-
პოსტები
677 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მდა
-
ვასილ ბარნოვი (1856-1934) http://i014.radikal.ru/0902/34/abbaa7274f40.jpg მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა. 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. სავალდებულო საგნების გარდა, შეისწავლა ფრანგული ენა, გაეცნო ფილოსოფიურ, ისტორიულ და სოციოლოგიურ ნაშრომებს. სამოქალაქო სამსახურს პედაგოგობა არჩია და მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 40 წლის განმავლობაში ვასილ ბარნოვმა დაიმკვიდრა უანგარო, ფაქიზი ზნეობისა და მაღალი ინტელექტის მქონე პედაგოგის სახელი. ბარნოვის პირველი კორესპონდენცია "რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან" 1878 წელს გამოქვეყნდა "დროებაში", მომდევნო წელს – პირველი ლექსი "ქართველი ქალი", პირველი მოთხრობა "პატარა ლევანი" - 1893, პირველი რომანი "ისნის ცისკარი" - 1901 წელს. ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. ისტორიული მოვლენების ფონზე მწერლი ეხება ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთის მხრივ, ქართულ მითოლოგიას, მეორსე მხრივ, იდეალისტურ მსოფლაღქმას. იგი თითქმის ზუსტად იცავს ისტორიულ სინამდვილეს, მაგრამ მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც. მწერლის იდეური ჩანაფიქრი რომანებში: "ტრფობა წამებული", "არმაზის მსხვრევა", "გიორგი სააკაძე", "მიმქრალი შარავანდედი", "დედოფალი ბიზანტიისა", "ცოდვა სიჭაბუკისა" - დიდ ისტორიულ ძვრებს ემყარება. ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური, პედაგოგიკური და სხვა პრობლემებისადმი. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად გაჩაღებულ ბრძოლაში. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთონში.
-
ალექსანდრე ბატონიშვილი (1770-1844) http://i046.radikal.ru/0902/eb/e4006b4960bd.jpg პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე. აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ხელმძღვანელობდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას. საუფლისწულო მამული ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს. როცა ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის (ერევნის, ნახჭევანის, განჯის) სახანოებს. შემდეგ კი ირანში წავიდა. რუსეთ-ირანის ომის დროს თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, რომ თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა. 1812 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაღესტანში გაიქცა და რამდენიმე წელი იქ დაჰყო, შემდეგ კვლავ ირანს გაემგზავრა. მონაწილეობდა რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომში. 1832 წელს შეთქმულთა ერთ ჯგუფს განზრახული ჰქონდა მისი საქართველოს მეფედ მოწვევა. სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა თეირანში. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში.
-
ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757) http://i028.radikal.ru/0902/33/2f0426a82ee2.jpg გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. მის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები. ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. ბევრს მოგზაურობდა მშობლიურ ქეყანაში. აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1724 წელს მამას გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. მთელი დარჩენილი სიცოცხლე რუსეთში გაატარა და სამეცნიერო საქმეს მიუძღვნა. მისი ინტერესის სფერო იყო ისტორია, გეოგრაფია, კარტოგრაფია, მათემატიკა, ასტრონომია და სამხედრო საქმე. 1745 წელს დაამთავრა უნიკალური თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს ისტორიაა უძველესი დროიდან ("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკური და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ბატონიშვილი XIII-XIV საუკუნეების მოვლენებში ხედავდა. ვახუშტი ისტორიის პირველი პერიოდის წყარო "ქართლის ცხოვრებაა", მეორე ნაწილი კი ძირითადად ორიგინალურია. ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი ნაწილია "საქართველოს გეოგრაფიული აღწერა". მან მოგვცა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველი საფუძვლიანი და დეტალური გეოგრაფიული აღწერილობა, ორი გეოგრაფიული ატლასი - ხუთრუკიანი და ცხრამეტრუკიანი. ამ რუკებს ავტორის სიცოცხლეშივე მაღალი შეფასება მისცეს ევროპელმა კარტოგრაფებმა, ისინი ითარგმნა ფრანგულ და რუსულ ენებზე, გამოიყენეს XVIII საუკუნეში შედგენილი ევროპის რუკებისათვის. ეს გეოგრაფიული თხზულება და რუკები მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიო გეოგრაფიულ მეცნიერებაში. 1752 წელს ვახუშტი ბატონიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა "მოკლეპოლიტიკური გეოგრაფია" 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად, ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავის სემინარიაში. ვახუშტი ბატონიშვილი სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა დიდი მცოდნე იყო. ზუსტად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური, ნიადაგურ-რელიეფური და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური თავისებურებანი. მის თხზულებებში, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, საქართველო დაყოფილია ხუთ ბოტანიკურ-აგრონომიულ ზონად. ამ დაყოფას იგი საფუძვლად უდებდა ნიადაგების ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას. ვახუშტი მოგვითხრობს თბილისის პოლიტიკურ ისტორიას და თავის თანამედროვე ქალაქს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს, მოჰყავს გეგმაც. მის შრომებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.
-
კონსტანტინე ბაქრაძე (1898-1970) http://i023.radikal.ru/0902/1b/d312a45c18c1.jpg ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1923-25 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. 1930 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ისტორიისა და ლოგიკის კათედრებს. მის კვლევის ძირითადი სფერო იყო ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა, შემეცნების თეორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული დიალექტიკის ისტორიის საკითხების დამუშავებაში. ბაქრაძე იყო ფილოსოფიური სკოლების - ნეოკანტიანელობის, ფენომენოლოგიის, პრაგმატიზმის, ეგზისტენციალიზმის ცნობილი მკვლევარი. პირველი მონოგრაფია "დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში", რომელიც სადოქტორო დისერტაციად იყო გამიზნული, ოფიციალურმა კრიტიკამ ანტიმარქსისტულად მიიჩნია. 1936 წელს გამოაქვეყნა "სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში", რომელიც იცავდა მარქსიზმისათვის მიუღებელ თვალსაზრისს. აღნიშნული წიგნის საფუძველზე შედგა კონსტანტინე ბაქრაძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა, რომელიც ჩაუგდეს. შემდეგი წიგნი გამოვიდა რუსულ ენაზე (1958), რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მიიწვიეს მოსკოვში ლექციების წასაკითხად ჰეგელის თემაზე. საბჭოთა კავშირში პირველმა გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო (1946, რუსეულ ენაზე - 1955). ჟურნალ "ვოპროსი ფილოსოფიის" ფურცლებზე დაბეჭდილი კოტე ბაქრაძის სტატიით - ფორმალური ლოგიკისა და დიალექტიკური ლოგიკის შესახებ საკითხისათვის დაიწყო საკავშირო დისკუსი ლოგიკის ძირეულ პრობლემებზე. ბაქრაძის შრომებში გამოკვლეულია მარქსისტული შემეცნების თეორიის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა ჭეშმარიტების ობიექტურობის პრობლემა, ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემა და სხვა. ავტორია მონოგრაფიისა "უახლესი და თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები". დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
ლავრენტი ბერია (1899-1953) http://s52.radikal.ru/i136/0902/c9/07050194def7.jpg საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ მერხეულში. 16 წლისა ბაქოში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ ხელმოკლეობის გამო მუსავატური მთავრობის კონტრდაზვერვაში დაიწყო მუშაობა. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურ პარტიაში შევიდა და 1921 წელს მე-11 არმიას ჩამოჰყვა საქართველოში. 22 წლისა საგანგებო კომისიის უფროსის მოადგილე გახდა, თავი გამოიჩინა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა და თანამგრძნობთა დაჭერითა და დასჯით. ორი წლის შემდეგ "ჩეკას" თავმჯდომარე გახდა. მოახერხა და სხვადასხვა გზით სტალინის უდიდესი ნდობა მოიპოვა. 1931-38 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, რესპუბლიკის ერთპიროვნული ხელმძღვანელი იყო და განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა. მთელ საბჭოეთში განხორციელებული "წმენდა" ბერიამ საქართველოში განსაკუთრებული სიმკაცრით ჩაატარა, დახვრეტა მიუსჯა ქართველი ერის მრავალ სახელოვან მოღვაწეს. მისი სახელის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს. ამავე დროს ბერიამ საქართველოში მასშტაბური მშენებლობები წამოიწყო, დიდი ზეიმით გადაიხადა "ვეფხისტყაოსნის" შექმნის 750 წლისთავი, ილია ჭავჭავძის იუბილე. 1938 წლიდან ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარია. მან უმაღლეს დონეზე აიყვანა დაზვერვა და კონტრდაზვერვა, II მსოფლიო ომის დროს ჩაატარა რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ოპერაცია, თვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოაპარინა ატომური ბომბის აღწერილობა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს წრეებში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. 1953 წლის ივლისის დასაწყისში ბერია დააპატიმრეს, დეკემბერში კი დახვრეტა მიუსაჯეს.
-
ივანე ბერიტაშვილი (1885-1974) http://s42.radikal.ru/i096/0902/84/20dec7ac58d6.jpg ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1915-19 წლებში ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მას. 1935 წლიდან ამ კათედრის ბაზაზე დაარსებული ფიზიოლოგიის ინსტიტუტი დირექტორი იყო. ბერიტაშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმების, მეხსიერებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის შესახებ. 1941 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით. იყო საბჭოეთისა და მსოფლიოს ფიზიოლოგთა სხვადასხვა საზოგადოების წევრი. დაკრძალულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში.
-
ვახტანგ ბერიძე (1914-2000) http://i010.radikal.ru/0902/47/40813984585a.jpg ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურული განყოფილება და იმავე წელს დაიწყო პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა. მის ყურადღებას ძირითადად არქიტექტურული ძეგლები იპყრობდა. გამოკვლევაში "სამცხის ხუროთმოძღვრება - XIII-XVI საუკუნეები" ასახულია ქართული არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ნაშრომში "ზოგი ასპექტი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრებისა" ნაჩვენებია ქართული არქიტექტურის თვითმყოფადობა და მისი ადგილი ქრისტიანულ ხელოვნებაში. "ტაო-კლარჯეთის ძეგლების ადგილი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში" - ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომელიც ხელოვნებათმცოდნის პოზიციიდან იხილავს ამ რეგიონის ძეგლებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უხვად ილუსტრირებულ წიგნს "ძველი ქართული ხუროთმოძღვრება", სადაც განხილულია საეკლესიო და საერო ნაგებობები ძველი წელთაღრიცხვიდან XX საუკუნემდე. ორტომეულში "თბილისის ხუროთმოძღვრება - 1801-1917 წლები" - უცნობი საარქივო მასალების გამოყენებით ნაჩვენებია არქიტექტურის განვითარების სურათი. ეს ნაშრომი პირველი ნაბიჯი იყო ახალი ქართული არქიტექტურის შესწავლის დარგში. ავტორია ენციკლოპედიური წიგნისა "ძველი ქართველი ოსტატები". ეროვნული გამოყენებითი ხელოვნების პირველი მონოგრაფიული გამოკვლევაა ნაშრომი "ქართული ნაქარგობის ისტორიიდან - გარდამოხსნები". 1992 წელს გამოსცა წიგნი "კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში", ესეც პირველი ცდა იყო მივიწყებული პერიოდის შემოქმედებითი ცხოვრების ანალიზისა. ვახტანგ ბერიძის ნაშრომებში დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე თანამედროვე ხელოვნების - ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების შესწავლას. მას ეკუთვნის მონოგრაფიები ნიკო ფიროსმანზე, დავით კაკაბაძეზე, ლადო გუდიაშვილზე. ბერიძე იყო მოთავე ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა, რომელიც იტალიაში ჩატარდა. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ კრებულებში. არანაკლებ საინტერესოა 1987 წელს გამოცემული ვახტანგ ბერიძის "მოგონებები", რომელიც XX საუკუნის თბილისის მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965) http://i030.radikal.ru/0902/b4/672dd0c698c5.jpg ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1906 წელს ბათუმის გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს და ბათუმში ცხოვრება აუკრძალეს. მხოლოდ 1917 წელს დაასრულა გიმნაზიის კურსი. 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ივანე ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. აირჩიეს საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად, შემდეგ - კათედრის გამგედ. ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი იყო ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები. მისი თაოსნობით მოხდა მეცნიერული კვლევის გეგმაზომიერი დიფერენციაცია. ბერძენიშვილი იყო თანაავტორი საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელოსი (1943). მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ისტორია". წამოაყენა დებულებები ფეოდალური ხანის (VI-XIX სს.) საქართველოს ისტორიის ძირითადი პრობლემების შესახებ. გააშუქა ფეოდალურ ეპოქაში მწარმოებელი კლასის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოვლენები. დაადგინა ბატონყმობის დამკვიდრების დრო. დაასაბუთა, რომ სათავადოების წარმოშობა საქართველოს ისტორიის გარკვეულ საფეხურზე შექმნილი "ჩიხის" შედეგი იყო და არა პროგრესისა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ასევე ახლებურად გააშუქა რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის ისტორია და სხვა მრავალი პრობლემის საკვანძო საკითხები. ბერძენიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. საგანგებო კვლევა ჩაატარა თბილისის შემოგარენის შესასწავლად, სხვადასხვა ტერმინის დასადგენად. ბერძენიშვილის ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. 1947 წელს ბერძენიშვილს ი. ჯავახიშვილთან და ს. ჯანაშიასთან ერთად საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო (სტალინური) პრემია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
-
იაკობ ბობოხიძე (1931-2007) http://i018.radikal.ru/0902/03/3b5755e2af7c.jpg კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური განყოფილების მთავარ რედაქტორად. შექმნილი აქვს ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის, ასევე ვოკალური, სიმფონიური ნაწარმოებები და მუსიკა კინოფილმებისათვის: "კუჩხი ბედინერი", "ნატვრის ხე", "ზოგი ჭირი მარგებელია", "ხარება და გოგია", "სამოთხის გვრიტები", "ცოდვის შვილები" და სხვა.
-
დავით ბოლქვაძე (1969-1993) ქართველი რეჟისორი და ოპერატორი, ტრაგიკულად დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (გარდაცვალების შემდგომ). დათო ბოლქვაძემ 1987 წლიდან მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ტელევიზიაში ჯერ ლიტერატურულ, შემდეგ კი - თეატრალურ რედაქციაში ასისტენტად. 90-იან წლებში, სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაარსებისთანავე, დათო ამ არხზე ოპერატორად მიიწვიეს. 1993 წლიდან ის იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა "ტაიმ-აუტის" უცვლელი რეჟისორი და ოპერატორი. დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე დათო დაინიშნა მეორე არხის საინფორმაციო რედაქციის მთავარ რეჟისორად. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ამერიკულმა სააგენტო WTN-მა დათო სააგენტოს კავკასიის ბიუროს ოპერატორად მიიწვია. ის მივლინებულ იქნა სამოქალაქო ომის გასაშუქებლად დასავლეთ საქართველოში, სადაც 1993 წლის 28 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დახვრიტეს.
-
ვახტანგ ბოჭორიშვილი (1924-2002) http://i007.radikal.ru/0902/0e/227854fbbc36.jpg ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. თავდაპირველად სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და სხვადასხვა თეატრში მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. 1951 წელს დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობდა სამხედრო ექიმად, შემდეგ ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე. 1969 წლიდან თბილისში გადმოვიდა და სათავეში ჩაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო სიკვდილიანობის შემცირება. ვახტანგ ბოჭორიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნული მოძრაობის 80-იანი წლების ტალღას და მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.
-
მარი ფელისიტე ბროსე (1802-1880) http://s42.radikal.ru/i096/0902/fa/78d19d6ea0d9.jpg ორიენტალისტი და ქართველოლოგი. დაიბადა პარიზში, ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში. სწავლობდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულსა და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბროსეს მიწერ-მოწერით ეხმარებოდნენ ჟ. ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები თეიმურაზ ბატონიშვილი. 1838 წელს მარი ბროსე აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. აკადემიასა და უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესახებ. 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა. ფრანგულად თარგმნა და შვიდ ტომად გამოსცა "ქართლის ცხოვრება", ვახუშტის "ისტორიის" გეოგრაფიის ნაწილი, სხვა ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ. 1861 წელს გამოსცა საბუთები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. მან გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია, გააფართოვა მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა, წინ წასწია ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების შესწავლა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი. დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეშიც. წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ინდოირანულ შტოს ეკუთვნის. მან პირველმა განიხილა ქართული ენის ნათესაობის საკითხი არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკული სტრუქტურითაც. არაერთი ნარკვევი უძღვნა "ვეფხისტყაოსანს", "რუსუდანიანს", "ომანიანს". ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული "რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალავანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი". ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომელშიც მოიპოვება ცნობები საქართველოს შესახებ. ბროსეს სახელთან არის დაკავშირებული მთელი ეტაპი ევროპის ქართველოლოგიაში, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში.
-
ბესიკი (ბესარიონ) გაბაშვილი (1750-1791) http://s42.radikal.ru/i096/0902/71/06e8691494b5.jpg პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. ბესიკი იყო თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის, ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მან კარგი განათლება მიიღო. მის პოეზიაში ჩანს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ლიტერატურის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანი, დავით რექტორი და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაშიც. მან ქართლ-კახეთი დატოვა და XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის კარზე მოღვაწეობდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთუხუცესობა უბოძა. 1778 წელს ბესიკი ირანში ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით გაემგზავრა, მაგრამ ხანი გარდაცვლილი დახვდა. იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ქართველთა ჩანაფიქრი, ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთი გამოეყენებინათ. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 დავით მეფემ ბესიკს საგანგებო მისია დააკისრა: რუსეთისათვის მფარველობა ეთხოვნა, ისეთივე ტრაქტატი გაეფორმებინა, როგორიც ქართლ-კახეთის სამეფოსთან და იმერეთში დამხმარე ჯარი შემოეყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი, ფელდმარშალი გ. პოტიომკინი იმყოფებოდა. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასიში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა. მისი საფლავი დაკარგულია. ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსკუთრებული ადგილი უჭირავს. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა - "ტანო ტატანო", "სევდის ბაღს შეველ", "მე შენზეა ფიქრმა მიმარინდა". მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ ბესიკი თანამედროვეთა შორის იშვიათი პოპულარობით სარგებლობდა, მისი ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა.
-
გიორგი (გიგო) გაბაშვილი (1862-1936) http://s43.radikal.ru/i101/0902/3b/f49ceaca13a2.jpg ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფ.რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. სწავლა გააგრძელა პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში. 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი ჩამოიტანა. იყო იტალიასა და საბერძნეთშიც. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ევროპული მხატვრობის ფორმები, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა. გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, ფილიმონ ქორიძე, არისტოკრატიის წარმომადგენლები - "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშიანი თავადი", "სამი გენერალი", სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები - "მძინარე ხევსური", "მთვრალი ხევსური", "სამი მოქალაქე" და სხვა. გაბაშვილი არის ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობის, პეიზაჟის, ნატურმორტის პიონერი. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი - "ბაზარი სამარყანდში", "დივანბეგის აუზი ბუხარაში". გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა თანამედროვე ცხოვრების თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარებას. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა. გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. "ბაზარი სამარყანდში" 2006 წლის აპრილში ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე გაიყიდა 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.
-
რეზო გაბაშვილი (1882-1969) http://s44.radikal.ru/i104/0902/2a/811ca80bf27b.jpg პოლიტიკური და კოოპერაციული მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბელგიაში. სამშობლოში დაბრუნებული მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციაში, იყო ეროვნული თავისუფლების იდეის აქტიური მხარდამჭერი, ილია ჭავჭავაძის მიმდევარი. რამდენჯერმე დააპატიმრეს. წავიდა ემიგრაციაში, შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დაპატიმრების გამო კურსი ვერ დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. 1912 წელს დააარსა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი "კლდე". მისი ჯგუფი მოითხოვდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის აღდგენას და გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დაცვას. ჟურნალის დახურვის შემდეგ თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველოსთან". მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საადგილმამულო ბანკის მუშაობაში. I მსოფლიო ომის დროს აქტიურად გამოდიოდა გორის მაზრაში, ტირიფონის ველზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ. საფუძველი ჩაუყარა კოოპერაციულ მოძრაობას, შექმნა რამდენიმე გაერთიანება, სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა. რეზო გაბაშვილი მონაწილეობდა 1917 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, ეროვნული საბჭოს მუშაობაში. ეროვნულ და სოციალურ საკითხებში ებრძოდა სოციალ-დემოკრატებს. 1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა დამფუძნებელი კრების (საქართველოს პირველი პარლამენტის) წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ პარიზში დასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ემიგრანტთა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი "კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში", 1969 წელს - მოგონებები "რაც მახსოვს" (გერმანულ ენაზე), რომელსაც ქართველი მენშევიკები უარყოფითად შეხვდნენ. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ ჟურნალებში: "კავკასიონი", "ქართველი ერი", "კრებული", "ერის დიდება". დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე.
-
ტიმოთე გაბაშვილი (XVIII) მწერალი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი. ათონსა და იერუსალიმში ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები და ამით საფუძველი ჩაუყარა უცხოეთში ქართული კერების შესწავლას. 1729 წლამდე დავითგარეჯის მონასტრის ბერი იყო, შემდეგ იმერეთში მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. 1738 წელს ალექსანდრე V-მ ტიმოთე გაბაშვილი მის მიერვე შედგენილი დასავლეთ საქართველოს რუკებითა და წერილით რუსეთში გააგზავნა ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ეს დახმარება ვერ მიიღეს. უკან მომავალი ტიმოთე ჩერქეზებმა დაატყვევეს. ექვსი თვის შემდეგ გამოიპარა და იმერეთში დაბრუნდა. ქართლის მთავარეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის სახელმწიფო და კულტურულ საქმიანობაში. მათი ხელშეწყობით, საგანგებო პოლიტიკური მისიით, 1755 წელს სამოგზაუროდ წავიდა კონსტანტინოპოლში, ათონსა და იერუსალიმში. ტიმოთე გაბაშვილმა თავისი მოგზაურობა აღწერა თხზულებაში "მიმოსვლა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა". პოლიტიკურის გარდა მის მოგზაურობას შემეცნებითი მიზანიც ჰქონდა. გაბაშვილმა გადაცურა შავი, მარმარილოს, ეგეოსის ზღვები, მოინახულა მცირე აზია, ბალკანეთი, პალესტინა და მრავალი ქალაქი. ათონსა და იერუსალიმში ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები და ამით საფუძველი ჩაუყარა უცხოეთში ქართული კერების შესწავლას. "მიმოსვლაში" მოცემულია ათონის ივერთა მონასტრის გეგმა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკათა ჩანახატები, მათ შორის რუსთაველის გამოსახულება. იერუსალიმში გაბაშვილმა შეისწავლა 18 მონასტერი, სადაც ქართველებს უმოღვაწიათ და "მიმოსვლაში" შეიტანა მათი აშენების ისტორია. თავისი შრომები გაბაშვილმა გააერთიანა კრებულში, რომელსაც შემდეგ "ტიმოთიანი" უწოდეს. ამ კრებულში "მიმოსვლის" გარდა შესულია ისტორიულ-პოლიტიკური, დოგმატური და რელიგიური თხზულებები. სამივე თხზულება გამსჭვალულია ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებით. ოთხი წლის შემდეგ მოგზაურობიდან ქართლში დაბრუნებულს ანტონ I რუსეთში გაძევებული დახვდა. სინოდმა ტიმოთეს საცხოვრებლად ასტრახანი მიუჩინა, იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
-
გაბრიელ ეპისკოპოსი (1825-1896) http://s60.radikal.ru/i170/0902/41/b0d7003c334d.jpg ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი. თბილისის სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1842 წელს, შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია. გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკასა და საღვთო სჯულს. 1851 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ხუთი წლის შემდეგ ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი), მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად, შემდეგ გორის ეპისკოპოსად, მალევე ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას გარდაცვალებამდე ასრულებდა. მეუფე გაბრიელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია. 1858 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნ. დობროლუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული ქადაგებანი, რომელთა ორტომეული რამდენჯერმე გამოიცა ქართულ, აგრეთვე რუსულ და ინგლისურ ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. იყო ეროვნული და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, გაილაშქრა გ. მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას. თავდადებული იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
-
ღირსი ეფთვიმე გაენათელი (1746-1822) http://s47.radikal.ru/i118/0902/bf/231642544198.jpg ერისკაცობაში შერვაშიძე. გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი. გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი. 12 წლამდე იზრდებოდა გურიაში, შემდეგ კი იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა ქუთაისში წაიყვანეს. 20 წლის განმავლობაში იგი ყველგან თან ახლდა მეფესა და კათოლიკოსს. დაახლოებით 1778 წელს მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. 1820 წლამდე გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით. 1787 წელს ეფთვიმემ სრულიად განაახლა წმ. ნიკოლოზის ეკლესია გელათის მონასტრის კომპლექსში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. 1790 წელს იმერეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეფთვიმე თბილისში ჩავიდა და ცდილობდა ერეკლე მეორე საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაში დაერწმუნებინა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. 1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის მტავრობამ იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა (1810). იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა. წმიდა ეფთვიმეს შუამავლობითა და დიდი ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა სოლომონ მეორისა და რუსი გენერლის სვიმონოვიჩის ფერსათში პირისპირ შეხვედრა, რომელმაც რეალური შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. 1820 წლის 4 მარტს გელათის მონასტერში შეიპყრეს მიტროპოლიტი ეფთვიმე, ამავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსიც. ორივე მღვდელმთავარს თავებზე ტომრები ჩამოაცვეს და მათრახების ცემით წაიყვანეს. ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში იმპერატორ ალექსანდრეს მიჰგვარეს, რომელსაც მღვდელმთავარმა ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევაში. წმიდა ეფთვიმე გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიის სვირის მონასტერში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბატონიშვილებთან. ახერხებდა მიმოწერას ცნობილ სასულიერო მოღვაწე მღვდელ-მონაზონ იონა ხელაშვილთანაც. გარდაიცვალა სვირის მონასტერში. 2004 წელს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.
-
გაიოზ რექტორი (1746-1821) http://s45.radikal.ru/i108/0902/b6/c8b8d6bacac2.jpg მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი. არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი. მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი. მკვლევართა აზრით, გვარად ბარათაშვილი ან თაყაშვილი იყო. თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი მასწავლებლები იყვნენ ანტონ I და ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი. მონაწილეობდა ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიურ მისიაში რუსეთში. 1772 წელს იქვე დარჩა და დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას. 1882 წელს საზეიმოდ გაიხსნა თელავის სასულიერო სემინარია. ამ საქმის მოთავე და რექტორი იყო გაიოზი. მისი ქადაგებანი და გამოსვლები თბილისსა და თელავში მჭევრმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული. აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებასა და დადებაში. ამის შემდეგ რუსეთს გაემგზავრა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა, რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. იყო "ოსეთის სასულიერო კომისიის" წევრი და დიდი წვლილი შეიტანა ოსური დამწერლობის შექმნაში. შემდეგ მოზდოკის, სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი გახდა. 1908 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ასტრახანისა და სტავროპოლის მთავრეპისკოპოსი. გარდაიცვალა ასტრახანში. მართალია, გაიოზ რექტორმა სიცოცხლის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, მაგრამ საქართველო მას არ დავიწყებია. ის არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი. ერთ-ერთი ნათარგმნი წიგნის წინასიტყვაობაში წერს: "არა რაი არს ესრეთ ტკბილ, ვითარცა სიყვარული მამულისა". გაიოზისთვის გადაწერა, თარგმნა და ორიგინალური ნაწარმოების შექმნა ერთნაირად საპასუხიმგებლო საქმე იყო. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხის განათლებას და მიაჩნდა, რომ ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ცდილობდა, ქართველებისათვის მიეწვდინა დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის სანიმუშო ძეგლები. არის ავტორი პირველი ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოსი, რომელიც ანტონ I-ის გრამატიკას მიჰყვება, მაგრამ ბევრ საკითხს აზუსტებს. მოზდოკში გამართა ქართული სტამბა, სადაც დაბეჭდა ანბანი, ლოცვანი, მოკლე საქრისტიანო სწავლა.
-
ირაკლი გამრეკელი (1894-1943) http://i057.radikal.ru/0902/25/63e3b6fd3dd2.jpg სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სრული სამხატვრო განათლება არ მიუღია, სწავლობდა სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში. როსტოვისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტებში მედიცინას ეუფლებოდა და დიდხანს ვერ გააკეთა არჩევანი მედიცინასა და მხატვრობას შორის. 1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. კოტე მარჯანიშვილმა გამოფენაზე ნახა გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის "სალომეა", მაშინვე მიხვდა მხატვრის განსაკუთრებულ ნიჭს და რუსთაველის თეატრში მიიწვია. მალე ამ თეატრის მთავარი მხატვარი გახდა და დიდი ღვაწლი შეიტანა ქართული თეატრის ამაღლებული სულის შექმნაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული გამოდგა სანდრო ახმეტელთან ურთიერთობა. ირაკლი გამრეკელმა გააფორმა აღიარებული სპექტაკლები: შექსპირის "ჰამლეტი" და "ოტელო", შანშიაშვილის "ანზორი", რობაქიძის "ლამარა", შილერის "ყაჩაღები" და სხვა. მის შემოქმედებაში ჭარბობს უკიდურესად პირობითი, ლაკონური, პლასტიკურად ჩამოქნილი მოცულობითი კონსტრუქციები, მონუმენტურ-არქიტექტორული ფორმები. სცენაზე რიტმულად განლაგებული დანადგარები შინაგანი დრამატიზმით აღსავსე მიზანსცენების შექმნას უწყობდა ხელს. ირაკლი გამრეკელს სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
-
ბორის გაპონოვი (1934-1972) ებრაელი ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. ივრითზე თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი". დაიბადა ქ. ევპატორიაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლიდან, ევაკუაციის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში. მისი ბაბუა რაბინი იყო და პატარა ბორისს ბავშვობიდან ასწავლიდა ივრითს. 1956 წლიდან სპარსულ ენას სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ქუთაისში დაბრუნებულიყო, სადაც მუშაობდა გაზეთებში. 60-იან წლებში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას რუსულ, ქართულ და ებრაულ ენებზე. 1969 წელს ისრაელში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც მაღალმხატვრულ, პოეტურ ენაზეა შესრულებული და ზუსტად ასახავს პოემის ხასიათს, შეესატყვისება პოემის ორიგინალს. იგი მაშინვე აღიარეს როგორც კლასიკური თარგმანის ნიმუში. 1970 წელს ბორის გაპონოვს ამ თარგმანისთვის მიენიჭა შ. ჩერნიხოვის პრემია. 1971 წელს იგი ისრაელში გაემგზავრა. იმავე წელს გამოაქვეყნა მ. ლერმონტოვის რომანის "ჩვენი დროის გმირის" თარგმანი, რომელმაც ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბორის გაპონოვი 15 წლის მანძილზე მუშაობდა ივრითის ფრაზეოლოგიურ ლექსიკონზე. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა რამათ-განში, 1972 წელს.
-
გიორგი გეგეჭკორი (1923-2003) http://s51.radikal.ru/i131/0902/67/2e42524f0429.jpg მსახიობი, სახალხო არტისტი. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა" განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა გოგი გეგეჭკორს. შემდეგ იყო დონ სეზარი ("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი ("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი ("ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე"). ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს", სადაც გოგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს. კინოში 50-მდე როლი შეასრულა: "ჭრიჭინა", "აბეზარა", "წარსული ზაფხული", "არდადეგები", "ნატვრის ხე", "ბათა ქექია", "წიგნი ფიცისა". იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც. გოგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი და მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. მდიდარ არტისტულ თვისებებსა და მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად, გოგი გეგეჭკორი აღიარებული იყო, როგორც პიროვნულად თავმდაბალი, ინტელექტუალური შემოქმედი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
-
აკაკი გელოვანი (დაბ. 1923) მწერალი, მთარგმნელი. პირველი ნაწარმოები 14 წლისამ გამოაქვეყნა. მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1953 წლიდან სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს. აღსანიშნავია წიგნი მსოფლიო ხელოვნების კორიფეებზე "მარად ცოცხალი ხელოვნება". აკაკი გელოვანმა თარგმნა შ. ცვაიგის "მაგალანი" და "დიდი ბალზაკი", ჰ. ლაქსნესის "ისლანდიის ზარი", ფ. ბოდენშტედტის "ათას ერთი დღე აღმოსავლეთში", ა. გრიფიუსის "ქეთევან ქართველი", რ. შუდერის "მიჯაჭვული ტიტანი", გ. შვაბის "ოქროს საწმისი" და სხვა. აკაკი გელოვანი ესეების, ნარკვევების, პოპულარული ბროშურების ავტორია. 1983 წელს გამოსცა მის მიერ შედგენილი ვრცელი მოთოლოგიური ლექსიკონი. მისი მოთხრობა "ჰუჯაბი - ქართული ტაძარი" გამოიცა ხუთ ენაზე.
-
არჩილ გელოვანი (1915-1978) http://i023.radikal.ru/0902/ec/35173baf6e87.jpg საინჟინრო ძალების მარშალი.საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა სსრკ სარაკეტო ჯარებში და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, შემდეგ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელთან არსებული კურსები. 1939 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1949 წლის აპრილამდე შავი ზღვის ფლოტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1949 წლიდან კი, ჯერ სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ მის უფროსად და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწედ მშენებლობის დარგში. 1962 წლიდან საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა სსრკ სარაკეტო ჯარებში და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. 1968 წელს არჩილ გელოვანს მიენიჭა ლენინური პრემია - საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვის შექმნისათვის. მუშაობდა დიდი რაკეტების გამშვებ დანადგარებზე, რომლებსაც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის ბოლოს უშვებდნენ. არჩილ გელოვანი 1974 წლიდან სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო მშენებლობისა და ჯარების დაბინავების დარგში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მრავალი მედლით. არჩილ გელოვანი დაკრძალულია მოსკოვში.
-
მირზა (რევაზ) გელოვანი (1917-1944) http://s49.radikal.ru/i125/0902/17/b6f55d0e5ba5.jpg მისი ლიტერატურული ცხოვრება სულ ათი წელი გაგრძელდა, 27 წლის პოეტი II მსოფლიო ომის მიწურულს ბრძოლის ველზე დაეცა. დაწყებითი განათლება მიიღო თიანეთში. ლექსების წერა 16 წლისამ დაიწყო. 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. 1935 წლიდან მისი ლექსები "ჩვენს თაობასა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები. იმავე წლის ნოემბერში გაიწვიეს წითელ არმიაში. 27 წლის პოეტი II მსოფლიო ომის მიწურულს ბრძოლის ველზე დაეცა. მისი ლიტერატურული ცხოვრება სულ ათი წელი გაგრძელდა, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ადგილის დამკვიდრება. დაკრძალულია ბელორუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე. მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებიც მარად ჭაბუკები დარჩნენ და თვითმყოფადი, ხალასი და გულწრფელი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს ქართულ პოეზიას. მან შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები". ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. მირზა გელოვანმა სულ სამიოდ წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს: "წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან აელვებული იდგა თბილისი". მირზა გელოვანის ლექსების პირველი კრებული სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ, 1954 წელს გამოიცა. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა რუსთაველის პრემია. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი. http://s49.radikal.ru/i126/0902/0e/e4d4e4a2cd51.jpg http://i063.radikal.ru/0902/95/19345701a4f0.jpg http://s46.radikal.ru/i111/0902/5f/c9abc07612fe.jpg