ემოციებითა და კომპრომატებით დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა. ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი სიხარული გამოიწვია მოსახლეობაში და რამდენიმე დღის მანძილზე დედაქალაქის ქუჩებში ხშირად დაინახავდით დროშებიან, მოზეიმე მანქანების კოლონებს. შემდეგ დაიწყო ახალი მთავრობის დაკომპლექტების, უფლებამოსილების გადაბარების პროცესი და მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება - ახალი მინისტრები, მათი მოადგილეები და სამომავლო კურსი; ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება; საერთაშორისო ფიგურების ვიზიტები და განცხადებები; გაფიცვები და ა.შ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს საკმაოდ ბუნებრივი პროცესია განვითარებად სახელმწიფოში ხელისუფლების ცვლისას, მაგრამ მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში დიდ ხმაურსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავინტერესდით რა განწყობაა თბილისელებში და თვლიან თუ არა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით მიდის. უფრო ნათელი სურათის მისაღებად, გაგაცნობთ სამ, სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებს აღნიშნულ საკითხზე. სექტემბრის დასაწყისში გამოკითხულთა 41% თვლიდა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდებოდა ხოლო 35% ნეგატიურ განწყობას აფიქსირებდა. განწყობის რადიკალური ცვლა დაფიქსირდა სექტემბრის ბოლოს, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ და არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე თბილისელების თითქმის ნახევარი (49%) აცხადებდა, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით მიმდინარეობდა. http://act-gr.com/geo/index/news/805