Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.698

კახა კახიშვილი: მეორე ადგილის შემთხვევაში, ნაცმოძრაობა ამ შემაჯამებელი ოქმით ფეხით მოირბენს მთელ მსოფლიოს,


katya

1.677 views

blog-0646454001382814430.jpgსაპრეზიდენტო არჩევნებამდე დღეები რჩება და ამ არჩევნების შედეგებით ირიბად თუ პირდაპირ დაინტერესებული საზოგადოება გადასულია მოლოდინის რეჟიმში. ამ რეჟიმის შეუცვლელი ატრიბუტია პროგნოზები, არგუმენტები, ვარაუდები და ობიექტური რეალობის სუბიექტური ანალიზი.

„ქრონიკა +“ –მა არჩევანი სიტუაციის ობიექტურ შეფასებაზე „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ, კახა კახიშვილზე გააკეთა.

კახა, მოდი, საუბარი საპრეზიდენტო ტელედებატებით დავიწყოთ. რამდენად დაგაკმაყოფილა მისმა ფორმატმა, კანდიდატების გამოსვლებმა?

– აბსოლუტური უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. ჩემი აზრით, ეს იყო კონკრეტული „დებატები“ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დიდი სურვილი გააჩნიათ, რომ გახდნენ საქართველოს პრეზიდენტები. დაიკავონ საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა. უცნაური და გაუგებარი იყო ამ დებატების მონაწილეთა შერჩევის ფორმულა. თუკი ასე უნდა შერჩეულიყვნენ მისი მონაწილეები, მაშინ რა საჭიროა კვლევები და რეიტინგების გამოცხადება, თუ ეს იყო დასავლური ტიპის დებატები და ფორმატი, რატომ არ იყვნენ შერჩეული მონაწილეები თუნდაც იმ კვლევების საფუძველზე, რომლებისაც მაინც და მაინც არ მჯერა, მაგრამ ისინი არსებობს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო უბრალოდ მოწოდებების ტრიბუნა მოწვეული კანდიდატების მხრიდან, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ერთმანეთს არ ჩაძიებოდნენ, ეთქვათ ნებისმიერი რამე, რაც თავში მოუვიდოდათ. ვფიქრობ, საზოგადოებას აინტერესებდა დაახლოებით თანაბარი წონის პოლიტიკოსებს შორის კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ეს დებატები იყო, როგორც რუსები ამბობენ, „დლია გალოჩკი“, რათა ვირაცას ჩათვლა მიეღო და ძალიან გავდა მიშას „ფასადურ“ დებატებს. ჩემში ამან გაკვირვება გამოიწვია, რადგან ერთ წელიწადში დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში სერიოზული ნაბიჯევი გადაიდგა, რაც ამ ფორმატზე აბსოლუტურად არ აისახა.

ანუ, წარმოდგენილმა კანდიდატებმა არ დაგაკმაყოფილა?

– რა თქმა უნდა არა. ასეთივე წარმატებით შეეძლოთ, 23–ვე კანდიდატი დაეყენებინათ ტრიბუნასთან, მიეცათ კონკრეტული დრო ყველასთვის, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა . ეს იყო „დებატების ჩათვლა“. არამგონია ქვეყნის მოსახლეობასაც დარჩენოდა განცდა, რომ საპრეზიდენტო დებატებს უყურა.

კარგი, თავი დავანებოთ დებატებს. რეიტინგებით ლიდერი სამი კანდიდატის საარჩევნო კამპანია, გიტოვებს კონკურენტული კამპანიის განცდას?

– რა არის იცი, საზოგადოება მიჩვეულია სხვანაირ აგრესიულ, წნეხურ კამპანიას. მათ შორის მეც და შენც. ანუ 1 ოქტომბრამდე, წლების მანძილზე, კამპანიებში ჩართული იყო ყველა სახელმწიფოებრივი ბერკეტი და ძალოვანი სტრუქტურა. ყველა სახელმწიფო ინსტუტუტი მუშაობდა კონკრეტულად ერთ სახელსუფლებო კანდიდატზე და ამიტომაც დღეს მიმდინარე კამპანიები გვეჩვენება არადინამიურად. მეორეს მხრივ, ძალიან თავისუფალი გარემოა და ყველა ვხედავთ, რომ ვინმეს შევიწროვებას, უფლებების დარღვევას ან გადამეტებას ფაქტიურად ადგილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ზედაპირზე. სიტუაცია მშვიდია, მაგრამ უნდა გავითალისწინოთ ისიც, რომ რეალურად, დღეისთვის მეორე სახელისუფლებო ძალა იბრძვის კონკრეტულად იბრძვის თავისი კანდიდატის მეორე ადგილისთვის და არა გამარჯვებისთვის. მარგველაშვილს, როგორც ჩანს გამრჯვება გარანტირებული ეჩვენება და ბურჯანაძეც ორიენტირებულია მეორე ადგილზე. დანარჩენი კანდიდატები ამ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მონაწილეობის მიზნით. ზოგს სურს რომ არ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად სასტარტო წინაპირობა შეიქმნას ადგილობრივი არჩევნებისთვის, ზოგი მონაწილეობს იმისთვის, რომ გარკვეული ხმები წაართვას ვიღაცას. არ მიმდინარეობს „ სასიცოცხლო ბრძოლა“ გამარჯვებისთვის, როგორც ამას მიჩვეულები ვიყავით.

სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენების ფაქტები არ დაგიფიქსირებია?

– აქაც შედარებითობის პრინციპი მოქმედებს, გააჩნია რას ვადარებთ და რა ამოცანისთვის ვიბრძვით. საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნებისმიერ არჩევნებს თუ ვადარებთ, დღევანდელი კამპანია სერიოზულად წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ვადარებთ მყარი დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყნების არჩევნებს, აქ შეიძლება გადაცდომებიც იყოს და დარღვევებიც, მაგრამ მთლიანი სურათი აჩვენებს, რომ სახელისუფლებო მანქანა მთლიან რესურსს არ იყენებს, რასაც ადრე ნაციონალები აკეთებდნენ. არც გამოვრიცხავ, ადგილებზე კონკრეტული ფაქტებიც არსებობს კანონდარღვევების, მაგალითად სახელისუფლებო პირების ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში სამუშაო დროს, მაგრამ თუ სულ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, მასთან შედარებით, ყველაფერი უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. დღეს, ჩემი აზრით, ნაცმოძრაობა ისევ სერიოზულად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რადგან, ხელში აქვს ადგილობრივი თვითმმართველობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, თბილისის ბიუჯეტი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ამის ნიშნები არ შემიმჩნევია. კონკრეტული მითითება მთავრობის ხელმძღვანელისგან არაა ბერკეტების ამოქმედების. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს არჩევნებიც ტარდება იმ საარჩევნო რეგულაციების საფუძველზე, რომელსაც აკრიტიკებდნენ 9 წლის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მაშინ ვინც ოპოზიციაში ბრძანდებოდა.

ანუ გულისხმობ იმას, რომ არ გამოსწორდა სარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები?

– დიახ, არც საარჩევნო საჩივრების რეგულაცია და განხილვის წესები და კიდევ სხვა პროცედურები შცვლილა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო კოდექსის იმ მუხლებთან, რომლებიც არეგულირებს საარჩევნო პროცესებს.

გახმაურებული და უკვე მერამდენედ გადავადებული სასამართლო პროცესები – ახალაია, მერაბიშვილს ვგულისხმობ, რამდენად მოახდენდა გავლენას მათი შედეგები საარჩევნო პროცესზე?

– ამ პროცესების გადადებას სავარაუდოდ 2 მიზანი აქვს. ის რაც ცნობილია, საშუალებას მაძლევს სუბიექტური დასკვნა გავაკეთო. პირველი ფაქტორია შიში იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს კონკრეტულად ამ მსჯავრებულებს. ამიტომ პროკურატურა წელავს დროს, რომ პრეზიდენტმა ვერ მოასწროს შეწყალება.მეორე – პროკურატურას აქვს შიში, რომ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით და ეს იქნება სერიოზული დარტყმა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამომრჩეველთა დაკარგვის თვალსაზრისით. კბილაშვილის ბოლო ინტერვიუშიც გაიჟღერა ამ აზრმა, რომ ფაქტურად მზად არიან გამამართლებელი განაჩენისთვის. თითქოს გვამზადებენ ამისთვის. ორივე ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

როცა სახელისუფლებო ბერკეტზეა საუბარი, ამბობ, მისი გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არ შეინიშნებაო. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების მთავარი ბერკეტიც და პულტიც დღევანდელი პრემიერია. მისი განცხადებები კონკრეტულ პროცენტებე, მეორე ტურში არმონაწილეობის მოწოდება თავისი კანდიდატისთვის, ეს არაა ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა? მგონი პირდაპირიც.

– რაც შეეხება ივანიშვილს, ის ნამდვილად ყველაზე რეიტინგული და ავტორიტეტული პიროვნებაა დღეს საქართველოში. ამ ავტორიტეტს ვერსად გავექცევით, ის ობიექტური რეალობაა და მისი ამ ჭრილში განხილვაც არ იქნება სამართლიანი. მან დაასახელა მარგველაშვილი და ესაა უსერიოზულესი მხარდაჭერა ამ კანდიდატის მიმართ. განსაკუთრებულს და კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ მეორე ტურის ჩატარებაში. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იაქტიურებს ამომრჩეველი. ჩემი აზრით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გამოცხადდება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი. რაც გამორიცხავს თავისთავად მეორე ტურს.

ვის გულისხმობ პოლიტიკურად მოტივირებულ ამომრჩეველში?

– ესაა ამომრჩეველი რომელიც კონკრეტული პარტიის აქტიური მხარდამჭერია. საქართველოში არჩევნების შედეგები ჯამდება არა რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან, ანუ პროცენტი გამოყავთ არა მთლიანადრეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან, არამედ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობიდან. ასე რომ, პროცენტი გადანაწილდება ისე, როგორი ენთუზიაზმითაც მიიღებს საქართველოს მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას. ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობის აქტივობაზე და დამკვირვებლების სიფხიზლეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაცმოძრაობა ფლობს ყველა დონის საარჩევნო ასდმინისტრაციაში წევრთა ნახევარს, რასაც აქტიურად იყენებს. თვითმმართველობა რეგიონებში ისევ ნაცმოძრაობის ხელშია და თანაც გამოცდილები არიან მანიპულაციაში, მეოთხე ფაქტორია მათ ხელში ჯერ კიდევ არსებული დიდი ფული, მეხუთე – ჯერ კიდევ სახელისუფლებო პარტიაა და ფლობს კონკრეტულ ბერკეტებს. ამ რესურსის გამოყენებით შესაძლებელია, იყოს მცდელობა , დაიმკვიდრონ თავი მეორე ადგილზე. რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რამდენიმე კომპონენტი აძლევს ფორას სხვა კანდიდატებთან მიმართებაში ნაცმოს, არ ვგულისხმობ მარგველაშვილს, ბუნებრივია.

ბრძოლამ მეორე ადგილისთვის თითქმის გადაფარა პირველი ადგილისთვის ბრძოლა.

– ამიტომაც არ აქვს ამ არჩევნებს გარკვეული დინამიკა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა კანდიდატი შეგუებულია მარგველაშვილის გამარჯვებას. ეს ესმის „ქართულ ოცნებასაც“ და ცდილობს რომ საარჩევნო კამპანია წაიყვანოს ინერტულ ფორმატში.

ბურჯანაძეს აქვს რეალურად ის შანსები, რომელზეც თავად საუბრობს?

– ჩემი აზრით ბურჯანაძის ამოცანაა იმ ამომრჩევლის დარწმუნება, რომელიც არაა ბურჯანაძის ამომრჩეველი,მაგრამ არის არანაციონალური ამომრჩეველი. შეძლებს ამას თუ არა, ეს მის შედეგებზე აისახება. მისი ამომრჩეველი დაყოფილია 2 სეგმენტად – ერთი კონკრეტლად მისი და მეორე, რომელსაც სხვა კანდიდატების შემთხვევაში შესაძლოა მისთვის ხმა არ მიეცა. ბურჯანაძე თავის კამპანიაში აქტიურად საუბრობს სამრთლიანობის აღდგენაზე და ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც, ჯერ-ჯერობით, ვერ აასრულა ოცნებამ, ანუ სწორადაა ორიენტირებული მეორე ტიპის ამრჩეველზე,რომელიც ელოდება სამართლიანობის აღდგენას.შეძლებს თუ არა ბურჯანაძე, მიიყვანოს ეს ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან, ამაზეა დამოკიდებული მისი შედეგი.

სააკაშვილი საშიშად გააქტიურებულია. მისი გააქტიურება „გედის სიმღერაა“ თუ მართლა აქვს იმედი თავისი პარტიის სასურველი შედეგის?

– ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს რომ თავისმა პარტიამ მოიპოვოს მეორე ადგილი. მათთვის მეორე ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მეორე ადგილის შემთხვევაში, ნაცმოძრაობა ამ შემაჯამებელი ოქმით ფეხით მოირბენს მთელ მსოფლიოს, და იტყვის რომ პოპულარობით მეორე პარტია საქართველოში მოითხოვს მის მიმართ უფრო დიდ ინდულგენციას და კოაბიტაციას. ამავდროულად, გაჭირდება შემდგომში იმის დასაბუთება, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაცმოძრაობისთვის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაფიქსირება, იქნება სერიოზული ფორა თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ნაცმოძრაობაში დიდი განხეთქილებააო?!

– მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივი განხეთქილებაა, მათ ესმით, რომ სხედან ერთ ბუშტში, რომელიც თუ გასკდება, ვერცერთი ვერ გადარჩება. ნაცმოძრაობას ყოველთვის ახასიათებდა ერთიანობის შეგრძნება, განსაკუთრებით, როცა ყავს ოპონენტი და დღესაც, პარტიული დისციპლინის საფუძველზე ისინი ეცდებიან მეორე ადგილის მოპოვებას. საფუძველი იქნება ამ პარტიაში არსებული დიდი ფული, ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც მოიპოვეს სხვადასხვა ხერხებით და ბერკეტებით. საპრეზიდენტო არჩევნებს, გარდა იმისა, რომ პირდაპირი წესით ვიღებთ პრეზიდენტს, აქვს მეორე სტრატეგიული მნიშვნელობა. თუ მეორე ადგილს მოიპოვებს ნაციონალური მოძრაობა, გააქტიურდება ხუთმაგად და ათმაგად. თუ გავა ბურჯანაძე, „ოცნებას“ მოუწევს საკუთარი პოლიტიკის შეცვლა „ ნაცმოსთან“ მიმართებაში და ქვეყანაში გაჩნდება საფუძველი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების. როგორც მოთხოვნის, ისე – მიღწევის.

მაგრამ ოცნება ამბობს, რომ ამთავრებს 27–ში კოაბიტაციას, თუმცა, საზოგადოების ერთ ნაწილში არის აზრი, რომ კოაბიტაცია ორმხრივია და სულაც არაა იძულებითი.. უშვებ, რომ ამ ორ ძალას შორის შეიძლება არსებობდეს ქვედა დინებები, რომელიც აწყობს ორივე მხარეს?

ნაცმოს“ ერთ პროცენტსაც არ ვუტოვებ გამარჯვების შანსებში. ამ მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ. მეორე ადგილის შემთხვევაში, გაასმაგებული ხარისხის კოაბიტაცია გველის წინ. ბურჯანაძის მეორე ადგილის შემთხვევაში, უნდა თუ არ უნდა ოცნებას ეს, მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში. რაც შეეხება ქვედა დინებებს, ბუნებრივია, ორივე მხარეს ვიღაც–ვიღაცეებს ექნებათ სურვლი, რომ „ნაცმო“ ჩაითვალოს მათ ძირითად ოპონენტად, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აწყობთ ეს პოლიტიკური ძალა სტრატეგიულ ოპონენტად.

რატომ?

– პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთად გაზრდილები არიან – დღევანდელი კოალიციის კონკრეტული ნაწილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, სამეგობრო, სანათესაო კავშირებშია... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველამ ერთად მოგვიყვანა სააკაშვილი 2003 წელს, და გვარწმუნებდნენ, რომ უდიდესი დემოკრატი მოგვიყვანეს პრეზიდენტად. მეორე – მუდმივადდისკრედიტირებული ოპონენტის პირობებში ძალიან ადვილია გამარჯვება. თავად კოალიციამაც ძალიან კარგად იცის, რომ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ერთიანობას ვერ შეინარჩუნებენ. შეიძლება კოალიცია „გამოცხადებულად“ არ დაიშალოს, მაგრამ ის რომ აუცილებლად იქნება განხეთქილება და ვერ მიაღწევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და, ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გარკვეული ჯგუფი გაივლის ხმების მოპოვების მიზნით ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს, ეს ფაქტია. როცა კოალიცია დაიშლება, რომელია ისეთი პარტია, რომელიც შეძლებს ისეთი პროცენტით არჩევნებში გამარჯვებას, რომ ხელისუფლების დაკომპლექტებაზე ქონდეს პრეტენზია?

არცერთი.

– ამაშია საქმე . ნორმალური ოპონენტის პირობებში, კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს იმ რაოდენობის მანდატებს, რა რაოდენობაც მათ მიცემს ხელისუფლენაში ყოფნის საშუალებას. ხოლო თუ ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა ნაცმოძრაობისა, იქნება მარგინალიზირებული ან უმოქმედო, ნაცმოძრაობის კონკურენციის პირობებში, ოცნებაში შემავალ პარტიებს მეტი შანსი ექნებათ, ხელისუფლებაში დარჩენის. იმდენად მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია, რომ მათი სიმართლის დაჯერებაც კი უჭირს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ასეთი დისკრედიტირებული ოპონენტის ფონზე მარტივია იყო უკეთესი და მართალი. ეს ყველაფერი შესაძლებელია, გათვლილი აქვთ რომელიმე პარტიის ლიდერებს და ამიტომაც ცდილობენ, რომ ძირითად ოპონენტად დარჩეს ეს ძალა. გამოუვათ თუ არ გამოუვათ, ისევ და ისევ დამოკიდებულია ხალხის აქტიურობაზე ამ არჩევნებში.

ეს მომენტი იმუშავებს. რთულია რომელიმე გადაცდომაზე ან დანაშაულზე ილაპარაკოს ნაცმოძრაობამ, რომელიც თავად არ ჩაუდენია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

– ნაცმოძრაობის მხიდან წამოსული კრიტიკა ვერ იქნება ადექვატური და მისაღები.

ცესკოს დღევანდელი შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელი რამდენად მისაღებია შენთვის?

– თამარ ჟვანია არის პროფესიონალი დიდი გამოცდილებთ, კარგად იცის საარჩევნო სისტემები, მაგრამ, ამავდროულად, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირადად პატივს ვცემ პიროვნულად, ასეთი კონფიგურაციით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, არ იძლევა საშუალებას,ყველაფერი წესრიგში იყოს.

რას გულისხმობ?

– დღეს პოლიტიზირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია და დანიშვნის წესები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქოსდა არის ნახევრადპროფესიული ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები, ამის მიუხედავად, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის თამარ ჟვანიამაც, რომ სისტემა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე პრობლემას ვერ გადაჭრის. თუ ეს პრობლემა არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსით. თამარ ჟვანია როცა დაინიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები უკვე დანიშნული იყვნენ. ხარატიშვილმა ჯერ დანიშნა ისინი და შემდგომში განაცხადა გადადგომის თაობაზე. ეს უკვე მორალის ამბავია, მაგრამ,ფაქტი ფაქტად რჩება.

ანუ შენ ამბობ, რომ გაყალბების მცდელობა იქნება?

– რა თქმა უნდა მცდელობა იქნება, განსაკუთრებით რეგიონებში , რადგან არც საარჩევნო კანონმდებლობა შეცვლილა და არც საარჩევნო მოხელეები. წლიდან–წლამდე შეუცვლელად მუშაობენ სხვადასხვა პარტიის ეგიდით საარჩევნო კომისიებში და არც მათი ცოდნის და უნარების დონე შეცვლილა. მცდელობა იქნება, მაგრამ არა იმ დოზით, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. დღევანდელი ხელისუფლება არ იძლევა იმის მითითებას რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიდოს შედეგი და გააყალბონ არჩევნები, როგრც ეს ხდებოდა ადრე. თვითშემოქმედებას ადგილი ექნება და რეგიონებში განსაკუთრებით იმ პოლიტიკური სუბიექტისგან, რომელსაც დღესაც ძალიან დიდი ბერკეტი გააჩნია. და ამავდროულად მანიპულაციების დიდი სტაჟი.პოლიტიკა გაყალბების მთხოვნით არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე სახელისუფლებო პარტია, რომელიც ასეთ ბერკეტებს იყენებდა, გამოიყენა პირველ ოქტომბერს და დღესაც გამოიყენებს.

დღევანდელი უმრავლესობის ლიდერის მიმართ ბოლო დროს წამოსული კრიტიკა როგორც ჩანს არის საფუძვლიანი, თბილისის მასშტაბითაც მძიმე სიტუაციააო ამბობენ. ამაში საგანელიძის შტაბის ინერტულობის ბრალეულობაა თუ ბერკეტი არ აქვთ?

– ამიტომაც ვამბობ, სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ პროფესიულ საარჩევნო კომისიებზე, რომელსაც წლების მანძილზე ითხოვდა დღევანდელი სახელისუფლებო პარტიის და საპარლამენტო უმრავლესობის უდიდესი ნაწილი. როცა იყო ოპოზიციაში. ახლა კი უბრალოდ არ შეიცვალა არაფერი.

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე რომ პრემიერი აფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუნდაც ის, რომ არაა საუბარი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმად გამოცხადებაზე, ქმნის გაურკვევლობას, უნდობლობას და ეჭვის საფუძველს ამომრჩეველში. შენ რას ფიქრობ?

– ნაციონალური მოძრაობის რეჟიმად გამოცხადებამდე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი,თუნდაც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების საქმიანობის შესწავლის კუთხით. პირველ რიგში უნდა გამოავლინო სისტემური დანაშაული, შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ბრალდებულ პირები. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში დადასტურდა ასეთი სახის დანაშაულის არსებობა – დაწყებული ელიტარული კორუფციიდან, დამთავრებული ფარული მოსმენებით, მოტაცებებით, შანტაჟით, ფულის გამოძალვით და თუ ამ დანაშაულში ბრალდებული პირები იქნებიან ამ პოლიტიკური ძალის უმაღლესი თანამდებობის პირები და სახეები, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე საკითხი დავაყენოთ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის რეჟიმად გამოცხადების. მაგრამ ამას ჭირდება დიდი მუშაობა

ალბათ ნებაც.

– ნებაც, თავისთავად. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების არჩატარებასთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ჩატარდება. ასეთი არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება ძალიან მალე, თუ ბაქრაძე ვერ მოიპოვებს მეორე ადგილს, და მისი ჩატარება–არჩატარება დამოკიდებულია არა კონკრეტულად ივანიშვიის სურვილზე, არამედ მოსახლეობის მოთხოვნაზე. მის პრინციპულობაზე და იმაზე, აღმოვჩნდებით თუ არა ჩვენ პოლიტიკურ კრიზისში. კარგად მესმის, რომ არცერთ მხარეს ეს არჩევნები არ ჭირდება, მაგრამ ხალხის პრინციპულობა უფრო შედეგიანია, ვიდრე კონკრეტუი პოლიტიკოსების ინტერესები. არც ნაცმოძრაობას არ უნდოდა ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ მოუწია.

გამოჩნდა ის ფარული ჩანაწერები, რომელთა განადგურების წინააღმდეგი იყავი. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? შენ პროგნოზირებდი ამას.

– ეს გარდაუვალი იყო, ამიტომაც ვეწინააღმდეგებოდი. რთულია ასეთი ჩანაწერების გაკონტროლება, თუ არ იქნა გამოძიების შედეგად გამოკვეთილი ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემურად ახორციელებდნენ ამ ჩანაწერების შეგროვებას. მათი განადურების წინააღმდეგი ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, არ შეიძლება განადგურდეს მტკიცებულება, რომელზეც აღინიშნება დანაშაუის კვალი. ვინაიდან წლების მანძილზე კარგად ვიცით რომ გვითვალთვალებდნენ, გვაშანტაჟებდნენ და დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე როცა აცხადებს, თითქოს არ იცოდა, ეს ყველაფერი, გაიხსენოს თვითონ იმ წლებში რატომ თიშავდა კერძო საუბრების დროს ტელეფონს. ალბათ მასაც ქონდა განცდა იმისა, რომ უსმენდნენ. მე ვიყავი ამ ფირების განადგურების წინააღმდეგი იმიტომ. რომ თუ დღეს გაანადგურებ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც არის დანაშაულის კვალი და რომლის შედეგადაც შეგიძლია გახვიდე პირზე, ვინც დამზადებას ავალებდა, უზრუნველყფდა და წვდომა ქონდა ამ მასალებთან, ვერასოდეს გაიგებ,გატანილია თუ არა ასეთი მასალა ან მასალის ნაწილი, ვის მიერაა გატანილი და სად შეიძლება იყოს დამალული, რომ მოხდეს მისი ამოღება. ბუნებრივია, ამ მასალის განადგურებამ გამოძიების გარეშე, უკვალოდ არ ჩაიარა და, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, კონკრეტული პირების მიმართ, შესაძლოა კიდევ სხვა ჩანაწერებიც ვიხილოთ. ესაა მხოლოდ დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც შსს–ს ხელმძღვანეობამ აღმოაჩინა, სამინისტროში შესვლის შემდეგ და ვიცით რომ თავდაცვს სამინისტროშიც იყო მსგავსი ფირები, ესაა ზღვაში წვეთი იქიდან, რა მასალებიც ქონდა წინამორბედ შსს მინისტრებს. სახლიდან რომ გარბიხარ, რა გაგაქვს? გაგაქვს ყველაზე ძვირფასი და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასალა რაც შსს–ში დახვდათ, იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მისი გატანა არც ღირდა. ძირითადი მასალები, რომლებიც, შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებზეცაა, ალბათ უკვე გატანილია უცხოეთში. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ამ მასალების გამოქვეყნებით მანიპულიტებით ვიღაცეები საკუთარ ინდულგენციებზე მუშაობენ.

კი მაგრამ უმრავლესობამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, რომ მასზეც შიძლებოდა ყოფილიყო ამ ფირებზე კომპრომატები, რატომ დაუშვა ეს ფაქტი?

– დღეს რომ არ გვესაუბრა იმაზე, გატანილია თუ არა? ვის ხელშია? და რა მოხდება? სწორედ ამისთვის იყო საჭირო გამოძიების ჩატარება. ამ შემთხვევაში კარგი ისაა, რომ 25 000–დან მხოლოდ 94 ფაილი განადგურდა და ისე საინტერესოა, დანარჩენ მასალებთან დაკავშირებიტ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება?

როგორც ძიებაში მყოფი მერაბიშვილი პროგნოზირებს. მოსალოდნელია ქვეყნის მასშტაბით არეულობა და სიტუაციის დაძაბვა ბურჯანაძის მხარდამჭერი რეაქციული რუსული ძალის მიერ?

– ბუნებრივია, თუ ნინო ბურჯანაძეს დარჩა განცდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ის გამოხატავს პროტესტს. გავა თუ არა ქუჩაში არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, პროტესტის გამომხატველი მიტინგი ამ მანიფესტაცია თუ იქნება კანონით დადგენილ ფორმაში, ვფიქრბ ამაში არადემოკრატიული არაფერია, მაგრამ ის, რომ ნაცმოძრაობა ყველა ხერხით ცდილობს ბურჯანაძის დისკრედიტაციას, ეს იმ ფაქტითაც გამოვლინდა, რომ ხარატიშვილის პირველი კითხვა საპრეზიდენტ კანდიდატების დებატებზე იყო კონკრეტულად ბაქრაძესთან და, რატომღაც, ბურჯანაძის აგარაკთან დაკავშირებით. ცოტა სასაცილოა ეს კითხვა ბაქრაძის მიმართ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა მხრდან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მილიონობით ქონება დარიგდა ერთ ლარად. ბურჯანაძის აგარაკი საბოლოოდ ხელისუფლებამ დაიბრუნა, მაგრამ არ დაუბრუნებია წინა ხელისუფლების მიერ მიტაცებული ქონება ათასობით იმ ადამიანს, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელისუფლებისთვის სასარგელო მოქმედებების გამო უფრო დიდი ქონება ჩაიგდეს ხელში. ასე რომ, თუ, რა თქმა უნდა, მიეცემა ნაცმოძრაობას საშუალება დასვას კითხვები და არ მოეთხოვოთ ამ კითხვებზე პასუხები, ისინი ყოველთვის დასვამენ ასეთ კითხვებს. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმე საბოლოოდ , ვიღაცის პოლიტიკური მიზნების გამო, საკუთარ ქონებაზე იტყვის უარს. ის ხალხი, რომელიც დღეს ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, მშვიდობისნი და კანონის გზით ითხოვს პირველ რიგში იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ივანიშვილის მიმართ აქვთ ნდობა და სახელისუფლები ინსტიტუტების მიმართ. რომ, ადრე თუ გვიან, ეს ინსტიტუტები მიიღებენ კანონით დადგენილ გადაწყვეტილებებს. ეს ნდობა თუ დაიკარგება, ხალხი დაიწყებს საკუთარი ქონების დაბრუნებას თავისივე ძალებით და ამ ძალებში ხერხებიც განსხვავებულია.

შენი პროგნოზი, იქნება თუ არა მეორე ტური?

– მეორე ტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ადამიანი მივა საარჩევნო ყუთთან.

და მომავალ პრეზიდენტზე რას იტყვი?

– ისეთი მიზანმიმართული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, რომ არ აღუძრავს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლის სურვილს. ჩემი აზრით, ეს შეგნებულად კეთდება. თუ მაინც საზოგადოებრივი ინტერესი გამომჟღავნდა, მეორე ტური იქნება,თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორივე შემთხვევაში მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

 

 

კატო ჩულაშვილი

ქრონიკა +

22.10.2013

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...