Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. აბაკა [ესპ. Abaca < მალაიურიდან] 1. ტროპიკული მცენარე ერთგვარი (სხვანაირად: საფეიქრო ბანანი). 2. ამ მცენარის ბოჭკო, რომლისაგანაც ამზადებენ გემის მოსართავებს, ბაგირებს, თოკებს, სათევზაო ბადეებს, ტომრებს და სხვ. (სხვანაირად: მანილის ქერელი და მანილა).
  2. აბაზია (უფრო სწორია: აბასია) [ბერძ. a (უარყ. ნაწილაკი) და Basis მოძრაობა, სიარული] - (მედიც.) სიარულის უნარის დაკარგვა, მეტწილად ნერვული სისტემის დაავადების შედეგად (იხ. აგრეთვე, ასტაზია).
  3. ა [ბერძ. a] - უარყოფის გამომხატველი თავსართი, რომელიც ახლავს უმთავრესად ბერძნული წარმოშობის სიტყვებს. მაგ: ამორფული. ასიმეტრია.
  4. გაბრიელ ეპისკოპოსი (1825-1896) http://s60.radikal.ru/i170/0902/41/b0d7003c334d.jpg ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი. თბილისის სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1842 წელს, შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია. გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკასა და საღვთო სჯულს. 1851 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ხუთი წლის შემდეგ ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი), მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად, შემდეგ გორის ეპისკოპოსად, მალევე ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას გარდაცვალებამდე ასრულებდა. მეუფე გაბრიელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია. 1858 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნ. დობროლუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული ქადაგებანი, რომელთა ორტომეული რამდენჯერმე გამოიცა ქართულ, აგრეთვე რუსულ და ინგლისურ ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. იყო ეროვნული და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, გაილაშქრა გ. მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას. თავდადებული იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
  5. ღირსი ეფთვიმე გაენათელი (1746-1822) http://s47.radikal.ru/i118/0902/bf/231642544198.jpg ერისკაცობაში შერვაშიძე. გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი. გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი. 12 წლამდე იზრდებოდა გურიაში, შემდეგ კი იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა ქუთაისში წაიყვანეს. 20 წლის განმავლობაში იგი ყველგან თან ახლდა მეფესა და კათოლიკოსს. დაახლოებით 1778 წელს მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. 1820 წლამდე გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით. 1787 წელს ეფთვიმემ სრულიად განაახლა წმ. ნიკოლოზის ეკლესია გელათის მონასტრის კომპლექსში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. 1790 წელს იმერეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეფთვიმე თბილისში ჩავიდა და ცდილობდა ერეკლე მეორე საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაში დაერწმუნებინა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. 1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის მტავრობამ იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა (1810). იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა. წმიდა ეფთვიმეს შუამავლობითა და დიდი ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა სოლომონ მეორისა და რუსი გენერლის სვიმონოვიჩის ფერსათში პირისპირ შეხვედრა, რომელმაც რეალური შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. 1820 წლის 4 მარტს გელათის მონასტერში შეიპყრეს მიტროპოლიტი ეფთვიმე, ამავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსიც. ორივე მღვდელმთავარს თავებზე ტომრები ჩამოაცვეს და მათრახების ცემით წაიყვანეს. ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში იმპერატორ ალექსანდრეს მიჰგვარეს, რომელსაც მღვდელმთავარმა ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევაში. წმიდა ეფთვიმე გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიის სვირის მონასტერში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბატონიშვილებთან. ახერხებდა მიმოწერას ცნობილ სასულიერო მოღვაწე მღვდელ-მონაზონ იონა ხელაშვილთანაც. გარდაიცვალა სვირის მონასტერში. 2004 წელს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.
  6. გაიოზ რექტორი (1746-1821) http://s45.radikal.ru/i108/0902/b6/c8b8d6bacac2.jpg მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი. არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი. მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი. მკვლევართა აზრით, გვარად ბარათაშვილი ან თაყაშვილი იყო. თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი მასწავლებლები იყვნენ ანტონ I და ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი. მონაწილეობდა ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიურ მისიაში რუსეთში. 1772 წელს იქვე დარჩა და დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას. 1882 წელს საზეიმოდ გაიხსნა თელავის სასულიერო სემინარია. ამ საქმის მოთავე და რექტორი იყო გაიოზი. მისი ქადაგებანი და გამოსვლები თბილისსა და თელავში მჭევრმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული. აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებასა და დადებაში. ამის შემდეგ რუსეთს გაემგზავრა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა, რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. იყო "ოსეთის სასულიერო კომისიის" წევრი და დიდი წვლილი შეიტანა ოსური დამწერლობის შექმნაში. შემდეგ მოზდოკის, სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი გახდა. 1908 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ასტრახანისა და სტავროპოლის მთავრეპისკოპოსი. გარდაიცვალა ასტრახანში. მართალია, გაიოზ რექტორმა სიცოცხლის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, მაგრამ საქართველო მას არ დავიწყებია. ის არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი. ერთ-ერთი ნათარგმნი წიგნის წინასიტყვაობაში წერს: "არა რაი არს ესრეთ ტკბილ, ვითარცა სიყვარული მამულისა". გაიოზისთვის გადაწერა, თარგმნა და ორიგინალური ნაწარმოების შექმნა ერთნაირად საპასუხიმგებლო საქმე იყო. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხის განათლებას და მიაჩნდა, რომ ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ცდილობდა, ქართველებისათვის მიეწვდინა დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის სანიმუშო ძეგლები. არის ავტორი პირველი ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოსი, რომელიც ანტონ I-ის გრამატიკას მიჰყვება, მაგრამ ბევრ საკითხს აზუსტებს. მოზდოკში გამართა ქართული სტამბა, სადაც დაბეჭდა ანბანი, ლოცვანი, მოკლე საქრისტიანო სწავლა.
  7. ლაშა გიორგი IV (1192-1223) http://s48.radikal.ru/i120/0902/39/532922e1bdd3.jpg მეფე 1213 წლიდან. თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე. მისი დაბადება დიდი ზეიმით აღნიშნეს. პაპის სახელი გიორგი დაარქვეს, მეორე სახელიც უწოდეს - ლაშა, რაც "ქვეყნის მანათობელს" ნიშნავს. 1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა ლაშა-გიორგი და იმ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. დედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას ცდილობდნენ. ლაშა-გიორგიმ საქართველოს ვასალის - განძის ათაბაგის წინააღმდეგ გაილაშქრა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა და კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. ასევე დაიმორჩილა გამდგარი ვასალები - ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები. ჭაბუკი მეფე 20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად ჯვაროსნული ლაშქრობისა და იერუსალიმის სელჩუკებისგან გასათავისუფლებლად ემზადებოდა, მაგრამ საქართველოს მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა. ისტორიული წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ.) ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთააღმწერელი) კი - უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა და სწრაფვა თავი დაეღწია სამეფო კარისა და ეკლესიის მკაცრი დოგმებისაგან, დიდგვაროვანთა და ეკლესიის უკმაყოფილებას იწვევდა. ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას, ღმერთთან ზიარების გზად კი ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი. ეკლესიამ ამ ქალს დააშორა, მაგრამ გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს. დარჩა ერთი ვაჟი, დავითი, რომელიც ისტორიაში ულუ დავითის სახელით შევიდა. ბეთანიის ტაძრის კედლებმა შემოგვინახა ლაშა-გიორგის პორტრეტი.
  8. გურჯი ხათუნი (XIII საუკუნე) http://s41.radikal.ru/i094/0902/ef/6d0acb292e4d.jpg მეფე რუსუდანის უფროსი შვილი, დიდი თამარის შვილიშვილი. არზრუმის მფლობელის, თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინი (მუღისედინი) ასული. 1236-37 წელს მიათხოვეს რუმის სულთანს ყიას ედ-დინ (ყაისდინ) ქეი ხუსრვე II-ს, იმ დროს თამარი 12-13 წლის უნდა ყოფილიყო. ქმარი იმდენად იყო მოხიბლული საცოლის "ქმნულკეთილობით", რომ დათანხმდა ქრისტიანად დარჩენილიყო და მღვდლებიც კი წაიყვანა საქართველოდან. ყაისდინს ისე შეუყვრდა ცოლი, რომ სახელმწიფო საქმეებიც გადაავიწყდა, მოფერებით გურჯი-ხათუნს და ჰანდე-ხათუნს (პირმომღიმარს) ეძახდა. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ უ ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკთა სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. თამარს შეეძინა შვილი ალა ად-დინ ქაიკუბადი. თუმცა ცოლ-ქმრის ასეთი განუზომელი სიყვარული რუსუდანის ჩარევის შემდეგ დასრულდა. თამარსაც მაჰმადიანობა მიაღებინეს. 1246 წელს, სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციის მიხედვით, სულთნის ქვრივი, გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ედ-დინ რუმთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა კონიაში პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურის მშვენებაა. ერზრუმში დღესაც დგას ჩიფთე მინარე (წყვილი მინარეთი), რომელიც გურჯი-ხათუნმა ააგებინა და ხელოვანთა თავშეყრის ადგილად აქცია.
  9. თამარ აბაკელია (1905-1959) http://s60.radikal.ru/i169/0902/ba/8a9b89586f98.jpg მოქანდაკე, გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის, ე. ლანსერესა და ი. შარლემანის მოწაფე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო "სარმას" წევრი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ძლიერი დინამიკური ნახატი, მაღალი პროფესიული ოსტატობა, კომპოზიციის უტყუარი ალღო. აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი "ბათუმის დემონსტრაცია", "ოქტომბერი საქართველოში", "საქართველოს ინდუსტრია", "სოფლის მეურნეობა საქართველოში" და "ბედნიერი ცხოვრება" - ეს ნამუშევარი 30-იანი წწ. საქართველოში მონუმენტურ-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია. მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია "შურს ვიძიებთ" (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი). ლესია უკრაინკას ძეგლი სურამში და სხვა. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია "იმერელი ბიჭი". "ბროწეულის კრეფა", "ბედნიერი ოჯახი", "რთველი" (საქართვ. ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). აბაკელიამ ქართველ მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა "ვეფხისტყაოსანი" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი). მისი კომპოზიციები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტიულ განწყობას ქმნის. მასვე ეკუთვნის "დავით სასუნცის" და ვაჟა-ფშაველას პოემების (საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი", კ. კალაძის "ლალი", კინოფილმები: "არსენა", "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  10. იოსებ აბაკელია (1882-1938) http://s45.radikal.ru/i110/0902/42/48c7d051493a.jpg ფთიზიატრი, საქართველოში მეცნიერული ფთიზიატრიის ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. აბაკელიას თაოსნობით თბილისში დაარსდა ტუბერკულოზის პირველი ამბულატორია, ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი. გარდაცვალებამდე ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. 1926 წელს აირჩიეს თსუ სამკურნალო ფაკულტეტის პრივატ-დოცენტად. 1935-38 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე მის მიერვე დაარსებულ ტუბერკულოზის კათედრას, ხოლო 1933 წლიდან კითხულობდა ტუბერკულოზის კურსს ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტში. 1921 წელს გამოაქვეყნა ტუბერკულოზის პირველი ქართული სახელმძღვანელო. აბაკელიამ გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები. მან ქართველ ფთიზიატრებთან ერთად ფართოდ გაშალა საქართველოს ყველა კუთხეში ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციული, მეცნიერულ-პრაქტიკული საქმიანობა. დიდ ყურადღებას უთმობდა კურორტ აბასთუმნის განვითარებას. იოსებ აბაკელია შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.
  11. კიტა აბაშიძე (1870-1917) http://s54.radikal.ru/i146/0902/fc/75d0c3f1ab5b.jpg ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1889) პარიზში ისმენდა ფილოსოფიის, ლიტერატურის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ლექციებს. 1890-95 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისის "საკონტროლო პალატაში", შემდეგ მომრიგებელ მოსამართლედ რაჭის მაზრასა და ჭიათურაში. იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ - "ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი" და განათლების კომისარი. სალიტერატურო ასპარეზზე 1893 წელს გამოვიდა. პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს XIX საუკუნის ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს. კიტა აბაშიძის მსოფლმხედველობის გამომუშავებაში განმსაზღვრელი როლი შეასრულა "თერგდალეულთა" შეხედულებებმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელმა და დემოკრატიულმა იდეებმა. ბოლომდე ერთგული დარჩა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის ილია ჭავჭავაძისეული იდეისა და სიტყვით თუ საქმით დაუცხრომლად იღვწოდა ამ წმიდათაწმიდა იდეის პრაქტიკული განხორციელებისათვის. აბაშიძის ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ აღმავალ ეტაპს ქმნის ქართული კრიტიკული აზროვნების ისტორიაში. მისმა სტატიებმა თანამედროვე მწერალთა შესახებ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურის განვითარებაზე და დასაბამი მისცა XX საუკუნის ქართულ პროფესიულ სალიტერატურო კრიტიკას, ხოლო ნაშრომმა "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიას, როგორც სამეცნიერო დასციპლინას.
  12. გრიგოლ აბაშიძე (1914-1994) http://s49.radikal.ru/i123/0902/a7/fbed349e1a05.jpg მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების: "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წლიდან მწერალთა კავშირის პირველი მდივანი. 1973-81 წლებში ამავე კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1982 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. გრიგოლ აბაშიძის პირველი ლექსები 1934 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული 1938 წელს გამოსცა. მის ლექსებში აისახა ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაც და გარდასული საუკუნეებიც. ლექსების მთავარი თემაა სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი, ჩვენი ხალხის მაღალი ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი. მეორე მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოჩნდა ხალხთა ბრძოლის თემა. პოეტი არაერთგზის დაუბრუნდა სიყვარულის თემასაც. აბაშიძის ისტორიული რომანები: "ლაშარელა", "დიდი ღამე", "ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" ასახავს ქართველი ხალხის ტრაგედიას მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. მწვავე მორალურ-ეთიკურ პრობლემებია აღძრული რომანებში: "ყორნალი" და "სამძიმარი". გრიგოლ აბაშიძე ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და საბავშვო ლექსებისა. ნათარგმნი აქვს პუშკინის, მიცკევიჩის, პეტეფის, რონსარისა და სხვათა ლექსები. გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  13. ირაკლი აბაშიძე (1909-1992) http://s41.radikal.ru/i093/0902/b2/24130884ac1e.jpg პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. 1967 წლიდან მწერალთა კავშირის პირველი მდივანი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970-76). "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე (1988). რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. დაწყებითი განათლება მიიღო ხონში. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. რედაქტორობდა ჟურნალებს: "ჩვენს თაობას", "მნათობს". სამამულო ომის დროს დიდი აღიარება მოიპოვა ლექსებმა: "კაპიტანი ბუხაიძე" და "ლესელიძის ხსოვნას". 50-60-იან წლებში ირაკლი აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წელს მონაწილეობდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში, რომელმაც მიაკვლია რუსთაველის პორტრეტს. აქედან დაედო სათავე მის ფილოსოფიურ ლირიკას. ციკლი "მიახლოება" განახლების მაუწყებელი იყო და მისმა პოეზიამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ლექსების ციკლისათვის "მწველ ინდოეთში" და "ინდოეთის გზებზე" ჯავაჰარლალ ნერუს პრემია მიენიჭა, ლექსებისათვის "პალესტინა, პალესტინა" კი - რუსთაველის პრემია. 1966 წელს ირაკლი აბაშიძის პირადი ინიციატივით აღინიშნა რუსთაველის დიდი იუბილე, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და ქართული კულტურის საყოველთაო აღიარების ახალი ტალღა წარმოქმნა. ირაკლი აბაშიძის ბოლოდროინდელ ლექსებში სიცოცხლის დიდი სიყვარული, მოუღლელი სულის ენთუზიაზმი შეთავსებულია ფილოსოფიური აზრის სიღრმესთან. წიგნისათვის "ოცი ლექსი გალაკტიონ ტაბიძეს" მიენიჭა გალაკტიონის პრემია. თარგმნილი აქვს პუშკინის, მიცკევიჩის, ვაზოვის, მაიაკოვსკის, ჩუკოვსკის და სხვათა ნაწარმოებები. ირაკლი აბაშიძის ლექსები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. რუსულად მისი პირველი მთარგმნელი იყო ბორის პასტერნაკი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  14. ვასო აბაშიძე (1854-1926) http://s47.radikal.ru/i116/0902/52/fc0666f76d7b.jpg მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი. სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და აზერბაიჯანში. გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში. შემდეგ - ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879 წლიდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიონალი მსახიობი გახდა. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილი და ოპერეტა. 1885 წელს დააარსა გაზეთი "თეატრი". შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები. ვასო აბაშიძის სახელობისაა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი.
  15. ლევან აბაშიძე (1965-1993) http://s40.radikal.ru/i089/0902/af/6dd0d2daa10d.jpg მსახიობი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. გადაღებულია ფილმებში: "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", "ფესვები", "საფეხური", "ანემია" და სხვა. ლევან აბაშიძე დაიღუპა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს.
  16. მემედ აბაშიძე (1873-1937) http://i076.radikal.ru/0902/84/d6be7ec01f1d.jpg საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურდ თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც განიცდიდა მეფის რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლების რეპრესიებს. რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში და განაახლა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს". 1919-21 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "სამუსლიმანო საქართველოს". აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა ბათუმსა და ბაქოში. მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტში შექმნილ არაბული ენის სახელმძღვანელოს შემდგენ კომისიაში, ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. თურქულად გადაიღო სანდრო შანშიაშვილის "ანზორი", დაიწყო "ვეფხისტყაოსნის" თურქულ ენაზე თარგმნა. მემედ აბაშიძე შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.
  17. ილია აბულაძე (1901-1968) http://s44.radikal.ru/i105/0902/0d/8c58f89bf4b2.jpg ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და საენათმეცნიერო განყოფილებები. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმეტესობა ეძღვნება ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებს. "შუშანიკის წამების" ქართული და სომხური ტექსტების ანალიზის საფუძველზე საბოლოოდ დაადგინა, რომ ქართული ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური - თარგმანი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის ძეგლების მეცნიერული შესწავლა. ილია აბულაძემ აღმოაჩინა კავკასიის ალბანელთა ანბანი. იკვლევდა ქართულ ლექსიკას, შეადგინა "ძველი ქართული ენის" ლექსიკონი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  18. იუსტინე აბულაძე (1874-1962) http://s45.radikal.ru/i109/0902/f8/1a43fc615f9f.jpg ფილოლოგი, ირანისტი, რუსთველოლოგი, ტექსტოლოგი და ლექსიკოგრაფი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1900 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. იმოგზაურა შუა აზიასა (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) და დასავლეთ ევროპაში (ვენა, ბერლინი, პარიზი), სადაც გაეცნო სპარსული ხელნაწერების კოლექციებს. თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე განათლების ამ დიდი კერის სამსახურს შესწირა თავი. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი, მანვე შეადგინა პირველი სახელმძღვანელო ამ განხრით (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას, აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: "ვეფხისტყაოსანს", "შაჰნამესა" და "ვისრამიანს". მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, შეადგინა მათი ვრცელი ლექსიკონი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას. მან პირველმა თარგმნა ომარ ხაიამი (1924), დაადგინა მთელი რიგი გეოგრაფიული და საკუთარი სახელების ეტიმოლოგია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  19. ზურაბ ავალიშვილი (1874-1944) http://i054.radikal.ru/0902/15/7e2539aa1510.jpg მეცნიერ-იურისტი, დიპლომატი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსი. დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. სამი წელი მივლინებული იყო საფრანგეთში. 1901 წელს გამოსცა ისტორიულ-სამართლებრივი ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ პროფესორი, ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად. სამშობლოში დაბრუნდა 1918 წელს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის უშუალო შემოქმედი გახდა. გერმანელ სახელმწიფო მოღვაწეთა კონსულტაციით ზურაბ ავალიშვილმა შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომლითაც 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებელობა გამოაცხადა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დამოუკიდებლობის წლებში გერმანია საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი გახდა, რის წყალობითაც საქართველოს საზღვრებში დარჩა სამცხე-ჯავახეთი. სომხეთი, ინგლისის მხარდაჭერით, ზღვაზე გასვლის მიზნით ითხოვდა, მესხეთის ნაწილი გადასცემოდა. ეს განზრახვა ზურაბ ავალიშვილის დიდი ძალისხმევით ჩაიშალა. ანტანტის სახელმწიფოთა უზენაეს საბჭოს თავისივე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა, სადაც დასაბუთებული იყო, ხსენებული ტერიტორიები რატომ უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. 1921 წლის შემდეგ ზურაბ ავალიშვილი ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა საფრანგეთსა და გერმანიაში. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში. ზურაბ ავალიშვილი ავტორია წიგნებისა: "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში", "ჯვაროსანთა დროიდან" (ოთხი საისტორიო ნარკვევი), "ვეფხისტყაოსნის“ საკითხები", "თეიმურაზ I და მისი პოემა". გარდაიცვალა გერმანიაში, ქალაქ შვარცენფელდში. 1993 წელს გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  20. ალექსანდრე ალადაშვილი (1876-1950) http://s41.radikal.ru/i092/0902/7c/8d3d587a0782.jpg თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1904 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1911 ხარკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის". იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე, სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. მრავალი წელი იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარე. ალადაშვილი იყო საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიულ დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. ალადაშვილის მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს.
  21. დიმიტრი (დოდო) ალექსიძე (1910-1984) http://s58.radikal.ru/i160/0902/af/eeb801c89aad.jpg რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი, უკრაინის სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და ტარას შევჩენკოს პრემიების ლაურეატი. დაამთავრა თბილისის საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლა და ქორეოგრაფიული სასწავლებელი, მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1935 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1959 წლიდან - მთავარი რეჟისორი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გმირულ-რომანტიკული სპექტაკლები: ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი", ს. გოლდონის "საპატარძლო აფიშით", მ. სუნდუკიანის "პეპო", დიუმანუარისა და დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი" და სხვა. ალექსიძისათვის საეტაპო სპექტაკლად იქცა სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1955) - ფართო განზოგადების, ჭეშმარიტად ტრაგედიული სპექტაკლი, შემდეგ დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი" (ვაჟა-ფშაველას მოტივების მიხედვით), ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა". დოდო ალექსიძე 1964-70 წლებში მოღვაწეობდა კიევში, ფრანკოს სახელობის აკადემიურ თეატრში. 1970 წელს დოდო ალექსიძე თბილისში დაბრუნდა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა შილერის "დონ კარლოსი", სოფოკლეს "ანტიგონე", გოგოლის "ქორწინება" და სხვა. ალექსიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას - იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგე, ინსტიტუტის დირექტორი. 1966 წლიდან კი კიევის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს წიგნები: "მსახიობის აღზრდის საკითხისათვის" (1956), "რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე" (1961). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  22. ელგუჯა ამაშუკელი (1928-2002) http://s43.radikal.ru/i102/0902/3e/63317246b52e.jpg მოქანდაკე, საქართველოსა და სსრკ სახალხო მხატვარი. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნო. სტუდენტობიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია. ხშირად მიმართავს სიმბოლოებსა და ალეგორიებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქართვლის დედა", ვახტანგ გორგასლის ძეგლი, დიდების მონუმენტი ფოთში, "რევოლუცია", გამარჯვების მემორიალები გორსა და მალთაყვაში, ნიკო ფიროსმანაშვილი, რაფიელ ერისთავი, "დედაენა - ცოდნის ზარი", "ვეფხი და მოყმე", ფარნავაზი, ილია ჭავჭავაძე - ბათუმში, დავით აღმაშენებლის მონუმენტი - ქუთაისში, მემედ აბაშიძე - ბათუმში და სხვა. ელგუჯა ამაშუკელის შექმნილია რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან, ბარელიეფი "თბილისის 1500 წელი", მეტროპოლიტენის სადგურ "რუსთაველის" პორტალის რელიეფი. ავტორია წიგნებისა "მეექვსე გრძნობა", "დრო და შემოქმედი". დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  23. ვასილ ამაშუკელი (1886-1977) http://i033.radikal.ru/0902/9d/02792802f4ff.jpg კინოოპერატორი, ქართული დოკუმენტური კინოს ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლაში. მოსკოვში სამხატვრო სასწავლებელში სწავლისას დაინტერესდა "ცოცხალი სურათების" გაშვებით და კინომექანიკოსობა შეისწავლა, ფრანგული კინოფირმის "გომონის" მოსკოვის განყოფილებაში კინოოპერატორ დ. ვოლკოვისაგან კი კინოს გადაღებასა და ფირის გამჟღავნებასაც დაეუფლა. შემდეგ ბაქოში გადავიდა მესხისა და გეპრენის თეატრში, სადაც სპექტაკლებიც იდგმებოდა და ფილმსაც აჩვენებდნენ. იქ "გომონის" აპარატით გადაიღო სიუჟეტები: "ქართული სცენის მოღვაწენი", "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით", "ი. რამიშვილის სტამბა" და სხვა, რომელთაც კინოთეატრში აჩვენებდნენ. ვასილ ამაშუკელი 1910 წელს ქუთაისში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო კინოთეატრ "რადიუმის" აპარატურის გამართვაში, თვითონვე იღებდა სიუჟეტებს და კინოთეატრში აჩვენენდა: "გვირილობა", "ქუთაისის ხედები", "საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "ფერმა სოფელ ჭომაში", "ლადო ალექსი-მესხიშვილის იუბილე" და სხვა. ბაქოსა და ქუთაისში გადაღებული სიუჟეტები არ შემორჩენილა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს". ამაშუკელი ახლდა აკაკი წერეთელს რაჭაში თორმეტდღიან მოგზაურობაში და ფირზე აღბეჭდა ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ფილმის პრემიერა გაიმართა იმავე წლის 20 სექტემბერს ქუთაისის "რადიუმის" კინოთეატრში. სეანსს აკაკიც დაესწრო. ფილმი ერთი კვირა არ ჩამოსულა ეკრანიდან, შემდეგ აჩვენეს თბილისში, მოსკოვში, ხარბინსა და სტამბოლში. ამ ფილმით იხსნება უცხოეთში მოწყობილი ქართული კინოს ყველა რეტროსპექტიული ჩვენება.
  24. გივი ამილახვარი (1689-1754) პოლიტიკური მოღვაწე და საამილახვროს მეთაური. ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. "ოსმალობა-ყიზილბაშობის" დროს ქართლის ერთ-ერთი მესვეური. ქაშუეთის ეკლესიის აღმშენებელი. 1726 წელს ოსმალებმა გადაწყვიტეს თბილისის სიონის მეჩეთად გადაკეთება, მაგრამ გივი ამილახვარმა შესაშური სიმტკიცე გამოიჩინა და დიდძალი ქრთამით შეძლო მტრისთვის ამ განზრახვაზე ხელი აეღებინებინა. მალე გივი ამილახვარი ოსმალთა წინააღმდეგ ამხედრდა და მონაწილეობა მიიღო თბილისიდან მათ განდევნაში. 1741 წელს ის ირანის შაჰის მიერ ქართლის გამგებლად (ვექილად) დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ამილახვარი სათავეში ჩაუდგა დიდ სახელმწიფო აჯანყებას ამჯერად უკვე ირანელთა წინააღმდეგ. ამ აჯანყებამ შაჰი აიძულა დათმობაზე წასულიყო და ქართლის მეფედ თეიმურაზი, ხოლო კახეთის მეფედ – ერეკლე დაემტკიცებინა. ამილახვარი არ ნებდებოდა. ის წინააღმდეგი იყო ქართლში ბაგრატიონების შტოს დაწინაურებისა და ბრძოლას განაგრძობდა. შედეგად, მისმა ბრძოლამ მალე პროგრესული ხასიათი დაკარგა და ფეოდალურ შინაომად გადაიქცა. 1745 წელს ამილახვარი იძულებული შეიქნა თეიმურაზს დანებებოდა. მეფემ ის თბილისში, სახლთუხუცესად დანიშნა, მაგრამ შაჰმა დიდგვაროვანი სარდალი ირანში დაიბარა და ამილახვარიც სამშობლოში მხოლოდ ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ, 50-იან წლებში დაბრუნდა. მეფე თეიმურაზ II ამილახვარს თბილისის მოურავობა უბოძა და 3000 კაციანი რაზმის მეთაურობაც დაავალა. სწორედ ამ პერიოდში მიჰყო ამილახვარმა ხელი დიდ აღმშენებლობით საქმიანობას: ააშენა ქაშუეთის ტაძარი, აღადგინა ციხეები და ეკლესიები იმერეთში, ქართლსა და მესხეთში.
  25. დიმიტრი ამილახვარი (1906-1942) http://s59.radikal.ru/i166/0902/7f/e94b465df67d.jpg საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. მამამისი, გიორგი ამილახვარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო პირი იყო. 1921 წელს ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. 1921 წლამდე დიმიტრი ამილახვარი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა. 1922 წლიდან მისი ოჯახი პარიზში დასახლდა, 1926 წელს ამილახვარმა წარჩინებით დაამთავრა სან-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი თექვსმეტწლიანი სახელოვანი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. სამხედრო სასწავლებლის დასრულებისთანავე ლეიტენანტი დიმიტრი ამილახვარი განამწესეს უცხოური ლეგიონის იმ ბრიგადაში, რომელიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაირიცხა სიდი-ბელ-აბესში (ალჟირი) შექმნილ მე-13 ბრიგადაში. 1934 წელს დაინიშნა აგადირის ზემდეგთა პროფესიული მომზადების სკოლის უფროსად. ამის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა ფრანგულ და ქართულ ემიგრანტულ პრესაში. 1940 წლის მაის-ივნისში ამილახვარი იყო ნარვიკის ცნობილი ბრძოლის აქტიური მონაწილე, რისთვისაც სარდლობამ საბრძოლო ჯვრით დააჯილდოვა. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიას. 1941 წლის მაისის დამლევს ქართველ ოფიცერს მიენიჭა უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ამასთანავე დაინიშნა ბრიგადის მეთაურად. ამილახვრის ბრიგადამ უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია გერმანელი გენერლის ე. რომელის არმიას ბირ-ჰაკეიმის თხუთმეტდღიან ბრძოლაში (1942 წლის 26 მაისი - 10 ივნისი), რისთვისაც გენერალმა დე გოლმა ამილახვარი მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით დააჯილდოვა. ამილახვარი გმირულად დაიღუპა 1942 წლის წლის 24 სექტემბერს ელ-ალამეინის ბრძოლისას და დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა "საპატიო ლეგიონის" უმაღლესი ორდენით. მისი სახელი მიენიჭა სან-სირის სამხედრო აკადემიის 1954-1956 წლების გამოშვებას. 2005 წელს საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან 100 წლისთავი, პარიზის ერთ-ერთ ქუჩას კი მისი სახელი ეწოდა.
×
×
  • შექმენი...