Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ბესარიონ ქებურია (1870-1958) http://i021.radikal.ru/0812/e5/cad1b5a18bb7.jpg პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი. სსრკ დამსახურებული მფრინავი (1931). 1898 წელს პეტერბურგში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება. მუშაობდა ორენბურგ-ტაშკენტის, ბორჯომისა და ყარისის რკინიგზის ხაზების მშენებლობაზე (1905). 1908 წელს პირველად იფრინა საკუთარი კონსტრუქციის პლანერით თბილისში (საბურთალოზე). 1910 წელს პარიზში მიიღო ავიატორის დიპლომი. ამავე წელს ჩაატარა საჩვენებელი გაფრენა ვარშავაში, მოსკოვში, სარატოვში, თბილისსა და სხვა ქალაქებში. "ბრელიო მე-12-ის" ბაზაზე ააგო საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანი (1910), რომლითაც 1911 წლის 22 ნოემბერს თბილისში იფრინა 31 წუთი. 1912 წელს მოახდინა სარეკორდო გაფრენა (ავიდა 1500 მეტრზე). 1913 წელს ჩაატარა რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა თბილისში. 1914 წელს თბილისიდან ქუთაისში გადაფრინდა და სურამის უღელტეხილს 2000 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა. შემდეგ იფრინა ხონში, სამტრედიაში, ახალსენაკში, სოხუმში. 1923 წელს ქებურიას ხელმძღვანელობით გაიხსნა საჰაერო ტრასა თბილისი - ბაქო, თბილისი - სოხუმი, მოსკოვი - თბილისი, თბილისი - ქუთაისი - ბათუმი. ამავე წელს აირჩიეს "საჰაერო ფლოტის მეგობართა საზოგადოების" თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობისაა. ქებურიას ძეგლები დგას ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში. გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია ჩხოროწყუში.
  2. მიხეილ ქვლივიძე (1925-2005) http://s55.radikal.ru/i147/0812/0c/3933d5b6d741.jpg ქართველი პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. პოლონეთისა და უნგრეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950), პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1945 წელს, პირველი პოეტური კრებული კი - 1952 წელს. 1952-80 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, მაგრამ თბილისთან კავშირი არ შეუწყვეტია. აქ იბეჭდებოდა მისი ლექსები, წიგნები. 1993 წელს მ. ქვლივიძეს მიენიჭა ი. მაჩაბლის სახელობის პრემია, ხოლო 1995 წელს - გ. ტაბიძის სახელობის პრემია. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
  3. ლეო ქიაჩელი (1884-1963) http://s53.radikal.ru/i140/0812/dd/ef8eabdeffd7.jpg ქართველი მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარია ლეონ შენგელაია. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1904-05 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ 1905-07 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან და ერთ ხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში, 1912 წელს კი გაემგზავრა შვეიცარიაში და სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წ. დაბრუნდა საქართველოში. იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, რედაქტორობდა ჟურნალ "ლომისს". ლეო ქიაჩელმა წერა დაიწყო მოდერნისტული ნოველებით, რომლებშიც აშკარად იგრძნობა სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი მოტივები.ქიაჩელი აღწერდა მხატვრულ სიმართლეს და ქმნიდა პიროვნების ფსიქოლოგიურ სურათს. მოთხრობებში - "თავადის ქალი მაია" - მან ასახა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა, "ჰაკი აძბა" - ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი. 1916 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი "ტარიელ გოლუა". განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა რომანმა "გვადი ბიგვა". მისი თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. ლეო ქიაჩელი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  4. გერონტი ქიქოძე (1885-1960) http://i023.radikal.ru/0812/49/9b688af593b7.jpg ქართველი მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, 1903 წელს კი სწავლის გასაგრძელებლად დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა. ჯერ სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტებში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს ჟურნალ "მოგზაურში". ლიტერატურული მოღვაწეობა კი 10-იანი წლებიდან დაიწყო. ქართულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებსა და ესეებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1927-28 წლებში იყო ლიტერატურული დაჯგუფების "არიფიონის" ერთ-ერთი მოთავე, ალმანახ "არიფიონის" რედაქტორი. ქიქოძის შრომებს შორის აღსანიშნავია "წერილები ხელოვნებაზე", "ქართული ლიტერატურის ისტორია", "მოგონებები, სიტყვები, წერილები", "ეტიუდები და პორტრეტები". ქიქოძე ფართოდ განათლებული მწერალი და მკვლევარი იყო. თანაბრად ღრმად იცნობდა ევროპის ძველ თუ ახალ ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას. ერთი მხრივ, მსოფლიო ფილოსოფიის აზროვნებისა და კულტურის, მეორე მხრივ, ქართველი ერის ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების საფუძვლიანი ცოდნა იქცა იმ საძირკვლად, რასაც დაეყრდნო მწერლის მემკვიდრეობა. ქიქოძე აღიარებული იყო ქართული კრიტიკული აზროვნების მეტრად. მისი წერილები და ნარკვევები სანიმუშოა თავისი სიღრმით, სისადავით, ლაკონურობით. ქართულ მემუარულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესოა ქიქოძის "განთიადიდან შუადღემდე". გერონტი ქიქოძე დამსახურებულად არის მიჩნეული შეუდარებელ მთარგმნელად. ა. ფრანსის "ღმერთებს სწყურიათ", სტენდალის "იტალიური ქრონიკები", ა. დოდეს "წერილები ჩემი წისქვილიდან" თუ სხვა კლასიკური ნაწარმოებების ქიქოძისეული თარგმანი არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურისა და ენის განვითარებისათვის, ვიდრე მაღალმხატვრული ორიგინალური ნაწარმოებები. გერონტი ქიქოძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  5. სერგო ქობულაძე (1909-1978) http://s40.radikal.ru/i090/0812/c1/7d1140efc2c9.jpg გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, ფერმწერი. საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიიის ლაურეატი. ხატვის პირველი გაკვეთილები თბილისში მიიღო ნ. სკლიფოსოვსკისა და ბ. შებუევის სტუდიებში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. მეტად მნიშვნელოვანია ქობულაძის ღვაწლი ქართული წიგნის გრაფიკის განვითარებაში. მას ეკუთვნის შოთა რუსთაველის ორი პორტრეტი და "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები. ავტორია უილიამ შექსპირის ტრაგედიების ულუსტრაციებისა. 1931 წლიდან მუშაობდა თეატრის მხატვრად. სისტემატიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში (ვენეცია, ლონდონი და ა.შ.). მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, სურათების ეროვნულ და ტრეტიაკოვის (მოსკოვი) გალერეებსა და კერძო კოლექციებში. სიცოცხლის ბოლო წლებში ქობულაძე ეწეოდა კვლევით სამუშაოს. გამოკვლეული აქვს ქართული საეკლესიო კედლის მხატვრობის, კერძოდ, ყინწვისის ანგელოზის გეომეტრიული აგების წესი, შესწავლილი აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა (მცხეთის ჯავარი, ატენის სიონი) პროპორციების კანონზომიერება. გამოცემული აქვს ნაშრომი "ანტიკური და შუასაუკუნეების ძეგლთა კომპოზიციური აგებულების შესახებ". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  6. ქაზიმ ქოიონჯუ (1972-2005) http://s57.radikal.ru/i158/0812/c6/21e9ef2748e3.jpg ლაზი მუსიკოსი, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენასა და შენარჩუნებაზე. დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ექვსი დედმამიშვილისაგან ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმშვიდითა და მუსიკის სიყვარულით, 13 წლიდან გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში. სწავლა განაგრძო სტამბულის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა იქ მხოლოდ იმიტომ ჩააბარა, რომ სტამბულში გადასულიყო. 20 წლისამ სწავლა შეწყვიტა და თავი მუსიკას მიუძღვნა. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა. 1992 წელს ალი ელვერთან ერთად შექმნა როკ-ჯგუფს "დიმეინ". დიდ ყურადღებას უთმობდა ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა როკს მაინც ვერ უღალატა და მსმენელს ლაზური მუსიკისა და როკის სინთეზს სთავაზობდა. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ზუღაში ბერეფი" (ზღვის შვილები). ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ, როცა თურქეთში მცხოვრებთათვის სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. 1995 წელს "ზღვის შვილებმა" პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი "ვა მიშქუნან" (არ ვიცით) დაარქვეს, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში. 1998 წელს გამოვიდა მეორე ალბომი სახელწოდებით "იგზას" (გზაში), რომელიც წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მათ 130 კონცერტი ჰქონდათ ჩატარებული და ორი ალბომი ჩაწერილი. ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმმა სოლო მოღვაწეობა განაგრძო. ხშირად ესწრებოდა ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებდა. 2002 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი "ვია" (ზღვის ტალღებზე მონავარდე), ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი - "ჰაიდე". 2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოვიდა. აქ განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყეს, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მომღერალზე. ქაზიმს ხშირად უწოდებდნენ მომღერალ "ბულბულს". მის მიერ ნამღერი "სელემინა", რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმებმა ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ დანებდა, თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა. ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი "ტრაპიზონ სპორტისთვის". 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი სტაბულიდან ტრაპიზონში გადაასვენეს, პროცესიას მეგრული სიმღერა "დიდოუ ნანა" მიაცილებდა. ტრაპზონში ლაზი მომღერლის ცხედარს 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიონჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.
  7. ფილიმონ ქორიძე (1829-1911) http://s39.radikal.ru/i083/0812/db/31e440ed9a16.jpg ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), პედაგოგი, ფოლკლორისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი. ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა იტალიაში, მღეროდა "ლა სკალაში", გასტროლებით შემოიარა სამხრეთ ამერიკა და იტალიის ქალაქები. 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტუალურ მუსიკალურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან გახდა თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი. ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერა-საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. მან სისტემაში მოიყვანა 5000-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რომლებიც დღეს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. 1895-1904 წლებში გამოსცა საგალობლების 4 კრებული. ავტორია წიგნისა "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის".
  8. ოთარ ქორქია (1923-2005) http://i053.radikal.ru/0812/7d/46ef8d200280.jpg ქართული საკალათბურთო სკოლის ყველა დროის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი. კალათბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. იყო თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, 1953-55 წლებში კი ნაკრების კაპიტანი. იგი იყო ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის ოქროს მედალოსანი და საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი. ამას გარდა, ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს უნივერსიადაზე. მუშაობდა თბილისის "დინამოს" უფროს მწვრთნელად, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მიაღწია უდიდეს წარმატებას - 1962 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ქორქია იყო საკალათბურთო სკოლის ყველა დროის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, კალთბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში იგი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ კალათბურთელად აღიარეს.
  9. იოველ ქუთათელაძე (1887-1963) http://s59.radikal.ru/i165/0812/c8/1a96fc6a6335.jpg ფარმაკოქიმიკოსი, საქართველოში უმაღლესი ფარმაცევტული განათლების, ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობისა და ფარმაკოქიმიურ მეცნიერებათა ფუძემდებელი. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფარმაციის მაგისტრი, ბიოლოგიურ მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი. 1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი. 1920 წელს გახდა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. 1932 წელს თბილისში დააარსა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, რომელსაც გარდაცვალებამდე თავად ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია ქუთათელაძის შრომები სასამართლო ქიმიაში. იგი სასამართლო მედიცინის უბადლო ექსპერტი იყო.
  10. არჩილ ქურდიანი (1903-1978) http://s59.radikal.ru/i166/0812/82/e1f2698ba09a.jpg არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. მისი ნამუშევრებია: საქართველოს პავილიონი საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მოსკოვში, თბილისში - ეროვნული სტადიონი, ტელეცენტრი, სასტუმრო ინტურისტი ქალაქ გორში და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები. არჩილ ქურდიანმა თანამედროვე არქიტექტურაში დანერგა ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი თაღთა პროპორციული გადაწყვეტა, კომპოზიციური წყობა, ქართული იერი შეუნარჩუნა თანამედროვე ნაგებობებს. მის ნამუშევრებში თვალშისაცემია სიმსუბუქე, ჰარმონიულობა და ეროვნულობა.
  11. ილია (ილიკო) ქურხული (1885-1954) http://s47.radikal.ru/i117/0812/58/6472fc319968.jpg მოხეტიალე მუსიკოსი (მესტვირე, მევიოლინე, მომღერალი). 1906 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ვიოლინოს განხრით. აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის, მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკურ სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პიესებს), შემდეგ კი რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. ფეხით შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, ასევე ფინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო საქართველოში მოგზაურობა. 1921-27 წელბში იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში. სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. 1927 წელს დაბრუნდა თბილისში და შეუდგა თავისი იდეის - მუსიკა ხალხს! - რეალიზებას. თბილისის ეზოებსა და ქუჩაბანდებში მართავდა პროფესიული დონის სახელდახელო კონცერტებს, ლექციებს, ეწეოდა ქართული მუსიკის პროპაგანდას. გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. შეისწავლა ხალხური საკრავების აგებულება, ზრუნავდა ქართული ხალხური საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებისათვის.
  12. ვარლამ ღვალაძე (1893-1944) http://s39.radikal.ru/i086/0812/37/6f1d64fc1b66.jpg ქართველი ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936). პროფესორი (1936). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. 1923 წელს ვარლამ ღვალაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1931-35 წლებში ის იყო ენოქიმიის ლაბორატორიის გამგე მევენახეობისა და მეღვინეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე ღვალაძე მუშაობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კომპლექსური კვლევის ქიმიური ლაბორატორიის გამგედ, პარალელურად იყო ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგეც. ვარლამ ღვალაძეს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი მეღვინეობის საკითხებზე.
  13. ოთარ ღუდუშაური (1925-1991) http://s59.radikal.ru/i166/0812/7d/f5816597c05e.jpg ტრავმატოლოგ-ორთოპედი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1949 წელს დაამთავრა ქ. ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობდა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ - მოსკოვში, სადაც 1970 წლამდე მოღვაწეობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1972 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს. ღუდუშაურმა საბჭოთა კავშირში პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდულიკერამიკა. დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები: შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვ. არაკეროვანი კომპრესულ-დისტრაქციული მეთოდის შექმნისა და დანერგვისათვის ღუდუშაურს მიენიჭა ლენინური პრემია. 1975 წლიდან იყო ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
  14. ალექსანდრე ყაზბეგი (1848-1893) http://s53.radikal.ru/i140/0812/a9/8c573badf96b.jpg დაიბადა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის, მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. 1863 წლიდან სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში კი მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებული მთაში წავიდა და 1879 წლამდე მეცხვარედ იყო. თბილისში დაბრუნებული ჯერ სასტუმროში ცხოვრობდა, შემდეგ "დროების" რედაქციის შენობაში, მოგვიანებით კი მთაწმინდაზე, სასამართლოს ქუჩაზე (ახლანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩა). ამ დროიდან იგი იყო ახლადაღდგენილი ქართული სათეატრო დასის წევრი და დრამატურგი. ქართულ სცენაზე 70-ზე მეტი როლი განასახიერა. თავადვე წერდა პიესებს, რომელთგან თბილისში დაიდგა ორიგინალური დრამები: "არსენა", "წამება ქეთევან დედოფლისა", "აღმზრდელები" და სხვ. ყაზბეგმა პირველი მოთხრობა "ციცკა" 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ი. ჭავჭავაძის "ივერიაში". განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა "ელგუჯა", რომელიც 1881 წელს "დროებაში" დაიბეჭდა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი", "ციკო", "ხევისბერი გოჩა", "მოძღვარი" და სხვა. ბურჟუაზიული წყობისა და მორალის მომძლავრება აისახა რომანში "განკიცხული", თბილისური ყოფა - მოთხრობებში "ფათი" და "ჩინოვნიკი ილურიძე". ალექსანდრე ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, მკითხველს გააცნო მოხევეთა ყოფა, მათი ადათ-წესები, ტრადიციები, თავდადება სამშობლოსათვის. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც გადმოსცა როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკული წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები ("ცხოვრების ჩარხი", "შიოლა ღუდუშაური"), ლექსები და პოემები. 1886-1887 წლებში ყაზბეგი მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა. დაკრძალულია სტეფანწმინდაში.
  15. ზაქარია ყანჩაველი (1890-1932) http://s46.radikal.ru/i113/0812/36/2e7237b4d3a2.jpg ბოტანიკოსი, სისტემატიკოს-ფლორისტი. საქართველოში ბოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი ქართველი დოქტორი ბოტანიკის დარგში, პროფესორი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1915-17 წლებში მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში და ხელმძღვანელობდა შავი ზღვისა და თბილისის გუბერნიებში სამკურნალო მცენარეთა შემსწავლელ ორგანიზაციას. ბოტანიკური კათედრები ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო და პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველ ბოტანიკოსთა აღზრდაში, დაამუშავა ქართული ბოტანიკური ტერმინოლოგია. პირველად ქართულ ენაზე 1919 წელს გამოსცა გვიმრანაირ და ყვავილოვან მცენარეთა სარკვევი, 1927 წელს კი ბოტანიკის პირველი ქართული სახელმძღვანელო.
  16. სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981) http://s44.radikal.ru/i106/0812/3d/fb94fc052f26.jpg ქართველი მეცნიერი, ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. დაიბადა ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგისa და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ კი სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად სწავლობდა აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. 1917 წელს მან წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში დაბრუნდა. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. ივ. ჯავახიშვილის წარდგენით 1918 წელს დატოვეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1923-26 წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, 1927-38 წლებში აქვე ხელმძღვანელობდა ბიზანტიოლოგიის, 1940-54 წლებში კი კლასიკური ფილოლოგიის კათედრას. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ყაუხჩიშვილმა დააარსა ბიზანტიოლოგიის სკოლა საქართველოში. 1920 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "ქრონოგრაფი გიორგი მონოზნისა". მანვე გამოსცა იოანე პეტრიწის "შრომების" ორი ტომი, პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ბერძნული ვერსია ქართული თარგმანით და სხვ. მას ეკუთვნის სამტომიანი "ბერძნული ლიტერატურის ისტორია", რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი ნაშრომი იყო, სადაც მოცემულია ბიზანტიური ლიტერატურის სრული დახასიათება. ყაუხჩიშვილის დამსახურებაა ბიზანტიურ წერილობით ძეგლებში საქართველოს შესახებ დაცული ცნობების თავმოყრა. 1932 წელს მან დააარსა გამოცემათა სერია "გეორგიკა" ანუ "ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ". მასვე ეკუთვნის პირველი მეცნიერული კურსი ქართულ ენაზე ბიზანტიის ისტორიის შესახებ ("ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან"). ყაუხჩიშვილმა შეადგინა ლათინურ-ქართული ლექსიკონი, ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით მეცნიერულად დაადგინა და მოამზადა "ქართლის ცხოვრების" აკადემიური გამოცემა. 1942 წელს მისივე რედაქციით დაიბეჭდა "ანასეული ქართლის ცხოვრება". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  17. დიმიტრი ყიფიანი (1814-1887) http://s53.radikal.ru/i140/0812/bf/4c1784f18b81.jpg საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წ. საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის წმინდანად შერაცხა. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს, იქ კი გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს. 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე მუშაობდა მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-67 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, 1864-70 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-86 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-79 წლებში თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მისი საქართველოდან გაშვება მოითხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, იქ კი საკანში ვერაგულად მოკლეს. ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "ქართული დრამატული საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის. ყიფიანი ემხრობოდა იმ აზრს, რომ სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულები უნდა დანაწილებულიყო და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში გადაცემულიყო. ის მომხრე იყო საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნისა. ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა". 1857 წლიდან თანამშრომლობდა "ცისკარში". აქვე დაიბეჭდა მოლიერის, შექსპირისა, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ყიფიანის დაკრძალვისას ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა აკაკი წერეთელმა ლექსი "განთიადი". დიმიტრი ყიფიანი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  18. დავით ყიფიანი (1951-2001) http://s39.radikal.ru/i085/0812/b2/caf06258a8af.jpg ქართველი ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, თამაშობდა თბილისის "დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი და გატანილი აქვს 78 გოლი. სსრკ-ს ნაკრებში ითამაშა 19 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. ევროტურნირებზე - 35 მატჩი 10 გოლით. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. 1978 წელს გახრდა სსრკ-ს ჩემპიონი, ვერცხლის პრიზიორი - 1977 წელს, ბრინჯაოს პრიზიორი - 1971-72-76 (გაზაფხული), 1976(ზაფხული), 1976-79 წლებში სსრკ-ს თასის მფლობელი, 1981 წელს თასების თასის მფლობელი. საუკეთესოთა შორის დასახელებული იყო 8-ჯერ: 1977 და 1978 წლებში პირველ ნომრად. აღიარებულია 1978 წლის სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო მწვრთნელი სხვადასხვა გუნდებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. დავით ყიფიანი გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, მოედნის შესანიშნავი ხედვით, მახვილგონივრული გადაცემებით. 2001 წლიდან საქართველოს თასს ფეხბურთში ეწოდა დავით ყიფიანის სახელობის თასი. დავით ყიფიანი 2001 წლის 17 სექტემბერს დაიღუპა ავტოავარიაში.
  19. გიორგი შავგულიძე (1910-1959) http://s49.radikal.ru/i125/0812/f9/df0bec8c34ab.jpg შავგულიძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი იყო. დაუცხრომელი შემოქმედებითი ფანტაზია, ტემპერამენტი, დროის შეცნობის ნიჭი საშუალებას აძლევდა შეექმნა უკიდურესად მრავალმხრივი სახეები, თანაბარი ძალით შეეძლო დრამატული, კომედიური და სახასიათო როლების თამაში. მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იყო კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე, რომლის ხელმძღვანელობითაც 1928 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 30 წლის მუშაობის მანძილზე შექმნა მრავალი დაუვიწყარი სცენური სახე თანამედროვე, ისტორიულ თუ კლასიკურ რეპარტუარში. შავგულიძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი იყო. დაუცხრომელი შემოქმედებითი ფანტაზია, ტემპერამენტი, დროის შეცნობის ნიჭი საშუალებას აძლევდა შეექმნა უკიდურესად მრავალმხრივი სახეები, თანაბარი ძალით შეეძლო დრამატული, კომედიური და სახასიათო როლების თამაში. შავგულიძეს მნიშვნლეოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. გადაღებულია ფილმებში: "დიადი განთიადი", "ბედნიერი შეხვედრა", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე", "დავით გურამიშვილი" და სხვა. გ. შავგულიძე 1959 წლის 13 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  20. მიხეილ შავიშვილი (1920-1999) http://i012.radikal.ru/0812/63/49d345254b90.jpg ლოტბარი, მომღერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. სიმღერა პირველად დედამ, ვერა ვაშალომიძემ, ასწავლა. ის შესანიშნავად უკრავდა ჩონგურსა და გიტარაზე და, რაც მთავარია, იყო კარგი მოკრიმანჭულე. მიხეილ შავიშვილმა სიმღერის სერიოზული გაკვეთილები ცნობილი მომღერალ-მგალობლის, ლიხაურელი მღვდლის, ნესტორ კონტრიძისაგან მიიღო. თხუთმეტი წლისამ სიმღერის დიდოსტატის ვარლამ სიმონიშვილის ყურადღება მიიქცია: 1936-1937 წლებში მასთან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა. ეს კოლექტივი მისთვის დიდ სკოლად იქცა და მოკლე ხანში შესანიშნავი მოკრიმანჭულე გახდა. სკოლის დამთავრებისთანავე მიხეილმა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე წელს გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულე. ანსამბლს ცნობილი ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა. მიხეილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთ ღირშესანისნავ თარიღად უნდა ჩაითვალოს 1957 წელი, როდესაც თბილისში ჩამოყალიბდა ანსამბლი "შვიდკაცა" (ხელმძღვანელი ჯანსუღ კახიძე) და მიხეილი ანსამბლის კონსულტანტად და სოლისტად მიიწვიეს. იმავე წელს მან ოზურგეთის სარაიონო კულტურის სახლთან ჩამოაყალიბა ანსამბლი "შვიდკაცა". ამ ანსამბლის განსაკუთრებული წარმატების ხანა 1959 წლის შემდეგ იწყება, როცა თბილისის "შვიდკაცა" დაიშალა. 1974 წელს მიხეილ შავიშვილის თაოსნობით საქართველოში ჩამოყალიბდა ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი "კრიმანჭული". ამან დასაბამი მისცა ბავშვთა სხვა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას. შავიშვილმა დიდი შრომა გასწია და მრავალი ქართული ხალხური სიმღერა შეკრიბა და აღადგინა. მიხეილ შავიშვილის მოღვაწეობა მხოლოდ "შვიდკაცას" მიღწევებით არ შემოიფარგლება, იგი პარალელურად სხვა ანსამბლებსაც წარმატებით ლოტბარობდა. დაკრძალულია ოზურგეთში.
  21. აკაკი შანიძე (1887-1987) http://i065.radikal.ru/0812/55/afbeb0ef7071.jpg ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის "ფილოლოგთა საზოგადოების" საპატიო წევრი. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სომხური, ქართული, ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. შანიძის ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურასა და ისტორიას, დიალექტოლოგიას, ქართულ ტექსტოლოგიას, ეპიგრაფიკას, ფოლკლორისტიკას, რუსთველოლოგიას, არმენისტიკას, ალბანოლოგიასა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციას. მისმა მონოგრაფიამ "სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში" საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია. ფონეტიკურ და მორფოლოგიურ დარგებში შანიძის ადრეული ძიებები შეჯამებულია წიგნში "ქართული გრამატიკა, I. მორფოლოგია" (1930), რომელიც წარმოადგენს ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკას. წიგნმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროპაში ქართული ენის კვლევა-ძიების გაძლიერებას. ახალი კატეგორიების დადგენასთან ერთად შანიძემ შემოიღო ახალი გრამატიკული ტერმინები, რომლებიც გრამატიკულ ლიტერატურაში დამკვიდრდა. შანიძე ასევე სწავლობდა სხვა ქართველურ ენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომი "უმლაუტი სვანურში" და სვანური მეტყველების ტექსტების პუბლიკაცია. შანიძემ სხვადასხვა დროს დააარსა გამოცემათა სერიები და გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი ტექსტები, ძველი ქართული ენის პირველხარისხოვანი ძეგლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტების (უმთავრესად ე.წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახლი ეტაპია ქართულ დიალექტოლოგიაში. მისმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია. I ხევსურული" სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას. შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის - ალბანოლოგიის დაფუძნება. შანიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევა-ძიებაში. 1989 წელს რუსთველოლოგიაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მას შოთა როსუთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
  22. გურამ შარაძე (1940-2007) http://s40.radikal.ru/i088/0812/75/9713bfdb10d0.jpg ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. პოლიტიკოსი. თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1991-92 წლებში იყო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა ძველი ქართული მწერლობისა და "ვეფხისტყაოსნის" საკითხებს. 1994 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში დაარსებული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შრომა უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა მოძიებისა და მათი მოღვაწეობის გამომზეურების საქმეში. შარაძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელობით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში ჩამოიტანეს ეროვნული არქივი. გურამ შარაძე ავტორია წიგნებისა: "თეიმურაზ ბაგრატიონი - ცხოვრება და მოღვაწეობა", "მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა", "ილია ჭავჭავაძე", "უცხოეთის ცის ქვეშ", "მემედ აბაშიძე", "ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება", "აკაკი წერეთელი". გურამ შარაძეს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. გურამ შარაძე ტრაგიკულად დაიღუპა - მოკლეს თბილისის ქუჩაში. მკვლელობის მიზეზი უცნობია.
  23. ჟიული შარტავა (1944-1993) http://s57.radikal.ru/i155/0812/22/626dd75c4be6.jpg პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. თავდაპირველად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ დაამთავრა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. 1959 წლიდან მუშაობდა ჯერ მუშად ქარხანაში, იყო სკოლის მასწავლებელი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ხელმძღვანელ კომკავშირულ, პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე. 1985-87 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, 1988-92 წლებში კი იყო სახალხო კონტროლის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე. 1992 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. 1993 წლის 18 ივლისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. 27 სექტემბერს კი, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა სოხუმი აიღეს, შარტავამ ქალაქი არ დატოვა. იმავე დღეს იგი წამებით მოკლეს. დაკრძალულია სენაკში. 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.
  24. დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) http://i035.radikal.ru/0812/bd/a0016a7283af.jpg მხატვარი, საზოგადო მოღვაწე. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა. მცირე ხანს ციურიხში, ძმასთან ცხოვრობდა. სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმეს. 1916 წელს საქართველოში დაბრუნებულმა დააარსა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება". იგი აქტიურად მონაწილებდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში. 1920-იან წლებში იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში. აირჩიეს კულტურის, ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ. შევარდნაძის უშუალო ხელმძღვანელობით 1920 წელს საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების პირველ მუზეუმს საქართველოში, რომლის დირექტორიც 1920-36 წლებში თავადვე იყო. ამ პერიოდში შევარდნაძემ მრავალი მნიშნველოვანი ღონისძიება განახორციელა. მან დიდი როლი ითამაშა ფიროსმანის შემოქმედების შესწავლასა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებაში გადასვლის საქმეში. ასევე განუზომელი ღვაწლი მიუძღვის ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. იგი უშუალოდ მონაწილეობდა ნაბახტების ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში. 1935 წელს მისი ინიციატივით, მხატვარ-რესტავრატორ შ. აბრამიშვილთან ერთად, კედელს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადაიტანა. მისი თაოსნობით 1917 წელს დიდების ტაძარში მოეწყო ქართული ფრესკის პირველი გამოფენა. მას შემდეგ ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართველოს მუზეუმებში. 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში. 1918 წელს კი ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი. 1925 წელს როგორც ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართული შრიფტის გრაფიკული მოზახულობის ახალი ვარიანტი შექმნა. ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა, იგი იყო ქართული სათეატრო და კინოს მხატვრობის ერთ-ერთი პიონერი. დიმიტრი შევარდნაძე 1937 წელს რეპრესიის მსხვერპლი გახდა.
  25. ნიკოლოზ შენგელაია (1901-1943) http://s56.radikal.ru/i154/0812/b6/e0b0bbf18943.jpg კინორეჟისორი, კინოდრამატურგი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1924 წელს იგი რეჟისორის ასისტენტად მიიწვია კოტე მარჯანიშვილმა ფილმზე "ქარიშხლის წინ". ს. კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარები ფილმებისათვის: "სამანიშვილის დედინაცვალი" და "გაფლანგვა". გადაიღო ფილმები: "გიული" და "ელისო". 1922 წელს გამოჩნდა, როგორც ფუტურისტული მიმდინარეობის პოეტი. შენგელაია გამოირჩეოდა რეჟისორული გამომგონებლობით, დინამიკური კადრების სიმრავლით, მონტაჟის ოსტატობით, დახვეწილი კინემატოგრაფიული აზროვნებით. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ტემპერამენტი და პოეტურობა. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ფილმები: "26 კომისარი", "ნარინჯი ველი", "სამშობლო", "შავ მთებში", "მცხუნვარე მზის ქვეშ”, "ის კიდევ დაბრუნდება". შენგელაიას ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა კინემატოგრაფიის საზოგადოების საორგანიზაციო ბიურო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
×
×
  • შექმენი...