანს აღმოსავლური და დასავლური პოეზიის სინთეზი ესახებოდა. თვითმკვლელობის, განწირულობის მოტივი, სიმახინჯის კულტი ქართული პოეზიისათვის უჩვეულო სახე-სიმბოლოებითა და ლექსიკით ტვირთავდა მის ლექსებს ("ორპირის სეზონი", "ბირნამიის ტყე", "მღვდელი და მალარია", "ნინა მაყაშვილს"). ტიციანის გვიანდელ შემოქმედებაში გამოიკვეთა მისი იდეალი - სტიქიასავით მოვარდნილი პოეტური ზეშთაგონება ("ლექსი მეწყერი", "ლექსი წელკავი", "ლექსის დაბადება"), რომლის მხატვრული განსხეულებაა სამშობლოს, სიცოცხლის, სიყვარულის სადიდებელი ლირიული შედევრები: "ჩააქრეთ სულში სიონის ზარი...", "მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე", "თამუნია წერეთელს", "ანანური", "მაშ, გამარჯვება..." და სხვა. ტიციანის კალამს ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე. მანვე თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ა. ისააკიანის, ლ. არაგონის და სხვათა თხზულებანი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და სხვა ენებზე. პოეტი საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა, 1937 წელს დააპატიმრეს და, სავარაუდოდ, დახვრიტეს. მისი საფლავი უცნობია.
  16. ვახტანგ ტაბლიაშვილი (1914-2002) http://i014.radikal.ru/0812/d6/d783b3a40e16.jpg ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი. 1939 წელს ვ. ტაბლიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1939-1966 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. მის დადგმათა რიცხვში შედის: ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" (საკუთარი ინსცენირებით), ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი", უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", ალ. ყაზბეგის "მოძღვარი" (საკუთარი ინსცენირებით), ვ. კალანდაძის "მაია წყნეთელი" და სხვა. 1956-1965 წლებში ტაბლიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდა. აქ მან დადგა ზ. ფალიაშვილის "დაისი", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", ჯ. ვერდის "ტრუბადური" და სხვა. მისი დადგმები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა. 1967 წლიდან ტაბლიაშვილმა მოღვაწეობა განაგრძო კინოსტუდია "ქართულ ფილმში". გადაიღო ფილმები: "ქეთო და კოტე" (რეჟისორ შ. გედევანიშვილთან ერთად, 1948), "დიდოსტატის მარჯვენა" (რეჟისორ დ. აბაშიძესთან ერთად), "ლევან ხიდაშელი".
  17. გიორგი ტარსაიძე (1857-1904) http://s42.radikal.ru/i095/0812/9d/ebb6a711978d.jpg ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი, კავკასიის ექიმთა საზოგადოების წევრი. გიორგი ტარსაიძემ 1879 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ერთხანს რაჭაში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ კვლავ ხარკოვში დაბრუნდა ცოდნის გასაღრმავებლად და ექვსი წელიწადი იმუშავა ლ. გირშმანის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. 1888 წელს უკვე დახელოვნებულმა ოფთალმოლოგმა მუშაობა დაიწყო თბილისის "1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალოში". 1892 წელს ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა უფასო საავადმყოფო, რომლის დირექტორიც თვითონ იყო გარდაცვალებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ეგრეთ წოდებული "თვალის მფრინავი რაზმები". გიორგი ტარსაიძის სახელობისაა თვალის სნეულებათა რესპუბლიკური საავადმყოფო.
  18. ერეკლე ტატიშვილი (1884-1946) http://s52.radikal.ru/i136/0812/00/1af9832403ba.jpg ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. დასავლური ენებისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. 1904-13 წლებში ერეკლე ტატიშვილი სწავლობდა პეტერბურგის, გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებში. ის თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებთან "მუშა" და "ხმა", რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს პეტერბურგსა და გორში. 1918 წლამდე ქალაქ სტამბოლში ასწავლიდა ფრანგულ ენას. სამშობლოში 1918 წელს დაბრუნდა. აქ ის ფრანგულსა და გერმანულ ენებს ასწავლიდა თბილისსა და გორში. 1923 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა ჯერ საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო კერძო სამართლის, ხოლო 1927 წლიდან - ინგლისური ენისა და ლიტერატურის კურსს. 1935-46 წლებში ტატიშვილი იყო ჯერ უცხო ენათა კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ კი - უცხო ენათა კათედრის გამგე. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დაარსებიდან (1945) კითხულობდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს. ერეკლე ტატიშვილი ეწეოდა მწერლობით და მთარგმნელობით საქმიანობასაც. მას ეკუთვნის ესსეები "კრიშნა", "ექსტასისი", "ფრიდრიხ ნიცშე", "საკია-მუნი", თარგმანები: შილერის "ვერაგობა და სიყვარული", ე. პოს "სიჩუმე", რომელიც ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება და სხვა.
  19. გრიგოლ ტატიშვილი (1848-1911) http://s40.radikal.ru/i088/0812/49/f2d111d11fa0.jpg ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, თვითნასწავლი მხატვარი, ახალი გრაფიკული ხელოვნების ფუძემდებელი. გრიგოლ ტატიშვილი 1862 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ოქრომჭედლებთან და თეატრის იტალიელ მხატვრებთან. სწორედ მათთან ურთიერთობის შედეგად გაუღვივდა მას ინტერესი ქსილოგრაფიისა და ხეზე მხატვრული კვეთის მიმართ. თავდაპირველად ტატიშვილი ამზადებდა კლიშეებს საცირკო აფიშებისთვის. 1871 წელს მან გრაფიკულად გააფორმა საყმაწვილო ჟურნალ "კრებულის" გარეკანი, 1875-76 წლებში კი "ყარამანიანი", რომელიც მის შემოქმედებაში საეტაპო ნაწარმოებად ითვლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტატიშვილის მიერ გაფორმებული შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" (1887), ი. გოგებაშვილის "დედა ენა" (1878), "ბუნების კარი" და სხვა. ტატიშვილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია მდიდარი ფანტაზია, სისადავე, კომპოზიციური მთლიანობა. ქსილოგრაფიის ხელოვნება მან საქართველოში განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანა.
  20. გაიხარეთ! ბოლომდე ჩავალ მალე!
  21. მარიამ უგრელიძე (1885-1960) http://s39.radikal.ru/i086/0812/8c/b04026ed0bb6.jpg ქართველი პედიატრი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. მარიამ უგრელიძე არის მეცნიერული პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1908-14 წლებში მარიამი სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1915 წელს მან დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1930 წლიდან 1960 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე, ხოლო 1945-55 წლებში - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მარიამ უგრელიძემ საბჭოთა კავშირში პირველმა დაამუშავა აეროთერაპიის საკითხები, შეისწავლა რაქიტისა და რევმატიზმის გავრცელება ქართველ ბავშვებში.
  22. დიმიტრი უზნაძე (1886-1950) http://s40.radikal.ru/i090/0812/3c/42e9f84d47be.jpg ქართველი ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1909 წელს დიმიტრი უზნაძემ დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი. იმავე წელს ქალაქ ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია. 1909-18 წლებში უზნაძე იყო ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი, საზოგადოება "სინათლის" პირველი ქართული ქალთა სკოლის დირექტორი. 1913 წელს ექსტერნად დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიული და ფილოლოგიური ფაკულტეტი. უზნაძე ავტორია საშუალო სკოლის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა მსოფლიო ისტორიაში. 1910 წლიდან ის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა შრომებს ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის საკითხებზე. 1918 წლიდან უზნაძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თვითონ იყო. აქ ის განაგებდა ფსიქოლოგიის კათედრას. 1918 წელს მის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე 1941 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი - პირველი სამეცნიერო ცენტრი ფსიქოლოგიის დარგში, რომელსაც სათავეში თავად ჩაუდგა. 1943 წელს ეს სექტორი გადაკეთდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად, რომლის დირექტორიც დ. უზნაძე იყო, 1951 წელს კი ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა. უზნაძე იყო ასევე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიური კათედრის დამაარსებელი და მისი გამგე (1933-42). მან საქართველოში საფუძველი ჩაუყარა შრომის ფსიქოლოგიას, ფსიქოტექნიკას, პედაგოგიურ ფსიქოლოგიასა და ბავშვთა ფსიქოლოგიას. ავტორია პირველი სახელმძღვანელოსი ზოგად ფსიქოლოგიაში. გამოქვეყნებული ჰქონდა შრომები გერმანულ ენაზე.
  23. პეტრე უმიკაშვილი (1838-1904) http://s44.radikal.ru/i106/0812/45/ad3de5d010fe.jpg ქართველი ლიტერატორი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ კი - პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1893 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. უმიკაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ქართული წიგნების გაგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში. ის ძალისხმევას არ იშურებდა ქართული თეატრის აღდგენა-განვითარების საქმეში, ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წელს კარამზინის თხზულების "მწერალს რა ეჭირვებას" თარგმანით. შემდეგ მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, ნარკვევები, "საშინაო მიმოხილვები" ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1864 წელს შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმიკაშვილის დამსახურება ხალხური სიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნებისა და ქართველი მწერლების თხზულებათა გამოცემის საქმეში. 1874 წელს მან დაბეჭდა "ლექსები სახალხო სიმღერებისგან შედგენილი", გამოაქვეყნა "არსენას ლექსი", "ეთერიანი", "ქართული ანდაზები" და სხვა. 1875 წელს მისი თაოსნობით ცალკე წიგნად გამოიცა ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები, ასევე: დ. გურამიშვილის ნაწერები, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ვ. ორბელიანის, გრ. ორბელიანის, ალ. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის ლექსები, "ვისრამიანი", ვახტანგ მეექვსის "დასტურლამალი", ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და სხვა.
  24. ალავერდი-ხანი უნდილაძე (XVI-XVII) http://s52.radikal.ru/i136/0812/a1/1c5cad5f41fc.jpg ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი. საქართველოდან ბავშვი წაიყვანეს ტყვედ. გახდა ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ქალაქ ფარსის ბეგლარბეგი, შაჰ-აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. როგორც სარდალმა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603-1612). ისპაჰანში მდინარე ზენდერუდზე ააშენა ხიდი, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით, ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა, დაუდ-ხანმა, ყარაბაღისა.
  25. მარჯორი სკოტ უორდროპი (1869-1909) http://s40.radikal.ru/i089/0812/23/25889a9b441a.jpg ინგლისელი მთარგმნელი. ქართული მწერლობისა და კულტურის დიდი პოპულარიზატორი. მარჯორი უორდროპი დიდად განათლებული ახალგაზრდა ქალი ყოფილა. ის ფლობდა ექვს უცხო ენას: ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს, იტალიურსა და ქართულს. აღსანიშნავია, რომ მარჯორი საქართველოთი მისმა ძმამ, ოლივერმა, დააინტერესა. ოლივერს 1887 წელს უმოგზაურია საქართველოში, სადაც გაუცნია ი. ჭავჭავაძე, ივ. მაჩაბელი და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ის იმდენად მოხიბლულა ჩვენი ქვეყნით, რომ სამშობლოში დაბრუნებულს წიგნი გამოუცია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ძმის აღფრთოვანება მის დასაც გადაედო და მარჯორიმ დაუღალავი მეცადინეობით ქართული ენა დამოუკიდებლად შეისწავლა. 1894 წელს მარჯორიმ პირველად იმოგზაურა საქართველოში დედასთან ერთად. აქ მათ გაიცნეს და დაუახლოვდნენ ი. ჭავჭავაძესა და ო. გურამიშვილს, ივ. მაჩაბელს, ა. ერისთავ-ხოშტარიას, კ. კეკელიძესა და სხვებს. 1894 წელსვე ლონდონში გამოიცა მარჯორის თარგმანები: "ქართული ხალხური ზღაპრები", მომდევნო წლებში: ი. ჭავჭავაძის "განდეგილი" (ლექსად), "წმ. ნინოს ცხოვრება" (ო. უორდროპთან ერთად) და სხვა. საქართველოს ისტორიითა და ქართული მწერლობით უცხოელ მწერალთა და მეცნიერთა დაინტერესების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა "ვეფხისტყაოსნის" მარჯორი უორდროპისეულმა სრულმა პროზაულმა თარგმანმა, რომელიც მისმა ძმამ მარჯორის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოსცა. ამ თარგმანით საზოგადოება პირველად გაეცნო რუსთაველის პოემას ინგლისურ ენაზე. 1896 წელს მარჯორიმ ოჯახთან ერთად მეორედ იმოგზაურა საქართველოში. მას გადაწყვეტილი ჰქონდა კვლავ ჩამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, თუმცა აღარ დასცალდა, რადგან 1909 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა რუმინეთში. მარჯორის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ ოქსფორდში, ბოდლერის ბიბლიოთეკაში დააარსა უორდროპის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდი. მარჯორი უორდროპი დაკრძალულია ინგლისში, სევენოუქის საგვარეულო საძვალეში.
×
×
  • შექმენი...